ხალხის აზრის გასაგებად საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება
გასული კვირის მსოფლიო მოვლენათა შორის პირველობას უდავოდ დაიკავებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი მოსკოვში და მისი მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ამ თვალსაზრისით, მოვლენათა შეჯიბრება რომ ტარდებოდეს.
ცხადია, მოვლენათა ჩემპიონატი მსოფლიოს ჯერ არ გამოუგონებია, მაგრამ პოლიტიკური წრეების ზედმიწევნითი ყურადღება ვიზიტისადმი, გამოთქმული მოსაზრებები, შეფასებები, დასკვნები — ასახული განცხადებებში, სტატიებში, ანალიტიკურ მასალებში, პოლიტიკოსთა ინტერვიუებში, ჟურნალისტთა მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებში, ნათელი მაგალითია ვიზიტის ჩემპიონობაზე.
ვიზიტმა მსოფლიო ორ ნაწილად გაჰყო. ორ ნაწილად გაჰყო მოსაზრებებიც — უარყოფითად და დადებითად. უარყოფითი შეფასება — დასავლეთის, დადებითი — დანარჩენი მსოფლიოს. რიცხობრივი თვალსაზრისით 8-მილიარდიანი მსოფლიოდან მილიარდნახევრიანი დასავლეთი, თითქმის 6,5-მილიარდიან — დანარჩენთან.
მილიარდნახევრიან დასავლეთს, აშშ-ს მეთაურობით, სისტემატურად მოიხსენიებენ ცივილიზებულთა სამყაროდ. დანარჩენ მსოფლიოს — განვითარებად ქვეყნებად აცხადებენ, ხშირად მესამე სამყაროდ.
დასავლური კვალიფიკაციით, პირველი და მეორე მათია, მესამე იმათი, ვინც ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმმართველმა ჟოზეპ ბორელმა (Josep Borrell) აგრესორ ბრბოდ წარმოსახა — პირველთა მიერ შექმნილი ედემის ბაღში შეჭრას რომ ლამობს.
პირველის მიერ ჩამოყალიბებული ყოფა რეალობის ამსახველია — ჯერ-ჯერობით, მაგრამ სიტყვით. საქმით,პირველობისთვის არცთუ დამამშვიდებელი ცხოვრებისეული სურათია, რაც თავისთავად კარნახობს მას პირველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას. და ისიც იბრძვის, უმთავრესად, დაუშვებელი წესებით — ტყუილით, შანტაჟით, მოქრთამვით, ტერორით, ომით, ცრუ პროპაგანდით, ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ხერხებით.
გაემტყუნება თუ არა მას ანუ პირველს მოპოვებული პირველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა? გაემტყუნება, ვინაიდან პირველობის შენარჩუნებას ის ზემოჩამოთვლილი საშუალებების გამოყენებით ცდილობს — არაკეთილსინდისიერი გზით, მაგრამ განა შეიძლება პოლიტიკაში სხვა გზით სვლა?
ქვეყნის პოლიტიკა განპირობებულია მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებით, რომელიც პოლიტიკურმა სიომ, ნიავმა, ქარმა და ქარიშხალმა სისტემატურად შეიძლება ცვალოს, ისე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკა — მეზობლებთან და სხვებთან ურთიერთობაში, მკვეთრად შეაბრუნოს ნეგატიურიდან, პოზიტიურისკენ ან პირიქით.
პირველობისთვის მებრძოლი აშშ-ი, მოპოვებული პოზიციის შესანარჩუნებლად გვერდში იყენებს ე.წ. მოკავშირე ქვეყნებს — ევროკავშირის წევრების და ამ კავშირის გარეთ მყოფთა იაპონიის, კანადის, სამხრეთ კორეის, ავსტრალია-ახალი ზელანდიის სახით.
ისინი თავიანთ თავს პირველ კატეგორიას მიაკუთვნებენ და რაც მთავარია პირველის პარტნიორებად. ეს, ისინი თვლიან თავიანთ თავს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორებად, მაგრამ პირველი, მათ მხოლოდ სიტყვით მიიჩნევს პარტნიორად, საქმით ეს პარტნიორობა, ვასალობის მაგვარია — უსიტყვო, უყოყმანო ვასალობის, მონური მორჩილების.
მკითხველო, თვითონ განსაზღვრეთ რა სტრატეგიულ კავშირს ხედავთ აშშ-სა და მათ შორის?! პირადად მე ვთვლი, რომ სტრატეგიული კავშირი მათ შორის ისეთივე უტოპიაა, როგორც გაკეთილშობილებული აშშ-ი. და ეს არ არის ერთი წლის დაკვირვება — მრავალწლიანი დაკვირვების ნაყოფია, რაც მაძლევს უფლებას ვთქვა შემდეგი — მათი კავშირურთიერთობა ბატონისა და ყმის ურთიერთობაა, რომელსაც ბატონი რომ შეჩვეულია არ გაკვირვებს, მაგრამ ყმა რომ შეჩვეულია, ის გაკვირვებს და არა მარტო, გაოცებს კიდევაც — თავმოყვარე ქვეყანას, ქვეყნებს რომ უთავმოყვარეობის მონური პოზა იტაცებს და ისიც, როდესაც ეს მონა ე.წ. მესამე ქვეყნებს ბატონივით დაჰყურებს — ზემოდან, ქედმაღლურად.
რაღაც მომენტში, დროის პატარა მონაკვეთში, პირველის მზერის არეალიდან წამიერად გასულები და საკუთარი თავის პირველის ამპლუაში წარმოდგენით, ისინი მედიდურობის შარავენდედით იმოსებიან. ეს პატარა კაცუნები ისე ექცევიან მესამე სამყაროს, როგორც მათ, პირველი.
მესამე სამყაროსთვის ძნელი ასატანია კოლონიალიზმის შემობრუნების ნიშნები — სხვა კუთხით, სხვა განზომილებით, სხვა შინაარსით. ეს, ახალი კოლონიალიზმია, ძველზე დამყნობილი, რომელიც უდავოდ გამოიღებს დაავადებულ ნაყოფს, რომ არა ერთიანი საპროტესტო ძალისხმევა და იმათთან კავშირი, ვინც კოლონიალიზმის ბაცილით არასდროს ყოფილა დაავადებული.
რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კოლონიალიზმის აღორძინებას, ერთი ქვეყნის პირველობას, ერთი ქვეყნის დაკრულზე დანარჩენთა ცეკვა-სიმღერას.
ევროპის ქვეყნების, ყოფილი კოლონიზატორების გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე, კოლონიზებულებზე რომ განუსაზღვრელი იყო, ისტორია ამტკიცებს. კოლონიზებულ ვეება ქვეყნებთან შედარებით, პატარა ევროპული ქვეყნები დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, სხვები და სხვები, როგორ ახერხებდნენ მათ დამორჩილებას, ძარცვა-გლეჯას, მათი სიმდიდრეების მიტაცებას, მათი ისედაც მძიმე ყოფის კიდევ უფრო დამძიმებას — ძნელი წარმოსადგენია თანამედროვეთათვის.
კოლონიალიზმის უღლიდან გამოსულ აფრიკის კონტინენტის 54 ქვეყანას, ისე, როგორც 1,5 მილიარდიან ინდოეთს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს იმ ძნელი პერიოდის გახსენებაც კი ტანში ჟრუანტელს გვრის. ყოფილი კოლონიზატორების დანახვაზე ნეგატიური გრძნობები ეუფლებათ, რასაც მათთან ოფიციალური შეხვედრების დროსაც ვერ თოკავენ. ასე იყო სულ ახლახანს საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის აფრიკის ყოფილ კოლონიებში ვიზიტისას.
ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გრძნობენ მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე მდებარეთა გულგრილ დამოკიდებულებას, პოლიტიკური ვექტორის ცვლას კონკურენტი ჩინეთისკენ, ისე, როგორც ძველი მეგობრის, საბჭოთა კავშირის მემკვიდრის რუსეთისკენ.
აფრიკის კონტინენტთან თანამედროვე რუსეთის ურთიერთობის გააქტიურება უკავშირდება აშშ-ს და მისი ვასალების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას, რაც აიძულებს მას აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნებისკენ გახედვას. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოსკოვში ჩატარებული აფრიკის 40 სახელმწიფოსა და რუსეთის პარლამენტების კონფერენციაც კმარა, ა.წ. ზაფხულში დაგეგმილია რუსეთისა და აფრიკის ქვეყნების სანკტ-პეტერბურგის მეორე ფორუმი.
ვაშინგტონი სერიოზულ გაღიზიანებას ამჟღავნებს მისი ჰეგემონიზმისთვის ძალების ნელ-ნელა გამოცლის გამო. აშშ-ს და მოკავშირეების დღევანდელ ურთიერთობას ვერაფრით დაერქმევა სიყვარულით ქორწინება. ევროპამ დაკარგა თვითმყოფადობა. მას ისიც არ შეუძლია უთხრას ვაშინგტონს, რომ მათ დიალოგს აქვს პრობლემები. ასეთ ურთიერთობას ვერაფრით დაარქმევთ წარმატებულ ქორწინებას. ის უფრო ფეოდალური ურთიერთობებია.
აშშ-ს არ შეუძლია იქონიოს თანაბარი პარტნიორული ურთიერთობა. აშშ-ი სტანდარტულ წესს ექვემდებარება — ის ცენტრია, ღრუბლებს ზემოთ მყოფი, დანარჩენი მსოფლიო მის ქვემოთ, ფეხებთანაა.
აშშ-ი ცდილობს და ხშირად გამოსდის კიდევაც ნებისმიერი თავისი მოკავშირის მომსახურე პერსონალად გადაკეთება. განა, ამის მაგალითი არ არის აშშ-სა და გერმანიის ურთიერთდამოკიდებულება, რასაც თუნდაც ბოლო თვეებში აქვს ადგილი? განა, ამის მაგალითი არ არის აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის მიერ გერმანიის კანცლერის, შოლცის ვაშინგტონში დაბარება და მისთვის დავალების მიცემა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს აფეთქებასთან დაკავშირებით?
შოლცის ვაშინგტონში ვიზიტს არც საქმიანი, არც ოფიციალური და მითუმეტეს არც სახელმწიფო არ დაერქმევა, ვინაიდან პროტოკოლით აღიარებულ ასეთ ვიზიტებისგან განსხვავებულ ვიზიტთან გვაქვს საქმე, რომელსაც უფროსის მიერ, თანამშრომლის გამოძახება ჰქვია და არა სახელმწიფოს ხელისუფლების მეთაურის ვიზიტი.
მოლაპარაკებასაც ვერ დავარქმევთ ბაიდენ-შოლცის შეხვედრას, რომელიც ერთ საათსაც არ გრძელდებოდა. ბაიდენმა დაავალა შოლცს გაზსადენის აფეთქების ვერსიის არა მარტო გაზიარება, არამედ საკუთარივით მიწოდება მედიისთვის.
CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში შოლცმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს რუსული გაზისგან გათავისუფლების გამო. ანალოგიური რამ გააკეთა გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ამჯერად ევროკავშირის შეფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რუსეთმა ძალით შეტენა გერმანიას და არა მარტო მას, არამედ ევროკავშირს იაფი რუსული გაზის გამტარებელი მილსადენი, რომლის გაყვანაშიც გერმანიული ბიზნესიც იღებდა მონაწილეობას, ისე, როგორც დანარჩენი ევროპის ქვეყნების ბიზნესი.
გაზსადენის მშენებლობა 17 მილიარდი ევრო დაჯდა. მისი ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მიიღებდა იაფ რუსულ გაზს. თვით გერმანია, როგორც გაზის მიმღები ქვეყანა, გაუნაწილებდა ევროპის ქვეყნებს გაზს, რითაც დამატებით ევროებს მოუტანდა თავისსავე ბიუჯეტს.
დიქტატს დაჩვეულმა აშშ-ა შეაჩერა გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყება, ხოლო შემდეგ ააფეთქა გაზსადენი. შედეგი — გაძვირებული გადასახადი ენერგომატარებლებზე; ევროპელთა სოციალური ყოფის გაუარესება; გერმანული ბიზნესის აშშ-ი გახიზნვა და სხვა არასასურველი პროცესები; აშშ-ს თხევადი გაზის შეტანა ევრო-ბაზარზე — 3-ჯერ ძვირად, რუსულ გაზთან შედარებით.
ვასალმა ევროპამ არა მარტო საკუთარი მოსახლეობა ჩააყენა მძიმე დღეში, არამედ ბიზნესიც. აი, ასეთია აშშ-თან ევროკავშირის მონური ურთიერთობით გამოწვეული შედეგი.
აშშ-ს ერთი ფორმულა — მორჩილება არსებობს. მსოფლიოსთვის უკვე ნათელი ხდება აშშ-ს უკიდურესი ეგოცენტრულობა, რომელიც მსოფლიოს ავალდებულებს იტრიალოს აშშ-ს ირგვლივ. აშშ-ი მზადაა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ქვეყანა მტრად გამოაცხადოს, თუკი ის დაიწყებს საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლას და არა ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვას.
რუსები, და არა მარტო ისინი, სხვებიც სვამენ კითხვას — ხომ შეიძლებოდა რუსეთ-ამერიკას ჰქონოდათ ისეთი მჭიდრო ურთიერთობები, როგორც აქვთ რუსეთ-ჩინეთს? იმათ ხომ აქვთ დემოკრატია, კოკა-კოლა, ჰყავთ მასკი, რუსეთს კი — ბარაქიანი მიწა, ხე-ტყე, ნავთობი, გაზი. პასუხი ამ კითხვაზე არის უარყოფითი. აშშ-ნ მეგობრობა შეუძლებელია. მასთან მეგობრობა ნიშნავს უყოყმანო მორჩილებას. ევროპის მაგალითი სახეზეა.
აშშ-ს მიერ დეკლარირებული დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები — ცარიელი სიტყვებია. საქმე საწინააღმდეგოს გვაჩვენებს. როდესაც აშშ-ი ლაპარაკობს სხვათა კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების პატივისცემაზე, მხოლოდ საკუთარ კულტურას, ტრადიციებს გულისხმობს. ის ხშირად უსვამს კითხვას სხვას — არ გინდათ ჩვენსავით იცხოვროთ, დემოკრატიულად — გაგანადგურებთ.
ამერიკელთა მიერ მსოფლიოსთვის დემოკრატიული ფასეულობებით მიყენებული ზარალი აისახება აბსოლუტურ ჰეგემონიზმში. აი, ეს არის მთავარი არსი აშშ-ს არსებობისა.
გსმენიათ ოდესმე, რომ ჩინეთმა დაბომბა ესა თუ ის ქვეყანა, რათა დიქტატურისგან გაეთავისუფლებინა და იქ დაემყარებინა კომუნისტური მმართველობა?
ჩინეთი არავის ახვევს თავს კომუნისტურ მმართველობას, ისე, როგორც ტრადიციულ ჩინურ ღირებულებებს. არ იღვწის მსოფლიო ბატონობისთვის, არც არავის იპყრობს. მისი დევიზი ასეთია — იცხოვრე და სხვაც აცხოვრე! აი, ეს არის სწორედ რუსეთ-ჩინეთს შორის ერთმანეთთან შეხების წერტილი. ამასთანავე აშშ-სთან მიმართებაში ერთობლივი მტკიცე დგომის მთავარი პუნქტი.
დამოუკიდებელი რუსეთ-ჩინეთის არსებობა — გამოწვევაა აშშ-ს არსებობის ცნებისთვის.
დიახ! ჯერ-ჯერობით აშშ-ი ზესახელმწიფოა და მასთან გამკლავება მხოლოდ კოლექტიური ძალებით არის შესაძლებელი. ძნელია მარტომ იბრძოლო გლობალური ამერიკანიზმის წინააღმდეგ — ადამიანებთან, რომელთათვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობად რჩება არა საკუთარი კულტურა, ენა, ტრადიციები, რწმენა, არამედ ხოშის დაკმაყოფილება (ბოდიშს გიხდით ამ ქუჩური გამოთქმის გამოყენებისთვის).
თუ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთშეხების წერტილი სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება მისაღები და სამაგალითო, მაშინ მსოფლიო გაიყოფა, ანუ იმ გზიდან გადაუხვევს, რომელსაც ჰქვია ერთნაირსქესიანთა ხვანცალი, ქალსა და ქალს, კაცსა და კაცს შორის დუჟმორეული ვნებიანობა, და ბოლოს „ოქროს მილიარდამდე“ დასვლა, ანუ 8-მილიარდიანი მსოფლიოს, მილიარდამდე დაპატარავება.
აშშ-ს და მისი ყმების გეგმაც ეს არის. მოსახლეობის შემცირება და თუ ამ გეგმას საბოლოო ჯამში გამარჯვება ხვდა წილად — სად ვიქნებით ან ვიქნებით თუ არა დემოგრაფიულად განადგურებული ქართველობა?
მოსკოვის მოლაპარაკება იყო, არის და იქნება უდიდესი გამოწვევა აშშ-ს და მისი ყმებისთვის — ევროკავშირ-ნატოს სახით. ეს იციან მათ და სალანძღავ სიტყვებს არ ერიდებიან მოსკოვის მოლაპარაკებათა დასახასიათებლად, განსაკუთრებით ორთა შორის დადებული ხელშეკრულებების მიმართ.
„დიდ თიხის ჯამში ასხამენ ღვინოს, მომლაპარაკებელთა სისხლით აზავებენ, მასში დებენ საბრძოლო იარაღს, რის შემდეგ ხელშეკრულების დამდებნი სვამენ ჯამიდან, მათთან ერთად დამსწრენიც.“ — ასე წერდა ჟამთააღმწერი ჰეროდოტე იმჟამინდელი ხელშეკრულების დადების რიტუალს.
დღევანდელი პროტოკოლი სხვას მოითხოვს. ის უფრო მარტივი და რთულია.
„ვიცი, რომ მომავალ წელს თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენი ძლიერი მმართველობის შემდეგ რუსეთმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ქვეყნის წინსვლაში. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხალხები ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ თქვენს მიმართ კეთილი საქმეების განხორციელებაში.“ — უთხრა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს. ხოლო თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე მან განაცხადა: „ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად დაიცვას მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი.“
ვლადმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების, მრავალმხრივი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთმოქმედების; ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე 2030 წლამდე რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით.
„ჩვენს მიერ ხელმოწერილი 2 საპროგრამო დოკუმენტი სრულად ასახავს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობათა განსაკუთრებულ ხასიათს … ორივე პრინციპულად ვაცხადებთ, რომ გამოვდივართ ნებისმიერი სახელმწიფოს ან ბლოკის მიერ სხვა ქვეყნების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ.“ — განაცხადა პუტინმა.
ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ბირთვული სახელმწიფოები არ უნდა ანთავსებდნენ ამ იარაღს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. და თუ ამას აქვს ადგილი, მათ ეს იარაღი უკან უნდა დაიბრუნონ.“
პუტინმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო და რეგიონული საკითხების განხილვის დროს დაფიქსირდა მხარეთა შეხედულებების იდენტურობა, პოზიციათა თანხვედრა ან ახლო დგომა. უკრაინასთან მიმართებაში ჩინური მხარის წინადადებები ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს და გაზიარებული იქნება, მაშინ, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის, მაგრამ ასეთ მზადყოფნას ადგილი არ აქვს.“
„მსოფლიო მშვიდობისთვის ჩინეთი და რუსეთი დგანან ზურგ-ზურგ და მზად არიან ერთად დაიცვან თავიანთი ინტერესები.“ — განაცხადა სი ძინპინმა.
დასაწყისში აღვნიშნე და ისევ ვიტყვი, რომ ამ ვიზიტით სამყაროს ახალი წესრიგის ჩამოყალიბება დაიწყო. ვინც მათ შეუერთდება უდავოდ ახალი ცხოვრების შემოქმედი იქნება, ვინც არა — პოლიტიკური სამარისკენ სწრაფი ტემპით მიმავალ კოლექტიურ დასავლეთს სამარეში ჩაჰყვება.
რა გზას აირჩევს საქართველო, ძნელი გამოსაცნობი არ არის — მას უჭირს, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირ-ნატოს გზიდან გადახვევა. უჭირს, თუმცა გამოსავალიც არსებობს — ხალხის აზრი. ხალხის აზრის გასაგებად კი საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
26/03/2023