19.01.2026

საყოველთაო დაძაბულობა ახალი წლის დასაწყისში

პოლიტიკასა და საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედული ადამიანი (ადამიანები, თუკი ასეთები შემორჩნენ გაუნათლებელ საქართველოს) დამერწმუნება, რომ არასდროს ყოფილა მსოფლიო ვითარება ისე დაძაბული, როგორც დღეს. მავანი შემედავება — იმაზე მეტად არის დაძაბული, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყოო?

დიახ! იმაზე მეტად. საბჭოთა კავშირის დროს მსოფლიო ორპოლუსიანი იყო — სსრკ და აშშ — პოლუსთა თავში. ორივეს ჰქონდა ბირთვული იარაღი, მასობრივი მსხვერპლის და ნგრევის მომტანი, მაგრამ იმავდროულად მშვიდობის გარანტორი.

ბირთვულმა იარაღმა იხსნა მსოფლიო ომებისგან, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მრავლობით რიცხვში, კაცობრიობის ყველაზე დამანგრეველი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. 1945 წლის მაისიდან, დღემდე არაერთ ომს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მასშტაბით გაცილებით მცირეს მე-2 მსოფლიო ომთან შედარებით.

ბირთვულმა იარაღმა გადაარჩინა მსოფლიო დიდთა შეტაკებისგან, ვგულისხმობ რუსეთ-აშშ-ს, ჩინეთ-აშშ-ს.

ინდოეთ-პაკისტანსაც აქვთ ბირთვული იარაღი, მაგრამ პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ აიძულა ისინი არ შეეხედათ მისთვის მრავალწლიანი ორმხრივი კონფლიქტის დროს.

სამწუხაროდ ე.წ. პოლიტიკოსების საერთაშორისო არენაზე გამოჩენის შედეგად დამოკიდებულება ბირთვული იარაღის მიმართ ძალიან მჩატე გახდა — ამერიკელები რომ იტყვიან „ლაითი“. რით არის გამოწვეული ახალგამოჩეკილ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთა ასეთი „სილაითე“?

ჩემის ღრმა რწმენით დაბალი განათლებით, ისეთით, გაუნათლებლობას რომ უტოლდება.

ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში იმ კატეგორიის სახელმწიფო მეთაურები გამოჩნდნენ, წარმოდგენაც რომ არ აქვთ ისტორიაზე, ბირთვულ იარაღზე, მის დამანგრეველ ძალაზე და იმაზე, ამ იარაღის გამოყენების შემდეგ რას დაემსგავსება ტერიტორია, რომელსაც „ბედნიერება“ ექნება „უმასპინძლოს“ მას — ბირთვული ბომბი მაქვს მხედველობაში.

 უცოდინრობის ბრალია ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომ აცხადებს „ბინძური ბომბის“ გამოყენების თაობაზე. „ბირთვული ბინძური ბომბი“ ისეთი დამანგრეველი ძალის არ არის, როგორიც ნამდვილი, სრულყოფილი, მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ ხალხსაც ხოცავს — მრავლობით რიცხვში და ნიადაგსაც წამლავს მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

ის, ვინც გაიძახის „ბინძური ბომბიო“ — მისი გავრცელების არეალს გულისხმობს, შედარებით მცირეს, ვიდრე „ნამდვილი“ ბირთვულის აფეთქების შემთხვევაში, მაგრამ მხედველობიდან რჩებათ მთავარი — „ბინძური ბომბის“ დამანგრეველი ძალა გაცილებით აჭარბებს ჩვეულებრივი ბომბისას.

რეალობამ გვაჩვენა, რომ ყველა პოლიტიკოსს პასუხისმგებლობას ვერ მოვთხოვთ, დაბალი განათლების და ზედაპირულობის გამო. მაშ ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა დოღია გამართული საერთაშორისო არენაზე?

ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი კოლექტიურმა  ევროპელმა ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის, პროფესიით გინეკოლოგის უარყოფითი ხელმძღვანელობისთვის ან მისი მოადგილის, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კაია კალასის „ბრძნული“ გადაწყვეტილებებისთვის?

ეს ქალბატონი ევროპის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წარმმართველია. ქალი, რომელმაც გულახდილად, საჯაროდ ბრძანა — ჩემთვის ახალი რამაა იმის გაგება, რომ სსრკ-მ და ჩინეთმა ფაშისტური გერმანია, ფაშიზმი დაამარცხესო.

 ბრიუსელის ევროკავშირულ შტაბ-ბინაში ურსულას და კაიას მსგავსნი მხოლობით რიცხვში, რომ არ არიან, ფაქტია, თორემ ეს ორი იმდენ სისულელეს არ იტყოდნენ, რასაც ამბობენ.

ზერელობა, ზედაპირულობა, გაუნათლებლობა არა მარტო ევროპული მაღალჩინოსნების დამახასიათებელია, არამედ აშშ-ს.

წინა სტატიაში ვწერდი, რომ აშშ-ს პოლიტიკოსებს, მათ შორის პრეზიდენტებს აშშ-ს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ მიღებული განათლება, მაგრამ მათი განცხადებებიდან გამომდინარე, დაგებადებათ კითხვა — განათლება თუ დიპლომი?!

ჩემის აზრით — დიპლომი! განათლებული პოლიტიკოსების, გარდაცვლილი კისინჯერის, ჯანმრთელად მყოფი მირშაიმერის, საქსის, სხვების სახითაც არიან, მაგრამ მათ აზრს ყურადღებას არ აქცევენ „დიპლომიანები“, რომელთა ქვეყნის სათავეში მოქცევა საფრთხეს უქმნის არა მარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიოს.

ასეთ „განათლებულს“ თუ თავხედობაც აქვს სიცრუესთან ერთად შეზავებული საკუთარ ტვინში, განსაცდელის წინაშე დაგვაყენებს ყველას — დედამიწის ზურგზე მცხოვრებს.

სტატიის დასაწყისში სიტყვა „საფრთხეზე“  გავამახვილე ყურადღება, მაგრამ არ მითქვამს საიდან?

ახლა ვიტყვი — აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლიდან, პრეზიდენტის რეზიდენციიდან.

ტრამპი ერთი წელია მართავს ქვეყანას, თუმცა მის წინამორბედ ბაიდენამდე, 4 წელი. იმ 4-წლიანი ვადის დროს მან ვერ შეძლო ავადმყოფური სურვილების გამოვლინება იმის შიშით, რომ ამომრჩეველი არ დაეფრთხო, არჩევნების დროს. სიფრთხილემ მაშინ ვერ უშველა. მან წააგო არჩევნები, თუმცა 4 წლის შემდეგ ისევ იყარა კენჭი და გაიმარჯვა.

გამარჯვებულს, რომელსაც პრეზიდენტობის 3 წელი წინ აქვს, თან არავითარი შანსი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის, ვინაიდან კონსტიტუცია კრძალავს მე-3 ვადით არჩევას. დარჩენილ 3 წლის განმავლობაში ისეთის გაკეთებას აპირებს, მსოფლიოს რომ თავდაყირა დააყენებს.

პრეზიდენტი, რომ იტყვის — საერთაშორისო სამართალი არ მაწუხებს, ჩემი მორალი მაქვსო — საგანგაშოა. ტრამპმა ერთი წლის განმავლობაში ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა — ქალის და კაცის ურთიერთობის დაკანონება და არა კაცის და კაცის ან ქალის და ქალის; ლგბტ-ს აკრძალვა სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადო ცხოვრებაში; USAID-ს გაუქმება და მასთან ერთად პროპაგანდისტული „რადიო თავისუფლების“; ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის ნაბიჯების გადადგმა; მიგრანტთა ნაკადის შემცირება; რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და სურვილის გამოთქმა ომისთვის წერტილის დასასმელად; ევროკავშირის პოლიტიკისადმი ნეგატიური გამწყობის გამოვლინება; ანალოგიური მიდგომის დაფიქსირება ნატოს მიმართ.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის მიმდინარეობისას მან არაერთხელ განაცხადა შემდეგი — ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საპირისპიროდ. სსრკ აღარ არის, რატომ არის ნატო?!

მაშინ ნატოს ბევრი დამცველი გამოუჩნდა და ტრამპიც ჩაცხრა, მაგრამ დღეს?

გრენლანდიის გადაყლაპვის სურვილმა კვლავ შეიძლება გამოიწვიოს ნატოს დაშლის საკითხის წინა პლანზე წამოწევა, ვინაიდან გრენლანდია — ნატოს წევრი დანიისაა, დანია კი კატეგორიული წინააღმდეგია გრენლანდიის ამერიკისთვის დათმობის ან მიყიდვის.

ტრამპი კატეგორიულია ამ საკითხში — გრენლანდიის მიტაცება გამოიწვევს ნატოს დაშლას, რაც თავისთავად რუსეთისთვის საფრთხის შემცირებას ნიშნავს. თვით ევროპა, აშშ-ს გარეშე ვერც ფინანსურად და ვერც სამხედრო თვალსაზრისით ვერ შეძლებს ნატოს რჩენას.

წამით წარმოვიდგინოთ, ნატოს დაშლა, აშშ-ს უნდა გრენლანდია, ვინაიდან ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის. გარდა ამისა მხოლოდ აშშ-ს შეუძლია დაიცვას გრენლანდია რუსეთ-ჩინეთის ოკუპაციისგანო — აცხადებს ტრამპი.

ტრამპს მაგალითად მოჰყავს რუსეთის წყალქვეშა ნავების ტრანზიტული ცურვა გრენლანდიის ჩაყოლებით და ჩინური გემების, რაც იშვიათობაა და არავითარი აგრესიის გამომხატველი გრენლანდიის წინააღმდეგ, რომლის მოსახლეობა 56 ათასი ადამიანია.

ტრამპი ტყუის შეგნებულად, ვინაიდან არა მარტო გრენლანდიის გეოგრაფიული მდებარეობა ხიბლავს — არქტიკასთან ახლოს, არამედ წიაღისეული სიმდიდრეები, გრენლანდიის 51 შტატად მიერთების პერსპექტივა — აშშ-ს 250-წლისთავის იუბილისადმი, წელს რომ იზეიმებს აშშ-ი.

მართლაც, რამხელა საჩუქარი იქნება აშშ-თვის გრენლანდიის მიერთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან?!

ტრამპის მიერ გრენლანდიის ჩაყლაპვას არ იზიარებენ მისი ნატოელი „მოკავშირეები“. მოკავშირეები? თუ ტრამპი აისრულებს საწადელს — განხეთქილება ნატოში გარდაუვალი იქნება. ტრამპი ამაზე არ იდარდებს. არ იდარდებს პუტინიც. პირიქით, გაუხარდება ნატოს დაშლა.

წამით წარმოვიდგინოთ ნატოს დაშლა და მსოფლიო გარდაქმნა, ამ დაშლას რომ მოჰყვება?!

მსოფლიო ამოისუნთქებს თავისი მხრებიდან ნატოს ტვირთის მოშორებით, მაგრამ რა ეშველება ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე, დიდი ხელფასების და პრივილეგიების მქონე აპარატს? შეეგუება ის ტრამპის გასვლას ნატოდან და დაობლებას?

შეეგუება თუ არა პირადად არ მაწუხებს, ვინაიდან ნატო ჩემთვის ყოველთვის იყო დისკომფორტის შემქმნელი, მუქარა მსოფლიო მშვიდობისთვის.

ვერ გავიზიარებ საქართველოს ხელისუფალთა წუხილს ნატოს გაქრობასთან დაკავშირებით და ასეთი წუხილი გამოუმცხვარ აქაურ პოლიტიკოსებს, ნატოში გაწევრების მსურველებს უდავოდ ექნებათ. ვიმედოვნებ, რომ მათ ნატოში შესვლა არ აუხდებათ. ნაცვლად, ახდება ჩემი ნათქვამი, მრავალი წლის წინათ გაკეთებული — საქართველო მაშინ გაწევრდება ნატოში, როდესაც ნატო არ იქნება. ნატოს  დაშლასთან ერთად ჩვენი ლექსიკიდან ამოიშლება სიტყვები „მაპი“, მაპზე უკეთესი“, … ამინ!

თუ ტრამპი დაშლის ნატოს, უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში.

გრენლანდიის მითვისებას მაინც ლოკალური ელფერი აქვს, მაგრამ თუ პროცესი მითვისებისა გაჭიანურდება, გაიზრდება ნატოს დანარჩენი ქვეყნების უკმაყოფილება და რაც უფრო მძაფრად, მით უკეთესი მსოფლიო მშვიდობისთვის.

პირადად მე, ტრამპს 10 ნობელის პრემიას გადავცემდი ნატოს დაშლისთვის და არა ერთს, როგორც მაჩადომ — ნობელის ლაურეატმა. ერთი რამ მაინტერესებს, ნობელის დიპლომის გარდა მილიონი დოლარიცაა, რომელსაც გამარჯვებული იღებს. ქალბატონი მაჩადო, ვენესუელის ოპოზიციონერი, როგორც ჩანს ბოლომდე ხელგაშლილი არ იყო ტრამპის მიმართ, თორემ დიპლომთან ერთად მილიონი დოლარსაც გადასცემდა. იწუწურაქა და შედეგად მიიღო სრული სიჩუმე ტრამპის მხრიდან მაჩადოს ვენესუელის პრეზიდენტად არჩევაში ხელშესაწყობად.

ტრამპმა თვალი დაადგა გრენლანდიას და აცხადებს — ჩემიაო. ტრამპმა თვალი დაადგა ვენესუელასაც და თქვა — ჩემიაო, უფრო მეტიც, ვენესუელის მითვისებაში ხელი რომ არ შეშლოდა, პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე გაიტაცა და აშშ-ს ციხეში გამოამწყვდია.

ტრამპი ამბობს, რომ შეწუხებულია კოლუმბიისა და მექსიკის ნარკოტიკებით, და ორივეს ლამის დაპყრობით ემუქრება.

აღნიშნულ ქვეყნებში მდიდარი წიაღისეულია, განსაკუთრებით ნავთობი. წიაღისეულით მდიდარია გრენლანდიაც. ასე რომ, არგუმენტი, რომელსაც ტრამპი იშველიებს — ნარკოტიკები — გამოგონილია, მთავარი სხვისი სიმდიდრის ხელში ჩაგდებაა. და ეს არის „დემოკრატიული“ ამერიკის „დემოკრატიული პრეზიდენტი.

ტრამპი ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალი ფეხებზე ჰკიდია; საერთაშორისო სამართალი თვით არის. ტრამპის წინამორბედი 46 პრეზიდენტი საჯაროდ ასეთი განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა საქმით ამას ადასტურებდნენ. ტრამპი — 47-ე პრეზიდენტი, გულახდილად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ასეთ პრეზიდენტთან შეიძლება საქმის დაჭერა?

ჩემი კითხვა მიმართულია რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, დანარჩენი ქვეყნების პირველი პირებისადმი, რომლებიც ტანზე იხევენ ტრამპთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.

საქართველოს ხელისუფლებას კოვზი ნაცარში აქვს ჩავარდნილი, ვინაიდან არავითარი ყურადღება არ ჩანს ტრამპის მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გრძელი წერილიც მისწერა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უპასუხოდ და დამწუხრებულია. ოპოზიცია კი ხარობს — ტრამპი ივანიშვილის ხელისუფლებას არაფრად აგდებსო.

პატივცემულებო! ტრამპის დაუინტერესებლობა უფრო დასანანია თუ დაინტერესებულობა?

ჩემის აზრით, საქართველოსთვის უმჯობესი იქნებოდა დაუინტერესებლობა. ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე, დაინტერესებას უდავოდ მოჰყვება დასაკუთრების სურვილი, შესაბამისი შედეგებით. ჩვენზე დიდი ქვეყნების მითვისების სურვილი აქვს ამ კაცს — აშშ-ს პრეზიდენტს, რაც მხედველობაშია მისაღები საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების მიერ. მაგრამ ასეთები, რომ არ არიან საქართველოში?

აქ, ისეთი პოლიტიკოსებია, რომლებიც ლოცულობენ აშშ-ს მონობაზე და სიამოვნებით გაუცვლიდნენ ადგილს გრენლანდიას.

ტრამპთან ხელშეკრულების დადებას მიაღწია სომხეთმა. სულ ახლახანს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნახიჩევან—აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის, აშშ-ი უპატრონებს.

ის, ააშენებს გზის ინფრასტრუქტურას. ის გაუწევს ექსპლუატაციას. ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გზა იყოს უსაფრთხო მიმოსვლით უზრუნველყოფილი. შემოსავალიც ამერიკული კომპანია მიიღებს, პროცენტულად გაცილებით აღმატებულს, სომხეთთან შედარებით. და ეს ყველაფერი ნახევარი საუკუნით. ვადის გასვლის შემდეგ — კონტრაქტის გაგრძელებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა — აშშ-თან ჩახუტების ინიციატორმა, აუხსნა ადგილობრივ აქტივს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი, რა დიდი ინვესტიციების მომტანია სომხეთისთვის; რა დიდი დასაქმების არეალი გახდება ამერიკელთა მიერ გზის მშენებლობა და ა.შ.

„ინვესტიციები“, როგორც ჩანს  ჯადოსნური სიტყვაა ჩვენთვის და სომხეთისთვის. სომხეთმა ინვესტიციების ჩასადებად აშშ-ი მოძებნა, ჩვენ — არაბები. ორივე პროექტი მრავალწლიანია და მრავალი ხელისუფლების ცვლას შეესწრება, როგორც აქ, ისე სომხეთში.

„ოცნების“ დღევანდელი მმართველები, ანუ საქართველოს, არაბული კომპანიის ნახელავს ვერ მოესწრებიან, ისე, როგორც ფაშინიანი. მაშ, რა ხიბლავთ მათ?

ვეჭვობ, რომ საქართველო-სომხეთის ხვალინდელი კეთილდღეობა, ჭკუასთან ახლოა დღევანდელი კეთილდღეობის მიღება, ცხადია საკუთარი თავისთვის.

სომხეთმა გადადგა ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი, რომლითაც სერიოზული პრობლემები შექმნა ამიერკავკასიაში. აშშ-ს შემოსვლა სულაც არ იქნება იავარდფენილი, რამეთუ ურთიერთობა კავკასიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის არის კონფრონტაციული და არა მეგობრული.

მხედველობაში მაქვს რუსეთი, ირანი. თუ რუსეთი ცდილობს პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბებას აშშ-ნ და მისი დახმარებით უკრაინის პრობლემის მოგვარებას, ირან-აშშ-ს დამოკიდებულება უაღრესად დაძაბულია, რომელიც ომში შეიძლება გადაიზარდოს.

ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით აგრესიულია ირანის მიმართ, ვიდრე წინა ადმინისტრაციები, თუმცა მათაც ყოველთვის ჰქონდათ — ირანში 1979 წელს განცდილი მარცხის რევანშის სურვილი. მაშინ ირანის მოსახლეობამ, საყოველთაო აჯანყებით დაამხო შაჰის რეჟიმი და მასთან ერთად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-ნ.

1979 წლიდან, დღემდე აშშ-ი, ირანის წინააღმდეგ ახორციელებს ტერორისტულ აქტებს; ირანს უწესებს ეკონომიკურ სანქციებს; ესხმის თავს და უნგრევს ბირთვულ ლაბორატორიებს — გასული წლის ისრაელ-ირანის ომის დროს.

ტრამპი მზადაა, მასობრივი დაბომბვით გაანადგუროს ირანი, რომელიც თურმე ხოცავს მშვიდობისმოყვარე ირანელებს, რომლებიც აგრესორი და მტარვალი აიათოლების რეჟიმს ებრძვიან. სულ ახლახანს, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ, საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ირანი იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებმაც მოაწყვეს მასობრივი ანტისახელისუფლებო გამოსვლები. ტერორისტები კი ირანში ამერიკა-ისრაელმა შეიყვანეს — შესაბამისი საბრძოლო იარაღით აღჭურვილნი. რაზეც ტრამპმა უპასუხა — ირანელ ხალხს ხოცავს აიათოლა ჰამენეი, ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

ასეთი დიალოგის შემდეგ, ომია მოსალოდნელი და არა მოლაპარაკება, რისიც  მომხრეა ირანის ხელისუფლება.

ირანმა, სომხეთის გადაწყვეტილება არ მოიწონა, ისე, როგორც რუსეთმა, თუმცა მას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

აშშ-ს შესვლა სომხეთში ნიშნავს იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაუქმებას, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას. და არა მარტო რუსეთთან, არამედ ევრაზიული ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისთვის პრობლემების შექმნას. სომხეთი ამ კავშირის წევრია და საკმაო მოგებითაც სარგებლობს.

ფაშინიანმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც წლების განმავლობაში დიდი თავსატკივარი იქნება რუსეთ-ირანისთვის, კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის, ცენტრალური აზიისთვის. ტრამპი, 3 წლის შემდეგ როგორც პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ იქნება მისი სახელობის გზა, რომელიც აშშ-ს მოუტანს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს.

ყურში ჩამესმის პოლ კრეიგ რობერტსის, ამერიკელი პოლიტოლოგის, რეიგანის ადმინისტრაციაში საერთაშორისო საკითხებში მომუშავე მრჩევლის სიტყვები — აშშ-ი ყოველთვის იბრძოდა, იბრძვის და იბრძოლებს რუსეთის დასაშლელად.

რობერტს მოჰყავს მაგალითები განვლილი ცხოვრებიდან, სსრკ—აშშ-ს, აშშ—რუსეთის ურთიერთობებიდან — ხაზგასმით იმისა, რომ წიაღისეული სიმდიდრეები, რომლებიც უხვად არის რუსეთში, ყოველთვის იყო და იქნება მაგნიტივით მიმზიდველი დასავლეთისთვის.

კრეიგი იმასაც აღნიშნავს, რომ სსრკ-ს დაშლის გზაზე აუცილებელი იყო საბჭოთა რესპუბლიკების ანტისაბჭოური ბაცილით დაავადება და საბჭოეთიდან გასვლის სურვილის გაღვივება, რასაც დასავლეთმა აშშ-ს მეთაურობით მიაღწია.

დაშლის სურვილი დასავლეთს ამჯერად რუსეთისა აქვს. აშშ-ი ძალას არ იშურებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამჟამინდელ დამოუკიდებელ ქვეყნებში რუსეთის საწინააღმდეგო ვითარების შესაქმნელად, მოსკოვთან გადასაკიდებლად. მაგალითი ამისა უკრაინაა, სადაც მე-4 წელია მიმდინარეობს ომი.

კრეიგის მოსაზრებას ჩემსას მივუმატებდი — სომხეთის სახით, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სომხეთ-რუსეთს შორის ომს არ აქვს ადგილი, მაგრამ ადგილი აქვს პროპაგანდისტულ ომს, რასაც სომხეთის, რუსული ორბიტიდან, ამერიკულ ორბიტაზე გადასვლა მოჰყვა.

კრეიგი აცხადებს, რომ პუტინი მიმნდობი პოლიტიკოსია. ის ენდობა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს და ჰგონია, რომ ტრამპი კეთილსინდისიერი პარტნიორია, რაშიც პუტინი სცდება.

ანალოგიური განცდა მაქვს და მივიჩნევ, რომ ტრამპი, რუსეთთან მიმართებაში მტაცებელი ცხოველია, რომლის ბუნება არაფრით განსხვავდება მისი წინაპრებისგან. ვწერ ამას და ვფიქრობ — საქართველო სად არის და სად იქნება იმ ამერიკული ცხოვრების მოტრფიალე, მტაცებელს რომ აქვს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

19/01/2026