27.12.2024

ხალხზე „მზრუნველი“ მთავრობა

საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან ხალხზე ზრუნვის მცდელობა პიკს სექტემბრის დასაწყისიდან მიაღწევს. სექტემბრიდან დაიწყება პროცესი, რომელსაც ხელისუფალთა განმარტებით, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოჰყვება.

მაინც რა სასწაული მცნებაა „ხალხი“, მეტადრედ მასზე ზრუნვა. ვერც ერთ ხელისუფლებას წუნს ვერ დასდებ სიტყვით ხალხზე „ზრუნვისთვის“. და ისინიც დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე „ზრუნავენ“ ხალხზე, განსაკუთრებული სიჭარბით ჩანს ეს „ზრუნვა“ საბჭოეთის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში.

რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია „იბრძვის“ ხალხის ჯანსაღი ცხოვრებისთვის: ზოგი ნარკომანიას ებრძვის, ზოგი ტუბერკულოზს, ზოგი სიგარეტის წევას, ზოგიც რას. სახელმწიფო დაწესებულებებს ხომ ვინ მოთვლის – ჯანმრთელობის სამინისტროდან დაწყებული, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტით დამთავრებული.

ადამიანის, ანუ ხალხის ჯანმრთელობის „გასაკაჟებლად“ რა არ იღონეს ზემოთმოყვანილმა ორგანიზაციებმა – ჯანდაცვის რეფორმაო, საპენსიო სისტემის დახვეწაო და ა.შ., მაგრამ ხალხს არაფერი ეშველა, ანუ იმ მცნებას, ხალხის ჯანმრთელობა რომ ჰქვია. როგორც ჩანს, ეს დალოცვილი „ზრუნვა“ ისეთია, მრავალი თაობის ადამიანებისთვისაც კი უხილავი რომ არის და იქნება.

ერთ თაობაში ხალხზე „ზრუნვის“ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. „იქ, იმ დალოცვილ ევროპაში, როგორ ახერხებენ“, – იტყვის მავანი. ახერხებენ იმიტომ, რომ ყოველგვარ რეფორმას, მითუმეტეს ჯანდაცვაში, იმასთან ათანხმებენ, ვისთვისაც რეფორმა არის გამიზნული.

ჩვენთან მსგავსს არავინ აკეთებს, ვინაიდან არ სურთ ჩვენი, ანუ ხალხის შეწუხება. ხელისუფლება, ჩვენდა დაუკითხავად, ატარებს რეფორმებს და წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი პასუხისმგებლობას ისე ისხლეტს, როგორც გაყინული გზა მანქანის საბურავს.

დამოუკიდებლობის წლებში რამდენ რეფორმას მოვესწარით, მაგრამ ჯანდაცვის საშველი არ არის. რეფორმებთან ერთად „ზემოდან“ წამოსულ ინიციატივებსაც ხომ მოვესწარით – „ჰოლივუდის ღიმილის“ მსგავსის.  სააკაშვილი იყო იმ „კეთილშობილური“ იდეის გენერატორი – „არც ერთი უკბილო მოხუცი – ყველას ქათქათა კბილები და ჰოლივუდური ღიმილიო“.

და დაიწყო სახეგაბრწყინებული მოხუცებისთვის შემორჩენილი თითო-ოროლა კბილის დაძრობა და უფასო პროტეზების ჩასმა. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ უწია. . .

მერე კი ვიღა გაიხსენებდა „კბილების ჩასმის“ კამპანიას? და არიან ასე, კბილჩაუსმელი მოხუცები სულ იმის ვიშვიშში, ნეტავ რაც გვქონდა, ის არ დაეძროთო.

ყველა ხელისუფლებას თავისი ჯანდაცვის რეფორმატორები ჰყავდა – სამწუხაროდ, უარესს რომ ვერ ინატრებდა ხალხი. ამ ხელისუფლებასაც ჰყავს ასეთი, რომლის სახელის „დიდებაც“ ა.წ. სექტემბრიდან დაიწყება. და დარწმუნებული ვარ სულ მალე, ისეთ სიმაღლეებს მიაღწევს, სულ მინისტრის მშობლების „ხსენება“ რომ იქნება. და არა მარტო მათი, იმათიც, ვინც მის მინისტრობას გაუწიეს რეკომენდაცია. და იმისიც (უფრო დავკონკრეტდეთ), ვინც საკუთარი კარის ექიმი გაამინისტრა.

პირველი სექტემბრიდან დაიწყება აფთიაქებში წამლების მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაცემის პროცედურა. მე ვიტყოდი, ერთობ საკამათო და რაც მთავარია, მოუხერხებელი იმისთვის, ვისთვისაც რეფორმა ამოქმედდება, ანუ ხალხისთვის.

ერთადერთი, რაც ამ დამოუკიდებლობის წლებში იგემა ხალხმა, თავისუფალი სააფთიაქო ვაჭრობაა. დაგჭირდება წამალი, მიაკითხავ უხვად არსებულ სააფთიაქო დაწესებულებებს და მიიღებ, ანუ შეიძენ იმას, რასაც ექიმი გიკარნახებს.

გაქრა დახლს ქვევიდან ვაჭრობა, ზედმეტი ფულის გადახდა, რასაც არცთუ იშვიათად ჰქონდა ადგილი წინანდელ ცხოვრებაში. პაციენტს მხოლოდ ერთი (არცთუ უმნიშვნელო) რამ აწუხებდა, წამლის მაღალი ფასი.

წამლების მაღალი ფასების საკითხი ყველა ხელისუფლების წინაშე იდგა, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოახერხა საკითხის დარეგულირება. როდესაც ხელისუფლება ფულს აწერს ფარმაცევტიკის ბიზნესს და ასე იყო სააკაშვილის დროს, ფასების მოწესრიგებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი.

„ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირველსავე დღეებში, ომახიანად გაისმა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრისგან – ფასებს მოვაწესრიგებთო. მაგრამ, ეს დაპირებაც, დაპირებად დარჩა, ისე, როგორც მრავალი.

ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ სიტუაციას ქაოსს ვერ ვუწოდებთ და თუ ძალიან გვინდა ამ სიტყვის ხმარა, მას აუცილებლად უნდა დავუმატოთ ორგანიზებული. ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ასეთი „ორგანიზებული ქაოსი“ მეტი სიკეთის მომტანია ხალხისთვის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვიდრე ნამდვილი ორგანიზებულობა.

გახსოვთ ალბათ, ერგნეთის ბაზრობა. იქ არსებულმა ვითარებამ, ურთიერთობის ახალი საშუალებები წარმოაჩინა, რასაც თავისუფლად შეიძლება მოჰყოლოდა ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესი. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების ფსევდო მისწრაფებამ, დევიზით – „წესრიგი ყველგან და ყველაფერში“ – ბაზრობაც ჩაკლა, ურთიერთობაც და რაც მთავარია საბოლოო ჯამში ომამდეც მიგვიყვანა. არის ასეთი გამოთქმა – „განავალს ნუ გაქექავ – სუნი აუვაო“.

ავად თუ კარგად, ხელისუფალთა ჩარევის გარეშე თვით შეიქმნა და დარეგულირდა ფარმაცევტული ბაზარი. ხალხმა, მიუხედავად ამ ბაზრის ნაკლოვანებებისა, შეითვისა იქ დანერგილი წესები და თავისუფლება, რომელიც ესოდენ აუცილებელია ყველა სფეროში.

მავანი შემედავება – ევროპაში წამლები მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემაო. იმ ევროპაში, დღევანდელები რომ დადიან, მეც დავდიოდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ვყიდულობდი წამალს, თუნდაც ისეთს, დღეს, რომ საქართველოში ურეცეპტოდ აღარ გასცემენ. უფრო მეტიც, არაერთხელ მიმიმართავს ევროპის ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებში მომუშავე ჩემი მეგობრებისთვის და მათაც, ყოველგვარი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე, გამოუგზავნიათ წამალი. ასე, რომ ევროპის მოშველიება, უბრალოდ მიუღებელია.

გარდა ამისა, რატომ ვუყურებთ ევროპას, სადაც სამედიცინო სისტემა, ფარმაცევტული ბაზარი და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საუკუნეებს მოითვლის; სადაც „ოჯახის ექიმის“ მცნება – ოჯახს უკავშირდება და არა სადღაც, შორს მყოფ პოლიკლინიკას, სადაც „ზის“ ე.წ. თქვენი „ოჯახის ექიმი“.

კარგად მახსოვს, საბჭოთა პერიოდის 60-იანი წლების პოლიკლინიკის ექიმი ჭუჭულაშვილი. კვირა ისე არ გავიდოდა, რომ მას ფეხით არ შემოევლო ვერის უბანი – ყველა ოჯახში მისვლით, ავადმყოფ-კარგადმყოფის გასინჯვით და ა.შ.

“გაუმჯობესებულ“ დამოუკიდებელ ცხოვრებაში, შენ უნდა ეახლო ექიმს, თანაც რიგში ჩადგე. პირველი სექტემბრიდან კი თავის უბრალო წამოტკივების, წნევის აწევის ან კუჭის აშლის შემთხვევაში – კეთილი უნდა ინებო და ნაცვლად აფთიაქში მისვლისა, რომელიც ყველა ნაბიჯზეა, ტრანსპორტში უნდა ჩაჯდე და ექიმთან დასალაპარაკებლად, საათობით უნდა იყურყუტო.

რა ვიღონო საღამოს საათებში, ან დასვენების დღეებში? რა ვიღონო, თუ რაიონიდან ჩამოსულს თავი, თბილისში ამტკივდა ან პირიქით?

მრავალი კითხვა ჩნდება, რომელმაც „ხალხში“, ვისი კეთილდღეობისთვისაც ეს რეფორმა კეთდება, უკვე გამოიწვია სტრესი, რიგები დააყენა აფთიაქებთან – წამლების მარაგის შესაქმნელად.

პირველ სექტემბრამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოებმა არაფერი იციან, როგორ ან რა სახის რეცეპტები უნდა გასცენ. როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრო მალავს საკუთარ „გონივრულ“ გადაწყვეტილებას. მალავს, მაგრამ აშკარად ვერ გრძნობს, თუ რა ცეცხლს ეთამაშება. ცეცხლს, რასაც ხანძრის გამოწვევა შეუძლია და „ოცნების“ მთავრობის ისეთი დისკრედიტაცია, რომელსაც უდავოდ მოჰყვება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება.

საქართველოს დემოგრაფიული მონაცემებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო და მეტი ასაკის ადამიანებია. სწორედ ეს ასაკია ფარმაცევტული ბაზრის მომხმარებელი. ეს, ის ასაკია, რომელსაც უჭირს, როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალური ყოფის თვალსაზრისით და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება რაღაცაში შეეხიდიოს, პირიქით, ყოველდღიური ბარიერებისა და პრობლემების შექმნით ემუქრება, თან სულ იმის ძახილით, ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვდგევარო.

როდესაც იძულებული ვიქნები გვერდით მყოფ აფთიაქს ჩავუარო, საქალაქო თუ კერძო ტრანსპორტით პოლიკლინიკას მივაკითხო, იქ „ოჯახის ექიმის“ ან საავადმყოფოს ექიმის ლოდინში დრო და რაც გამორიცხული არ არის, ფული დავხარჯო – პრობლემაა და თანაც ისეთი, ნერვულ სტრესს რომ იწვევს, რასაც მომავალში წამალი დასჭირდება.

ჩვენი ჯანმრთელობის „მოდარდეებო“ – ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტო რეცეპტიანი წამლით არ იწყება. ის ყოველდღიური ცხოვრებით, თანაც გაძაღლებულით იწყება. ცხოვრების გაუმჯობესების გასაღებისთვის ვერც თქვენ და ვერც თქვენს წინამორბედთ, 20 წლის განმავლობაში ვერ თუ არ მიუგნია. იქნებ ამ „მიუგნებლობის“ ბრალია ჩემი დაავადებები, რომელთაც ვეღარც რეცეპტიანი თუ ურეცეპტო წამალი ვეღარ შველის?

ხელისუფლება, რომელიც პენსიონერს მხოლოდ 150 ლარს აძლევს, არ უნდა ლაპარაკობდეს ჯანმრთელობაზე.

საავადმყოფოს სანიტარი,რომელიც თვეში 120 ლარ ხელფასს იღებს და აქედან 50 ლარს „მარშრუტკაში“ ხარჯავს, ოსეთის „საზღვრიდან“ სამსახურამდე,  ვერაფრით ჩათვლის, რომ ხელისუფლება მასზე ზრუნავს. ის ვერასდროს იტყვის, რომ წამლისთვის, რომელსაც დღეს უპრობლემოდ ყიდულობს, რეცეპტისთვის სირბილი მისი ჯანმრთელობის საწინდარია.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, ცხადია თბილისში და არა რაიონში, 350-400 ლარი – რაღაც ხელფასია და არა ხელისუფლების ზრუნვა მასზე. ის კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე და არა ხალხზე ზრუნავს – საკუთარი თავისთვის დაწესებული მაღალი ხელფასით, ხელფასზე დანამატით, პრემიებით, სხვა სიკეთეებით. ეს, ის ფული ხომ არ არის, საზოგადოებაში, ანუ „ხალხში“ – შრომიდან გამომდინარე, რომ კანონზომიერად უნდა განაწილებულიყო?!

ხალხის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნიშნავს – წყლის, ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას. რა ხასიათზე ვდგებით ნებისმიერი ჩვენგანი, როდესაც ვიღვიძებთ, აბაზანაში შევდივართ და წყალი არ მოდის, ან შუქია გამორთული, როდესაც ლიფტი არ მუშაობს და სართულებზე ფეხით ასვლა გვიხდება, როდესაც ქუჩაში გამოსულს მტვერი და ჭუჭყი გვხდება, გადათხრილ-გადმოთხრილზე თხებივით ხტომა გვიწევს.

სამი თვეა გოგებაშვილის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ყიფიანის, სხვა ქუჩები გადათხრილია. სამი თვეა ამ უბნების მოსახლეობას მტვრით კვებავენ. სამი თვეა გადათხრილ ქუჩებზე ავტომანქანები რის ვაი-ვაგლახით დადიან. პატრონი არ ჩანს. გადათხარეს და მიატოვეს. სახლიდან ქუჩაში გამოსული „ხალხი“ მტვრის ბუღში ეხვევა. მტვერი ილექება მის ფილტვებში, რაც ავადმყოფობის გარანტიაა,

ხელისუფლების უყურადღებობის, ზერელეობის, და რაც მთავარია შრომის ორგანიზაციის უცოდინარობის ბრალია ყოველივე ეს. შედეგი? სერიოზული სტრესი. სტრესების ჯამი კი მკურნალობის აუცილებლობის საწინდარია. მკურნალობას წამალი სჭირდება, რასაც ახალი ხელისუფლება ურეცეპტოდ მიკრძალავს.

23 წლის დამოუკიდებლად არსებობის პირობებში სამედიცინო სისტემის გაუმართაობისა და სავალალო არაპროფესიონალიზმის შედეგად, ხალხი თვით გახდა საკუთარი თავის მკურნალი, ხშირ შემთხვევაში გაცილებით ეფექტიანი, ვიდრე ორღობის სამედიცინო სასწავლებლების დიპლომიანი „ექიმები“.

გადახედეთ თბილისის ტრანსპორტს – ოდნავი წამოწვიმების შემდეგ – ტალახიანი წვიმისგან გადაყვითლებულს.

სად ჩანს ხელისუფალთა ზრუნვა სისტემურ შრომასთან დაკავშირებით, კანონიერ თუ უკანონო მშენებლობასთან მიმართებაში?

სად ჩანს ხელისუფალთა ზრუნვა „ხალხზე“, როდესაც საქალაქო ტრანსპორტი, ძველი და დანჯღრეული უგრაფიკოდ მუშაობს?

სად ჩანს ხელისუფალთა „ხალხზე“ ზრუნვა, როდესაც ე.წ. სუპერმარკეტები სავსეა ვადაგასული, მდარე კვების პროდუქტებით; როდესაც ბენზინგასამართ სადგურებზე ისეთ ბენზინს გისხამენ, მანქანის ძრავი რომ უცბათ გამოჰყავს მწყობრიდან; როდესაც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ღია ჭები ჩვეულებრივი რამ არის?

ყველა უბედურების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ქაღალდიც აღარ გვეყოფა და ასეთ დროს შენ (ხელისუფლება) მიმტკიცებ, რომ ურეცეპტო წამლის მიღება ვნებს ჩემს (ხალხის) ჯანმრთელობას. იქნებ ყოველივე ჩამოთვლილი ვნებს ჩემს ჯანმრთელობას? იქნებ ყოველივე ამან გამოიწვია ჩემი ჯანმრთელობის შერყევა და იძულებული გამხადა წამალი მიმეღო. შენ (ხელისუფლება) კი ნაცვლად იმისა, გამიმარტივო ცხოვრება, რაღაც აკვიატებული, ჩემზე ზრუნვის მოტივით – დაუძლეველი ბარიერებს მიქმნი.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობას, სახეზე გამოსული მუწუკიდან რომ იწყებენ. თქვენის წყალობით, ჩემო „ძვირფასო“ ხელისუფლებავ, მე (ხალხი) კიბოთი ვარ დავადებული და კომპლექსური მკურნალობა მჭირდება, თანაც ერთმანეთთან შეხამებული. ცალკე რეცეპტიანი წამალი ვერ მიშველის, პრობლემებს კი უდავოდ შემიქმნის – უამრავს, არასასურველს.

P.S. ჯანმრთელობის სამინისტრომ გვაუწყა, რომ რეცეპტიანი წამლების ჩამონათვლის გაცნობა ინტერნეტში შეიძლება – დიდი შეღავათია, განსაკუთრებით საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც ფაქტიურად არ სარგებლობენ ინტერნეტით. თუ ვინმე სარგებლობს თბილისის მოსახლეობაა, რაინოებსა და სოფლებში არა თუ ინტერნეტი, შუქიც კი უცხო ხილია. ვინმეს წარმოუდგენია კომპიუტერთან მიმჯდარი მიხო და მარო?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.