09.04.2026

ბედნიერების რეიტინგით გახარებული ხელისუფლება

საქართველოში არსებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარება მაგრძნობინებს ცხოვრების მაჯისცემის არითმიულობას, რაც კარდიოლოგიური დაავადების მანიშნებელია, ხშირ შემთხვევაში ინფარქტით დამთავრებულის.

ჩამოთვლა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა, ფუჭი გარჯაა, რამეთუ კონსტატირება იმისა, რაც ყველამ ვიცით, უშედეგოა. ხალხმა იცის ის, რაც მის თავზე ტრიალებს, მაგრამ არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ამ თავბორბალას — სოციალურს და გაუსაძლისს. არც ის იცის, ვის და რას მიმართოს.

სხვა ქვეყანაში ხელისუფლებას მიმართავს — ჯერ მედიით, შემდეგ მიტინგით, ქუჩის მარშებით, ლოზუნგებით, გამოსაფხიზლებლად. ჩვენში სოციალური სახის მიტინგი ან საპროტესტო მარში არასდროს გამართულა. ხალხს ეთაკილება „გვშიაო“-ს თქმა, სოციალური პრობლემების ხმამაღლა გაჟღერება, მაგრამ არ ეთაკილება ავტომანქანების სავალ ნაწილზე მათხოვრობა, მძღოლებისგან სამოწყალო ფულის მიღებისთვის ხელის გაწვდა, არც სანაგვე ყუთებში ქექვა ეთაკილება.

ამ სურათს ყველა ჩვენგანი შევსწრებივართ, ჩაგვივლია ვითომც არაფერი, ვინაიდან მათხოვრობის პრობლემასთან შეჭიდება ჩვენს საქმედ არ მიგვიჩნევია — უღონობის გამო.

ვისაც ღონე აქვს — სამთავრობო სავარძლით მოტანილი, მასაც ისე ჩაუვლია, ვითომც არაფერი და შემდეგ ერთ-ერთი პრეს-კონფერენციის დროს ჩვენთვის მოუხარებია — ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავაო.

ყოველთვის მაინტერესებდა „ბედნიერების“ ამსახველ მონაცემებს ვინ აწვდიდა დასავლელებს, რომლებიც მსგავს გაუგებრობას საჯაროდ აცხადებდნენ. ჩვენთვის ცნობილი  IRI-ის და NDI-ის სახალხო გამოკითხვის შემდგენლებიც მაინტერესებდა და კარგა ხნის წინათ ოფისში  მივაკითხე. ერთმა ნაცნობმა „ოფისელმა“ გამიმხილა, გამოკითხვის პროცედურასაც და შედეგებსაც ქართველი დაქირავებულები ვასრულებთო. უცხოელი, ამერიკელი კონკრეტულ შემთხვევაში თავის საბოლოო მოსაზრებას გვკარნახობსო.

ასე რომ, პატივცემულო მკითხველო, საქართველო, რომ ბედნიერი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა — ესოდენ გაპარტახებული, ჩვენს ქვემოთ მყოფი ქვეყნები, როგორები იქნებიან?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გვამცნო ეს „სასიხარულო“ ამბავი. სხვათა შორის ამ „ოქროპირს“ უყვარს საქართველოს წარმატებების ჩვენთვის მოყოლა — აი ასეთის, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7, 8, 9 ხან 10%-ს აჭარბებსო, ეროვნული პროდუქტის წარმოებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც ვუსწრებთო და ა.შ.

ანალოგიურ დასკვნებს აკეთებს საქართველოს უგვირგვინო იმპერატორი ივანიშვილი. მისი აზრით, ჩვენ ვუსწრებთ ნიდერლანდებს, საფრანგეთს, სხვა ქვეყნებს და ამას გვეუბნება ის, დარწმუნებული მონაცემებში, რომელიც მას ვიღაცამ მიაწოდა. აი, სწორედ ის ვიღაცაა ყურებდასახევი, ვინც სიცრუეს აწვდის ივანიშვილს, კობახიძეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 სიცრუეში, რომელშიც ვცხოვრობთ, უპირველესად ხელისუფალთა ბრალია. მათი სურვილის შემთხვევაში სტატისტიკური სამსახურის მიერ ცრუ ინფორმაციის ცხობას წერტილი დაესმებოდა. მაგრამ ხელისუფლებას აწყობს სიცრუე, უფრო მეტიც, ის უკვეთავს ყალბ სტატისტიკას და შემდეგ თავი მოაქვს — ნახეთ რა კარგი ცხოვრება გარგუნეთ, წარსულში რომ არასდროს გქონიათო. შედარებისთვის იხსენებენ სააკაშვილის მმართველობას, რეპრესიებს და ა.შ.

გასული კვირა სააკაშვილ-ნოღაიდელისა იყო — მათი გახსენების, უფრო სწორად ხელისუფლებამ გაუთავებელი სასამართლო პროცესით სააკაშვილის დანაშაულებრივ მმართველობასთან დაკავშირებულით, სააკაშვილიც გაგვახსენა და მისი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელიც.

სააკაშვილი თვით ესწრებოდა სხდომას და გუშინდელი, ვითომ მომაკვდავი, საღ-სალამათად გამოიყურებოდა. მან, მოწმის სახით დაბარებულ ნოღაიდელს მოღალატე უწოდა, პუტინთან ჩახუტებისთვის.

პუტინი სააკაშვილისთვის პირველი მტერია და არა მარტო მისთვის, არამედ :ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ამიტომ ნოღაიდელისთვის ამ დამღის მიკერება აუტანელი გამოდგა და სასამართლო დარბაზში დაპირისპირებულთა შორის გაწევ-გამოწევაც გაიმართა.

სასამართლოდან გამოსულმა „დაღლილმა ვირმა“, როგორც მას ნათელაშვილმა შეარქვა კარგა ხნის წინათ, გალანძღა სააკაშვილი და ქვეყნის უბედურება მას გადააბრალა. „დაღლილი ვირი“ არც დაღლილს ჰგავდა და არც ვირს, დიდ ჩამრგვალებულ უზბეკურ საზამთროს წააგავდა. ასაკმა და უზომო ჭამამ იცის ესოდენი ჩამრგვალება.

ყველაფერი, რაც ნოღაიდელმა ბრძანა სიმართლეა, თანაც ისეთი, წყალი რომ არ გაუვა.

სააკაშვილი მოვლენა იყო საქართველოს თანამედროვე ისტორიაში — ნეგატიური, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა პოლიტიკა, სახელმწიფო მმართველობა, სისტემა, რომელიც მას დახვდა და იმ გამოთქმისა არ იყოს — ცხენშებმულ ეტლზე წინ დაიწყო სირბილი. დაიწყო თუ დააწყებინეს მისმა ამერიკელმა სპონსორებმა და მხარდამჭერებმა, რომელთა მიზანი იყო რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდამ მოგიზგიზე ლამპრის დანთება — ხანძარში გადასულის, სხვა საკითხია.

სააკაშვილი იყო ამერიკელთა ხელში ის იარაღი, რომელიც მუდმივ დაპირისპირებაში იქნებოდა რუსეთთან.

სააკაშვილის დანაშაული ის არის, რომ დაემორჩილა ამერიკელთა ბრძანებებს, რითაც ტერიტორიებიც დაკარგა და საკუთარი თავიც ჩაიგდო მდგომარეობაში, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდება.

სააკაშვილმა ისე შეუგნებლად, გაუაზრებლად იფართხალა, რომ არჩევნებიც წააგო და ხელისუფლებაში მოიყვანა მილიარდერი ბიზნესმენი, რომელმაც პირადული შეურაცხყოფა, მიყენებული სააკაშვილის მიერ არ აპატია და „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხეში გაისტუმრა.

ჰქონდა თუ არა სააკაშვილს სხვაგვარად, ადეკვატურად მოქცევის შესაძლებლობა?

ჰქონდა! მან საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყნის მართვა ვერ შეძლო — სახელმწიფო მართვის ანბანის არცოდნის გამო.

სააკაშვილმა დაიწყო სახელმწიფო მართვის ორგანოების დისკრედიტაცია, მასავით გამოუცდელი მინისტრებისთვის ძალაუფლების მიცემა. მინისტრთა, ხელმძღვანელ მუშაკთა უცოდინარობამ გამოიწვია ხალხში მათდამი უპატივცემულობა, დაცინვა. სააკაშვილის მიერ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს ხელისუფლება და ხალხი. ეს სავალალო პროცესი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლების დროს — გაცილებით მანკიერად, ვიდრე ადრე.

განა ასეთ დამცირებას არ ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის თბილისში ვიზიტის დროს?

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სურვილი იყო საქართველოს მეთაურთან მოლაპარაკების გამართვა. საქართველოს მეთაური არის პრეზიდენტი ყაველაშვილი, მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრი კობახიძე, მაგრამ ალიევის სურვილი არ ყოფილა მათთან მოლაპარაკების გამართვა. ალიევს სურდა ქვეყნის რეალურ მმართველთან მოლაპარაკება, ანუ ივანიშვილთან, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია.

ერთ-ერთი პარტიის, თუნდაც მმართველის საპატიო თავმჯდომარეობა ვერაფრით გაუტოლდება ქვეყნის მეთაურის სტატუსს. ე.ი საქართველოს ჰყავს ბუტაფორული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ნამდვილი კი არც ერთი ამ თანამდებობის მატარებელი არ არის, თუმცა ის, ანუ ივანიშვილი არც ერთი ამ თანამდებობის მატარებელი, საფრანგეთის მოქალაქე და საფრანგეთის ყველაზე მაღალი ორდენის მატარებელი არის ნამდვილი მმართველი — განუსაზღვრელი უფლებებით, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტიც, პრემიერიც, ნებისმიერი მინისტრიც და ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან დათხოვოს.

ყოველივე აღნიშნული ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა რომ ვიცით და არ ვდარდობთ სახელმწიფო ინსტიტუტების დაჩიავების — პასუხისმგებლობის დეფიციტის მომასწავებელია და მანიშნებელია სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დეგრადაციის.

არ არის სახელმწიფო ინსტიტუტები და არ არის სახელმწიფო სტრუქტურა, სისტემა, სახელმწიფოს შემკვრელი.

ჩვენ, ჩვენი სატკივარი რომ ვიცით და არ ვრეაგირებთ — ჩვენი პრობლემაა, მაგრამ სხვამაც იცის და შესაბამისად რეაგირებს. მაგალითად, ალიევმა, რომელმაც იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს, ვინაიდან ისინი საკითხს ვერ გადაწყვეტენ ივანიშვილის გარეშე. აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტი ან პრემიერი, პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას დამცირებულები არიან, ფოსტალიონის როლში, ანუ ივანიშვილის ნათქვამის ალიევისთვის გადამცემები.

ალიევი სახლში ეახლა ივანიშვილს, რაც პროტოკოლური თვალსაზრისით პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. პრემიერთან ოფიციალური მოლაპარაკების შემდეგ, რომ ალიევს ბიძინასთან ხანმოკლე ვიზიტით შეევლო, როგორც ძველ მეგობართან, თუმცა ვეჭვობ მათ მეგობრობაზე, ასე თუ ისე აღიქმებოდა, მაგრამ ივანიშვილთან მოლაპარაკებას მთავრობა ესწრებოდა, პრემიერი კობახიძე კი ალიევ-ივანიშვილს, როგორც პატარა ფინია, მოშორებით უკან მისდევდა.

ივანიშვილმა არც კი მიიხმო კობახიძე, გვერდითაც არ დაიყენა, რითაც ხაზი გაუსვა საკუთარ იმპერატორობას, ზემდგომობას პრეზიდენტზეც და მთავრობაზეც, რითაც ფეხი გაიწმინდა ჩვრად დაგებულ ქართულ სახელმწიფოზე — თუ ამას სახელმწიფო ჰქვია.

ამის შემდეგ გამოდის პრემიერი კობახიძე და გვიყვება საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე, ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილის დაკავებაზე.

ალიევის ვიზიტის მიზანი, ჩვენთვის გაურკვეველი და სამარჩიელო, უდავოდ შეეხებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს — აშშ-ისრაელსა და ირანს შორის. ვიზიტმა დაასწრო პრეზიდენტ ტრამპის მუქარას ირანის ცივილიზაციის განადგურების თაობაზე და ამავე მუქარის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შეთანხმების მიღწევას.

ტრამპის განცხადებამდე სტუმრობდა ალიევი ივანიშვილს, შეწუხებული აზერბაიჯანის ნავთობისა და ტვირთების ტრანსპორტირებაში მოსალოდნელი პრობლემების გაჩენით. ალიევი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვენსის ბაქოში ვიზიტის დროს, რომელსაც მოჰყვა აზერბაიჯან-აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე ხელის მოწერა, ალიევი, გაფხორილი მამალივით დაიარებოდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.

წინა სტატიაში ვწერდი ალიევ-ფაშინიანის აღფრთოვანებას ტრამპის მიერ თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ. მაშინ ალიევმა მლიქვნელურად ბრძანა, რომ მოხარულია მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს მეთაურთან ურთიერთობების ჩამოყალიბების. იგივე გაიმეორა ვენსის ბაქოში ვიზიტის დროს. ორმა, ახალგამომცხვარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკისამ ალიევმა და ფაშინიანმა ზანგეზურის დერეფანს „ტრამპის მშვიდობის გზა“ დაარქვეს. ფაშინიანმა ისიც „მოახერხა“ ამ გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა 99 წლით ამერიკული მხარისთვის გადაეცა.

მოკლედ და კონკრეტულად ორივე ხარობდა ამერიკელთა შემოსვლით, განსაკუთრებით ალიევი, ვინაიდან ზანგეზურის დერეფნით აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს და თურქეთს, რითაც ნატოს წევრი თურქეთი, სომხეთზე გავლით დაუკავშირდება აზერბაიჯანს, კასპიის ზღვით ცენტრალურ აზიას; აშშ-ი, ნატოელი მოკავშირის თურქეთის გამოყენებით კონტროლს დააწესებს რუსეთზე, ირანზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, აგრეთვე სატრანსპორტო მაგისტრალებზე და კასპიის ზღვის სიმდიდრეზე, ნავთობზე.

ირანში გაჩაღებულმა ომმა და ირანის მტკიცე პოზიციამ დაეცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი აშშ-ს პრეზიდენტის „ბლიც ომის“ გეგმა ჩაშალა. ყველამ დაინახა, რომ მსოფლიო ჰეგემონი, კბილებამდე შეიარაღებული ვერაფრით უგებს ომს, ვერ აჩოქებს ირანს — სამხედრო თვალსაზრისით ჰეგემონთან შედარებით გაცილებით ქვემოთ მდგომს, მიუხედავად კოლოსალური ნგრევისა და მსხვერპლისა.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გაუძლო არა მარტო ამერიკულ ბომბებს, არამედ არანაკლებ დამანგრეველ პროპაგანდას, რომ უხელმძღვანელოდ დარჩენილი ირანი გატყდება, დათანხმდება ამერიკულ ულტიმატუმს და ფეხებს დაუკოცნის ტრამპს.

ახლო აღმოსავლეთის ომმა გვაჩვენა ჭეშმარიტება, რომელიც ყავლგასულია ყველგან, გარდა ირანისა — სამშობლოს სიყვარული ნებისმიერ ბალისტიკურ ბომბზე ძლიერია.

ტრამპის მუქარისთანავე 14 მილიონი ირანელი გამოვიდა ქუჩებში, დაიკავა ხიდები, ელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, პროტესტის ნიშნად. ტრამპი ხომ ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებას იმუქრებოდა. თუ რა მოჰყვებოდა ტრამპის მუქარას საზარელი იყო მსოფლიოს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ტრამპმა ვერ გაბედა და უკმაყოფილომ განაცხადა — ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის მოწოდება ირანელებს დაეცვათ ხიდები და ელექტროსადგურები უკანონოაო.

ტრამპის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ერთი საათით ადრე პაკისტანის პრეზიდენტის ძალისხმევით ირანის ხელისუფლება დათანხმდა მოლაპარაკებაზე საკუთარი 10-პუნქტიანი გეგმის და არა ამერიკული 15-პუნქტიანის განხილვით, რომელიც ამჯერად პაკისტანში მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, ალიევი დააფიქრა აშშ-ს წყალშემდგარმა უძლეველობამ, მსოფლიო ლიდერობამ და მეზობელი გაიხსენა, ის, რომლის ტერიტორიაზე გადის აზერბაიჯანის მილსადენი, ტვირთები. არადა მანამდე ახალი მარშრუტით გულგამაგრებული ზერელედ უყურებდა საქართველოზე გამავალ სატრანზიტო გზას.

ალიევისა არ მიკვირს აშშ-ისადმი აღტაცების გამოხატვა, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ამჯერად დამოუკიდებელი ქვეყანა ამ სენით არის დაავადებული, განსაკუთრებით ქართველები. ერთმა ე.წ. პოლიტიკოსმა ისიც ბრძანა ანაკლიის პორტს ტრამპის სახელი დავარქვათო. როგორც ჩანს, მოეწონა ფაშინიანის ინიციატივა ზანგეზურის დერეფნისთვის „ტრამპის მშვიდობის გზის“ სახელის მიკუთვნების.

აშშ-ს მიმართ განსაკუთრებული ახურება ჰქონდა სააკაშვილს, რომელმაც რეიგანის ძეგლიც დაგვიდგა, ბუშის ქუჩაც გააჩინა თბილისის რუქაზე და სრულიად საქართველო ლამის აშშ-ს მონად აქცია; ცხინვალის ომის ისტორიაც ამერიკელებს გადააღებინა — ჰოლივუდელი მსახიობის ენდი გარსიას მონაწილეობით, სააკაშვილის როლში. ამ მხატვრული ფილმის დემონსტრირებაც გამართა რუსთაველის კინოთეატრში; წითელი ნოხიც დააფინა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესა და კინოთეატრ რუსთაველს შორის, ქუჩაც გადააკეტვინა მოწვეული სტუმრებისთვის.

უზომოდ გადაპრანჭული საზოგადოება ისე მიუყვებოდა წითელ ნოხს კინოთეატრისკენ, როგორც ამერიკელები ლოს-ანჟელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე.

სააკაშვილის ახურება ძვირად დაუჯდა ქვეყანას, თუმცა ჭკუის სასწავლად არ გამოდგა იმ ქართველთათვის, ვინც აშშ-სკენ იმზირება, ამერიკით ხარობს და თავისას არაფრად აგდებს.

ახლო აღმოსავლეთის ომმა მაინც დაგაფიქროთ ურწმუნო თომებო, რომ ამერიკული ჰეგემონობა საყრდენს კარგავს და დაღმა მიექანება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

09/04/2026