მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო …
საკითხებს, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ინიცირებულია ქართველი ე.წ. ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების მიერ — გასული საქართველოს ელექტრონული მედიის ეთერში. არის ასეთი ქართული გამოთქმა: „მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო …“, ამას ჰგავს ჩემი პასუხები მედიაში მოსმენილ-ნანახზე.
23 თებერვალს, რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტმა გაიხსენა ჩეჩნების გადასახლების ისტორიული ამბავი, რასაც 1944 წელს ჰქონდა ადგილი და ეთერში მიიწვია პანკისელი, წარმოშობით ჩეჩენი, მეცნიერი ქალბატონი, რომელმაც სიტყვა არ დაიშურა სტალინისა და ბერიას სალანძღავად. „მათ გადაასახლეს ჩეჩნები ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკებშიო. ღამით ჩამოაყენეს მატარებელი, საკუთარი სახლებიდან აყრილი მოსახლეობა ვაგონებში შეყარეს და გრძელ გზას გაუყენესო“.
ქალბატონი ისე ყვებოდა გადასახლების ამსახველ არაადამიანურ ქცევას მილიციელთა მხრიდან, თითქოს თვით განიცადა მაშინ დატრიალებული საშინელება, ხოლო ჟურნალისტი გოგონა ისე თანაუგრძნობდა მას, რომ მისმა ცრემლებმა ჩემამდე მოაღწიეს.
მთხრობელს არ უთქვამს , რატომ გადაასახლეს ჩეჩნები, რა იყო მიზეზი. არ უთქვამს შეგნებულად, რამეთუ რომ ეთქვა იმ წამყვან ჟურნალისტს ცრემლი არ ჩამოუგორდებოდა ლოყებზე. არ უთქვამს შეიძლება იმიტომ, რომ არ იცოდა გამომწვევი მიზეზი, მაგრამ თუ მეცნიერმა არ იცის, მაშ ვინ უნდა იცოდეს?!
ჩემის აზრით, იცოდა და არ თქვა, რაც რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია.
სტალინისა და ბერიას მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე იმდენი დაიწერა, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში, რომ ახალი რაღა უნდა ითქვას?
და რახან ახალი არ ჩანს, ძველს ატრიალებენ, გაცვეთილს, ხშირ შემთხვევაში ფალსიფიცირებულს, სინამდვილისგან შორს.
წერილების ავტორები ე.წ. რუსი ლიბერალებია, ზოგ შემთხვევაში რეპრესირებულთა ოჯახის წევრები. სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ დაიწყო იმ საშინელებებზე ხმამაღლა ლაპარაკი, რომელიც თურმე ჩვენს თავს ტრიალებდა, რომელშიც ვცხოვრობდით და ვერ ვამჩნევდით, ვერ ვხვდებოდით, რომ რეპრესიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
სტალინისთვის ნიღბის ჩამოხსნა მისმა შემცვლელმა ხრუშჩოვმა ითავა, მასზე პირადად ნაწყენმა — ითავა და სხვასაც მოუწოდა სტალინის ლანძღვისკენ. პარტიაში მოკალათებულ გამყიდველებსაც რაღა უნდოდათ და ისეთი ენთუზიაზმით მიჰყვეს ხელი, სტალინის ლანძღვას რომ ინერციამ დღემდე მოატანა. ქალბატონის მონათხრობიც ამ ინერციის შედეგია.
რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თანაშემწემ, ღრმადგანსწავლულმა პიროვნებამ, ისტორიკოსმა მედინსკიმ, რომელიც რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებებში, ბრძანა — გასული საუკუნის 30-იანი წლების შეფასება, მათ შორის რეპრესიების, შეუძლებელია იმ ეპოქის დამახასიათებელი ნიუანსების სიღრმისეული ცოდნის გარეშეო. და მართლაც თუ მავანმა არ იცის იმჟამინდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, მისი შეფასება იქნება მჩატე, ზედაპირული, ყურმოკრული ჭორების დონეზე.
ასე რომ, ჩეჩნების გადასახლებაც, მოწოდებული მავანი ქალბატონის, მეცნიერის მიერ ყურმოკრული ჭორების ტყვეა და არა რეალობის, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. აი, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი არაფრით ამართლებს ჩეჩნებს, რომლებიც სამამულო ომის დაწყებისთანავე ისე ლახავდნენ საბჭოთა კავშირში არსებული წესებისა და კანონების საზღვრებს, თითქოს მეზობელი ჩეჩენის ღობეზე გადადიოდნენ.
ომის დაწყებისთანავე ჩეჩნეთში გამომავალი გაზეთებისა და ჟურნალების გვერდები ანტისაბჭოურმა წერილებმა, სტატიებმა დაფარეს, იყო მოწოდებები საბჭოთა კავშირიდან გასვლის თაობაზე, აღფრთოვანებული გამონათქვამები ფაშისტური გერმანიის შეტევის მიმართ საბჭოთა ტერიტორიაზე, იყო ფაშისტური გერმანიის ფიურერის ადოლფ ჰიტლერის ხოტბა. გაზეთები დამშვენებული იყო ჰიტლერის ფოტოსურათებით, იყო სტალინის და საბჭოთა ხელმძღვანელების ლანძღვა-გინება.
ჩემი თვალით მაქვს წაკითხული ეს გაზეთები. მაშინაც და დღესაც მებადებოდა და მებადება კითხვა — როგორ დაუშვა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურმა, რომელსაც ბერია ხელმძღვანელობდა ჩეჩენთა ესოდენი თავგასულობა.
ფაშისტების მიერ ჩრდილო კავკასიის ოკუპაციამ ისე გაახარა ჩეჩნები, რომ ჰიტლერს ოქროს ცხენი გაუგზავნეს საჩუქრად. ამ ცნობილი ფაქტის შესახებ ბევრი დაიწერა გასული საუკუნის ჩეჩნეთის ომის დროს. მაშინაც ხომ დუდაევი, მასხადოვი, სხვა ჩეჩენი სეპარატისტები და ტერორისტები დასავლეთის წაქეზებით, დაფინანსებით, იარაღით ებრძოდნენ რუსეთს, კრემლს. მიზანი ისეთივე იყო, როგორიც 1941-45 წლებში, სსრკ-დან გამოყოფა, შემდეგ რუსეთიდან, რუსეთის დამარცხება-დაშლა.
მოდით დავსვათ კითხვა — რომელი ხელისუფლება აიტანდა მის ტერიტორიაზე არსებული რეგიონის დაპირისპირებას ხელისუფლებასთან?
საბჭოელებს, მითუმეტეს დღევანდელებს ეგონათ და ჰგონიათ, რომ აშშ-ი დემოკრატიის სავანეა, როგორც ევროკავშირის ყოფილმა კომისარმა ჟოზეპ ბორელმა ბრძანა — „ედემის ბაღი“. მან ეს თქვა არა მარტო ევროკავშირთან, არამედ ევროატლანტიკურ სივრცესთან მიმართებაში.
საინტერესოა, როგორ შეაფასებდა ბორელი დღევანდელ „ედემის ბაღს“, რომელიც ჭაობში იძირება — პოლიტიკურად, სოციალურად, მორალურად?
და აი, ამ დემოკრატიის სავანე აშშ-ა, იაპონიის მიერ პერლ ჰარბორის ნავსადგურში მდგომში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების განადგურების შემდეგ, აშშ-ი მცხოვრებ მესამე თაობის იაპონელებს, ანუ იაპონური წარმოშობის ამერიკელებს თავი მოუყარა და დიდ რეზერვაციაში ჩაკეტა, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით.
ხალხთა გადასახლება იმჟამინდელ მსოფლიოში საშინელებად არ ითვლებოდა. გერმანელები ასახლებდნენ პოლონელებს, ომის შემდეგ პირიქით. უკრაინიდან განიდევნენ პოლონელები, უნგრელები. ბალტიისპირა რესპუბლიკელებიდან დღესაც მიმდინარეობს რუსული წარმოშობის ადამიანების ქვეყნიდან განდევნა სხვა მეთოდით — მაგალითად ადგილობრივი ენების არცოდნით და ა.შ.
1944 წელს ჩეჩნები გადაასახლეს ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში. ისინი გადაასახლეს ჩადენილი დანაშაულისთვის და მოსალოდნელი პოლიტიკური მიზნის გამო. მიზანი კი იყო ტრაპიზონის შემოერთება. დიდ სამამულო ომში სტალინგრადის გარდატეხის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ფაშისტური გერმანიის არმიის მარცხი, საბჭოთა ხელმძღვანელობამ, პირადად სტალინმა შეიმუშავეს გეგმა მეზობელი თურქეთის წინააღმდეგ წითელი არმიის მიერ შეტევის განსახორციელებლად.
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლოტოვმა დაიბარა თურქეთის ელჩი სსრ კავშირში, რომელსაც გადასცა ნოტა. მათ შორის გაიმართა საუბარი, ნაკლებად სასიამოვნო ელჩისთვის, ვინაიდან მოლოტოვმა აუწყა მას, რომ საბჭოთა მხარე აპირებდა მოსკოვის ხელშეკრულებიდან გასვლას.
სსრკ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულება ორ სახელმწიფოს შორის საზღვრებსაც ეხებოდა. მოსკოვის ხელშეკრულება ედო საფუძვლად ჩვენთვის ცნობილ ყარსის ხელშეკრულებას საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ, აზერბაიჯანის სსრ და თურქეთის რესპუბლიკას შორის.
სტალინის განცხადებით, ხელშეკრულება არასამართლიანი იყო, ვინაიდან სომხეთმა და საქართველომ ვერ მიიღეს (ვერ დაიბრუნეს) თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები.
მოლოტოვის ნოტამ დიდი პანიკა გამოიწვია თურქეთის ხელისუფლებაში, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა ტრადიციულ ქომაგს დიდ ბრიტანეთს, იმავდროულად ანტიჰიტლერული კოალიციის, ანუ სამეულის წევრს.
სტალინის გეგმა იყო ასეთი — ორი კვირის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე შეჭრა, ტრაპიზონისა და მისი შემოგარენის გასაბჭოება და სსრკ-ნ შემოერთება — საოლქო კომიტეტის შექმნით. საოლქო კომიტეტის, ანუ „ობკომის“ (რეგიონალური პარტიული კომიტეტის) მდივნის კანდიდატურაც იყო განხილული და დამტკიცებული, რის შესახებ გვატყობინებს სკკპ ცკ-ს საიდუმლო დოკუმენტები — ისტორიკოსებისთვის ხელმისაწვდომი ხრუშჩოვის „ოტტეპელის“, ანუ დათბობის პერიოდის შემდეგ.
შევეხები სკკპ მე-20 ყრილობას, რომელიც 1956 წლის 25 თებერვალს გაიმართა და რომელზეც ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის პიროვნების კულტი — ოთხსაათიან მოხსენებაში.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ხრუშჩოვის ცილისმწამებლურმა მოხსენებამ ძირი გამოუთხარა საბჭოთა კავშირის არსებობას; შეიტანა განხეთქილება მოძმე კომპარტიებში, რომლებმაც დაკარგეს ავტორიტეტი საკუთარი წევრების თვალში; გააუარესა ურთიერთობა ჩინეთის კომპარტიასთან და მის ლიდერ მაო ძედუნთან, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ ხრუშჩოვი მოღალატეა.
ხრუშჩოვის მოხსენება ფარული გზით აღმოჩნდა დასავლელთა ხელში, კერძოდ ამერიკელთა, რომლებმაც მოხსენება გამოაქვეყნეს გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმს“-ში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მოხსენება გულდასმით განიხილეს ამერიკელმა ექსპერტებმა და ისტორიკოსებმა. ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხრუშჩოვის მიერ მოყვანილი ფაქტები, განსაკუთრებით რეპრესიების თაობაზე არის ფალსიფიცირებული. და არა მარტო რეპრესიების, არამედ სხვაც — მე-2 მსოფლიო ომთან დაკავშირებული.
ხრუშჩოვის ბრძანებით, კულტურის მუშაკებს, კინემატოგრაფისტებს, მწერლებს მიეცათ დავალება, რაც შეიძლება მძაფრად ელანძღათ სტალინი, თავიანთ შემოქმედებაში.
დავუბრუნდეთ ჩეჩნეთის გადასახლების თემას და სტალინის გეგმას მოსკოვის ხელშეკრულებიდან გასვლის და ტრაპიზონის გასაბჭოებასთან დაკავშირებით. სტალინს არ აწყობდა ისეთი ლახვრის ზურგში ჩაცემა, რასაც ადგილი ექნებოდა ჩეჩნების მხრიდან თურქეთში შეჭრის შემთხვევაში. ამდენად მისი ბრძანებით, გადაასახლეს ჩეჩნები, ისე, როგორც მესხეთში მცხოვრებნი შუა აზიის რესპუბლიკებში. ასე რომ, სტალინს საბაბი გადასახლებისა თვით ჩეჩნების ანტისაბჭოურმა ქცევამ მისცა — ჩრდილო კავკასიაში გამორჩეულმა.
„სისხლს მოწყურებულმა“ სტალინმა და ბერიამ იმ ხალხებიდან, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ იქ, რატომ მაინცდამაინც ჩეჩნები ამოირჩიეს და არა მაგალითად ოსები ან სხვები?
იმიტომ, პატივცემულებო, რომ ჩეჩნებისგან განსხვავებით, ისინი წითელი არმიის რიგებში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდნენ ჰიტლერიზმს. მათი წვლილი უმაღლესად შეაფასა სტალინმა — დააჯილდოვა რა ისინი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით.
ჩეჩენთა მიმართ ჩემი დამოკიდებულება უდავოდ არ და ვერ იქნება ისეთი, როგორიც ამჟამინდელთა, ე.წ. ჟურნალისტებსა და პოლიტოლოგებს, არ აქვთ ნანახი ჩეჩენთა ქცევა საქართველოში. ბევრი მათგანი დაბადებულიც არ იყო ანდა ისეთ ასაკში იყო, არათუ ჩეჩენი და ჩეჩნეთი, საქართველოც უცხო იყო მათთვის.
ბევრს არ გავაგრძელებ, ვინაიდან ეს თემა მხოლოდ ნაწილობრივ არის სტატიის განხილვის საგანი. მოვიყვან დისიდენტის, საბჭოთა ციხეებგამოვლილი ადამიანის, დიდი მოაზროვნის, ისტორიკოსის ვიქტორ რცხილაძის მოსაზრებას, რომელიც გამოქვეყნდა მისსავე წიგნში „ძაგება“. ამონარიდი ეხება ნოდარ ნათაძის წიგნს „რაც ვიცი“ და მასში ჩაწერილ ქებათაქებას ზვიად გამსახურდიასი — სხვათაშორის იმ ყოფილი დისიდენტის, რომელმაც ვიქტორ რცხილაძე „ჩაუშვა“ — მაპატიეთ ჟარგონისთვის და საბჭოთა ციხეები გამოატარა.
აი, რას წერს ნათაძე: „ საქართველოს ყველაზე ერთგული ძე ზვიად გამსახურდია … მომხრე ვარ მისი მოთავსებისა იმ ისტორიულ ფიგურათა პანთეონში, რომელთაც გამორჩეული, ანუ ყოველი ადამიანისგან ვერგასაღები და მისგან ვერმოსათხოვნი თავდადება გამოიჩინეს საქართველოსთვის და შედეგს მიაღწიეს“.
პატივცემული ვიქტორის პასუხი: „ამის დამწერი გულწრფელად შემებრალა, რადგან სინამდვილეში საქმე სულ პირიქით იყო. თავისი ტვინდახშული ეგოიზმით ზ. გამსახურდიამ საქართველო ისე მართა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და ომი გამოიწვია უდიდესი მსხვერპლით. შემდეგ დაფრთხა, გაიქცა და ოჯახთან ერთად თავი შეაფარა ჯოხარ დუდაევს — საქართველოს იმ „დიდ მოყვარეს“, რომელიც უკვე მაშინ სოხუმს ჩრდილოეთ კავკასიის დედაქალაქად გადაქცევას უპირებდა.
ამის მერე ვერ მოისვენა, როგორც სააკაშვილმა და საქართველოში შემოიჭრა ჩეჩნების რაზმებით. სწორედ იმათი, ვინც ქართველ მამაკაცებს აფხაზეთში თავებს სჭრიდა და ქალებს აუპატიურებდა.
შემდეგ კვლავ დამარცხდა. გაიქცა და სამეგრელოს სოფელში — ისტერიკაში ჩავარდნილმა თავი მოიკლა.
ჩვენმა ახალგაზრდობამ ამის შესახებ არაფერი იცის და მით უფრო მავნე მნიშვნელობა ენიჭება ისეთი წიგნის გამოჩენას, როგორიც ნ. ნათაძის წიგნი გახლავთ“.
პატივცემული ვიქტორის ნაწერი ლაკონურად, ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 90-იანი წლების ისტორიას, რაც ჩვენს თავზე დაატრიალა ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ და მისმა „ბელადმა“ გამსახურდიამ.
მის „სახელმწიფო მოღვაწეობას“ ახლო ვიცნობდი, როგორც უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი. ტანში არასასიამოვნოდ მაჟრიალებს იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს მუშაობის, განსაკუთრებით გამსახურდიასთან სტუმრად ჩამოსული ჩეჩნების გახსენებისას.
კარგად მახსოვს უზენაესი საბჭოს წევრის ნათაძის მოსვლა სესიაზე, უზენაესი საბჭოს შიდა ეზოში ზვიადისტების მიერ გაკეთებული გრძელი დერეფანი, რომელშიც ნათაძეს უნდა გაევლო. და ისიც გადიოდა (მეტი რა გზა ჰქონდა) ძახილით — თავში ნუ მირტყამთ.
როგორც ჩანს, წიგნის წერის დროს ნათაძეს მხედველობიდან „გამორჩა“ ფიზიკურად და მორალურად შეურაცხმყოფელი მომენტი.
მეორე ამბავი, რომელმაც „მოშაირედ“ გამხადა ქართველი ჟურნალისტების, პოლიტოლოგების განცხადებებია, გაკეთებული რადიო-ეთერში. განცხადებები ეხება აშშ-ს მიერ ირანის მოსალოდნელ დაბომბვას, აიათოლების ხელისუფლების დამხობას, რუსეთ-ირანის ურთიერთობის გაწყვეტას, რაც რუსეთის ამიერკავკასიიდან განდევნის საწინდარი იქნება.
თანამედროვე ქართველთა მსოფლიო პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებლობის თაობაზე არაერთხელ დამიწერია და სატელევიზიო ეთერშიც მითქვამს. გავიმეორებ — ბრიყვთა დოღთან გვაქვს საქმე. ბრიყვია ის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა-ირანის ომი ისეთი რამ იქნება, სიკეთეს რომ მოუტანს საქართველოს და მარცხს რუსეთს.
უტვინონი ალბათ იმასაც ფიქრობენ, რომ რუსეთი დაიშლება. დავუშვათ რუსეთი დაიშალა და მერე რა?
მერე ის, რაც ქართლ-კახეთის თავზე ტრიალებდა რუსეთის იმპერიასთან შეერთებამდე — გაუთავებელი შემოსევები ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებთა მიერ, ძარცვა, ადამიანთა გატაცება და სხვა მრავალი. და ამ მრავალში არც ერთი დადებითი.
ირანის და მუსლიმთა მიმართ განსაკუთრებული ანტაგონიზმით გამოირჩევა ტელეკომპანია „ობიექტივი“, რომელიც რახანია ერთიდაიგივე „პლასტინკას“ ატრიალებს — არაბული დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით. ატრიალებს, თუმცა უშედეგოდ — ხელისუფლება და მოსახლეობის უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს.
ხელისუფლება, რომ ყურადღებას არ აქცევს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ის არის იდეის ავტორი. მაგრამ ხალხი?
ხალხი, პირში წყალჩაგუბებული, მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანას მომავალი არ აქვს ან აშკარად არ სჯერა იმისი, ვინც სისტემატურად მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ. როგორც ჩანს „პლასტინკაა“ გადასაბრუნებელი, სხვა „სიმღერის“ მოსასმენად. ერთიდაიგივე ტექსტის მოსმენა ღამით — 2 საათის განმავლობაში და დილით გამეორება — მოჭარბებული პრესია მსმენელზე, თანაც ერთიდაიგივე გამომსვლელების მონაწილეობით — თარხან-მოურავი, ლომია, ჯოჯუა, ფოფხაძე (საფრანგეთიდან). მაინც რა შინაგანი ძალა აქვთ ამ დალოცვილებს ყოველდღე ილაპარაკონ ერთიდაიგივე — პროქტოლოგია-გინეკოლოგიიდან დაწყებული, საქართველოს ისტორიით, ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული.
მაოცებს მათი ისტორიული „მეხსიერებაც“ — არაბებმა საქართველო აიკლეს მე-7 საუკუნეში და ჩვენი ხელისუფლება იწვევს მათ „არაბული დასახლებების“ ასაშენებლადო; ირანი — ჩვენი მოსისხლე მტერი იყო და ხელისუფლება სატელევიზიო ანძას ირანის დროშის ფერებში ანათებსო.
ცნობისთვის. 11 თებერვალს ირანმა ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი აღნიშნა.
თარხან-მოურავის განცხადებით, ირანის საელჩოს მიერ გამართულ წვეულებაზე არ უნდა მისულიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ა.შ.
მე-7 საუკუნის ამბის გახსენება, ისე, როგორც აღა-მაჰმად ხანის 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, ისე, თითქოს დღეს ჰქონდეს ადგილი შემოსევებს, აშკარად არ მეტყველებს პატრიოტიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, პირიქით, პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს.
აქვე დავსვამ კითხვას — ქართული ენის წაბილწვა, მის ნაცვლად ინგლისურის გამოყენება ნაკლები დანაშაულია?
დააკვირდით თბილისის მაღაზიების წარწერებს — ქართული ასოებით ინგლისური დასახელების დემონსტრირება არ მიგვანიშნებს შეფარული გადაგვარებაზე. ეს ისეთი თემაა, რომელთან შეჭიდებაც ნებისმიერი მედიის მიზანი უნდა იყოს და არა მე-7 საუკუნის არაბთა შემოსევის დღევანდელობაში გადმოტანა.
გასული საუკუნის ვიეტნამის ომი ყველას პირზე ეკერა. აშშ-ა ათეულ-ათასობით ტონა ბომბი და მომწამვლელი ნივთიერება დააყარეს ვიეტნამს, რომ იტყვიან გაწყვიტა მისი მოსახლეობა, ისე, რომ არვინ იფიქრებდა ვიეტნამი და აშშ-ი სტრატეგიული პარტნიორები იქნებოდნენ.
ზემომოყვანილ „მოაზროვნეთა“ მიხედვით, არავითარი ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა ვიეტნამს აშშ-თან.
ახლა, რაც შეეხება მათ „უნივერსალურ“ განათლებას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი „პრავადნიკი“ გიორგი ბოჭიტაშვილი, რომელიც თბილის-ბორჯომის მატარებლებზე მუშაობდა, ჯან-ღონით სავსე — საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების ხშირი სტუმარი. ეს ორგანიზაცია განთავსებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელ შენობაში.
გიორგის კალამი და ბუნებრივი ნიჭი უჭრიდა და ლექსებს წერდა. მისი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა მუშა-პოეტების კრებულშიც. გიორგი ფერწერითაც იყო გატაცებული. მისი ნახატები გამოიფინა სამხატვრო გალერეაში, ერთდროულად იუგოსლაველ პრიმიტივისტი-მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, მაგრამ პოეზიასა და მხატვრობას ის თვლიდა ჰობად.
გიორგის მტკიცებით, მისი მთავარი საფიქრალი პოლიტიკა იყო და სსრკ—ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა. როგორც კი ის პოლიტიკაზე ალაპარაკდებოდა, უმალ მიხვდებოდით, რომ გადაქანებულია.
ერთხელაც მორიგი ვიზიტის დროს მან მოიტანა მინის კონტეინერში, ვაზელინის მსგავსი რამ და გახარებულმა გვითხრა მე და გელა ჩარკვიანს — უშვილობის წამალი დავამზადეო. გელამ ჰკითხა — გიორგი შვილიანობის წამალზე ხომ არ გიმუშავიაო. გიორგი დაფიქრდა და უპასუხა — როგორ არა, აი ეს მაზი (მალამო) შვილიანობისაც არისო.
გიორგის ყოვლისმცოდნეობამ გამახსენა თარხან-მოურავი, თუ პირიქით — მნიშვნელობა არ აქვს. პარტიის თავმჯდომარე, რომლის მოწოდებაზე — რუსთაველის ძეგლთან შევიკრიბოთო, იმაზე მეტი ხალხი არ მივა — იქვე, მელიქ აზარიანცის სახლის წინ, ავტობუსის „ასტანოვკაზე“, „ოჩერედში“ რომ არის, რაღაცაზე ხომ უნდა მიანიშნებდეს მას და მის კოლეგებს?!
ცნობისთვის, იმასაც გეტყვით — ფაშისტური გერმანიის დროს საპატიმროებში წამების ერთ-ერთი მეთოდი ერთიდაიგივე მუსიკის მოსმენა იყო — 24-საათიან რეჟიმში.
დაინდეთ, ნაკლებად პატივცემულებო მსმენელ-მაყურებელი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
27/02/2026
