„ცხოვრების აუტანელი სიმსუბუქე“
„ნევინოსიმაია ლიოგკოსტ ბიტია“ (Nesnesitelná lehkost bytí) მილან კუნდერას (Milan Kundera), ჩეხი მწერლის რომანი გამახსენა საქართველოს პოლიტიკოსების, მთლიანად საზოგადოების „სიმჩატემ“ ჩვენს მეზობლად მიმდინარე ომისადმი. როგორ ჩანს, ხელისუფლებას, ისე, როგორც მის მხარდამჭერ საზოგადოებას რაღაც ისეთი განძი აქვთ ხელში ჩაგდებული, რომელიც გაჭირვების ჟამს იხსნის ქვეყანას.
მილან კუნდერას რომანის სათაური ჩვენებურად ასე ჟღერს — „ცხოვრების აუტანელი სიმსუბუქე“. სხვათა შორის, ავტორი ამ რომანისთვის ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი — შორეული სოციალისტური ცხოვრების დროს.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ მრავალი ათეული წლის შემდეგ, ამ შესანიშნავი ნაწარმოების სათაურს გავიხსენებდი დღევანდელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის მისასადაგებლად.
გამოგიტყდებით, ვერასდროს ვიფიქრებდი, თუნდაც საზარელ სიზმარში, საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკა ისეთი გადაგვარებული იქნებოდა, როგორც დღეს.
ჩვენს მეზობლად ომია და ნაცვლად იმისა, რომ ერმაც და ბერმაც ძალ-ღონე იმაში დახარჯოს, რომ მისმა შედეგებმა მომაკვდინებლად არ იმოქმედოს ქვეყანასა და ხალხზე, დროს უთმობენ ქარაფშუტა ქილიკს პრეზიდენტის მეუღლის ინგლისურად წაკითხულ ტექსტზე — აშშ-ი გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
ვერ წაიკითხაო — გაჰკიოდა ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი საზოგადოება. როგორც ჩანს, თევზაძეების მსგავსების მიხედვით, პრეზიდენტის მეუღლეს, ამერიკელზე უკეთესად თუ არა, ამერიკელივით მაინც უნდა წაეკითხა ტექსტი.
იკითხავთ — თევზაძე ვინ არისო?
პატივცემულო მკითხველო, თევზაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, ილიას უნივერსიტეტის რექტორი. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს საჯაროდ გამოგვიცხადა, რომ ქართველის დედა ენა ინგლისური უნდა იყოსო.
თევზაძის დანაბარები მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ვითარება ისეთია, შესრულდება უახლოეს მომავალში. თუ ჩემი არ გჯერად, დაკვირვებით შეავლეთ თვალი თბილისის სუპერმარკეტების ინგლისურენოვან წარწერებს, უფრო სწორად ქართული ასოებით ინგლისურ დასახელებას. მაგალითად ასეთს — „პედს ფუდ“ ქართულად, ანუ ცხოველთა საკვებს, ინგლისური დასახელების გასწვრივ ან სუპერმარკეტის სახელს — „ბუტიკი“, „ღვინის ბუტიკს“, ანუ „ღვინის მაღაზიას“ და სხვა.
პროცესი დაწყებულია სუპერმარკეტების წარწერებით, მედიაში ინგლისური სიტყვების ჟღარუნით, მაშინ, როცა შესატყვისი ქართული გვაქვს, ამერიკული მდარე ხარისხის სიმღერებით — ყველა რადიო-ეთერში. მხოლოდ ამერიკული, იშვიათად ქართული, მაგრამ ის ქართულიც ისეთი, როგორიც ამერიკულია.
მიზანი ვიღაც მავანისა არის მარტივი, ერთის შეხედვით, ქართველის თვალი შეაჩვიოს ინგლისურენოვან წარწერას; ყური — ამერიკულ მუსიკას, სიმღერას. და ერთ მშვენიერ დღეს, იმ ანეკდოტისა არ იყოს — კახეთში, ბავშვს რომ ეკითხებიან სიგარეტის კოლოფზე აღბეჭდილ აქლემის ფოტოზე — ეს რა ცხოველიაო და ბავშვი პასუხობს — „ქემელიო“, ყველას დაგვავიწყდეს ქართული დასახელება.
ამას შეგნებული პოლიტიკა ჰქვია, თანაც შორს მიმავალი და არა შემთხვევითობა — სუპერმარკეტის მეპატრონის ახირება. ის ახირებაც ვითარებით არის ნაკარნახევი, მასთან ერთად მიმბაძველობით. ამას წინათ ერთი პატარა მაღაზიის წარწერამ მიპყრო ჩემი ყურადღება — „ლიტლ ნიუ-იორკ“. მაღაზიის პატრონი მოკრძალებით უწოდებს თავის მაღაზიას „ლიტლ“ — პატარას. ამაზეც მადლობა — უკითხავს ალბათ „პატარა“ ინგლისურად, როგორ არისო. კიდევ კარგი „ბიგ“ (დიდი) არ დაარქვა, თორემ ხომ მოგვეჭრებოდა თავი ქართველებს?!
სახუმაროა ყოველივე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ერთის შეხედვით, სატირალი რომ არ იყოს. პოლიტიკოსები, ხშირად რომ გაჰყვირიან „ენა, მამული, სარწმუნოება“ არ ეხება მაღაზიების წარწერებს; მედიაში ქართულის ნაცვლად ინგლისურის გამოყენებას?
ქართული სიმღერების თაროზე შემოდება რომ პოლიტიკაა, ისე, როგორც ქართული ენის — საზოგადოება ვერ ხვდება, მაგრამ სხვა ქვეყნის მუსიკამ, სიმღერამ რა დააშავა. რა დააშავა იტალიურმა, ფრანგულმა, გერმანულმა, ესპანურმა სიმღერებმა?
აღარაფერს ვამბობ რუსულზე, რომელიც ისე შევიძულეთ, ისე ამოვძირკვეთ ჩვენი მეხსიერებიდან, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე.
ნაკლებპატივცემულებო, მივმართავ იმათ, ვისაც აღნიშნული უხამსობის აღმოფხვრა ევალება, უპირველესად ხელისუფლებას. მუსიკა, სიმღერა, რომანი, პოეზია, ფერწერა და ა.შ. ნებისმიერი ხალხის, თუნდაც მტრის მიერ შექმნილი, ხშირად გადადის ეროვნულ საზღვრებს და საყოველთაო ხვდება. პოლიტიკური ბოქლომის ჩამოკიდება ამ შემთხვევაში სრული უმეცრებაა, ჟარგონზე — „გოიმობაა“.
„გოიმობაა“, თანაც დანაშაულში გადასული, როდესაც მოსახლეობას უკრძალავ რუსული სამთავრობო ტელეარხების გადაცემების ყურებას, რითაც ბღალავ ადამიანის უფლებას მიიღოს ინფორმაცია, თუნდაც მტრული სახელმწიფოდან. აქვე ვაცხადებ, რომ ერთი სახელმწიფოს, მეორისადმი მტრობას საფუძვლიანი მტკიცებულება სჭირდება, ცხადია არა ჭორებზე დაფუძნებული, არამედ ისტორიულ სინამდვილეზე — წყალი რომ არ გაუვა.
ხელისუფლებამ აკრძალა რუსული საინფორმაციო არხების ეთერში გაშვება, მაგრამ ანტირუსულ „დოჟდს“, „RTVI“-ს, უკრაინულ ტელეგადაცემებს უპრობლემოდ უშვებს.
ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს საცხოვრებელი სახლების, სხვადასხვა სახის დაწესებულებების ფასადებზე გამოკიდებულ უკრაინულ დროშებს. როგორც ჩანს, უკრაინის გულშემატკივრებმა არ იციან თანამედროვე ბანდერული, ანუ ფაშისტური უკრაინის თაობაზე. და თუ იციან და მაინც ეთაყვანებიან უკრაინულ დროშას, სულ სხვასთან გვქონია საქმე — ფაშიზმის თაყვანისცემასთან.
გარდა იმისა, რომ უკრაინა ფაშისტურ აღლუმებს აწყობს, „ლგბტ“, „გეი-პარადებთან“ ერთად, უკორუმპირებულეს ქვეყნად არის აღქმული მსოფლიოში, ადამიანის ორგანოებით მოვაჭრედ, ნარკოტიკული ნივთიერებების მწარმოებლად, ბავშვთა ტრეფიკინგით და ყოველივე ამაზე ევროკავშირი თვალს ხუჭავს, მარტივი მიზეზის გამო — უკრაინა ანტირუსულია, რუსეთის წინააღმდეგ მეომარი და რახან ასეა, უკრაინას უნდა გამოეყოს მილიარდობით ევრო იარაღის შესაძენად.
ევროკავშირი, მისი ბრიუსელური შტაბ-ბინა იმდენად გაუკრაინელდა, რომ საკუთარ წევრ უნგრეთს ხელებს უგრეხენ და აიძულებენ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს კენჭისსაყრელად.
საქართველოს ხელისუფლება „საწყალ“ უკრაინას გენერატორებს უგზავნის, ისე, როგორც ჰუმანიტარულ ტვირთს, მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის მშიერ მოსახლეობას ყურადღებასაც არ აქცევს. სულ ახლახანს, უკრაინამ ძვირფასი ავტომანქანების შეძენით მე-3 ადგილი დაიკავა ევროპაში. გასულ წელს 20 ავტომანქანა „ბენთლი“ შეუძენიათ „მშიერ“ უკრაინელებს. უძრავი ქონების — სასახლეების, ვილების შეძენის კონკურსის შემთხვევაში უკრაინა პირველობას არვის დაუთმობდა.
თუ მსოფლიოს მედიამ, ექსპერტობამ იციან ამის შესახებ, ევროკავშირელებმა არ იციან?
იციან, მაგრამ „ხელი ხელს ბანს“ პროცედურა იმდენად გამჯდარია მათში, აინუნშიც არ აგდებენ აღნიშნულს. არც აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებებს აქცევენ ყურადღებას — რამდენი მილიარდი დოლარი შეჭამა უკრაინამ პრეზიდენტ ბაიდენის ხელშეწყობით.
უფრო მეტიც, ბაიდენის მილიარდებს, გაგზავნილს ზელენსკისთვის, კრიმინალური მარშრუტი ჰქონდა — ვაშინგტონ-კიევი-კიევი-ვაშინგტონი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.
აღნიშნული მილიარდებიდან ზელენსკისაც რჩებოდა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ამ „მარშრუტის“ შესახებ ვრცელი განმარტება გააკეთა ტრამპის უფროსმა ვაჟმა.
დაღუპვისთვის განწირულს ვერავითარი მაგალითებით ვერ შეაგნებინებთ, რომ უფსკრულთან არის და დაცემინების შემთხვევაშიც კი გადაიჩეხება. მავანი იტყვის — სუიციდის სურვილის მქონეს, რაც არ უნდა უმკურნალოთ, არაფერი გამოვაო, ამდენად თავის ნებაზე უნდა მივუშვათო.
სუიციდის მსურველი ქართული პოლიტიკაა, რომლის სურვილის შესრულებაზე არვინ იდარდებდა, გარდა ნათესავებისა, მაგრამ მას არ სურს უფსკრულში მარტო გადაშვება. მას სურს ქვეყანაც წაიყოლიოს.
ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომი ერთი თვე მიმდინარეობს. და არვინ იცის როდის დასრულდება. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვენსის მიხედვით — მალე. ჟურნალისტის კითხვაზე — „მალე“ დაკონკრეტებას მოითხოვსო, ვენსმა უპასუხა — დიდხანს არ ვაპირებ იმ რეგიონში ყოფნასო — ერთ ან 2 წელზე მეტს არაო.
ვენსის შეფი, ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, დამარცხებული ირანი მზადაა ყველა ჩვენს მოთხოვნას დადებითი პასუხი გასცესო. მას სხვა გამოსავალი არ დავუტოვეთ, გავუნადგურეთ სტრატეგიული სამხედრო ობიექტები, საზღვაო-სამხედრო ფლოტი, ხელისუფლების მაღალჩინოსნები, აიათოლები და გენერლები, და როდესაც საბოლოოდ შევთანხმდებით ხელშეკრულებაზე, ომს შევწყვეტთო.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ არავითარ მოლაპარაკებას ადგილი არ აქვს და არც ექნება, ვინაიდან მატყუარა ამერიკასთან არ შეიძლება მოლაპარაკებაო. აშშ-ა უნდა შეწყვიტონ ომი, გავიდნენ ახლო აღმოსავლეთიდან, თან გაიყოლიონ არაბულ ქვეყნებში არსებული სამხედრო ბაზები, აგვინაზღაურონ ომით მიყენებული ზარალი, დადონ ხელშეკრულება — გარანტია იმისა, რომ აშშ და ისრაელი არასდროს დაესხმებიან ირანს თავს.
ვერბალურ პაექრობას, რომ სარაკეტო პაექრობა არ ახლდეს — ნგრევითა და მსხვერპლით, რაღაც მკრთალი იმედის მომცემი იქნებოდა. მაგრამ, როგორც სინამდვილე გვკარნახობს, ზავს ადგილი კარგა ხანს არ ექნება. ტრამპს თავში უტრიალებს არაერთი პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მდგომარეობა დღევანდელზე უარესი იქნება.
ირანელთა მიერ ორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობზე ფასების საგრძნობი მატება გამოიწვია. ყველა ქვეყანამ იგრძნო ჩაკეტვით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ჩვენც. ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები ისე დახტიან, როგორც ჯამბაზები — სულ ზევით და ზევით, მასთან ერთად მომატებული ფასები კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურეობის სფეროზე, ტრანსპორტზე. სია გრძელია, თანაც ისეთი ეს სტატია რომ ვერ დაიტევს. ასეთ დროს ხელისუფლება ვალდებულია დაამშვიდოს მოსახლეობა, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ფასების დასარეგულირებლად.
ნაცვლად, ხელისუფლება გვიყვება, თუ რა კარგი საუბარი ჰქონდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოს და პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საგანი საუბრისა კობახიძეს არ უთქვამს. ერთუჯრედიანები ვერ გაიგებენო — ალბათ ასე გაიფიქრა მან.
ერთუჯრედიანებმაც ვიმარჩიელეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ გაგანია ომის პირობებში რუბიო მოსაკითხად არ დარეკავდა. მან იმიტომ დარეკა, რომ შეეხსენებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ თაობაზე და აქედან გამომდინარე ვალდებულებებზე.
ქარტია რამდენიმე წლის წინათ გაფორმდა. ჩვენ ვიყავით პირველი ამიერკავკასიის ქვეყნებიდან, შემდეგ სომხეთი (2025 წლის იანვარში) და ბოლოს აზერბაიჯანი — ვენსის ვიზიტის დროს.
რუბიოს ზარი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განხორციელდა გამოსავლის ძებნაში. ტრამპის ომს ირანის წინააღმდეგ ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს არ უჭერენ, მიუხედავად ტრამპის მოწოდებისა ჩაერთონ ომში ისინი არ ერთვებიან და აცხადებენ — ეს ომი ჩვენი არ არისო.
არათუ არ ერთვებიან, უარს აცხადებენ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოიყენონ ევროპული ქვეყნების აეროდრომები. პოლონეთმა, რომელიც სიყვარულს ეფიცებოდა ტრამპს, უარი უთხრა ანტისარაკეტო „პეტრიოტების“ გადაცემაზე.
ტრამპმა გალანძღა ნატო, ცალ-ცალკე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სანჩესი და თქვა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“ და აშშ-ს გარეშე ვერ იარსებებსო, ისიც დაამატა, რომ სერიოზულად ფიქრობს ნატოდან გასვლაზე.
გავა თუ არა აშშ-ი ნატოდან — იოლი სავარაუდო არ არის, თუმცა ტრამპის განცხადების მიხედვით, სრულიად შესაძლებელია ამას ადგილი ჰქონდეს. გაიგეთ ე.წ. პოლიტიკოსებო, ნატო-ევროკავშირზე შეყვარულებო?!
სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც გახურებული მედიური პროპაგანდით საქართველო ხდებოდა, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სატელევიზიო ეთერშიც ვთქვი, თანაც არაერთხელ და გაზეთებში გამოქვეყნებულ ჩემს სტატიებში, რომ საქართველოს მაშინ გააწევრებენ ნატო-ევროკავშირში, როდესაც ეს ორგანიზაციები აღარ იქნებიანთქო.
ქოქოლა დამაყარეს. ამ რუსოფილმა რა სისულელე თქვაო. მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს ორგანიზაციები იშლება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.
ტრამპი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს ნატოდან გასვლის საკითხს — სენატის თანხმობის გარეშე. დღევანდელი სენატი რესპუბლიკელებისაა და თუ ნოემბრის არჩევნებში ისინი პოზიციებს შეინარჩუნებენ, სხვა სურათი გვექნება ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე.
მაშინ, როდესაც ვამბობდი, რომ საქართველოს არც ნატოში და არც ევროკავშირში არ მიიღებდნენ, არგუმენტად მომყავდა ამ ორგანიზაციების დებულებები, წესდება და მრავალი სხვაც, რომელთა მიხედვით საქართველო ვერ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს. მოთხოვნების შესრულებას კი დროს სჭირდებოდა — არა ერთი, არამედ მრავალი წელი მუხლჩაუხრელი შრომისა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები, მიუხედავად ნატოელთა მონდომებისა, ვერ აკმაყოფილებდა და ვერ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკა, ისე, როგორც სოციალური მდგომარეობა; მოსახლეობის მენტალიტეტი შორს არის ნატოს წევრების მონაცემებისგან.
როგორო, — აღშფოთებით აცხადებდნენ ქართველი მენატოელები — ჩვენ, ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გავამდიდრებთ ამ ორგანიზაციებსო. და შემდეგ იყო გრძელი ჩამონათვალი: იყალთოსა და გრემის აკადემიები, შოთა რუსთაველი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, საცივი, მწვადი, ბოზბაში, ხინკალი, ხაჭაპური და რაც მთავარია ღვინო — საქართველოა ღვინის სამშობლოაო — ვამბობდით.
ვერ დაგვიფასეს, ვერ ჩაწვდნენ ქართველთა სულს. ისიც კი გვითხრეს — თქვენ ევროპას არ ეკუთვნით, მცირე აზია ხართო და ა.შ. მათი მოწოდება იყო მკაცრი და შეუვალი — გინდათ ნატო და ევროკავშირი, შეასრულეთ ჩვენი დავალებები; მიიღეთ ლგბეტ-ობა, ტრანსვესტიტობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და სხვა მრავალი, რაც აღნიშნულის საწინააღმდეგო კანონები გაქვთ, გააუქმეთო!
ქართული პოლიტიკა ვერ მიხვდა, რომ დღევანდელი ევროატლანტიკური სივრცე, განსაკუთრებით ევროპული უკანალზე გადის. ჩოხიანი, ამაყად მოსიარულე ქართველი მიუღებელია; კურტუმმოქანავე, მისაღები და ვიდრე ასეთთა რაოდენობა არ გაიზრდება, არც ნატო იქნება და არც ევროკავშირი.
ერთხელ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ბრძანა — კარგი კონსტიტუცია დავწერეო. მისი გაგებით კონსტიტუცია კარგი იმიტომ იყო, რომ ამერიკელთა ბრძანებით ჩაიწერა დასავლური ორგანიზაციებისკენ სვლა.
კონსტიტუციაში მსგავსი რამ არ იწერება, ვინაიდან არც ერთი ორგანიზაციის მარადიული არსებობა არვის უღიარებია. როგორც ჩანს, მას, როგორც ავტორს მოუწევს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, მანამდე კი რუბიოს ბრძანების დაკმაყოფილება ან მასზე უარის თქმა.
ჩემი ვარაუდით, საკითხი საქართველოს აეროდრომების გამოყენებას ეხება — ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ირანთან ომში.
რას ფიქრობს ტრამპი, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის 60000-მდე გაზრდა ირანის საზღვრებთან სახმელეთო ოპერაციის დაწყების მომასწავებელია. სამხედრო ოპერაცია კი არვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება. ტრამპმა თქვა, რომ სურვილი აქვს ირანის ნავთობზე კონტროლის დაწესების; გამდიდრებული ურანის, 450 კგ-ის ხელში ჩაგდების. შეძლებს ამას 60000-იანი ამერიკელი ქვეითები?
მათ წინაშე ხომ საკუთარი ქვეყნის დამცველი 90-მილიონიანი ირანი დგას?
სახმელეთო ომი, გაჩაღებული ირანის უზარმაზარ ტერიტორიაზე, მთაგორიანი ლანდშაფტით კარგის არაფრის მომასწავებელი უნდა იყოს აშშ-თვის. ირანს მოუწევს მთელი ძალების მობილიზება მტრის დასახვედრად.
ტრამპის ბრძანებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითები იერიშს მიიტანენ კუნძულ ხარკზე — იქ პლაცდარმის შესაქმნელად.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ვარაუდით ამ ოპერაციას ბევრი ამერიკელი სამხედრო შეეწირება, რაც ტრამპს მისცემს შანსს განაცხადოს — მტარვალმა ირანელებმა ჩვენი მეომრები დახოცეს და საპასუხო დარტყმა უნდა მივაყენოთ ირანს სახმელეთო ოპერაციის სახითო.
ტრამპის მიერ ირანზე მიტანილმა სიტყვიერმა იერიშმა, იმის განცხადებით, რომ ირანს ბირთვული იარაღის გაკეთებამდე აღარაფერი აკლია და ამ იარაღით თავს დაესხმება დემოკრატიულ სამყაროს, შედეგს ვერ მიაღწია. საზოგადოება, განსაკუთრებით ამერიკული მოითხოვს განმარტებას — რა იყო მიზეზი ომის დაწყების; რამდენხანს გასტანს; რა გეგმა აქვს ტრამპს ომის დამთავრების შემდეგ.
გასულ კვირას აშშ-ს თითქმის ყველა ქალაქში ანტისაომარი მიტინგები გაიმართა. ნიუ-იორკში მომიტინგეთა რაოდენობამ 350000 შეადგინა. ისინი მოითხოვდნენ ომის შეწყვეტას; ტრამპის გადადგომას; ხელში ეჭირათ დიდ ქაღალდებზე დაბეჭდილი ლოზუნგები — არ გვინდა მეფე, გვინდა დემოკრატია. ამერიკული პრესის მიხედვით, 3300-ზე მეტ საპროტესტო გამოსვლას ჰქონდა ადგილი, რაც იშვიათობა არ არის ქვეყანაში, რომელიც აგრესიის გარეშე ვერ ძლებს.
1945 წლის შემდეგ, აშშ-ა მრავალი მცირე და დიდი აგრესია განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მათგან გამოვყოფ კორეის ომს, რომელიც ფორმალურად ჯერაც დაუმთავრებელია. ზავის მიხედვით, შექმნილი ქვეყნები ჩრდილო და სამხრეთ კორეა ერთმანეთს მტრული თვალით შეჰყურებენ, მცირე საბაბს ეძებენ ომის გასაგრძელებლად.
სამხრეთ კორეა ფაქტიურად აშშ-ს სამხედრო ძალებით არის ოკუპირებული და სრული მარიონეტი სახელმწიფოა.
კომუნისტური ჩრდილოეთი, ჩინეთთან თანასწორ ურთიერთობაში მყოფი, ისე, როგორც რუსეთთან, ყველაფერს აკეთებს საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, რისთვისაც აქვს დამზადებული ბირთვული ბომბები. ჩრდილო კორეა ბირთვული სახელმწიფოა და მას უბატონოდ ხმას ვერც აშშ-ი, ვერც სხვა ვერ გასცემს.
გავიხსენოთ ვიეტნამის ომი — 58000 მოკლული ამერიკელით და 300000 დასახიჩრებულით. ის ომი აშშ-ს 110 მილიარდი დოლარი დაუჯდა. დღევანდელი გათვლით, ტრილიონზე მეტი. აშშ-ა 7 მილიონი ტონა ბომბი დააყარეს ვიეტნამელებს, დახოცეს ასეულ-ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის მოხუცები, ბავშვები, ქალები. 1978 წელს, გამარჯვებულმა ჩრდილო ვიეტნამმა, რომელმაც დაიკავა სამხრეთ ვიეტნამი — აშშ-ს მოკავშირე, აიძულა აშშ-ი გასულიყო ქვეყნიდან.
არანაკლები დახარჯა აშშ-ა ავღანეთთან ომში, რომელიც 20 წელი გრძელდებოდა და რომელმაც 2000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო შეიწირა — 2 ტრილიონი დოლარი. შედეგი?
დამარცხებული აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვება და მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკის „თალიბების“ მიერ ხელში ჩაგდება.
დღესაც თვალწინ მიდგას ამერიკული თვითმფრინავების ფრთებზე ჩამოკიდებული ის ავღანელები, რომლებიც ამერიკელებთან თანამშრომლობდნენ და ცდილობდნენ გაქცევის დროს გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში შეღწევას.
აშშ-ს, სუპერსახელმწიფოს, არც ერთი ომი არ მოუგია, ვეჭვობ რომ ამჯერად მოიგოს, ვინაიდან იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებთანაც აშშ-ი ომობდა, ირანი გიგანტია — თავისი სამხედრო სიძლიერით, მტკიცე სახელმწიფოებრივი სტრუქტურით, სუვერენიტეტის მოყვარული ხალხით.
ფართოდ რეკლამირებული გამოსვლის დროს, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად, ტრამპმა ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებთან ომობდა აშშ-ი — ხანგრძლივობით, ანუ ვიეტნამთან 18 წელი, ავღანეთთან 20 და ა.შ. ამჯერად მხოლოდ ერთი თვე — უდიდესი წარმატებებით. ტრამპმა ბრძანა, რომ ირანი განადგურებულია და ეხვეწება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, რასაც ირანი უარყოფს.
სახმელეთო ოპერაციის, ანუ ომის შემთხვევაში ყველამ იცის რა მოელის მსოფლიო ეკონომიკას, გარდა საქართველოს ე.წ. პოლიტიკოსებისა, რომლებიც ისევ დასავლეთისკენ იმზირებიან, ნატო-ევროკავშირში შესვლას ლამობენ. რაც არ უნდა შევუძახოთ მათ — გამოფხიზლდით, დღეს არსებული მსოფლიო ვითარება თუ რას გვკარნახობს, ისაა, რომ შორს ვიყოთ ამერიკა-ევროკავშირისგან, არაფერი გამოვა.
მსოფლიო თვალსა და ხელს შუა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ტრამპი მეორედ აღმოჩნდა თეთრ სახლში. წელიწადნახევრის განმავლობაში ისე დაძაბულად მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკა, არვინ იცის საით მივექანებით. ყველაფერი ერთ კაცზეა დამოკიდებული, რა ხასიათზე გაიღვიძებს, რა მესიჯს ამცნობს მსოფლიოს. მისი სიტყვიდან გამომდინარე იცვლება ბენზინის ფასები და ყველაფერი, რაც საწვავს უკავშირდება; იცვლება ქვეყნებთან და მათ ლიდერებთან ურთიერთობა, ხშირად უარესობისკენ. იცვლება რიტორიკა, წინათ რომ დიპლომატიურ საბურველში იყო შეფუთული, დღეს ყოველგვარი რევერანსის, მორიდების გარეშე.
ამ ერთ კაცს, რომელსაც დონალდ ტრამპი ჰქვია, შეუძლია პირდაპირ თქვას წლების განმავლობაში აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის უფლისწულის მიმართ — მოუწევს ჩემს ტრაკზე კოცნაო.
საუდის არაბეთს, ამ სიტყვებით რომ შეურაცხყოფა მიადგა, ტრამპს არ აწუხებს. არადა, არაბულ სამყაროში აშშ-ს არ ჰყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც საუდის არაბეთია.
საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ტრამპის ამ „მჭერმეტყველებას“ აშშ-ს ახალგამოჩეკილი პარტნიორები — ალიევი და ფაშინიანი? ხომ არ ჰგონიათ მათ, რომ ტრამპი არ მოიხმობს ტრაკზე საკოცნელად?
თუმცა რა მოხმობა უნდა, მოხმობის გარეშეც მზად არიან ტრამპის დუნდულების დასაკოცნად.
ტრამპი, ისეთი მოვლენაა, მარტო ტრაკზე კოცნას არ დასჯერდება, სხვასაც მოითხოვს. მაგალითად, ნავთობს აზერბაიჯანისგან.
ტრამპმა პარტნიორობა არ იცის. მას ბრძანება უყვარს ვითომ პარტნიორის მიმართ. და თუ ამას ე.წ. პარტნიორი, ტრამპისთვის ვასალი არ ასრულებს, პირადულ შეურაცხყოფაზე გადადის. აი, ასეთზე, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ცოლი სცემსო და ამას აცხადებს თეთრ სახლში გამართულ წვეულებაზე.
არის რამე განსხვავება ტრამპსა და მის წინამორბედებს შორის?
არც არაფერი. თუ წინამორბედები ლანძღვას და ქილიკს არ მიმართავდნენ, საქმით, ქედმაღლობით აიძულებდნენ ყველას აშშ-ს ფეხსაცმელების ლოკვას. ისინი, ყოველთვის დანარჩენ მსოფლიოზე მაღლა აყენებდნენ აშშ-ს. ტრამპიც ასეა. ისიც აცხადებს — გადავაქციოთ ამერიკა გრანდიოზულად.
ტრამპი, წინამორბედებთან შედარებით პირდაპირია. მას არ უყვარს რევერანსები. ტრამპი ჰეგემონია, ანუ ლიდერია ქვეყნისა, რომელიც თვლის, რომ ჰეგემონობა მისთვის ღვთის მიერ არის ნაბოძები. არავითარი მრავალპოლუსიანობა. ერთპოლუსიანობა არის და იქნება აშშ-ს ხვედრი. ასე სურს ტრამპს და პასუხის გამცემი არ ჩანს.
ორგანიზაციას, რომელიც 193 ქვეყანას აერთიანებს და გაერო ჰქვია, თავისი წესდებიდან გამომდინარე ევალება ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიის ალაგმვა და მერე რა?
არც არაფერი. გაეროს უშიშროების საბჭო იწვევს საგანგებო სხდომას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად და მოუწოდებს ირანს შეწყვიტოს მეზობელი არაბული ქვეყნების დაბომბვა.
არც ერთი აუგი სიტყვა ომის გამჩაღებლების აშშ-ს და ისრაელის მიმართ. ლანძღვა დაზარალებულის. მიზეზი ამისა არის მარტივი — აშშ-ს აქვს ძალა, რომლის საკუთარ თავზე გამოცდის ეშინია ყველას. ასეთი ჩასვრილი მსოფლიო, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი რომ არ არის, სიახლეა? შუასაუკუნეების გამეორებაა — მარტივის და გასაგების — ვისაც ძალა აქვს, ის არის გამარჯვებულიც და მართალიც. მაგრამ დღეს რომ 21-ე საუკუნის 20-იანი წლებია?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
04/04/2026
