ცხოვრება საამურია?
საქართველოს საქმე იმაზე ცუდად არის, ჩვენ რომ გვგონია, დასტური ამისა ხელისუფლების მიერ გამოგონილი ე.წ. სატელევიზიო დებატებია. რატომ ე.წ.-იო — იკითხავთ. იმიტომ, პატივცემულებო, რომ დებატები მაშინ იმართება, როდესაც დაპირისპირებული პარტიები ეპაექრებიან ერთმანეთს და არა მაშინ, როდესაც ერთი პარტიის წარმომადგენლები ათამაშებენ ფარსს — დებატების სახით.
„ოცნების“ ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, მაგრამ მას (მათ) არვინ იწვევს დებატებში. ოპოზიციას თამაშობს „ოცნების“ განშტოება, დღეს რომ პარლამენტშია. ასე რომ, არავითარ დებატებს ადგილი არ აქვს და ვერც ექნება რეალური ოპოზიციის მიერ დებატებზე უარის თქმის გამო — ერთის მხრივ.
მეორის — ნაცმოძრაობას, რეალურ ოპოზიციას „ოცნება“ სადებატოდ არ დაუჯდება — მიზეზთა გამო. პირველი — ნაცმოძრაობა, ერთობ მოურიდებელი და „ოცნების“ მიმართ ზიზღით შეპყრობილი, დროს იხელთებს და ისეთი სიტყვებით შეამკობს „ოცნებას“ და ივანიშვილს, ღამე რომ არ დაეძინებათ.
მეორე — „ოცნების“ მიერ ნაცმოძრაობა, სავარაუდოდ კანონგარეშე ორგანიზაციის „ტიტულის“ მატარებელი იქნება, რაც არ აძლევს მას დებატებში მონაწილეობის შანსს.
დებატები ჩვეულებრივი რამაა ჩვენს საყვარელ აშშ, ევროპის ქვეყნებში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ქვეყნის ხელისუფლებისთვის მებრძოლი კანდიდატები, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ისინი ივიწყებენ დებატებს და ჩატარებული დებატების დროს გაჟღერებული დაპირებების შესრულებაზე გადადიან.
ჩემთვის უცხოა აშშ-ს, სხვა ქვეყნის პირველ პირს, დებატები რომ გაემართოს ოპოზიციასთან.
საქართველო, დებატების თვალსაზრისითაც უნიკალურია. და უნიკალურია იმიტომ, რომ ქვეყნის პირველი პირი მართავს დებატებს იმათთან, ვისთანაც მას პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი უპირატესობა აქვს.
სახელმწიფო თანამდებობა, თანაც უმაღლესი, ისეთი რამაა, ნებისმიერ ოპოზიციონერს რომ ქვეცნობიერად აიძულებს მოკრძალებით მოქცევას. ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობა არ მყავს მხედველობაში.
სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის მქონემ იცის რა საკუთარი უპირატესობა (თანამდებობიდან და არა პიროვნებიდან გამომდინარე) მოპაექრეზე, იცის, რა მოპაექრის ქვეცნობიერი შიში ქვეყნის პირველი პირისთვის უხერხული შეკითხვის დასმას რა შეიძლება მოჰყვეს, თავს შეიკავებს ასეთისგან და რა?
და ის, რომ დებატები ლაყბობად გადაიქცევა — ისეთად, რასაც ადგილი აქვს ტელევიზიებში, პარლამენტში და ა.შ. — არაფერი ახალი, ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიკეთო.
„ოცნების“ ხელისუფლებამ ქარაფშუტულად, ისე, როგორც მას სჩვევია გამოაცხადა დებატები და პრემიერმაც მიიღო მასში მონაწილეობა, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ პირველი პირი, რომელიც წუთს, საათს, დროს საქვეყნო საქმეს უნდა ახმარდეს ენერგიას ფლანგავს, როგორც თავისს, ისე მაყურებლის (ვიღაც ხომ მოუსმენს მის დებატებს) არაფრის მომტან ლაქლაქში.
პრემიერი, რომელიც დებატებში ხარჯავს დროს, არ არის მზად საქვეყნო საქმის გადასაწყვეტად, რაც მაუწყებელია იმისა, რომ მან და მისმა ხელქვეითებმა არ იციან რა არის საქვეყნო საქმე.
დებატები, რომელშიც პრემიერი მონაწილეობდა ნაწილობრივ მოვისმინე და მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ისეთი, სტატიის თავში რომ მოგახსენეთ — ჩვენი საქმე იმაზე ცუდად არის, ჩვენ რომ გვგონია.
პრემიერმა ბრძანა, რომ მოსთვის მიწოდებული ინფორმაციით ამ რაოდენობის უმაღლესდამთავრებული იურისტი ქვეყანას არ სჭირდება. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ მისცა მას ეს ინფორმაცია. ზედმეტი იურისტები გვყავსო, ეს ისეთი ნათქვამია, პარლამენტარი შარმანაშვილისას რომ უტოლდება — საქართველოს 150 ინჟინერიც ეყოფაო.
პრემიერმა ისიც თქვა, რომ იურისპრუდენციის სწავლის დონე 1995 წელს ისეთი დაბალი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ ვერაფერი ისწავლა და იძულებული იყო გერმანიას წასულიყო იურისპრუდენციის შესასწავლად. მან ისიც თქვა, რომ გერმანიაში სწავლის დროს გაიგო რა არის იურისპრუდენცია.
კობახიძე არ აკონკრეტებს ვისი დახმარებით მოხვდა გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში, ვინ აფინანსებდა მის ცხოვრებას გერმანიაში და ა.შ. კობახიძის ნათქვამიდან გამომდინარე თსუ-ს სტუდენტი, რომელმაც თავი და ბოლო ვერ გაუგო საგანს, რომელსაც სწავლობდა, არ უნდა ყოფილიყო წარჩინებული სტუდენტი, რომელსაც უნივერსიტეტი მიავლენდა გერმანიაში.
ყალთაბანდ სტუდენტებს რა გამოლევს, მაგრამ მათ ბედს მშობლები აკვარახჭინებენ და შვილებსაც სასწავლად აგზავნიან უცხოეთში. იმჟამად კობახიძის მამა, თუ მეხსიერება არ მღალატობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო — ედპ-დან. ასე რომ მომავალი პრემიერ-მინისტრის გერმანიაში სწავლა მან ითავა და არა თვით საშუალო დონის სტუდენტის ცოდნისადმი მისწრაფებამ.
გერმანიაში გავიგე რა ყოფილა იურისპრუდენციაო — ბრძანა კობახიძემ და დაამატა, რომ თსუ-ს დონე მაშინაც და დღესაც დაბალიაო, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს იურისპრუდენციას, კოლეგა იურისტებს, რომლებიც იურიდიული განათლებით საბჭოთა კავშირში ტოლს არ უდებდნენ არავის. ქართველი იურისტების სახელებისა და გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, იმდენად გრძელი სიაა, მართლაც სახელოვანთა.
ძნელი წარმოსადგენია, რომ 1995 წლის თსუ-თან მათ არავითარი შეხება არ ჰქონიათ. იმჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, მანამდე პარლამენტში, უზენაეს საბჭოში, უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში მრავალი წლის განმავლობაში და კარგად ვიცნობდი ქართველ იურისტებს.
უფრო მეტიც, გამსახურდიას და „მრგვალი მაგიდის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოსა და სოციალიზმიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო დედა-კანონის, კონსტიტუციის შემცვლელის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, ისეთი, რომ სახელმწიფო გადატრიალების, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისა და შევარდნაძის მიერ 1992 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარების შემდეგ, შევარდნაძის დავალებით ახალი დედა-კანონის, კონსტიტუციის შემცვლელის შექმნაშიც მივიღე მონაწილეობა უაღრესად განსწავლულ იურისტებთან თედო ნინიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად. ასე რომ, გარკვეული წარმოდგენა მაქვს, ცხადია დადებითი ქართველ იურისტებზე.
ვიმეორებ, ქართველ იურისტებს იცნობდნენ უკიდეგანო საბჭოთა კავშირში, როგორც საგნის მცოდნე, იურისპრუდენციაში დახვეწილ სპეციალისტებს. და ამ დროს პრემიერ კობახიძის მიერ ქართული იურისპრუდენციის შეურაცხყოფა.
კობახიძისგან, როგორც პრემიერისგან ასეთი შეფასება მიუღებელია, დამამცირებელია; როგორც პიროვნებისგან დასაშვებია, ვინაიდან ნებისმიერს აქვს უფლება თქვას თავისი აზრი, თუნდაც უარყოფითი და სინამდვილისგან შორს მყოფი, მაგრამ პრემიერისგან — დაუშვებელია, გამომხატველია იმისა, რომ მან არ იცის რას ნიშნავს სახელმწიფო და მისი თუნდაც ნომინალური მმართველობა.
კობახიძეს ვერ გაუთავისებია, რომ ის პრემიერ-მინისტრია. მას, თავი ივანიშვილის ყმად მიაჩნია, რაც მართალია, მაგრამ ავიწყდება, რომ პრემიერია და პრემიერის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ილაპარაკოს და არა როგორც მილიარდერი ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ყმამ.
კობახიძემ ისიც ბრძანა — კარგი კონსტიტუცია დავწერეო.
პირველად მოვისმინე იურისტისგან კარგი რამ შევქმენიო — გადაჭარბებული შეფასება საკუთარი თავის, ნახელავის, მაგრამ კონსტიტუცია, რომელიც მან დაწერა უკვე დაწერილი იყო, სხვა ქვეყნების კონსტიტუციის ტექსტის გათვალისწინებით. ასე რომ, კონსტიტუცია ის, რომ ამბობს — „დავწერეო“, უნდა ეთქვა — „გადავწერეო“. რაც მან გადაწერილს დაუმატა ნოვაციაა კონსტიტუციების ისტორიაში — ქვეყნის გაწევრება ევროკავშირში, დასავლურ ორგანიზაციებში.
მაინც რამ ან ვინ აიძულა კონსტიტუციონალისტი კობახიძე, რომ საქართველოს გაწევრების აუცილებლობის თაობაზე ჩაეწერა მთავარ კანონში?
საკუთარმა თავმა და დასავლეთისადმი სიყვარულმა, დასავლეთით აღტაცებამ.
ისტორიისთვის 15-20 წელი წამიერი გაელვებაა, მაგრამ ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი დრო — აღმშენებლობისთვის, რასაც სამწუხაროდ საქართველოში ადგილი არ ჰქონია. „ოცნების“ ხელისუფლება ხარბად შთანთქავს წინაპართა მიერ შექმნილს — საბჭოთა პერიოდი მაქვს მხედველობაში და ნაცვლად მადლიერების გამოხატვისა, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას. არადა, კონსტიტუციონალისტი, თავის ნაღვაწში, ქვეყანას რომ აიძულებს იაროს დასავლური ორგანიზაციებისკენ, დაცლილია პოლიტიკური შორსმჭვრეტელობისგან, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარა ახლომხედველობის არქონასთან გვაქვს საქმე, რამეთუ ორგანიზაციები, რომლებშიც კობახიძემ გაგვამწესა, დაშლის პირას არიან — უხეირო მმართველობისა და დემოკრატიულობის არ არსებობის გამო.
თუ ჩემი არ გჯერათ, ყური დაუგდეთ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ვენსს, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ ევროკავშირს და ნატოს — სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაუცველობის და უგულებელყოფის გამო.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დაინდო ევროპელები და ისე არ გალანძღა, როგორც ვენსმა გასული წლის მიუნხენობის დროს, მაგრამ ტკბილი სიტყვით თქვა ის, რაც მკვახედ ვენსმა გასულ წელს.
რუბიომ ქცევით გამოხატა ევროპელთა მიმართ უპატივცემულობა — უარი თქვა რა მათთან დალაპარაკებაზე — დროის უქონლობის მიზეზით.
კობახიძის კონსტიტუციის მიხედვით, ევროკავშირში უნდა შევიდეთ. კავშირში, რომელიც გვლანძღავს და არაფრად გვაგდებს; კავშირში, რომელსაც თვით „ოცნება“ ლანძღავს — პრემიერ კობახიძის სახით.
პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა, რაც აუცილებელია პოლიტიკოსისთვის, შორს არის კობახიძისგან, ისე, როგორც ბევრი სხვაც. კობახიძის ნაცვლად, სხვას, უფრო ნიჭიერს და საქმის მოყვარულ სტუდენტს რომ ესწავლა გერმანიაში, ბევრს არაფერს, მაგრამ რაღაცას მაინც დაატყობდა საკუთარ ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციას არ წაბილწავდა ისეთ ორგანიზაციაში შესვლის ჩანაწერით, დღეს რომ აღარავის აწყობს.
პრემიერმა, რომ ბრძანა — იურისტები, იმ რაოდენობის, რასაც უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ არ გვჭირდებაო — უვიცობის ბრალია. იურისტის არსებობა ყველა ორგანიზაციაში, სუპერმარკეტში, საწარმოში და ა.შ. არათუ აუცილებელია, არამედ სავალდებულოა, ვინაიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეიძლება არ იცოდეს მის დაქვემდებარებაში არსებული საწარმოს ნორმალური, იურიდიულად გამართული მუშაობის ანბანი, რის კომპენსაციას იურისტი ახდენს.
სამსახური მაშინ მუშაობს გამართულად, როდესაც გამოცდილი ბუღალტერი და იურისტი ჰყავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს ჩემი ინიციატივით უცხოეთში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ფინანსისტი მივავლინეთ, რომელიც რამდენიმე საელჩოს საფინანსო მეურნეობას ხელმძღვანელობდა, მორიგეობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში მუშაობისას არც ერთ დოკუმენტს, რომელსაც ვქმნიდი, ძალა არ ჰქონდა იურისტის და რედაქტორის ვიზირების გარეშე. თუ ამ კუთხით, ანუ პასუხისმგებლობის გრძნობით მივუდგებით საქმეს — იურისტი წყალივით არის საჭირო, მაგრამ, როგორც ჩანს პასუხისმგებლიანი მიდგომა პრემიერისა საქმისადმი ქარაფშუტულია. და რომ ეს ასეა, ყოველდღიური ცხოვრება გვკარნახობს.
პრემიერმა ბრძანა — ინფორმაცია მაქვს ჭარბი რაოდენობის იურისტებთან დაკავშირებითო. მას არ უთქვამს ინფორმაციის წყარო. რომ დაესახელებინა, ისეთივე ქარაფშუტა იქნებოდა, როგორიც მთავრობაა.
რა ინფორმაციაზე შეიძლება აქცენტირება, როდესაც უცნობია მთავარი — საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სქესის, ასაკის, განათლების, აღმსარებლობის, რაც მთავარია ეროვნების და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით. ხელისუფლება ამბობს, რომ წარმატებით ჩაატარა მოსახლეობის აღწერა. ჩაატარა?
პირადად სამ ადგილას მაქვს ბინა, თანაც თბილისის სხვადასხვა რაიონში. არც ერთში აღმწერი არ მოსულა. არც ერთ ჩემს ნაცნობს არ უთქვამს, რომ მასთან იყვნენ აღმწერები. აღწერა „ჩატარდა“ ძველი მონაცემების გამოყენებით და არა კარდაკარ ვიზიტებით.
ასე რომ, ჩვენ არ ვიცით რამდენი ვართ. არადა, თუ არ ვიცით რამდენი ვართ, როგორ უნდა გამოვთვალოთ რა რაოდენობის საკვები, მედიკამენტი, სკოლა, სამედიცინო დაწესებულება, მაღაზია, სპორტული დარბაზი, მოედანი და ა.შ. გვჭირდება?
პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა თავისთავად მოითხოვს მოსახლეობის რაოდენობის ცოდნას. თუ ეს არ ვიცით, არავითარი უფლება არ გვაქვს ვთქვათ ამდენი იურისტი და ინჟინერი საჭირო არ არისო.
ქარაფშუტა მავანმა შეიძლება თქვას — რად გვინდა ამდენი იურისტი, მაგრამ პრემიერმა, პარლამენტარმა, სახელმწიფო მოხელემ არ უნდა თქვას გაუთვიცნობიერებლად, ზედაპირულად. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მართვის საჭესთან იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა არის სახელმწიფო.
პრემიერი, რომელიც ლექციებს კითხულობს თსუ-ში, როგორც ჩანს ან თავის მთავარ საქმეს — ქვეყნის პრემიერობას ისე არ ასრულებს, როგორც საჭიროა, ან ისეთი ვუნდერკინდია, პრემიერობასაც ასწრებს და ლექტორობასაც. ჩემის აზრით, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება სისტემატურად წაუკითხოს ლექცია სტუდენტებს.
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში მუშაობის დროს, პარალელურად, ნახევარ შტატზე ვირიცხებოდი საქართველოს ტელერადიო კომიტეტის საერთაშორისო მიმომხილველის თანამდებობაზე. მიმყავდა გადაცემა „საერთაშორისო დღიური“, რომელსაც ვამზადებდი შაბათ-კვირას. გადაცემა ორშაბათობით გადიოდა ეთერში. ლექციებსაც ვატარებდი უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის თსუ-ში, ოღონდ შაბათობით.
პრემიერი, რომელიც ლექციებს კითხულობს, მინიმუმ 3 საათით წყდება თავის ძირითად საქმეს — ქვეყნის პრემიერობას, რაც დაუშვებელია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში მუშაობა დავიწყე მაშინ, როდესაც თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე იყო — მეცნიერი, აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. პრეზიდიუმის თავმჯდომარეობამდე ის თსუ-ს რექტორი იყო და ლექციებსაც უკითხავდა სტუდენტებს, მაგრამ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მან შეწყვიტა პედაგოგიური მოღვაწეობა. ასე რომ, პრემიერი, რომელიც ძირფესვიანად კონცენტრირებული უნდა იყოს საქვეყნო საქმის კეთებაზე, დროს არ უნდა ხარჯავდეს ლექციების კითხვაში, ისე, როგორც პრიმიტიულ დებატებში ან ჟურნალისტებთან ტიტინში.
ქართული ანდაზაა — „არცოდნა, არცოდვააო“, მაგრამ კობახიძის შემთხვევაში არცოდნა, დანაშაულია. თუ არ იცი, გვერდით ისეთი მოხელე უნდა გყავდეს, ვინც იცის. თუმცა რაც გითხარით დღეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე აშკარად მიუღებელია მარტივი მიზეზის გამო — არც ერთ ზემდგომს არ სურს ჰყავდეს განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით მასზე მაღლამდგომი ხელქვეითი. ის, რაც გითხარით იმ „მანკიერი“ საბჭოთა სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.
კობახიძემ ბრძანა — უმაღლესი სასწავლებლების შენობებს გავყიდით. აქცენტი გპი-ს შენობებზეა — უნიკალური არქიტექტურის მქონეზე. გაყიდის მთავრობა ამ შესანიშნავი არქიტექტურის შენობებს და იყიდის ვინ? და რომ იყიდის, რას გააკეთებს?
რას, პატივცემულებო და დაანგრევს, ნაცვლად ააშენებს საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას — აუზით, ფიტნეს-დარბაზით და ა.შ. იკითხავთ — რაღა მაინცდამაინც იქ, სადაც ფუნდამენტური შენობა დგას? ნუთუ სხვაგან არ შეიძლება აშენდეს საცხოვრებელი ცათამბჯენი?
შეიძლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მერია და მთავრობა თავის ადგილზე დგას და ზერელედ არ უყურებს ყველაფერს ფულის გაკეთებისთვის.
მერიის დაუდევრობას და ფულისადმი დევნას შეეწირა მრავალი ისტორიული, ფუნდამენტური, მდგრადი შენობა, ისეთი, როგორიც იყო „ზაკვოს“, ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობები. სულ ახლახანს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს არსებული ფუნდამენტური, შესანიშნავი 4-სართულიანი შენობა დაანგრიეს. ადრე იქ საშუალო სკოლა, შემდეგ პოლიკლინიკა იყო. ნაცვლად შენობის გარემონტებისა და იქ ჯანმრთელობის სამინისტროს განთავსებისა — დაანგრიეს.
კობახიძის დაპირებისდა მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიტოვებული შენობის აღდგენითი სამუშაოები უნდა დაეწყოთ. მაგრამ არ დაუწყიათ, იმის იმედით, რომ ხალხს დაპირება დაავიწყდება და შენობას დაანგრევენ, რათა ტერიტორიაზე აშენდეს საცხოვრებელი ცათამბჯენი, ყბადაღებული საცურაო აუზისა და ფიტნეს-ცენტრის რეკლამით.
არც ხელისუფლებას და არც მერიას თავში აზრადაც არ მოსდით სჭირდება თუ არა ამ რაოდენობის საცხოვრებელი სახლები თბილისს, რომლის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ აქვს ძვირადღირებული ბინების ყიდვის შესაძლებლობა. მაშ, ვისთვის შენდება მოჭარბებული რაოდენობის საცხოვრებელი, თანაც მრავალსართულიანი სახლები?
საქართველო, სეისმურობის თვალსაზრისით აქტიურია, არა ისეთი, როგორიც იაპონია, მაგრამ მაინც, რაც თავისთავად უნდა გვაფრთხილებდეს მაღლივი შენობების მშენებლობისგან თავის შეკავებას. გარდა ამისა, მაღალი შენობები სერიოზული პრობლემების წყაროა კრიზისული ვითარების დროს, რომელსაც ახლავს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. მაგალითი სახეზეა. კიევის ელექტროგამანაწილებელი სისტემის აფეთქებით ქალაქის 80%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ვისაც მიეწოდება მხოლოდ 2-3 საათით. ერთ-ერთ ტელე-თოქ-შოუში პოლიტოლოგი ყვებოდა, რომ მაღლივი სახლის მე-18 სართულზე ცხოვრობს უშუქოდ, უწყლოდ. წყალს ქუჩაში არსებულ ონკანიდან ავსებს რკინის კასრებში და ფეხით ააქვს ბინაში. ვისაც ატანა არ შეუძლია, მუშას ქირაობს — წყლის ასატანად, საკმაოდ ძვირად.
რაღა უკრაინის მაგალითი, გასული საუკუნის 90-იანი წლების პერმანენტული უშუქობის პერიოდი გავიხსენოთ, რის გამოც არ მუშაობდა წყლის საქაჩი აგრეგატი, რომელსაც წყალი მაღალ სართულებზე უნდა აექაჩა.
გარდა ცხოვრებისეული ტექნიკური პრობლემებისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც არვის არ უნდა აძლევდეს არსებული არქიტექტურული ჩარჩოებიდან გამოსვლის შანსს.
თბილისი უნიკალური ქალაქია არა მარტო ბუნებრივი ლანდშაფტის თვალსაზრისით, არამედ ისტორიული განაშენიანებით. ქალაქს აქვს ძველი უბნები — ე.წ. აბანოთუბანი, რომელსაც თანამედროვე შენობების ჩადგმით ანადგურებენ; აქვს მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეების ფეშენებელური უბნები — სოლოლაკის, პლეხანოვის გამზირის შემოგარენის სახით; აქვს საბჭოთა ფუნდამენტური არქიტექტურის ე.წ. სტალინურის ამსახველი უბნები — ვაკის, გმირთა მოედნის სახით და ხრუშჩოვის პერიოდის შეუხედავი „ხრუშჩოვკები“, რომლებიც 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა დღემდე განაგრძობს „ცხოვრებას“.
აღნიშნული პერიოდიდან გამოვყოფდი სტალინის არქიტექტურას, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს — შესანიშნავი მოჩუქურთმებული ფასადებით, დიდი საცხოვრებელი ბინებით, რომლის ჭერის სიმაღლე 3,5 მეტრია.
არანაკლები თუ არა, მეტი პომპეზურობით იყო გამორჩეული სახელმწიფო დაწესებულებები. პარლამენტის შენობა რად ღირს ან სასტუმრო „საქართველო“, სადაც სასტუმრომდე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო განთავსებული. ამჯერად ეს გრანდიოზული შენობა დაყრუებულია.
თავისი ფუნდამენტურობით გამოირჩეოდა რუსთაველის სახელობის კინოთეატრი, ამჯერად არაბებისთვის გადაცემული; გრანდიოზული ზემელზე არსებული შენობა, სადაც მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული.
ამ გრანდიოზული შენობების ჩამონათვალში იყო ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობა, რომელიც დაანგრიეს — საცხოვრებელი ცათამბჯენის ასაშენებლად.
მაინც რას ისახავდა მიზნად საბჭოთა ხელმძღვანელობა, პირადად სტალინი, როდესაც ესოდენ გრანდიოზულ შენობებს აშენებდა?
უპირველესად იმას, რომ ახალი ცხოვრების მშენებელ საბჭოთა ადამიანს კომფორტულად ეცხოვრა, ესწავლა, ემუშავა.
ხელისუფალთ, რომლებსაც თავში მოუვათ გპი-ს უნიკალური შენობების გაყიდვა, ხოლო მყიდველს, უსინდისო ე.წ. დეველოპერს დანგრევა და საცხოვრებელი სახლების აშენება — მოღალატეები არიან.
საცხოვრებელი ცათამბჯენების მშენებლობა ერთობ პოპულარულია თბილისში. აშენებენ და აშენებენ იაფად, ყიდიან ძვირად. მარტივი საბაზრო ჭეშმარიტებაა — მეტს აშენებ, იაფად ჰყიდი. საქართველოში შებრუნებითაა — მეტს აშენებ, ძვირად ჰყიდი. 5-10 წლის წინანდელი ფასები იმდენად დაბალია, ზღაპარი გგონია. ბინების ფასები კატასტროფულად მატულობს, თანაც ისე, რომ მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია.
პარლამენტში ანგარიშით გამოსვლის დროს პრემიერმა კობახიძემ ბრძანა — „არაბულ დასახლებებში“ ბინის შეძენის მსურველთაგან უმრავლესობა ქართველია და არა არაბი, რითაც ზოგიერთი პარტია მოსახლეობას „არაბიზაციით“ აშინებდაო. საინტერესოა იმ ქართველთა ვინაობა, ვინც ესოდენ ძვირ ბინებში აპირებს ცხოვრებას, ალბათ ბექაურის მსგავსი, რომელსაც დეკლარაციაში ჰქონდა ჩაწერილი 22 ბინა, გარდა რამდენიმე სახლისა.
ცნობისთვის. ბექაური, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.
უძრავი ქონების, ბინების, სახლების, მიწის ნაკვეთების შეძენა, ოქროს ზოდების შეძენასთან ერთად მისაბაძი რამ არის „ოცნების“ ხელისუფლების დაბალ-მაღალ მოხელეებისთვის. რატომაც არა?!
არვინ კითხულობს — რა ფულით, რა შემოსავლით?
22 ბინის პატრონს სულაც არ აინტერესებს კვების პროდუქტების გაზრდილი ფასები, ინფლაციური ვითარება.
ოქროს ზოდების, უცხოური ვალუტის, განსაკუთრებით დოლარის, ბინების, სახლების, ავტომანქანების, სამკაულების „კოლექციონერთა“ წყალობით, რომ მოსახლეობის უმრავლესობის არსებობა და არა ცხოვრება გაუსაძლისია, უმცირესობას, ანუ ხელისუფლებას არ აწუხებს.
სასათბურე პირობებში მყოფი გვეუბნება იმ ვირტუალურ წარმატებაზე, საქართველოს რომ ჰქონია და უმრავლესობას რომ არ უგრძვნია. რა გაეწყობა, პროპაგანდის მანქანა მისი საკუთრებაა და სხვაც, ადამიანის გონებაზე ზეწოლის განმახორციელებელი. მოკვდავებს ისღა დაგვრჩენია მორჩილად მოვუსმინოთ ზღაპრებს და წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრება, ღმერთმა რომ გვარგუნა და ხელისუფლებამ გაუსაძლისად გვიქცია, საამურია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
20/02/2026
