წარსული, რომელიც ტვირთად გვაწვევს
ჩემთვის გამოცანად არის ქცეული ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის განცხადება რუსეთთან მიმართებაში — ცხადია აგრესიული, სინამდვილისგან შორს მყოფი. ასეთი განცხადებებით გამორჩევიან ოპოზიციონერი „პოლიტიკოსები“, თუმცა „ოცნებელებიც“ არ აკლებენ ხელს.
„ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არ იღებს ქმედით ზომებს რუსული ტელეარხების გადაცემების აღსადგენად, თავისთავად უწყობს ხელს სიცრუის გავრცელებას, მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის აღკვეთას, რაც ისეთივე რამ არის, როგორიც ოპოზიციის განცხადება. რუსული საინფორმაციო სივრცის ჩაკეტვა იწვევს ოპოზიციონერთა ტყუილების ფრქვევას.
რომ არა ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერები, ქვეყნის მოსახლეობას ექნებოდა ნამდვილი ინფორმაცია რუსეთის შესახებ, რაც თავისთავად აფიქრებინებდა ოპოზიციას აღვირახსნილი ანტირუსული განცხადებებისგან ნაწილობრივად მაინც თავის შეკავებაში.
რადიო ეთერში მოსმენილი სიცრუე მაქვს მხედველობაში, გაშვებული ოპოზიციონერი ბედოვლათების მიერ. თემა იყო და არის უცვლელი — ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედების დაგმობა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა, პოლიტპატიმრების ყოლა — სრულიად უსაფუძვლოდ, მათ შორის სააკაშვილის, საქართველოს მიერ ევროკავშირის დავალებების შეუსრულებლობა, რომელმაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების საკითხი გაურკვეველი ვადით გადასწია და სხვა.
ოპოზიციონერები მოთქვამდნენ, რომ ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ და პუტინის ყმობამ საქართველო დააშორა ევროპას, საქართველო აქცია ისეთ ავტორიტარულ, არადემოკრატიულ ქვეყნად, რომლებიც არიან რუსეთი და ბელორუსი, სადაც არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არიან პოლიტიკური პატიმრები.
ხშირად გვესმის შემდეგი — ივანიშვილს სურს საქართველო რუსულ ჭაობში შეიყვანოს და ისეთივე ჩამორჩენილად აქციოს, როგორიც რუსეთია.
თუ ივანიშვილს და „ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვთ რუსეთის ჭაობში საქართველოს ჩაფლობის სურვილი რამ შეუშალა მათ ხელი?
„ოცნება“ 14 წლის განმავლობაში იმყოფება ქვეყნის სათავეში, რაც საკმაო დრო იყო ამ „საშინელი“ გადაწყვეტილების მიღებისთვის, მაგრამ როგორც ვხედავთ საქართველოს რუსეთთან ჩასახუტებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ანდა როგორ უნდა გადაედგა, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აღუდგენია ამ ქვეყანასთან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს წამითაც არ შეუწყვეტიათ რუსეთის აგრესორად, ოკუპანტად მოხსენიება ნებისმიერი დონის საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც.
საქართველო უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას გაეროში და ეთანხმება ანტირუსულ რეზოლუციებს ევროკავშირის წევრ და სხვა არაწევრ სახელმწიფოთა მიერ მიღებულს.
გაეროში 193 წევრი სახელმწიფოა და თუ მათგან 50 მხარს არ უჭერს რუსეთის ინიციატივას ფაშიზმის რეანიმაციის აღკვეთასთან დაკავშირებით, სულაც არ ნიშნავს რუსეთის გაკიცხვას. 50 გაცილებით ნაკლებია გაეროს სხვა წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც ისე უდგებიან ამ საკითხს, როგორც რუსეთი. ჩემთვის გამოცანაა საქართველოს ამ 50-ში ყოფნა.
საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია მონაწილეობა თურქეთის ინიციატივით შექმნილ ფორმატში „2+3“-ში, რომელიც მოწოდებულია ეკონომიკური კავშირების გაფართოების ფორმატის 3 წევრი — საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთია, ორი — თურქეთი და რუსეთი. სათათბირო მაგიდასთან საქართველოს ადგილიც იყო მინიშნებული, მაგრამ სკამი ყოველთვის ცარიელი.
საქართველოს ხელისუფლებას 14 წლის განმავლობაში სიტყვაც არ დასცდენია სოხუმ-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე. არადა, რკინიგზის აღდგენის თხოვნით არაერთხელ მოგვმართა სომხეთის ხელისუფლებამ.
წინა სტატიაში ვწერდი რაოდენ მნიშვნელოვანია რკინიგზის აღდგენა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აღდგენილი რკინიგზა ხელს შეუწყობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების დაწყებას, ნდობის ფაქტორის გაჩენას, ბიზნესის განვითარებას, ინფორმაციების გაცვლას, ყველაფერ იმას, რასაც ადგილი არ ჰქონია მრავალი წლის განმავლობაში.
საქართველოს მოსახლეობამ დაივიწყა აფხაზეთი. ძველი თაობა, ვინც კარგად იცოდა აფხაზეთის ფასი იმქვეყნიურ მარადისობაშია. ახალმა — არაფერი იცის აფხაზეთის შესახებ, თუ რაღაც იცის, ბუნდოვნად, სეპარატისტულ საბურველში გახვეულად. არც აფხაზმა ახალგაზრდებმა იციან საქართველოს შესახებ. და თუ იციან თავიანთი მშობლების გადმოცემით — მხოლოდ ნეგატიური. მათ წარმოდგენაში ქართველი არის აგრესორი, ომის გამჩაღებელი.
თანამედროვე აფხაზეთისთვის მშვიდობიანი ნავთსაყუდელი მოძებნილია რუსეთის სახით, რომელთანაც მას აქვს მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკურ-ფინანსური ურთიერთობები. აფხაზეთში არის რუსეთის სამხედრო ბაზა — უსაფრთხოების გარანტორი მათთვის. ასეთ ვითარებაში ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები — „დებო და ძმებო“-ს ძახილი, მოწოდება ერთად ცხოვრების აღდგენისკენ, ვერაფრით იქნება სინტერესო და მომხიბლველი აფხაზთათვის.
რუსეთ-აფხაზეთს შორის დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები. სოხუმში მყოფი რუსეთის ელჩი მჭიდრო კონტაქტშია აფხაზ პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აფხაზები თავისუფლად მოგზაურობენ რუსეთში, ისე, როგორც რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში. რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთის ზღვისპირეთი პრიორიტეტულია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
სტატისტიკის მიხედვით, აფხაზეთი მეორე ადგილზეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც რუსი ტურისტები ისვენებენ, რაც მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა პატარა ქვეყნისთვის.
აფხაზი რუსთან არის მჭიდრო კავშირში, ისე, როგორც დსთ-ს სხვა წევრ ქვეყნებთან. ასეთ ვითარებაში რას ვაკეთებთ ჩვენ?
გარეგნულად არაფერს, როგორც ჩანს არც შეფარულად. ჩვენსა და მათ შორის შეხების წერტილები ეპიზოდურია — ჟენევის შეხვედრების სახით, რომელშიც ევროპელები აქტიურობენ. ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რათა არ აღდგეს თბილის-სოხუმის კავშირები, თუნდაც სარკინიგზო მიმოსვლა. მათ სულაც არ ადარდებთ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ერთიანი ცხოვრების შესახებ. მათი სურვილი ისაა, რომ რკინიგზის ჩატეხილი ხიდი ასეთად დარჩეს სამუდამოდ.
მათ არ სურთ, რომ რუსეთმა აღდგენილი ხიდის წყალობით გააფართოვოს კავშირურთიერთობები ამიერკავკასიასთან, ძირითადად სომხეთთან, სომხეთის გავლით ირანთან.
აშშ-სა და ირანის სამხედრო დაპირებების შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ირანის გავლით ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯან-რუსეთში, შემდეგ ევროპაში ისეთივე აქტუალურობას შეიძენს, როგორსაც ადგილი ჰქონდა ომამდე. ამ მარშრუტთან მიერთება სრული შესაძლებელია იქნებოდა თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენით. საქართველოს გაუჩნდებოდა ახალი სატრანზიტო მარშრუტი.
რკინიგზის აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეხატა ინტერესი და არა სომხეთს. საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება არ უნდა მიექცია ბრიუსელისთვის, ისე, როგორც დღეს არ აქცევს ყურადღებას და რუსეთთან გამოეძებნა საერთო ენა აღნიშნული აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის.
საერთაშორისო არენაზე ელვის სისწრაფით იცვლება ვითარება, რაც თავისთავად მოქმედებს ამიერკავკასიაზეც. სრულიად შესაძლებელია, რომ სომხეთმა შეცვალოს თავისი პოლიტიკა დსთ-სთან, რუსეთთან, ევრაზიული კავშირთან მიმართებაში და გეზი ევროკავშირისკენ აიღოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების აშკარა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე და აშშ-ს მთავარი შემრიგებლად გამოცხადების შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში, აშშ-ს დაინტერესება ზანგეზურის დერეფნით, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ამერიკული კომპანიების ჩართვით, თავისთავად სვამს საკითხს ამ სატრანსპორტო დერეფნის სიცოცხლისუნარიანობის თაობაზე.
ე.წ. ტრამპის გზა ნაწილობრივ, თუ არა სრულიად გამოიწვევს დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას. ძველი მარშრუტის (საქართველოს) ახლით ჩანაცვლებას.
საქართველოს ხელისუფლებას, რომ დროულად ემოქმედა თბილის-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისთვის, ტვირთები უკვე ივლიდა ამ გზით, რაც თავისთავად დააინტერესებდა სხვა ქვეყნებს. ასეთ შემთხვევაში მოქმედი სატრანზიტო მარშრუტის ახლით (ზანგეზურით) ჩანაცვლება არცთუ იოლი იქნებოდა.
თავი დავანებოთ აღნიშნული მარშრუტით ირანის, ინდოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების დაინტერესებას და თვალი შევავლოთ საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენას.
მავანი იტყვის, რომ ეს შეუძლებელია — რუსეთთან მტრული ურთიერთობის გამო. კეთილი, მაგრამ სამხედრო გზით ხომ ხდება კომუნიკაცია? გარდა ამისა ოდესღაც ხომ აღდგება კავშირები რუსეთთან?
შეუძლებელია იგნორირება გაუკეთოთ უზარმაზარ ქვეყანას და ეკონომიკური კავშირების დამყარებისთვის ენერგია დახარჯო ქვეყნებთან, რომლებიც შორს არიან საქართველოდან. მეზობელი რუსეთის ბაზრის გამოყენება, იქიდან იმპორტის განხორციელება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე არამეზობელი, შორეული ქვეყნიდან.
არაფერ მსგავსს ადგილი არ ექნებოდა საქართველოს ხელისუფალთ, რომ ოდნავი გონიერება გამოეჩინათ ავტონომიური ფორმირებების მიმართ, ამ შემთხვევაში აფხაზეთის. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა საქართველო-აფხაზეთის შეთანხმებას — აფხაზეთში უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებასთან მიმართებაში. იყო მიღწეული კვოტებიც უზენაეს საბჭოში — რამდენი აფხაზი, რამდენი ქართველი და რამდენი სხვა ერის წარმომადგენელი.
არსებობდა სატელეფონო კავშირები — გამსახურდია-არძინბას შორის.
არჩევნების პირველ ტურში აფხაზებმა უმაღლეს საბჭოში 26 დეპუტატი გაიყვანეს, 2-ით ნაკლები, ქართველებმა მხოლოდ ოთხი — 26-დან, სხვა ერის წარმომადგენლებმა კვოტით განსაზღვრული — 11.
დაინიშნა მეორე ტური, რომელიც დაემთხვა თბილისის ომს და დაძაბულობას სრულიად საქართველოში.
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულმა ხელმძღვანელობამ — შევარდნაძის, სიგუას, კიტოვან-იოსელიანის სახით, ავტონომიებთან მიმართებაში ძალისმიერი მეთოდის გამოყენების გზა აირჩია, რასაც მოჰყვა ომი აფხაზეთში — 10 ათასი ადამიანის მსხვერპლით და აფხაზეთის ფაქტიური დაკარგვით.
საქართველოს პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნულ კონფლიქტში რუსეთს ადანაშაულებენ. არადა რუსეთის ხელისუფლება იზიარებდა შევარდნაძის პოლიტიკას, ომის დამთავრების შემდეგ მან ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა აფხაზეთს — შევარდნაძის თხოვნით.
აფხაზეთი ფაქტიურად აღმოჩნდა ბლოკადაში.
უნდა გავიხსენოთ რუსეთის წარმომადგენლის, შემდგომში პრემიერ-მინისტრის ევგენი პრიმაკოვის შუამავლობაც. პრიმაკოვი ჩავიდა სოხუმში და დაითანხმა ვლადისლავ არძინბა შევარდნაძესთან მოლაპარაკებაზე თბილისში.
მოლაპარაკება შედგა, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული — პრიმაკოვის აზრით, შევარდნაძის პოზიციის გამო. არძინბა მოითხოვდა, რომ საქართველო ყოფილიყო „საერთო“ სახელმწიფო ქართველთა და აფხაზთათვის, შევარდნაძე კი „ერთიანის“ მომხრე იყო. როგორც პრიმაკოვი წერს, მოლაპარაკების შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა სტუმართა პატივსაცემი სადილი, რომლის დროს ისმოდა სასიამოვნო სადღეგრძელოები, ურთიერთისთვის კეთილი სურვილების გამომხატველი, მაგრამ საქართველოსთვის, მისი მთლიანობისთვის არც არაფერი.
შევარდნაძის თანხმობის შემთხვევაში აფხაზეთი დე-იურედ საქართველოს ავტონომია იქნებოდა.
დაახლოებით მსგავსი შეცდომა დაუშვა სააკაშვილმაც, რომელმაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან ხაზი გადაუსვა პუნქტს, რომლის მიხედვით თბილისს უნდა დაეწყო მოლაპარაკება სოხუმთან და ცხინვალთან — საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრისთვის.
რუსეთის ხელისუფლება აგვისტოს ბოლომდე ელოდა სააკაშვილის პოზიტიურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაოდ. პირიქით, სააკაშვილის განცხადებები იყო აგრესიული — ახალი ომით დაკარგულის დაბრუნება, რამაც აიძულა რუსეთი, ომის თავიდან აცილების მიზნით ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, დაედო მათთან უსაფრთხოების ხელშეკრულება.
საქართველოს პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ოპოზიციას არ უყვარს იმ წარსულის გახსენება, რომელშიც საქართველოს ხელისუფალთა შეცდომები (რბილად ნათქვამი სიტყვაა) მაგიდაზე დევს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის დადანაშაულება გაათავისუფლებს აქაურ პოლიტიკოსთ მიღებული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებებისგან.
ტყუილით ვითარება, ისტორია არ შეიცვლება. ისტორია, ისტორიად დარჩება. რაღაც ეტაპზე შეიძლება საზოგადოების მოტყუება, მაგრამ არა ყოველთვის, ვინაიდან სიმართლე ბოლოს და ბოლოს გააბათილებს ცრუ წარმოდგენას.
ევროკავშირის სპეციალური კომისიის დასკვნით, ომი ჩვენ დავიწყეთ 2008 წლის აგვისტოში, რასაც მოჰყვა რუსი სამშვიდობო სამხედროების განადგურება. კომისიის თავმჯდომარის ჰაიდი ტალიავინის განცხადებით, რუსეთს სრული უფლება ჰქონდა საქართველოში ჯარის შემოყვანის — საკუთარი მშვიდობისმყოფელების დასაცავად.
ომი, რომ სააკაშვილმა დაიწყო, „ოცნების“ დამფუძნებელმა ივანიშვილმაც განაცხადა, ისე, როგორც დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ. ორივე მათგანი და „ოცნება“ პრორუსულებად მოიხსენიება, რაც არასწორია, უსამართლობაა. „ოცნების“ ხელისუფლებას და მის შემქმნელ ივანიშვილს პუტინის დაკრულზე აცეკვებული რუსული ძალები უწოდო, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულობაა, ცილისწამებაა, აშკარა მანიშნებელია ოპოზიციონერთა მიერ დასავლური ანტირუსული პოლიტიკის გაზიარების.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ახალი პოლიტიკური ვექტორისკენ უნდა განაწყობდეს. მაგრამ არა. „ოცნების“ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის მსოფლმხედველობა, განსაკუთრებით მისი შტაბ-ბინის ბრიუსელის მოხელეთა, ძირფესვიანად შეიცვლება, რაც დამაკმაყოფილებელი იქნება საქართველოსთვის.
სრული გულუბრყვილობაა! 2030 წლამდე 3 წელი გვაშორებს, საკმაოდ მოკლე დრო ევროპელ პოლიტიკოსთა ტვინების სიკეთისკენ შებრუნებისთვის. ევროპელი პოლიტიკოსების ახალი თაობა, განსაკუთრებით ბრიუსელელი მაღალჩინოსნების, რევანშიზმის იდეებით არის შეპყრობილი, ამასთანავე ისტორიული მედიდურობით, გამოყოლილით კოლონიალიზმის ეპოქიდან.
მას ვერ წარმოუდგენია რუსეთის ეკონომიკურ-სამხედრო პრიორიტეტულობა. მას არ სურს რეალობის აღქმა, დაჯერება იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი არადა არ იშლება, რისი იმედიც მას ჰქონდა და რისთვისაც მილიარდებს ხარჯავდა და ხარჯავს.
აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განმარტებით, ევროპელი პოლიტიკური წრეები, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი პარტიების ლიდერები არაკვალიფიციურები არიან და ადვილად იმართებიან „დიპ სტეიტიდან“.
ანალოგიური ვითარებაა აშშ-ი. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს სურს უკრაინაში ომის დამთავრება, რის შესახებაც ის დაბეჯითებით აცხადებდა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ტრამპი არც ისეთი მიზანმიმართულია, როგორიც მისი სიტყვები იყო.
ტრამპის გუნდიც ნაკლებად კვალიფიციურია დიდი სახელმწიფოს სამართავად. მისი აზროვნება ვერ შორდება ჰეგემონიზმს, აშშ-ს ბატონობას მსოფლიოზე. არადა, ჩინეთ-რუსეთ-ინდოეთის ფაქტორი გასათვალისწინებელია, ვინაიდან თითოეული მათგანის ეკონომიკური ზრდის ტემპი აჭარბებს ევროკავშირისას.
ჩინეთი, ეროვნული პროდუქტის წარმოებით უსწრებს აშშ-ს. მსოფლიო ეკონომიკური განვითარების პარამეტრების მიხედვით, ჩინეთი პირველობს, მას აშშ-ი, ინდოეთის და რუსეთი მოსდევენ და არა გერმანია ან იაპონია. გერმანია პირველი ათეულის ბოლოს იმყოფება. სასოწარკვეთილი ევროპა წირავს უკრაინას და ნაცვლად ზელენსკისთვის სწორი დირექტივების მიცემისა, იარაღს აწვდის — ომის გაგრძელების მოწოდებით.
ევროპაში გამალებულ შეიარაღებას აქვს ადგილი, 2030 წლისთვის რუსეთთან ომის დაწყებას, რის შესახებაც აცხადებენ ევროპელი პოლიტიკოსები.
უკრაინის თავდავიწყებულმა სამხედრო-ფინანსურმა დახმარებამ მძიმე სოციალური პრობლემები შეუქმნა იქაურ მოსახლეობას. საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, სხვაგან, განსაკუთრებით საფრანგეთში კარგა ხანია მიმდინარეობს ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები, პოლიციასთან ხელჩართული ომი, სკოლების დაწვა, ისე, როგორც ავტომანქანების, ვიტრინების მსხვრევა.
რას მოითხოვენ ახალგაზრდები?
სკოლებში სისუფთავეს, სკოლების გარემონტებას, მასწავლებლების დამატებას, ვირთხებისა და ტარაკნებისგან სკოლების გაწმენდას, განათლების სისტემისთვის არა 6 მილიარდი ევროს, არამედ 10 მილიარდის გამოყოფას.
ცნობისთვის. პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებით, საფრანგეთმა უკრაინას 10 მილიარდი ევრო შესწირა.
ევროპაში მიმდინარე პროცესები — აშკარად ნეგატიური არ უნდა იყოს მიმზიდველი იმათთვის, ვისაც იქ გაწევრება უნდა. არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად და არც იმ პარამეტრებით, ადამიანის და სიტყვის თავისუფლება რომ ჰქვია, ევროკავშირი არამიმზიდველია.
ერთ დროს ევროკავშირის კომისრის ჟოზეპ ბორელის განცხადება — ევროკავშირი ედემის ბაღია, რომელშიც შეჭრას ლამობენ ჯუნგლებში მცხოვრებნი, ისტორიას ჩაბარდა. დღევანდელი ევროპა გონგამოცლილი პოლიტიკოსების წყალობით ჯუნგლებად არის ქცეული.
ევროპა მუზეუმს ემსგავსება — წარსული ისტორიის არტეფაქტების სადემონსტრაციო სივრცეს. ის გუშინდელია — გლობალისტურია და არა პლურალისტული, რომელსაც წინ ვერ დაუდგება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
10/10/2026
