ერის ორი სულიერი მწყემსის შეგონება
საქართველო გლოვობს უდიდეს დანაკარგს — წმინდა ილიას, კათოლიკოს პატრიარქს, უნეტარეს, ღვთის მიერ მოვლენილ სულიერ მწყემსს ქართველი ხალხისა, რომელმაც უშრეტი ენერგიით, შემართებით იღვაწა ერის სიკეთისა და სიჯანსაღისთვის; ბევრს მიაღწია, ბევრი შეძლო — შეუძლებელიც, რასაც მრავალჯერ გაიხსენებს ხალხი მისი ლოცვა-კურთხევით წელგამართული.
მარადისობაში გადასული, არც აწმყოსა და არც მომავალში არ დაიზარებს სიმართლისა და პატიოსნების გზაზე სავალად დაგვმოძღვროს ისე, როგორც ზეცაში გაფრენამდე გვმოძღვრავდა, რათა ცდუნებამ ეშმაკისამ არ შეგვიპყროს, თავიც და ქვეყანაც არ დაგვავიწყოს, სამშობლოს, ერის, მამულის სიყვარული ლიტონ სიტყვებად არ გვიქციოს.
სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, საბჭოეთიდან დაწყებული, ე.წ. ეროვნული ხელისუფლების პერიოდით გაგრძელებულით, დამოუკიდებელი საქართველოს ჟამით დამთავრებულით არაერთი შეხვედრა-საუბარი მქონდა მასთან — სიმშვიდის მომგვრელი, ისე, როგორც სანთლით განათებული საყდარი.
რამდენჯერ დაგვარიგა, რამდენჯერ გვთხოვა არ გაგვეხედა ჯოჯოხეთისკენ. ბევრჯერ დავმორჩილდით, გავიაზრეთ მისი ნათქვამი, დარიგება. ზოგჯერ მგლის წინაშე მოკუნტრუშე კრავივით მოვიქეცით, ვერ შევიგნეთ დარიგება, ზერელეობაში გავატარეთ მისი სიტყვები და კისერიც მოვიტეხეთ.
ქვეყნის ისტორიაში ღვთის მიერ მოვლენილი წმინდანის შეგონების უკუგდებას არცთუ იშვიათად აქვს ადგილი, თუმცა არც სისტემატურად, რამეთუ სისტემატურობა, ქვეყნისა და მისი ხალხის გაცამტვერების მომასწავლებელია.
საქართველოს ისტორიაშიც ჰქონია ადგილი სულიერი მწყემსის შეგონების გაუთვალისწინებლობას, რომლის წიაღში ჩაღწევა და მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა, მხოლოდ ისტორიული კვლევის საგანია და არა წინამდებარე სტატიისა, რომელიც თავისი მოცულობით და მიზნით არ გამოთქვამს პრეტენზიას მეცნიერული კვლევისა.
მიზანი სტატიისა არის მარტივი — წარსული ორი ფაქტის თქვენთვის მოთხრობა, მიუკერძოებლად, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არაერთხელ გამოიყენეს მკვლევარებმა, მათ შორის გრიგოლ (გრიშა) ონიანმა, სხვებმა — ჭეშმარიტების დასადგენად.
ბატონ გრიშას, ძნელი თუ არა შეუძლებელია სამშობლოს სიძულვილში დადანაშაულება, საქართველოს ისტორიისა და მისი გმირების განქიქება. ერთადერთი, რაც ბატონ გრიშას ამოძრავებდა და ამოძრავებს სიმართლის და არა სიცრუის გაცნობაა ჩვენი საზოგადოებისთვის.
„ისტორიის გამყალბებლებს ძველ რომში ისევე სჯიდნენ, როგორც ფულის გამყალბებლებს — მათ ცეცხლზე წვავდნენ. ჩვენს ეპოქაში კი ისტორიის გამყალბებლებს არა თუ ცეცხლზე წვავენ, გუნდრუკსაც კი უკმევენ. ამის დამადასტურებელია სატელევიზიო ეთერში ღვაწლმოსილი მეცნიერის განცხადება, რომლითაც მან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ უცხოეთში სასოებით შენახული ქართული ეროვნული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნების საქმეში სტალინის როლი დააკნინა და ამით ისტორია გააყალბა.
„სტალინის ჩაძაღლებამდე, 15 დღით ადრე ღვთის კაცის, ექვთიმე თაყაიშვილის სული უკვდავებაში გადავიდა. 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა დიდი მეცნიერი და დიდი ქართველი ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი“ — განაცხადა ტელეეკრანიდან აკადემიკოსმა.
სრულიადაც არ მეპარება ეჭვი ექვთიმე თაყაიშვილის ღმერთკაცობაში, მაგრამ ეჭვი მეპარება ისტორიკოს-აკადემიკოსის სიტყვებში, რომელიც სტალინის მიმართ გამოიყენა. არადა, არათუ ისტორიკოსს, რიგით მოქალაქესაც არ ეკადრება ისტორიის გაყალბება, მითუმეტეს ისტორიკოს-აკადემიკოსს.“ — წერს ბატონი გრიგოლ (გრიშა) ონიანი, გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“ 2015 წლის 25 თებერვალი, N7, რის შემდეგაც მოჰყავს ისტორიული მაგალითები გამყარებული საარქივო დოკუმენტებით.
„1922 წლის 20 ივნისს, სტალინის ინიციატივით, სსრკ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება საქართველოს სსრ-თვის სამუზეუმო და საარქივო კოლექციების გადმოცემის შესახებ, რომელიც წაღებული იყო მეფის მთავრობის მიერ და ინახებოდა რუსეთის განძთსაცავში. მოკლე ხანში ყველა ნივთი ლენინგრადიდან ჩამოიტანეს თბილისში და ჩააბარეს სხვადასხვა ფონდს.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბოტკინის კოლექციად წოდებული საგანძური, რომელშიც წარმოდგენილი იყო გელათიდან, მარტყოფიდან, ჯუმათიდან გატაცებული ქართული ტიხრული მინანქრის უძვირფასესი ნამუშევრები.
როდესაც კრემლის ეზოში სტალინი, ენუქიძე, ორჯონიკიძე, სვანიძე საქმიანად საუბრობდნენ, კრემლში საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენელი ჯგუშია მივიდა, ახალგაზრდა მეცნიერ შალვა ამირანაშვილთან ერთად, დადგენილების ასლის ასაღებად.
სვანიძემ იცნო მეცნიერი და სტალინს გააცნო — ეს, ის ახალგაზრდაა, რომელიც ქართული საგანძურის დაბრუნებაზე მუშაობსო. სტალინს უკითხავს — ხომ არაფერი გაბრკოლებს საგანძურის მიღებაშიო. რაზეც ამირანაშვილს უპასუხია — ფერხდება ბოტკინის კოლექციის დაბრუნებაო, ვინაიდან სახელმწიფო განძთსაცავის დირექტორი წინააღმდეგიაო.
სტალინმა, ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომერი გაუწოდა და უთხრა — კიდევ ერთხელ სცადეთ. ხვალ 11 საათზე დამირეკეთ და შედეგი მაცნობეთო.
მეორე დღეს, დირექტორთან მისულმა ამირანაშვილმა ისევ უარი მიიღო, რის შემდეგ სთხოვა დირექტორს ტელეფონით დაერეკა. სტალინმა მოისმინა ამირანაშვილის ნათქვამი და დირექტორს უბრძანა შეესრულებინა დადგენილების მოთხოვნები.
განძის დაბრუნების პროცედურას აკონტროლებდა ჯგუშია, რომელმაც სტალინს შედეგი მოახსენა. მუშაობას ნუ შეაჩერებთ, მისწერეთ პარიზში ქართველ მეცნიერს ჩაბრძანდეს საქართველოში და ჩაიტანოს მისი მთავრობის მიერ გატაცებული განძი. ქართველი ხალხი განძს ელოდება, უნივერსიტეტის ცარიელი კათედრა კი მეცნიერს — უბრძანა სტალინმა ჯგუშიას“.
ჯგუშიამ შეასრულა სტალინის ბრძანება და წერილი მისწერა ექვთიმე თაყაიშვილს, რაზეც 1923 წლის 10 აპრილს თაყაიშვილმა წერილით უპასუხა: „სიძველენი წამოღებული იქნა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით. მე დამფუძნებელი კრების თხოვნით გამოვყევი ნივთებს, როგორც მეთვალყურე. დაბრუნება ნივთებისა შეიძლება მხოლოდ მთავრობის დადგენილებით. უამისოდ მე არ მაქვს უფლება მივიღო ნივთები, არც საშუალება შევასრულო ეგ საქმე, როდესაც მთავრობა გადაწყვეტს დაბრუნებას, მე, რასაკვირველია, მოვალეობად მივიჩნევ დავბრუნდე და ნივთები ჩამოვიტანო“. „დაბრუნებული საუნჯე“, 1983 წ. გ. ჟორდანია.
მენშევიკურ მთავრობაში ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური და აღიარებული ლიდერი იყო. 1918-21 წლებში ის გავლენიანი დეპუტატი იყო. იკავებდა საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგის (მოადგილის) თანამდებობას, საქართველოს სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაშიც, რომელიც მუშაობას განაგრძობდა ემიგრაციაში.
ექვთიმე თაყაიშვილი არათუ მთავრობის დავალებების შემსრულებელი იყო, არამედ დამკანონებელიც.
დეპუტატმა და მეცნიერმა, რომელმაც კარგად იცოდა ყველა ეკლესია-მონასტერში არსებული განძის ფასი, დაარწმუნა მთავრობა და პარლამენტი ამ საეკლესიო ქონების ექსპროპრიაციაში და სახელმწიფოსთვის ჩაბარებაში.
ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ხუთი საპარლამენტო კომისიის წევრიც იყო, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ავტორიც იყო, რომლითაც საეკლესიო ქონება, სახელმწიფო ქონებად გამოცხადდა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს სათავეში მოსული სოციალ-დემოკრატები, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ექვთიმე თაყაიშვილი იყო თვლიდნენ, რომ საკანონმდებლო აქტებით უნდა მომხდარიყო ეკლესიისა და სახელმწიფოს მკვეთრი გამიჯვნა. ასე და ამრიგად, ეკლესიის საკუთრებად აღიარებული ქონება — სახელმწიფო ქონებად გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას. შემოგთავაზებთ ამონარიდს ამ წერილიდან: „პირველი, რაზეც თქვენს ყურადღებას მივაქცევ, არის სასულიერო წოდების ყოფილი სასწავლებლების ქონება-შენობები, რომლებიც გადაეცა განათლების სამინისტროს. ჩვენ ვვარაუდობდით არვინ შეავიწროებდა სასულიერო წოდებას, მაგრამ განათლების სამინისტრო კანონიერ მფლობელებს გვეუბნება სასამართლოში დაგვიმტკიცეთ რისი პატრონებიც ხართო.
სამწუხაროა, რომ სამინისტროს პატრონობის ჟამს დაიკარგა სასულიერო სასწავლებლებისა და სემინარიის პანსიონატის ქონება.
დასასრული აღარა აქვს სამინისტროს მიწერ-მოწერას ჩვენს უწყებასთან, პროვინციის რწმუნებულის თაობაზე, აუტანელი ხდება ასეთი ძალმომრეობის დათმენა. სამღვდელოება უსათუოდ შეებრძოლება სამინისტროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მის დაჩაგვრას მოინდომებენ.
ამგვარსავე უსამართლობას ითმენს სასულიერო უწყება მიწათმოქმედების სამინისტროსგან, რომელმაც ეკლესიებს ჩამოართვა მიწები, გლეხები, სათიბები, ტყეები. მონასტრებში, ეკლესიებში ადამიანები ცხოვრობენ და რით იარსებონ მატ მიწა თუ არ ექნებათ?
ვინ უპატრონებს გელათს, მარტვილს, შემოქმედს, ალავერდს, დავით გარეჯს, შუამთას, ბოდბეს, შიო-მღვიმეს, ქვათახევს, მცხეთას?
რომელი სახელმწიფოებრივი საქმე უნდა გარიგდეს მშობელი ბერების შიმშილისგან გაწყვეტით და ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიული ნაშთების განზრახ დანგრევა-განადგურებით?
უსამართლობაა …
ჩვენი მთავრობა სოციალისტურია და პრინციპულად ვერ შეეგუება ეკლესიას. თანახმა ვარ, დიახაც დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაშორებაშიც სავალდებულოა სამართლიანობა. და ჩვენც მხოლოდ სამართლიან გაყოფას ვთხოულობთ სახელმწიფოსგან, და სხვას არაფერს“.
ამ კანონების ავტორი ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ.
საყურადღებოა მეცნიერ სერგო ვარდოსანიძის წერილი:
„დაიწყო ეკლესია-მონასტრებიდან საეკლესიო სიწმინდეთა მუზეუმებში გადატანა, რამაც საქართველოს პატრიარქი ლეონიდე, საკათალიკოსო საბჭოს წევრები და საერო პირები გაანაწყენა. შიშობენ, რომ ათეისტური მიმართულების სოციალ-დემოკრატებს, შესაძლოა ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატები, ბრილიანტის თვლიანი მიტრები თუ პანაღიები გაეყიდათ, დაცარიელებული ხაზინის შევსება ამ გზით მოეხერხებინათ“.
საქართველოს პატრიარქი ლეონიდე მეორედ მიმართავს ნოე ჟორდანიას: „ნუთუ ჩემი მდგომარეობა, როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის მამამთავრისა საბუთია თქვენთვის იმისა, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ და ჩემდა სრულებით დაუკითხავად, ზიდოთ ტომრებით თქვენს ძირგავარდნილ ხაზინებში, ვითომდა დასაცველად, სასწაულმოქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსლები, ბარძიმ-ფეშხუმები, და სხვა.
არც გონება და არც მორწმუნე ერისგან მინიჭებული უფლებამოსილება, ღვთის მადლით ჯერ-ჯერობით არ დამიკარგავს და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა ასეთი რამეების გადმოტანა გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი მუხლს უყრიან, წმინდა სანთელს უნთებენ და თუ ეხებიან მარტო მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვა-მოწიწებით…“.
1919 წლის 8 დეკემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა სამეგრელოს თავადის განძეულობა აღწერა: „ჩასულა ქვემო სართულის სამზარეულოში, სადაც მოურავს უჩვენებია სამალავი. გამოუმგრევიათ განჯინის ამოქოლილი პირი, შიგ აღმოჩენილა 4 ყუთი სავსე ოქროსა და ვერცხლის ნივთებით, სხვა ნივთები. კომისიის გადაწყვეტილებით ყოველივე აღნიშნული … (წერს ჟორდანია „დაბრუნებული საუნჯე“. 1983 წ. გვ.34.)
1921 წლის 5 მარტს, განძით დატვირთული ყუთები აიტანეს ფრანგულ კრეისერ „ერნესტ რენანზე“. ექვთიმე თაყაიშვილი, რომელსაც ევალებოდა განძის პატრონობა, გემზე არ აუშვეს. ექვთიმე სხვა გემს გაჰყვა მარსელისკენ, სადაც კრეისერი „ერნესტ რენანი“ ჩავიდა.
გ. ჟორდანია წერს: „მარსელის ბანკში მიტანილი საგანძური თურმე ვერ ეტეოდა არა მხოლოდ ოთახებში, დერეფნებიც სავსე ყოფილა“.
მთავრობის თავმჯდომარის მიერ ფრანგულ ენაზე გაცემული ცნობა, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა უნდა უზრუნველყოს ოქროს ზოდებისა და საგანძურის ჩაბარება ევროპის ბანკებში, უგულებელყოფილი იქნა და მარსელის ბანკში ჩაბარებას ექვთიმე თაყაიშვილის ნაცვლად აკაკი ჩხენკელმა, ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა მოაწერეს ხელი. მათვე დარჩათ უფლება, რომ მიბარებული საგანძურის ყუთებიდან აეღოთ ოქროს ნაკეთობები, გადაედნოთ და გაეყიდათ.
1934 წლის 8 მაისს, სასამართლო განაჩენის საფუძველზე საფრანგეთის მთავრობამ მოახდინა კონფისკაცია განძისა. ამ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილმა განძის ფორმალური ზედამხედველის ფუნქციაც დაკარგა.
საარქივო მასალებიდან გამომდინარე, ბატონ ექვთიმეს მხოლოდ სამჯერ ჰქონდა შეხება ქართულ განძთან — პირველად, როდესაც განძი გროვდებოდა ეკლესია-მონასტრებიდან და საზღვარგარეთ გასატანად მზადდებოდა. მეორედ, როდესაც საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას ბარდებოდა. და მესამედ, 1944 წლის თებერვალში, როდესაც განძი საქართველოში გამოსაგზავნად მზადდებოდა.
ასე რომ, მშიერ-მწყურვალე ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც ლამის თავის ბინაში (სახლში) დაწყობილ განძს ხელს არ ჰკიდებდა, არ ჰყიდდა, ბუნებრივი მოთხოვნილების — შიმშილის დასაკმაყოფილებლად, მტკნარი სიცრუეა.
აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით გრიშა ონიანი: „ერთხელ პატარა ქვეყანას თავს დაესხა დიდი ქვეყანა. ხალხმა იფიქრა, ამათთან ხმლით ვერაფერს გავაწყობთო და საგანძურს ხელი დაავლო ერთმა „ჩია“ კაცმა და „სამშვიდობოს“ გაიტანა. 25 წლის განმავლობაში განძთან ერთად ცხოვრობდა ეს „ჩია“ კაცი, მაგრამ დიდი მეცნიერი. შემდეგ, როდესაც პატარა ქვეყანამ, დიდი სახელმწიფო ალაგმა, „ჩია“ კაცი, განძეულით თავის სამშობლოში დაბრუნდა.
ქატო აქა, ფქვილი იქა, ჭირი აქა, ლხინი იქა“.
„ახლაც სოციალურ ქსელებში ლამის ყოველ დღე გადააწყდები სალანძღავ პოსტებს ჟორდანიასა და მისი მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით „აწვებიან“ 1921 წლის საფრანგეთში გატანილი განძის განიავებას.
სამწუხაროა, რომ დღესაც ბევრი ისევ ბოლშევიკების შემოგდებული ნაბოდვარით საზრდოობს, რომლის მიზანი იყო დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დამცირება, დაკნინება ემიგრაციაში წასვლისას საქართველოს მთავრობამ ქვეყნიდან გაიტანა 249 ყუთი, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ხაზინისა და სახელმწიფო ბანკის ქონებაც 128 ყუთი ოქრო-ვერცხლი. სწორედ ამ ავლადიდების გაყიდვის შემდეგ მოხერხდა ლევილის შესყიდვა — პარიზიდან 26-კილომეტრზე, სულ „130000 ფრანკად“ ი. მეგრელიძე „ექვთიმე თაყაიშვილი“.
„მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, გენერალი დე გოლი საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდა და საგანძურის საბჭოთა კავშირში, საქართველოში დაბრუნება მისი მხრიდან დიპლომატიური ჟესტი იქნებოდა სტალინის წინაშე. 1944 წლის 23 ნოემბერს, დე გოლმა გასცა განკარგულება განძის დაბრუნების შესახებ“ — წერს ი. მ.
ავტორის სიმპათია მენშევიკური მთავრობის მიმართ აშკარად გამოსჭვივის სოც. ქსელებში გამოქვეყნებულ ამ წერილში. რომ იტყვიან, „ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლიო“ — ასეთთან გვაქვს საქმე, მაგრამ მოწონების დროს თუ ჭეშმარიტებას უგულვებელვყოფთ, ანუ იმას, რასაც ისტორიული არქივები ღაღადებენ, ანდა კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს წერილებს მენშევიკური მთავრობის ხელმძღვანელის ნოე ჟორდანიას სახელზე გაგზავნილს, ჭეშმარიტება იკარგება და რბილად რომ ვთქვათ, ტყუილში გადადის.
ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს მენშევიკური მთავრობის დემოკრატიულობაზე: „დღესაც, ბევრი ისევ ბოლშევიკების შემოგდებული ნაბოდვარით საზრდოობს, რომლის მიზანი იყო დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დამცირება, დაკნინება“.
თუ რამდენად დემოკრატიული იყო ჟორდანიას მთავრობა, რომელმაც ეკლესიები გაძარცვა და სხვა საგანძურთან ერთად საფრანგეთში გაიტანა ზემოთ მოგახსენეთ, უფრო სწორად მოგიყვანეთ ამონარიდები ისტორიული, საარქივო დოკუმენტებიდან. დავუმატებ ერთს — ავტორი გვაუწყებს, რომ დე გოლს თურმე დიპლომატიური ჟესტი გაუკეთებია სტალინის წინაშე და გაუცია განკარგულება განძის საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოში დასაბრუნებლად.
დილეტანტ მკითხველს, ზეცაში პატრიოტულად მფრენს, შეუძლია მაღალი შეფასება მისცეს დე გოლის გადაწყვეტილებას, როგორც განსწავლულ, ყოვლის მცოდნე ადამიანს, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია, საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთის ბანკში შენახული განძის შესახებ.
გენერალ დე გოლის განსწავლულობაში ეჭვი არ შემაქვს, არც მსოფლიოს ისტორიის ცოდნაში, განსაკუთრებით საქართველოს, მაგრამ 1944 წელს, მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პირობებში ექნებოდა გერმანიის ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გენერალს საქართველოზე და მის განძზე ფიქრის თავი?
ავტორის მიხედვით, გენერალმა დე გოლმა შესთავაზა სტალინს — თქვენი მშობლიური საქართველოს განძი ინახება ჩვენს ბანკში და მინდა დაგიბრუნოთო.
მიკვირს, ავტორმა, სტალინისა და ბოლშევიკების სიძულვილით რატომ არ დაწერა შემდეგი — სტალინმა გაიკვირვა, არავითარი ინტერესი არ გამოთქვა განძის მისაღებად და მხოლოდ დე გოლის დაჟინებული თხოვნის შედეგად დაეთანხმა მას.
სხვათა შორის, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი განგაშით ატყობინებენ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერიდან ხალხს ბნელი, ბოროტი ადამიანები, როგორ აყალბებენ ისტორიას, შეურაცხყოფას აყენებენ ისტორიულ გმირებს, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც ქართველებს ეროვნული განძი შეგვინახა და სამშობლოში ჩამოიტანა; რომ ექვთიმე თაყაიშვილი მივიდა საფრანგეთის ხელისუფლებაში, სთხოვა მას საქართველოში დაბრუნება განძთან ერთად და ისიც დათანხმდა.
ვისაც საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ე.წ. სეიფი აქვს ნანახი (ამჟამად მუზეუმის შენობა შემოფიცრულია და სარესტავრაციო სამუშაოების ხანგრძლივ მოლოდინშია), იქ გამოფენილი არტეფაქტებით, დამერწმუნება, რომ ამ ნივთების — ისტორიულისა, მდიდრულისა, საფრანგეთის საზღვარზე გატარება შეუძლებელი იქნებოდა სპეციალური განკარგულების გარეშე. და ეს იყო ნახევარზე ნაკლები იმ განძისა, რომელიც მენშევიკებმა გაიტანეს საქართველოდან.
სტატიის დასაწყისში მოვიყვანე ბატონი გრიგოლ (გრიშა) ონიანის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდი — კრემლის ეზოში სტალინის საუბარი ახალგაზრდა მეცნიერ შალვა ამირანაშვილთან. სწორედ სტალინის დახმარებით დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული განძის ნაწილი რუსეთის სხვადასხვა ფონდებიდან. შალვა ამირანაშვილი მუშაობდა რუსეთში არსებული ქართული არტეფაქტების საქართველოში დაბრუნებაზე. სწორედ მას დაევალა მენშევიკების მიერ საქართველოდან გატანილი განძის უკან დაბრუნების პროცედურების შესრულება მას შემდეგ, რაც სტალინმა დე გოლთან შეხვედრაზე დაითანხმა ის განძის დაბრუნებაზე.
დე გოლს საკმაოდ მძიმე შრომის გაწევა მოუხდა, რათა საფრანგეთის კუთვნილებაში გადასული საქართველოს განძის უკან დასაბრუნებლად დაეთანხმებინა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.
მხოლოდ სტალინის გადაწყვეტილებით, განხორციელდა განძის საქართველოში დაბრუნება და არა ექვთიმე თაყაიშვილის თავდადებით, რომელიც თურმე მშიერ-მწყურვალე განძს დარაჯობდა ყოველგვარი ცდუნების გარეშე — გაეყიდა და თავი ერჩინა — ქართული დილეტანტური ვერსია, ზღაპრის მსგავსი, თუმცა ტკბილად მოსასმენი ოღონდ, რეალობიდან ძალიან, ძალიან დაშორებული.
ტყუილის, სიმართლედ გასაღება არაკეთილშობილური საქმეა, რომელიც უარყოფითად ისახება აწმყოზე და აისახება მომავალზე. სამწუხაროდ საქართველოს ისტორია აღსავსეა ზღაპრებით, რაც ვერადავერ შეუწყობს ხელს პატრიოტულ სულისკვეთების განვითარება-განმტკიცებას.
სტატიაში მოგიყევით ერთი ისტორია, რომელმაც უმძიმესი დაღი დაასვა ქვეყნის ყოფას. მაშინ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქართველოს პატრიარქი ლეონიდე ცდილობდა შეეგონებინა ე.წ. ეროვნული ხელისუფლებისთვის არ გაენადგურებინათ ეკლესია.
მეორე ასეთ ისტორიას ჰქონდა ადგილი 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, როდესაც საქართველოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორემ სთხოვა მომიტინგეებს პარლამენტის შენობის წინამდებარე ტერიტორიიდან, ქაშვეთის ეკლესიაში სალოცავად გადასვლა, ვინაიდან საფრთხე იყო მოსალოდნელი — სამხედროთა მიერ ტერიტორიის ძალისმიერი გათავისუფლების.
არ დაუჯერეს. უფრო მეტიც, მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ი. წერეთელმა მიკროფონი გამოგლიჯა ხელიდან ერის სულიერ მწყემსს და დაიბღავლა — არ დავიშლებით.
ვინ იცის, რომ დაშლილიყვნენ, ავირიდებდით მსხვერპლს?
ავირიდებდით! და არა მარტო მსხვერპლს, არამედ ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მოსვლას ქვეყნის სათავეში, სამოქალაქო ომებს, აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთელებთან გაყრას, რუსეთთან დაპირისპირებას, სხვა მრავალ უბედურებას, რაც თავს დაგვატყდა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
23/03/2026
