22.12.2024

საქართველოს მთავრობის შეთავაზება აფხაზეთს

დაკარგულ ტერიტორიებზე ლაპარაკის მორიგმა ტალღამ გადაუარა ქართულ პოლიტიკას, მედიას და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას. იყო „სერიოზული“ და „ზესერიოზული“ განცხადებები ქვეყნის მაღალ-დაბალ პოლიტიკოსთა მხრიდან. იყო ხმაშეწყობილი (ცხადია ხელისუფლებასთან) პოლიტოლოგიის „ღრმაშინაარსიანი“ ნათქვამიც და იყო ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა კრიტიკული, თანაც ლანძღვაში გადასული განცხადებებიც.

მათგან არაფერია გასაკვირი, როგორც ოპოზიციონერთა მხრიდან, მაგრამ გასაკვირია, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან, რომლის დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანეს ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვამდე.

ნაციონალებს არ მოეწონათ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განმარტება აფხაზთა მიმართ. პრემიერის ნათქვამი განმარტებას კი არა, უფრო მოწოდებას ნიშნავდა – იცხოვრეთ ჩვენთან, როგორც ავტონომიამო.

რაც შეეხება განმარტებას, ისიც ასეთი სახისა იყო – საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქვეყნის გამოცხადება დაუშვებელიაო.

რა არ მოეწონათ ნაცებს? ის, რომ ავტონომიის შეთავაზება ძველი, „წვერებიანი“ თემაა და თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული? ახლებური მიდგომა არ ჩანს პრემიერის წინადადებაშიო – ამბობდნენ ნაცები.

ახლებური მიდგომა არც პრეზიდენტ მარგველაშვილის ნათქვამში ჩანს.

როგორც იქნა პრეზიდენტისა და პრემიერის პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმჯობესი იქნებოდა არ დამთხვეოდა, ვინაიდან პრემიერის მიერ გაჟღერებული პოზიციით არ ჩანს სერიოზული ნაფიქრალი არც აფხაზეთის მისამართით და არც რუსეთთან დაკავშირებით – რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმება, ვინაიდან შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდებაო, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მართალია ღარიბაშვილი, როდესაც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას სერიოზული მომზადება სჭირდება. მაგრამ ცდება ღარიბაშვილი, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება არ იგეგმება.

ვეთანხმები ბატონ ვალერი კვარაცხელიას, რომელმაც ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ სერიოზული მოლაპარაკების მომზადებას დრო ესაჭიროება, რომელიც თავზესაყრელად ჰქონდა „ოცნების“ მთავრობას. ის, ხომ ორი წელიწადია ქვეყნის სათავეში?

თანახმად „ოცნებელთა“ წინასაარჩევნო დაპირებისა – რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და განდეგილი ავტონომიების შემობრუნება, ჯერ-ჯერობით არაფერი გაკეთებულა. ეს თემებიც იმ შეუსრულებელი საკითხების ჩამონათვალში აღმოჩნდა, რომელთა მოლოდინში ლამისაა ხალხმა სული დალიოს.

ცხადია, ქართული საზოგადოება აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის „ოცნებურ“ დაბრუნებას ელოდება, მაგრამ გაცილებით მეტად ელოდება სხვა დაპირებების შესრულებას – დასაქმებას, პენსიების მომატებას, სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

წასულების შემობრუნებას რომ ნაკლებად ელოდება, ფაქტია და არა იმიტომ, რომ არ სურს მათი დაბრუმება, არამედ, საქართველოს გუშინდელ-დღევანდელი ხელისუფლების წყალობით, იცის რომ ეს პროცესი შეუსრულებადია. გუშინდელ და დღევანდელ ხელისუფალთ ნუ ეწყინებათ, რომ საზოგადოების ნიჰილიზმი მათი (ხელისუფლების) მეცადინეობით არის გამოწვეული.

წინა და იმის წინა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილი ავტონომიები ჩამოგვშორებოდნენ. და ამ „ბევრ“ გაკეთებულში სამხედრო ძალის გამოყენებაც იყო, რაც ნეგატიურად აღიქმება არა მარტო იმათში, ვის წინააღმდეგაც სამხედრო ძალა იყო გამოყენებული, არამედ მსოფლიო საზოგადოებაშიც.

არ მითხრათ, მსოფლიო მხარს გვიჭერს ტერიტორიულ მთლიანობაშიო. დიახ! მხარს გვიჭერს სიტყვით და არა ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი თუ სხვა, არამედ მათი მთავრობები, რომელთაც სხვა მუცლის გვრემა სჭირთ – რუსეთთან პოლიტიკური ჭიდილი. ეს, რომ არ იყოს, არც არავინ გაიზიარებდა საკუთარი ტერიტორიების დამორჩილებისთვის იქ მცხოვრები მოსახლეობის თავზე „გრადების“ დაყრას. ყველა ხმამაღლა, ერთხმად იტყოდა იმას, რასაც გულში ამბობენ, სხვათაშორის დასავლელი პოლიტიკოსებიც, რომ თბილისი აგრესორია.

თბილისმა ორჯერ დაუშვა შეცდომა – 1992 წელს, როდესაც შეიარაღებული სახალხო ლაშქრით შევარდა აფხაზეთში, რასაც ომი მოჰყვა და 2008 წელს, როდესაც ომი გააჩაღა ცხინვალში. პირველი ომის შედეგად ფაქტიურად დაიკარდა აფხაზეთი, ხოლო მეორე ომის შედეგად იურიდიულად დაკანონდა, ფაქტიურად დაკარგული.

პირველი ომი, 1992 წლის აგვისტოში დაწყებული, მას შემდეგ მოხდა, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიკვაიძემ, გაეროში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით სიტყვა წარმოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისი, ავტონომიებთან, ყველა სადავო საკითხს მოლაპარაკების გზით გადაწყვეტდა. საქართველოს ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო მინისტრის ფიცად ნათქვამი სოტყვები და ომი წამოიწყო.

დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწო და არა საქართველომ, რომ აგრესორი ის და მხოლოდ ის არის, და არა საქართველოს მოსახლეობა; რომ საქართველოს მოსახლეობა ფრონტის ზონაში რუს ჯარისკაცებს აგრესიულად კი არ ექცეოდა – ხაჭაპურებით ხვდებოდა და ა.შ.

თითო-ოროლა თვითგადარჩენის ინსტიქტით გამოწვეული მოქმედება რუსეთის სიყვარულად ვერ შეფასდება და იმის მტკიცების საფუძვლად, რომ ომი ხალხმა კი არა, არამედ არამზადა, ავანტიურისტმა სააკაშვილმა დაიწყო. რატომღაც იგივენი არაფერს ამბობენ 1992 წლის ომზე  და მის მთავარ ინიციატორ შევარდნაძეზე.

დიახ! ომს ქვეყნის მმართველები იწყებენ, მაგრამ ისინი ხალხის მიერ არიან არჩეულნი და ამდენად ქვეყნის სახელი ჟღერდება, როგორც ომის დამწყების და არა პიროვნების. ამერიკელს რომ ვკითხოთ, რომელმა პრეზიდენტმა დაიწყო ომი ვიეტნამში, ვერ გაიხსენებს და იტყვის ამერიკამ დაიწყოო.

საქართველოს შემთხვევაში, ხალხის „გათეთრება“ და სააკაშვილის „გაშავება“, საზოგადოებისგან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობაა და მეტი არაფერი. ჩვენ არ გვყოფნის ნებისყოფა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილმა კი გადადგა საბედისწერო ნაბიჯი, მაგრამ თითოეული ჩვენგანი, პირდაპირ თუ ირიბად, მის გვერდით ვიდექით. მის გვერდით იყო ჯარი, პოლიცია, მთავრობა, ინტელიგენცია, რომელმაც პარლამენტის წინ ისეთი კონცერტი გამართა, მავანს გამარჯვების დღესასწაული ეგონებოდა.

სწორედ ხალხმა ჩაჰკიდა ხელი ერთმანეთს და ცოცხალი ჯაჭვი შექმნა „აგრესორის“ დასაგმობად, ანუ რუსეთის. არც ერთ ჩვენგანს თავში აზრადაც არ მოსვლია – რას ვშვებით. არც ერთ ჩვენგანს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ აქტით უზომოდ ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ ნამდვილ აგრესორ სააკაშვილს. არც ერთ ჩვენგანს თავში არ მოსვლია, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით ვკარგავთ საქართველოს ძირძველ ტერიტორიებს. მაშინ საზოგადოებამ, პრეზიდენტი და ქვეყანა ერთმანეთს გაუთანაბრა.

დიახ! ჩვენ, ხალხი ვიყავით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ და ასე ვართ დღესაც სააკაშვილის და მისი ამერიკელი ბოსების ძალისხმევით. საქართველოს მოსახლეობა ისე გადაგვარდა, რომ ბევრი კარგიც დაივიწყა  რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებიდან.

ქართველმა დაივიწყა მთელი რიგი დადებითი ისტორიული მომენტები ორი ხალხის კავშირებიდან და ხელაღებით ილანძღება რუსეთის მისამართით. შეხედეთ ჩვენს ელექტრონულ მედიას, გაზეთებს და დაინახავთ რუსეთის მიმართ უსაზღვრო სიძულვილს, რომელიც წინა ხელისუფლების წყალობით გამჯდარია საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მარტო გრიგოლიას „თოქ-შოუ“ (მოსკოვში სიმღერასთან დაკავშირებით), რად ღირს!

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, რომ განდეგილ ავტონომიებთან დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთზე გავლით მოხდება და არა ამერიკა-ევროპაზე.

არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთს ნაკლებად ადანაშაულებენ მომხდარში, მაგრამ ოკუპანტად მაინც თვლიან. ისინი თავს არ იწუხებენ (ან ეშინიათ სიმართლის თქმის) ობიექტურად განიხილონ საქართველოს ე.წ. დამოუკიდებლობის წლები, ორი ომი და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ჩვენ გვეშინია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ორივე ომი ჩვენ დავიწყეთ, ანუ ჩვენის გულგრილობით შევარდნაძემ და სააკაშვილმა, და რახან ასეა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ურთიერთობის დალაგებისთვის, მაგრამ გვეხამუშება ამის გაკეთება და ხელისუფლებას ვაბრალებთ უმოქმედობაში.

ხელისუფლებაც საზოგადოების პირმშოა. ის ხედავს ხალხში არსებულ რუსულ სიძულვილს და აქაოდა, ჩემი ინიციატივით სულ არ გავიფუჭო ავტორიტეტიო – რუსეთს აგრესორს და ოკუპანტს უწოდებს, თან არა მარტო შინ, არამედ მთელს მსოფლიოში, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნიდან.

ასეთი ქმედებით გამოვა რამე? არც არაფერი!

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება არ იგეგმებაო – აცხადებს ღარიბაშვილი. კეთილი, მაგრამ მოლაპარაკების გარეშე, შეიძლება ურთულესი ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება?

საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები მოგვიგვარებენ ყველაფერსო, – ამბობს მთავრობა. ამასვეს ამბობდა წინა მთავრობაც და იმის წინაც, მაგრამ შედეგი – ნული. ღარიბაშვილის ეს განცხადება მარტო მისია, თუ სხვისი, ანუ მესამე მხარის? ეჭვი მიჩნდება, რომ ამერიკაზე ჩამოკიდებული „ოცნების“ ხელისუფლებას რაიმე წამოსცდენოდა მასთან შეუთანხმებლად. აკი ა.წ. თებერვალში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პუტინის განცხადების პასუხად თქვა – შევათანხმებთ პარტნიორებთან და ვიტყვით, შედგება თუ არა პუტინთან შეხვედრაო. ერთი წლის შემდეგ პრემიერი, გრიგოლიას გადაცემაში უარს ამბობს შეხვედრაზე.

პასუხს, ერთი წელიწადი ნამდვილად არ სჭირდებოდა. და როდესაც მოსკოვმა, მრავალი თვის განმავლობაში, ვერაფერი დადებითი მოისმინა თბილისის მხრიდან, აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმება დააპირა. არის მოსკოვი დამნაშავე?

ამ და იმ ხელისუფლების განცხადებით არის. თბილისმა რომ დააგვიანა, მოსკოვი არის დამნაშავე; ომები რომ წამოიწყო, მოსკოვის პროვოკაციებს წამოეგო. თავისი უცოდინრობით მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან ავტონომიებთან სტატუსის გასარკვევი მოლაპარაკების დაწყების პუნქტი რომ ამოიღო, რომელსაც ავტონომიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა – მოსკოვია დამნაშავე და ა.შ.

მაგრამ ამ დამნაშვე მოსკოვმა, რომ აზრი შეიცვალოს და ნახევარი ნაბიჯი გადმოდგას ჩვენსკენ, რატომ არ იღვწის „საოცნებო“ ხელისუფლება? იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ წამოსძახოს „რუსეთუმეობა“. იმიტომ, რომ მისი „რუსეთუმეობის“ თემა არ აგორდეს მედიაში. წინ მომავალი საპარლამენტო არჩევნებია და „რუსეთუმეობის“ იარლიყით გაჭირდება გამარჯვება. მაგრამ საქართველო რომ აგებს?

„ოცნებელთა“ აზრით, საქართველო მოითმენს. რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ჟივჟივი და გულზე სახელისუფლებო მჯიღის ცემა რაღაა? დაუოკებელი მებრძოლის უნიათო დემონსტრირება და მეტი არაფერი.

რა ბედნიერი იქნებოდა ხელისუფლება, ეს განდეგილი ყოფილი ავტონომიების საკითხი რომ არ ჰქონდეს მოსაგვარებელი?! იქნებოდა მშვიდათ, საამურ უცხოურ ვოიაჟებში გართული. მაინც რა უბედურება არგუნა ღმერთმა, თან ეს დამნაშავე ოპოზიციაც რომ პერმანენტულ რეჟიმში გაჰყვირის – სად არის დანაპირები აფხაზეთ-ოსეთიო?

ხელისუფლებას, რომ ორი წლის განმავლობაში სულ არ უფიქრია წასულთა დაბრუნებაზე, ფაქტია. რომ ეფიქრა, ისევ ავტონომიას შესთავაზებდა?! არადა მსოფლიოში უამრავი მაგალითებია, რომელთა გადმოღება (სათქმელად მაინც) წაადგებოდა ხელისუფლებას.

დიახ! ხელისუფლებას და არა ქვეყანას. საღად მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს ქვეყანა არაფრით გაცვლის მოპოვებულ დამოუკიდებლობას თუნდაც ისეთ ურთიერთობებზე, როგორიც არსებობს ფარერების კუნძულებსა და დანიას შორის, ან პეკინ-ჰონ-კონგისა და პეკინ-მაკაოს ურთიერთობებზე. არადა, რა შანსი იყო ანალოგიური ურთიერთობებისა თბილის-სოხუმს და თბილის-ცხინვალს შორის?!

„ოცნებელები“ განდეგილებს ძველ სტატუსს სთავაზობენ, თან იმასაც ეუბნებიან, რომ ჩვენ ევროკავშირში ვიქნებით და თქვენც ჩვენთან ერთად იქნებით ამ „შესანიშნავ“ კავშირშიო, თან უვიზოდ ივლით ევროპაშიო. ამას რომ აცხადებენ „ოცნებელები“, მინიმუმ ორ რამეზე არ ფიქრობენ – განდეგილებს გაგონებაც არ უნდათ ევროკავშირის და ნატოს. ევროპაში მიმოსვლასთან დაკავშირებით კი მათაც კარგად იციან, რა „სიხარულით“ ელიან ევროპელები იქ ჩასულ უცხოელებს.

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ევროპელები უკმაყოფილონი არიან იმიგრანტთა რაოდენობის ზრდით. ასეთი განწყობა არის მთელს ევროკავშირში. ევროპელთა აზრით, ჩასულები დიდი პრობლემაა მათთვის. იტალიელთა 70% წინააღმდეგია მათი იტალიაში ჩასვლით. მეორე ადგილზე საფრანგეთია, იქ 50%-ია წინააღმდეგი. გერმანიაში – 40%.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბლერი მოითხოვს, შეიზღუდოს მიგრანტთა გადაადგილება ევროკავშირში. მას სურს არა მარტო არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ჩასულთა რაოდენობის შემცირება, არამედ თვით ევროკავშირში მცხოვრები ადამიანების ნაკადის შემცირებაც.

მახსენდება პარლამენტარ ცაგარეიშვილის „ბრძნული“ ნათქვამი – ასოცირებული წევრობა, ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობააო.

ხელისუფლების მოქმედება იმ ქართულ ანეკდოტს მაგონებს – ქმარი, რომ სახლში ბრუნდება და ცოლი ზედ ევლება, რაღაცის მოლოდინში და ქმარი, რომ გაიფიქრებს – ნეტავი შენ გასტუმრებული (სექსობრივად) მყავდეო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.