10.03.2026

რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ

ა.წ. 28 თებერვლამდე არსებული მსოფლიო, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები — უკრაინაში მიმდინარე 4-წლიანი ომით გამოწვეული, ედემად მოგვეჩვენება აშშ-ა და ისრაელის მიერ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შემდეგ.

ძნელია წინასწარმეტყველება იმისა, როგორი ცხოვრება იქნება მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედების ჩაცხრობის შემდეგ. ძნელია, ვინაიდან არვინ იცის, როდის დასრულდება ომი ან საერთოდ დასრულდება თუ არა. ვინც უნდა იცოდეს — აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, მანაც არ იცის, ისე, როგორც მისი ადმინისტრაციის წევრებმა. როგორც ჩანს, მის წინათგრძნობას ჯერ-ჯერობით არ უკარნახია მისთვის, ისე, როგორც ომის გაჩაღებამდე — ირანი ომს აპირებს შენს წინააღმდეგ, დაასწარი და დაჰკარი მასო.

 ტრამპის წინაგრძნობის თაობაზე ილაპარაკა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეროლაინ ლევიტმაც, მოჭარბებულად მტკიცე გამომეტყველებით, თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას — რა იყო ომის დაწყების საბაბიო. როდესაც არც ტრამპს და არც მის გუნდს არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ, წინაგრძნობაც არგუმენტია. რუსული გამოთქმისა არ იყოს — „ნა ბეზრიბიე ი რაკ რიბა“ (უთევზობისას, კიბორჩხალაც თევზია).

ტრამპი, რომელიც 1 მარტს ომახიანად აცხადებდა — ომს რამდენიმე დღეში მოვათავებო — დიდი-დიდი 2-3 კვირაშიო, აცხადებს — ომი სექტემბრამდე გაგრძელდება. სექტემბრამდე მსოფლიო უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ ვერც ერთი წინასწარმეტყველი ვერ იტყვის, რომ სექტემბერში ომი დასრულდება.

ტრამპმა, თავისი წინათგრძნობით, ენით აუწერელი უბედურება მოუტანა მსოფლიოს. არადა, ტრამპი ისაა, ვინც დაჟინებით მოითხოვდა ნობელის პრემიის ლაურეატობას მშვიდობის დარგში.

ტრამპი, ის პრეზიდენტია, რომელიც მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ 8 ომი შეაჩერა და მეცხრეს — რუსეთ-უკრაინისას აჩერებს.

ტრამპი, ისაა, ვინც „მშვიდობის საბჭო“ შექმნა და მასში 20-ზე მეტი ქვეყანა გააწევრა, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: ყაზახეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი.

ტრამპი, ის პრეზიდენტი გამოდგა, თავისსავე ნათქვამს რომ ფეხებზე იკიდებს და ახალს, საწინააღმდეგოს ამბობს, თუმცა ეს თვისება ყველა ამერიკელი პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი რამ იყო.

ტრამპი, ის პრეზიდენტია, რომელმაც თავისი წინამორბედების პოლიტიკა პირნათლად გააგრძელა, მიუხედავად მტკიცებისა, რომ ის სხვა, მშვიდობის მომტანი პრეზიდენტი იქნება.

ტრამპამდე ყველა პრეზიდენტის პოლიტიკა იყო აგრესიული, მილიტარისტული. ყველა მათგანს თავისი ომი ჰქონდა, გადასული რეგიონულ სერიოზულ ომში, მსოფლიოს შემაწუხებელში. ტრამპმა მანკიერ ტრადიციას არ უღალატა, რითაც საკუთარი თავიც, აშშ-ი, ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო ისეთ საგონებელში ჩააგდო, არვინ რომ არ ელოდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა, ირანის სულიერი ლიდერის, ქვეყნის მეთაურის, რახბარის აიათოლა ხამენეის, მისი ოჯახისა და მაღალი სამხედრო მოსამსახურეების მოკვლამ სულ სხვა ელფერი შესძინა აგრესიას, ომის გაჩაღებას და ზენიტში აიყვანა დანაშაული.

აიათოლა ხამენეის, სულიერი ლიდერის შიიტებისა, მუჰამედის წარმომადგენლად აღქმულის დედამიწაზე მცხოვრები ყველა მუსლიმის მიერ მკვლელობა სამარადისო დანაშაულის კატეგორიაში განიხილება და მოუწოდებს ამ რელიგიის, განსაკუთრებით შიიზმის მიმდევრებს შურისძიებისკენ. შურისძიება კი არ და ვერ აღიქმება დროში. ის დროის ჩარჩოებს სცდება და მარადისობაში გადადის.

იცოდა თუ არა ტრამპმა ან მისი გუნდის წევრებმა რას სჩადიოდნენ?

ერთია — სახელმწიფო მეთაურის მოკვლა და მეორეა — სულიერი ლიდერის, იმავდროულად სახელმწიფოს მეთაურის, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თანამედროვე ისტორიას არ მოეპოვება მაგალითები ქვეყნის მეთაურის მოკვლის.. ერთი სახელმწიფოს მეთაურის, მეორე სახელმწიფოს სამხედრო ძალების მიერ ლიკვიდაცია, ისე, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის მოთავის ან ნარკოკარტელის ხელმძღვანელის დაუშვებელია საერთაშორისო სამართლით, ყველა კანონით, მსოფლიოში არსებულით.

სამაგალითოდ ლიბიის მეთაურის მოამარ კადაფისა და ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ლიკვიდაცია თუ გამოდგება და ისიც ნაწილობრივ. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის (ქვეყნების) სამხედრო ჩართვას, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი, ანუ მკვლელობა. კადაფის შემთხვევაში — განახორციელა ადგილობრივმა, არაბულმა ჯგუფმა, ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა, ხოლო ჰუსეინის შემთხვევაში — ერაყის სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებითაც ის ჩამოახრჩვეს.

ორივე მკვლელობის ინიციატორი აშშ-ი იყო, რომელმაც თავისი ნატოელი მოკავშირეების ხელით ომი წამოიწყო ლიბიაში — კადაფის ხელისუფლების წინააღმდეგ, ისე, როგორც ერაყში, რომელშიც თვით აშშ-ი არმია იყო ჩართული.

ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ, მიტანილმა აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე სხვა შედეგი მოიტანა, მანამდე უცნობი და არგაგონილი მსოფლიოში.

ომი გრძელდება. ინგრევა ახლო აღმოსავლეთი, ისე, როგორც ირანი. იღუპება ხალხი, მათ შორის ბავშვები. მარტო ქალთა სკოლის დაბომბვით გამოწვეულმა გოგონათა მსხვერპლმა — 175-ა, სიძულვილი, შურისძიების გრძნობა გამოიწვია ირანელებში, ისე, როგორც სხვებში. და ამ ფონზე რაოდენ არაადამიანურად ჟღერდა თეთრი სახლის პრეს-სპიკერის კეროლაინ ლევიტის განცხადება — ჩვენ არ დაგვიბომბია, თვით ირანელებმა შექმნეს ფალსიფიცირებული ვიდეო-მასალა და მსოფლიოში გაავრცელეს აშშ-ს დასადანაშაულებლადო.

ლევიტის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას იოტისოდენა ნამუსიც არ გააჩნია. მას წარბშეუხრელად შეუძლია ნებისმიერს დააბრალოს საკუთარი დანაშაული.

აშშ-ს და ისრაელის აგრესია, რომ უმძიმეს პრობლემებს უქმნის და შეუქმნის მსოფლიოს ეჭვი არვის ეპარება, ცხადია იმათ, ვინც მეტნაკლებად ჩახედულია საერთაშორისო ცხოვრებაში. ვინც არა, ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, მანამ ბენზინგასამართ სადგურზე შუბლით არ შეეჯახება ბენზინზე მომატებულ ფასს; სუპერმარკეტში კვების პროდუქტების სიძვირეს; აფთიაქში მედიკამენტების ფას ნამატს, მომსახურების სფეროს გაძვირებას და ა.შ.

მკითხველო, იმას, რასაც ვწერ და თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს, წინასწარმეტყველება არ არის, რეალობაა, რომელმაც უკვე მოიცვა მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ანუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.

საწვავზე გაზრდილმა ფასებმა შეაწუხა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ნავთობისა და გაზის უმეტეს რაოდენობას იმ არაბული ქვეყნებიდან იღებდნენ, რომლებიც ამჟამად ცეცხლის ალში არიან გახვეულნი. გარდა ამისა, ირანმა გადაკეტა ნავთობის დერეფანი — ორმუზის სრუტე (Strait of Hormuz), საიდანაც მსოფლიო ტანკერებით ხდებოდა ახლო აღმოსავლური ნავთობის ექსპორტი მსოფლიოში — საერთო რაოდენობის 30%.

ენერგეტიკულ-ეკონომიკური კრიზისი გვერდს აუვლის საქართველოს?

ვარაუდი იმისა, რომ აუვლის ფუჭია და მსოფლიო ვითარებისთვის შეუფერებელი, რაც ყველა ჩვენგანს, უპირველესად ხელისუფლებას შინაგანი მობილიზაციისკენ უნდა მოგვიწოდებდეს. მძიმე, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე შრომის გაწევა მოუწევს ხელისუფლებას, შექმნილი მომავალი რთული ვითარების დასაძლევად. თუმცა იმედი ამისა არ გვაქვს. ხელისუფლებამ 145-წლიანი მმართველობით დაგვიმტკიცა, რომ მართვა არ შეუძლია, რამეთუ არც მართვის გამოცდილება აქვს, არც სურვილი იმ საქმის პირნათლად შესრულებისა, რომელიც მას ავალია.

სულ ახლახანს, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ბუნების ჭირვეულობამ, მოვარდნილმა თოვლმა, უხვმა ნალექმა, ქარმა დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება არათუ შეებრძოლება სტიქიას, არამედ სურვილიც არ აქვს ასეთის. უფრო მეტიც, თბილისის მერმა კალაძემ, თავის მეუღლესთან და ძმაკაცებთან ერთად დუბაის მიაკითხა — საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, ნაცვლად იმისა თოვლისა და თოვლით დაზიანებული ქუჩებში ჩამოყრილი ხის ტოტებისგან გაეთავისუფლებინა ქალაქი.

2 დღის განმავლობაში ქალაქელები კოჭებამდე წყალსა და თოვლში ძლივს გადადიოდნენ ქუჩაზე. უპატრონოდ მიტოვებულ ქალაქში ტროტუარებზე გავლაც შეუძლებელი იყო. არსად ჩანდა ქალაქის სამსახურების თოვლისა და თოვლით ჩამტვრეული ხეების ტოტებისგან გამწმენდი ტექნიკა, მუშახელი. ისევ ამინდმა დაგვინდო, ყინვას აგვაშორა და ტროტუარებზე, ავტომანქანის სავალ გზაზე არსებული თოვლჭყაპი დაადნო.

ჟურნალისტთა მიერ ქალაქის მერიასა და საკრებულოებში საშველად გაშვებულ სატელეფონო ზარს მორიგე პასუხობდა — დასვენების დღეებია და ორშაბათს დარეკეთო.

დუბაიდან დაბრუნებულმა მერმა, მადლობა გადაუხადა მერიის სამსახურებს, რომლებმაც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყვეს თბილისის მოსახლეობისთვის ნორმალური პირობების შექმნა.

კალაძე დაგვცინის, სასურველს სინამდვილედ გვტენის — ცინიკურად. ასეთი ხელისუფლების შემხედვარეს, შიშის გრძნობა რომ დაეუფლოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად — ეკონომიკური პრობლემების გაუარესების გამო გასაკვირი არ არის.

აქვს ხელისუფლებას კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გეგმა?

დარწმუნებით შეიძლება ითქვას — არ აქვს! ხელისუფლება დინებას მიყვება და როგორც ჩანს წარმოდგენაც არ აქვს რას გვიქადის აშშ-ისრაელის მიერ გაჩაღებული ომი ირანის წინააღმდეგ და ირანის სულიერი ლიდერის, ქვეყნის მეთაურის ხამენეის მკვლელობა.

ქართულმა პოლიტიკამ, მედიამ, ე.წ. პოლიტოლოგიამ არ იცის, რომ ორმუზის სრუტის გადაკეტვა — ირანის რევოლუციის გუშაგთა მიერ, კატასტროფულად გაზრდის ნავთობზე და გაზზე ფასებს, რასაც მოჰყვება ეკონომიკის ყველა დარგის გაძვირება, სოციალური ვითარების გაუარესება.

მოკლედ და კონკრეტულად — ის გაუსაძლისი ყოფა, რაც ერთი კვირის წინათ გვქონდა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიამდე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. და ამ დროს ვიღაც მეტიჩარა „პოლიტიკოსი“ ამბობს — დუბაის ნაცვლად რუსი ტურისტები ჩვენთან ჩამოვლენო.

„ოპტიმისტ“ იმანოს ვერ შეუგნია, რომ ეკონომიკის ისეთი დარგი, როგორიც ტურიზმია, ისეთ დარტყმას მიიღებს, რომ ომის დამთავრების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წელში ვერ გასწორდება.

გავიხსენოთ „კოვიდ-19“-ი და სახლში ჩაკეტილი მსოფლიო. ტურიზმი ისეთი ფაქიზი სფეროა, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას რომ მოითხოვს. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — ტურიზმზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ჩამოკიდება საბედისწერო შეცდომაა. ნებისმიერი, ტურიზმით ცნობილი ქვეყნისთვის პირველ პლანზე მრეწველობა, სოფლის მეურნეობაა წამოწეული, ხოლო ტურიზმი დამხმარე სფეროდ. ასეა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, სხვაგან — ტურიზმით ცნობილ ქვეყნებში.

საქართველოს საზოგადოების, განსაკუთრებით პოლიტიკურის წარმომადგენლები, გაქანებული ომის დროს რომ სერიოზულად ილაპარაკებენ ევროკავშირში შესვლაზე — უჭკუობის დამადასტურებელია. მათ ისიც ვერ გაუგიათ, რომ ომმა ისე დააბნია ევროკავშირელები, ისე შეარყია მათი მოჩვენებითი მონოლითურობა, რომ ცოტაც და ამ კავშირიდან აღარაფერი დარჩება.

ახლახანს, ტელეკომპანია „იმედის“ ეკრანზე ნუგზარ რუხაძე ვიხილე, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ინგლისურს ასწავლის მსურველებს; რომ ქართველისთვის მეორე ენის სწავლა აუცილებელია, რათა მას კავშირი ჰქონდეს მსოფლიოსთანო.

ვეთანხმები, ნაწილობრივ. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა — „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ“. ინგლისური ენის სწავლა კარგია, მაგრამ ამ ენაზე დაელაპარაკები მეზობლებს, გუშინდელ საბჭოელებს, ვისთანაც ცხოვრობდი, ცხოვრობ და ალბათ იცხოვრებ, თუ ევროკავშირში უვიზო გამგზავრებამ აქ დარჩენილი საქართველოც იქ არ გადაასახლა? სხვათა შორის საზღვარგარეთ გადასახლებულ ქართველთა უდიდესმა უმრავლესობამ არათუ ინგლისური, მშობლიური ქართულიც არ იცის, გამართული მაქვს მხედველობაში.

პატივცემული ნუგზარი, გვარად რუხაძე ქართველია, მაგრამ გადაბრუნებული. ამერიკაში ცხოვრებამ ის ამერიკელად აქცია, ამერიკის მოქალაქეობაც მისცა, რაც მყარ საფუძველს უქმნის მას ილაპარაკოს — ინგლისური ენის საყოველთაო სწავლაზე. მაგრამ ყველა ხომ ამერიკაში ვერ გადასახლდება?

და თუ ვერ, მაშინ იმ გარემოში უნდა იცხოვროს, რომელიც თავისთავად მიგვანიშნებს რუსულის ცოდნაზე.

პატივცემულო ნუგზარ! ჯერ რუსული, შემდეგ ჩინური, ვინაიდან ჩინეთისაა მომავალი და თუ დრო და ენერგია შემოგვრჩა, ინგლისური ან ნებისმიერი სხვა ენა.

პატივცემულ ნუგზარს შევახსენებ, თვით აშშ-ი ესპანურენოვანი მოსახლეობა ლამის ინგლისურენოვანს უტოლდება; „ჩაინა თაუნებში“, რომლებიც დიდი ქალაქების თანამგზავრ უბნებად ითვლებიან, ჩინურად ლაპარაკობენ და არა ინგლისურად.

განგებამ ისე ინება, რომ საქართველოს დიდი რუსეთის მეზობლად არგუნა არსებობა, რითაც მიგვანიშნა — თუ გაგიჭირდებათ, მეზობელი რუსეთი, დიდი და ძლიერი გიხსნითო. ღმერთმა მოგვანიჭა „მისი წილხვედრი“ ქვეყანა. შეიფერეთ და იცხოვრეთ საამურადო.

ვერ შევიფერეთ. მატრაკვეცულად ჩავთვალეთ, რომ ქართველი გაცილებით მაღლა დგას რუსზე, ყველა მეზობელზე; რომ ქართველი ევროპელია და ამიტომ ევროპას უნდა ჩაეხუტოს, ევროკავშირში უნდა შევიდეს.

ქართველისგან გასაკვირი არაფერია, წარმოშობით განვსხვავდებით რუსისგან. გასაკვირია რუსისგან, რომელიც თავს უკრაინელს უწოდებს — არარსებულ ერს, რომელმაც ისე გაილაშქრა საკუთარი ფუძის წინააღმდეგ, რომ თავიც დაკარგა და რუსის მიერ ნაჩუქარ ტერიტორიასაც ჰკარგავს.

მეტიჩრობა, საკუთარი თავის განდიდება უცოდინრობის, დაბალი განათლების ბრალია. აღნიშნული ნეგატიური თვისების გამოვლინებას ჰქონდა ადგილი ყოვლისმცოდნე, ხავსმოკიდებული, პოლიტიკოსის ნათელაშვილის თარგამაძესთან დიალოგის დროს. ნათელაშვილმა ბრძანა, რომ საქართველოს აწმყო და მომავალი აშშ-თან მჭიდრო კავშირშია. როგორც ჩანს, შალვას „მეგობრებმა“ კონგრესმენებმა და სენატორებმა შთააგონეს აშშ-ს სიყვარული, მაგრამ საქართველომ რა დააშავა?

დღეს, რომ პოლიტიკოსი, თუნდაც გაცვეთილი, იტყვის ქათინაურს აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ  — რეალობის აღქმის უნარი აქვს დაკარგული. რეალობის ჯეროვანი აღქმა, მითუმეტეს პოლიტიკოსისა, ჰაერივით, წყალივით არის საჭირო.

რეალობა კი ისაა, რომ აშშ-ა ზურგი შეაქცია სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთა ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები ჰქონდა განლაგებული, რითაც დიდი გულისწყრომა გამოიწვია მათში და ბევრ მათგანს აფიქრებინა ამერიკასთან დიამეტრალურად განსხვავებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.

აშშ-ა, რომელმაც ევროპელ პარტნიორებს უთხრა — თქვენ თვითონ უზრუნველვყავით საკუთარი თავის დაცვაო, საქართველოს მიხედავს?

მიხედავს ისე, როგორც 2008 წლის ცხინვალის ომის დროს — სასმელი წყლით და ტუალეტის ქაღალდით.

ნათელაშვილმა ბრძანა — მსოფლიოში ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფალთა ვალია მშვიდობიანი ნავთსაყუდელის მოძებნაო. და ასეთად აშშ-ი მიაჩნია.

პატივცემულო შალვა! მსოფლიო გადანაწილება კი არ ხდება, არამედ ამოტივტივება იმისა, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ აგრესორი ამერიკა, ცხვრის ქურქში გახვეული, თავს შეიკავებდა აშკარა ავაზაკობისგან.

აშშ-ისრაელის აგრესია ირანის წინააღმდეგ თვალნათელი მხილებაა იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში მძვინვარებს ძლიერის უფლება. მოუნდა ტრამპს დედამიწის სხვა კუთხეში მდებარე მშვიდობიანი ირანის დაბომბვა და დაბომბა. არვის არ გასჩენია სურვილი მისი შეჩერების. შეიარაღებული თავდასხმა ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორეზე უკიდურესი გადაწყვეტილებაა დაშვებული გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით ან თავდაცვის მიზნით.

არც აშშ-ს და არც ისრაელს გაეროსთვის არ მიუმართავთ. უფრო მეტიც, ტრამპს არც კონგრესისთვის მიუმართავს.

თვით სამხედრო ოპერაციის მიზნები არის ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, ვინაიდან ის წარმოადგენს აშშ-თვის ეგზისტენციალურ საფრთხეს. როდესაც აშშ და ისრაელი აცხადებენ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების უფლების შესახებ, ისინი ფაქტიურად აღიარებენ ძალის პრიორიტეტულობას სამართალზე. მაგრამ, როდესაც ირანი პასუხობს აგრესიას, ისინი აცხადებენ მსოფლიო წესების დარღვევაზე, რაც კლასიკური ორმაგი სტანდარტია — ზოგისთვის შეიძლება ყველაფერი, ზოგისთვის არაფერი.

აშშ-ა და ისრაელმა დაიწყეს სამხედრო აგრესია. იცოდნენ რა, რომ ირანი ჩაკეტავდა ორმუზის სრუტეს. აღნიშნულის თაობაზე მსჯელობდნენ ამერიკელი ექსპერტები ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, თუმცა ტრამპმა და ნეთანიაჰუმ იგნორირება გაუკეთეს ამას. არის თუ არა ასეთი ნაბიჯი შეცდომა?

შეცდომას ვერ დავარქმევთ ტრამპის გადაწყვეტილებას მიმართულს ესკალაციისკენ.

ტრამპის სივერაგე არაერთხელ გახდა ცნობილი საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით ირანის. ამ ქვეყნის ხელისუფალთა ყურადღების მოსადუნებლად ტრამპმა მოლაპარაკება დაიწყო ირანთან. მისი წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი ჟენევაში შეხვდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არაქჩის. მოლაპარაკება წარიმართა მძიმედ, თუმცა მეორე რაუნდის დროს გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანის სრულ განადგურებას, დაგროვებული ურანის ბუნებრივ დონემდე გადამუშავებას ირანის ტერიტორიაზე და „მაგატეს“ კონტროლისთვის ხელის შეწყობას.

ირანი გაამდიდრებდა იმ რაოდენობის ურანს, რომელიც საჭირო იქნებოდა მედიცინისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის.

მოლაპარაკებაზე ამერიკელ მხარეს არ დაუყენებია ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის საკითხი, რაზეც ტრამპი სისტემატურად ლაპარაკობს. მისი განცხადებით, ირანს აქვს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებითაც თავდასხმას განახორციელებს აშშ-ზე.

ბალისტიკური რაკეტების დამზადების შემდეგ ხდება მისი გამოცდა — არაერთხელ. ირანს ასეთი გამოცდა არ ჩაუტარებია. ტრამპი ტყუის. ტრამპი ტყუის ირანის ქალთა სკოლის დაბომბვასთან დაკავშირებით, რომელმაც 175 მცირეწლოვანი გოგონა დახოცა. „ჩვენ არ დაგვიბომბია, თვით ირანელებმა დაბომბეს — სროლა არ იციანო“. არადა, ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა ამ საზარელ ამბავს, რომელიც აშშ-ა ჩაიდინეს.

თბილისის ძველი ქალაქის, მე-19 საუკუნის ბინადარი კინტოები ასე იტყოდნენ ტრამპის ტყუილზე: „ბლენა, მთვარიან ღამეს“.

ცნობისთვის. ირანის რაკეტების ფრენის სიშორე 2000 კილომეტრს არ სცდება. სტრატეგიული კვლევის ცენტრის მიხედვით, ირანის შეიარაღებაში არსებული რაკეტები ისრაელამდე მიფრინავს, მაგალითად „საჯილი“ — 2000 კმ, „იმადი“ — 1700, „გადრი“ — 2000, „ შახაბი“ — 1300, „ხორამშეხრი“ — 2000, „ხოველიზე“ — 1350 კმ.

აშშ-ს წინადადება ირანის მიმართ ულტიმატუმია — ბირთვული კვლევებზე ხელის აღება, ბალისტიკური რაკეტების განადგურება და აშშ-ს მიმართ სრული მორჩილება, რაც ნიშნავს სუვერენიტეტზე უარის თქმას, დამოუკიდებელ საგარეო კურსზე ზურგის შექცევას და ამერიკის მონობას, რაზეც ირანი არასოდეს დათანხმდება.

ამერიკული ულტიმატუმი გამოგონილი რამ არის, რომლის უკან ამერიკული ჰეგემონიზმის აღორძინება იმალება, ირანის ნავთობზე სრული კონტროლის დაწესება, ისე, როგორც ვენესუელის ნავთობზე, რომელსაც ამჟამად არა ვენესუელა, არამედ აშშ-ი ყიდის.

ტრამპის შორსმიმავალი გეგმით, ირანის დამარცხების შემდეგ, ირანული ნავთობის 70%-ზე მეტი, რომელიც ჩინეთში მიდის, შეჩერდება. ირანზე აგრესია სატრანზიტო გზაა ჩინეთისკენ მიმავალი, ანუ აშშ-ს მთავარ მეტოქეზე იერიშის მისატანად.

აშშ-ი, ისე, როგორც ისრაელი არ მოელოდა ირანიდან ესოდენ მტკიცე რეაქციას, რაც მიმანიშნებელია აშშ-ს თავდასხმის გეგმის უსუსურობაზე, ზედაპირულობაზე. ტრამპი არ მოელოდა მსოფლიო ქვეყნებისგან ისეთ რეაქციას, რასაც დღეს აქვს ადგილი — ანტიამერიკულს.

აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობამ ირანის მოსახლეობა, მსოფლიოს შიიტები სამარადისოდ დარაზმა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ, რაც კარგს არაფერს უქადის მსოფლიოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

10/03/2026