02.01.2026

რამდენს იარსებებს ე.წ. სახელმწიფო?!

“ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!” — ილია ჭავჭავაძე.

საახალწლო დღესასწაულის დროს დიდი ილიას სიტყვების გახსენება არ აწყენდა ქართველობას, მითუმეტეს შრომასა და გარჯაში დაღლილს. შემედავებით — შრომაში დაღლილი ქართველი სად ნახეო. არ მინახავს, თანაც კარგა ხანია. და რომ არ მინახავს, იმიტომ ვწერ, ასეთის ნახვის მსურველი — ისეთის, 35 წლის წინ რომ იყო.

მაშინ, „საზარელ“ საბჭოთა პერიოდში ყველა პროფესიის ადამიანი დაფასებული იყო, განსაკუთრებით მუშა — რომელიც პროდუქციას ქმნიდა; გლეხი — რომელსაც მოსავალი მოჰყავდა ქვეყნის დასაპურებლად; ინჟინერი — რომელიც ხიდებს, სახლებს, ქარხნებს, გიგანტურ ობიექტებს აშენებდა; მეცნიერი — რომელიც დღენიადაგ ტვინს აწვალებდა, რაღაც ახლის გამოგონებისთვის; მწერალი — რომელიც ზემომოყვანილთა ცხოვრებას აღწერდა, ქვეყნის სიყვარულს, ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას, სულიერ ტაძარს უქმნიდა; მუსიკოსს, კომპოზიტორს — რომელიც თავისი შემოქმედებით ზებუნებრივ განცდას იწვევდა ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აკეთილშობილებდა მას.

მუშაზე არვინ აგდებულად არ ლაპარაკობდა. მუშა, მეცნიერთან იყო გათანაბრებული. წარმატებული მუშა და გლეხი სახელმწიფოს მდგარობის მაჩვენებელი იყო. წარმატებული მუშა და გლეხი სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების შემოქმედიც იყო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული.

ზემოჩამოთვლილი პროფესიების არ არსებობა — სახელმწიფოს სიმტკიცის არარსებობის ტოლფასია. სახელმწიფო იარსებებს, თუმცა — „ვაი ასეთ არსებობას“ — ქართველებისა არ იყოს. ქვეყანა, ქვეყანა ვერ იქნება — მუშის, გლეხის გარეშე; ყველა იმათ გარეშე, ზემოთ რომ ჩამოვთვალე.

მუშა, სანთლით საძებნია, გლეხს — სანთლითაც ვერ მოძებნით — უცხოეთშია გადახვეწილი, სხვისი დოვლათის შესაქმნელად — ცენტების სანაცვლოდ.

საბჭოურ სისტემას ჰქონდა ისეთი იდეოლოგიური ფუნდამენტი, სახელმწიფოებრიობის განცდას რომ იწვევდა — სახელმწიფოში მცხოვრებში. სახელმწიფოში მცხოვრებმა იცოდა, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს — მტკიცეში, დამცველში, დამპურებელში, შრომის დამფასებელში.

თითოეულმა მცხოვრებმა, მოქალაქემ იცოდა, რომ მისი მუშაობა, მისი გარჯა სახელმწიფოს წაადგება — ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, ოჯახს. სახელმწიფო დიდი ოჯახი იყო. ოჯახში მცხოვრები — ეროვნებით განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული აღმსარებლობის კრებული, ერთმანეთთან შედუღაბებული, ერთმანეთის პატივისცემით აღვსილი.

საკრებულოს სახელიც ჰქონდა — საბჭოთა ადამიანი. საბჭოთა ადამიანი რომ არა, ფაშისტური გერმანია მიწასთან გაასწორდებდა საბჭოეთს, მასში შემავალი ყველა ეროვნული რესპუბლიკით.

მცნება „საბჭოთა ადამიანი“ არ აკნინებდა ეროვნულ თვითშეგნებას, პირიქით ხელს უწყობდა განვითარებაში. მეცნიერებათა აკადემია დასტურია ამისა. ასეთი ხომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას ჰქონდა?!

მწერალთა კავშირი, სხვა პროფესიონალური კავშირები, რომლებიც ისეთი დატვირთვით ფუნქციონირებდნენ, როგორც დარგობრივი სამინისტროები.

საბჭოთა ადამიანები პატივს სცემდნენ სახელმწიფოს სიმბოლოს — გერბს, დროშას, ჰიმნს, ადმინისტრაციულ შენობას, სადაც სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული. ადმინისტრაციული შენობა, მისი გრანდიოზულობა სახელმწიფოს გრანდიოზულობის, მისი სიმტკიცის გამომხატველი იყო. ის, იყო ისეთივე მასშტაბური, შთამბეჭდავი, როგორც საყდარი, ქართველთათვის სვეტიცხოვლის მსგავსი, ოღონდ არა რელიგიური მრწამსის, არამედ სახელმწიფოებრიობის გამომხატველი.

სახელმწიფო დაწესებულება, რაც მეტად არის გრანდიოზული, მით უფრო მოკრძალებას იწვევს ნებისმიერ ადამიანში — შინაურში, გარეულში, პატივისცემით განაწყობს არა მარტო შენობის მიმართ, არამედ ქვეყნის.

ასე იყო საუკუნეების მიღვა, ყველა ქვეყნისა და ერის ისტორიაში, და ასე იქნება მომავალში, ვიდრე იარსებებს ადამიანი. ვისაც ძველი რომი აქვს ნანახი, მისი სასახლეებით, დამერწმუნება ამაში.

ჩვენ აღფრთოვანებაში მოვყავართ უძველეს სასახლეებს, საზოგადო თავშეყრის უძველეს ნაგებობებს და არა ვიღაცის საცხოვრისს. ვისაც ასეთი შეგრძნება არ უჩნდება — საწყალია, საცოდავია, გრანდიოზულის აღქმის უნარსმოკლებული. და ისევ ილია: „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“.

„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“.

მოდით დავსვათ კითხვა — გვაქვს მომავალი?

როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ პარლამენტის შენობა უნდა გავყიდოთ და მას სახელმწიფო კანცელარიის შენობაც უნდა მივაყოლოთ, ის ამით სახელმწიფოს სიმბოლოებს, თვით სახელმწიფოს სიმკვრივეს ემუქრება. როდესაც „ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ივანიშვილმა უარი თქვეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეზე, ქვეყნის ფუნდამენტს ერთი აგური გამოაცალეს.

„ოცნებას“ და ივანიშვილს არ მოსწონდათ სააკაშვილი, მაგრამ რა შუაშია შენობა?

ამ „ფილოსოფიით“ კომუნისტებს რუსთაველის პროსპექტზე არსებული სახლები, მათ შორის რუსეთის მეფისნაცვლის სასახლე უნდა დაენგრიათ, მოსკოვის კრემლში ბინა არ უნდა დაედოთ სტალინს, მის შთამომავალ კომპარტიის ლიდერებს.

კრემლი იყო და იქნება სახელმწიფოებრიობის გამომხატველი — მიუხედავად პოლიტიკური წყობისა. ივანიშვილის გაგებით, ბოლშევიკებს კრემლი ან უნდა დაენგრიათ, ან გაეყიდათ. წამით წარმოიდგინეთ ლენინს ან სტალინს ეთქვა — კრემლის გავყიდოთ და შემოსული ფულით ახალ „ოფისს“ ავაშენებთო — ხომ გაგვეღიმებოდა?!

ტელევიზიის წყალობით, ზოგმა პირადად თავისი თვალით იხილა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აშენებული სასახლეები — პრეზიდენტის, პარლამენტის, სამინისტროების. პირადად მაქვს ნანახი თურქმენეთის პრეზიდენტის სასახლე, ფრანგების აშენებული — აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ნიაზოვის შეკვეთით. გრანდიოზულია. თანამედროვე დედაქალაქიც ცდილობს მას გაუტოლდეს — ერის სიმბოლოს.

წარმოსადეგი სამთავრობო შენობა-ნაგებობები არა მარტო შესახედაობისთვის იყო აშენებული, არამედ ამ შენობების მიერ ფუნქციონალური დანიშნულების მაქსიმალურად გამოყენებისთვის. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს.

საბჭოთა პერიოდში ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი სამინისტროს, ნებისმიერ მოხელესთან შეხვედრა. ყველა სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, პარტიულ ორგანოებს მოქალაქეთა მიღების დღე ჰქონდათ — როგორც წესი ორშაბათი. მოქალაქეებს იღებდნენ დაწესებულებების პირველი პირები, რომლებიც თავიანთ მოვალეობად თვლიდნენ მიღებაზე მისული მოქალაქეების დახმარებას.

„დამოუკიდებლობის“ წლებში საბჭოური პრაქტიკა ამოიძირკვა. მოქალაქეს წაერთვა შანსი ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის.

ხელისუფლება, არჩეული მოქალაქეების მიერ, გაურბის მოქალაქეებთან შეხვედრას. მათ მხოლოდ არჩევნების წინ თუ იხსენებს, ყბადაღებული სიტყვა „ხალხის“ გამოყენებით.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ სტუმრობდა ამერიკელი სენატორი ბრედლი, რომელსაც ახლდა სსრკ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ევგენი პრიმაკოვი, შემდგომში, პრეზიდენტ ელცინის ჟამს, რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. სტუმრები მიიღო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა. საუბრის დროს ბრედლიმ თქვა, რომ მისი მუშაობის დროის ნახევარზე მეტი მიაქვს აშშ-ს მცხოვრებთა განცხადებების, წერილების განხილვას.

ამ საქმეში სენატორს დახმარებას უწევდა 7-კაციანი აპარატი. ბრედლის განმარტებით, ის სისტემატურად ხვდებოდა მის შტატში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც მოსაგვარებელი პრობლემები ჰქონდათ. ეს წესი დღესაც მოქმედებს აშშ-ი.

აქ რა გვაქვს?

ხალხისგან დაშორება, ადმინისტრაციული შენობების გაყიდვის გეგმა, შემოსული ფულით ახალი სამთავრობო ქალაქის აშენება თბილისის ცენტრიდან მოშორებით — მაღალი გალავნით შემოღობილი, ისეთით, ჩიტიც რომ ვერ გადაფრინდეს. ასეთი ხელისუფლება პრობლემებს რომ შეუქმნის ქვეყანას და მის ხალხს, არ უნდა გაგვიკვირდეს. შორიდან უნდა ვუყუროთ მის „შემოქმედებას“, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება აქ არის და არა მეზობელ ქვეყანაში და მათი ქვეყნის მართვის ანბანის არცოდნა მძიმე ტვირთად აწვება ხალხს.

წინა სტატიაში დავწერე „ბობოლების“ მიერ საკუთარი თავისთვის დანიშნული მაღალი ხელფასები შესახებ, ფასების მატებას რომ იწვევს. პრემიერ-მინისტრმაც, „გაოცებულმა“ ბრძანა — კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე მაღალი ფასებიაო და დაავალა უსაფრთხოების სამსახურს, ადმინისტრაციულ ორგანოებს შესწავლა და შესაბამისი ზომების მიღება; პარლამენტს — საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე საპარლამენტო კომისიის შექმნა.

პრემიერს შევახსენებ, მისი წინამორბედი ღარიბაშვილის დაპირებას — ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მედიკამენტებზე. და მერე რა?

არც არაფერი!

პრემიერმა განცხადება ახალ წლამდე გააკეთა, თუმცა ფასების დაწევას ადგილი არ ჰქონია — „აგროჰაბის“ სუპერმარკეტში შემწვარი გოჭის ფასი 700 ლარი იყო; დეზერტირის ბაზარში — 400 ლარი. ვინ ყიდულობს შემწვარ გოჭს?

„აგროჰაბის“ მეპატრონის მსგავსი ბობოლა — ქურდობით ნაშოვნი ფულით. ერთი ქურდი, მეორეს ძალავს ფულს პროდუქტების ძვირად მიყიდვით.

მავანი იტყვის — თავში ქვა იხალონ, ერთმანეთი მოატყუონო, მაგრამ ბობოლათა საქციელი ყველა ჩვენგანზე აისახება. და ჩვენც, ჩვენებურად, ჩვენს დონეზე ისე ვიქცევით, როგორც ისინი.

დააკვირდით ვითარებას, შექმნილს ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოს — დამოუკიდებელს, დემოკრატიულს, თავისუფალს, ადამიანის უფლებების დამცველს ვუწოდებთ. თანამედროვე საქართველოს მდგომარეობა ისეთია, ყველა ეს ჩამონათვალი რომ არ მიესადაგება. სახელმწიფოს  დაკარგული აქვს სახელმწიფოს სახე. ის გადაგვარებული, მენტალურად დაავადებული ადამიანების საცხოვრებელია. იმ ადამიანების, რომლებსაც საზოგადოებრიობის არავითარი ნიშანწყალი არ გააჩნია.

თუ საზოგადოებრიობის აღქმა უცხოა ხალხში, უცხოა ყველა ის, რაც ზემოთ გითხარით. ასეთი სახელმწიფო შევქმენით ყველა ჩვენგანმა.

ყველა ჩვენგანმა საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ქვეყნის გამოჭედვის ნაცვლად, სხვას გადავაბარეთ უსერიოზულესი საქმე. და იმ სხვამ, ნაცვლად სახელმწიფო საქმის გამოჭედვისა, საკუთარი საქმე ჭედა. წვრილმანი საქმეების საკეთებლად თინეიჯერული აზროვნებისანი დაიქირავა და ნასუფრალიც მათ გადაულოცა. ახლა საკითხავია — რამდენს იარსებებს ე.წ. სახელმწიფო?! როდის დალევს ის სულს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

02/01/2026