29.03.2026

აშშ-ს შემოსვლა კავკასიაში

ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულმა ომმა უკვე შექმნა ეკონომიკური პრობლემები, რომელთა დაძლევა ომის შეწყვეტის შემთხვევაში მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებულმა აგრესიამ ირანისგან ისეთი პასუხი მიიღო, სპარსეთის ყურის ქვეყნებს, თავიანთი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში რომ არ ახსოვთ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა, ტერიტორიულად შორს მდებარე აგრესორი ამერიკისგან, ცდილობს დააზიანოს აშშ-ს სამხედრო ბაზები, რომლებიც უხვად არიან არაბულ სახელმწიფოებში, ირანის მეზობლად.

სამხედრო ბაზების მთავარი სამიზნე ირანის ისლამური რესპუბლიკაა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს მოკავშირე ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი ისლამურმა რევოლუციამ დაამხო 1979 წლის თებერვალში და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანამ ახალი ცხოვრება დაიწყო.

შიიტური ირანის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, საინტერესო, რთული, მეტად განსხვავებული მსოფლიოში არსებული სახელმწიფო მართვის სისტემისგან, ვერ იგუებს ისეთ ქვეყნებთან „ძმაბიჭობაში“ გადასულ ურთიერთობას, რასაც ადგილი ჰქონდა შაჰის, რეზა ფაჰლევის დროს ამერიკა-ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით აშშ-ნ, რომელიც ვითომ „ძმაბიჭობიდან“ გამომდინარე, ისე იყო ჩახუტებული შაჰის ირანთან, როგორც სულითა და ხორცით ნათესავთან.

ეს, ერთის შეხედვით, თანაც ზედაპირულით. სინამდვილეში შაჰის ირანი იყო აშშ-ს ნებისმიერი დავალების შემსრულებელი რთულ არაბულ სამყაროში, რამაც მას ისეთი მეტსახელიც მიაკერა, როგორიცაა „ჟანდარმი“, ანუ აშშ-ს ჟანდარმი რეგიონში.

ამერიკელთა სამწუხაროდ, ისლამურმა რევოლუციამ უპირველესად რაც მოიტანა, აშშ-ის ხელისუფლებასთან კავშირების გაწყვეტა იყო; თეირანში არსებული აშშ-ს საელჩოს დიპლომატების მრავალთვიანი ბლოკადა საელჩოს შენობაში, სხვა ანტიამერიკული გადაწყვეტილებები, რამაც უკიდურესად დაძაბა ირან-აშშ-ს ურთიერთობა.

ირანის ისლამური რევოლუციის დღიდან დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება და თანამედროვე ვითარებიდან გამომდინარე მომავალშიც გაგრძელდება, უპირველესად აშშ-ს ადმინისტრაციების აგრესიული პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით — ირანის მიმართ.

1979 წლიდან დაწყებული აშშ-ი ხან დემოკრატები იყვნენ ქვეყნის სათავეში, ხან რესპუბლიკელები, თუმცა მათი დამოკიდებულება ირანისადმი არ შეცვლილა — იყო ცუდი და იყო უარესი. ცუდსა და უარესს შორის ისეთი ბალანსი შეიქმნა, რომლის დაშლა ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ ითავა. ვერც ერთმა ვერ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ირანის ისლამური სახელმწიფო მმართველობის დაშლის საწინდარი გახდებოდა. თუმცა აშშ-ს თითქმის ყველა ადმინისტრაცია ცდილობდა ფარული, იატაკქვეშა აგრესია ეწარმოებინა მათთვის მიუღებელი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ — უმთავრესად ტერორისტული.

მაგრამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა. უკვე თავისი პრეზიდენტობის პირველი 4-წლიანი ვადის დროს ტრამპმა არაფრად ჩააგდო თავისი წინამორბედი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ირანთან, რომელიც ირანის ბირთვული კვლების საკითხებს ეხებოდა და გავიდა ხელშეკრულებიდან.

ტრამპი სხვა აგრესიულ გადაწყვეტილებებსაც არ დაიშურებდა, მაგრამ „კოვიდ-19“ -ის პანდემიამ ხელი შეუშალა. თეთრ სახლში მეორედ მისვლისთანავე ტრამპმა ახალი ენერგიით გააჩაღა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა — ჯერ სიტყვით, ანტიირანული პროპაგანდით, შემდეგ სამხედრო აგრესიით, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის ბირთვული კვლევის ცენტრებს — გასულ წელს.

12-დღიან ომში იყო ჩართული ისრაელიც, აშშ-ს მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში. ირანი გულხელდაკრეფილი არ ყოფილა. რაკეტები დააყარა ისრაელს, რამაც სერიოზული კორექტირება შეიტანა აშშ-ს ანტიირანულ გეგმაში.

ომი შეჩერდა. ყოყოჩა ტრამპმა განაცხადა, რომ დააჩოქა ირანი; ომი შეაჩერა და რეგიონს მშვიდობა მოუტანა ძალისმიერი გზით.

ასე და ამრიგად, მსოფლიო ისტორიაში გაჩნდა ახალი ტერმინი „მშვიდობა ძალით“ — მისი ავტორი გახლავთ ტრამპი. ჯერ-ჯერობით ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს „ძალით მშვიდობა“; ვერ გაითავისა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების მსურველ ტრამპს, რომელმაც, მისივე თქმით მსოფლიოს 8 ომი შეაჩერა, ვეღარ აისრულებდა საწინდარს, ვერ მიიღებდა ნობელის პრემიას — ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვით. ამიტომ გაძლიერებული ანტიირანული პროპაგანდა მოახვია მან თავს მსოფლიოს — გადაგარჩინეთ ირანის ბირთვული ბომბებისგან, რომლებიც თავზე დაგაცვივდებოდათ, მე რომ ირანის ბირთვული კვლევის ცენტრები არ დამებომბაო.  „დავბომბე და ამით მშვიდობა მოვუტანე მსოფლიოსო“.

მსოფლიო პოლიტიკამ ტრამპის „მშვიდობის მტრედობა“ ისე შეაფასა, ტრამპს რომ გახარებოდა, რითაც დათვური სამსახური გაუწია მასაც და საკუთარ თავსაც. ტრამპის შიშით არვინ თქვა აუგი „ძალისმიერ მშვიდობაზე“. უფრო მეტიც, დაზარალებულმა ირანმა თავი შეიკავა რეგიონში აშშ-ს სამხედრო ბაზების დაბომბვისგან; ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებისგან.

მაშინ მე ვწერდი, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერისა და მეთაურის აიათოლა ხამენეის გადაწყვეტილება არ აჰყოლოდა ამერიკა-ისრაელის აგრესიას გონიერებით იყო გამოწვეული და სურვილით, აგრესია არ გადაზრდილიყო რეგიონულ ომში.

სამწუხაროდ, ირანის თავშეკავებული პოზიცია ვაშინგტონ—თელ-ავივში სისუსტედ აღიქვეს. ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ჩათვალეს, რომ ირანი ვერ გაბედავს სერიოზულ სამხედრო პასუხს მათ აგრესიაზე. შესაძლოა ეს ასეც იყო. ირანს, მაშინ რომ ისე ეპასუხა, როგორც დღეს, სხვა ვითარება იქნებოდა.

არ უპასუხა. და ომიც გადაიდო, ვიდრე, როგორც ამერიკული მედია გვატყობინებს, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ არ უბიძგა ტრამპს ირანის დაბომბვისკენ — „ამაღამ აიათოლა ხამენეის თათბირი აქვს თავის რეზიდენციაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან, დაბომბე და მათი დახოცვის შემდეგ ირანის ისლამური სახელმწიფო აღარ იქნებაო“.

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიხედვით, უხელმძღვანელოდ დარჩენილი ირანის მოსახლეობა, ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებული და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი იოლად დაამხობდა ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას.

„მოსადის“ ინფორმაციამ ამჯერად ვერ გაამართლა. ქვეყნის სულიერი ლიდერისა და მეთაურის მკვლელობამ, ისე, როგორც მაღალჩინოსანი გენერლების, ვერ „აღაფრთოვანა“ ირანის ოპოზიციური ძალები, ვერ აამხედრა რევოლუციისკენ, პირიქით — გააერთიანა, ერთ მუშტად შეკრა აგრესორთა წინააღმდეგ.

მარჩიელობა იმისა — „რა იყო ადრე კვერცხი თუ ქათამი“, უაზრობაა. ტრამპს, ანტიირანულად განწყობილს, სულაც არ სჭირდებოდა ნეთანიაჰუს წაქეზება, ის, ისედაც მზად იყო ირანის დასასჯელად.

მაინც, რა ამოძრავებდა ტრამპს?

უპირველესად, ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამაგრება; ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება, მასზე კონტროლის დაწესება; ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების განადგურება; ირანის სახელმწიფოებრივი სისტემის დაშლა, აიათოლების მმართველობისთვის წერტილის დასმა; ირანის სათავეში მორჩილი ხელისუფლების მიყვანა; ირანის ნავთობის ვაჭრობის მკაცრი კონტროლი; ირანის ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვის ალაგმვა; ირანის ისეთ მორჩილ სახელმწიფოდ გადაქცევა, როგორიც ვენესუელაა — დაჭერილი პრეზიდენტის მადუროს შემდეგ.

ისრაელის ხელისუფლების მიზანია, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობა; ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცება; თვით ირანში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ერთმანეთთან წაკიდება; ირანის ბირთვული კვლევის გაუქმება; ირანის ტერიტორიის ნაწილის ისრაელის ხელში გადასვლა.

ისრაელის პოლიტელიტასა და მედიაში სისტემატურად აქვს ადგილი სიონისტური ოცნებისთვის ფრთების შესხმას — „დიდი ისრაელი“ — ევფრატიდან, ნილოსამდე.

მიუხედავად არაბთა ვერბალურ-ძალისმიერი პროტესტისა ისრაელი ახერხებს „დიდი ისრაელის“ პროგრამის შესრულებისკენ სვლას მეზობელი არაბული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი ანექსიით. მაგალითად, სირიის, რომლის ტერიტორია გოლანის მაღლობის სახელით რახანია ისრაელის ოკუპაციაშია; ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებთან გამართული ომით, ათეულ-ათასობით პალესტინელი არაბის მსხვერპლით.

ღაზის სექტორის ბედი ჯერაც გადაუწყვეტელია. და როგორც ჩანს ისრაელის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად აცხადებს, რომ უნდა აღსრულდეს გაეროს გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. ირანის ხელისუფლება ყოველმხრივ ეხმარებოდა და ეხმარება ანტიისრაელური „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ დაჯგუფებებს, რომლებიც ანტიისრაელური პოლიტიკის გამტარებლები არიან.

ირანი არ ებრძვის იუდაიზმს. ირანი ებრძვის სიონიზმს. თვით ირანში 18 სინაგოგაა — არვინ ანგრევს მათ.

ტრამპის ანტიირანული განწყობა ოჯახიდან იწყება. მისი ქალიშვილი ივანკა გათხოვილია კუშნერზე, ორთოდოქს სიონისტზე, რომელიც ტრამპის დავალებით, ტრამპის ბიზნეს-პარტნიორ ებრაელ უიტკოფთან ერთად აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, უკრაინასთან, ირანთან.

დიდი ხმაური გამოიწვია ამ „დუეტის“ წინა პლანზე წამოწევამ, როგორც ირანთან მომლაპარაკებლების — ომის დაწყების შემდეგ. ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, თანაც წარმატებით. ირანი აცხადებს, რომ ასეთს ადგილი არ აქვს.

ძნელია, ვის დავუჯეროთ — ტრამპს თუ ირანის ხელისუფლებას. ტრამპმა, თავისი ტყუილი განცხადებებით და სასურველის რეალურად წარმოჩენით, იმდენად დაკარგა ნდობა, როგორც ამერიკელებში, ისე სხვა ქვეყნის მოსახლეობაში, რომ მისი ნათქვამის აღარავის სჯერა.

რამ აიძულა ტრამპი სიცრუე მიესაღებინა ფართო საზოგადოებისთვის, როგორც სინამდვილე?

ირანთან ომის წარმოების დროს გამოწვეულმა შედეგმა. აშშ-ი და ისრაელი უმოწყალოდ ბომბავენ ირანს. იერიში მიაქვთ არა მარტო სამხედრო ობიექტებზე, არამედ საცხოვრებელ სახლებზე. ირანი განიცდის უდიდეს მატერიალურ ზარალს, მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ გმირულად უძლებს საჰაერო თავდასხმებს და თვით გადადის შეტევაზე. ანადგურებს არა მარტო ისრაელის ინფრასტრუქტურას, არამედ მეზობელ არაბულ ტერიტორიებზე განლაგებულ სამხედრო ბაზებს.

ირანმა გადაკეტა ორმუზის სრუტე, რითაც მსოფლიო ნავთობის ბაზარს 20-დან 30%-მდე ნავთობი დააკლდა. ნავთობის ბაზარზე შექმნილმა დეფიციტმა გამოიწვია ნავთობზე ფასების ზრდა, თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

ბენზინზე ფასების ზრდამ ისე გაამწარა ამერიკელები, რომ ანტიტრამპული გამოსვლები აშშ-ს ქალაქებში ნორმად გადაიქცა.

ანალოგიური, შესაძლოა უარესი მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. საქართველოში 40 თეთრით მოიმატა საწვავის ფასებმა ბოლო 3-4 დღის განმავლობაში. და როგორც ამერიკელი, ევროპელი ექსპერტები ამბობენ, დღევანდელი ფასები სანატრელი იქნება ომის გაჭიანურების შემთხვევაში.

საწვავზე ფასების მატება აისახება ყველაფერზე, მათ შორის კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტით მომსახურებაზე, გადასახადებზე და ა.შ. და ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკოსის უჭკუო გადაწყვეტილებით.

ტრამპს ეგონა, რომ ირანთან ომს 2-3 დღეში დაასრულებდა. დააჩოქებდა, დაამონებდა ირანს და თვით, დაკუნთული შვარცნეგერივით ამაყად გაივლიდა ამერიკელი დემოკრატების წინ შუალედურ არჩევნებამდე, რომელსაც ადგილი ექნება ა.წ. ნოემბერში.

მისდა სამწუხაროდ, ომმა აშკარად გამოავლინა „ძლიერი“ ამერიკის ნაკლოვანებანი, რამაც შეაშინა ტრამპი, რამეთუ სამხედრო სისუსტე უდავოდ იმოქმედებს კონგრესის არჩევნებზე, რესპუბლიკელების პოზიციების შესუსტებაზე. კონგრესის ძალაუფლების დემოკრატების ხელში გადასვლა ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მომასწავლებელი იქნება.

ტრამპი თავის პოლიტიკურ კარიერას წარუმატებელი, ავანტიურისტი პრეზიდენტის სახელით დაასრულებს. გამოკითხვისდა მიხედვით, ტრამპის პოლიტიკას ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა არ იზიარებს. თვით ტრამპის რეიტინგი დაბალია — 38% და მას ვერ უშველის ოპტიმისტური განცხადება დაწყების თაობაზე. ვერც ის უშველის, რომ ირანი დააჩოქა და უარი ათქმევინა ურანის გამდიდრებაზე, ბალისტიკური რაკეტების დამზადებაზე. ტრამპის მიხედვით, მოლაპარაკება დაწყებულია და მალე შედეგიც იქნება.

ირანელთა პასუხი ტრამპის განცხადებაზე არის მოკლე და კონკრეტული — არავითარ მოლაპარაკებას ადგილი არ აქვს.

თვით ტრამპმა ერთ-ერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ირანულ მხარეს გადაეცა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ჩამოწერილი საკითხები, რის განხილვასაც ექნება ადგილი ორი მხარის მოლაპარაკების დროს.

რას მოითხოვს აშშ-ს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებისგან?

ბირთვული კვლევის ობიექტების განადგურებას; გამდიდრებული ურანის „მაგატე“-სთვის გადაცემას; ბირთვულ ობიექტებზე „მაგატე“-ს დამკვირვებლების შეშვებას; „ჰამასისა, „ჰესბოლას“ და „ხუსიტების“ დახმარების შეწყვეტას, მათთან ყოველგვარი კავშირების გაუქმებას; ორმუზის სრუტის გახსნას; ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე აშშ-ს კონტროლის დამყარებას და ა.შ.

ამერიკის პრეზიდენტის წინადადებები ულტიმატუმის მსგავსია, რაზეც ირანი არ დათანხმდა, თუნდაც დამარცხებული, მაგრამ ირანი ხომ დამარცხებული არ არის. ირანი აგრძელებს ომს და მიიჩნევს, რომ წარმატებასაც აღწევს.

ის, რომ ტრამპი ტყუილებს ავრცელებს მოლაპარაკების თაობაზე, მარცხის მომასწავლებელია. ირანის მხარე 15-პუნქტიან წინადადებებს თავისას უპირისპირებს: დაზარალებული ირანისთვის რეპარაციების გადახდას; მეზობელი არაბული სახელმწიფოებიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანას; ორმუზის სრუტეზე, სუეცის არხის მსგავსი ტარიფების დაწესებას ყველა ქვეყნის ტანკერებისთვის; აშშ-ნ ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომელიც უზრუნველყოფს ირანზე თავდაუსხმელობას; ლიბანზე ისრაელის აგრესიის შეწყვეტას და სხვა.

გაიმართება თუ არა მოლაპარაკება — ძნელი სათქმელია, ისე, როგორც ძნელია ვარაუდი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია ორი ქვეყნის წინადადებების შეჯერება. ასე რომ, მსოფლიოს ახალ-ახალი სიურპრიზები ელის და მათთან ერთად ენერგეტიკულ-ეკონომიკური კრიზისი.

ერთ-ერთ მედია სივრცეში მორიგ უმეცრებას მოვკარი ყური — პოლიტოლოგი სიხარულით გვაუწყებდა, რომ ირანთან დაწყებულმა ომმა აშშ-ს გადაავიწყა ზანგეზურის პროექტიო, ასე რომ საქართველო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას აღარ დაკარგავს, ვინაიდან ირანი არ დაუშვებს კავკასიაზე ამერიკის გავლენის დაწესებასო.

ბოლო წლების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის ხელისუფალთა პოლიტიკა აშკარა მაუწყებელია ამიერკავკასიაში რუსეთ-ირანის პოზიციების შესუსტების. ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ვითარება შეიცვალა და შეიცვალა რუსეთ-ირანის ინტერესების საპირისპიროდ. მეომარმა მხარეებმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის შუამავლობითა და პრაგმატული ნაბიჯებით ომს, დაზავება ამჯობინეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის მოულოდნელად მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საკუთრებად გამოაცხადა, რითაც წერტილი დაუსვა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაწყებული ომის შედეგებს.

შედეგი კი იყო ის, რომ სომხეთმა ყარაბაღის არაფორმალურ სამხედრო ფორმირებებთან ერთად მწარე წაგება აგემეს აზერბაიჯანს, განიმტკიცეს პოზიციები ყარაბაღში, დაიკავეს მთელი რიგი აზერბაიჯანული სოფლები, დასახლებული პუნქტები.

ბოლო 40-დღიანი ომის შედეგი სავალალო გამოდგა სომხეთისთვის, რომელმაც ვერ გაუძლო აზერბაიჯანის არმიას — თურქეთის მიერ მხარდაჭერილს, პოზიციები დათმო და ოკუპირებული ტერიტორიებიც. რუსეთის შუამავლობით შეჩერებულ ომს მოჰყვა მოლაპარაკებათა რაუნდები, აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ევროკავშირი გაცხოველებული ინტერესით ადევნებდა თვალს პუტინ-ალიევ-ფაშინიანის მოლაპარაკებებს და მისთვის ჩვეული ფარისევლური პოლიტიკით ცდილობდა მოლაპარაკებებში ჩართვას.

მცდელობა უშედეგო გამოდგა, თუმცა ბრიუსელს გული არ აუცრუვდა მარცხზე. მან სხვა გზას მიმართა — ბრიუსელში ალიევ-ფაშინიანის მიწვევით და მათთან მოლაპარაკების წარმოებით.

არაერთი ასეთი მოლაპარაკება გაიმართა ევროპელ მაღალჩინოსნებს, ალიევსა და ფაშინიანს შორის. სამთა შეხვედრებთან ერთად იმართებოდა ალიევისა და ფაშინიანის მოლაპარაკებებიც.

მოსკოვ-სოჭის მოლაპარაკებები ევროპულმა ჩაანაცვლა. ალიევ-ფაშინიანის ინტერესმა ბრიუსელის მოლაპარაკებების მიმართ გადააჭარბეს მოსკოვ-სოჭის მოლაპარაკებებს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკოსებისთვის გეოგრაფიულ მდებარეობას პრიორიტეტულობა ენიჭება.

მათთვის ნაცნობ რუსეთის ტერიტორიას, ისინი აღარ აქცევენ ყურადღებას, ვინაიდან მიჩვეული არიან და მას უცხოეთად არ აღიქვამენ. მათთვის სხვაგვარად, აღმატებულად ჟღერს პარიზის, ბრიუსელის, ვენის მოლაპარაკება და იქ დადებული ხელშეკრულება, ვიდრე მოსკოვსა ან სოჭში, რაოდენ სასარგებლო უნდა იყოს ამ ბოლო ორ ქალაქში გაფორმებული ხელშეკრულება.

ამ შემთხვევაში, უაღრესად პროვინციულში და ნაკლებად ეფექტურში, აზერბაიჯან-სომხეთის ლიდერთა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სომხეთის, ფასადურია, მხოლოდ სათქმელად თუ გამოდგება — ბრიუსელში დავდეთ ხელშეკრულებაო.

და უცებ ამ ორის გასახარად, ტრამპმა გამოთქვა პროცესში ჩართვის სურვილი, მიიწვია ისინი თეთრ სახლში და გააფორმა სამშვიდობო მემორანდუმი. დოკუმენტის გაფორმებას წინ ახლდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ექსპერტების გახშირებული ვიზიტები ვაშინგტონში — რესპუბლიკური ადმინისტრაციის წევრებთან ხელშეკრულებათა შეჯერების მიზნით.

ტრამპის — ალიევისა და ფაშინიანის სიხარულით გაბრწყინებული სახეები კარგა ხანს შემორჩება ისტორიას.

ტრამპმა მიაღწია საწადელს კავკასიაში — ფეხის ჩადგმით. ალიევის სიხარულიც გასაგებია, ვინაიდან აშშ-ა კეთილი თვალით გადმოხედა აზერბაიჯანს. მომავალში ვაშინგტონი აღარ მოიხსენიებს ალიევს როგორც დიქტატორს, ოპოზიციის წინააღმდეგ უმკაცრეს მებრძოლს; აღარ დატუქსავს ოჯახური კლანის მიერ აზერბაიჯანის მრავალწლიანი მმართველობისთვის; აღარც იმისთვის, რომ პრეზიდენტ ალიევის მეუღლე ვიცე-პრეზიდენტია; არადემოკრატიულ აზერბაიჯანს ასეთად აღარ მოიხსენიებს, რასაც აშშ-ს წინა პრეზიდენტების დროს სისტემატურად ჰქონდა ადგილი.

ფაშინიანიც კმაყოფილია, ვინაიდან მან და სომხეთმა მიიღეს აშშ-ს „სტრატეგიული პარტნიორის“ ტიტული, ბევრიც სხვა, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

თეთრი სახლის ცერემონიალს, უცბათ მოჰყვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვენსის ვიზიტები სომხეთ-აზერბაიჯანში. ტრამპმა არ დააყოვნა და ვიდრე ხელმოწერილი მემორანდუმი ჯერაც „ცხელი იყო“, ვენსი მიავლინა სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ახალი ტერიტორიების საინსპექციოდ, რომელიც უდავოდ გახდება ტრამპლინი ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელში ჩასაგდებად — რუსეთ-ჩინეთ-ირანის მუდმივ საკონტროლო პუნქტად. ვიზიტით განხორციელდა ამერიკისთვის ახალი ტერიტორიების მიკერების საკითხი. რას ნიშნავს ეს?

ტრამპის მარშრუტის პროექტისთვის რეალური სახის შექმნას, ანუ პროექტის ცხოვრებაში გატარების დაწყება.

ზანგეზურის დერეფნის ექსპლუატაცია, ინფრასტრუქტურის შექმნა, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების რეკონსტრუქცია, რომელსაც აშშ-ს კომპანიები განახორციელებენ უფრო ფართო მნიშვნელობის შემცველია — ტრანსკასპიურ მაგისტრალებზე კონტროლის დაწესებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებზე პოლიტიკური მხარდაჭერით, რათა მათ დააჩქარონ რუსეთთან კავშირების გაწყვეტის პროცედურები; ხელი შეუწყონ „თურქულ ინტეგრაციას“, მაგრამ ამჯერად არა თურქეთის, არამედ ვაშინგტონის ლიდერობით.

ამ კურსის მიმდევარია აზერბაიჯანი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენთვის ფაშინიანიც. „თურქული ინტეგრაცია“ ნიშნავს ვაშინგტონ-ანკარის პოზიციების განმტკიცებას ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებში, ანტირუსული პლაცდარმის ჩამოყალიბებას თვით რუსეთში მცხოვრებ 20 მილიონზე მეტ მუსლიმანში.

პროექტის წარმატება განპირობებულია ალიევ-ფაშინიანის პოზიციების განმტკიცებაში. მათი ყოფნა აზერბაიჯან-სომხეთის სათავეში შედის ტრამპის ინტერესებში, რამეთუ ისინი ისეთი პოლიტიკოსებია, რომლებიც უყოყმანოდ შეასრულებენ ტრამპის დავალებას. ამ მხრივ საყურადღებოა ვენსის განცხადება, ერევანში პრეს-კონფერენციაზე:

„კითხვა იმისა, თუ როგორ წარვმართოთ სამშვიდობო პროცესი მომავალში უფრო ხარისხიანი ეტაპისკენ, გამომდინარეობს პრემიერ-მინისტრის კარგი მდგომარეობიდან, რათა მან აქცენტირება გააკეთოს მომავალზე. ვიცი, რომ ივნისში არჩევნები გაქვთ და თუ ჩემი მხარდაჭერა რაღაცას ნიშნავს, ეს მას უკვე აქვს. ეს, ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი თანამშრომლობის მშენებლობა“.

ვენსის ვიზიტს სომხეთში მოჰყვა ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებაც. მათ შორის აღსანიშნავია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელშიც აშშ-ი ჩადებს 9 მილიარდ დოლარს, უფრო სწორად აშშ-ი სომხეთს გადასცემს 5 მილიარდ დოლარის მოწყობილობას — პირველ ეტაპზე, შემდეგ დამატებით 4 მილიარდს — საწვავისა და მომსახურეობისთვის.

აღსანიშნავია, მაღალი ტექნოლოგიების დარგში გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვით სომხეთში აშენდება ხელოვნური ინტელექტის ქარხანა და აშშ-ს კომპანიის  Firebird-ს ცენტრი. გათვალისწინებულია მაღალი სიმძლავრის გრაფიკული პროცესორების მიწოდება NVIDIA-ს კორპორაციის მიერ.

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის გიუმრი-ყარსის რკინიგზის გაშვებაც არის გათვალისწინებული. მაგრამ მთავარი არის 43-კილომეტრიანი დერეფანი, სომხეთის სიუნიქის ტერიტორიაზე გამავალი, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს ნახიჩევანს, შემდგომში თურქეთს.

5-მილიარდიანი პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის მოდერნიზაცია-მშენებლობას, ნავთობისა და გაზსადენის, აგრეთვე ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელის გაყვანას. აშშ-ა მიიღო ექსკლუზიური უფლება 99 წლის განმავლობაში გაუწიოს ამ დერეფანს მმართველობა.

აღნიშნული ხელშეკრულებები ნიშნავს აშშ-ს შემოსვლას რეგიონში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი დომინირებდა. ბოლო წლების განმავლობაში სომხეთი თანმიმდევრულად ამცირებდა რუსეთთან ურთიერთობას. 2025 წლის იანვრიდან რუსეთის მესაზღვრეებმა შეწყვიტეს პატრულირება სომხეთის საზღვრების ირანთან და თურქეთთან. 2024 წელს  კი ერევანმა გამოთქვა „ოდკბ“-დან გასვლის სურვილი.

ერევნიდან, ბაქოში ჩასულმა ვენსმა პრეზიდენტ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ქარტიას „ამერიკა-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ. ქარტიის ძირითადი მიმართულებებია — რეგიონალური კავშირები და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ინვესტიციები, უსაფრთხოება და თავდაცვა.

ვენსმა თქვა: „ქარტიაზე ხელმოწერა ფორმალიზებას უკეთებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოხატავს, რომ აშშ-აზერბაიჯანის კავშირები მომავალში იქნება მყარი და ნაყოფიერი“.

ვენსმა მადლობა გადაუხადა ალიევს მშვიდობის დასამყარებლად გადადგმული ნაბიჯებისთვის. შეუქო დიპლომატია და თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გარდა, ალიევი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს თურქეთთან და ისრაელთან. ვენსმა ახსენა აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული წყლების დასაცავად ახალი კატარღების გადაცემაც.

თავის მხრივ პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორობა „მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან“. ამასთანავე ჩამოთვალა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განხორციელდება პარტნიორული კავშირებით: ენერგეტიკული უსაფრთხოება, „ტრამპის მარშრუტის“ განვითარება, ამერიკული იარაღის მიღება, ხელოვნური ინტელექტის შექმნა.

ვენსის ვიზიტის შესახებ ესოდენ დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით, რომ პასუხი გამეცა მავანი პოლიტოლოგის განცხადებაზე — ირანი არ დაუშვებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას, ვინაიდან მას ამერიკელები გაუწევენ ექსპლუატაციას. ამერიკელების გამოჩენა კავკასიაში კი ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. არ იქნება ზანგეზურის დერეფანი და ტვირთები ისევ საქართველოზე გაივლის, რითაც საქართველოს ბიუჯეტი შეივსება.

აშშ-ს ოცნება იყო ამიერკავკასიაში ფეხის ჩამოდგმა — მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მან ოცნება ვერ აიხდინა. მოგვიანებით, მაგრამ მაინც ფაშინიან-ალიევის დახმარებით კავკასიის ათვისების პროექტის რეანიმაცია ტრამპმა მოახდინა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ აშშ-ი მის მიერ შემუშავებულ პროექტს ინახავს და ხელსაყრელ ვითარებაში აცოცხლებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

29/03/2026