14.02.2026

პოლიტიკური სიზმარი

დიდი ამბავი იყო ატეხილი თბილისის აეროპორტში — უცხოელები, განსაკუთრებით ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეები, გრძელ „ოჩერედში“ ჩამდგარნი, ერთმანეთს ეცილებოდნენ — არა შენ და არა მეო ვარ პირველი საკონტროლო და საბაჟო პუნქტში გასავლელადო.

გასაოცარი იყო აეროპორტის სამთავრობო შენობაში თავმოყრილ მაღალჩინოსანთა რაოდენობაც. ვინ არ იყო იქ — საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გერმანიის კანცლერი მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, იტალიის პრემიერი მელონი, სხვები და რაც მთავარია — ქართველთა გასახარად ევროკავშირის შეფი უსრულა ფონ დერ ლაიენი, მისი მოადგილე კაია კალასი და ა.შ.

ჟურნალისტების კითხვაზე — რამ გამოიწვია საქართველოთი დაინტერესება — ყველა ერთნაირად პასუხობდა — გვაინტერესებს წამალი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აძლევს მოსახლეობას დასადუმებლადო. გარდა ამისა გვინდა საკუთარი თვალით ვიხილოთ საქართველო, რომელმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორის, ისეთ წარმატებას მიაღწია ეკონომიკაში, სოციალურ საკითხებში, კულტურასა და მეცნიერებაში, რომ ყველა ჩვენგანი უკან ჩამოგვიტოვაო.

გახარებული ქართველი ჟურნალისტები, განსაკუთრებით ნაფტალინიდან ამოღებულები, ხელისუფლების მეხოტბეები ჩვეულებრივ, „მომაკვდავ“ ევროპელებს ეცნენ ანალოგიური კითხვებით და ისინიც სიხარულით პასუხობდნენ — ბედნიერები ვართ, ღვთის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე რომ ფეხი დავდგით, დღეის შემდეგ საქართველო ჩვენი სამშობლოა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელმაც უკანასკნელ წლებში საამური ცხოვრება შეუქმნა თავის მოსახლეობას — ყველა ჩვენგანისას რომ სჯობსო.

საბაჟოგავლილი უცხოელები, აეროპორტის შენობიდან გამოვარდნილები, დაჩოქილი, მიწას ეამბორებოდნენ — წმინდასა და უწმიდესს, როგორც ქართველებს გვიყვარს ხოლმე თავის ქება და თავქუდმოგლეჯილი, ფეხით გარბოდნენ თბილისისკენ, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერი სტარმერიც იყო, რომელმაც გული გამიხსნა და გამომიტყდა — პრემიერ-მინისტრობის ბოლო დღეებს ვითვლი, ჩემს მიერ აშშ-ი ელჩად დანიშნულმა მეგობარმა მოულოდნელად მიღალატა, დამიმალა, რომ ადრე ეპშტეინთან იყო ჩახუტებული და თავის მამათმავლურ მოთხოვნილებებს ეპშტეინის „სალაღობო“ კუნძულზე იკმაყოფილებდა, რამაც დიდი ფორიაქი გამოიწვია პარლამენტში და იძულებული ვარ გადავდგეო, მანამდე კი პოლიტიკიდან ის არ მინდა წასვლა კობახიძის  ნახელავი კეთილდღეობა არ ვიხილოო.

სიტყვაც ვერ დაასრულა სტუმარმა, ავტომანქანის ძრავის ღმუილმა გამაღვიძა და ტკბილი სიზმარიც გაქრა.

შუქის ანთება ვცადე, მაგრამ გამორთული დამხვდა, სიბნელეში ძლივს გავიკვლიე გზა აბაზანისკენ სახეზე წყლის შესასხმელად, მაგრამ ისიც გამორთული დამხვდა. მაშინ გამახსენდა მობილურზე მოსული მესიჯი — ამადა ამ ქუჩაზე ავარიული ვითარების გამო წყლის მიწოდება შეგიწყდებათ … და ბოლოს ბოდიშიო.

ბოდიში ისწავლეს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში იყენებენ, მაგრამ ბოდიში უწყლობას, უშუქობას, ხანდახან უგაზობას რომ ვერ ჩაანაცვლებს, მესიჯის გამომგზავნეს არ აწუხებს, მითუმეტეს თუ ის ავტომატია, უსულო საგანი, მაგრამ ასეთი უსულოები არიან ყველა ისინი, ვისაც ჩვენი ცხოვრების ბედი აბარიათ — რაიონიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული.

დიდი ავარიის შემთხვევაში, რასაც პერიოდულად აქვს ადგილი ქალაქის მერი და მერია მეხამრიდივით თავიდან იშორებენ — უკბილო განმარტებით — ეს, ჩვენი საქმე არ არისო. ვერადავერ გაგვიგია უკანასკნელი წლების განმავლობაში რა არის მერის და მერიის საქმე. თუ მათი საქმე არ არის ქალაქის მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გამართული მუშაობა, ორმოიანი ქუჩების შეკეთება, განათების ისეთი სისტემის გამოყენება, ქუჩას რომ ანათებდეს; სახლების გაპარტახებული ფასადების შეკეთება და სხვა მრავალი, მაშინ მერის საქმე სულაც არ არის პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუების გამართვა, „ბრძნული“ მოსაზრებების მოქალაქეებისთვის თავს მოხვევა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ, რომელიც ვითომ მართავს ქვეყანას, არ იცის როგორ მართოს და ლაქლაქით, უსაგნოდ და არაფრის მომცემით გვიტენის თავს, რისი შედეგია ძილში ჩაყოლილი განცხადება პრემიერისა, რომ საქართველომ, მთელი რიგი პარამეტრებით გაუსწრო ევროპის ქვეყნებს და ეს პარამეტრები მოიცავს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, კორუფციასთან ბრძოლას და სხვა მრავალს.

სამი დღის განმავლობაში ვისმენდით ამ „წარმატებების“ შესახებ პრემიერის და სხვა მაღალჩინოსანთა მხრიდან. და იცით რატომ?

იმიტომ, რომ პრემიერ კობახიძის, უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნა აღენიშნათ. შეგვახსენეს, რომ „ტკბილი“ ცხოვრება, რაშიც ვართ ბოლო 2 წლის განმავლობაში, სწორედ კობახიძის დამსახურებაა.

მადლობა მინისტრებს, თორემ ხომ ვერ გავიგებდით ცხოვრებისეული სიტკბო რომ კობახიძის მოტანილია?

ამ „დიდი თარიღის“ ადრესატი „მორიდებით“ აძლევდა ინტერვიუს ტელეჟურნალისტს, მიღწეული „წარმატებების“ სიტყვიერი დემონსტრირებით. მოდით და ნუ დაიჯერებთ — პრემიერია!!!

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ომახიანი ნათქვამი კორუფციასთან დაკავშირებული — მედგრად ვებრძვით მას, არვის ვინდობთო, არც ჩვენიანსო (ჩემი განმარტება). რა იწვევს კორუფციას და რამ გამოიწვია ფასების მატება ყველაფერზე — პროდუქტებით დაწყებული, მედიკამენტებით, მომსახურებით დამთავრებული ამაზე პასუხი ასეთია — საპარლამენტო კომისია დაადგენს ყოველივეს და გაზაფხულზე ან ზაფხულში შედეგი ცნობილი იქნებაო.

კომისიის შექმნა-მუშაობას და მის მიერ „დამნაშავეების“ დაკითხვას ისე შეგვაჩვიეს, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ. მიზეზი მარტივია  — კომისიის ნამუშევრის, ანუ შედეგის არ არსებობა. კომისიის თამჯდომარის, ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე ჯერაც უშედეგოა. არადა, გასული წლის შემოდგომით უნდა განხორციელებულიყო აღსრულება.

რა შედეგს მოიტანს ფასების მარეგულირებელი კომისიის მუშაობა — ძნელი სავარაუდოა,  ვინაიდან იმ ბიზნესმენების ჯიბეს ეხება, ხელისუფლებასთან რომ ჩახუტებული არიან.

განვლილი ცხოვრება და „ოცნების“ ტყუილი დაპირებები გვაფიქრებინებს, რომ თვალებში ნაცრის შემყრელი სჯა-ბაასი, საჯარო კამათი და ა.შ. კარგა ხანს გაგრძელდება, ფასები კი ისეთივე დარჩება, ხელისუფლების დაპირების დროს რომ იყო. ამ „ოპტიმიზმის“ საფუძველს იძლევა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შეპარული ნათქვამი იმპორტიორთა სასარგებლოდ — სადაც ყიდულობენ, იქაც ძვირიაო.

დავუშვათ, იქ ძვირია და ეს სიძვირე მრავალი წლის განმავლობაში გვახრჩობს, თანაც ისეთ საქონელზე, როგორიც ბაღჩეული კულტურებია, ხახვი, ნიორი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი; ხილზე, განსაკუთრებით ვაშლზე აღარ ვლაპარაკობ ან ლიმონზე, მანდარინზე, ფორთოხალზე — სუბტროპიკულ ქვეყანაში.

ყველა ჩამოთვლილი და ბევრიც ჩამოუთვლელი, საბჭოთა საქართველოში რომ მოიწეოდა და კაპიკებად იყიდებოდა მაღაზიებსა და საკოლმეურნეო ბაზრებში, სად გაქრა?

ზემოაღნიშნულ პროდუქტებს, უცხოეთიდან რომ შემოიტან — სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაა, სახელმწიფო მართვის უსუსურობაა. საქართველოს სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს ისე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა იმპორტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სიძვირის გამო.

ასეთ ქვეყანას ვერ ექნება ეკონომიკური წარმატება — ევროპულს რომ ჯობნის. ქვეყანას, რომელსაც საწარმოები, თუნდაც ხილის გადამამუშავებელი არ აქვს, აღარაფერს ვამბობ ქარხნებსა და ფაბრიკებზე,. წარმატებაზე ლაპარაკი უხერხულია. პრემიერი კობახიძე კი ჩაგვჩიჩინებს — ევროპის ქვეყნებს ვუსწრებთო.

აი, ეს ნათქვამი ჩამყვა ძილში და „პოლიტიკური“ სიზმარიც ვიხილე, სტატიის თავში რომ გაგაცანით. წარმატებულ საქართველოს უნდა შეხჰაროდეს ევროპის მოსახლეობა, მაგრამ მსგავსს ადგილი არ აქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სიცრუეა. და მეორეც — საქართველოს შესახებ არაფერი იციან ევროპელებმა, თითო-ოროლა პოლიტიკოსის გამოკლებით.

დავუშვათ, რომ მართლაც გავუსწარით ევროპის ქვეყნებს ეკონომიკურ-სოციალური პარამეტრებით, მაშინ რატომ გავრბივართ ევროკავშირისკენ?

პირიქით! ისინი, ევროპელები უნდა გამოიქცნენ ჩვენსკენ — ჩემს მიერ ნანახი სიზმრის მსგავსად.

  სქართველოს ხელისუფლების მიზანია ევროკავშირში გაწევრება. პროცესი დაახლოებისა „ასოცირებული წევრობით“ დაიწყო და დღესაც გაგრძელდებოდა, ბრიუსელს რომ ულტიმატუმები არ წამოეყენებინა ხელისუფლებისთვის — საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირისთვის მიუღებელი კანონების გაუქმების შესახებ.

ხელისუფლებამ კანონები არ გააუქმა — მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების გამო. ნაცვლად, შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა, განცხადებით — ასეთი ევროკავშირი არ გვაწყობს, სხვას დაველოდებით, სხვა პოლიტიკოსების მოსვლასო და როდესაც მოვლენ2030 წელს, მაშინ გავწევრდებით ევროკავშირშიო.

ბობოქარ საერთაშორისო არენაზე ისეთი ორომტრიალია, ართუ 4 წლის შემდეგი პოლიტიკური ვითარება, არამედ მომავალი ერთი კვირისაც ძნელად გამოსაცნობია. განსაკუთრებული მღელვარებითაა გამორჩეული ახლო აღმოსავლეთი და რეგიონი, სადაც ვცხოვრობთ.

აშშ-ს ავიამზიდი, სამხედრო-საზღვაო გემები ირანის საზღვაო საზღვრებს მიყენებული, საომარ მდგომარეობაში მყოფნი, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებას ელოდებიან ირანზე იერიშის მისატანად. ირანის ხელისუფლება მზადაა საპასუხო დარტყმისთვის, რაც გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთის ომს — გამოუცნობი შედეგით.

ტრამპის წარმომადგენლებისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ომანში გამართული მოლაპარაკება არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ირანმა არ მიიღო ტრამპის ულტიმატუმი ბირთვულ ლაბორატორიებში ურანის გამდიდრების შეწყვეტასთან, არც ბალისტიკური რაკეტების დამზადებაზე თქვა უარი.

ურანის გამდიდრება არ ნიშნავს ბირთვული ბომბის დამზადებას. ირანს შეუძლია ატომური იარაღის დამზადება, მაგრამ ირანის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის განკარგულებით ირანი არ დაამზადებს მასობრივი განადგურების იარაღს. ურანის გამდიდრება მას მედიცინისთვის სჭირდება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, თვით ტრამპმაც არ იცის. სრული შესაძლებელია ექსტრემისტი სენატორის ლინდსი გრემის რჩევა — ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების თაობაზე ჭკუაში დაუჯდეს. და ამ დროს კავკასიას სტუმრობს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი — ოჯახით, უამრავი თანმხლები პირით. პირველი ქვეყანა, სადაც ის ჩავიდა სომხეთი იყო, მეორე აზერბაიჯანი.

სომხეთი ყოველთვის ითვლებოდა ისეთ ქვეყნად, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანთან. მაგრამ, როგორც ჩანს ვითარება იცვლება — კარდინალურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და მისი მთავრობის მოჭარბებული დასავლური პოლიტიკის წყალობით.

სომხეთმა, აზერბაიჯანთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს მისცემს შესაძლებლობას თითქმის საუკუნის განმავლობაში ჩაიბაროს ე.წ. ზანგეზურის დერეფანი — დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერია ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქსა და აზერბაიჯანს შორის, სომხეთის გავლით.

გზის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების თაობაზე იზრუნებს აშშ-ს კომპანია. ამ გზას დაერქვა „ტრამპის სამშვიდობო გზა“. ცერემონიალი ხელმოწერისა თეთრ სახლში გაიმართა — ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს შორის.

ამერიკელთა შემოსვლა კავკასიაში ნიშნავს რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას, სადაზვერვო დაკვირვების წარმოებას ირანზე, რუსეთზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ახლო აღმოსავლეთზე.

სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უდავოდ შეცვლის პოლიტიკურ ბალანსს ამიერკავკასიაში, რასაც ნეგატიურად აღიქვამენ ირანი და რუსეთი; მიესალმებიან სომხეთი და აზერბაიჯანი, ისე, როგორც თურქეთი, რომელიც შეეცდება სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან ერთად მასზე საკუთარი გავლენის გაფართოებას.

სრულიად შესაძლებელია, რომ სომხეთმა აიძულოს რუსეთი გაიყვანოს თავისი ჯარი გიუმრის სამხედრო ბაზიდან.

კავკასიაში იკვრება ახალი ანტირუსულ-ანტიირანული კავშირი — აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის სახით, აშშ-ს ზედამხედველობით. საქართველო განზე რჩება არა მარტო ამ კავშირისგან, არამედ სატრანზიტო მიმოსვლიდან.

პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, ტვირთები გაივლის ზანგეზურის დერეფანს აზერბაიჯანისკენ და ცენტრალური აზიისკენ, და არა საქართველოს. საქართველოს სატრანზიტო დერეფანს დატვირთვასთან ერთად შემოსავლებიც მოაკლდება. რით უპასუხებს აღნიშნულს საქართველოს ხელისუფლება, ძნელი გამოსაცნობია.

ხელისუფლება, რომ ამ აღნიშნულ საკითხზე, ისე, როგორც სხვაზე, მნიშვნელოვანზე ფიქრობდეს, საქართველოს მართლაც ექნება წარმატებული ეკონომიკა, თუმცა არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტოლი. ასეთის შექმნას მარტო სოფლის მეურნეობის და მრეწველობის აღორძინება ვერ უშველის — მოსახლეობის განათლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თვითშეგნების აუცილებლობის გაჩენაა საჭირო, რაც ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

ხელისუფლება — მომართული ტყუილ ყოყოჩზე, სხვაზე მაღლა საკუთარი თავის დაყენებაზე და იმის ხაზგასმით თქმაზე — ევროპას ვჯობნითო, რეალურ, აუცილებელ საქმეს, საქვეყნოს არა და ვერ გააკეთებს. რაც გააკეთეს ზარ-ზეიმით გვამცნეს — სატელევიზიო დებატების გამართვას ვიწყებთო — არა ოპოზიციასთან, თუმცა არც ის უქნია ღმერთს, არამედ ვითომ ოპოზიციასთან, თავისსავე განაყოფთან და პარლამენტში მყოფთან. თითქოს საქართველოს უამრავ ტელეკომპანიებს თოქ-შოუები აკლდეს — უსახური, უვიცობის, უპასუხისმგებლობის გამომვლინებელი.

ნაცვლად საქმის კეთებისა — მორიგი ლაქლაქი, ისეთი, რამაც ქვეყანა ნულის დონეზე დაიყვანა. ლაქლაქმა შეჭამა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ენერგია, დრო, რაც ესოდენ აუცილებელია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისთვის. ლაქლაქს გადაყოლილმა ხელისუფლებამ ქარს გაატანა პოლიტიკურ-ეკონომიკური-სატრანსპორტო მაჯისცემის რეალური შეფასება და ისეთი პრობლემის წინაშე დააყენა ქვეყანა, როგორიც სატრანზიტო ფუნქციის სრულიად თუ არა, ნაწილობრივი დაკარგვაა.

14 წელია, რაც „ოცნება“ „მართავს“ ქვეყანას და ამ ხნის მანძილზე ვერადავერ გაიაზრა, გაითავისა რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებას. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — რკინიგზის აღდგენა ქართველ და აფხაზ ხალხთა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაა, ნდობის აღდგენაა, ახალი კავშირურთიერთობების დაწყებაა ბიზნესის, სპორტის, კულტურის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა დარგებში.

სატრანზიტო შემოსავლებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, იმდენად სარფიანი იქნებოდა საქართველოსთვის. რკინიგზა დაგვაკავშირებდა სომხეთთან, ირანთან, რუსეთთან, ევროპასთან — რუსეთის გავლით. რამდენჯერ გვთხოვა სომხეთმა ამ გზის გახსნა. ყურად არ ვიღეთ და აი შედეგიც, ერთობ არასასიამოვნო, შესაძლოა სახიფათოც რეგიონისთვის.

ანგარიში გავუწიეთ დასავლელთა თხოვნას, ბრძანების სადარს — არ გაგვეხსნა რკინიგზა, რათა რუსეთს არ მისცემოდა საშუალება სომხეთში, ირანში სამხედრო ტექნიკის გადატანის.

„ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაღმერთებული დასავლეთი არაფრად გვაგდებს. ვენსი სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვია, ჩვენ კი არაო, გული გვწყდება. რა არის ამაში გულდასაწყვეტი?

საპასუხოდ, ხელისუფლებამაც გადადგას ნაბიჯი — რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ არა. ეშინია!

იმ დასავლეთის ეშინია, ვისაც საქართველო მამათმავალად, ლგბტ-ს თაყვანისმცემლად უნდა. ნამდვილი და არა ტყუილი წინსვლა ეკონომიკისა და სხვა დარგებში მხოლოდ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენით შეიძლება. სხვა გზა ისეთივე ფუჭია, როგორც საუკუნეთა წინათ სულხან-საბას ევროპაში ელჩობა.

ვენსი, საქართველოს რომ სწვეოდა, რას მოგვიტანდა?

სავარაუდოდ, იმას, რაც პრეზიდენტი ბუშის და ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტებმა მოგვიტანეს. კარგს არაფერს, ქვეყნისთვის სასიკეთოს.

ვენსს აზერბაიჯანში სხვა რამ აინტერესებს — უპირველესად აზერბაიჯანის დამოკიდებულება ირანთან. ვიდრე ამ თემას შევეხები, გეტყვით მარტივ ჭეშმარიტებას, რაც ნებისმიერი მთავრობისთვის არის გასათვალისწინებელი — ყველა კვერცხის სხვის ბუდეში ჩადება, ანუ დასავლეთისკენ. და მხოლოდ დასავლეთისკენ თავქუდმოგლეჯილი სირბილი მოგვიტანს იმას, რაც მოგვიტანა და ამ „მოტანილიდან“ არც ქვეყნისთვის და არც მისი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ხელშესახები არაფერი არ არის, დასანანი კი — ომი, ტერიტორიების დაკარგვა, რომლის დაბრუნება უახლოეს პერსპექტივაში თუ არა, სამარადისოდ შეუძლებელია.

საქართველოს ხელისუფლება, ისე ხარობდა მილანში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტის ყაველაშვილის ხანმოკლე საუბრით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან, თითქოს საქართველომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების ისეთი დაპირება მიიღო, ბეტონის კედელს რომ ნამსხვრევებად აქცევს.

რუბიომ ისიც თქვაო — წინა ადმინისტრაციის, ანუ დემოკრატიულის ბრალიაო საქართველოსთან ურთიერთობების გაცივებაო და ა.შ.

ამ სიტყვებმა ისე აანთო ხელისუფლება, რომ 3 დღის განმავლობაში გვიყვებოდა აღნიშნულს სამთავრობო ტელეკომპანიები. გახარებულ მთავრობას მხედველობიდან გამორჩა აშშ-ი მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა, გამოწვეული ტრამპის თავხედური პოლიტიკით.

წელს, აშშ-ი შუალედური არჩევნებია, რომელშიც ამერიკელი ექსპერტების კვლევით დემოკრატები გაიმარჯვებენ. მათ უმრავლესობა ეყოლებათ წარმომადგენელთა პალატაში. საგრძნობლად შემცირდება რესპუბლიკელი სენატორების რაოდენობა სენატში, ვინაიდან ტრამპით უკმაყოფილო სენატორები, ისე, როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენები მხარს დემოკრატებს დაუჭერენ. და რა?

ის, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ძალა განეიტრალდება. ის, ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს კონგრესის თანხმობის გარეშე. ტრამპი გახდება „კოჭლი იხვი“ — ასე ნათლავს აშშ-ს პოლიტიკა ძალაგამოცლილ პრეზიდენტს. თვით ტრამპმა საჯაროდ განაცხადა — თუ რესპუბლიკელებმა წააგეს, მაშინ სრული შესაძლებელია დემოკრატებმა იმპიჩმენტი გამომიცხადონო.

რა იქნება ა.წ. მაისის შემდეგ, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება საარჩევნო კამპანიის დაწყება, ძნელი სავარაუდოა, ისე, როგორც ტრამპის მოქმედება ვითარების მისკენ შემოსაბრუნებლად. თუ ტრამპი შეცვლის აგრესიულ პოლიტიკას, რესპუბლიკელებს აიმხედრებს.

ანტიტრამპული გამოსვლები გრძელდება, ისე, როგორც დემონსტრანტთა „ომი“ პოლიციელებთან. მძიმე შიდაპოლიტიკური პროცესებიდან ყურადღების გადასატანად აშშ-ს პრეზიდენტები ტრადიციულად მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ აგრესიას. ამჯერად აგრესიის ობიექტი ორია —ირანი და კუბა. ტრამპი ორივეს ემუქრება — თუ არ დამემორჩილებით, ომს დაგიწყებთო.

ტრამპი მოითხოვს ირან-კუბაში ხელისუფლების შეცვლას. ირანის შემთხვევაში მას სხვა მოთხოვნებიც აქვს, მაგრამ მთავარი აიათოლების ხელისუფლების შეცვლაა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების ეიფორია მოკლევადიანი გამოდგება — კონგრესში დემოკრატების უმრავლესობით მოსვლით.

ახლა, რაც შეეხება ვენსის ვიზიტს აზერბაიჯანში. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ალიევისთვის ნაყოფიერი იყო, ვინაიდან აშშ-ს არც ერთ წინა ადმინისტრაციას არასდროს გადმოუხედავს მოწყალების თვალით ალიევის აზერბაიჯანისთვის. ტრამპი სხვაა. მისი ადმინისტრაცია ამჯობინებს ალიევთან და მის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობების ქონას და არა კონფრონტაციულის, ვინაიდან ტკბილი ენით ცდილობს კავკასიაში ფეხის ღრმად ჩადგმას — ირანის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ამხედრებას.

აზერბაიჯან—ირანს შორის დაძაბული მრავალწლიანი ურთიერთობები, კონსტრუქციულმა ურთიერთობამ ჩაანაცვლა, თუმცა აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირები ისრაელთან, განსაკუთრებით სამხედრო დარგში, ირანს დამშვიდების შესაძლებლობას არ აძლევს.

აზერბაიჯანი, სუნიტური ისლამის მიმდევარი — მეგობრულ, მოკავშირულ ურთიერთობაში მყოფი სუნიტურ თურქეთთან, შიიტურ ირანს, რომელსაც თურქეთთან ცივში გადასული ურთიერთობა აქვს, ეჭვის თვალით უყურებს მათ კავშირს.

ირანში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა აზერბაიჯანული წარმოშობისაა. ირანის აზერბაიჯანში ორჯერ მეტი მოსახლეობაა, ვიდრე აზერბაიჯანში. ირანის აზერბაიჯანი პოლიტელიტის სამჭედლოა. სულიერი ლიდერი, ირანის მეთაური აიათოლა ჰამენეი, ისე, როგორც პრეზიდენტი პეზეშკიანი აზერბაიჯანული წარმოშობისანი არიან. თვით ირანი მრავალეროვანი ქვეყანაა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით, თუმცა რელიგიის გავლენით აიათოლა ჰამენეის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე პოლიტიკური გემოვნება. ირანის პოლიტიკური ელიტა, პირობითად დაყოფილი კონსერვატორებად და რეფორმატორებად, მწვავედ ეპაექრებიან ერთმანეთს, მაგრამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ისინი მონოლითურნი, ერთ მუშტად შეკრულნი არიან, ბევრ ქვეყანას რომ შეშურდება.

ირანი მზადაა გაუძლოს ყოველგვარ გამოწვევას, თუნდაც საფინანსო აგრესიას, რასაც აშშ-ს ადმინისტრაციამ მიმართა ირანის ცენტრალური ბანკის მიმართ და რამაც ირანელები გამოიყვანა ქუჩაში.

„ფერადი რევოლუცია“, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, არ შედგა. აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა სიამაყით განაცხადა ირანის საბანკო სისტემის მიმართ განხორციელებული შეტევის შესახებ, რასაც ირანის ხელისუფლების დამხობა უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ არ მოჰყვა — ირანის ხელისუფლების სიმტკიცის გამო.

აზერბაიჯანში მყოფმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა თქვა — ადმინისტრაციის მიზანი არ არის ირანის ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ თუ ამას ირანელი ხალხი მოისურვებს, აშშ-ი მიესალმება.

ირანელ ხალხს რომ მოესურვებინა, ამისთვის მოუწყო აშშ-ა ირანის საბანკო სისტემას აგრესია, რასაც ირანელთა გამოსვლები მოჰყვა. რომ იტყვიან — კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

და ისევ სიზმარი, რომლის შესახებ სტატიის დასაწყისში ვწერდი — არასახარბიელო სოციალური ვითარების გახსენებით. „ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ე.წ. პროექტებიდან არა მარტო ფასების კატასტროფული მატებაა შემაღონებელი, არამედ ბევრი სხვაც, რომლის ჩამოთვლას ტომები არ ეყოფა, მაგრამ მათგან ჯარიმებს გამოვყოფ. ავტოტრანსპორტის მფლობელები მიხვდებიან, რას ვამბობ. როდესაც ავტომანქანის „საპარკინგე“ ადგილში არაზუსტი ჩაყენებისთვის, ჯარიმის სახით 50 ლარს გახდევინებენ, სულაც არ ნიშნავს წესრიგისთვის ბრძოლას.

როდესაც „ბასლეინზე“ წამიერი შესვლისთვის 100 ლარს გახდევინებენ, დანაშაულია. სხვა ჯარიმების გამოწერა 100-სა და მეტ ლარს მოიცავს. გახარებული მედია კი ყოველდღიურად გვატყობინებს, რომ ჯარიმებით მოგებული ფულის რაოდენობა თვეში 300 მილიონ ლარს აჭარბებს.

სულ ახლახანს, მესამეხარისხოვან ქუჩაზე წამიერი შეჩერების შედეგად 50 ლარით დამაჯარიმეს — მოკრძალებული პენსიის მქონე. რას ნიშნავს ეს, თუ არა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობას, ჯიბეში ხელის ჩაყოფას — ხელისუფალთა ხელფასების უზომო გაზრდისთვის.

16/18/20 და ა.შ. ათასი ლარი, როდესაც პენსიონერს მაქსიმუმ 400 ლარი აქვს, დანაშაულია. ხელისუფალთა მომატებული ხელფასები იწვევს ფასების მატებას და არა სხვა, მეორეხარისხოვანი რამ, რასაც ხელისუფლება გვეუბნება.

ხელისუფლება, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ასატანი ცხოვრების პირობები ვერ შექმნა, თავის გასამართლებლად გვარწმუნებს — მართალია, საამური პირობები ვერ შეგიქმენით, მაგრამ ომისგან ვიხსენით ქვეყანა. და არგუმენტად მოჰყავს აშშ-ს ელჩის, ამერიკელ-ევროპელი პოლიტიკოსების (უგვაროების და უსახელოების) ნათქვამი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილისთვის — რუსეთს მეორე ფრონტი უნდა გაუხსნათო.

არვინ იცის, რამდენად კატეგორიული იყო მოთხოვნა. იქნებ მართლაც ჰქონდა ადგილი ასეთ საუბარს — ზონდირების მიზნით, ხელისუფალთა აზრის გასაგებად და არა ომის აქ და ახლა დასაწყებად.

ბიძინისტი თითო-ოროლა ჟურნალისტისთვის, დინოზავრული პერიოდისას, თურმე ვიღაც გენერალს უთქვამს — დასავლელმა სამხედროებმა მითხრეს ომი გააჩაღეთ და იარაღს ჩვენ მოგცემთო.

არც ჟურნალისტს და არც იმ გენერალს თავში აზრადაც არ მოსვლიათ, როდის მოაწვდიდა დასავლეთი იარაღს ქართულ ჯარს, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ავტომატებით და ხელყუმბარებით ომი რუსეთთან სასაცილოა. თანამედროვე საბრძოლო იარაღი კი ჯარის გაწვრთნას მოითხოვს, რაც რამდენიმე თვეს მოიცავს. ასე რომ, ომის დაწყების მოთხოვნა — აქ და ახლა, ისეთი არასერიოზული მოწოდებაა, არც ერთი დასავლელი სამხედრო რომ არ იკადრებს — ქართული „ჯარის პოტენციალის“ მცოდნე.

მაშ, ვისთვის არის მიმართული ლოზუნგი — ივანიშვილმა ქვეყანა ომს გადაარჩინა?

პასუხი თქვენთვის მომინდვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

13/02/2026