ქართველებო – გიხაროდენ!

იწყება ახალი ციკლი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. როგორც იქნა საქართველოს ეღირსა ევროკავშირის ასოცირებული წევრობა.

ამ მოვლენას დადებითად აფასებენ, როგორც „ოცნებელები“, ისე „ნაციონალები“, სხვებიც, ვინც პარლამენტგარეთ „მოღვაწეობენ“. პარლამენტში მყოფი პარტიები ასოცირებულ წევრად გახდომას საკუთარ შრომასა და მარიფათს უკავშირებენ და იშვიათად იხსენებენ ბრიუსელს, რომელმაც შვა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი პოლონეთი იყო. პროექტის მიზანი – მარტივი და გამჭვირვალეა – რუსეთის ორბიტიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოყვანა და მათი ევროკავშირზე მიბმა. „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ შევიდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო.

ევროკავშირის სურვილი იყო ასოცირებილ წევრებად სომხეთისა და აზერბაიჯანის ხილვაც, მაგრამ მათ შორს დაიჭირეს. სომხეთმა კი ევროპასთან ასოცირებულ წევრობას, ევრაზიის კავშირის წევრობა ამჯობინა. განზე დარჩა ბელორუსი, რომლის ხელისუფლებასთან ევროკავშირს რთული ურთიერთობები აქვს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის ავტორების მთავარი მიზანი ზემოთ აღვნიშნეთ – რუსეთის გავლენისგან პარტნიორი ქვეყნების გამოყვანა. „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მიზნად იმასაც ისახავს, რასაც თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია. თუ რას ნიშნავს ეს, „კარგად“ განმარტა ევროკავშირის ყოფილმა შეფმა ბაროზუმ, თბილისში ყოფნის დროს – პატარა საქართველოს შესაძლებლობა ექნება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიტანოს თავისი საქონელი 500-მილიონიან ევროპულ ბაზარზე. საქართველოს მოსახლეობას უჩნდება შანსი უვიზოდ იმოგზაუროს ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირს უჩნდება შესაძლებლობა უპრობლემოდ შემოიტანოს საქართველოში საკუთარი საქონელი, განახორციელოს ინვესტიცია და სხვა.

ასოცირებულ წევრად ყოფნის პერიოდში საქართველომ საკუთარი კანონმდებლობა უნდა მიუსადაგოს ევროკავშირის კანონებს და ამ გზაზე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, უნდა გაიზიაროს ევროკავშირელი ექსპერტების რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში სანუკვარი ოცნება – ევროკავშირის წევრობა, ოცნებად დარჩება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასოცირების დოკუმენტში ნახსენები არ არის შეუშვებენ თუ არა საქართველოს ევროპულ „სამოთხეში“ ყველა რეკომენდაციის მიღების შემდეგ.

ერთი სიტყვით, ასოცირებულმა წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ბრიუსელის მოსახიბლად. მოიხიბლება თუ არა ის, მასზეა დამოკიდებული. თურქეთის მწარე მაგალითიდან გამომდინარე, ნახევარი საუკუნეა ბრიუსელი ვერ ან არ იხიბლება და არის ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსით 80-მილიონიანი ქვეყანა – ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ოცეულში შემავალი. აღარ ვამბობ აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებზე, რახანია ევროკავშირთან ასოცირებულებზე.

საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომლის სამომავლო წარმატებებზე მსჯელობა უფრო ვირტუალურია, ვიდრე რეალური. დავიწყოთ იმით – რას შეიტანს საქართველო ევროპის ბაზარზე გასაყიდად. ჯერ-ჯერობით ასეთი პროდუქტი, გარდა ღვინისა და მინერალური წყლისა, საქართველოში არ იწარმოება. უფრო სწორად, იწარმოება, მაგრამ ხარისხი დაბალია და ევროპის ბაზარზე არ გაიტანება.

თვით ღვინოსა და მინერალურ წყლებსაც პრობლემები შეექმნებათ, ვინაიდან ესპანური, პორტუგალური, გერმანული, იტალიური, ფრანგული ღვინოებით გაჯერებულ ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდება უდიდეს პრობლემებს უკავშირდება. ვიდრე ქართული ღვინო ან მინერალური წყალი ფეხს მოიკიდებს ევროკავშირის ბაზარზე, მილიონობით ევროს გადახდა იქნება საჭირო შესაბამისი რეკლამისთვის.

საქართველოს სხვაც აქვს ევროპაში გასატანი, მაგრამ არცთუ ბევრი და შემოსავლის მომტანი. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა პერიოდის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ნაწარმი, რომელიც იმჟამად არა მარტო საბჭოეთში იყიდებოდა, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნებში, რახანია ისტორიას ჩაბარდა. დღეს, საქართველო – მრეწველობა-სოფლის მეურნეობის გარეშე დარჩენილი, მხოლოდ იმპორტული კვების პროდუქტებისა და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის, თანაც უხარისხოს გადამამუშავებელი „ცეხია“.

ასე რომ, ბაროზუს ნათქვამი სრული აბსტრაქციაა და მეტი არაფერი. შეძლებს საქართველო ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომელიც გაუძლებს ევროკავშირის ბაზრის კონკურენციას? ძნელი სათქმელია, ვინაიდან პროდუქციის საწარმოებლად საწარმოებია საჭირო, საწარმოების გასახსნელად ფული ანუ უცხოური ინვესტიციები. ჩადებს უცხოელი ფულს საქართველოში? ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან მისი მოხიბლვა, საქართველოს შეზღუდული ბაზრით, ძალიან ძნელია. გარდა ამისა არის კი საქართველოში კვალიფიცირებული მუშა-ხელი?

ინვესტორს შეუძლია ინვესტიციების ჩადება, ქარხნის აშენება, მუშახელის გაწვრთნა, წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანა, მათ შორის ევროკავშირში გასაყიდათ. მაგრამ ეს, გრძელვადიანი პროცედურა, ბევრ რისკებთაა დაკავშირებული, რაზეც უცხოელი არ წავა.

ასოცირებული წევრობის პერიოდში საქართველო გახდება (არავინ იცის რამდენ წელიწადს მოიცავს ის) საექსპერიმენტო პოლიგონი ანუ ის ტერიტორია, რომელსაც ევროპელი ექსპერტები ხშირად ეწვევიან მარტივი გეგმის შესამუშავებლად – რა პროდუქცია უნდა აწარმოოს საქართველომ, რა რაოდენობით და ა.შ., რომ დაკმაყოფილებული იქნას ევროკავშირის მოთხოვნები. სულაც არ იქნება გასაკვირი, ევროკავშირმა რომ თქვას – ევროკავშირს უხვად აქვს საკუთარი ღვინოები, უმჯობესია თქვენ სხვა რამ აწარმოოთო.

ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, რომ შორს იქნება იმ საზეიმო განწყობისგან, რასაც ადგილი ჰქონდა „შალახოს“ დროს – ფაქტია. სამომავლო პროზაიკა უდავოდ დამთრგუნველი იქნება და რაც მთავარია არსებული ოპტიმიზმის გამაბათილებელი.

ნაკლებად ოპტიმისტურ განწყობაზე დადგება საქართველოს ბიუჯეტი და აქედან გამომდინარე მოსახლეობაც, როდესაც ევროპული საქონელი დაიკავებს ქართულ ბაზარს და ჯერაც არსებულ თუ არარსებულ წარმოებას, უსერიოზულეს კონკურენციას შეუქმნის. მატრაკვეცა ქართველი მომხმარებელი უდავოდ შეეცდება ევროპულსა და სამამულო პროდუქციას შორის არჩევანი ევროპულზე გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში, თვით ჯერ არარსებულ ქარხანას – უცხოურ ინვესტიციაზე დაფუძნებულს, შეექმნება შიდა ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გასაღების პრობლემა.

ყოველივე აღნიშნული, მარტო ჩემი პესიმისტური ვარაუდები არ არის, იმ პესიმისტური მაგალითების გაცნობის შედეგიცაა, რასაც ადგილი აქვს ბულგარეთში, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ძველი ევროპის სახელმწიფოებში. თითქმის 10 წელიწადია ბულგარეთ-რუმინეთი ევროკავშირის ნამდვილი წევრები არიან, მაგრამ ევროპულ „სიკეთეებს“ ვერადავერ ეღირსნენ. მარტი იმის თქმა – ევროკავშირის წევრები ვართ და ამიტომ ბედნიერები ვართო, მშიერ კუჭს ვერ დააპურებს.

არადა ეს, ორი სახელმწიფო წარმატებული იყო არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ მრეწველობაში, სხვა დარგებში. დღეს, მათი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არავის უნდა, ამიტომაც ქარხნები, საწარმოები ჩონჩხებადაა ქცეული; მოსახლეობა უმუშევარი და გაღატაკებული, ევროპას – მეძავებად, შავ-მუშებად, დამლაგებლებლად, მომვლელებად მოდებული.

ჯანღონით სავსე რუმინელი, ბულგარელი, ბალტიისპირელი მირბის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სხვა შედარებით ძლიერ ქვეყნებში. მათ ადგილს სამშობლოში სხვები იკავებენ, მაგალითად უკრაინელები და ა.შ.

ევროექსპერტობას ჯერაც ვერ გამოუგონებიათ დარგი, რომელშიც ბულგარეთ-რუმინეთი დასაქმდება. რა გარანტიაა, რომ ასეთი უმალ იქნას შემუშავებული საქართველოსთვის?!

ვინ გაიხარებს საქართველოში? ერთი მუჭა ხელისუფლება, ოპოზიცია და მათზე მიტმასნილი ნათესაობა, გრანტიჭამია არასამთავრობოები, რომლებიც ვაშინგტონ-ბრიუსელის დავალებას ასრულებდა, ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს. ისინი იქნებიან უაღრესად კმაყოფილნი, დანარჩენი საქართველო – უკიდურესად უკმაყოფილო. ისინი ილაპარაკებენ, ისე, როგორც ყოველთვის, ევროპულ ფასეულობებზე, ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე, ქართველი ხალხის აუსრულებელი ოცნების ასრულებაზე და ა.შ.

ევროკავშირის ასოცირებული წევრობით დაიწყება იმ ნანატრი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის წყლის შეყენება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ გვარგუნა. საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია სხვა არაფერია, თუ არა შენის დავიწყება და სხვისის შეთვისება. ეს პროცედურა კარგად გამოსდის ქართველობას. ბრმა მიმბაძველობას ჰქონდა ადგილი ბოლო 20 ლის განმავლობაში, რაც გაათკეცდება ასოცირებული წევრობის პერიოდში.

რით არის საქართველო საკუთარი პოზიციებისა და ინტერესების, სუვერენიტეტის უკეთესი დამცველი, ვიდრე ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია ან სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები? არც არაფრით. ბულგარეთმა უარი თქვა რუსულ პროექტ „სამხრეთის ნაკადზე“, რომელსაც წლიურად მისთვის გაზის გარდა, ტრანზიტისთვის 2-3 მილიარდი ევრო მოჰქონდა – ამერიკელთა შიშით.

გერმანია – ასევე ამერიკელთა შიშით, სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ. და არა მარტო ის, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც. ყველა ისინი მზად არიან ჩაეხუტონ რუსეთს, მაგრამ აშშ-ს შიშით, რომ არ ეხუტებიან, მილიარდობით ევროს კარგავენ.

როდესაც ევროკავშირის ძლიერი წევრი ქვეყანა იტყვის, რომ ევროკავშირიდან გავდივარ, ვინაიდან ეს კავშირი ჩემს სუვერენიტეტს ემუქრებაო (ინგლისი მყავს მხედველობაში); როდესაც ევროკავშირის პარლამენტარი ფრანგი ლე პენი და არა მარტო ის, სხვებიც, იტყვიან – ევროკავშირი უნდა დაიშალოსო, მთლად კარგად არ უნდა იყოს ევროკავშირის საქმე.

ვერ გავიზიარებ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს – ევროკავშირი, ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველა კავშირს ჯობიაო და ამიტომაც ჩვენი სურვილი იქნება იქ შესვლაო.

არადა, მძიმე ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა, საფინანსო კრიზისი და სხვა ნეგატიური მდგომარეობა, რასაც ევროკავშირში აქვს ადგილი, ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მოვლენები სწრაფად ვითარდება და სრული შესაძლებელია კემერონის, ლე პენის, ფარაჯას და სხვათა პროგნოზი გამართლდეს – ანუ დაიშალოს ევროკავშირი, მაშინ ჩვენ რა?

არც არაფერი. უთავმოყვარო, უნამუსო კაცივით სხვა კავშირს მივაშურებთ?!

სხვა კავშირი კი ევრაზიული კავშირია, ახალგაზრდა ორგანიზაცია, რომელიც ძალას იკრეფს. მარტო ის რად ღირს, როდესაც თურქეთი, ირანი, ინდოეთი, სხვა ქვეყნები აცხადებენ ერთიან საბაჟო კავშირში შესვლის სურვილს.

რატომ არჩია სომხეთმა ევრაზიული კავშირი და არა ევროკავშირი?! იმიტომ ხომ არა, რომ თავი აარიდა ასოცირების შედეგად მოტანილ კატაკლიზმებს? სომხური საქონელი მისაღებია ევრაზიული კავშირისთვის, ისე, როგორც ქართული იქნებოდა.

ევრაზიულ კავშირში შესვლა ნიშნავდა ძველი ინდუსტრიის ამუშავებას, სოფლის მეურნეობის აღორძინებას, მრეწველობის, მეხილეობის, მეთამბაქოობის განვითარებას, კულტურისა და ხელოვნების კვლავ გაფურჩქვნას. ქვეყანამ იქ უნდა „ითამაშოს“, სადაც უნდათ მისი თამაში; სადაც მისი საქონელი გასაღდება; სადაც მისი მენტალიტეტი მიესადაგება სხვათა მენტალიტეტს და არა იქ, სადაც მესამეხარისხოვნად გიყურებენ; სადაც შენი არაფერი უნდათ, თან ურჩ მოსწავლედ გთვლიან.

ეს წუთისოფელი ხანმოკლეა ნებისმიერი ადამიანისთვის, ამდენად ყოველი დღე, თვე, წელიწადი, მრავალი წელი არ უნდა შეელიოს მომავალი ვირტუალური კარგი ცხოვრების პროპაგანდას, თანაც ისეთის, რომელიც არასდროს დადგება. ჩემი ასაკის ხალხს კარგად ახსოვს კომუნისტების დაპირება – კომუნიზმში ცხოვრებასთან დაკავშირებით. ვერ ვეღირსეთ დანაპირების ასრულებას. დღეს კი, რეტროსპექტული მზერის შემდეგ, ვამბობთ – დღევანდელთან შედარებით, თურმე კომუნიზმში გვიცხოვრიაო. კომუნისტებს ერთი კარგი რამ ჰქონდათ – კომუნიზმს რომ ამბობდნენ, არ ამბობდნენ ის სიკეთეები სწორედ ამ დღეს მოვაო. კომუნიზმამდე მისასვლელ გზებს ყოველდღიურად აკეთებდნენ.

საქართველომ, საკუთარი უნიათო ხელისუფლების წყალობით, მეტად შორეული, შესაძლოა აუსრულებელი პროექტი აირჩია – ევროატლანტიკური. იმ გურული ანეკდოტისა არ იყოს – კრებას რომ ეკითხებიან კომუნიზმზე ვილაპარაკოთ თუ ნალიის აშენებაზეო? და პასუხად რომ იღებენ – კომუნიზმზე – ვინაიდან ნალიის აშენებას პრაქტიკული გარჯა ესაჭიროებაო. ჩვენ ნაცვლად იმისა, საკუთარი საქმე გვეკეთებინა – ყოველდღე და მონდომებით, ყოველდღე და მონდომებით საკუთარი სახლი ვანგრიეთ, საკუთარი ქუჩები, ქარხნები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სულიერება. ფაქტობრივად, დავანგრიეთ და გავანადგურეთ ყველაფერი, რისი დანგრევაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ახალი კი ვერ ავაშენეთ.

დამოუკიდებლობის დროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ყველაზე ლაყე გამოვდექით, თანაც სამარცხვინოდ – სხვისი ხელისშემყურე. რაც შევძელით – შიდა ომების მოწყობაა – წაგებით, ტერიტორიების დაკარგვით და ამ საქმეში სხვისი დადანაშაულებით.

როდესაც ქალაქის მერი ნახევარი წლის განმავლობაში თბილისის ერთკილომეტრიან ქუჩაზე (ქუჩებზე) ასფალტს ვერ დააგებს, თვალს დახუჭავს, ვითომ კანონიერ, სინამდვილეში უკანონო მშენებლობებზე, რასაც დედაქალაქში აქვს ადგილი; როდესაც „სპორტის სასახლის“ ირგვლივ იმდენი შენობა-ნაგებობა წამოჭიმეს, სასახლეში შესვლა ჭირს; როდესაც საქართველოს ერთადერთი ქალაქისთვის ვერ მოგვივლია – მაღალ მატერიებზე ლაპარაკი ზედმეტია.

ქართველებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ასოცირებული წევრობა ან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმას – ევროპელი რომ ქუჩას დაგიგვის, წესრიგს დაგიმყარებს, საქალაქო ტრანსპორტზე ნომრებს დაგიკრავს, ქუჩაში არ გადაგაფურთხებინებს, ტრანპორტის მოძრაობას დაგირეგულირებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს მოგიწესრიგებს (შარდის სუნით რომ ყარს) და ა.შ.

არა ბატონებო! ეს, შენ უნდა გააკეთო, ანუ აქამდე უნდა გაგეკეთებინა, ისე, როგორც ეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა გააკეთეს. მაგალითად ბელორუსს მოვიყვან. ეს ქვეყანა, წარმოებული პროდუქციის 75-80% ყიდის საზღვარგარეთ, რის შედეგად მას წლიურად 7-8 მილიარდი დოლარი შესდის. ბელორუსია აწარმოებს თვითმცლელ ისეთ გიგანტ ავტომანქანებს, როგორებიცაა „ბელაზები“, „მაზები“, გარდა ამისა ტრაქტორებს, კომბაინებს, ტროლეიბუსებს, ავტობუსებს, ვაგონებს. ბელორუსის არც ერთი ქარხანა არ გაჩერებულა, მითუმეტეს არ გაძარცვულა და გაყიდულა საზღვარგარეთ ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საქართველოში.

ბრაზილიაში, ვენესუელაში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში მიდის ბელორუსის პროდუქცია. ბელორუსის ეკონომიკაში 4.5 მილიონი ადამიანია დაკავებული. ფაქტობრივად ბელორუსში უმუშევრობა არ არის. ბელორუსის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში უფასოა, უცხოელებისთვის – ფასიანი. წელს მარტო მინსკის სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით ათასობით უცხოელმა ისარგებლა, რამაც ხაზინას 10 მილიონი დოლარი შესძინა.

ლუკაშენკოს უშუალო განკარგულებით გაიზარდა ბავშვთა შემწეობა. პირველი ბავშვის დაბადებაზე გასცემენ 1.254 დოლარს, მომდევნოზე – 1.815 დოლარს. საშუალო პენსია – 241 დოლარია, საშუალო პენსია ასაკის მიხედვით – 250 დოლარი. ჯილდოებისა და დამსახურების გათვალისწინებით – 300-400 დოლარი. დედაქალაქის მცხოვრების საშუალო ხელფასი – 700 დოლარი; სხვა ქალაქებში – 400-დან 600 დოლარამდე.

ამ ქვეყანაში სკოლები უფასოა, უმაღლესი ნაწილობრივ ფასიანი, ნაწილობრივ – უფასო. თვითმხილველები ამბობენ, წესრიგია ყველგან და ყველაფერში – გაწკრიალებული გზები და ქუჩები, პარკები და სკვერები – ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირიაო. დიახ! საბჭოთა კავშირს წესრიგის ეტალონად მოიხსენიებენ.

ბელორუსი არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრია და რაც მთავარი, სულაც არ იჩემებს იქ ყოფნას. ის ევრაზიული  კავშირის წევრია. ახლა რაც შეეხება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს – მე არ ჩამოვთვლი ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებებს რუსეთის ხელისუფალთა მიმართ, ყველა მათგანი გაჟღენთილია, ჩვენ რომ ოპოზიციურად მოვნათლავთ, ისეთი სულისკვეთებით. ასეთის თქმისთვის ევროკავშირში თავს თუ არა ენას მაინც მოგაჭრიან. დსთ-ი, ევრაზიული კავშირი იტანს ამას, ვინაიდან თვლის, რომ დემოკრატიაა მთავარი.

საქართველოს მოსახლეობას იმითაც აშინებენ ჩვენი პოლიტიკოს-პოლიტოლოგები – ევრაზიულ კავშირში რომ შევიდეთ, აქ რუსული პარპაში დაიწყებაო. ევროკავშირის ასოცირებული წევრობა – 28 ქვეყნის პარპაშს არ ნიშნავს და თანაც როგორს, შენი რომ არ უნდათ და თავისის დამკვიდრებას შეეცდებიან?

ჩემის აზრით, ქვეყანა იქ უნდა იყოს, სადაც მისი ფესვებია და არა იქ, სადაც ვითომ იყო. ჩვენი მეტიჩარა გოგო-ბიჭები, არასამთავროებიდან მთავრობაში მოვლენილები, ისტორიის უმეცარნი, ზედაპირულები და ამერიკულად „ვაუს“ მძახებელნი, მამალ ტყუილს უგორებენ საკუთარ მოსახლეობას – ევროპულ ოჯახში დავბრუნდითო.

თუ არ ვცდები, სიტყვა „დაბრუნება“ ნიშნავს იმას, რომ სადღაც იყავი და ძველს დაუბრუნდი. ჩვენ იქ ვიყავით, სადაც ვართ! საქართველო არც არასდროს ყოფილა ევროპაში. მართალია, ქართველს ისეთი კანის ფერი აქვს, ყურებიც და თვალებიც, ცხვირზე რა მოგახსენოთ, როგორც ევროპელს, მაგრამ გარეგნობით არ გამოიხატება მისი ევროპელობა. ჩვენ ტვინით განვსხვავდებით მათგან, ანუ ისინი ჩვენგან – ტვინით! ტვინი კი ისეთი რამ არის, მის გადაკეთებას რამდენიმე თაობა რომ სჭირდება.

მიბაძვით „ცისფერი“ კი არ უნდა იყო, არამედ გულით ნადვილი მამათმავალი. სხვათა შორის ამით ისინი კი არ იწონებენ თავს, როგორც აქ, ეს მათი ყოველდღიურობაა, რომელსაც რეკლამა არ სჭირდება.

ვიმეორებ, ჩვენ აქ, ამ მიწაზე დავიბადეთ. მიწაზე, რომელსაც კავკასია, მცირე აზია ჰქვია – არავისზე ნაკლებზე, არავისზე მეტზე – მდებარეობის თვალსაზრისით. ერი აქ დაიბადა, აქ დაირწა მისი აკვანი, აქ გაიცნო მეზობლები, დაამყარა მათთან კავშირები და არა ცხრა მთას იქით მყოფთან. და რახან ასეა. ამაზე უნდა ვიფიქროთ, აქ უნდა ვჭედოთ ჩვენი აწმყო და მომავალი, ჩვენს მეზობლებთან ერთად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.