27.12.2024

„საჭუკჭუკო“ მიუნხენი

მიუნხენის კონფერენცია — სახელგანთქმული მთელს მსოფლიოში, რომელიც გასული კვირის ბოლოს, 17 თებერვალს გაიხსნა, თუ ვინმეს თავს დაამახსოვრებს —აგრესიულობით ალბათ და რევანშიზმით.

ფორუმი, ტრადიციულად მიძღვნილი საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებისადმი, თავდასხმის ფორუმად იქცა — ერთობ გამოკვეთილად წინა კონფერენციებთან შედარებით, და არა იმიტომ, რომ თემა ფორუმისა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო, არამედ იმიტომ, რომ მიუნხენის კონფერენცია ბოლო წლების განმავლობაში თვითგაშიშვლების აქტიურ პროცესშია და ისეთ ცეცხლოვან იარებს აჩენს საკუთარ ტანზე, ვნებააშლილი მამრიც რომ შეყოვნდება და მასთან მიახლოებისგან, მითუმეტეს ალერსისგან თავს შეიკავებს.

ბავარიის დედაქალაქში გამართული ფორუმი, ისე, როგორც წინა წლებში, უამრავი სტუმრით გამოირჩეოდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო 40 ქვეყნის მეთაურის და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის ან 90 მინისტრის, ასობით პოლიტიკოსის, ექსპერტის მიწვევა? მედიაზე აღარაფერს ვამბობ.

მიუნხენის სტუმართა შორის, როგორც ყოველთვის, აშშ-ს დელეგაცია გამოირჩეოდა თავისი რაოდენობით და შემადგენლობით. დელეგაციას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხელმძღვანელობდა. მას გვერდს უმშვენებდა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავისი თანამშრომლებით; მაღალჩინოსნები, თავდაცვის სამინისტროდან (ჩვენებურად), კონგრესიდან. მარტო სენატორთა რაოდენობა 30 იყო.

რაოდენობის მიხედვით, უკრაინის დელეგაცია მეორე იყო — თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, უკრაინის პარლამენტის, ანუ რადას 20-ზე მეტი დეპუტატის სახით წარმოდგენილი.

არ იყო უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, თუმცა იყო ვიდეო-ჩართვით — ლამის ტრადიციად ქცეულით ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმისთვის.

ზელენსკი ისე მიეჩვია, უფრო სწორად მიაჩვიეს ვიდეო-მიმართვის პროცედურას, რომ მიკვირს, ქორწილებს ან დაბადების დღეებს რომ არ მიმართავს, თუმცა ყველაფერი წინ არის და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ასეც იქნება — ომის გაგრძელების შემთხვევაში.

დამთავრების შემთხვევაში რა იქნება და საიდან მოუწევს განცხადების გაკეთება — ციხიდან თუ ემიგრაციიდან უფრო საინტერესო საკითხია, თუმცა ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ მოვლენებს.

ამბობენ, რომ 2023 წელი გაცილებით ფათერაკიანი იქნება, ვიდრე 2022. გასული წლის 17 თებერვლამდე — მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა თუ ივარაუდებდა 24 თებერვალს, ანუ უკრაინაში, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას. არა თუ ივარაუდებდა, შფოთიან სიზმარშიც კი არ მოელანდებოდა ასეთი.

თუმცა ვცდები! მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას ევროკავშირის შეფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2021 წლის დეკემბერში ჰქონდა გამზადებული რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები, თანაც აშშ-თან ერთად ჩამოწერილი. ე.ი. აშშ—ევროკავშირის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრაში და როგორც კი რუსული ტანკი უკრაინის საზღვარს გადაკვეთდა, აღნიშნული ტანდემი რუსეთს ეკონომიკური სანქციების „თაიგულს“ აჯახებდა.

ურსულას წინასწარმეტყველება უკრაინის კი არა, მთელი მსოფლიოს საზღვრებს ლახავს და ბულგარელი ნათელმხილველი ვანგას რეკორდებსაც ხსნის, თორემ სხვაგვარად კრემლში მყოფი პუტინის სამომავლო ჩანაფიქრს როგორღა გამოიცნობდა?

ურსულამ, თავისი განცხადებით — მიუნხენის ტრიბუნიდან გაკეთებულით, შეგვახსენა, რომ პოლიტიკაზე მეტად მას, პირველი პროფესია, გინეკოლოგობა უფრო შეეფერება. ევროკავშირის „შეფინიამ“ ქალურად იმეტიჩრა — ნახეთ რა მაგრები ვართ და წამოაყრანტალა ის, რასაც პუტინი ერთი წლის განმავლობაში აცხადებდა — უკრაინაში იმიტომ შევიჭერი, რომ დამესწრო უკრაინა—კოლექტიური დასავლეთის დონბასში ომის გაჩაღებისთვის, რომელსაც 2022 წლის მარტის პირველ დეკადაში გეგმავდნენო.

ურსულას განცხადებიდან გამომდინარე, აშშ—ევროკავშირი თვით აპირებდა დონბასში ომის დაწყებას, რასაც სანქციებს მიაყოლებდნენ, იმიტომ, რომ რუსეთმა „დაიწყო“ ომი. ურსულამ წინასწარ მომზადებული სანქციების შესახებ კი გვითხრა, მაგრამ არაფერი უთქვამს დასავლურ მედიასივრცეში მომზადებული ტექსტების შესახებ, რომლებიც ერბოსავით მოევლებოდა პუტინის აგრესიას და გადაფარავდა აშშ—ევროკავშირის ავანტიურისტულ აქტს.

„დემოკრატიული“ დასავლეთი მილიონობით დოლარს ხარჯავს ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში. ამ საქმეში მისი ფასდაუდებელი მოწაფე, უკრაინის სახით, რეკორდებს ამყარებს და ხშირად ისეთ სისულელეს თხზავს, თვითონაც რომ უკვირს, საკუთარი „გონებამახვილობის“.

სულ ახლახანს უკრაინის ტელესივრცე „დაამშვენა“ სენსაციურმა დიალოგმა უკრაინელ ჟურნალისტ გორდონსა და რუსეთის დუმის ყოფილ წევრ, რუსეთიდან უკრაინაში გაქცეულ პონომარიოვს შორის.

დიდი ფულის უკანონო მოხვეჭის გამო პონომარიოვი რუსეთში იძებნება. პონომარიოვი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ რუსეთის დუმის ნახევარზე მეტი მამათმავალია, ხოლო პუტინი ბისექსუალი, ანუ ქალთანაც ცხოვრობს და კაცთანაც.

დაიჯერებს თუ არა პონომარიოვის ცილისწამებას მაყურებელი, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ვიღაც ხომ დაიჯერებს?! იმ ვიღაცაებს უმღვრევენ ტვინს დასავლელი მატყუარები — საზოგადოების დასავლურად მოსარჯულებლად, მისთვის ხელისუფლების მიმართ სიძულვილის ბაცილის შესაყრელად, საბოლოო ჯამში მთავრობის დამხობის მიზნით ქუჩაში გამოსაყვანად.

ხელისუფალთა მიმართ მამათმავლობის ცილისწამება ყველაზე მსუბუქი ბრალდებაა იმათ შორის, რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციით არის გამოწვეული. ქალაქების ნგრევასთან და მსხვერპლთან „პედერასტობა“ იოლი გასეირნებაა რუსი მოხელეების მორალურ სივრცეში, თუმცა არცთუ უმნიშვნელო, მმართველთა პოლიტიკური და მასთან ერთად ადამიანური პორტრეტის შექმნისთვის.

და ამას აკეთებს ჩვენთვის სანატრელი დასავლეთი, რომელიც მიუნხენში იყო შეყრილი და ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს და ერთმანეთს აბრუებდა უკრაინაში მიმდინარე ომის პერიპეტიებით, მოწოდებით — უკრაინამ უნდა მოიგოს, პუტინმა უნდა წააგოს. უკრაინა მოიგებს — საკუთარ თავს ამხნევებს დასავლეთი, თან მსოფლიოს ატყუებს. რატომ? თვითონაც არ იცის.

მიუნხენში სიტყვით გამოსულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა განაცხადა — თუ პუტინმა უკრაინაში ომი მოიგო, ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნება, როგორც ევროპას, ისე მსოფლიოს.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ევროკავშირის პირველ დიპლომატად წოდებულმა ბორელმა, რომელმაც, პროფესიიდან გამომდინარე, შერიგებაზე კი არ ილაპარაკა, არამედ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე — განსაკუთრებით ტყვია-წამლის.

ნატო, ევროკავშირი, აშშ-ი ვერ აუდიან ესოდენ დიდი რაოდენობის ტყვია-წამლის უკრაინისთვის მიწოდებას, ვინაიდან უკრაინა უმოწყალოდ, უკონტროლოდ, ხელმოუმჭირნედ ხარჯავს ტყვიებსა და ყუმბარებს — ერთ დღეში, მთელი თავის მარაგს. დასავლეთი კატეგორიულად ითხოვს უკრაინისგან ტყვია-წამლის ხელმომჭირნედ ხარჯვას. მაგრამ არაფერს ამბობს უკრაინელი და უცხოელი „ბოევიკების“ უზომოდ დიდ მსხვერპლზე.

გასული წლის მონაცემებით, დონბასის ფრონტზე 275000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული, თუმცა მსხვერპლი ცოცხალი ძალისა, დასავლეთს არ ანაღვლებს. ტყვია-წამალი ანაღვლებს, ვინაიდან დასამზადებელია, რასაც დასავლეთი ვერ აუდის და რის შესახებაც ბორელმა ბრძანა.

ამ ანეკდოტური ვითარების შემყურეს, ძველი ანეკდოტი გამახსენა — ქუთაისელი შვილს, რომელსაც კამფეტი მისცა და მანაც უცბათ გადაყლაპა, რომ ეუბნება — მაგი კამფეტი პირში აგლახავე, ინდაურივით ნუ ყლაპავო.

ხელმომჭირნე ნატო—ევროკავშირის თვალში უკრაინელი, ქუთაისელი ბიჭუნას მსგავსია. ისიც, ისე ყლაპავს ტყვიებს, როგორც ქუთაისელი კამფეტებს.

მიუნხენში სიტყვით გამოსული ყველა ევროკავშირელი თუ  ამერიკელი ნატოს წევრებს მოუწოდებდნენ დასაწყობებული ტანკების, ქვემეხების, სხვა სახის მძიმე სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის გადაცემისკენ. მოწოდება ერთია, შესრულება მეორე და როგორც ჩანს ძნელი, ვინაიდან საამური, უღრუბლო, მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრებას მიჩვეული ევროპელი, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეშინდა და ისიც მსუბუქად, როდესაც ნატომ ომი გააჩაღა იუგოსლოვიაში 1999 წელს. ასე რომ, მისი მძიმე სამხედრო ტექნიკა, უმოქმედოდ მდგარი, მწყობრიდან არის გამოსული და რემონტი სჭირდება.

მაშინ აშშ-ა და მისმა ვასალმა ნატოელებმა, გერმანია—საფრანგეთის—დიდი ბრიტანეთის სახით, 78 დღის განმავლობაში ბომბეს სუვერენული, დამოუკიდებელი იუგოსლავია — ურანის შემცველობის მქონე ბომბებით. იუგოსლავია, რომელსაც ნატოს წინააღმდეგ არათუ პროვოკაციული გამოხდომა არ ჰქონია, არამედ გამაღიზიანებელი განცხადებაც არ გაუკეთებია.

სერბეთ—კოსოვოს დაპირისპირება დაუდეს საფუძვლად ევროკავშირმა—ნატომ—აშშ-ა ბელგრადის უმოწყალო ბომბვას, რასაც იუგოსლავიის დაშლა მოჰყვა, კოსოვოს სერბეთიდან გამოყოფა და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადება.

თვით სერბი ექსპერტების განმარტებით, აშშ—ნატოს აგრესია ძირითადად არა შიდა  პროცესებით იყო გამოწვეული, არამედ იუგოსლავიის ხელისუფლების უარით ნატოში გაწევრებაზე.

მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთი არ მიიწვიეს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო. რუსეთი არც შარშანდელ კონფერენციას დასწრებია — საკუთარი სურვილით. რუსეთს, რომ წელს ოფიციალური მიწვევა მიეღო, არც მაშინ დაესწრებოდა, ვინაიდან თვლის, რომ მიუნხენის კონფერენცია წყლის ნაყვაა — უსაგნოდ, უმოქმედოთ მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევა, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება.

რუსეთის ხელისუფლების ნაცვლად კონფერენციაზე მიიწვიეს რუსეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ოპოზიციის წარმომადგენლები — კასპაროვი, ხოდარკოვსკი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნავალნის, რომელიც ციხეშია და გარდაცვლილი ნემცოვის მეუღლეები.

კონფერენციამდე გამოქვეყნდა ანალიტიკური მოხსენება, რომლის მთავარი თემა იყო ქვეყნების „ლიბერალურ დემოკრატიად“ და „რევიზიონისტურ ავტოკრატიად“ დაყოფა. რევიზიონისტებს სურთ შეცვალონ მსოფლიო წესრიგი, ჩაწერილია მოხსენებაში. „თავისი ხისტი და უმიზეზო თავდასხმით სუვერენულ სახელმწიფოზე მოსკოვმა დაარღვია მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები, შექმნილი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ.

ავტოკრატიული დემოკრატიის გაძლიერების გარდა „ლიბერალური დემოკრატებისთვის“ სერიოზულ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს ჩინეთი და მისი პოლიტიკა, რომელიც ცდილობს ძალით დაამყაროს აღმოსავლეთ აზიაში საკუთარი გავლენა“.

მიუნხენის კონფერენციას არ დაასწრეს ირანიც — ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

მიუნხენის კონფერენციას სიტყვით მიმართა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრმა, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის კურატორმა ვან ი-მ, რომელმაც გააკრიტიკა აშშ-ი აეროსტატების აშშ-ს საჰაერო სივრცეში ფრენის გამო ატეხილი ხმაურისთვის.

ჩინეთის მზვერავი საჰაერო ბურთიაო — ასე მონათლეს კლიმატის მონიტორინგისთვის გაშვებული აეროსტატი აშშ-ს ადმინისტრაციის წევრებმა. მათ „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ 3 დღის განმავლობაში აშშ-ს საჰაერო სივრცეში გამოკიდებულმა „უცხო სხეულმა“ მთელ ამერიკას გადაუფრინა და ისეთი პანიკა შეიქმნა, არვინ რომ არ მოელოდა. აეროსტატის მიერ აშშ-ს საჰაერო სივრცის გადალახვა თავდაცვის ავტომატური სისტემის მიერ შეუმჩნეველი აღმოჩნდა, არადა მისი ზომა, ავტობუსის გაბარიტების მსგავსი იყო.

დიდი განსჯისა და ბჭობის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის განკარგულებით აეროსტატი ააფეთქეს სამხედრო თვითმფრინავებიდან გასროლილი რაკეტებით, თუმცა არა F-16 გამანადგურებლიდან — ერთობ „გაპიარებული“ ამერიკული თვითმფრინავიდან, არამედ მოძველებული F-22-დან. F-16 ვერ მიწვდა აეროსტატს, ანუ ვერ ავიდა აეროსტატის ფრენის სიმაღლეზე.

ბაიდენმა, ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლება აეროსტატის გაშვებასთან არაფერ შუაშია.

ვან ი-მ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის კუთვნილებაა და არასდროს გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც კარგად უნდა იცოდეს აშშ-ა.

მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ი არა მარტო აეროსტატის ისტორიით დამძიმებული მივიდა, არამედ ტერორისტის სახელითაც. მკითხველისთვის ცნობილია ამერიკელი ჟურნალისტის სეიმურ ჰერშის სენსაციური განცხადება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი — 2“ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის სექტემბრის ბოლოს.

ჰერშმა დეტალურად აცნობა საზოგადოებას ამერიკის ადმინისტრაციის, პირადად პრეზიდენტ ბაიდენის ტერორისტული გადაწყვეტილების თაობაზე. დაასახელა ადმინისტრაციის მოხელეების გვარებიც, ვინც მონაწილეობდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავებაში. ყველა ისინი მკითხველისთვის ცნობილია, მაგრამ ვინც არ იცის მოგახსენებთ — სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ბლინკენი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი სალივანი, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ნულანდი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ბერნსი.

აშშ-ს საიდუმლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, კიდევ ერთი დაემატა,  გაზსადენის აფეთქება, რამაც ევროპა, აშშ-ს ვითომ მოკავშირე, გაზის გარეშე დატოვა და მძაფრი ენერგეტიკული კრიზისი შექმნა არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი, აშშ—ევროკავშირის ხალხთა სოციალური პირობების გაუარესება, სხვა ნეგატიური პროცესები, რომლებიც გრძელდება და არვინ იცის როდის დასრულდება.

მიუხედავად ამ ორი ტვირთისა, ერთობ უხერხულისა და აშშ-ს პრესტიჟისთვის აშკარად მიუღებლისა, აშშ-ს დელეგაცია უტუხად ჩავიდა მიუნხენში, თანაც ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით, თითქოს ამით სურდა დანაშაულის, რაოდენობით გადაფარვა. თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს არაფერი სმენია ამერიკელი ჟურნალისტის, 85 წლის სახელგანთქმული პიროვნების, პულიცერის პრემიის ლაურეატის ბრალდებების თაობაზე. თითქოს აშშ-ს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია უმანკონი არიან ამ საქმეში.

გასაოცარი აქ ალბათ არაფერია — აშშ-ს მიერ მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგიერთის შეხსენება აუცილებელია — ომები კორეაში, ვიეტნამში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში, … მილიონობით ადამიანის მსხვერპლით, ნგრევით, უმძიმესი სოციალური პირობების შექმნით.

ჩამოთვლილიდან თუნდაც ერთი საკმარისი იყო იმისთვის, რომ რუსეთს, ჩინეთს და მათთან ერთად სხვა ქვეყნებს აშშ-თვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინათ, ისე, როგორც აშშ-მა დაუწესა რუსეთს სანქციები უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის. და არა მარტო ეკონომიკრი ბლოკადა გამოეცხადებინათ მისთვის, არამედ სრულ იზოლაციაში მოექციათ, ისე, როგორც ის ცდილობს რუსეთის მიმართ.

სად იყო ევროკავშირი, როდესაც მზაკვრობას, მზაკვრობაზე ახორციელებდა აშშ-ი? სად იყო მიუნხენის კონფერეცია ან ამჟამად სად არის, როდესაც დამნაშავე, ტერორისტი ქვეყნის დელეგაცია, როგორც მსოფლიოს ბატონ-პატრონი, გაფხორილი მამალივით ზევიდან დაჰყურებდა მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს? ან რა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, როდესაც უსაფრთხოების უპირველესი დამრღვევი აშშ-ი, როგორც მშვიდობის დამცველი იღებს მონაწილეობას კონფერენციაში?

„ლიბერალური დემოკრატია“ — კონფერენციის მოხსენებაში აღნიშნული, თუ იმაში გამოიხატება, რომ დანაშაულზე — აშშ-ს მიერ ჩადენილზე, ყველამ თვალი დახუჭოს და არაფერი თქვას, არის მსოფლიო უსაფრთხოების ერთადერთი გზა, ვერ ყოფილა მსოფლიოს საქმე კარგად. და რომ კარგად არ არის, განა მიუნხენში შეკრებილთათვის უცხოა?

ყველამ, ყველაფერი იცის, მაგრამ პირში წყალი ჩაიგუბეს და აშშ-ს შიშით თვალსაც არ ახამხამებენ. ვის სჭირდება მოჩვენებითი კონფერენცია? მხოლოდ თვალთმაქც ევროპა—ამაერიკას,  მათ პოლიტიკოსებს, მათ გართობას. ისინი ხომ ერთმანეთთან საჭუკჭუკოდ იკრიბებიან სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე და არა საქმის რეალურად კეთებისთვის?

მიუნხენიც საჭუკჭუკოდ არის გადაქცეული — ერთმანეთისთვის, განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების ჩაცმულობის სადემონსტრაციოდ და რუსეთის სალანძღავად. ამ მხრივ წლევანდელმა მიუნხენმა ყოველგვარ რუსოფობიურ განწყობას გაუსწრო და ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გარდა დედამიწას სხვა არაფერი აქვს.

ნოვაციაც შეინიშნებოდა ამჟამინდელ მიუნხენში — აი, ასეთი. თუ წინათ რუსეთის პრეზიდენტს „კეთილშობილი“ დასავლელები ყველაზე დიდ საფრთხედ და მტრად მიიჩნევდნენ, ამჯერად რუსი ხალხი დაადანაშაულეს, რომელსაც დასავლეთმა უნდა მოუაროს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის გამოსვლას სხვას ვერაფერს დაარქმევ — კაცთმოძულეობის გარდა, თუმცა ამ ქალბატონის მსგავსად ამჟამინდელი მიუნხენი ასეთად დარჩება ისტორიაში.

მიუნხენის კონფერენციის ფინალს თავისი ელფერი შესძინა აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მოულოდნელმა ვიზიტმა კიევში. თუ რას ემსახურებოდა ეს ვიზიტი — ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა ახსნა. მოლაპარაკებას რომ არა, ცხადია, ვინაიდან ასეთს, ზელენსკის ამერიკაში ვიზიტისას ჰქონდა ადგილი. არც იმას, რომ აშშ-ი მხარს უჭერს უკრაინას — ესეც ცნობილი ფაქტია და მას განმტკიცება არ სჭირდება. რჩება ერთადერთი არგუმენტი — საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება.

ბაიდენს, რომლის რეიტინგი თვით დემოკრატებშიც დაბალია, სჭირდება საკუთარი „პოპულარობის“ დონის აწევა, თუნდაც უშიშარი პრეზიდენტის სახელით, რაც მან ომში მყოფ ქვეყნის დედაქალაქ კიევში ვიზიტით განახორციელა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/02/2023