მადა ჭამაში მოდის?
ვენესუელაში ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ისეა გათამამებული, რომ ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, ყოველდღიური პრეს-კონფერენციების დროს შეტევაზე გადასული ტრამპი ვის არ ემუქრება, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნებს, თუმცა არც სხვას ტოვებს უყურადღებოდ, მაგალითად დანია-გრენლანდიას, ირანს, უკრაინას.
გრენლანდიის ამერიკისთვის მიერთების საკითხი, როგორც ჩანს გადაწყვიტა და პრეს-კონფერენციის დროს დაავალა პენტაგონს გრენლანდიაში აშშ-ს შეჭრის გეგმის მისთვის წარდგენა. იმ მრავალი ვარიანტიდან, რასაც ტრამპი აჟღერებდა — გრენლანდიელთა მოქრთამვა, დანიისგან გრენლანდიის ყიდვა, სამხედრო ინტერვენცია, მან სამხედრო ინტერვენცია აირჩია.
განახორციელებს თუ არა ძალისმიერ გეგმას და როდის, იოლი გამოსაცნობი არ არის, მაგრამ ოფიციალური განცხადება ნიშნავს სწრაფ მოქმედებას. ტრამპის ბიზნეს-პოლიტიკა გვკარნახობს, რომ აგრესიული განცხადება დანიის და გრენლანდიის დასაშინებლად ნათქვამი მოითხოვს მაქსიმუმს, მინიმუმის მისაღებად.
ვიდრე ოპერაციის გეგმა პრეზიდენტის მაგიდაზე დაიდება, ტრამპს აქვს დრო — დანიის ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად. სიტყვით დანიის ხელისუფლება, სამეფო კარი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან გრენლანდიის გაყიდვის ან აშშ-ს მიერ მისი სამხედრო ანექსიის. არც მცირერიცხოვან გრენლანდიის მოსახლეობას ხიბლავს აშშ-ნ შეერთება. მოსახლეობის 85% წინააღმდეგია ამერიკის მოქალაქედ გახდომის. მას დამოუკიდებლობა უნდა.
ტრამპმა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვა, რომ თუ დანიამ 500 წლის წინ ნავი გააჩერა გრენლანდიასთან და მას შემდეგ თვლის, რომ გრენლანდია მისია, მიუღებელი არგუმენტია. ჩვენც გვყავდა ნავები იქო.
ვინ ჩვენ?
აშშ, როგორც ქვეყანა გაცილებით გვიან არ მოევლინა მსოფლიოს?
თუმცა ტრამპის განსწავლულობა ისტორიასა და გეოგრაფიაში, რუსები რომ იტყვიან —პლინტუსის დონეზეა, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ ასეთები იყვნენ უმეტესობა — პრეზიდენტ ტრამპის წინამორბედები, მიუხედავად აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში განათლების მიღებისა.
ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ერთიც საკმარისი იქნება. პრეზიდენტმა ბუშმა უმცროსმა, ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის დროს იკითხა — კენგურუები სად არიანო. მან ავსტრია და ავსტრალია (კენგურუების ქვეყანა) ერთმანეთში აურია.
თვით ტრამპმა, რომელმაც თეთრ სახლში აზერბაიჯან-სომხეთის მეთაურებს უმასპინძლა, ვერ გაიხსენა ვისა და ვის შორის გააჩერა ომი და ნაცვლად სომხეთისა, ალბანეთი თქვა, ხოლო აზერბაიჯანის სახელი დამახინჯებულად — „აბერბეიჯანი“.
ტრამპმა, გრენლანდიის დაპყრობის არგუმენტად რუსეთ-ჩინეთის წყალქვეშა ნავები და სამხედრო გემები მოიყვანა, თითქოს ისინი ლამობენ გრენლანდიაში შესვლას, რაც დიდი მუქარა იქნება აშშ-ს უსაფრთხოებისთვისო.
ტრამპის მიერ გრენლანდიის ამერიკასთან მიბმის საკითხი განხორციელდება კიდევაც, თუ მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა ხმას არ ამოიღებს, ისე, როგორც ნატო. მაგრამ, როგორც ჩანს არც ერთია პროტესტის გამომხატველი, მითუმეტეს ანტიამერიკული ნაბიჯის გადამდგმელი.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, დანიამ — ნატოს წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს აზრი გრენლანდიაში სამხედრო კონტინგენტის განლაგებისთვის. მიზანი, ის კი არ არის ამერიკის სიხარბისგან დაიცვან გრენლანდია, არამედ რუსეთ-ჩინეთის წყალქვეშა ნავებისაგან და სამხედრო გემებისგან, რაზეც ტრამპი აკეთებს აქცენტს — აქაოდა აშშ-ს მიზანია ამ ორი „აგრესორისგან“ გრენლანდიის გადარჩენა.
ზემომოყვანილ ქვეყნებს სურთ დაარწმუნონ ტრამპი — ნუ „შეწუხდება“, ისინი დაიცავენ კუნძულს. ამ განცხადებით მათ სურთ გადააფიქრებინონ ტრამპს გრენლანდიის ანექსია.
ევროკავშირ-ნატოს წევრი ქვეყნები ისე არიან შეშინებული ტრამპის აგრესიული რიტორიკით, რომ სასაყვედურო სიტყვის წარმოთქმასაც ვერ ბედავენ. ტრამპი კი დაბეჯითებით აცხადებს გრენლანდიის მიტაცებას. მან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაც აიყოლია, რომელიც მიმდინარე კვირას გრენლანდიის ანექსიის და მისი ამერიკისთვის 51-ე შტატად მიერთების საკითხს განიხილავს.
კონგრესმენი, რომელმაც კანონპროექტი შეიტანა განსახილველად, ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი გრენლანდიის ანექსიაო.
გრენლანდიაში, რახანია აშშ-ს დაქირავებული აქვს ტერიტორია საკუთარი სამხედრო ბაზისთვის, მაგრამ ტრამპის აზრით, დაქირავებას, ანექსია სჯობს — ბოლოს და ბოლოს საკუთრებაა.
ტრამპის პრეზიდენტობა მაფიქრებინებს — რა სჯობს აშშ-ნ მეგობრული ურთიერთობა, თუ მტრული?
ვგონებ მტრული, ისეთი, როგორიც ირანს, ჩრდილო კორეას, ჩინეთს, კუბას, სხვა სუვერენულ ქვეყნებს აქვთ. სიტყვა „მტრული“-ს ნაცვლად, ისინი შერბილებულ „არაკონსტრუქციულს“ ხმარობენ, უწევენ რა ანგარიშს საერთაშორისო არენაზე მიღებულ კორექტულობას, თუმცა ჩემის აზრით სცდებიან, ვინაიდან მათ ისეთ ქვეყანასთან აქვთ საქმე, აშშ-ს სახით, რომელიც საერთაშორისო არენისთვის მიუღებელ ლექსიკას არ ერიდება, მითუმეტეს ქმედებას.
ჩამონათვალში რუსეთი შეგნებულად არ ვახსენე, ვინაიდან დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიმართ რევერანსულია, მიმტევებლურია — კარდინალურად განსხვავებული ტრამპის წინამორბედ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციისგან.
ბაიდენის დროს, თვით ბაიდენი პუტინს მოიხსენიებდა ავაზაკად, აგრესორად, უაღრესად საშიშ პიროვნებად, რომელთანაც ურთიერთობა შეუძლებელია. პუტინის დამოკიდებულება ბაიდენისადმი საჯაროდ არასდროს ყოფილა შეურაცხმყოფელი, თავშეუკავებელი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა მისი ნეგატიური განწყობის არ არსებობას ბაიდენისადმი.
სხვა მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით, პუტინი კორექტულია თავისი „კოლეგების“ მიმართ, ის არასდროს ილანძღება. ასე რომ ბაიდენის შემცვლელი ტრამპის მიმართ, პუტინი კორექტული რომ იყოს, გასაკვირი არ არის. ტრამპიც კორექტულია პუტინის მიმართ. ის, ისე აგდებულად არ მოიხსენიებს პუტინს, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ სტარმერს, სხვებს. ერთადერთს, რასაც ტრამპისგან ვისმენთ, ისაა — პუტინის კმაყოფილი არ ვარო, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციიდან გამომდინარე.
არადა, თუ ვინმე არ უნდა იყოს კმაყოფილი ტრამპის ქცევით — პუტინია, ვინაიდან სატელეფონო საუბრისა და პირადი შეხვედრების მიუხედავად ტრამპთან და მის მომლაპარაკებებლებთან მნიშვნელოვან ძვრებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო ხელშეკრულების კონდიციამდე მიყვანაში — ადგილი არ აქვს.
უკრაინა, ისევ მისი და მისი ევროპელი მხარდამჭერების მიერ შემუშავებულ 20-პუნქტიან გეგმას უჭერს მხარს და უკან დახევას არ აპირებს, რაც ხაზგასმით აღნიშნა ა.წ. 6 იანვრის პარიზის შეკრებაზე. მაშინ მაკრონმა, სტარმერმა, ზელენსკიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ომის დამთავრებისა და სამშვიდობო გეგმის ხელმოწერის შემდეგ. გეგმაში შავით თეთრზე წერია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული კონტიგენტების განლაგება უკრაინაში, სამხედრო ბაზების გახსნა და ა.შ., რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
რუსეთის პოზიცია იცის აშშ-მ, მაგრამ არაფერი. 6 იანვრის პარიზის შეხვედრის მონაწილე ტრამპის წარგზავნილებს უიტკოფსა და კუშნერს არაფერი საწინააღმდეგო არ უთქვამთ აღნიშნულის თაობაზე, როგორც ამბობენ — სიჩუმე თანხმობის ნიშანია?
ტრამპს სურს უკრაინის ომის დასრულება, მრავალ მიზეზთა გამო. უპირველესად იმიტომ, რომ თავისივე ზედაპირული ხმამაღალი განცხადება აღსრულდეს. განცხადება კი ასეთი იყო პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს — ომს 24 საათში დავასრულებ. ერთი წელი გავიდა. ომი გრძელდება. გარდა ამისა მას, როგორც მსოფლიოში კონფლიქტებისთვის წერტილის დამსმელს, ნობელის პრემიის მოპოვება სურს.
ტრამპს ნაკლებად ადარდებს საომარი მოქმედების მიმდინარეობა, ნგრევა და მსხვერპლი. სიტყვით — არ მოსწონს ომის შედეგად ხალხის ხოცვა, მაგრამ საქმით?
საქმით — საწინააღმდეგოს ვხედავთ — კიევისთვის იარაღის მიწოდება. თვით ტრამპის სიტყვებია: „ნატოს მეშვეობით ბევრ რაკეტას და სხვა იარაღს ვაწვდით კიევს, ეს ჩვენთვის კომერციულად სასარგებლოა“.
უჩვეულო რამ არის მშვიდობის დასამყარებლად — ერთი მხარისთვის იარაღის მიცემა, იმავდროულად განცხადება — ძალიან ბევრი ხალხი იღუპება. თან იმის თქმა, რომ მოლაპარაკებაზე არის მნიშვნელოვანი პროგრესი.
მშვიდობას არ უწყობს ხელს უკრაინისთვის რუსეთის სამხედრო პოზიციების მონიტორინგის ინფორმაციის მიწოდება, არც ის, აშშ-ა და უკრაინამ რომ მიაღწიეს შეთანხმებას, მხედველობაში მაქვს პენტაგონის და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმება.
დოკუმენტი 4 ნაწილისგან შედგება და მოიცავს სამხედრო დახმარების ფორმებს და მოცულობას, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენა-მოდერნიზაციას, ხელშეკრულების კონტროლის მექანიზმს; დარღვევის შემთხვევაში შესაძლო რეაქციას ორივე მხარისგან.
დიახ! სიტყვით ტრამპს სურს მშვიდობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა ძალიან შორს არის მშვიდობისგან. ტრამპს უფრო აწყობს ომის გაჭიანურება, ვინაიდან ამით რუსეთი ზარალდება ეკონომიკურად. ასე ჰგონია ტრამპს და პოლიტიკურადაც, ვინაიდან დასავლური PR-ით რუსეთი კიდევ უფრო ეშვებიანი ხდება მსოფლიოს ხალხთა თვალში.
ამერიკისთვის რუსეთი ისეთივე მეტოქედ რჩება, უფრო სწორად მტრად, როგორიც იყო აშშ-ს მიერ მიღებული უსაფრთხოების ახალ კონცეფციამდე. ახალში რუსეთი მტრად არ არის მოხსენიებული. ძველში არის, მაგრამ ტრამპის ყოველდღიური გახშირებული პრეს-კონფერენციებიდან გამომდინარე ამას ვერ ვიტყვით. პრეზიდენტი ტრამპი ნეგატიურ, ანტირუსულ რიტორიკას მიმართავს, რაც რუსეთის პოლიტიკიდან მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.
რუსეთი, სამწუხაროდ მიმნდობია ხშირ შემთხვევაში, რაც გაოცებას იწვევს. პუტინი, „კგბ“-ს თანამშრომელი, მრავალი წლის განმავლობაში უცხოეთში დაზვერვის სამსახურში მომუშავე უკვე მერამდენედ ენდობა დასავლელ პოლიტიკოსებს, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება რუსეთზე.
ასე იყო მინსკის ხელშეკრულების გაფორმების დროს, როდესაც გერმანიის კანცლერმა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას — პუტინის მოსატყუებლად.
მოატყუეს კიდევაც, რაც ორივემ მოგვიანებით აღიარა — ჩვენი მიზანი იყო საომარი მოქმედებების შეჩერება; უკრაინის ჯარის სამხედრო იარაღით აღჭურვის, წვრთნის მიზნით, შემდეგ, დასვენებულზე საომარი მოქმედებების დაწყებისთვისო.
პუტინმაც საჯაროდ აღიარა, რომ მოატყუეს. რაღაც ანალოგიურს ჰგავს ტრამპთან ურთიერთობაც. ანკორიჯში შეხვედრამ ისე გაახარა პუტინი, რომ მზად იყო და არის თვალი დახუჭოს ტრამპის აგრესიაზე მთელი რიგი ქვეყნების მიმართ, ვისთანაც რუსეთს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვს — ვენესუელა, ნიკარაგუა, კუბა, ირანი — ის ქვეყნებია, რომლებიც მკაცრ რეაგირებას, თუნდაც ვერბალურს ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტისგან.
ის კი დუმს. მარტო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრაფარეტული განცხადება არაფრის მომტანია. ტრამპს ასეთი ვერ შეაკავებს. არადა შეკავება აუცილებელია, ვინაიდან აგრესიული პოლიტიკით გათამამებულს შეუძლია ირანის დაბომბვა, თანაც მასირებული, როგორც თვით აცხადებს.
ირანი, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ისე, როგორც სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ინდოეთიდან რუსეთ-ევროპაში გადასაზიდი ტვირთისთვის. სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანს, რომ პრობლემა შეექმნება ტრამპის ანტიირანული აგრესიის განხორცილების შემთხვევაში — უეჭველო რამაა.
ის, რაც ირანში ხდება აშშ-ს და ისრაელის სპეცსამსახურების ანტიირანული მოქმედების შედეგია. მათ მოახერხეს ტერორისტების ირანში შეყვანა და ირანელთა შორის სოციალური პრობლემით, ინფლაციით გამოწვეული უკმაყოფილების გაღვივება.
არაოფიციალური მონაცემებით პროტესტანტთა და პოლიციელთა შეტაკების დროს 2000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დამწვარია მეჩეთები, პოლიციის შენობები, საჯარო სამსახურის ნაგებობები. ძნელად წარმომიდგენია, რომ ღვთისმსახურმა ირანელმა მეჩეთები დაწვას, თანა არაერთი, პოლიციელებს თავი მოჭრას. ასეთის გაკეთება მხოლოდ ტერორისტებს შეუძლიათ, ვის წინააღმდეგაც იბრძოდა და იბრძვის ირანის ხელისუფლება.
ცინიზმია ამერიკა-ევროპის მხრიდან იმის განცხადება, რომ მშვიდობიანი ირანელები ებრძვიან მტარვალი მოლების მმართველობას. მშვიდობიან დემონსტრანტებს ავტომატები და ხელყუმბარები უჭირავთ ხელში, რაც უფრო იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ისრაელი ტერორისტულ, შეიარაღებულ გადატრიალებას აწყობს ირანში. ანუ რევანშს 1979 წლის სახალხო რევოლუციის წინააღმდეგ, რომელმაც დაამხო აშშ-ს მარიონეტი შაჰის რეზა ფეხლევის რეჟიმი, გაწყვიტა ურთიერთობა აშშ-თან.
ტრამპი მოუწოდებს ირანელებს, გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. და თუ ირანის ხელისუფლება ესვრის მათ, აშშ-იც ესვრის ირანის ხელისუფლებას, ვინაიდან ის იბრძვის დემოკრატიის წინააღმდეგ.
აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი რეალური პოლიტიკური სახე გამოავლინა. ნუთუ ძნელია ამის დანახვა?
ნუთუ ძნელია იმის აღქმა, რომ აშშ-ი, როგორც მეკობრე თავს ესხმის ნავთობმზიდ ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, რომ ეს რუსეთზე თავდასხმაა?
პუტინი დუმს.
ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ყველა მისი წინამორბედი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ოღონდ გახსნილად და არა ისე, შეფარულად, როგორც წინაპრები. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული „მარშალის გეგმით“ დაიწყო ომის დროს დანგრეული ევროპის აღორძინება.
ერთის შეხედვით, ამერიკელთა გადაწყვეტილება ვიღაცას ქველმოქმედებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში „ქველმოქმედმა“ არა მარტო მატერიალურ-ფინანსური მოგება მიიღო, არამედ პოლიტიკური. ფაქტიურად აშშ-ა განახორციელა ევროპის სოციალურ-კულტურულ-პოლიტიკური ანექსია.
ჰოლივუდის პროდუქციამ წალეკა ევროპა და დაიპყრო ევროპელთა ტვინები. მას-კულტურამ მოიცვა მთელი ევროპა. მან მეორე პლანზე გადაიყვანა ევროპის მუსიკა, მხატვრობა, პროზა, პოეზია. ფაქტიურად, ევროპა გახდა აშშ-ს დანამატი — ეკონომიკურად, ფინანსურად, პოლიტიკურად მასზე ჩამოკიდებული.
აი, ასეთი ევროპა დახვდა ტრამპს, რომელსაც, რეალობიდან გამომდინარე, ისეთი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირ-ნატოსთან, როგორსაც ისინი იმსახურებენ.
ტრამპმა იცის, რომ გრენლანდიის ანექსიის შემთხვევაში სიტყვიერ უკმაყოფილებასაც ვერ შეხვდება ევროპისგან. და რახან ასეა, გააკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა. დანია, აშშ-ს მსგავსად ნატოს წევრი ქვეყანა, აცხადებს, რომ ტრამპის ხუშტურის განხორციელების შემთხვევაში ის დატოვებს ნატოს. როგორც ვამბობთ ხოლმე — აი, დარდი! ასე ფიქრობს ტრამპი, რომელიც წამითაც არ იდარდებს ნატოს დაშლის გამო.
მას არც მაშინ უდარდია, როდესაც 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. არ უდარდიათ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს, რაც მანიშნებელია იმისა, რომ მათ არც მაშინ ექნებათ დარდი, როდესაც ტრამპი გაეროს დატოვებს.
ტრამპი ბუნებით დიქტატორია. მას არ მოსწონს, როდესაც ეწინააღმდეგებიან, მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო მოსაზრებას აჟღერებენ. მას სოლირება ხიბლავს, მწვერვალზე ყოფნა, ზემოდან, ქვემოთ ყურება, ანუ იმპერატორობა არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს. მას მთელი მსოფლიო მოჯამაგირეებად მიაჩნია, რაც მოჯამაგირეების ბრალია და არა ტრამპის.
მოჯამაგირეს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშკარად აწყობდა მოჯამაგირეობა, ახლა მიხვდა, რომ განავალი ჰქონდა ნაჭამი. აშშ-ი, რომელიც ნატოს შექმნის შემდეგ, საკუთარი ფინანსებით და სამხედრო კონტიგენტით უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას, თავისას მოითხოვს.
ევროპელთა უსაფრთხო ცხოვრებას, რასაც აშშ-ი უზრუნველყოფდა, დაემატა რუსეთიდან მიღებული იაფი გაზი, ნავთობი, ქვანახშირი, რამაც საშუალება მისცა ევროპას განევითარებინა ეკონომიკა, კერძოდ — მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, სოფლის მეურნეობა, სხვა დარგები; დაეკმაყოფილებინა მოსახლეობის მოთხოვნა იაფ გაზზე, ელექტროენერგიაზე, გათბობა-გაგრილებაზე, ცხოვრებისთვის აუცილებელ სხვა პარამეტრებზე.
გაზულუქებულმა, აშშ-ს მიერ გათავხედებულმა ევროპამ უარი თქვა რუსულ იაფ ენერგომატარებლებზე და სამჯერ ძვირი ამერიკული ჩაიხუტა, რასაც მოჰყვა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სტაგნაცია.
ტრამპს ისეთი ევროპა დახვდა, რომელსაც, როგორც დაბალკლასელს, თავზე რომ წამოარტყამენ. და ტრამპმაც წამოარტყა. ევროპამ უნდა ილოცოს, რომ ტრამპი მარტო გრენლანდიის ჩაყლაპვით დაყაბულდეს, რომ „მადა ჭამაში მოდისო“ ტრამპს არ შეეყაროს. მაშინ ევროპის სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ გრენლანდიის ბედს.
ხუმრობა იქით იყოს და, ტრამპის თვისებების გამოვლინებამ ევროპა და მსოფლიო უნდა აიძულოს გადადგას კარდინალური, მტკიცე ანტიტრამპული ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიხილავთ საშინელებას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს, რის შემდეგ არც არავის ექნება სურვილი და რაც მთავარია შანსი ნობელის პრემიის მიღების.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
15/01/2026
