ცვალებადი მსოფლიო
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციამ ცივი წყალი გადაასხა ყველა იმათ, ვინც 30 წლის განმავლობაში დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი.
მახსოვს გასული საუკუნის ერთი ფრაგმენტი, რომელიც საქართველოს მედიაში — ელექტრონულსა და ბეჭდვითში დიდი ზარ-ზეიმით გაშუქდა, რაც „ფრაგმენტის“ პერსონაჟების მიერ მედიური ცნობადობით იყო გამოწვეული.
გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ტუღუში და საერთაშორისო მიმომხილველი ცინცაძე, ნატოს შტაბ-ბინაში ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ გახარებულები გვიყვებოდნენ სასიხარულო ამბავს, რაც მათ ყურში ჩასჩურჩულეს ნატოელმა ექსპერტებმა, თან დაამატეს, რომ ნატოელებთან საუბარი კონფიდენციალური იყო და მაყურებელს ამ საუბრის შინაარსს ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ გაანდობდნენ, თუმცა აღნიშნავდნენ — ძალიან გასახარია ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვისო.
და ჩვენც, რიგითმა მსმენელ-მაყურებელმა „გასახარი“ ამბავი ისე აღვიქვით, როგორც მათ სურდათ — საქართველოს დღეს თუ არა, ხვალ, არაუგვიანეს ზეგისა გააწევრებენ ნატოში. მოდით და ნუ დაუჯერებთ ტყღუშ-ცინცაძეს — საერთაშორისო ცხოვრებაში „ღრმად“ ჩახედულ სპეციალისტებს?!
აღნიშნულის საპირისპირო იყო ბათუმში გამართული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე მეცნიერები, ექსპერტები. ისინი საქართველოს გულბაათ რცხილაძის — ამჟამად ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ინიციატივით ეწვივნენ.
კონფერენციის თემა იყო — საქართველო ნატოში თუ ნეიტრალური სტატუსი. ნატოელებმა გულახდილად გვითხრეს, რომ ჩვენი ადგილი ნატოში არ არის და უმჯობესია ნეიტრალიტეტზე იფიქროთო.
გვახსოვს, ნატოს საინფორმაციო ცენტრის გახსნა თბილისში, რამაც თავისთავად გვაფიქრებინა, რომ საქართველოს შეიყვანდნენ ნატოში. სხვათა შორის ეიფორიული განცხადებების საწინააღმდეგოდ ბევრი რამ გვითხრა ნატოს ცენტრის ხელმძღვანელმა ფიჩხაძემ — გაწევრებამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ეს ცენტრი იმიტომ გაიხსნა, რომ დაგვეხმაროს მიზნისკენ სვლაშიო.
ხელისუფლებაში მოსულმა ნაცმოძრაობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხომ ტვინი გამოგვიღეს ნატოში შესვლაზე ლაპარაკით. და არა მარტო ჩვენ, ნატოელებსაც. ბრიუსელში ყოფნის დროს ნატოელები, გაკვირვებულნი მეკითხებოდნენ — თქვენ, რატომ არ გვთხოვთ საქართველოს ნატოში გაწევრებაზეო. ჩემს შეკითხვაზე — რომელი პარლამენტარი გთხოვთ-თქო. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, განსაკუთრებით ბარამიძეო.
არანაკლებ შეწუხებული გვყავდა საქართველოში აშშ-ს საელჩო და ამერიკელი პოლიტიკოსები ბუქარესტის ნატოს სამიტის შემდეგ, რომელმაც თავის დოკუმენტში ჩაწერა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ნატოში შესვლის თაობაზე.
ვითარება ისეთი საზეიმო გახდა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადო ცხოვრებაში, რომ უკეთესს ვერვინ ინატრებდა. ყოველივე აღნიშნულს ცეცხლს უკიდებდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიულეტენში ჩაწერილი ნატოში შესვლის სურვილის გამომხატველი პუნქტი, ამომრჩეველმა რომ მხარი დაუჭირა, თუმცა არვინ იცის რამდენმა. სააკაშვილის ხელისუფლება გვიმტკიცებდა — 70%-ა, ხან 80-85%-ო.
ამ ციფრებით ჟონგლიორობდნენ სააკაშვილი და ივანიშვილი. ორივენი მტკიცედ აცხადებდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა ნატოში შესვლაო.
ამაო იყო იმათი ღაღადი, ვინც რეალურ ვითარებას საღი თვალით უყურებდა და მოითხოვდა ხელისუფლებისგან რეფერენდუმის ჩატარებას.
უკვე ჩატარდაო — ამბობდნენ ხელისუფლება-ოპოზიცია.
ვუყვარვართ—არ ვუყვარვართ, მიგვიღებენ—არ მიგვიღებენ მარჩიელობაში „ოცნების“ მმართველობის 13 წელი ხელში შემოგვეფრჩხვნა. რა მიიღო ქვეყანამ და მისმა ხალხმა ამ მოლოდინში?
იმედგაცრუება, ხელისუფალთა მხრიდან საკუთარი ქვეყნისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორც შუასაუკუნეების მომხვდურებს ჰქონდათ მის მიმართ, ხალხის გულის აყრა საკუთარზე და მატყუარა დასავლეთისკენ გაწევა.
თუ საქართველოს არ იღებენ ნატოში, ანუ ევროპაში (ნატო ქართველში იწვევდა და იწვევს ევროპის აღქმას) ფიზიკურ პირებს ინდივიდუალურად ხომ მიიღებენო — ფიქრობდნენ ისინი.
მიიღეს. უცხოეთში დროებით წასულმა, ფეხი მოიკიდა თუ არა, შვილები, დები, ძმები წაიყვანა და იქ დასახლდა.
21-ე საუკუნის პირველი წლები, ისე, როგორც გასული საუკუნის ბოლო, ენით აუწერელი მიგრაციული პროცესების ხანად იქცა. და ჩვენც, ქართველებიც არ ჩამოვრჩით ხალხთა მოძრაობას. მივდივართ ჩვენ, მოდიან ისინი, ჩვენი ადგილის დასაკავებლად.
დარჩენილებს გული მოგვდის ინდოელების, არაბების, პაკისტანელების, სხვების საქართველოში მრავლობით რიცხვში გაჩენაზე, მაგრამ წამითაც არ შევდივართ იმათ მდგომარეობაში, ვინც იძულებულია არალეგალ ქართველს „უმასპინძლოს“.
„პატრიოტთა ალიანსი“ მჯიღის მკერდზე რტყმით გვაფრთხილებს — თუ არ დაირაზმებით და ჩვენს მიტინგს არ დაესწრებით, არაბები წაგვლეკავენო, ისინი იყიდიან ბინებს „არაბულ დასახლებებშიო“. თუ ბობოლა, ფულიან არაბს საქართველოში ბინის ყიდვა მოუნდა, ვერ იყიდის ქართველი დეველოპერების მიერ აშენებულ სახლებში?
ბოლო 14 წელი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, არაპროფესიონალი სახელმწიფო მოხელეთა წყალობით და სიხარბით ერთ ადგილზე ტკეპნით აღინიშნა. საქართველოს პოლიტიკას არ ეყო განათლება, გამოცდილება ქვეყნის მართვისა, რამაც არ მისცა საშუალება გამკლავებოდა შიდა და გარე გამოწვევებს. ანტირუსულ პოლიტიკას, დასავლურიც მიაყოლა, რითაც თავისთავად გააჩინა კითხვა — საით მივდივართ? რას ვაპირებთ?
საქართველო, მოსახლეობის სიმცირით, ისე, როგორც ტერიტორიის (თუმცა ჩვენზე ნაკლებნიც არიან), ვიღაც დიდის და ძლიერის კალთებს გარეშე ვერ გაძლებს, გაუჭირდება. ასეთი დიდი და ძლიერი არის თურქეთი, ირანი, მაგრამ ამ ორზე დიდია რუსეთი — ძლიერიც, რაც მათში მოკრძალებას იწვევს. ისინი ანგარიშს უწევენ მას, ცდილობენ იქონიონ პრაგმატული ურთიერთობები.
ამერიკა შორსაა არა მარტო ტერიტორიულად, არამედ მენტალურად. ამერიკა, საქართველოს ვერ შეხედავს სტრატეგიული პარტნიორის თვალით. ის, არათუ საქართველოს არ მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორად, არამედ ევროპასაც, რომელიც კრიტიკის საგნად არის განხილული აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში — არადემოკრატიული, სიტყვის თავისუფლების დამრღვევი და ა.შ.
ევროპის ამ დოზით კრიტიკას არვინ მოელოდა. ნიშნავს თუ არა ეს აშშ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის გაწყალებას?
ნიშნავს!
არის თუ არა ევროკავშირის კრიტიკა ამ ორგანიზაციის საფუძვლის მორყევის მცდელობა?
არის! აშშ-ს რესპუბლიკურ ადმინისტრაციას არ უყვარს, როდესაც კონკურენციას უწევენ, მითუმეტეს ისინი, ვინც ომის მინისტრის ჰეგზიტის განცხადებით, წლების განმავლობაში წურბელებივით ასხდნენ ზურგზე ამერიკას.
ევროპელები ხვდებიან, რომ უკრაინასთან მიმართებაში მათი და აშშ-ს პოლიტიკა განსხვავებულია — ევროპელთა აზრით შემაშფოთებელი.
რა იქნება მომავალში, ძნელი სავარაუდო არ არის. სუსტი ევროკავშირი, აშშ-ს მეცადინეობით ძალაგამოცლილი, ისტორიას ჩაბარდება.
რაც შეეხება ნატოს — აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გარკვევით არის აღნიშნული — არავითარი გაფართოება, მითუმეტეს აღმოსავლეთით.
ნატოს შემქმნელი და წარმმართველი ქვეყანა აშშ-ი, რომ აცხადებს არავითარი გაფართოება, რაც ნატოს დოკუმენტებში უნდა დაფიქსირდესო, კანონია ამ ორგანიზაციისთვის და ნიშნავს ბუქარესტის ნატოს სამიტის წაშლას, ანუ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრებისთვის მსუყე წერტილის დასმას.
ყველაფერი მიდის საქართველოს კონსტიტუციის შეცვლისკენ. თუ ნატოს გაფართოება არ იქნება, როგორღა გახდება საქართველო ნატოს წევრი?
თუ ევროკავშირი დაიშლება, საქართველოს ხელში შერჩება „ევროკავშირის ასოცირებული წევრობა“, როგორც სუვენირი.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციიდან ამოიღეს რუსეთის, როგორც ნომერ პირველ მტრად მოხსენიება, რაც რაღაც ისეთს ნიშნავს, ორი ქვეყნის დაახლოების მომასწავებელი რომ არის.
ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში აღვნიშნე — მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალიზმის ატმოსფერო იქმნება აშშ, რუსეთით, ჩინეთით. აშშ-ი თმობს ჰეგემონობას და ნაცვლად, თავის მტრებთან რუსეთთან და ჩინეთთან კონფრონტაციისა, თანამშრომლობაზე გადადის.
ჩინეთის მეთაურის სი ძინპინის მიერ ტრამპისთვის ნათქვამი სამხრეთ კორეის მოლაპარაკების დროს. აშშ-ს პრეზიდენტს ჭკუაში დაუჯდა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად არ არის შესაშური.
სამხედრო მშენებლობის მხრივ რუსეთმა ისე გაუსწრო აშშ-ს თანამედროვე იარაღის წარმოებაში, რომ აშშ-ი მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს მასთან გათანაბრებას. რაც შეეხება ჩინეთს, იაპონიის მილიტარიზმზე და ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ სამხედრო პარადზე, რომელიც ა.წ. სექტემბერში გაიმართა, გამოჩნდა მისი პოტენციალი.
სამხრეთ კორეაში სი ძინპინმა ტრამპს უთხრა — ერთმანეთს ნუ შევუშლით ხელს განვითარებაშიო.
ქართული პოლიტიკა ვერ ხედავს ძვრებს, რასაც მსოფლიოში აქვს ადგილი; ვერ ხედავს, რომ უკრაინის ომში არა მარტო უკრაინა დამარცხდა, არამედ ევროპა-ამერიკა. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა რეალობა, რაც ფრონტის ხაზზეა და აქედან გამომდინარე ცდილობს კონფლიქტიდან განზე გადგეს, მედიატორ-შემრიგებლის ამპლუის მოსარგებად.
ტრამპის პრეზიდენტობის ინაუგურაციიდან დაწყებული, აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი მისმა წინამორბედმა, ბაიდენმა დაიწყო; ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ომს ადგილი არ ექნებოდა. ტრამპი ცდილობს ომის დასრულებას, რისთვისაც თავის წარმომადგენლებს ავალებს რუსეთ-უკრაინასთან მოლაპარაკების წარმართვას. რით დამთავრდება მომლაპარაკებლების უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრები რუსეთ-უკრაინის მხარეებთან იოლი სავარაუდო არ არის, რამეთუ რუსეთის პოზიცია ისეთივეა, როგორიც 2022 წელს სპეცოპერაციის დაწყებისას.
პუტინი მოითხოვს დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის, ისე, როგორც ყირიმის ამერიკა-ევროპის მხრიდან რუსეთის კუთვნილებად აღიარებას; სპეცოპერაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას; უკრაინის დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას.
უკრაინა არ თმობს ტერიტორიებს, უფრო სწორად არ თვლის რუსეთის კუთვნილებად და მოითხოვს რუსეთის ჯარის გაყვანას, უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას.
უკრაინის პოზიციას მხარს უჭერენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გერმანიის კანცლერი მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი.
აშშ-ა რუსეთის მხარეს იხრება, რაც დაფიქსირდა კიდევაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის წერტილის დასმით.
როგორც ჩანს, რუსულმა მხარემ დაარწმუნა ამერიკელები, რომ ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციაშია ჩაწერილი, აღარ დაუბრუნდება უკრაინას. დაარწმუნა იმაშიც, რომ მყარი მშვიდობისთვის საჭიროა უკრაინის ნატოში არგაწევრების გადაწყვეტილების ნატოს დოკუმენტში დაფიქსირება, უკრაინის ჯარის რაოდენობის ისეთ დონეზე დაყვანა, როგორიც ნეიტრალურ ქვეყანას შეეფერება.
არც ერთ ამ წინადადებას არ იზიარებენ უკრაინელები და ევროპელები. მათი მეთაურები აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიციების გაზიარება გამოიწვევს უკრაინის სუვერენიტეტის დაკარგვას. ევროპას სურს, რომ უკრაინის არმიის რაოდენობა იყოს არანაკლები 800-ათასისა, რაც უდავოდ მანიშნებელია სამშვიდობო ხელშეკრულების სამომავლო გაბათილების, თუკი ასეთი ხელშეკრულება დაიდება მოსკოვ-კიევს შორის.
800-ათასიანი არმია არც ერთ ნატოს წევრ ევროპის ქვეყანას არ ჰყავს. რუსეთი ეჭვობს, რომ ამ რაოდენობის ჯარი, შეიარაღებული ევროპელების მიერ, უდავოდ შეეცდება დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას.
აქვე აღვნიშნავ, რომ არც გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი არ აპირებენ გულხელდაკრეფილ ყოფნას და საკუთარი ჯარის გადაიარაღების შემდეგ, 2030 წლისთვის ომს აპირებენ რუსეთთან.
ევროპელთა აგრესიულ პოზიციას აკრიტიკებს პუტინი და აცხადებს, რომ მზადაა თუნდაც დღეს ევროპასთან საომრად — საომრად და არა სპეცოპერაციის საწარმოებლად. ომი სხვაგვარ ძალისხმევას მოითხოვს, შესაბამისი ფინალით.
პუტინის განცხადებით, ომის დამთავრების შემდეგ, კაპიტულაციის აქტზე ხელის მომწერიც აღარ იქნება.
პოლიტიკურ სამზარეულოში ჩახედულთათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ უკრაინული თემა, დასავლეთის მიერ გაღვივებული, რუსეთის განადგურებისთვის იყო ჩაფიქრებული. უკრაინა იღებდა და იღებს შეიარაღებას, ფინანსურ დახმარებას, მორალურ მხარდაჭერას, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის.
დასავლეთის მიერ საჯაროდ გაჟღერებული ამ სურვილის უკან მზაკვრობა იმალება — რუსეთის დაჩოქება.
იმისთვის, რომ დასავლეთის ხელისუფალთ არ შექმნოდათ პრობლემები საკუთარ ამომრჩევლებთან, ხალხთან აკრძალა ალტერნატიული მოსაზრების მედიაში გახმოვანება; აიკრძალა რუსული ტელეკომპანია RT-ს მუშაობა, ისე, როგორც რუსეთის სხვა ტელეკომპანიების.
დასავლეთის ბრძანებით, ანალოგიურ აკრძალვას აქვს ადგილი საქართველოში, რასაც ხელისუფლება დაბეჯითებით ასრულებს და არ აპირებს რუსული საინფორმაციო ტელეარხების ჩართვას, მიუხედავად მისი მხრიდან დასავლეთის კრიტიკისა.
აღნიშნულმა აკრძალვამ ევროპა-ამერიკელი მსმენელები და მაყურებლები, ისე, როგორც ქართველები საინფორმაციო ჭურში მოაქცია. მათ ჰგონიათ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია იმიტომ წამოიწყო, რომ მტარვალი, ბუნებით ეშვებიანი მტაცებელი ცხოველია, რომელსაც თვალი უჭირავს სხვისი ტერიტორიების დაპყრობისკენ.
ანალოგიური ცილისწამება გააჟღერა კაია კალასმა — ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების კომისარმა — ბოლო ასი წლის განმავლობაში რუსეთმა 19 ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოა აგრესიული ომები, ზოგან 3 და 4-ჯერო. კალასის მიხედვით, გამოდის, რომ რუსეთი დაესხა თავს ფაშისტურ გერმანიას და არა პირიქით.
ანტირუსული იდეოლოგია ჟღერს ქართულ მედიაში — სისტემატურად, რაც საქართველოს მოსახლეობას რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ განაწყობს. ეს კი დანაშაულია.
საქართველოს, აწმყოსა და მომავალში არ მოუწევს სხვაგან გადასახლება, ანუ ტერიტორიის შეცვლა. არც რუსეთი შეიცვლის გეოგრაფიულ მდებარეობას. ანდა როგორ უნდა შეიცვალოს უზარმაზარი ტერიტორიის — 18 მილიონი კვ.კმ-ის პატრონმა?
ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნების გვერდიგვერდ თანაცხოვრება. და რახან ასეა, სხვა გზას უნდა დავადგეთ, ბუტიაობის ნაცვლად რეალურობის გათვალისწინებით, მითუმეტეს, როდესაც ამ რეალურობაში რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულების გაუარესება ჩვენზე მოდის. უნდა შევწყვიტოთ ცრუ ლაყბობა — რუსული „ჭაობი“ და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა — რატომ ეტანებიან ამ „ჭაობს“ ამერიკელები, ავსტრიელები, გერმანელები, სხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქეები სამუდამო საცხოვრებლად.
ასობით დასავლელი, აღარაფერს ვამბობ ყოფილ საბჭოელებზე, რიგში დგანან რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად. სულ ახლახანს, პერუელი ყვებოდა თავის თავგადასავალს რუსეთში დასასახლებლად.
ლგბტ-ე პროპაგანდამ, სკოლაში მოსწავლეთათვის ამ „იდეოლოგიის“ თავს მოხვევამ, სხვა დასავლურმა „ფასეულობებმა“ აიძულეს ისინი რუსეთში დასახლებულიყვნენ.
აშშ-ს არმიის ყოფილი კაპიტანი რონ ალედო წერს:
„უკვე 2022 წლიდან იყო ნათელი, რომ რუსეთის განადგურების ნეოკონსერვატიული, გლობალისტური პროექტი ჩაშლის პირას იყო. ჩვენ ეს ვიცოდით. რა მოხდა?
ნეოკონები, გლობალისტები, განსაკუთრებით ევროპული ფრთა და ბაიდენი, რომელთაც სურდათ რუსეთის დამარცხება, თვით მარცხდებოდნენ.
მათ, რუსეთის დამარცხება სურდათ ფრონტზეც და ეკონომიკურადაც. მათი მიზანი რუსეთის დაშლა იყო.
გლობალისტებს სურდათ რუსეთის 15/16/17 ნაწილად დაშლა, შემდეგ ფერადი რევოლუციის ჩატარება და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა — ნავალნის მსგავსის“.
„არავითარი მოლაპარაკების გამართვა მათ არ უნდოდათ, ამიტომ კიევს უფრინეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი, მთავარი ნეოკონი, მთავარი გლობალისტი, მაკრონისა და ბაიდენის მხარდაჭერით, რათა დაერწმუნებინა ზელენსკი ომის გაგრძელებაში. ჩვენ მოგცემთ მილიარდობით დოლარს, სამხედრო იარაღს — რუსეთის დასამარცხებლად.
ასეთმა მიდგომამ საკითხისადმი შესაძლებლობა მისცა ნატოს ეწარმოებინა პროქსი — ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა ხელით, რომელიც დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დამარცხება ეჭვს არ იწვევს.
საქმე მარტო იმაში არ არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ აფინანსებს უკრაინას, არც იმაში, რომ ზელენსკის ხუნტა კორუფციული რეჟიმია — უკრაინის ბიუჯეტის მძარცველი, ისე, როგორც დასავლური კრედიტების, არამედ იმაში, რომ დასავლელები ხვდებიან უკრაინის ომის მიზნების მთავარ არსს — სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების ლობირებას და რუსეთთან ომის გაგრძელებას.
უნდა ვიმედოვნოთ, რომ უკრაინული კრიზისის გაანალიზება და ანტიგლობალისტური ნაბიჯის გადადგმა მანამდე მოხდება, ვიდრე ომის ცეცხლი არ მოედება კონტინენტურ ევროპას. დასავლეთი ვერასდროს მოუგებს ომს რუსეთს. მარცხს კი იწვნევს — თანაც არა პირველად“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
10/12/2025
