ფუჭი ლაპარაკი – ფედერაცია-კონფედერაციაზე

საქართველოს პრესის ფურცლებზე იშვიათად, მაგრამ მაინც წააწყდებით მასალას აფხაზეთის, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების თაობაზე. „იშვიათად“, იმიტომ ვამბობ, რომ ამ თემას დღეს ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე გუშინ, რაც არ არის გასაკვირი. დრო არის მკურნალი ნებისმიერი ჭრილობის მოშუშებისა, თუმცა დაკარგული ტერიტორიები ისეთი იარაა, კარგა ხანს რომ თავს შეგვახსენებს.

უნებლიედ იბადება კითხვა – შევძლებთ თუ არა ჭრილობის მოშუშებას და როდის? – რაც დრო გადის, სულ უფრო ნათლად ჩანს, რომ საკითხის მოგვარება მთლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რომ სხვამაც უნდა იღვაწოს ამისთვის, ჩვენთან ერთად.

საბჭოთა პერიოდის დროსაც აფხაზეთის საკითხი მუდამ იდგა დღის წესრიგში, რაც კარგად ახსოვს ძველ თაობას, მაგრამ მას არ მიეცა ისეთი გასაქანი, როგორსაც ისურვებდნენ სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწეები. მათი მიზნების მიღწევას ოფიციალური მოსკოვი ნეგატიურად აღიქვამდა.

ასე მოვედით 1991 წლის დეკემბრამდე – საბჭოთა კავშირის დაშლის გამოცხადებამდე. საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ყოფნის მაგალითი – საბჭოეთის დროინდელი გვახსოვს, რაშიც სრულიად ვეთანხმები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს.

აფხაზეთთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო მოწყობის გამოცდილებას, საბჭოეთის დაშლასთან ერთად დაესვა წერტილი და მასში დიდი წვლილი ოფიციალურმა თბილისმაც შიეტანა – საკუთარი გამოუცდელობით, საერთაშორისო ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებლობით, ცენტრიდან, ავტონომიების მართვის ტრფიალით.

აფხაზეთის ძალით დამორჩილების სურვილი იმდენად ძლიერი გამოდგა, თავიც დაგვავიწყა, საკუთარი შესაძლებლობაც და საუკუნოვანი ძმობა-მეგობრობაც. ძმათა შორის ურთიერთობათა გაუარესებაში მარტო ერთი მხარის დადანაშაულება ანუ საქართველოს, შეცდომაა. აფხაზეთსაც მიუძღვოდა წვლილი დაპირისპირებაში, მაგრამ ცენტრს რომ ჭარბი, ფაქტია.

საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების პერიოდში ასეთ შეცდომას, დანაშაულის ტოლფასს, 2-ჯერ ჰქონდა ადგილი – 1992 და 2008 წლების აგვისტოში. პირველ შემთხვევაში სამხედრო ლაშქრით ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვა იყო საბაბი. სინამდვილეში  აფხაზეთის პოლიტიკის დაგრილება, რასაც ომი მოჰყვა. მეორე შემთხვევაში, ცხინვალის რეგიონში ქვეყნის იურისდიქციის აღდგენის საბაბით მძინარე ცხინვალზე სამხედრო აგრესიის განხორციელება.

ამ ორ აგრესიას ერთმანეთისგან 23 წელიწადი აშორებს, მაგრამ განვლილ წლებს ქართველ პოლიტიკოსთა აზროვნებაზე, პოლიტიკურ სიმწიფესა და ალღოზე არავითარი სასიკეთო დაღი არ დაუსვამს. ქართული პოლიტიკა დარჩა ისეთი, როგორიც იყო – ვერტიკალური სახელმწიფო მმართველობის სრული მხარდამჭერი.

ესოდენ რთული საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულება დღესაც ძალაშია, რაც კარგად ჩანს „სახალხო ფრონტის“ ლიდერის ნოდარ ნათაძის განცხადებებში. ნათაძე მარტო არ არის, მას მხარს ზოგიერთი ძველი პარლამენტარი და ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი უჭერს. ყველა ისინი აუგად მოიხსენიებენ ზაქარეიშვილს, განცხადებისთვის – საქართველო მზადაა განიხილოს სახელმწიფოს ფედერალური მოწყობის შემოღების საკითხი.

უსმენ ამ პაექრობას და უნებლიედ გეცინება – რაზე კამათობთ, ბატონებო; რას მოითხოვთ, რა კონფედერაცია-ფედერაციას, ვერტიკალური მართვის სისტემას და ვისთან? ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ დაუნახავთ, როგორ ჩაიქროლა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის მატარებელმა.

ზაქარიშვილისეული „ფედერაციული მოწყობა“ აჭარას თუ შეეხება, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რახანია დამოუკიდებლად აღიარა რუსეთმა და კიდევ ერთი-ორმა სხვა ქვეყანამ, რაც სრულიად საკმარისია ორივესთვის, უარი თქვას ქართულ „შეთავაზებაზე“, ვინაიდან „ფედერაცია“, თავისი პოლიტიკური არსით, დიდად ჩამოუვარდება დამოუკიდებლობას. და თუ ფედერაცია მიუღებელია ყოფილი ავტონომიებისთვის, ნათაძისეული ვერტიკალური სისტემა ასჯერ უფრო მიუღებელია.

არადა, პირველი ვარიანტი სრულიად მისაღები იყო აფხაზეთისთვის 1991 წლიდან დაწყებული, 1992 წლის აგვისტომდე ანუ ომის დაწყებამდე. მაშინ, ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოური ფედერალიზმის გამოძახილი და მის ოდნავ გადაკეთებას სრულიად გაიზიარებდნენ აფხაზი პოლიტიკოსები და მათი ლიდერი ვლადისლავ არძინბა. დასტურად შევარდნაძის სახელზე არძინბას წერილების მოყვანაც კმარა, სადაც ლაპარაკი იყო საქართველოს ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე, მეტადრე ფედერაციულის.

შევარდნაძემ ყურადღება არ მიაქცია არძინბას წინადადებას და ნაცვლად მოლაპარაკებისა, ჯარი აფრინა აფხაზთა პოლიტიკური ვნებების მოსათოკად, თუმცა მოტივად – რკინიგზის დაცვა დაასახელა. შევარდნაძისა და მისი პოლიტიკური გარემოცვის სავალალო გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოუმწიფოებლობით იყო გამოწვეული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად, ქვეყნის მართვის არცოდნით.

იმჟამინდელმა ქართულმა პოლიტიკამ არაფერი იცოდა ევროპული ფედერაციულ-კონფედერაციული სახელმწიფო მმართველობის თაობაზე. არც დრო ჰქონდა სწავლის. შიდა აბურდულ ცხოვრებას ბევრი მიჰქონდა. გახსოვთ, ალბათ გაყინული ბინები, საჯარო დაწესებულებები, უშუქობა, პურზე გრძელი რიგები – სრულიად შეუფერებელი ვითარება სახელმწიფო საქმის სერიოზული კეთებისთვის. თუმცა სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად მაინც უნდა გამოენახა დრო. ვერ გამონახა. რაც გამონახა – საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა იყო. და როდესაც ამანაც ვერ გაჭრა, დასავლეთს სთხოვა დახმარება, რამაც გაანაწყენა რუსეთი.

პოლიტიკოსთა ახალი თაობა, „მოქალაქეთა კავშირში“ დაფრთიანებული და 1995 წლიდან მოყოლებული ევროპა-ამერიკაში „ნატრენინგალ-ნავალი“, ისეთივე ბრიყვი გამოდგა, ყოფილ ავტონომიებთან საერთოდ ცხოვრების ევროპული ვარიანტების გაუზიარებლობის თვალსაზრისით, როგორც წინამორბედი.

თუ წინას, საბჭოეთის დროიდან გამოყოლილი ვერტიკალური მართვის გამოცდილების გარდა სხვა არაფერი გააჩნდა, მის მონაცვლეს, ევროატლანტიკურ „წყალდალეულს“, რაღაც მაინც უნდა შეესწავლა. მაგრამ არა! მანაც ვერტიკალური მართვის ძველებური გზა აირჩია, რამაც 2004 წლიდან დაწყებული არაერთხელ იჩინა თავი და საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტამდე მიგვიყვანა.

2008 წლის აგვისტომდე, განსაკუთრებით მის შემდეგ, პარტნიორად აღქმული დასავლეთი კისრით გადაეშვა მღვრიე ქართულ პოლიტიკურ პროცესში და ყველაფერი იღონა მისი მოგვარების გასაჭიანურებლად.

შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარება?

შევარდნაძის პერიოდში, განსაკუთრებით 2000-2003 წლებში, „ვარდების რევოლუციამდე“, შესაძლებელი იყო, რის დასტურად ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ ე.წ. შლაინინგის პროცესის დროს შემუშავებული პროექტის მოყვანა შეიძლება.

ავსტრიის დაბა შლაინინგში სისტემატურად იმართებოდა ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რომელსაც ორგანიზაციას გერმანელი და ინგლისელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკეთებდნენ. 2003 წლის დასაწყოსში მხარეები მივიდნენ იმ წერტილამდე, შერიგების დასაწყისი რომ ჰქვია. პროექტის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში უნდა აღმდგარიყო ყველა დონის ურთიერთობა, გარდა პოლიტიკურისა. 10 წლის განმავლობაში არ უნდა დასმულიყო აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა. მხოლოდ ურთიერთობათა აღდგენას უნდა მიეყვანა მხარეები სტატუსის განსაზღვრამდე.

თბილისმა ჯეროვნად ვერ შეაფასა ეს შანსი. ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო – ურემი ორჯერ გადაბრუნდა. გზაც გამოჩნდა. პირველ შემთხვევაში ისეთი, რომელსაც შერიგებამდე მიყვანა შეეძლო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მრავალ მიზეზთა გამო. მათ შორის არასათანადო სურვილიც იყო. მეორე შემთხვევა საბედისწერო გამოდგა, რამაც საბოლოოდ თუ არა, მრავალი წლით მაინც წერტილი დაუსვა ავტონომიების დაბრუნების თემას.

რუსეთის ფრთებქვეშ შეყუჟული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი დაბრუნება, ისეთივე აბსურდია, როგორც ქართველი კოსმონავტის მარსზე გაფრენა. ვერც სხვა გზით იქნება შესაძლებელი განდეგილთა შემობრუნება. ზაქარეიშვილის ფედერაციული სახელმწიფო მოწყობის შეთავაზება დაგვიანებული და უადგილოა, ვინაიდან დამოუკიდებლობის, დამოკიდებულებაზე გაცვლა, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება (თუ მოიძებნა) ქვეყანა, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს. ამ შემთხვევაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ფედერაციულ გერმანიასთან შეერთების მაგალითი არ გამოდგება.

საქართველო ყველა პარამეტრით ჩამოუვარდება რუსეთს, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ სოხუმ-ცხინვალს.  საქართველო არაფრითაა მიმზიდველი განდეგილებისთვის, ამდენად არც ზაქარეიშვილის და არც ნათაძის ე.წ. ვარიანტები არ გამოდგება. მაშ, რას ვკამათობთ, რატომ ვხარჯავთ დროს ტყუილ ლაპარკში?

ზაქარეიშვილის „ფედერაციას“ სხვა დატვირთვა აქვს, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით არის განპირობებული. 2012 წლის არჩევნების დროს „საოცნებო“ კოალიცია დაპირდა ხალხს დაკარგულის დაბრუნებას. ვერაფერი გააკეთა და რომ ვერ, 2016 წლის არჩევნებისთვის ძველი „პლასტინკა“ დაატრიალა – „ფედერაციის“ ბოძების დამატებით. ავტორი მიიჩნევს, რომ სულ არაფერს ანუ არდაბრუნებას ანუ დაპირების შეუსრულებლობას, „ფედერაციის“ შეთავაზება სჯობს. კოალიცია იმას მაინც იტყვის – ჩვენ ხომ შევთავაზეთ, მეტი რაღა ვქნათო?!

დღევანდელი ხელისუფლების პოზა, სირაქლემისას ჰგავს, რასაც ხვდება ხალხი. ვითარების გამოსწორებას აბსტრაქტული შეთავაზებები ვერ უშველის. კარდინალური ზომების მიღებაა საჭირო ანუ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა-ჩამოყალიბება. იქ და სოხუმ-ცხინვალში დევს შერიგების გასაღები და არა ბრიუსელში.

მცდარია მოსაზრება, რომ ნატოში შესვლით გადაიჭრება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემა. პირიქით, სამარადისოდ დაესმება წერტილი. თუმცა ეს ნაკლებად ადარდებს კოალიციის წევრ „რესპუბლიკელებს“, რომლებსაც, სხვებთან შედარებით, უფრო მეტად უჭირავთ თვალი ნატოზე და აქედან გამომდინარე, ხან რას მოიგონებენ და ხან რას. მარტო ლევან ბერძენიშვილის განცხადება რად ღირს – შევიდეთ ნატოში, მისი წესდების მე-5 მუხლის გარეშე.

ბერძენიშვილის განმარტებით – ეს, წინადადება თითქოს ბრიუსელიდან შესთავაზეს, არადა ქართულ „მახვილგონიერებას“ უფრო ჰგავს, ვირეშმაკობა რომ ჰქვია. არსი მისი შემდეგშია: მთავარია ნატოში შეგვიშვან და მერე ვნახოთ, როგორ არ დაგვიცავენ რუსეთის აგრესიისგანო. „რესპუბლიკელებს“ ეკუთვნის მოსაზრება, რომ დაკარგული ავტონომიები ნატოში მიღების ბარიერი არ იქნება. ეს მოსაზრება, უფრო მოწოდებას ჰგავს – რა დროს ავტონომიებია, როდესაც ნატოური „ბედნიერება“ კარსაა მომდგარი.

ამ შემთხვევაში არა მარტო „რესპუბლიკელთა“ მიზნები მზეურდება, ჩვენი „სტრატეგიული“ პარტნიორის ამერიკელების, მას – დაჰყავი და იბატონე ჰქვია. ცხადია, ამჯერად მათ ისე არ გამოუვიდათ, როგორც იუგოსლავიაში – რუსეთმა შეუშალა ხელი, მაგრამ ის, რაც გამოუვიდათ, საკმარისია რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდამ მოგიზგიზე ცეცხლოვანი კერის შესაქმნელად.

ნატოში შესული საქართველო, საქართველოში შემოსული ნატოს სამხედრო ბლოკია. ნატოს წესდებიდან გამომდინარე, საქართველოს ბევრი რამ აშორებს ნატომდე, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც ყურადღებას არ მიაქცევს არც წესდებას, არც სხვას და პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, მონტენეგროც კმარა. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ნატოში შესვლას, მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა სულ ახლახანს მიიწვია ეს ქვეყანა ნატოში, თანაც ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე.

არ არის გამორიცხული მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთან მიმართებაშიც, თუნდაც გამთლიანების ხარჯზე. სწორედ ამითაა განპირობებული ფედერაცია-კონფედერაციაზე, ნატოს წესდების მე-5-ე მუხლზე, სხვა თითიდან გამოწოვილ საკითხებზე ლაპარაკი. „რესპუბლიკელთა“, ადრე „ნაციონალთა“ მოქმედებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება – რაც ცუდი, მით უკეთესი. მაგრამ ვისთვის ცუდი? – ქვეყნისთვის, უპირველეს ყოვლისა. კარგი? – საკუთარი თავისთვის. საქართველოს ნატოში შეყვანით, ისინი პირნათლად შეასრულებენ აშშ-ს მიცემულ სიტყვას.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.