ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?

თანახმად ასოცირების ხელშეკრულებისა, რომელსაც ერთი წლის წინათ მოეწერა ხელი, მომავალი წლიდან უკრაინა დაიწყებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პრეროგატივა იმ სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ხვდა წილად, რომლებმაც ევრაზიული კავშირის ნაცვლად, ევროკავშირი აირჩიეს. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებსაც ეს „ბედნიერება“ ერგოთ.

ევროკავშირთან უკრაინის თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დაწყებასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, აიკრძალა უკრაინიდან რუსეთში მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის შეტანა. რუსეთის განცხადებით, გამკაცრდება საბაჟო კონტროლი უკრაინასთან მიმართებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული უკრაინის ტრანზიტით იმ ევროპული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა, რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ შემოღებულ ანტიევროპულ სანქციებს.

მკითხველს ახსოვს სანქციების შემოღების ისტორია, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, აშშ-ა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, აგრეთვე სხვებმაც, რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები შემოიღეს, რასაც რუსეთმა კონტრსანქციებით უპასუხა.

აღნიშნულმა ზომებმა ერთობ მძიმე ეკონომიკურ პირობებში ჩააყენა, როგორც ევროკავშირი, ისე რუსეთი. ევროპელმა ფერმერებმა, რომელთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსეთის ბაზარზე შედიოდა, დიდი ზარალი იგემეს, რასაც მოჰყვა უკმაყოფილო ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები. ევროკავშირი იძულებული შეიქნა გარკვეული კომპენსაცია გაეწია დაზარალებული ფერმერებისთვის.

აღნიშნულმა შეზღუდვებმა ცხადია რუსეთზეც იმოქმედა, მაგრამ ის უმალ გაერკვა კრიზისულ ვითარებაში და დაიწყო იმპორტული საქონლის, სამამულოთი ჩანაცვლება, გარდა ამისა, იმ ქვეყნებთან დაამყარა ურთიერთობა, რომლებმაც არ გაიზიარეს ამერიკულ-ევროკავშირული ღონისძიება. რუსი ფერმერები, რომლებსაც უწინ დიდი პრობლემები ჰქონდათ საკუთარ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვაში (ბაზარი ფაქტიურად იმპორტულ საქონელს ჰქონდა დაპყრობილი), ღმერთს ევედრებიან, სანქციების ვადის გაგრძელებისთვის.

სანქციების შემოღებამ თვალი აუხილა რუსეთის ხელისუფლებას და დაარწმუნა ის, რომ დიდ აუცილებლობას წარმოადგენს საკუთარი პროდუქციის წარმოება, რომ თუნდაც დაბალი ხარისხის საკუთარი, გაცილებით უკეთესია, ვიდრე უცხოური. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საკუთრის წარმოება ნიშნავს დასაქმებას, სამამულო წარმოების განვითარებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოულოდნელი პოლიტიკური კონიუქტურის შედეგად იმპორტისთვის გადაულახავი ბარიერების შექმნას.

რუსეთის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ დასავლეთის ნდობა ისეთ არაპოლიტიკურ საქმეში, როგორიც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებია, დონკიხოტობის ტოლფასია. დასავლეთის მიერ შემოღებულმა სანქციებმა დაანახა რუსეთს, რომ უმჯობესია შენი. მანამდე კი, დასავლური პროპაგანდის წყალობით და რუსეთის ხელისუფალთა „მსუბუქი“ აზროვნებით, უარი ეთქვა სამამულოს და პრიორიტეტი  უცხოურს მიენიჭა. და მართლაც, რატომ უნდა დაამზადო, როდესაც ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხებით შეგიძლია ნებისმიერი პროდუქციის უცხოეთში შეძენა? რატომ უნდა დახარჯო დრო და ენერგია საკუთარი პროდუქციის წარმოებაში, რომლის ათვისებას დრო, ხარჯები და ენერგია სჭირდება?

სხვათა შორის, ანალოგიური პოლიტიკით გამოიჩინა თავი „ნაცურმა“ ხელისუფლებამ. „ნაცი“ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები თითქმის 10 წლის განმავლობაში გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ქვეყანა ტურიზმით იცხოვრებდა და საყოფაცხოვრებო საქონლიდან დაწყებული, ყველაფერს უცხოეთში შეიძენდა. „ნაცთა“ პროპაგანდამ და რაც მთავარია პრაქტიკულმა ნაბიჯებმა საქართველო მხოლოდ მომხმარებელ ქვეყნად აქცია. არადა, საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ის წარმატებული ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფო იყო.

მსგავსმა პოლიტიკამ მიწასთან გაასწორა საკუთარი წარმოება და ხელი შეუწყო დასავლეთის საქონლის გასაღებას, იქაური შემოსავლების ზრდასა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ეკონომიკურად რუსეთის დასავლეთზე მიბმას.

თანამედროვე სამყაროში კი ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იწყება ეკონომიკით და თავდება პოლიტიკით ან შებრუნებით. უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკამ იძალა და მიუხედავად ეკონომიკის პროტესტისა, თავისი გაიტანა.

რუსეთს არაერთი წელიწადი დასჭირდება საკუთარი წარმოების კონდიციამდე მიყვანისთვის, მაგრამ უკვე მიღებული შედეგები იმდენად თვალშისაცემია, რომ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის განვლილ წლებს ფუჭად მიიჩნევს.

რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა როგორც ეკონომიკურად, ისე წიაღისეული სიმდიდრეებით. ეს, ის ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზე ყველა სახის წიაღისეულია. რუსეთი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, 10 უძლიერეს სახელმწიფოს შორის 5-6 ადგილზეა. ასეთი ქვეყნის იზოლაცია და კუთხეში მომწყვდევა, რაზეც აშშ-ი და მისი მოკავშირეები ოცნებობდნენ ეკონომიკური სანქციებით, შეუძლებელია.

საქონლის ჭარბი წარმოების პირობებში უპირველესია გასაღების ბაზრის მოპოვება და როდესაც ევროკავშირმა უარი თქვა რუსეთთან სავაჭრო კავშირებზე, მისი ადგილი უმალ სხვა ქვეყნებმა დაიკავეს. რუსული ბაზარი შეივსო, როგორც იმპორტული, ისე ამუშავებული სამამულო პროდუქციით. რა ბედი ელის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თუ დასავლეთი მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს?

უდავოდ შეიძლება ითქვას – რუსეთის ბაზრის გაუცხოება. რუსეთის ბაზარზე დაბრუნება გაჭირდება, ვინაიდან მათი ადგილი სხვებს აქვთ დაკავებული. აშშ-სა და მასზე აყოლილი ევროკავშირის უგონო გადაწყვეტილებამ არათუ დღევანდელი შემოსავლები დააკარგვინა მათ, არამედ ხვალინდელიც.

არანაკლებ რთულადაა საქმე აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არა მარტო უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან ევროკავშირში ექსპორტს მოიცავს, არამედ ამ ქვეყნებში ევროპული საქონლის იმპორტსაც. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ უმთავრესად მეორეს, ვიდრე პირველს.

აღნიშნულ სამ ქვეყანას არაფერი აქვს ისეთი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გასაღდება – ჭარბი პროდუქციით გაჯერებულსა და კონკურენციით გათანგულზე. ტყუილი იყო ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარის ბაროზუს შეგონება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების მისამართით გამოთქმული – ნახევარმილიარდიანი ბაზრის კარის (ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე) გახსნის თაობაზე.

ბაზარი კი ღიაა, მაგრამ აქვს კი ამ სამს ისეთი, რაც გაიყიდება ევროპაში?! უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე ევროკავშირის ბაზრის მხოლოდ დეკლარირებული გახსნა და ამასთანავე რუსეთის ბაზრის დაკარგვა, მილიონობით დოლარის ზარალის ტოლფასია. უკრაინულ საქონელს არვინ ელოდება ევროპაში. რაც შეეხება ევროპულ საქონელს, ჩაწოლილს და ვადაგასულს, წინ არაფერი დაუდგება უკრაინა, საქართველო, მოლდოვაში გასაღებაში, რაც თავისთავად გამოიწვევს აღნიშნული ქვეყნების სამამულო წარმოების პროდუქციაზე საშინაო კონკურენციას.

ავიღოთ საქართველო, რომლის მთავარი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა. უცხოეთში, ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, რუსული ბაზარი პირველ ადგილზეა. მას გაცილებით ჩამორჩებიან ევროკავშირის ქვეყნები და ჩინეთი. ევროკავშირის ბაზარზე პოპულარობის მოსახვეჭად არაერთი წელი და ძვირადღირებული რეკლამა იქნება საჭირო. შედეგი, მყიდველზეა დამოკიდებული და იმაზე, როდის შეეჩვევა ის ქართულ ღვინოს. გარდა ამისა მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ იტალიური, ფრანგული, პორტუგალური, ესპანური, გერმანული, სხვა ქვეყნების ღვინით გაჯერებულ ევროპულ ბაზარზე რა რაოდენობის ღვინოს შეატანინებენ საქართველოს.

კონკურენცია იქ დიდია, მაგრამ თავისუფალი ბაზრის წყალობით, საკუთარ ბაზარზეც შეიქმნება კონკურენცია.

მავანი იტყვის, ჩვენ ღვინოს, შინ, დაბალ ფასებში გავყიდითო, მაგრამ იქნება კი დაბალი ფასები მისაღები მეღვინეებისთვის? გარდა ამისა, სრული შესაძლებელია ევროკავშირის „რეკომენდაციით“, მისი პროდუქტისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, სამამულო წარმოების პროდუქციის ფასების ზრდა, იმპორტულთან გათანაბრების მიზნით, რაც მომხმარებელს დააწვება.

ევროკავშირთან ასოცირება სიტყვით კარგია, საქმით – პრობლემური, ვინაიდან საკუთარი წარმოების დახვეწას და ევროკავშირის ბაზრისთვის შესაფერისად დამზადებას, ათეულობით წელი და მილიონობით ინვესტიცია დასჭირდება. უნებლიედ იბადება კითხვა, ვიდრე ევროკავშირის შესაფერის პროდუქციას დავამზადებთ – რა ვქნათ? რით ვიარსებოთ? რით ვირჩინოთ თავი?

თუ ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების ისტორიიდან გამომდინარე ვიაზროვნებთ, ვითარება ნაკლებად სახარბიელოა. ბულგარეთის, რუმინეთის, ბალტიისპირა ქვეყნების სავალალო მდგომარეობა ამის დასტურია. მაშ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ? უპირველეს ყოვლისა იმათთან ურთიერთობას, ვისაც ჩვენს პროდუქციასთან მიმართებაში ჯერაც შემორჩენილი აქვს ინტერესი. ასეთად დსთ-ს წევრი სახელმწიფოები, უპირველესად რუსეთი და მეზობელი ქვეყნები, განსაკუთრებით ირანი მოიაზრება. რუსეთის უკიდგანო ბაზარი საქართველოს მსგავსი მრავალი ქვეყნის პროდუქციას დაიტევს. რაც შეეხება რუსულ პროდუქციას – ის დღესაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ქართულ ბაზარზე. გადით ბაზრობაზე და ამაში უმალ დარწმუნდებით.

რუსეთთან, ირანთან, დსთ-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივი საწარმოების შექმნა, მოსახლეობასაც დაასაქმებს და საბიუჯეტო შემოსავლების წყაროდაც აქცევს. ავიღოთ თუნდაც მეღვინეობა. ერთობლივი საწარმოები იზრუნებენ რუსული ბაზრების გამოძებნას და არა მარტო რუსულის, არამედ დსთ-ს ქვეყნების ბაზრების.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობების ამუშავება, რისთვისაც ირანის მხარე რახანია მზადაა. მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არაერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, სხვა დარგებში.

ქართული მხარე ამ შემოთავაზებას არაჯეროვნად, მე ვიტყოდი არასერიოზულად უყურებს. არადა ირანი რეგიონის უძლიერესი ქვეყანაა. ირანი შედის მსოფლიო ქვეყნების იმ სამეულში, ვინც მდიდარია ნავთობისა და გაზის მარაგით. ნავთობის 18%, გაზის 9,4% (მსოფლიოს მარაგის). ირანი ტექნიკური განვითარების თვალსაზრისით, საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოებიდან გამომდინარე, მე-18-ე ადგილზეა მსოფლიოში. ირანი აწარმოებს ყველაფერს – სარეცხი ფხვნილიდან დაწყებული, საბრძოლო რაკეტებითა და მძიმე სამხედრო ტექნიკით დამთავრებული.

ირანის განათლებისა და მეცნიერების სისტემა დახვეწილია. მარტო ბირთვული კვლევის ობიექტები რად ღირს. ქვეყანაში განვითარებულია არა მარტო მრეწველობა, არამედ სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ქიმიური და საფეიქრო მრეწველობა.

ირანსა და „ექვსეულს“ (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) შორის წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ირანს უამრავი ქვეყნის ბიზნეს-წარმომადგენლები მიაწყდა. ყველა მათგანი ცდილობს 80-მილიონიან ირანთან გაწყვეტილი ეკონომიკური კავშირების აღდგენას – ინვესტიციების ჩადებას თითქმის ყველა დარგში, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს და აშშ-ს მიერ შემოღებული ანტიირანული სანქციები ისტორიას ბარდება. მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა სანქციები, რომლებმაც უარყოფითად იმოქმედეს ირანზე, მაგრამ ამასთანავე ირანს ასწავლეს საკუთრის წარმოება.

ირანის ეკონომიკური და სამხედრო ძალების სიძლიერე – თანამედროვე ირანის სავიზიტო ბარათი, მიმზიდველია ამათუიმ ქვეყნის ბიზნესისთვის და ჩნდება გრძელი რიგები ევროპულ-აზიური ბიზნესისა – ირანის კარზე. სამწუხაროდ, ისე, როგორც ყოველთვის, საქართველო არსად ჩანს. ირანისთვის დიდი ინტერესია ამიერკავკასია და საქართველო, რისი დასტურიც არის ზემონახსენები პროექტები.

საქართველო დუმს და დუმს იმიტომ, რომ აშშ-ს ეშინია, ვაითუ ირანთან ურთიერთობა დამიწუნოსო. არადა, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებლები ვართ.

ირანი დიდი პოლიტიკური მოთამაშეც არის, რაც დადასტურდა სირიის მოვლენების დროს. ის, დასავლეთზე მეტად იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ – იბრძვის რეალურად და არა ყასიდად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რუსეთ-ირანმა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ პოზიციები უნდა შეიცვალონ. ირანის მოხსენიება, ნიშნავს მის აღიარებას (პოლიტიკური თვალსაზრისით) და სირიის სამშვიდობო პროცესში ჩართვას, რაც ირანის დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა.

ირანს აქვს საკუთარი პოზიცია, რომელიც ისეთივეა, როგორიც რუსეთის – ბაშარ ასადის დაცვა.

ირანი ის ქვეყანაა, სრულად რომ იზიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს, ქვეყანა ყოველთვის, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის გაეროში, აფიქსირებს ამ პოზიციას. სხვა მხრივაც ირანი კეთილად არის განწყობილი ჩვენს მიმართ, ჩვენ კი ნაცვლად შემხვედრი პასუხისა, ტლინკებს ვთავაზობთ და ისე ვუყურებთ, როგორც შაჰ აბასის დროინდელ მტერს.

თანამედროვე ირანი სულ სხვაა, რაც კარგად ჩანს თეირანში, ამ 15-მილიონიან ქალაქში, თუნდაც ხანმოკლე ვიზიტის დროს და არა მარტო თეირანში, ირანის ე.წ. სოფლებში, ქალაქებს რომ ჰგავს.

პატარა საქართველოს დასასაქმებლად, მისი პროდუქციის გასასაღებლად, შემოსავლების გასაზრდელად სულაც არ არის საჭირო შორს მზერა. ნაცვლად ამისა სამეზობლოში უნდა მიმოვიხედოთ, თვალი შევავლოთ ირან-რუსეთის ბაზრებს, მხედველობაში მივიღოთ მათი პოტენციალი და სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა და ნანატრი ცხოვრებაც არ დაახანებს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.