შორს საფრთხისგან!
მიმდინარე წლის მიწურულს არნახული პოლიტიკური აქტიურობაა საერთაშორისო არენაზე. მიზეზი მრავალია. მათ ჩამოთვლას აღნიშნული სტატია ვერ დაიტევს. გამოვყოფდი ზოგიერთს, უმნიშვნელოვანესს — ახალი აღმოსავლეთის დაძაბულობას, აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომით გამოწვეულს, რუსეთ-უკრაინის ომს, ხანგრძლივს და გაუთავებელს, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან აშშ-ი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
ირანთან ომი აქტიური ფაზიდან, პასიურშია გადასული, რაც გამოწვეულია აშშ-ს შუალედური არჩევნების შედეგით და ისრაელის ქნესეთის არჩევნებით.
პირველ შემთხვევაში, რესპუბლიკელების პირწმინდა, გამანადგურებელმა დამარცხებამ დემოკრატებთან, გაანელა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, პრეზიდენტ ტრამპის მოერიშე აღმაფრენა, რასაც მოჰყვა მისი ზიგზაგური განცხადებები — ირანთან ომის განახლებით და პირიქით, ომის ნაცვლად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ყურადღების დათმობით.
მეორე შემთხვევაში ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტიის დამარცხება და ოპოზიციისთვის, პრეზიდენტის მიერ, აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების დავალება. მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის შესაქმნელად 28 დღე აქვს გამოყოფილი და თუ ამ ვადაში ის ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ახალი არჩევნები დაინიშნება 2027 წლის იანვარში.
ირანთან, აშშ-ისრაელის ომი არა მარტო ახალო აღმოსავლეთის ომია, არამედ საყოველთაო, რომელიც, გაგრძელების შემთხვევაში ბირთვულში შეიძლება გადაიზარდოს. თუ რა მოჰყვება ატომური ბომბის გამოყენებას ყველამ კარგად ვიცით.
ატომური ბომბის გამოყენების შესაძლებლობაზე ითქვა ტრამპის მიერ, ირანის, როგორც სახელმწიფოს მიწიდან აღსაგავად. მიუხედავად ტრამპის მტკიცებისა, რომ აშშ-ა გაანადგურა ირანის სამხედრო ობიექტები და ბირთვული კვლევის ლაბორატორიები, ისე, როგორც სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, ირანს შენარჩუნებული აქვს ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული კვლევისთვის საჭირო ურანი, სხვა სამხედრო ტექნიკა — ღრმად მიწაში არსებულ გრძელ და ფართო გალერეებში, სადაც ჩაღწევა არც ერთ ბომბს არ შეუძლია, გარდა ატომურისა. თუმცა არვინ იცის, შეძლებს თუ არა აშშ-ი ერთი ტაქტიკური ბირთვული ბომბით მიწისქვეშა სამხედრო ბაზების განადგურებას. და გამოიწვევს თუ არა ასეთი ქმედება ბირთვული სახელმწიფოების რეაქციას, ძნელი სავარაუდოა, რომ მათ თვალი დახუჭონ.
უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სმხედრო ოპერაცია, თავისი მასშტაბით და მასში ჩართულთა რაოდენობით, გაცილებით ყოვლისმომცველია, ვიდრე აშშ, ისრაელ, ირანის ომი.
თუ პირველს შეიძლება რეგიონული ომი ვუწოდოთ, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში სავარაუდოთ მსოფლიო ომი. მეორე შემთხვევაში, ანუ უკრაინის ომის, ის უკვე არის მსოფლიო ომი, ვინაიდან მასში რუსეთ-უკრაინის გარდა პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ ნატო-ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სხვები.
ერთ მხარეს რუსეთი და მეორე მხარეს აღნიშნული ქვეყნები, რუსეთის განადგურებით შეპყრობილნი. ძალთა თანაფარდობა სტატისტიკურად რუსეთის სასარგებლოდ არ მეტყველებს, მაგრამ სტატისტიკა დაშორებულია რეალობას, რომელიც რუსეთის პრიორიტეტულობას კოლექტიურ დასავლეთზე დამაჯერებელს ხდის, რაც თავისთავად იწვევს გამოსავლის ძიებას, თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენებით.
მეხუთე წელია მიმდინარეობს რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, გამოწვეული კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკით. რუსეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირი, მეფის რუსეთი, ყოველთვის იყო და არის დასავლეთის ხარბი მიზნების ობიექტი.
რუსეთის წიაღისეული სიმდიდრეები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, უკიდეგანო ტერიტორია იყო, არის და იქნება დასავლელთა შურის აღმძვრელი, რის შესახებაც არაერთხელ გვსმენია თავშეუკავებელი განცხადებები ამერიკელთა, ევროპელ პოლიტიკოსთა მხრიდან.
აწ განსვენებული მადლენ ოლბრაიტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მუდამ ამბობდა, რომ რუსეთის წიაღისეული ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არა მარტო რუსეთის. ამ უთანაბრობას წერტილი უნდა დაესვასო. იგივე შინაარსისა იყო მეორე სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ნათქვამიც. და არა მარტო მათი, არამედ ევროპელი კოლეგების.
ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა სიხარბის გამომზეურებას საბჭოთა კავშირის არსებობის შემთხვევაში. მაშინ დასავლეთისთვის, აღმოსავლეთი, ანუ საბჭოთა კავშირი და მისი თანამგზავრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ძნელად გასატეხი კაკალი იყო, უფრო სწორად შეუძლებელი.
კაპიტალისტურ დასავლეთსა და კომუნისტურ საბჭოეთს შორის, ბირთვული იარაღის თანაბარი რაოდენობის საფუძველზე, თანაბრობის ანუ როგორც ვამბობთ ხოლმე პარიტეტულობის პრინციპი ჰქონდათ საფუძვლად დადებული.
დასავლეთმა იცოდა, რომ საბჭოთა საზღვრების სიახლოვეს არ უნდა ჰქონოდა განლაგებული ისეთი რაკეტები, რომლებიც სიცოცხლის არსებობის საფრთხეს შეუქმნიდა მოწინააღმდეგეს.
ანალოგიურად მოქმედებდა საბჭოეთიც, მაგრამ, როდესაც აშშ-ა დაარღვია შეთანხმება და თავისი რაკეტები განალაგა თურქეთში, საბჭოთა მთავრობამ საშუალო რადიუსის რაკეტები ჩაიტანა კუბაზე, რამაც აღშფოთება გამოიწვია ვაშინგტონში.
მსოფლიო, ბირთვული ომის გაჩაღების წინაშე აღმოჩნდა. და რომ არა ხრუშჩოვისა და კენედის პრაგმატული აზროვნება და ურთიერთდათმობაზე წასვლა, ომი გარდაუვალი იქნებოდა. აშშ-ა, თურქეთში განლაგებული რაკეტები გაიტანა, ისე, როგორც კუბიდან საბჭოეთს დაუბრუნდა იქ ჩატანილი რაკეტები.
დასავლეთმა, მუდმივი კოლონიალური აზროვნებიდან გამომდინარემ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე აამოქმედა თაროზე შემოდებული პროექტები, რუსეთის ფედერაციის პატარ-პატარა ქვეყნებად დაშლისა და მიუხედავად სიტყვიერი დაპირებისა, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და ნატო არ გააწევრებდა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს მის ორგანიზაციაში, არ შეასრულა.
სიტყვიერი დაპირება სსრკ-მ შეასრულა — ბერლინის კედლის დაშლით, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმებით და დასავლეთ გერმანიასთან მიერთებით. გდრ-იდან ნახევარმილიონიანი საბჭოთა საჯარისო კონტიგენტის საბჭოთა კავშირში დაბრუნებით, სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით.
ყოველივე აღნიშნულმა დასავლეთს აფიქრებინა, რომ დადგა დრო საბჭოთა კავშირის, შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთის დაშლისა — აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შეყვანით, იქ მოსკოვზე და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებული რაკეტების განლაგებით.
ჰქონდა თუ არა კოლექტიურ დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის წამოწყების გეგმა?
უდავოდ, ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირისა და შემდეგ რუსეთის ბირთვულმა იარაღმა დაამუხრუჭებინა მას საომარი პროექტის განხორციელება.
ნაცვლად, ნატომ სხვა გზა აირჩია, ისიც მილიტარისტული, მაგრამ არა საომარი — ნატოში შეყვანილი ყოფილი სოციალისტურ-კომუნისტური ქვეყნების მიერ რუსეთის რკალში მოქცევა, იქ განლაგებული საშუალო რადიუსის რაკეტებით, რომელთა ფრენის დრო, ერთობ შემცირებული მიზნამდე, თავისთავად აიძულებდა კრემლს დათმობაზე წასვლას — არა საომარი მოქმედებით, არამედ შანტაჟით — არ წახვალთ დათმობაზე და გაგანადგურებთო.
რუსეთის ხელისუფლების სათავეში მისულმა პუტინმა არაერთხელ მიმართა დასავლეთს — უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელი ხელშეკრულების დადებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო ასეთი მიმართვა იყო 2021 წლის დეკემბრის დასასრულს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მოთხოვნით პუტინმა წარუდგინა რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ევროპაში მშვიდობის მისაღწევი აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღწევისთვის.
2022 წლის იანვრის დასაწყისში რუსეთ-ამერიკასა და რუსეთ-ნატოს შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა. თუ რატომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ამასწინათ გააჟღერა.
კოლექტიურ დასავლეთს გადაჭარბებულად მოეჩვენა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს; რომ რუსეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ევროპის აღმოსავლეთის ქვეყნების, ყოფილი სოციალისტურების ნატოდან გაყვანა, იქ არსებული ნატოს სამხედრო კონტინგენტის შემცირება და რაც მთავარია არც უკრაინის, არც საქართველოს და არც მოლდოვის ნატოში არ შეყვანა.
ლავროვმა გაიხსენა აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ბლინკენის ცინიკური სიტყვები — თქვენი წინადადებებიდან მხოლოდ ერთის განხილვაზე დაგთანხმდებით — უკრაინაში ამერიკული რაკეტების განლაგების რაოდენობაზეო.
ბლინკენი, ისე, როგორც ნატოს წევრი 32 ქვეყანა, უკრაინას თავის დე-ფაქტო წევრად მიიჩნევდა და კიევთან ერთდ 2022 წლის მარტში გეგმავდა ფართომასშტაბიან შეტევას დაუმორჩილებელი დონბასის დასამორჩილებლად.
პუტინმა დაასწრო მათ და 2022 წლის 22 თებერვალს წამოიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელმაც თავისთავად გამოიწვია რუსეთ-გერმანია-საფრანგეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებების რაუნდები მინსკში, სტამბოლში. სტამბოლი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, დონბასი, როგორც ავტონომიური ერთეული, სახელმწიფო ენით, რუსულით, რჩებოდა უკრაინის შემადგენლობაში.
ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება მოახდინა უკრაინის რადას წევრმა, ზელენსკის პარტიის ფრაქციის ლიდერმა არახამიამ, მაგრამ ცხოვრებაში ხელშეკრულების ამოქმედებას მსუყე წერტილი დაუსვა დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც ჩაფრინდა კიევში, შეხვდა ზელენსკის და გადააფიქრებინა მას ხელშეკრულების გაფორმება.
ჯონსონი დაპირდა ზელენსკის ომის გაგრძელების შემთხვევაში სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ჯონსონის წინადადება (ბრძანება) შეთანხმებული იყო აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან, ისე, როგორც ნატოსა და ევროკავშირთან.
ის, რომ ჯონსონმა გადააფიქრებინა ზელენსკის ხელშეკრულების არ მიღება, საჯაროდ განაცხადა არახამიამ.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა. ფრონტზე რუსეთის არმიამ პირწმინდად გაათავისუფლა ლუგანსკი უკრაინელი ბოევიკებისგან და 90% დონეცკის ტერიტორიის, გარდა ამისა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიები. საერთო ჯამში რუსეთმა დაიკავა უკრაინის ტერიტორიის 25%, ისტორიული რუსული ტერიტორიები და არა მარტო დაიკავა, არამედ კონსტიტუციაშიც ჩაწერა, რომ დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიები, ისე, როგორც ყირიმი და სევასტოპოლი მისია, დაბრუნებული რუსეთის ჯარის მიერ — სისხლით, ოფლით, მსხვერპლით.
ამ ტერიტორიების საკითხი მოლაპარაკების საგნად აღარ მიიჩნევა, ვინაიდან იურიდიულად, კონსტიტუციურად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არიან.
აბუ-დაბაში აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მიერ გაგზავნილი მომლაპარაკებელების ბიზნესმენ უიტკოფისა და ბიზნესმენ კუშნერის (ტრამპის სიძის) მიერ ორგანიზებული რუსეთ, უკრაინა, აშშ-ს დელეგაციების ორდღიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედინსკიმ განაცხადა — იქ, სადაც რუსი ჯარისკაცი დაადგამს ფეხს და დროშას აღმართავს — რუსეთისაა. ისტორიას ჩაბარდა რუსეთის მხრიდან წარსულში განხორციელებული დათმობები, რომლებმაც რუსეთს სირცხვილის მეტი არაფერი მოუტანაო.
ყურადსაღები განცხადებაა ჩვენთვის, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების მსურველთათვის. მედინსკი პუტინის თანაშემწეა, პროფესორი, დიპლომატი, ისტორიის მცოდნეთა შორის გამორჩეული, ერთობ თავშეკავებული, პოლიტიკურ განცხადებებში, რაც სპონტანურობის ვარიანტს გამორიცხავს.
ეს რუსეთის პრეზიდენტის, ხელისუფლების პოზიციაა, შეუვალი და მტკიცე, რაც გვაფიქრებინებს განსხვავებული, საზრიანი, პრაგმატული პოლიტიკის გატარებისკენ — ეტაპობრივის, ხანგრძლივის, თანმიმდევრულის და არა ემოციურის, გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
მავანი შემედავება — რა საჭიროა გაუთავებელი ლოდინიო. მათ მიმართ ჩემი პასუხი ასეთია — არავითარ ლოდინს ადგილი არ ექნებოდა, თუ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი სააკაშვილი ამიერკავკასიისთვის შესაფერის ნაბიჯს გადადგამდა, არ გაითვალისწინებდა ფლიდი დასავლელების რჩევებს და ომს არ დაიწყებდა ცხინვალში.
მას უნდა სცოდნოდა, რომ რუსი სამშვიდობოების განადგურება ბირთვული სახელმწიფოს ისეთ რეაქციას გამოიწვევდა, როგორსაც ჰქონდა ადგილი.
საქართველოს მაგალითმა არაფერი ასწავლა უკრაინის ხელისუფლებას, რამაც გამოიწვია ისეთი შედეგი, რომელიც მიუღებელია უკრაინის ნეოფაშისტური ხელისუფლებისთვის და მისი წამქეზებელი აშშ-ევროკავშირისთვის.
აშშ-ს ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი ხვდებიან, რომ უკრაინის ომი დიდ პრობლემებს ქმნის არა მარტო მათთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ამიტომაც წინამორბედ ბაიდენისგან განსხვავებით, ძალას არ იშურებენ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის.
ტრამპი, მიუხედავად შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა და დემოკრატების სრული მხარდაჭერისა ზელენსკისა და მისი ხუნტის მიმართ იმედს არ კარგავს, რომ მიზანს მიაღწევს.
ერთ-ერთი ასეთი იყო აბუ-დაბის მოლაპარაკება აშშ-რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის. ევროპელები, რუსეთის მოთხოვნით არ დაუშვეს მოლაპარაკებაზე. გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ევროკავშირ-ნატოს ექსპერტები მოლაპარაკების ადგილიდან დაშორებული სასტუმროს ფოიეში იყვნენ — მოლოდინში, რომ უიტკოფი, კუშნერი და უკრაინის დელეგაციის წევრები ჩააყენებდნენ მათ საქმის კურსში — მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
ევროპელები არ დაუშვეს მოლაპარაკებაზე, რომელიც, გარდა უკრაინის საკითხისა, იხილავდა ევროპის უსაფრთხოების საკითხს.
პუტინის გადაწყვეტილებით, ისინი არა მარტო მოსალაპარაკებელ მაგიდასთან არ მიუშვეს, არამედ იმ სასტუმროს სიახლოვესაც არ გააჭაჭანეს, სადაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება. იცოდა თუ არა ევროპამ ასეთი პროტოკოლის შესახებ?
იცოდა, მაგრამ უსირცხვილოდ, საკუთარი თავის დამცირებით ჩავიდა აბუ-დაბაში.
გასაკვირი არაფერია — ევროპა არ თაკილობს დაუპატიჟებელი სტუმრის როლის შესრულებას საკუთარი მზაკვრული მიზნების მისაღწევად. აბუ-დაბაში მათი მისია იყო ზელენსკისთვის მხარის დაჭერა, დარიგება მოლაპარაკების დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ.
2022 წლის თებერვლის შემდეგ ისეთი ცვლილებები მოხდა ევროპაში, ვერვინ რომ ვერ ივარაუდებდა. უკრაინისადმი მხარდაჭერამ — ფინანსურმა, სამხედრო, საინფორმაციომ, მორალურმა მიიყვანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ-ფინანსურ-სოციალურ დეგრადაციამდე.
რუსეთთან ჭიდილმა, მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებამ, რუსეთთან თითქმის ყველა სახის ურთიერთობის გაწყვეტამ, რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმამ, ევროკავშირი ბეჭებზე დაიდო.
ომის მეხუთე წელს ნატო-ევროკავშირი, უკრაინისადმი უაღრესად მასშტაბურმა დახმარებამ ისე გამოფიტა, რომ ევროპელები ქუჩებში გამოიყვანა. ანტისახელისუფლებო მიტინგებმა, დემონსტრაციებმა, პოლიციასთან შეტაკებებმა, ძვირფასი მაღაზიების ძარცვამ, მოიცვა საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ბელგია, შვეიცარია, ალბანეთი, … ესპანეთში გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლაში 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პროტესტანტები ითხოვდნენ ხელფასების მომატებას, პროდუქტებზე ფასების დაკლებას, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ანტისანიტარიის აღკვეთას, სტუდენტებისთვის სტიპენდიის მომატებას, პროფესორ-მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდას — ყველაფერ იმას, რაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ეხება.
ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ერთმანეთის მსგავსია, რაც პოლიტიკური სისტემის უვარგისობის მაჩვენებელია. ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდი მარქსიზმ-ლენინიზმის პოპულარობაზე აშშ-ს ახალგაზრდებში, რამაც დარწმუნებული ვარ ღიმილი მოგგვარათ. რა გაეწყობა რეალობა ასეთია და უფრო მეტიც, ნიუ-იორკის ცენტრში გამართულმა მასობრივმა დემონსტრაციამ წითელი საბჭოთა დროშებითა და კომუნისტური ლოზუნგებით დამარწმუნა, რომ „დემოკრატიისა“ და კაპიტალიზმის „სავანეში“ არც ისეა საქმე, როგორც გვგონია.
CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას ერთ-ერთმა დემონსტრანტმა უპასუხა — ბედნიერია, რომ ბოლოს და ბოლოს შეიძინა ლენინის ტომები. საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი ქუდები, „ფაფახები“, „უშანკები“, წითელი ვარსკვლავებით დამშვენებული, ისეთი პოპულარობით სარგებლობს, როგორც „ხრუშჩოვკები“, საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლები.
ახალგაზრდების განცხადებით, ასეთი სახლები ხელს უწყობენ მეზობლების, ხალხის ერთმანეთთან დაახლოებას და არა იზოლაციას.
აშშ-ევროპაში არსებული ვითარება ისეთი აღარ არის, როგორიც 30-40 წლის წინ. პოლიტიკოსებიც ისეთები აღარ არიან, როგორებიც იყვნენ. ადენაუერი, ერხარდი, კოლი, დე გოლი, მიტერანი, ვალერი ჟისკარ დესტენი, პომპიდუ, სხვები ისინი ჩაანაცვლეს კალასებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენებმა, რიუტეებმა, მაკრონებმა, შოლცებმა, სხვებმა, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება, პოლიტიკური მრწამსი, ვითარების შეფასების, ანალიზის უნარი.
რა განათლებაზეა ლაპარაკი, როდესაც გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს გენასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ანალენა ბერბოკი აცხადებდა — არ აინტერესებს საკუთარი ამომრჩევლის აზრი, როდესაც უკრაინის პრობლემების წინაშე დგას; რომ მე-19 საუკუნეში სხვანაირი ტანკებით ომობდნენ.
აი, ეს გაუნათლებელი ქალბატონი ამჯერად სახელგანთქმული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია.
ევროპა ღრმა კრიზისშია, თანაც არა მარტო სოციალურში, პოლიტიკურშიც. იცის ამის შესახებ ვინმე აქაურმა, იქ ცხოვრების ოცნებით შეპყრობილმა?
რომ იცოდეს, არ დაიჩემებს ევროკავშირელობას; არ ააფრიალებს ევროკავშირის დროშებს; ფეხქვეშ არ გაეგება ცბიერ და მატყუარა ევროპელს, რომელსაც მოსალაპარაკებელ მაგიდასთან არ უშვებს პუტინი.
აბუ-დაბის მოლაპარაკების შემდეგ ამერიკელი მომლაპარაკებლები უიტკოფი და კუშნერი მოსკოვს გაფრინდნენ პუტინთან შესახვედრად. ოთხსაათიანი მოლაპარაკების მთავარი საკითხი იყო ევროპელთა დაშვება მომავალ მოლაპარაკებებზე, რომელიც მალე გაიმართება ექსპერტთა დონეზე. ამერიკელებმა ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაითანხმეს პუტინი ევროპის წარმომადგენლების მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.
პუტინის ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ გამოწვეულია ევროკავშირის აგრესიული დამოკიდებულებით რუსეთისადმი.
ევროპელი ლიდერები ვერადავერ გასცდნენ კოლონიურ აზროვნებას, სხვებზე ზემოდან, ქედმაღლურად ყურებას. ისინი აგულიანებენ ზელენსკის ომისაკენ. მათ არ სურთ ომის დასრულება, ისე, როგორც ზელენსკის, ვინაიდან ომით ისინი დიდ შემოსავალს იღებენ საკუთარი ჯიბისთვის.
ზელენსკი და მისი ბანდა მილიარდერები არიან. არანაკლები მსუყე შემოსავალი აქვთ მაკრონს, მერცს, ბრიტანეთის ყოფილ თუ დღევანდელ პრემიერებს, ევროკავშირის ლიდერს ურსულას, სხვა კომისრებს. ისინი სიტყვით მშვიდობის მხარდამჭერები არიან, მაგრამ საქმით — ომის. მათგან სიშორე უფრო წაადგება ჩვენს ქვეყანას, ვიდრე სიახლოვე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
15/11/2026
