28.11.2026

რა მოგვიტანა ევროატლანტიკურმა ხეტიალმა

Georgia-European-Union

2013 წლის ნოემბერი ღირსშესანიშნავი თარიღია ევროატლანტიკურ წყალდალეულთათვის (თერგდალეულთა სახელიდან გამომდინარე). მას შემდეგ 13 წელი გავიდა და მასთან ერთად საქართველოს მოსახლეობის იმედაუსრულებელი წლები. გაგვიცრუვდა ოცნება , დაკავშირებული ევროპასთან, ევროკავშირთან, იქ შესვლასთან დაკავშირებით და არა მარტო ჩვენ, არამედ უკრაინელებს, მოლდოველებს.

ევროკავშირმა არ გაგვიღო კარი, ვინაიდან მოუმზადებელი აღმოვჩნდით სამივენი — საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. 2013 წლის ნოემბერს, „ასოცირებული წევრის სტატუსი“-ს მოცემამ ისე გაგვალაღა და დაგვარწმუნა ევროკავშირისთვის ჩვენს უნიკალურობაში, რომ ზოგიერთმა ხმამაღლა და ამაყად თქვა — ჩვენ, ჩვენი დიდი ისტორიით, კულტურით, ცხოვრების წესით ევროკავშირისთვის დიდი მონაპოვარი ვიქნებით და წვლილს შევიტანთ ამ ორგანიზაციის სულიერ ცხოვრებაშიო.

გახსოვთ  ალბათ „შალახოს“ ჰანგებზე „ასოცირებული წევრობის“ მიკუთვნების ცერემონიალი, იმჟამინდელი საგარეო უწყების ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის ყურებამდე გაღიმებული სახე, საქართველოს დელეგაციის ჩარჩოდან ამოვარდნილი სიხარული. ნეტავ, სად არიან ისინი, ამ უდიდესი საერთაშორისო დამსახურების მთავარი შემოქმედნი?

ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს, უფრო სწორად უწოდებდნენ, რამეთუ დღეს ის „შალახოც“ და ის ევროპული ბედნიერებაც სკეპტიციზმით, იმედგაცრუებით არის გადაფარული.

სულ ახლახანს, უნგრეთ-უკრაინის შეხვედრაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ მადიარის ნათქვამი ზელენსკისთვის იმ სინამდვილის გამომხატველია, რაც არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით. და არა მარტო ჩვენ, არამედ უკრაინა-მოლდოვამაც.

მადიარმა ბრძანა ევროკავშირის წევრობა მარტო სურვილიდან გამომდინარე არ ხდება, მას მრავალწლიანი შრომა და დამსახურება სჭირდება. დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობას არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ ქადაგებს, ასე, რომ ტყუილად ფიქრობთ ვადამდელ გაწევრებაზეო.

არც გაწევრების ვადაა ევროკავშირის წესდებაში დაფიქსირებული, მაგრამ არის ეტაპები, რომელთა გავლა აუცილებელია. საქართველომ გაიარა ეს საფეხურები, როდესაც მას კეთილი თვალით უყურებდნენ ბრიუსელელი ბიუროკრატები, როდესაც ისინი თვლიდნენ, რომ საქართველო ანტირუსული ძალაა ამიერკავკასიაში; როდესაც თვლიდნენ, რომ საქართველო უყოყმანოდ შეასრულებდა ბრიუსელის მიერ მიცემულ საშინაო დავალებებს — მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ლგბტ-ობის სრულ გაზიარებას, გეი-პარადების ჩატარებას, კანონმდებლობის შეცვლას — ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების სასარგებლოდ და ა.შ.

ევროკავშირი, თავის დროზე ეკონომიკურ კავშირად შექმნილი, პირწმინდა პოლიტიკურ ორგანოდაა გადაქცეული, მილიტარისტული ელფერით, რუსოფობიით გაჟღენთილი, კარდინალურად განსხვავებული იმისგან, რაც დაარსების დროს იყო.

ეკონომიკამ დაიხია, უფრო სწორად გაპოლიტიკდა, ასე რომ საქართველოს ხელისუფალთა არგუმენტი გაწევრებასთან დაკავშირებით — ეკონომიკურად საქართველო აღმავლობის გზაზეაო, ბრიუსელისთვის უმნიშვნელო გამოდგა. მისთვის მთავარია საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ დავალებების შეუსრულებლობა, რაც ზემოთ გითხარით.

 რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოსთვის, ისე, როგორც უკრაინა-მოლდოვისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭება, თუ ბრიუსელის პროგრამაში არ იყო მათი გაწევრება?

რუსეთის გავლენის სფეროდან გამოყვანა, ანტირუსულად დამუხტვა, რუსეთისთვის პრობლემების შექმნა, ევროკავშირის ზღურბლთან დაბმა და „ტკბილი“ ზღაპრებით მათი გონების გამოტენა  — ედემის ბაღში მოსახვედრად.

უკრაინის იმჟამინდელი ხელისუფლება, პრეზიდენტი იანუკოვიჩი მიხვდნენ ევროკავშირის ხაფანგის დაგების მცდელობას „ასოცირებული“ ყველის ნაჭრით და უარი თქვეს დოკუმენტის ხელმოწერაზე.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას უნდა გაეწყვიტა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო და სხვა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან.

ევროკავშირის მაშინდელი ხელმძღვანელის ბაროზუს განცხადება იყო კატეგორიული და შეუვალი — გინდათ ჩვენთან, მაშინ რუსეთი უნდა დაივიწყოთ. ევროკავშირთან და იმავდროულად რუსეთთან კავშირურთიერთობები შეუძლებელიაო.

იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას უმალ მოჰყვა მძლავრი საპროტესტო გამოსვლები, წინასწარ დაგეგმილი და ანტისამთავრობოდ დამუხტული. 2013 წლის 13 ნოემბერს გაიშალა პირველი კარავი „მაიდანზე“ და დაიწყო მუდმივი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ხელისუფლების, რომელიც უკრაინელ ხალხს გზას უკეტავდა ევროპის სანატრელ ორგანიზაციაში შესვლას.

კიევის ცენტრი „დაამშვენა“ ლოზუნგებმა „უკრაინა ცე ევროპა“, გვინდა „კრუჟეოებიანი ტრუსიკები“ და ა.შ. 2014 წელს, დასაწყისშივე მოხდა ის, რაც მოხდა, სხვათა შორის სააკაშვილის მიერ უკრაინაში ჩაყვანილი ქართველი სნაიპერების ხელით. აღნიშნულ ოპერაციას შსს მაღალჩინოსანი ლორთქიფანიძე უწევდა ორგანიზებას.

ეს პიროვნება უკრაინის ძალოვან სტრუქტურებშია, მაღალ  თანამდებობაზე და სანდო წყაროს მიხედვით, ხელი აქვს გასვრილი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში.

რამ გამოიწვია იანუკოვიჩის დამუხრუჭება „ევროკავშირის ასოცირებული წევრობის“ გზაზე?

ევროკავშირის მიერ შედგენილი დოკუმენტის საგნობრივმა გაცნობამ. როგორც ჩანს უკრაინაში მოიძებნა ინგლისური ენის (იურიდიულ-დიპლომატიურის) მცოდნე სპეციალისტები, რომლებმაც პრეზიდენტს მოახსენეს ასოცირებული წევრობით მიღებული (მომავალში) „სიკეთეები“.

საქართველოს არც უცდია ტექსტის წაკითხვა. ხუმრობა ხომ არ იყო ათასზე მეტ გვერდიანი ინგლისური ტექსტის გაგება, მითუმეტეს გააზრება, სადაც თითო სიტყვას მნიშვნელობა აქვს და რაც მთავარია შინაარსი.

ტექსტზე მუშაობა ქართულ მხარეს, ბრიუსელის მოხელეებთან ერთად უნდა წარემართა, რასაც ადგილი არ ჰქონია. რომ ჰქონოდა, კითხვებს, რომლებსაც ვსვამთ აღარ დავსვამდით.

ყველაფერი ის, რაც ჩვენში პროტესტს იწვევს, ტექსტშია ჩაწერილი, ჩვენს მიერ ხელმოწერილში.

რა გაეწყობა, რომ იტყვიან მატარებელმა ჩაიარა. მოდით დავსვათ კითხვა — რა მოგვიტანა ასოცირებულმა წევრობამ? ამასთანავე დავსვათ კითხვა — რა მოგვიტანა ევროატლანტიკური სივრცისკენ ლტოლვამ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ?

დაუფიქრებლადაც შეიძლება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა! — იმედგაცრუება, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის. შეღავათი იმდენად მცირეა, ჩამოთვლაც არ ღირს, მათ შორის გამოვყოფდი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას — შეზღუდული პერიოდით, მაგრამ მოხერხებულმა ქართველებმა აინუნშიც არ ჩააგდეს ევროპელთა კანონმდებლობა და ნაცვლად იქ დროებითი ყოფნისა, საკუთარ თავს მისცეს უფლება სამუდამო დარჩენის, თუმცა არაკანონიერის.

პირველი ნაკადი ქართველი ე.წ. ტურისტებისა დღესაც იქ არის, უკეთესი პირობების ძიებაში, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლით. ისინი არ ერიდებიან „შავ“ სამუშაოს, აქ რომ არასდროს იკადრებდნენ — იქ, ხომ მათი ახლობლები, ნაცნობები არ უყურებენ რა სამუშაოს ასრულებენ ისინი?!

წასულებმა, ოჯახის წევრებიც წაიყვანეს მოგვიანებით. დაიცალა სოფლები, რაიონები, პატარა ქალაქები. იქ მცხოვრებნი დასავლეთს მიაწყდნენ, დარჩენილები — თბილისს, იმის მოლოდინში, რომ მათაც გაუღიმებს ბედი.

საქართველო ჩემოდნებზე ჩამომსხდარ ქვეყანას დაემსგავსა — სამშობლოდან გაქცევის სურვილით შეპყრობილი ხალხით. აი, ეს მოგვიტანა „ასოცირებულმა წევრობამ“.

ევროატლანტიკურმა სივრცემ ლუგარის ლაბორატორია, ერთობ საეჭვო საქმით დაკავებული, როგორც ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ.

კიდევ რა მოგვიტანა?

სულის დეგრადაცია, კულტურის, ხელოვნების. გააქრო ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი საწარმოების, ფაბრიკა-ქარხნების გაქრობასთან ერთად.

ის, რაც უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში მოხდა — ასოცირებულ წევრობაზე უარის თქმა, გამოწვეული მრეწველობის გაქრობით და დეგრადაციით საქართველოს სადარდებელი არ იყო, ვინაიდან ასოცირებულის სტატუსის მიღებამდე საქართველოს ხელისუფლებამ თეთრებში გაყიდა უნიკალური ქარხნების დანადგარები, მათ შორის კიროვის ჩარხთმშენებელი ქარხნის ჩარხები; მიწასთან გაასწორა საქართველოს მასშტაბისთვის გიგანტი საწარმოები; სოფლის მეურნეობა ისე გაანადგურა, რომ ხახვი, ნიორი, სხვა ბოსტნეული, ხილი, ციტრუსები, რომელი ერთი ჩამოთვალო სანატრელი გახდა.

ის პროდუქტები, რომლებიც აქ იწარმოებოდა საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში იგზავნებოდა. დღეს ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

სააკაშვილის დიქტატურის დროს ვიღაც ნორჩი გოგონა, გვარად გაბიანი სისტემატურად გვმოძღვრავდა ტელეეკრანიდან — საქართველოს არ ჭირდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადება — ყველაფერს უცხოეთიდან შემოვიტანთო. სამწუხაროდ, ეს მანკიერი ტენდენცია დღესაც გრძელდება.

მარტივი ეკონომიკური ფილოსოფიაა — რომ იყიდო, უნდა გაყიდო. თუ გასაყიდი არაფერი გაქვს, ვერაფერს იყიდი.

საქართველომ დაკარგა ეკონომიკური პოტენციალი, მაღალკვალიფიციური კადრები, შავი მუშახელიც კი. ქართული ბაზარი აივსო ვაშლის ხელა თურქული მანდარინით. ჩვენი?

ჩვენი ხეებზე ლპება. დამკრეფი არვინაა. ბიზნესს იმპორტული ურჩევნია, ვინაიდან გარიგებაშია მწარმოებელთან. აქაური არ აინტერესებს — მოგებას ვერ მივიღებო — აცხადებს!

აი, ეს მოგვიტანა დამოუკიდებლობის წლებმა და ტერიტორიული დამოკლება. კოლექტიური დასავლეთის წაქეზებით დაიწყო სააკაშვილმა ცხინვალის ომი, რომელიც ქვეყნისთვის კატასტროფით დასრულდა. საქართველომ თავისი ტერიტორიის (მერე როგორი) 20% დაკარგა და ვითომც არაფერი.

ომის გამჩაღებელი სააკაშვილი ციხეშია არა ომის გაჩაღებისთვის, არამედ სხვა წვრილმან-მსხვილმანი დანაშაულებისთვის. არადა ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა — ომის დაწყება იყო.

ვინც თვალყურს ადევნებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დამნაშავე პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაქცევდა ნაციონალური მოძრაობის წევრების აუტანელ განცხადებებს — შეურაცხმყოფელს ყველა ქართველისთვის — ომი ჩვენ არ დაგვიწყიაო, სააკაშვილს სურდა დაუმორჩილებელი ავტონომიების საქართველოს კანონმდებლობაში მოქცევაო და ა.შ.

სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და უნდა ვიმედოვნოთ, რომ დიქტატორული რეჟიმის მოსურნე ნაცმოძრაობა, მისი თანამგზავრი პარტიები პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან.

ზოგს შეიძლება ჩემს მიერ მოყვანილი ძველი ანეკდოტი უადგილოდ მიეჩვენოს, თუმცა პროცესის გაჭიანურება წააგავს ამ ანეკდოტს — ქუთაისელი მამა ეუბნება შვილს —კამფეტს რომ გაძლევ და ინდაურივით ყლაპავ, პაწა ასგლახავე პირშიო.

საკონსტიტუციოს გაჭიანურებული პროცესი არ სჭირდება, „გლახაობა“ — სწრაფი გადასაყლაპია. ხალხის სურვილია ასეთი, ნაცმოძრაობის მიერ გაწამებულის.

მეტს რას მოველით ევროკავშირისგან, გარდა იმისა, რაც გითხარით?

ორგანიზაცია გადაქცეულა რეჟიმად, რომელიც სულს უხუთავს ეროვნული სულისკვეთების მატარებელ მასში შემავალ წევრებს. ევროკავშირი, ლიბერალური დიქტატურის, გლობალიზაციის იდეებით გაჟღენთილი, ვერასდროს გახდება ეროვნული იდეების მატარებელი ქვეყნების ოცნებების აღსრულების მექანიზმი.

ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელი, ამჟამინდელი მეთაურების ურსულებისა და კაიების წყალობით სადამსჯელო ორგანოა, ამავდროულად ომის გამჩაღებელი, რაც თვალნათლივ ჩანს უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე.

ევროკავშირის შტაბ-ბინა, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კომისარი კაია კალასი, ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისიის თავმჯდომარე მარტა კოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გერმანიის კანცლერი მერცი, ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბერნემი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ტუსკი — ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც უკრაინას აქეზებენ რუსეთთან ომის გაგრძელებაში. ეხმარებიან მას ფინანსურად, იარაღით, პროპაგანდით.

სულ ახლახანს, ევროკავშირმა უკრაინას 45 მილიარდი ევრო გამოუყო, ხოლო მომავალი 7 წლის განმავლობაში 100 მილიარდის გამოყოფას შეპირდა, რამაც გამოიწვია დიდი უკმაყოფილება სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის ხელისუფლებაში. მათ კატეგორიულად განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ფულს არ გამოჰყოფენ, ვინაიდან ომის გაგრძელების მასტიმულირებელი იქნება და არა მშვიდობის. გარდა ამისა კორუმპირებული უკრაინის ხელისუფალთათვის კრედიტი საჩუქრად გადაიქცევა, ვინაიდან უკრაინა არასდროს დააბრუნებს ვალს.

ურსულა კატეგორიულად მოუწოდებს მათ ბრძანების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქვეყნებისთვის დაფინანსების პროცედურას შეაჩერებს.

წამით წარმოვიდგინოთ თავი ევროკავშირში, ვინ და რა იქნება საქართველო ბრიუსელის ხელში?

ვისაც მონობა სურს და ასეთები უხვად არიან საქართველოს ოპოზიციურ პარტიებში, ისინი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა შევიდეს. მათ სულაც არ ადარდებთ სუვერენიტეტის, ეროვნული მრწამსის, სხვა ატრიბუტების დაკარგვა, რითაც დღემდე მოვედით, საკუთარი ინტერესების მისაღწევად.

ასე იცის სხვათა დავალებების შესრულებამ, პირადი, მერკანტილური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

შეიცვლება თუ არა ევროკავშირი 2030 წლისთვის — იოლი სავარაუდო არ არის. ურსულებისა და კაიების შეცვლით ევროკავშირის პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება, არც რეორგანიზაცია მოხდება. ერთადერთი რამაც შეიძლება ევროკავშირს წყალი შეუყენოს, მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში მემარჯვენე ძალების გამარჯვებაა.

ასეთს შეიძლება ადგილი ჰქონდეს საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში ვადამდელი არჩევნების გამართვით.

დღევანდელ კანცლერ მერცს, რომლის რეიტინგი კატასტროფულად დაცემულია (მოსახლეობის 86% მხარს არ უჭერს), გადადგომა არ სურს.

„ომის პარტიის“ წევრი ევროპელები ურსულას პირით ულტიმატუმს უყენებს რუსეთს — ცეცხლის შეწყვეტას, ენერგეტიკული ობიექტებზე თავდასხმების აღკვეთას, უკრაინის სატვირთო გემების უსაფრთხო ცურვას შავ ზღვაში, რათა უკრაინამ გაიტანოს ხორბალი.

უკრაინის შავმიწა-ნიადაგიანი ტერიტორიები უცხოური კომპანიების კუთვნილებაა, ხორბალიც მათია. ასე რომ ურსულას პირადი ინტერესი სახეზეა, ისე, როგორც ზელენსკისთვის გამოყოფილი მილიარდების მომნუსხველი სურნელი.

მავანი შემედავება — ფულს სუნი არ აქვსო. უსრულასთვის აქვს. როგორც ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, კორუფციაში გამობრძმედილ ევროფიურერს.

ბრიუსელი სიტყვით მოითხოვს მოლაპარაკების გამართვას აშშ, ევროპა, უკრაინა, რუსეთს შორის, მაგრამ საქმით აჭიანურებს თავისი მომლაპარაკებელების დასახელებას. 2026 წელი კი იწურება და 3 იანვარს აშშ-ს კონგრესი განაახლებს მუშაობას ახალი, დემოკრატიული პარტიის უმრავლესობით.

ზელენსკის და ურსულას მიზანი ისაა, გააჭიანურონ პროცესი კონგრესის მუშაობის დაწყებამდე, რომელიც რესპუბლიკელ ტრამპს ფრთებს შეაჭრის და გააკეთებინებს იმას, რისგანაც თავს იკავებდა — უკრაინის დაფინანსება, იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

ასეთია მათი „სამშვიდობო“ პოლიტიკა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

27/11/2026