09.03.2026

ქედუხრელი ირანელი ხალხი

„სახელითა ალაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.

იმამ ხომეინი, ისლამური რევოლუციის დიდი ბელადი და ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1989 წლის 3 ივნისს და შეერწყა უზენაეს სამყაროს. იმამ ხომეინის გარდაცვალებით მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი მებრძოლი მშვიდობისთვის, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ისლამურ სამყაროზე, დაკარგა უბადლო წინამძღოლი, რომელმაც თავისი საამაყო ცხოვრებით ხელი შეუწყო მუსლიმთა გამოღვიძებას, ისლამის აღორძინებასა და სიდიადეს“. ეს არის წინასიტყვაობა იმამ ხომეინის ანდერძისა, რომელიც მან დაუტოვა ირანელ ხალხს.

აიათოლა რუხოლა ხომეინი, ირანის რახბარი, მეთაური — ის პიროვნებაა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა არა მარტო ირანში მცხოვრები შიიტების ცხოვრებაში, არამედ ისლამის ყველა მიმდევარში, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მებრძოლ ადამიანებში.

იმამი ხომეინის გარდაცვალება, სულის განშორება ხორცისგან  — ბუნებრივი პროცესის შედეგი იყო. მისი თანამებრძოლის იმამ ალი ხამენეის სიკვდილი, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის რახბარი, მეთაური იყო იმამ ხომეინის გარდაცვალების შემდეგ ა.წ. 28 თებერვლამდე, მუხანათური აგრესიის ბრალი — განხორციელებული აშშ-სა და ისრაელის მიერ.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სარაკეტო თავდასხმამ არა მარტო იმამი ხამეინი და მისი ოჯახის წევრები გაანადგურა, არამედ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო მოხელეებიც, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები.

აშშ-ს და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომი შავი საომარი ღრუბლებით არა მარტო ახლო აღმოსავლეთს ფარავს, არამედ სხვასაც — ეკონომიკურ-ენერგეტიკული მაქვს მხედველობაში.

ახლო აღმოსავლეთი — ნავთობისა და გაზის ბეღელი, მაგნიტივით იზიდავს ამ წიაღისეულის არმქონე ქვეყნებს, რომელთა რაოდენობა მრავლობით რიცხვშია.

თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური  განვითარება ძირითადად იმ წყაროზეა დამოკიდებული, ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ბირთვული ენერგია რომ ჰქვია.

ირანი, საუდის არაბეთისა და რუსთის შემდეგ ნავთობისა და გაზის საბადოების თვალსაზრისით მესამეა მსოფლიოში, ამდენად ყურადღება მისადმი მოჭარბებულია.

ნავთობზე კონტროლის დამყარების თვალსაზრისით გამოირჩევა აშშ-ი. მიზანი ამ ქვეყნისა არა მარტო ნავთობმომპოვებელი ქვეყნების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაა, არამედ ნავთობის ექსპორტიდან მოპოვებული შემოსავლების დანიშნულებისამებრ გამოყენება.

პირველი მსხვერპლი ამერიკული სიხარბისა ვენესუელაა — ერთობ მდიდარი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით. ვენესუელაზე განხორციელებულმა მეკობრულმა თავდასხმამ, პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის გატაცებამ, აშშ-ს ციხეში გამომწყვდევამ, ისე მოდრიკა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ხელისუფლება, რომ უყოყმანოდ ასრულებენ აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ნებისმიერ განკარგულებას, მათ შორის ნავთობით ვაჭრობას.

ტრამპი კმაყოფილია ვენესუელის ხელისუფლების ქცევით — უაღრესად მორჩილით ვაშინგტონთან. ვენესუელის წყალობით აშშ-ი ჰყიდის და საკუთარი შეხედულებების გათვალისწინებით მცირე რაოდენობის შემოსავალს დიდიდან, ვენესუელას აძლევს.

პრეზიდენტ ტრამპის მიხედვით, ვენესუელა კმაყოფილია იმითაც, რასაც ტრამპი იმეტებს მისთვის. და ურცხვად აცხადებს ვენესუელის ეკონომიკურ-სოციალური აყვავების თაობაზე.

ვენესუელაში განხორციელებულმა მეკობრულმა აქტმა მსოფლიო ქვეყნების გულწრფელი აღშფოთება და რეაქცია არ გამოიწვია. თითო-ოროლა ქვეყნის მეთაურის განცხადება სულაც არ ჰგავდა საპროტესტო განცხადებას, სიტყვიერი ვალის მოხდის მსგავსი იყო.

არადა საზარელი ფაქტის წინაშე მდგარ მსოფლიოს ისეთი პროტესტი უნდა გამოეთქვა, გონგადასული ტრამპი, ღრუბლებში მონავარდე, ცოდვილ მიწაზე, დღევანდელ რეალობაში დაებრუნებინა.

ქართული ანდაზისა არ იყოს — „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“ ისე მოიქცა მსოფლიო. უფრო მეტიც, ფიანდაზივით გაეგო ბატონი ტრამპის ფერხთ და პირველ დაძახილზე ამერიკას ეახლა ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე.

 20-ზე მეტი ქვეყნის მეთაურმა აქო და ადიდა ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭო“, რომლის სიდიადე ჯერაც დაუდგენელია და როგორც ჩანს, ასეც დაამთავრებს არსებობას — ირანზე თავდასხმა მაფიქრებინებს ამას.

ამერიკის ადმინისტრაციის მიერ შეთხზული აბრაკადაბრა, რომელიც თავისი შინაარსით გაეროს უშიშროების საბჭოს უპირისპირდება — მსოფლიო მშვიდობის დამყარების საქმეში, მკვდრაშობილი აღმოჩნდა ამერიკა-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებული ომით.

საბჭოში 2 წევრი აზერბაიჯან-სომხეთია — ირანის მეზობელი ქვეყნები, ისე, როგორც ყაზახეთი — მუსლიმური ქვეყანა, ბელორუსი — მართლმადიდებლური. საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებენ ისინი ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის აგრესიის თაობაზე ან საერთო გააკეთებენ თუ არა?!

ალბათ ისე მოიქცევიან, როგორც ვენესუელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დროს.

 პირველ შემთხვევაში არაკატეგორიულმა გაკიცხვამ გაამხნევა ტრამპი მორიგი „საგმირო საქმის“ ჩადენაში. და თუ ამჯერად მაინც მსოფლიო ისე მორჩილად აღიქვამს აშშ-ს ავაზაკობას, როგორც პირველ შემთხვევაში, კუბის მიმართ აგრესია გარდაუვალი იქნება, რასაც მოჰყვება მექსიკა, კანადა და ა.შ.

სწორედ მსგავს ავაზაკობაზე წერს რახბარი ხომეინი თავის ანდერძში: „მუსლიმი ხალხები და მსოფლიოს ჩაგრულები ამაყობენ იმით, რომ მათი მტრები, რომლებიც იმავდროულად ღვთის, წმინდა ყურანისა და ძვირფასი ისლამის მტრებიც არიან, წარმოადგენენ მტაცებლებს, რომლებიც საკუთარი ავისმომასწავებელი ზრახვების განსახორციელებლად არ თაკილობენ არანაირ დანაშაულსა და გამცემლობას; არ ცნობენ არც მტერს და არც მოყვარეს ძალაუფლების მოპოვების გზაზე.

მათ სათავეში უდგას ამერიკა — თავისი არსით ტერორისტული და მთელს მსოფლიოში ცეცხლის გამჩაღებელი ქვეყანა, ხოლო მისი მოკავშირე გახლავთ საერთაშორისო სიონიზმი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის, რასაც ვერც კალამი აღწერს და ვერც ენა გადმოსცემს“.

სრულიად ვიზიარებ აიათოლა ხომეინის მოსაზრებას აშშ-სა და ისრაელის მიმართ გამოთქმულს. დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოეწონება ჩემი ნათქვამი, განსაკუთრებით ტელეკომპანია „ობიექტივის“ მმართველებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც შაჰ აბასისა და აღა-მაჰმად-ხანის ეპოქაში არიან ჩარჩენილნი და საუკუნეების წინანდელ ლაშქრობას საქართველოს წინააღმდეგ, დღევანდელივით აღიქვამენ, და რომლებიც, განსაკუთრებით თარხან-მოურავი ირანის ისლამური რესპუბლიკის აღსანიშნავ 47-წლისთავის ზეიმზე თბილისის სატელევიზიო ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას საშინელებად აღიქვამს.

47 წლის განმავლობაში, ანუ ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანს აგრესია არ განუხორციელებია არც ერთი მეზობლის წინააღმდეგ. მის მიმართ კი სისტემატურ ტერორისტულ აქტებს ჰქონდა ადგილი, რომლებსაც აშშ-ს სპეცსამსახურები აწყობდნენ.

აშშ-სა და ევროპელთა წაქეზებით, სადამ ჰუსეინის ერაყი დაატაკეს ირანს. 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ომი ორ მეზობელს შორის და არა მარტო. ერაყს დახმარებას უწევდნენ აშშ-ი და მისი მოკავშირე ნატოს წევრი ქვეყნები.

ახალგაზრდა ისლამური რევოლუციის ირანმა გაუძლო მძიმე ზეწოლას, არ დათმო ტერიტორიები და ყველას, განსაკუთრებით აშშ-ა და მის მოკავშირე ერაყს დაუმტკიცა, რომ ირანი მტკიცე, ფუნდამენტზე დგას, ღრმა ისტორიულ ფესვებზე, რომლის ამოძირკვა შეუძლებელია.

47 წლის განმავლობაში მრავალ სასიკეთო გარდაქმნას ჰქონდა ადგილი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. წარმატებებმა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მეცნიერებაში, განსაკუთრებით ბირთვული კვლევის დარგში ირანის მედიცინა სამაგალითო გახდა რეგიონში.

ირანის ბირთვული კვლევის ლაბორატორიებში მიმდინარეობს ურანის გამდიდრების პროცესი საერთაშორისო ატომური ენერგიის კვლევის ორგანიზაციის მიერ დაშვებულ ფარგლებში, რომლის მიხედვით ირანს უფლება აქვს 20%-ე გაამდიდროს ურანი.

ირანს ადანაშაულებენ ატომური ბომბის დამზადებაში, რისთვისაც ურანს 20%-ზე ზემოთ ამდიდრებსო. ბირთვული ბომბის დამზადებას სჭირდება 90%-მდე გამდიდრებული ურანი. „მაგატეს“ მონიტორინგის მიხედვით ასეთს ირანში ადგილი არ აქვს. მაშ რას ედავებიან მას აშშ-ი და ისრაელი?

ედავებიან იმას, რაც ირანს არ აქვს და არც აპირებს, რომ ჰქონდეს.

ამერიკელთა მიერ მოკლულმა ქვეყნის მეთაურმა ხამენეიმ თავისი ფეტვით, ჩვენებურად ბრძანებულებით ირანს აუკრძალა ბირთვული იარაღის დამზადება, შენახვა, გამოყენება. მაგრამ ამის არ სჯერათ არც აშშ-ს და არც ისრაელის ხელისუფლებებს, საკუთარი უკუღმართი აზროვნების გამო, რაც არ არის გასაკვირი. ისინი ხომ საკუთარი ხელით დაწერილ კანონებს, საკუთარივე ხელით ხევენ და ახალს, საწინააღმდეგოს წერენ. ანალოგიური დამოკიდებულება კანონებისადმი სუფევს „დემოკრატიით სახელგანთქმულ ევროპის ქვეყნებში“.

ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ არის მიმართული აშშ-ს, ისრაელის აგრესია. მიზანი — ბირთვული ობიექტების განადგურებაა. ამერიკა-ისრაელის სარაკეტო თავდასხმების შემყურეს უდავოდ გაუჩნდება კითხვა — საავადმყოფოები, სკოლები, საჯარო ობიექტები დანგრეული აგრესორთა ბომბების მიერ ბირთვული კვლევის ლაბორატორიებია?

უკვე მერამდენე წელია აშშ-ი ებრძვის ირანს იმისთვის, რომ არ შექმნას ბირთვული ბომბი. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ ირანის ბირთვული ბომბის შექმნა ირანის ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, ამ ხნის განმავლობაში ირანს ერთის ნაცვლად, ათეულობით ბომბის დამზადება შეეძლო.

არ დაამზადა, ვინაიდან კანონმორჩილია და იმამ ხამენეის ფეტვის შემსრულებელი.

ბირთვული იარაღის დამზადება საბაბია, რომელსაც აშშ-ი ეჭიდება, როგორც ხავსს წყალწაღებული. მთავარი, ირანის ნავთობზე კონტროლის დაწესებაა, ისე, როგორც სამხრეთ-ჩრდილოეთის სახმელეთო გზაზე. ამ გზით მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან ირანის სამხრეთ პორტებში ტვირთების გადაზიდვა, შემდეგ საავტომობილო მაგისტრალით აღნიშნული პორტებიდან, კასპიის ზღვის პორტებში, იქიდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ევროპაში.

სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფანი გაცილებით იაფი და სწრაფია, ვიდრე სუეცის არხის და აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზა.

სომხეთში, ზანგეზურის გზის ამერიკელებისთვის გადაცემაც რეგიონზე კონტროლის დასაწესებლად ხდება, სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფნის ტვირთების კონტროლისთვის და არა მარტო ტვირთების, არამედ სადაზვერვო მონაცემების მიღებისთვის რუსეთ-ჩინეთიდან.

ტრამპი კი, საკუთარი აგრესიის გადასაფარად ამერიკელებს ტყუილებით ბერავს — დავასწარით, ავაფეთქეთ ირანის ბირთვული ობიექტები, ირანი ვეღარ განახორციელებს ბირთვულ შეტევას ამერიკაზეო. სიცრუეს საზღვარი არ აქვს.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია ამერიკელი ხალხის ძალაუფლებაა.“ — სტალინი. აი, ასეთი დემოკრატიაა აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში, რომლებიც არადემოკრატიულ ქვეყნად აღიქვამენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას.

მესამე დღეა ომია ახლო აღმოსავლეთში. დემოკრატიული ამერიკა უმოწყალოდ ბომბავს ირანს, რითაც იცავს დემოკრატიას — ტრამპის გაგებით. ირანი მარტოა, ისე, როგორც ირან-ერაყის ომის დროს. თითო-ოროლა ქვეყნის გარდა ირანის მხარდასაჭერად, სოლიდარობის გამოსახატავად, გასამხნევებლად სიტყვას არვინ ასველებს. არადა ირანი „შოსი“-ს წევრია, ისე, როგორც „ბრიკსი“-ს. სამწუხაროდ, არ მესმის ამ ორგანიზაციების წევრი ქვეყნების კოლექტიური გაკიცხვა აშშ-სა, დახმარებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. „მონოლითურობა“ მარტო კონფერენციებზე გამოითქმის, ანუ ლხინში, მაგრამ ჭირში?

ჭირი ტრიალებს ირანის თავს, რაც ჩემის აზრით, არა მარტო ამ ორი ორგანიზაციის წევრებს უნდა ავალდებულებდეს საპროტესტო შეძახილს ამერიკა-ისრაელის მიმართ, არამედ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებს.

როგორ არ ჰგვანან ისინი ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს?

50-ზე მეტი ქვეყანა გამოიყვანა აშშ-ა რუსეთის წინააღმდეგ ფრონტზე, როდესაც რუსეთმა 4 წლის წინ დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. 50-ზე მეტი ქვეყანა დღესაც უწევს ფინანსურ, სამხედრო, საინფორმაციო დახმარებას უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ისინი განადგურდნენ ეკონომიკურად, სოციალურად. აი, ამ ერთობის შესახებ უნდა აღინიშნოს და აღინიშნოს პოზიტიურად, არა იმისთვის, რომ ფაშისტურ უკრაინას უწევენ დახმარებას, არამედ იმისთვის, რომ გასაჭირში ერთად შეიკრნენ უკრაინის სასარგებლოდ.

ირანს უჭირს, მაგრამ სიტყვიერი მხარდამჭერიც არ ჩანს, რაც დასაფიქრებელია, სამწუხარო რომ არ იყოს.

და ბოლოს ისევ იმამ ხომეინის ანდერძი: „მე კეთილშობილ ჩაგრულ ხალხებს და ძვირფას ირანელ ხალხს ვურჩევ მტკიცედ და ერთგულად მისდიონ ამ სწორ ღვთიურ გზას, რომელიც არ არის დამოკიდებული არც უღმერთო აღმოსავლეთზე და არც მჩაგვრელ ურწმუნო დასავლეთზე. ვურჩევ, არც ერთი წამით არ დაივიწყონ მადლიერება ამ წყალობის გამო და არ დაუშვან, რომ ზესახელმწიფოთა აგენტების, აგრეთვე გარეშე მტრებისა და მასზე უარესი შიდა მტრების ბინძურმა ხელებმა შეარყიონ მათი სუფთა ზრახვები და ურყევი ნებისყოფა“.

სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს, ირანის სულიერი ლიდერისა და მეთაურის იმამ ხამენეის მუხანათური მკვლელობის გამო. დარწმუნებული ვარ, ირანელი ხალხი გაუძლებს საერთაშორისო იმპერიალიზმის თავდასხმას და ისე, როგორც ყოველთვის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქედუხრელი გამოვა კრიზისიდან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

03/03/2026