ეს უკვე ანეკდოტი აღარ არის
საბჭოთა კავშირის დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ანეკდოტები სომხურ და აზერბაიჯანულ რადიოებთან დაკავშირებით. ანეკდოტის მიხედვით, შეკითხვებს ხან ერთ, ხან მეორე რადიოს უსვამდნენ და ისინიც იუმორით პასუხობდნენ. მაგალითად, შეკითხვა სომხურ რადიოს — შეიძლება თუ არა ზღარბზე დაჯდომა? პაუზა. პასუხი — შეიძლება, თუ ზღარბს გაპარსავთ ან სხვისი საჯდომით დააჯდებით მას.
შეკითხვა აზერბაიჯანულ რადიოს — რომელი ცხოველია ყველაზე საზიზღარი? პაუზა. პასუხი — გველი, ვინაიდან მას, მაპატიეთ, ტრაკი არ აქვს. განმარტება — პასუხი გამომდინარეობდა იქიდან, რომ აზერბაიჯანელებს, ცხადია მამაკაცებს უყვარდათ (შეიძლება დღესაც უყვართ) ქალის სრული ფორმები, ისეთი, როგორიც რუბენსის მხატვრულ ტილოებზეა ასახული.
ვერ გეტყვით, რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს ამბავი რუს მომღერალ ზიკინასთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო უნიკალური ვოკალით (ხალხურით) იყო ცნობილი, არამედ სრული, ჩაპუტკუნებული სხეულით, ჰოდა ბაქოში კონცერტის დროს, უფრო სწორად დასასრულისას ქალბატონ ლუდმილას, ხანგრძლივი ოვაციების შემდეგ, 10-ჯერ მოუწია სცენაზე გამოსვლა და სიმღერა. მაგრამ მაყურებელი მოითხოვდა გამეორებას. მომღერალმა, ბოდიშის მოხდით განაცხადა, სიმღერით დავიღალე, რაზეც მაყურებელმა დარბაზიდან შესძახა — სიმღერა არ არის საჭირო, უბრალოდ სცენაზე გაიარ-გამოიარეო.
აზერბაიჯანულ რადიოს ეკითხებიან — შეიძლება თუ არა ქალის დაორსულება შორი მანძილიდან? პასუხი — შეიძლება, თუ ასო მანძილზე გრძელია.
ბოდიშს მოგიხდით ძველი და უწმაწური ანეკდოტების გახსენებისთვის, მაგრამ ის, რაც დღეს აზერბაიჯან-სომხეთში ხდება და ვიღაცას რომ ანეკდოტი ჰგონია, რეალობაა, თანაც უხამსობისა და უმადურობის გამომხატველი, გაცილებით შორსმიმავალი, ვიდრე ამ ორი რადიოს პასუხები.
სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც საბჭოურ პერიოდში ამიერკავკასიად მოვიხსენიებდით, უსერიოზულეს პოლიტიკურ ძვრებს აქვს ადგილი, რომელიც შედეგს ხვალ, არაუგვიანეს ზეგ გამოავლენს და ისეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენებს, რომლის უმტკივნეულო გადალახვა შეუძლებელი გახდება.
თანამედროვე აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკური ელიტა და რაც მთავარია მეთაურები ალიევი და ფაშინიანი — ამერიკა-ევროპით მოხიბლულები, მაქსიმალურად ცდილობენ ახალი პატრონების ძებნაში, ძველის დაწიხლვა — გაქილიკებას, უშვერი სიტყვებით ლანძღვას, ახლის თვალში „კარგი ბიჭის’ სახის შესაქმნელად.
სალანძღავი ობიექტიც გამოძებნილია, ანდა რა გამოძებნა უნდა მათთან მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაში მყოფ რუსეთს?
მავანი იტყვის — ნეტავი შენ, ისევ რუსეთს იცავო! რუსეთს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის იმდენად დიდი და ძლიერია, თვითონ დაიცავს თავს, მაგრამ დიდიც და მძლავრიც შესაძლოა წაიქცეს, თუ მას ყოველი მხრიდან აფთრები მიეძალებიან.
აი, ასეთ მიძალებას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში დიდის და ძლიერის მიმართ და თანაც ვისი მხრიდან?
ყოფილი საბჭოელების, რომლებმაც 70 წლის განმავლობაში დიდი რუსეთის ჯიქნიდან წოვეს და წოვეს სიცოცხლის მომცემი რძე, გასუქდნენ, სახელმწიფოებრიობა შეიქმნეს, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება. შეინარჩუნეს ეროვნულობა, ტრადიციები და ყოველივე ის, რაც ერის არსებობის გამომხატველია. გადაურჩნენ ფიზიკურ განადგურებას, ისტორიის სანაგვეზე მოსროლას.
როდესაც ამას ვამბობ, მარტო ორ ამიერკავკასიურ ქვეყანას — აზერბაიჯანს და სომხეთს არ ვგულისხმობ, საქართველოც მათთან არის, და არა მარტო ის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც, თითო-ოროლას გამოკლებით.
იკითხავთ — რაშია საქმე, რა დააშავა რუსეთმა ისეთი, რომ თითქმის ყველა ყოფილი საბჭოელი ცდილობს მისგან დისტანცირებას?
თუ რუსეთი დამნაშავეა იმაში, რაც მან გაუკეთა ყოფილებს და რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ცუდად ყოფილა საქმე, დაგვიკარგავს ცუდისა და კარგის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი — შავიც და თეთრიც, ერთ ფერად — შავად რომ აღიქმება ჩვენს მიერ.
მავანი იტყვის, რომ ყოფილი საბჭოელების ანტირუსული განწყობა დასავლური პროპაგანდის შედეგიაო, რაც რეალობას შეესაბამება, მაგრამ რა ისეთი პროპაგანდისტული აცრა გაუკეთა დასავლეთმა ყოფილ საბჭოელებს, რომ 30 წლის ე.წ. დამოუკიდებლად არსებობის შემდეგ ესოდენი სიძულვილი გამოეწვია მათში რუსეთის მიმართ?
დასავლური პროპაგანდა საბჭოთა კავშირის დროსაც ხომ იყო — დასავლური რადიოების „ამერიკის ხმის“, რადიო „თავისუფლების“ მიერ წარმოებული, დასავლურ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ანტისაბჭოური სტატიები, ჰოლივუდის მიერ გადაღებული ანტისაბჭოური ფილმები და სხვა მრავალი?
ცხადია, ამან იმოქმედა ახალგაზრდა საბჭოელებზე, საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მებრძოლებზე, ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეებზე, მაგრამ დიდი გავლენა მოსახლეობაზე არ მოუხდენია.
საბჭოელებს რწმენა შეურყია პარტიის ლიდერმა ხრუშჩოვმა — ანტისტალინური განცხადებებით და მისდა უნებურად პროდასავლური ახალგაზრდა მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების ანტისაბჭოური შემოქმედების მიმართ თვალის დახუჭვით.
საბჭოთა სისტემამ მეორე დარტყმა გორბაჩოვის მმართველობის დროს მიიღო, რაც მომაკვდინებელი გამოდგა მძლავრი საბჭოეთისთვის. ვერავითარი დასავლური პროპაგანდა ვერ დაშლიდა საბჭოთა კავშირს, ვერც დისიდენტური მოძრაობა. საბჭოთა კავშირი დაშალა თვით საბჭოთა კავშირის ლიდერმა გორბაჩოვმა და მისმა თანამოაზრეებმა იაკოვლევმა და შევარდნაძემ. მათ არა მარტო საბჭოთა კავშირი დაშალეს, არამედ სოციალისტური ბანაკიც. ხელი მოაწერეს დოკუმენტზე, რომელიც საბჭოთა სისტემის და არა მარტო სისტემის — ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მათი მოქმედებით მეფის რუსეთის და კომპარტიის მიერ სისხლით და ბრძოლით მოპოვებული მსოფლიოს ლიდერობა — სსრკ, აშშ-ს შემდეგ ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერით მეორე სახელმწიფო იყო მსოფლიოში ისტორიას ჩაბარდა.
გორბაჩოვის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოქცეულმა ელცინმა კოჭი უგორა აშშ-ს, ევროპის ქვეყნებს. საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი სამრეწველო გიგანტები, უნიკალური საწარმოები კაპიკებად მიჰყიდა უცხოელებს. თავის ნებაზე მიუშვა სახელმწიფო მმართველობა, თანაც ისე, რომ რუსეთის რეგიონების ხელისუფლება აღარაფრად აგდებდა ცენტრალურ მმართველობას, ზოგმა საკუთარი ფულიც მოჭრა.
უკონტროლობამ რუსეთი დაშლის პირას მიიყვანა. და ალბათ ასეც მოხდებოდა, რომ არა ხელისუფლებაში შემორჩენილი საღად მოაზროვნე ძალები, რომლებმაც ელცინს ხელი ააღებინეს პრეზიდენტობაზე და ნაცვლად პუტინი მიიყვანეს ხელისუფლებაში.
ელცინის მმართველობის პერიოდში ფართო გასაქანი მიეცა ლიბერალიზმს, დასავლეთზე ზედმიწევნით შეყვარებული პოლიტიკოსების ნავარდს, ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ გაურკვეველი, ბუნდოვანი პოლიტიკის წარმოებას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 34 წელი გავიდა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კარგა ხანია დამოუკიდებლები არიან, რუსეთისგან დამოუკიდებლები. და არა მარტო დამოუკიდებლები, არამედ მტრებად გადაქცეულები. ზოგი ამ მტრობას ნიღბავს, ზოგიც აშკარად ღიად გამოხატავს.
მოსკოვის მიერ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, ჯერაც შეუმუშავებელმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რასაც ადგილი აქვს ყოფილებში.
არის ასეთი რუსული გამოთქმა — „სვიატოე მესტო პუსტო ნე ბივაეტ“. დასავლეთისადმი მოსკოვის ლოიალურმა დამოკიდებულებამ წაახალისა დასავლეთი და ლტოლვა მათ მხრიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, მანამდე არსებული დისტანციური პროპაგანდა რეალურმა, ახლო პროპაგანდამ ჩაანაცვლა, რასაც თავი დაადგა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გახსნილმა საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებმა, ამერიკაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებმა, სხვადასხვა სახის ინსტიტუტებმა.
ამერიკული და ევროპული ანტირუსული ორგანიზაციები სისტემატურად უტარებდნენ ტრენინგებს ახალგაზრდა ყოფილ საბჭოელებს. ტვინში უნერგავდნენ, რომ მათი ისტორია, კულტურა, წეს-ჩვეულებები რუსულისას აღემატება. ნაკლოვანებები, რომლებსაც ადგილი აქვს მათ ქვეყანაში საბჭოთა სისტემისა და რუსეთის ბრალია.
რუსეთი, რომელსაც შინ არსებული აბურდული ვითარება სულს უხუთავდა, ვერ აღმოჩნდა სათანადო დონეზე დასავლური პროპაგანდის დასაპირისპირებლად. რუსეთმა, ე.წ. პროქსი ომი პირწმინდად წააგო, რაც რუსეთის დიპლომატიის მიუტევებელი შეცდომაა. რუსეთის საელჩოს დიპლომატები არ და ვერ აწარმოებდნენ ადგილსამყოფელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის ფართო ფენებთან კონტაქტს.
ვწერ რა ამას, ვიხსენებ რუსი დიპლომატების მუშაობას საქართველოში. მათთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. საელჩოში მოწყობილ ყველა წვეულების სტუმარი გახლდით. მაკვირვებდა წვეულებაზე მიწვეულთა შემადგენლობა, ვინაიდან მათ შორის ვერ ვხედავდი იმათ, ვინც საქმიანობიდან და რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილიდან გამომდინარე იქ უნდა ყოფილიყვნენ. მიწვეული სტუმრებიდან იყვნენ რუსულენოვანი არაქართველები ან ისეთები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ ჩაერეოდნენ.
საელჩოს დიპლომატებს, ენის უცოდინრობის გამო წვდომა არ ჰქონდათ ბეჭდვით მედიაში დაბეჭდილ სტატიებზე, ტელეგადაცემებზე. მათ არ იცოდნენ რით იყო გამოწვეული ქართველ პოლიტიკოსთა, ექსპერტთა გულისწყრომა — გამოთქმული რუსეთის მიმართ.
ანალოგიური ვითარება სუფევდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აკრედიტებულ რუსეთის დიპლომატიურ მისიებში. რუსეთის დიპლომატია და პოლიტელიტა ვერ ჩაწვდა დიპლომატიის ანბანს ყოფილ საბჭოელებთან მიმართებაში. ისინი, ისე იქცეოდნენ და იქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ ამ ურთიერთობას დიდსა და პატარა ძმას შორის ურთიერთობა ერქვა. მათ ვერა და ვერ გაითავისეს, რომ ის პატარა ძმა, მართალია ტერიტორიით და მოსახლეობით მართლაც პატარაა, მაგრამ გულით და თვით კრემლის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობით დიდის ტოლია; რომ პატარა, თავის შეხედულებისა და გემოვნების მიხედვით ამყარებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, თუნდაც სულიერ კავშირებს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ისეთთან, რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებულთან.
რუსეთმა საპირისპირო ვერაფერი გამონახა და ნაცვლად პოლიტიკური კურსის შეცვლისა, ძველებურად გააგრძელა საქმიანობა, ანუ ურთიერთობა ოფიციოზთან. რუსეთს წარბიც არ შეუხრია 2008 წელს ერევანში ამერიკის საელჩოს ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით, მოცულობით ყველაზე დიდზე არამარტო რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთში. რუსეთის პოლიტიკას არ დაუსვამს არც ერთი კითხვა იმჟამინდელი სომეხი პოლიტიკოსებისთვის — რატომ ამხელა საელჩო პატარა სომხეთში, რომლის მოსახლეობა 3 მილიონია.
საელჩოს სიდიდის და საელჩოში მომუშავე დიპლომატების რაოდენობის განმსაზღვრელი უპირველეს ყოვლისა მიმღები ქვეყნის ხელისუფლებაა და არა წარმდგენი, ამ შემთხვევაში აშშ-ს. როგორც ჩანს, შეთანხმებას ადგილი ჰქონდა საელჩოს შენობის მშენებლობის დაწყებამდე, ანუ სომხეთის იმ ხელისუფლების დროს, რომელიც არა სიტყვით, არამედ საქმით იყო რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე. მაშინ ფაშინიანის ე.წ. პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ სომხეთმა არ იცოდა.
დიდმა საელჩომ, დიდი დიპლომატიური პერსონალი წარმოშვა, რომელმაც, რუსეთის საელჩოსგან განსხვავებით, აქტიური მუშაობა გააჩაღა ადგილობრივ მოსახლეობასთან. გახშირდა ამერიკელი დიპლომატების ნარდის და ჭადრაკის თამაში ქუჩებში მოთამაშე ერევნელებთან, რომლებიც აღტაცებულნი იყვნენ ამერიკელთა უშუალობით, არაქედმაღლური დამოკიდებულებით მათ მიმართ.
ამერიკელებმა, თავიანთი მოჩვენებითი უბრალოებით მოიმკეს სომხების გული. პროცესი, რუსი დიპლომატების თვალწინ მიმდინარეობდა, ვითომც არაფერი. ფაშინიანის ხელისუფლებაში მისვლამდე ადგილი ჰქონდა და დღესაც აქვს სომეხი ნაცისტების პატივსაცემად მოწყობილ მიტინგებს, მსვლელობებს. გერმანიის ფაშისტური რეჟიმის მიერ შექმნილი სომხური ლეგიონი, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა, დღესაც დიდი პატივით სარგებლობს, ხოლო მისი მეთაური გარეგინ ნჟდე ლამის გმირად არის აღიარებული, რაზეც სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ნჟდე საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა და არა რუსეთის.
რეაგირება აღნიშნულის თაობაზე კრემლის მხრიდან იყო სუსტი ან არაფერი.
ფაშინიანი 8 წლის წინათ მივიდა ხელისუფლებაში — მაშინდელი სომხეთის ხელისუფლების უხერხემლო მუშაობის შედეგად და რუსეთის უყურადღებობის.
ასეთ შემთხვევაში რას აკეთებს ევროკავშირის შტაბ-ბინა?
ცრუ დემოკრატიის ლოზუნგით აუქმებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციონერის მიერ მიღებულ შედეგებს და ახალ არჩევნებს ნიშნავს, რომელშიც ამარჯვებინებს პროდასავლელ პოლიტიკოსს. მსგავსს სჩადის მოლდოვის არჩევნებშიც — კანდიდატ სანდუსთვის მხარის დაჭერით.
სანდუმ, მოლდოვაში პირწმინდად წააგო, მაგრამ ევროპაში მცხოვრები მოლდოველების ხმების დახმარებით გაიმარჯვა. ევროპაში გაცილებით ნაკლები მოლდოველი ცხოვრობს, ვირე რუსეთში, მაგრამ რუსეთში 2 საარჩევნო უბანი გაიხსნა, რამაც არ მისცა საშუალება იქ მცხოვრებ მოლდოველებს გამოეხატათ თავიანთი აზრი.
უნგრეთში, ევროკავშირის პოლიტიკის ოპონენტ ორბანს და მის პარტიას ბრიუსელმა ყველა გზა დაუხშო წარმატების მოპოვებისთვის. ორბანის პოლიტიკის გამო ბრიუსელმა გაყინა 10 მილიარდ ევროზე მეტი — უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხა. უკრაინამ, ევროკავშირის ცენტრთან, ანუ ბრიუსელთან შეთანხმებით გადაკეტა ნავთობსადენი „დრუჟბა“, რამაც ენერგეტიკული პრობლემები შექმნა უნგრეთში. ბრიუსელმა და კიევმა, ბაზრის მსგავსი, ვაჭრობა დაიწყეს ორბანთან — ხელს მოაწერ უკრაინისთვის 90 მილიარდი დოლარის გამოყოფას, მიიღებ ნავთობს, უარის შემთხვევაში — შეგექმნება პრობლემები.
ევროკავშირის ცბიერი პოლიტიკის მიუხედავად საქართველოს პოლიტიკოსებს, მათ შორის ხელისუფლებიდანაც თვალი უჭირავთ იქ შესვლაზე. ერევანში ჩატარებული ღონისძიება, აშკარად ანტირუსული, ანტიჰუმანური, არაფერს ეუბნება მმართველ „ოცნებას“, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირი გამოსწორდება, საქართველოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულება, პოზიტიურით ჩანაცვლდება, რაც ჩემის აზრით აუხდენელი ოცნებაა.
ბრიუსელის შტაბ-ბინაში მოკალათებული კომისრები, რომლებიც არვის აურჩევია — ევროკავშირის ბობოლა წევრებს შორის გარიგებით წამოსკუპებული „საუფროსო“ სავარძლებზე, პირწავარდნილი გლობალისტები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ამხედრებულნი, არ დაუშვებენ ამ კავშირის ისეთად გარდაქმნას, სადაც საქართველოს შეესვლება.
ბრიუსელის მოთხოვნების შემდეგ თუ გაიხსნება ევროკავშირის კარი, ისიც საფიქრელია. უორბანოდ დარჩენილი უნგრეთის მაგალითიც საკმარისია იმ რეალობის სერიოზულად აღსაქმელად.
უნგრეთს რახანია შეუწყვიტეს 10-ზე მეტი მილიარდი ევროს სუბსიდია, ვინაიდან ორბანი ჯიუტად არ ასრულებდა ბრიუსელის დავალებას. ყველას ეგონა, რომ ორბანის მოწინააღმდეგე მადიარის (Péter Magyar) არჩევნებში გამარჯვებასთან ერთად ფული, ონკანიდან წამოსული წყალივით გადაევლებოდა უნგრეთის თავს. ნურას უკაცრავად.
მადიარის ბრიუსელში ვიზიტმა საწინააღმდეგო დააფიქსირა — ჯერ იმ დავალებების შესრულება, რომელიც ორბანმა არ შეასრულა და შემდეგ დაფინანსებაო. ამ დავალებათა ჩამონათვალი გრძელია, თუმცა ორის შესაღებ ვიტყვი — აფრიკა-აზიის ქვეყნებიდან ევროპაში შესული მიგრანტების გარკვეული რაოდენობის უნგრეთში სამუდამო დასახლება და ლგბტ—იდეოლოგიის გაზიარება, გეი პარადების ჩატარება და ა.შ.
უნგრეთი რახანია ევროკავშირის წევრია. თავისი წეს-ჩვეულებებით, ეროვნული სულისკვეთებით — მიუღებელია ბრიუსელისთვის. მას თვინიერი უნგრეთი ესაჭიროება და არა ეროვნული. უნგრეთს პრობლემები აქვს — ევროკავშირის წევრს, საქართველოს, გაცილებით მცირეს, უნგრეთთან შედარებით რა ექნება ევროკავშირში გაწევრების დროს?
ზოგიერთი ე.წ. ექსპერტის განცხადებით, საქართველო თავისი კულტურით, ისტორიული გამოცდილებით, წეს-ჩვეულებებით გაამდიდრებს ევროკავშირს. ისინი წამითაც არ ფიქრობენ, რომ ევროკავშირს საქართველოს არც ეროვნული კულტურა, წეს-ჩვეულებები და სხვა რამ არ აინტერესებს, ისე, როგორც სუფრის, თამადობის ინსტიტუტი.
ქართველი პოლიტიკოსების სისტემატური ხეტიალი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მოკლებულია საქმიან კონტაქტებს. ოპოზიცია დარბის დაფინანსების მოზიდვისთვის, ხელისუფლების წინააღმდეგ გაშლილ მოქმედებაში მხარის დასაჭერად, იმედით იმისა, რომ იქაურთა დახმარებით მოიპოვებს აქაურ გამარჯვებას, ანუ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
ევროატლანტიკური სივრცე არაფერს აკეთებს ისე, რომ სარგებელი არ ნახოს. დამოუკიდებლობის წლებში დასავლური დაფინანსება ქვეყანას არ მოხმარებია, ვინაიდან არც იყო ამისთვის გამიზნული. დამისახელეთ თუნდაც ერთი საწარმო, რომელიც დასავლური ინვესტიციით შეიქმნა.
დასავლური ფული მიედინება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ, იქ მომუშავე ადამიანების მოხიბლვა-გადაბირებისკენ, მათი გადემოკრატიულებისკენ, დასავლურ ყაიდაზე მოქცევისკენ, ყოველგვარი ეროვნულის დავიწყებისკენ, ისე, როგორც წარსული 70-წლიანი საბჭოური ცხოვრების.
„ახალ“ ქართველებს ზრდიან საბჭოეთის, რუსეთის სიძულვილით. ეუბნებიან, რომ საქართველო თავისი ისტორიით აღემატება რუსეთს; რომ პრობლემები, რომლებიც უხვადაა საქართველოში რუსეთის და რუსი ხალხის ბრალია.
რაც მართალია — ევროპას ბადალი არ ჰყავს ტყუილი ისტორიების გამოგონებაში. ტყუილებით, რუსეთის სიძულვილით აღზარდეს მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, შემდეგ გაამარჯვებინეს არჩევნებში და 2008 წელს პრემიერადაც დასვეს — როგორც ხალხის მიერ არჩეული ლიდერი. და იქიდან მოყოლებული ანგრევინეს სომხურ-რუსული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა — ლამის ძმობაში გადასული.
თანამედროვე სომხეთის არსებობა, როგორც ქვეყნის, თავიდან ბოლომდე რუსეთის დახმარების შედეგია. რომ არა რუსეთი, არვინ იცის იქნებოდა თუ არა სომხეთი.
დასავლურმა პროპაგანდამ გადააგვარა არა მარტო სომხეთის პოლიტიკოსთა ტვინები, არამედ მოსახლეობისაც. 8 წლის განმავლობაში სომხურ მედიაში ადიდებულ მდინარესავით მოედინება ანტირუსული რიტორიკა. რა დაუპირისპირა მას რუსეთმა?
არც არაფერი. დროებითიაო — იფიქრა და მალე ჩაივლისო.
სამყაროში მუდმივი არაფერია, ყველაფერი დროებითია, მაგრამ თუ ეს დროებითი, წლების განმავლობაში გრძელდება და შესაბამის შედეგს აღწევს, როდისღა შეიცვლება? და რომ შეიცვალოს, უკვე ტვინგადაბრუნებული ხალხი შეიცვლება დადებითობისკენ? რამდენი წელი დასჭირდება ცრუ პროპაგანდით ტვინგამოლაყებულთა გარდაქმნას?
ალბათ იმდენი ან უფრო მეტი, ტვინის გამოლაყებას რომ მოხმარდა. არადა, რუსეთი დროულად რომ ჩარეულიყო პროცესში, სხვაგვარი ვითარება იქნებოდა და არა უკიდურესი, უკრაინაში რომ აქვს ადგილი.
რუსი დიპლომატების არხეინობა, დაფუძნებული საბჭოურ გამოცდილებაზე, როდესაც ყველა საბჭოთა რესპუბლიკა ათასობით ჯაჭვით იყო ერთმანეთზე გადაბმული, საფუძველმოკლებული აღმოჩნდა. მათი ტრადიციული და თავდაჯერებული გამოთქმა — ვერსად წავლენ, ეკონომიკურად ჩვენზე არიან მიჯაჭვულნიო — მცდარი გამოდგა.
დასავლეთის მიერ აღზრდილმა ფაშინიანმა არაფრად ჩააგდო ეკონომიკური ჯაჭვი — რუსეთზე მიბმული და თავგასაპნული შეუძვრა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს, ბრიუსელელ მოხელეებს, რომლებიც აქეზებენ მას რუსეთის წინააღმდეგ.
სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ისე, როგორც ოდკბ-ს, რუსეთთან ვაჭრობით აქვს მოპოვებული სოციალური მდგომარეობა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისთანავე მკვეთრად გაუარესდება. ევროკავშირში შესვლისთანავე სომხეთი, რომელიც რუსულ გაზს 160 დოლარად იღებს, 660 დოლარამდე გაძვირდება.
სომხეთს პრობლემები შეექმნება რუსულ ბაზარზე ექსპორტში. მაგრამ, როგორც ჩანს, ფაშინიანს და მის მხარდამჭერებს ეს არ აწუხებთ, ვინაიდან იმედოვნებენ, რომ რუსეთს, ევროპა, მეზობლები —აზერბაიჯანი და თურქეთი ჩაანაცვლებენ. აზერბაიჯანი მისცემს გაზს, თურქეთი ათას პროდუქციას, რაც დააკმაყოფილებს სომხეთის მოსახლეობის მოთხოვნებს. ასე ფიქრობს ფაშინიანი, რასაც არ იზიარებს ოპოზიცია და მოსახლეობის უმრავლესობა. მათი აზრით, სომხეთი, თურქეთ-აზერბაიჯანის „მეგობრობაში“ სულს დალევს.
თურქეთი, აზერბაიჯანის ანკლავ ნახიჩევანისა და სომხეთის ზანგეზურის დერეფნის გავლით დაუკავშირდება აზერბაიჯანს. ფაშინიანს, ზანგეზურის დერეფანი 99 წლით აქვს გადაცემული ამერიკული კომპანიისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გზის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
აზერბაიჯანს სხვაგვარი ხედვა აქვს სომხეთისადმი. ის, თვლის, რომ არავითარი სომხეთი არ არსებობდა და არსებობს. სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთი აზერბაიჯანია, რასაც იზიარებს თურქეთი. დროთა ვითარებამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტერიტორიულ პრეტენზიებს მართლაც შეიძლება მოუტანოს პოზიტიური შედეგი.
დღევანდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები სისტემატურად ლაპარაკობენ მათი ქვეყნების ისტორიულ წარსულზე, დიდზე და გრანდიოზულზე, სახელმწიფოებრიობაზე, რომელიც მათ ჰქონდათ. არც ერთი მათგანი გაკვრითაც კი არ ახსენებს მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის როლს ამ ქვეყნების ისტორიაში, რამაც მისცა დასაბამი იმას, რაც დღეს აქვთ.
ისტორია კი სხვას გვკარნახობს, კერძოდ 1813 წლის გულისტანის სამშვიდობო ხელშეკრულება — გაფორმებული რუსეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გენერალმა რტიშჩევმა, სპარსეთის — მირზა აბულ-ჰასან-ხანმა, სპარსეთის მმართველის კარის საიდუმლო სამსახურის მრჩეველმა.
1812 წელს, რუსეთ-სპარსეთის მოლაპარაკების დაწყებისას, სპარსეთმა მოითხოვა რუსეთის იმპერიის მიერ მიღებული მთელი ამიერკავკასიის უკან დაბრუნება. შემდეგ გააგრძელა სამხედრო მოქმედება, შეწყვიტა-რა მოლაპარაკება.
რუსეთის მიერ, თურქეთთან ომის შემდეგ, 1812 წელს და რუსეთ-თურქეთის ბუქარესტის ხელშეკრულებამ აიძულა სპარსეთი პოზიციების შეცვლაში და რუსეთთან მოლაპარაკებების აღდგენაში, რომელი დამთავრდა გულისტანის ხელშეკრულებით.
გულისტანის ხელშეკრულების მიხედვით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადადიოდა ყარაბაღი, განჯა, შირვანი, შეკინი, დერბენტი, კუბა, ბაქოსა და თალიშის სახანოები, ისე, როგორც დაღესტანი, საქართველო, სამეგრელო, აფხაზეთი.
გულისტანის სამშვიდობო ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა ფეთხ-ალ-შაჰის მიერ 1814 წლის აპრილში, ხოლო იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ იმავე წლის მაისში.
დიდი ბრიტანეთის წახალისებით, სპარსეთი დაბეჯითებით ითხოვდა გულისტანის ხელშეკრულების გადახედვას და შაჰის ირანისთვის აღმოსავლეთ კავკასიის დაბრუნებას. ამ მიზნით, 1826 წელს დაიწყო ომი რუსეთთან, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა — 1826 წლის თურქმანჩაის ხელშეკრულებით, რომელმაც აღიარა გულისტანის სამშვიდობო ხელშეკრულება.
მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული სამხედრო პარადის შემდეგ, რომელმაც გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, მართლაცდა გრანდიოზული ღონისძიების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია რომელ კავშირში უნდა ყოფნა — ევროკავშირში თუ ევრაზიულ კავშირში, რისთვისაც საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება. სამწუხაროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სხვა გზას დაადგა, სომეხი ხალხის ფაქტის წინაშე დაყენებას. ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთი, ევრაზიული ქვეყნების ხელმძღვანელები.
ნუთუ, ასეთი მოულოდნელი იყო ფაშინიანის ნაბიჯი პუტინისთვის?
ნუთუ, განვლილი 8 წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაინახა ფაშინიანის ვირეშმაკობა — პირში ღიმილი, ზურგს უკან ლანძღვა?
ნუთუ, სომხურ მედიაში გახურებული ანტირუსული კამპანია არაფერს ეუბნებოდა პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას?
ანტირუსობისთვის ფაშინიანმა ომიც გააჩაღა მთიან ყარაბაღში — დასაწყისშივე წაგებაზე განწირული. შედეგი ომისა და ფაშინიანის განცხადებები გვეუბნებოდა შემდეგს — რუსეთთან კავშირების გასაწყვეტად ყარაბაღის ომის გაჩაღება იყო საჭირო მოსალოდნელი დამარცხებით და რუსეთის გინებით — ოდკბ-ს წევრ სომხეთს დახმარება არ გაუწიაო.
არადა, სომხეთს ოფიციალური წერილითაც არ მიუმართავს რუსეთისთვის. ფაშინიანმა რუსეთის მხრიდან დახმარების არ მიღებასთან დაკავშირებით ანტირუსული პროპაგანდა გაახურა მედიაში — სომეხი ხალხის დასარწმუნებლად რუსულ ღალატში, რაც მოახერხა კიდევაც.
დღეს, სომხების საკმაო ნაწილი უნდობლობას გამოთქვამს რუსეთის მიმართ. ფაშინიანი ამ რთულ გეგმას ვერც შეიმუშავებდა და ვერც განახორციელებდა დასავლელთა აქტიურობის გარეშე, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროკავშირის შტაბ-ბინის ბრიუსელის.
რუსეთის „ღალატით“ აღშფოთებულმა ფაშინიანმა, ფართოდ გაუღო კარი ევროატლანტიკურ სივრცეს, განსაკუთრებით ევროკავშირულს და რუსთა მიერ დაცარიელებულ სათამაშო მოედანზე ევროკავშირი შემოიყვანა. უფრო სწორად, ევროკავშირმა მოთვინიერებული ფაშინიანით შემოაღწია ამიერკავკასიაში — აისრულა რა მრავალწლიანი ოცნება. ამიტომაც იყვნენ ასე გახარებულნი ევროკავშირელები ერევანში გამართულ შეკრებაზე — აშკარად ანტირუსულზე, რაც არაერთხელ გაისმა საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სხვების.
მაკრონის განცხადება, რომ ევროკავშირი სომხეთშია ფაშინიანის დამსახურებაა. მან 8 წლის განმავლობაში შექმნა დასავლური ატმოსფერო სომხეთში. 8 წლის წინ ვერვინ იფიქრებდა ერევანში ჩასვლას — რუსეთის მოკავშირე ქვეყანაში. მან ისიც თქვა, რომ მალე იხილავს სომხეთს რუსეთის სამხედრო ბაზის გარეშე.
გახარებულმა ფაშინიანმა, მაკრონი გიუმრიში ჩაიყვანა და რუსეთის სამხედრო ბაზასთან სომხეთის ხელოვნების მუშაკთა კონცერტზეც დაასწრო.
ერევნის შეკრების მთავარი „სიხარული“ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იყო, რომელსაც ისეთი მტლაშა-მტლუში გაუმართეს ევროკავშირელებმა, უკეთესს რომ ვერვინ ინატრებდა. ევროპელთა ლიდერად აღიარებულმა ზელენსკიმ — ასე თვლის ის თვის თავს, ლანძღვა არ მოაკლო რუსეთს და დაემუქრა 9 მაისს, წითელ მოედანზე გამართული პარადისთვის დრონების გაგზავნას.
ფაშინიანს, რომელიც გვერდს უმშვენებდა ზელენსკის, სიტყვაც არ დასცდენია მუქარის საწინააღმდეგოდ. არადა, სომხეთი, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, ისე, როგორც ევრაზიული კავშირის წევრი, რაც ავალდებულებს მას მსგავს რეაქციულ რიტორიკაზე პასუხის გაცემას.
ევროკავშირი ერევანში ხარობდა. ხარობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც, რომელმაც თქვა, რომ სომხეთი შეასრულებს ბრიუსელის ყველა დავალებას; ბრიუსელის კანონმდებლობას მოარგებს სომხეთის კანონმდებლობას, თუ სომხეთს სწრაფად არ გააწევრებენ ამ კავშირში, გულდასაწყვეტი არაფერი იქნება, ვინაიდან სომხეთი ევროპული ცხოვრების ფერხულში ჩაებმება, ესოდენ სანატრელში სომეხი ხალხისთვის.
ზელენსკის ვიზიტი აზერბაიჯანშიც გაიმართა — სომხეთში ვიზიტამდე. მასპინძელმა ალიევმა ჰუმანიტარული დახმარების ახალი ნაკადის შესახებ ამცნო სტუმარს. განიხილეს სამხედრო კავშირების გაღრმავების საკითხიც.
ალიევს სიტყვა არ დასცდენია უკრაინული დრონის შედეგად გამოწვეულ საჰაერო კატასტროფაზე.
ცნობისთვის. უკრაინული დრონების მოგერიების დროს ჩრდილო კავკასიაში, რუსეთმა შემთხვევით ჩამოაგდო აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავი. ყველა მგზავრი დაიღუპა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც.
ალიევმა მაშინ მკაცრი განცხადება გააკეთა რუსეთის მიმართ. პუტინმა ბოდიში მოუხადა და კომპენსაციაც გადაიხადა, თუმცა ალიევის გული ვერ მოიგო.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ანალოგიურ ინციდენტებსს აქვს ადგილი, მაგრამ დაზარალებული მხარე და დამზარალებელი საერთო ენას ნახულობენ, რასაც ალიევ-პუტინის შემთხვევაში დღემდე არ აქვს ადგილი. ალიევმა ეს ინციდენტი თავისებურად გამოიყენა, რუსეთისგან სრული დისტანცირების მიზნით.
რა გაეწყობა, ერთ დროს მეგობრები, შორდებიან ერთმანეთს. სომხეთ-აზერბაიჯანი სხვა პოლიტიკური განზომილებით ცხოვრობენ. ორივე კარგა ხანია ანვითარებს დისტანცირების პოლიტიკას, რაზეც რუსეთს პასუხი არ აქვს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის დიდი ღონისძიების მასპინძელი, ერთობ მოხიბლული საფრანგეთის პრეზიდენტის ყოფნით სომხეთში, აეროპორტში გამომშვიდობებისას ისე ჩაეხუტა მაკრონს, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს.
მაკრონმაც მთელი არსებით უპასუხა, რამდენიმეჯერ მთელი ტანით ჩაიხუტა ფაშინიანი, შემდეგ თვალებში ჩახედა და ისევ ჩაიხუტა. კოცნეს და კოცნეს ერთმანეთი, როგორც დიდი ხნის შეყვარებულებმა. შემდეგ მაკრონმა, კეკლუცით აირბინა ტრაპზე, შემობრუნდა, მარჯვენა ხელი გულზე დაიდო და ფაშინიანისკენ გაიშვირა. ფაშინიანმაც არ დააყოვნა და ხელებით გული გამოხატა, სიყვარული.
რამდენჯერმე ვიხილე განშორების სიუჟეტი და დავრწმუნდი, რომ ფაშინიანისა და სომხეთის ადგილი ევროკავშირშია — ლგბტ იდეოლოგიის მატარებელში. მას არაფერი ესაქმება ევრაზიულ კავშირში — გაუკუღმართებული ცხოვრების წინააღმდეგ ნეგატიურად განწყობილში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
12/05/2026
