„კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, …“
მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე მოვლენებმა გამახსენა შესანიშნავი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა“ — პირველი ამ სახის საესტრადო ჯგუფი, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული უკიდეგანო საბჭოეთის ესტრადაზე.
დღევანდელებს, რომლებსაც არც „ორერა“ ახსოვთ, არც მისი შემოქმედება და საბჭოთა კავშირსაც აგდებულად, დაცინვით მოიხსენიებენ, არაფრად მიაჩნიათ წარსული წარმატებები. დარწმუნებული ვარ ქილიკით იტყვიან — მერე რა, რომ „ორერამ“ ახალი სიტყვა თქვა საბჭოთა კავშირში, თვით საბჭოთა კავშირი და მისი ესტრადა რა იყოო?
მერედა, ის, ნაკლებადპატივცემულებო, რომ იმ საბჭოთა კავშირის დაშლამ დამოუკიდებელი ქვეყნები შუა, რომელთაგან სამი ევროკავშირ-ნატოს წევრია; ცენტრალური აზიის ქვეყნები „ოდკბ“-ეს, „შოსის“, „ევრაზიული კავშირის“, მეზობელი აზერბაიჯანი მსოფლიოს მიუმხრობელი ქვეყნების ლიდერია; მოლდოვა, მისი პრეზიდენტის სანდუს განცხადებით, „ოცნების“ მსგავს სურვილს გამოთქვამს რუმინეთთან შეერთების.
ასე რომ „ორერას“ წარმატება სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, მითუმეტეს მაშინდელი საბოთა ესტრადა. სხვას არაფერს ვიტყვი წარმატებულ კულტურულ ცხოვრებაზე, ვინაიდან დღევანდელი თემა პოლიტიკას ეხება და არა საბჭოურს.
„ორერა“-მ გამახსენა მისი შესანიშნავი მომღერალი და მუსიკოსი გენო ნადირაშვილი, რომელიც მღეროდა — “კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, არც არავის ვემონები, არც …“ და ა.შ. აი, ამ სიტყვებმა საგნობრივი ასახვა ჰპოვეს აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მმართველობაში, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია აშშ-ს შიდა ცხოვრებაზე, საგარეო ურთიერთობებზე.
წინა სტატიაში ვწერდი პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ საქციელზე, ერთობ განსხვავებულზე არა მარტო ტრამპის წინამორბედი პრეზიდენტებისგან, არამედ მსოფლიოს ლიდერებისგან. ჩემი განვლილი ცხოვრების უმეტესი წლები, გატარებული პოლიტიკასა და დიპლომატიაში, მეტნაკლებად, უფრო მეტად, მაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკოსის მიერ გამოვლენილი, რბილად რომ ვთქვა მიუღებელი საქციელის დანახვის, დანახვის და არა შეფასების, ვინაიდან პოლიტიკოსის შემფასებელი დროა, ისტორიაა.
ასე რომ, ტრამპს ისტორია განსჯის და ვიდრე ეს დრო მოვა, მსოფლიო პოლიტიკოსებს, ხშირ შემთხვევაში ტრამპის საქციელით სახტად მყოფებს, ისეთი შეგრძნება უჩნდებათ, პოლიტიკაში ყოფნას რომ არ ისურვებდნენ.
მავანი იტყვის — პოლიტიკოსი ადამიანია, ადამიანი კი თავისი ბუნებით განსხვავდება მეორისგან. გეთანხმებით, მაგრამ პოლიტიკოსი, მითუმეტეს სახელმწიფოს მეთაური საკუთარ თვისებებს, ხასიათს თოკავს (უნდა თოკავდეს), რათა არ ამოვარდეს მსოფლიოში მიღებული პოლიტიკური, პროტოკოლური ჩარჩოებისგან.
რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა — „სპილო ჭურჭლის მაღაზიაში“, რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს და მის პოლიტიკას, ისე, როგორც დამოკიდებულებას უცხოელი კოლეგების მიმართ, რომელთაც ის ასეთად აშკარად არ თვლის.
სიტყვა, რომელიც ტამპის მათდამი დამოკიდებულების გამომხატველია არის — ვასალი — ერთის მხრივ, მონა — მეორის.
20 იანვარს, დავოსში გაფრენამდე, ტრამპმა ზარზეიმით აღნიშნა ღირსშესანიშნავი თარიღი. იკითხავთ — 20 იანვარს რა დღესასწაული იყოო?
გიპასუხებთ — „გრანდიოზული“, ტრამპის ინაუგურაციის აღმნიშვნელი. გასული წლის 20 იანვარს ტრამპი აშშ-ს 47 პრეზიდენტად „აკურთხეს“. ჰოდა, აი ეს დღე აღნიშნა ტრამპმა დიდი პრეს-კონფერენციით, რომლის დროს მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რამდენიმე ტომი, წიგნად გამოცემული, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ამსახველი.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით გაართვა თავი მსოფლიოში არსებულ 8 კონფლიქტს; მეცხრეზე მუშაობს და მასაც ბოლოს მოუღებს სულ მალე.
მიხვდით ალბათ რას გულისხმობს — რუსეთ-უკრაინის ომს.
ტრამპმა, ისიც თქვა, დასაწყისში მეგონა რომ ომს მალე მოვაგვარებდი, მაგრამ მივხვდი მხარეთა შორის სერიოზულ უთანხმოებაზე, რაც დროს მოითხოვს — მშვიდობის დასამყარებლად.
ინაუგურაციული ზეიმის შემდეგ, ტრამპი შვეიცარიაში გაფრინდა — დავოსის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დავოსის თავყრილობის მონაწილეები, ისე, როგორც მთელი მსოფლიო შიშნარევი გულისფანცქალით ელოდნენ ტრამპის გამოჩენას. და ისიც, 3 საათის დაგვიანებით, წარსდგა დარბაზში მყოფთა წინაშე მოხსენებით, რომელშიც საკუთარი თავის ქების გარდა, იყო ის, რასაც ევროპელები მოელოდნენ, თუმცა იმაზე გაცილებით მეტი. და ეს მეტი — ევროკავშირის, ამ კავშირში შემავალი ქვეყნების და მათი ლიდერების ლანძღვა იყო.
სხვა სიტყვა არ მიესადაგება იმ სიტყვების შინაარსს, ტრამპმა რომ კათედრიდან კოკისპირულ წვიმასავით დაასხა ევროპელებს.
ტრამპის მოხსენების მომსმენს უხერხულება შემექმნა ევროპელთა მიმართ. ტრამპმა, ისე, როგორც მას სჩვევია ქედუხრელი პირდაპირობით ევროპელებს დაუწუნა დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ეკონომიკური მდგომარეობა, სამხედრო მომზადება, სხვა მრავალი, რაც არა მარტო ტრამპისთვის, არამედ ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი.
ტრამპმა გააკრიტიკა, მაპატიეთ შეუსაბამო სიტყვა ვიხმარე, მასხრად აიგდო ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, უპირველესად საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა, როგორც ამბობენ თვალის ტრავმის გამო — საოჯახო კონფლიქტის შედეგად დაზიანებულის.
ტრამპის დამამცირებელი გამოსვლა იმაზე მეტი იყო, ერთი წლის წინათ მიუნხენის სამიტის დროს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა რომ გააკეთა. მაშინ ყველა ევროპელმა შეიმცხადია, დაუმსახურებელ დამცირებად მიიღო ვენსის გამოსვლა. მაგრამ წელს, ტრამპის „ოქროპირობა“, მითუმეტეს ძალისმიერი პოლიტიკა გრენლანდიის, დანიის, კანადის, ლათინური ამერიკის მიმართ უგემური ლუკმის ძალით გადაყლაპვად აღიქვა.
ვერც ერთმა ევროპელმა ვერ გაუბედა ტრამპს შეპასუხება, ანდა როგორ გაუბედავდა სიმართლის მთქმელს?!
აშშ-ს ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიაში არ შეიჭრება, არც ფულს გადაიხდის 2 მილიონი კვ. კმ-ის სიდიდის კუნძულის შესაძენად, არც კუნძულზე მცხოვრებ მოსახლეობას მისცემს ფულს, არამედ გააფართოებს იქ არსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზას, რომელსაც კიდევ ხუთს დაუმატებს — „ოქროს გუმბათის“ მშენებლობისთვის.
„ოქროს გუმბათი“ მტრის სარაკეტო იერიშისგან დაიცავს აშშ-ს.
ტრამპმა თქვა, რომ დაიწყებს კუნძულის წიაღისეულის ათვისებას და ამასთანავე დასავლეთის დაცვას რუსეთ-ჩინეთის აგრესიისგან.
ნატოსთან დაკავშირებთ ტრამპმა თქვა, რომ ეჭვობს ნატოს დახმარებას აშშ-სადმი, თუკი ასეთი საჭირო გახდება მისთვის. რაც შეეხება ამერიკის ნატოსადმი დახმარებას — უხვად იყო ნატოს შექმნიდან დღემდე.
ტრამპმა უკან წაიღო მუქარა ევროპელთათვის 10%-იანი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, რაზეც ვაშინგტონიდან გამოფრენის წინ აცხადებდა.
და ბოლოს, ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის პრეზენტაცია დავოსის სცენაზე.
„მშვიდობის საბჭო“ ტრამპის პირმშოა. მასში გაწევრების მიწვევა ტრამპმა 60-ზე მეტი ქვეყნის მეთაურს გაუგზავნა. 20-ზე მეტმა ქვეყნის მეთაურმა ხელი მოაწერა ტრამპის დოკუმენტს. ისინი 3 წლის განმავლობაში იქნებიან საბჭოს წევრები, თუმცა საბჭო 3 წლის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას. მისი ხელმძღვანელი ტრამპი იქნება — დღესაც და საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ.
საბჭოს მთავარი ამოცანა იქნება ღაზის სექტორის აღორძინება და საკურორტო ზონად გადაქცევა. გარდა ამისა, მსოფლიოში წარმოქმნილი კონფლიქტების შეჩერება.
იკითხავთ — განა ასეთ საკითხებს არ აგვარებს გაეროო?
აგვარებს, უფრო სწორად უნდა მოაგვაროს, მაგრამ, აშშ-ს ძალისხმევით ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ტრამპმა არაერთხელ ბრძანა, რომ გაეროს მუშაობა არადამაკმაყოფილებელია; რომ ტრამპმა 8 კონფლიქტი ჩააცხრო, გაერომ — არცერთი.
ტრამპს არ მოსწონს დიდი ამერიკის პატარა ქვეყნებთან გათანაბრება. აშშ-ს და პატარა ქვეყანას ერთი ხმა აქვთ.
გაეროში დებატებია. ტრამპს კამათი არ უყვარს. ტრამპი ზეცაში გამოკიდებული მბრძანებელია, ღრუბლებს ქვევით კი — შემსრულებლები. ასეთი მიდგომა ექნება ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ — ის ბრძანებს, სხვები, საბჭოს წევრები ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ ბრძანება.
დავოსის შეკრება დასრულდა. ტრამპი შინ დაბრუნდა. საგონებელში ჩავარდნილი ევროპელები, სანქციებს გადარჩენილები, ძილგატეხილები ტრამპის ახალ-ახალი პრეტენზიების მუდმივ მოლოდინში იქნებიან.
ტრამპმა დააწიოკა ევროპა — მშვიდ, წყნარ ცხოვრებას დაჩვეული, აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შეყუჟული.
ტრამპი განვლილი წლების უსაფრთხო ცხოვრების გასამრჯელოს ითხოვს — ფულით, ნატურით, ანუ ტერიტორიით. რას და რომელს დაადგამს თვალს, ევროპისთვის უცნობია. ტრამპმა გაახსენა ევროპას ვასალობა, მონობაში გადასული და აშშ-ს როლი ე.წ. პარტნიორობაში.
რომ იტყვიან — ტრამპმა თავზე დაასვარა ევროპას და მიუთითა ადგილი კუთხეში. ჩვენ, ამის შემხედვარე კი ისევ ევროპისკენ გავრბივართ — თავზედასვრილი ევროპისკენ.
ტრამპის მიერ ევროკავშირის ობიექტური დახასიათების შემდეგ, ქვეყანა, საქართველო მაქვს მხედველობაში, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე იოცნებებს — გადაქანებულია — საკუთარი ე.წ. პოლიტიკოსების მსგავსად.
ევროკავშირ-ნატოზე ოცნება ქვეყანამ მაშინ დაიწყო, როდესაც მინიმალური წარმოდგენაც არ ჰქონდა მათზე. მას შემდეგ ლამის 30 წელი გავიდა, საკმაოდ დიდი დრო ნატო-ევროკავშირის ავ-კარგის გასაგებად.
ქართველები, როგორც სამხრეთელები სქესობრივად ადრე ვმწიფდებით, გონებრივად — რა მოგახსენოთ. 30 წლის ადამიანი აქ მოუმწიფებელი, მშობლებზე ჩამოკიდებულია, მაგრამ არა ყველა. მაგალითად, ვინც ივანიშვილს ჩამოეკიდა, მაღალი სამრეკლოდან დაგვყურებს და დიდაქტიკურად გვესაუბრება, ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებს გვირჩევს, თან საკუთარ ცრუ წუხილს გვანდობს — არ ვიცოდით, ესოდენ მაღალ ფასებში რომ გიწევთ ცხოვრებაო და ბედნიერ სოციალურ მომავალს გვპირდება.
ჩვენც, რიგითი მომაკვდავები ვისმენთ ხელისუფალთა „წუხილს“ ბოლო 15 წლის განმავლობაში — „ოცნების“ ხელისუფლების და ვერაფრით გაგვიგია, აუტანელ რეალობას „საოცნებო“ ცხოვრება როგორ ჩაანაცვლებს, როდესაც ჩამნაცვლებელი საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით ისევ თინეიჯერულ ასაკშია?!
რამდენი თინეიჯერი პრემიერი და მთავრობა ვიხილეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში — ხომ თვლა არ აქვს?
კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურებაზე, მედიკამენტებზე ფასების მატებაზე ლაპარაკი ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. ილაპარაკებენ, ილაპარაკებენ, დაგვპირდებიან და არაფერი.
პრემიერი ღარიბაშვილი არ გვპირდებოდა წამლების ფასების მოწესრიგებას?
ვერ მოახერხა, ვინაიდან საკუთარი კეთილდღეობა ჰქონდა მოსაწესრიგებელი. მოიწესრიგა იმდენად, ციხიდან რომ გამოვა სიცოცხლის ბოლომდე ეყოფა მოხვეჭილი ქონება. უგულავამაც მოიწესრიგა, სხვებმაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან — ციხის გავლით, დღეს კმაყოფილნი ძველ ქონს ლოკავენ.
უსამართლობა იყო სააკაშვილის მმართველობის დროსო. გეთანხმებით, მაგრამ დღეს სამართლიანობაა?
როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფნი ხელფასებს იმატებენ, საშუალოდ 16000 ლარამდე, ხოლო დანარჩენს — მინიმალური ხელფასი აქვს, პენსიონერს კი მაქსიმუმ 550 ლარი, სამართლიანობაა?
პენსიონერის პენსია, ისეთი რომ ყოფილიყო 15 წლის წინ, როგორიც დღეს, მაშინ მეტნაკლებად იცხოვრებდა პენსიონერი. დღევანდელი პენსიით ჰაერის სუნთქვა შეიძლება, უფასოა ჯერ-ჯერობით. სხვაზე რა მოგახსენოთ, თვითონ კარგად იცით.
ივანიშვილის დაპირება უხვი, უამრავი — დაპირებად დარჩა, რამაც ანტიბიძინური განწყობა შექმნა საზოგადოებაში. ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც უშვერი სიტყვებით არ ლანძღავდეს ივანიშვილს, მაგრამ არიან ისეთებიც, უკიდურესი უმცირესობა, ვინც ივანიშვილს აქებს და ადიდებს.
ეს კატეგორია ნაფტალინიდან ამოღებული დინოზავრების ეპოქის ჟურნალისტები არიან — ივანიშვილის ნასუფრალის მოლოდინში. ახლახანს ორი მათგანი ვიხილე მეასეხარისხოვან ინტერნეტ-საიტზე. ორივეს ისეთი ტექსტი ჰქონდა, „სუსში“ დაწერილს რომ ჰგავდა. როგორც ჩანს, „სუსმა“ საკუთარი გამოკვლევით „აღმოაჩინა“, რომ ივანიშვილის რეიტინგი უმდაბლესია და გამოსავალიც მოძებნა — „სექენდ ჰენდ“ (Second-hand) ჟურნალისტების სახით, ანუ „მეორადი ტანსაცმლის“ მსგავსით.
ორივე მათგანი გვიმტკიცებდა, რომ ივანიშვილი პატრიოტია, სამშობლო არ მიატოვა განსაცდელში, მშვიდობა მოგვიტანა, ომს გადაგვარჩინაო.
„ოცნებამ“ და ივანიშვილმა საქართველოს რომ ომი ააშორა, არახალია. ჯერ კიდევ ღარიბაშვილმა, თავისი პრემიერობის დროს გაგვანდო ეს საიდუმლო, ანუ როგორ უბრძანებდნენ მას დასავლეთის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ „ოცნება“ მედგრად შეხვდა ბრძანებას, არ შეასრულა დავალება, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდო, ხოლო ქვეყანა იხსნა ნგრევისგან.
„ოცნებამ“ და ივანიშვილმა არ გააკეთეს ის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, რასაც მოჰყვა უკრაინის დაქცევა, ათეულ-ათასობით უკრაინელის მსხვერპლი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემს წინა სტატიებში ვწერდი, რომ „ოცნება“ უპირველესად საკუთარ თავზე ფიქრობდა, რამეთუ ომის დაწყება და საქართველოს განადგურება, მისი განადგურება იქნებოდა, „ოცნებელთა“ მიერ მოხვეჭილი კეთილდღეობის ნგრევა. სამშობლო მეორე პლანზე იყო.
სხვათა შორის იგივე სახის მოწოდება მოლდოვამაც მიიღო, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან პირწავარდნილმა დასავლელმა სანდუმ — მოლდოვის პრეზიდენტმა თავიდან აიცილა დავალება.
მოდით დავსვათ კითხვა — რამდენად კატეგორიული იყო დასავლეთის ბრძანება? კატეგორიულ მოთხოვნას გაუძლებდა ხელისუფლება?
პასუხი თქვენთვის მომინდვია.
ხელისუფლება მუდმივად ჩაგვჩიჩინებს ევროკავშირში გაწევრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს არ აქვს სურვილი ამისა. ჩვენ კი ჯიქურ ვაწვებით, თუმცა არაფერი გამოგვდის. და რომ არ გამოგვდის, თავს ვიმართლებთ.
არადა ხელისუფლებას თავის მართლება არ სჭირდება, არც ომის თემის მოშველიება, არც თქმა იმისა, რომ ივანიშვილმა თავი გაწირა ქვეყნის გადასარჩენად — მეორე ფრონტი არ გაუხსნა რუსეთსო, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არც ნატო სურს და არც ევროკავშირი.
ჭეშმარიტების დასადგენად მარჩიელობა არ არის საჭირო. ხელისუფლებამ საყოველთაო გამოკითხვის (რეფერენდუმის) მექანიზმი უნდა გამოიყენოს, ოღონდ სამართლიანი და არა ფალსიფიცირებული.
ყველა თავის თავზე ფიქრობს, რაც არ არის გასაკვირი. „სექენდ-ჰენდ“ ჟურნალისტებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ. იფიქრონ, იფიქრონ საკუთარ სახლში, საკუთარი ოჯახის წევრებთან, მაგრამ, როდესაც ისინი ეთერში ლაპარაკობენ — პროპაგანდაა, შიშველი, რეალური ცხოვრების საწინააღმდეგო, რომელსაც მიზნის მიღწევა არ უწერია.
მიზანი კი არსებულის გათეთრებაა. ქართული ანდაზა მახსენდება — „არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
26/01/2026
