06.12.2025

საქმე სჯობს, ტყუილ ლაქლაქს!

სააკაშვილის „სიყვარულმა“ გადაადგმევინა ხელისუფლებას ნაბიჯი — სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების სახით. რომ არა ყოფილი პრეზიდენტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის „ხელისუფლება“ არვის გაახსენდებოდა და გააგრძელებდა „მოღვაწეობას“ საკუთარი ხელფასისთვის.

დასანანია, რომ სააკაშვილმა არ შექმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება თბილისში. ეს ნოვაცია სააკაშვილის წინამორბედს, შევარდნაძეს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი ავანტიურისტული, მოღალატური პოლიტიკის შედეგად აფხაზეთში მცხოვრები ქართველები თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩამოასახლა და მათი გულის მოსაგებად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც შეუქმნა, საქართველოს პარლამენტში ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაც შეუნარჩუნა.

სააკაშვილმა ამ წარმომადგენლობის არსებობას წერტილი დაუსვა, მაგრამ ვეღარ გაბედა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გაუქმება. ეს ხელისუფლება დღესაც არსებობს უზენაესი საბჭოთი, აღმასრულებელი ხელისუფლებით, მინისტრებით, აპარატებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებით.

პატივცემულო მკითხველო, გაგიგიათ უტერიტორიო ხელისუფლება?

თბილისში არსებული აფხაზეთის ხელისუფლება არის ასეთი. არც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი არ შეეგუებოდა ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხების განიავებას, მხედველობაში მაქვს აფხაზეთის ხელისუფლების დაფინანსება. საქართველოს ხელისუფლება, თანაც სხვადასხვა — შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის, რაღაც პოლიტიკური სარჩულით, უსაფუძვლო, თითიდან გამოწოვილით, ვითომ პოლიტიკური მოსაზრებებით, ეგუება.

აღნიშნული ზღაპრის გამამართლებელი მოსაზრება არის მარტივი — აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ აქაური ე.წ. აფხაზური ხელისუფლების სოხუმში გადაყვანა — „ახალი ქართული“ აფხაზეთის სამართავად.

ხუმრობს ხელისუფლება?

შევარდნაძე რომ ხუმრობდა და საკუთარი მარცხის გადასაფარად თბილისში, აფხაზეთის ხელისუფლების დაფუძნების თემას გვტენიდა მწარე ხუმრობა იყო და ასეთად შემორჩა დღემდე, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლება რატომ არ გამოდის ამ სახუმარო ბურუსიდან, გაუგებარია.

აფხაზეთის ხელისუფლების გაუქმება ისეთი გადაუჭრელი რამ არის „ოცნებისთვის“, როგორც ხელისუფლებაში გამჯდარი კორუფციის აღკვეთა. ერთ-ერთ წინა სტატიაში, რომელშიც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ვეხებოდი, ერთი დიპლომატის პასუხიც გაგაცანით ჩემს შეკითხვაზე — რაში სჭირდება საქართველოს, თითქმის ყველა ქვეყანაში გახსნილი საელჩოებითქო — სჭირდება იმიტომ, რომ თუ მასპინძელი ქვეყანა გადაწყვეტს სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, ჩვენმა საელჩომ უნდა აუხსნას რატომ არ შეიძლება ამის გაკეთებაო.

როგორც ჩანს, ამ საქმის მეტი საქართველოს საელჩოებს სხვა არაფერი აქვთ. ანდა რა უნდა ჰქონდეს მადაგასკარზე, ახალ ზელანდიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი ნულის ტოლია?

მაგრამ პოლიტიკური ინტერესი რა მოსატანია ხელისუფალთა პირად ინტერესთან?

ხელისუფალთა ახლო ნათესავები, მეგობრები ხდებიან დიპლომატები და უმალ საზღვარგარეთ, ხანგრძლივ მივლინებაში მიემგზავრებიან — 3/4/5 ან მეტი წლით. ეს, ისე ცნობისთვის.

აფხაზეთის ლტოლვილი ხელისუფლების თემა ხელშეუხებელია. ხელშეუხებელია დახავსებული მოსაზრებაც საქართველოში აფხაზეთის დაბრუნებაზე. საქართველოს მოსახლეობას აბრიყვებენ ზღაპრით, რომ დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ აფხაზეთი დაგვიბრუნდება.

არვინ სვამს კითხვას — როგორ?

ხელისუფლება ერიდება ამ თემაზე ლაპარაკს, ისე, როგორც აფხაზეთთან კავშირების აღდგენას, აღნიშნულ საკითხში რუსეთის დახმარებას. ოპოზიციას, რომ ჰკითხოთ, უმალ გიპასუხებთ — ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევითო. მაინც რამდენი წელი დასჭირდება ამ საკითხის გადაწყვეტას?

ვერც ხელისუფლება და ვერც დასავლელი პარტნიორები ვერ გვეუბნებიან მიახლოებულ ვადას. იმან, ვისი დაბრუნებაც გვსურს, უკვე გადაწყვიტა თავისი ბედი, თანაც კარგა ხნის წინათ, მაგრამ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენდა გასახარად არც ჩვენი დასავლელი პატრონები იზიარებენ — საჯაროდ, გულში საპირისპირო მოსაზრება აქვთ.

1992 წლის შემდეგ დიდი დროა გასული. ძველი თაობა, აფხაზეთის ომში მონაწილე, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან მარადიულ სასუფეველში, ვერ ეღირსა ყოფილი ავტონომიის შემობრუნებას. ისე, როგორც აფხაზეთიდან ლტოლვილები იქ დაბრუნებას. ახალი თაობა ისე გაიზარდა, თვალითაც არ უნახავს აფხაზეთი. იშვიათად ესმის „პატრიოტული“ ლოზუნგები — ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. სხვა მეტი არაფერი იცის აფხაზეთის შესახებ, არც აინტერესებს, რაც არ არის გასაკვირი.

ქართული მედია არაფერს ამბობს აფხაზეთზე. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იქაურ ხელისუფლებასთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, თავში აზრადაც არ მოსვლია ასეთი. და ვართ საინფორმაციო ვაკუუმში. ხელისუფლება აფხაზეთის შემობრუნების ლოზუნგს გვაცნობს, ხალხს, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომელმაც არ იცის რას წარმოადგენს აფხაზეთი. არ იცის არაფერი მის შესახებ. არ იცის ტერიტორიით რა ზომისაა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ, როგორი ისტორია, ცხოვრების წესი აქვს მას; როგორი ეკონომიკა, ღირსშესანიშნაობები, სამზარეულო და სხვა.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ აფხაზეთის თვალწარმტაცი ბუნება, შესანიშნავი კლიმატი, სტუმარმასპინძლობა ბუზებივით იზიდავს რუს ტურისტებს. არ იცის, რომ რუსი ტურისტების პოპულარული დასვენების ქვეყნის, თურქეთის შემდეგ, აფხაზეთია. თურქეთში კი ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ისვენებს, რაც დიდ შემოსავალს აძლევს თურქეთის ბიუჯეტს.

აფხაზეთში ასეთი რაოდენობა საოცნებოა — ჯერ-ჯერობით. სასტუმროების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნაწილობრივ, აფხაზთა ოცნება ახდება. ისე, როგორც ჩვენ, არც აფხაზებმა იციან საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. და თუ იციან — უარყოფითი — ომის გამჩაღებელი. ომის, რომელმაც მძიმედ იმოქმედა მცირერიცხოვანი ერის დემოგრაფიაზე.

ვითარება, რომელიც დაგიხატეთ სულაც არ არის დასამშვიდებელი, მაგრამ სინამდვილეა. ამ სინამდვილის გამოსწორების ნიშანწყალიც არ ჩანს, ვინაიდან არც საქართველოს ხელისუფლებას და არც აფხაზეთის ნამდვილს, სურვილიც არ აქვს ამის. მას, რომ არ ჰქონდეს, გასაკვირი არ არის, ვინაიდან ის ნაწყენია ჩვენზე. ეშინია ჩვენი, დარწმუნებულია, რომ ისევ დავუწყებთ ომს. კითხვასაც გვისვამს — თუ ომის დაწყება არ გინდათ,  გავაფორმოთ სამშვიდობო ხელშეკრულებაო. ჩვენ არ ვაფორმებთ, რომ გავაფორმოთ მისი დამოუკიდებლობის აღიარება იქნებაო.

ხვდება ამას აფხაზეთი და ამიტომაც აცხადებს — ჯერ ხელშეკრულება, შემდეგ ურთიერთობაო.

დაინტერესებული მხარე, ანუ საქართველო სისტემატურად უნდა მოქმედებდეს საურთიერთობო გზების გამოძებნისთვის. არ ფიქრობს,. რაღაც გაურკვეველი სახის სამინისტროს გადააბარა ეს საკითხი, შერიგების რომ ჰქვია და თავი გაითავისუფლა უსერიოზულესი პრობლემის გადაჭრისგან.

ხედავს რა ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის საქმეში, შერიგების სამინისტროც თავს არ იწუხებს და აგრძელებს ქაღალდების აქეთ-იქით გადალაგ-გადმოლაგებას. დრო კი გადის ულმობლად, სწრაფად. დაახლოების ნაცვლად ვშორდებით ერთმანეთს.

უნებლიედ იბადება კითხვა — დაშორება დასავლელი ე.წ. პარტნიორების გეგმა ხომ არ არის?!

დასავლეთი, რომელიც არაფერს აკეთებს ყოფილი ავტონომიის საქართველოსთვის დასაბრუნებლად და ვერც გააკეთებს — დროის გაყვანის პოლიტიკას აწარმოებს. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უკეთესი, ვინაიდან საქართველოში მცხოვრებთა შორის აფხაზეთის დაბრუნების მსურველი თითზე ჩამოსათვლელი იქნება.

საქართველო თავისთავად,  ბუნებრივად შეეგუება რეალობას, რომ აფხაზეთი სხვაა, სხვა სახელმწიფოა, დამოუკიდებელი. ისტორიას თუ შემორჩება მისი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. მსგავს გახსენებასთან არ გვაქვს საქმე ტერიტორიებისა, რომლებიც თურქეთის შემადგენლობაშია?

სხვათა შორის ასე გავიხსენებდით აჭარას, რომ არა რუსეთ-თურქეთის ომი და თურქეთის მიერ რუსეთის იმპერიისთვის ბათუმისა და მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნება.

ტელეკომპანია „ობიექტივი“ სისტემატურად უთმობს ეთერს ლტოლვილობაში მყოფ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც იხსენებს რა ძველ ისტორიას, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასაც ეხება. მისი ნათქვამი წყლის წვეთებივით ჰგვანან ერთმანეთს. და არა მარტო მისი, არამედ ლტოლვილი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის, საქართველოს „პოლიტიკოსის“, თუმცა სხვას რას უნდა ველოდეთ სიჯიუტეზე დაფუძნებული მენტალიტეტის პატრონებისგან?!

ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა აფხაზეთის დაკარგვიდან, მაგრამ იმჟამინდელი აზროვნება დღემდე შემოგვრჩა — უსაფუძვლო, არსებული რეალობის უგულებელყოფით. არაერთხელ მითქვამს, დამიწერია და გავიმეორებ — აფხაზეთი არ დაგვიბრუნდება ნებაყოფლობით, ძალით მისი დაბრუნება შეუძლებელია. საქართველოს სამხედრო ძალა ისეთია, უძლურობას რომ დემონსტრირებს. ძალაც რომ გვქონდეს, საერთაშორისო ვითარება აღგვიდგება წინ ძალისმიერ ქმედებაში.

ერთადერთი გზა არა დაბრუნებისა, არამედ დაახლოებისა არის აფხაზეთთან ურთიერთობების ჩამოყალიბება, კეთილმეზობლური ვითარების შექმნა, სავაჭრო-ეკონომიკური, ბიზნეს-ურთიერთობების დაწყება, ერთმანეთში მიმოსვლის აღდგენა, კულტურული, მედიური კავშირების განვითარება და სხვა მრავალი.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება არ იქნება იოლი, ვინაიდან აფხაზეთს არ დავიწყებია ცენტრალური ხელისუფლების აგრესია, მსხვერპლი.

დავიწყოთ სახალხო დიპლომატიით, ცხადია რუსეთის ჩართვით. თავში უნდა ჩავიბეჭდოთ, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთი არ დაგველაპარაკება. აღვადგინოთ საქმიანი კონტაქტები, რაც საწინდარი გახდება უნდობლობის გაქრობის. ნუ დავიჩემებთ აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებას, რამეთუ მტკიცე უარს მივიღებთ. მოთმინებით ვიცხოვროთ გვერდიგვერდ.

მრავალი წელი დასჭირდება ქართველ და აფხაზ ხალხებს ნორმალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი, რუსეთთან მტკიცე ურთიერთკავშირებით დიდ სარგებელს იღებს, ისეთს, საქართველო რომ ვერ ჩაანაცვლებს.

აფხაზეთთან დაახლოების ერთ-ერთი მიმართულება თბილის-სოხუმს შორის დანგრეული რკინიგზის აღდგენაა. სარკინიგზო კომუნიკაცია წაგვადგება ორივეს, როგორც ჩვენ, ისე აფხაზეთს და მესამეს, რუსეთს. სარკინიგზო კომუნიკაციის დაყრუება დიდი დანაშაულია, როგორც ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. სარკინიგზო დერეფნის ფეხზე დაკიდებამ, თითიდან გამოწოვილი პოლიტიკური მოსაზრებებით, მილიონობით დოლარი დააკლო საქართველოს ბიუჯეტს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დააკარგვინა მას სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტის სტატუსი.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ რუსეთ-ირან-აზერბაიჯანის შეთანხმებით, ნაწილობრივ ამოქმედდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ინდოეთიდან ტვირთების გადაზიდვა ევროპაში, რუსეთის გავლით.  საავტომობილო გზას მალე დაემატება სარკინიგზოც ირან-აზერბაიჯანს შორის, რაც გააორმაგებს ტვირთების გატარებას.

ტრანზიტული ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად რას არ იგონებენ ქვეყნები?!

მაგალითად, ეგვიპტემ გააფართოვა სუეცის არხი და მსუყე ტარიფებიც დააწესა ტვირთმზიდი გემებისთვის. ეგვიპტის ბიუჯეტში შესულმა თანხამ მისცა საშუალება ეგვიპტის ხელისუფლებას აეშენებინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი, რომლის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

სუეცთან, ელ-დააბაში მიმდინარეობს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა — ერთდროულად 4 ენერგობლოკის. ელ-დააბას ბირთვული ელექტროსადგური უდიდესია მსოფლიოში. მას „როსატომი“ აშენებს. სადგურის მშენებლობაზე დაკავებული არიან ეგვიპტელი და რუსი სპეციალისტები. თვით ელექტროსადგურის მუშაობის წარმართვისთვის, ეგვიპტელმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო.

სატრანზიტო მარშრუტი ისეთია, შემოსავალს რომ იძლევა. ქვეყნები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის წარმოებით, საკუთარ თავს აკმაყოფილებენ, სერიოზულად ფიქრობენ სხვა ქვეყნებში გაყიდვაზეც. ექსპორტისთვის სარგებლიანი საკომუნიკაციო მარშრუტის შემუშავება მათთვის უმთავრესი რამ არის. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო ტვირთბრუნვის გზასაყარზეა — აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის.

თუ ბუნებამ მთელი რიგი ქვეყნები მდიდარი წიაღისეულით დააჯილდოვა, საქართველო — სატრანზიტო გზით, რასაც სამწუხაროდ ისე ვერ ვიყენებთ, როგორც საჭიროა.

თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არიან ე.წ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც უარყოფითად თვლიან აღნიშნული სარკინიგზო ხაზით რუსეთის ირანთან დაკავშირებას. და ჩვენც, როგორც ჩიტირეკია „დასავლელები“ ლამის ალესილ ხანჯალზე ვეგებით, რომ არ აღდგეს რკინიგზა.

ომის შემთხვევაში რუსეთს გაუიოლდება საქართველოში შემოსვლაო. რა პრიმიტიული, სულელური არგუმენტია?!

2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები ცხინვალში რკინიგზით შევიდნენ?!

რუსეთთან არც გვირაბით არ უნდა გვქონდეს კავშირიო — აცხადებენ ე.წ. პოლიტიკოსები. და ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ ჩრდილო ოსეთ, ანუ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული საავტომობილო გზის და გვირაბების მშენებლობა -რეკონსტრუქციას. ამ გზით ვერ შემოვა რუსეთის ჯარი საქართველოში?

ვითომ მარტო რკინიგზით და საავტომობილო გზით შეიძლება საქართველოში შემოსვლა, იქნებ საჰაერო გზითაც?

ღმერთმა საქართველო კი დააჯილდოვა შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობით, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ მარტო მდებარეობა ვერ წაადგებოდა ქვეყანას; რომ გეოგრაფიასთან ერთად ჭკვიანი ადამიანებიც იყო საჭირო.

აფსუს, ასეთ ტერიტორიას, რომ ასეთი ბრიყვი, გაუნათლებელი ადამიანები მართავენ! მოვიშველიებ დიდ ილიას: „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“

გონებაგახსნილი პოლიტიკოსების არსებობის შემთხვევაში თბილის-სოხუმის რკინიგზა კარგა ხნის გახსნილი იქნებოდა. მაგრამ რატომღაც ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსოფობიური გზა ავირჩიეთ. და ვიდრე ამ სამმა ე.წ. ქვეყანამ — მოსახლეობისგან დაცლილმა, თავზე არ დაგვასვარა, ვერ მიხვდით, რომ მათთან მხოლოდ დისტანციური ურთიერთობა უნდა გვქონოდა და არა ჩახუტების პოლიტიკა.

ნეოფაშიზმით დაავადებული ეს ქვეყნები, ისე გახელებით უჭერენ მხარს ნეოფაშისტურ უკრაინას, თითქოს მეტი პრობლემები მათ არ ჰქონდეთ. სულ ახლახანს ლატვიის პრეზიდენტმა „ცისფერმა“ რინკევიჩმა, რომელსაც თავი მოაქვს მამათმავლობით, განაცხადა, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა ასაყრელია. მიზეზი? — რუსეთის მიერ რკინიგზის გამოყენება ლატვიაში შესაჭრელად.

არანაკლები ისტერიული გახდა ფინეთი, რომელიც რუსეთის საზღვარზე 4 მეტრის სიმაღლის კედელს აშენებს. ცხადია, ეს კედელი ჩინეთის კედლის მსგავსი ვერ იქნება, დიდი-დიდი ღობის მსგავსი, მაგრამ ფული ჩაიყრება.

ჩაიყარა კიდეც მილიონები. ნეტავ რამდენი მილიონი შეიჭმება ფინეთ-რუსეთის 1500 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ღობის ასაშენებლად?

ფინეთი ევროკავშირის წევრია, ისე, როგორც ბალტიისპირა ქვეყნები. ევროკავშირის, რომელიც სიტყვით მშვიდობის მებაირაღეა, საქმით აგრესიული, რუსოფობიური, რევანშისტული. ღირს მასთან ერთად ცხოვრება? ელგბტ მოტრფიალესთან?

მაგრამ, ვინ წყვეტს ჩვენს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან?

უვიცი, გაუნათლებელი ადამიანები!

ვიმეორებ, რეგიონი, სადაც ვცხოვრობთ, დამშვიდებულად არ ჩაითვლება, პირიქით. ასეთ აბობოქრებულ გეოგრაფიულ სივრცეში ცხოვრება დიდ ჭკუას და პასუხისმგებლობას მოითხოვს იმათგან, ვინც პოლიტიკოსობა დაიბრალა და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო.

პოლიტიკა, ხელწამოსაკრავი საქმე არ არის. პოლიტიკა — 24 საათიანი მუშაობაა, საკუთარი ქვეყნის, მეზობლების, მსოფლიო არენის მაჯისცემის კონტროლია. წამიერი მოდუნება ცხოვრების გაუარესების მომასწავებელია. ერთის შეხედვით, მომგებიან პროექტებზე დათანხმება მხოლოდ სიღრმისეული განხილვის შედეგი უნდა იყოს და არა სპონტანური აფეთქების.

ინვესტიცია მისასალმებელია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ მხოლოდ სერიოზული, პროფესიონალური განხილვა — სჯა-ბაასის შემდეგ.

ინვესტიცია არ უნდა იწვევდეს ეჭვს საზოგადოებაში. ინვესტიციას არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო მუხლები. ასეთი ინვესტიცია, ანუ ხელშეკრულება მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულებას ჰგავს.

ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყნის წილი რომ 33%-ია, ხოლო დანარჩენი — ინვესტორის. და პრემიერ-მინისტრი, დაბეჯითებით რომ გვეტყვის 33% უკეთესია, ვიდრე არაბული კომპანიისთვის განკუთვნილი დანარჩენი 67%-ი, გაუგებრობის წარმომშობია, საზოგადოების ყრუდ და ბრმად ჩათვლაა. და ამას შეგნებულად აკეთებს „ოცნება“. შესაძლოა შეუგნებლადაც — გაუნათლებლობის გამო.

გაუნათლებლობაა, როდესაც „ოცნების“ „მოლაპარაკე“, ანუ ქართულად „სპიკერი“, პარტიის გენერალური მდივანი, წამდაუწუმ იყენებს სიტყვებს „დიპ სტეიტს“ — დასავლეთის „შავად“ წარმოსაჩენად, თან წამითაც არ ფიქრობს, რომ ის, რაც აქ გვაქვს „დიპ სტეიტია“, ანუ არაფორმალური, კულისებიდან ქვეყნის მართვა მილიარდერ ივანიშვილის მიერ, რომელსაც დაქირავებული ჰყავს ადამიანები სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად, რამეთუ მსოფლიოში არსებული სახელმწიფოებრივი სისტემა მოითხოვს ამას.

თვით კალაძეც ქართულ „პოლიტიკაში“ ივანიშვილის მიერ არ არის შეყვანილი. რა არჩევნები, რის არჩევნები, რომ არა ივანიშვილი, ვის გაახსენდებოდა ფეხბურთელი კალაძე ან რომელიმე მათგანი, თუნდაც პრემიერი კობახიძე?!

თვით ქართული „დიპ სტეიტი“ თითქოს არ ერევა ქვეყნის სახელმწიფოს სტრუქტურის ყოველდღიურ მუშაობაში, მაგრამ სჯერა ამის ვინმეს?

ასე რომ „დიპ სტეიტი“ აქაა, ისე, როგორც აშშ-ი, სხვა ქვეყნებში, ვითომ დემოკრატიულში, სინამდვილეში ავტორიტარულში.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებას, ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებ ქვეყნის ღობის გადაღმა გახედვისკენ. იქ არსებული ამბების გაანალიზებისკენ, მითუმეტეს ისეთის, საქართველოს, რომ შეეხება. ერთ-ერთ ასეთს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ერთი თვის წინ, ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი ოფიციალური ვიზიტით იყო თურქეთში, რომლის დროს ხელი მოაწერა რკინიგზით ტვირთების გადაზიდვას.

ყაზახეთ-თურქეთის სარკინიგზო მარშრუტი გაივლის აზერბაიჯან-საქართველოზე. აღნიშნულში თითქოს საეჭვო არაფერია. პირიქით, ქვეყნისთვის მოგების მომტანია, თუმცა ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიხანის და ზანგეზურის ახალი სატრანზიტო დერეფნის გაჩენის შემდეგ, ყაზახეთ-თურქეთის მარშრუტი ლოგიკური გაგრძელება იქნება ანკარის სატრანსპორტო ლოჯისტიკური სტრატეგიის, რომელიც მარტო ტვირთგადაზიდვით არ იფარგლება.

ახალი სატრანსპორტო მარშრუტი სხვა არსებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება და უდავოდ წაადგება ყაზახეთ-თურქეთს, ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს „ტექნოლოგიური გარღვევა“ მარტო ტექნოლოგიურია, თუ მასთან ერთად იდეოლოგიურიც?!

ანკარა თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ აფართოებს თავის გავლენას ქვეყნებზე, სადაც სატრანზიტო მარშრუტი გადის.

2023 წელი გამოცხადებული იყო თურქული ცივილიზაციის გაფურჩქვნის წლად, რომელიც 2021 წლის თურქული სამიტის დროს მიღებული კონცეფციით იყო გამაგრებული. „თურქული სამყარო — 2040 წლამდე“ — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც მოიცავს პოლიტიკას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას, დარგობრივ განვითარებას, ხალხთა შორის კავშირების გაფართოებას.

2022 წელს სამარყანდში მხარი დაუჭირეს „თურქული სამყაროს“ განვითარების სტრატეგიას და თურქული საინვესტიციო ფონდის შექმნას — 500 მილიონი დოლარის საწესდებო კაპიტალით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქული სახელმწიფოების სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარებას. აქცენტი გაკეთდა კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებზეც. ამ დარგში თურქეთის გავლენა იგრძნობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, განსაკუთრებით საერთო ისტორიისა და ანბანისადმი გაძლიერებული ყურადღების გამოვლინებაში.

თურქეთის კონცეფცია „ექვსი სახელმწიფო — ერთი ერი“ ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, რაც არა მარტო ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ყურადღებას იმსახურებს, არამედ რუსეთის, სადაც მუსლიმი მოსახლეობის, განსაკუთრებით პროთურქული ორიენტაციის, უცხო არ არის. ფეთხულა გიულენის — თანამედროვე თურქეთის იდეოლოგის, აწ განსვენებულის, ცნობილი გამოთქმა — „დიდი თურანის“ აღსადგენად სულაც არ არის საჭირო იარაღი, საკმარისია პატარა ნოხი და ლოცვა“.

საქართველოში მუსლიმთა რაოდენობა უცნობია. და არა მარტო მუსლიმთა, არამედ მოსახლეობის საერთო რაოდენობა. ჩატარებული საყოველთაო აღწერა, რომ ფორმალური იყო, საკამათოც არ არის. „ოცნებამ“ ვერადავერ დაადგინა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა — ისე, როგორც აქ მცხოვრები სხვა ერების, განსხვავებული აღმსარებლობის და ა.შ.

ქართული პოლიტიკა, განსაკუთრებით ხელისუფლება მაღალ მატერიებზე გველაპარაკება, მაშინ, როდესაც წარმოდგენაც არ აქვს რამდენს ელაპარაკება. ამ რამდენში  ვინ არის ქართველი, სხვა ერის წარმომადგენელი.

ოპოზიცია, „პატრიოტთა ალიანსის“ სახით მუსლიმურ გავლენაზე ლაპარაკობს და მოსალოდნელი საფრთხის არიდებისთვის, რადიკალურ მოთხოვნებს აყენებს, ნაცვლად სიღრმისეული საქმიანობისა.

თურქული გავლენის გაფართოება, შორსმიმავალი გეგმებით, საყურადღებოა, მაგრამ არა ხმალამოღებული ბრძოლისთვის, რისი თავიც საქართველოს არ აქვს. რისი თავიც გვაქვს, იდეოლოგიურ ფრონტზე გამარჯვების მოპოვებაა. თუმცა აქაც სხვისი მხარდაჭერა აუცილებელია.

ამ „სხვაში“ მხოლოდ რუსეთი მოიაზრება, ვინაიდან ისიც ისეთივე პრობლემის წინაშეა, როგორც ჩვენ. რეგიონში სხვა არვინ მეგულება. და არა მარტო რეგიონში.

მიზეზთა გამო, უპირველესად დასავლელთა შიშით, ვერ ვამბობთ სათქმელს, არადა დრო გადის, დემოგრაფიული სურათი უარყოფითისკენ იცვლება.

და ბოლოს, თანახმად შეპირებისა, ეგვიპტის მუზეუმის შესახებ. მუზეუმი ხეოფსის პირამიდის სიახლოვეს აშენდა და მისი მშენებლობა 1,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს მონუმენტური შენობა, მიძღვნილი უძველესი ცივილიზაციისადმი, განცვიფრებას იწვევს თავისი მასშტაბით.

მუზეუმში წარმოდგენილია 50000 არტეფაქტი, მათ შორის ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილი ძვირფასეული. ეგვიპტის პრეზიდენტმა ალ სისიმ ასე შეაფასა ეს მოვლენა: „მუზეუმი აერთიანებს ძველი ეგვიპტელების გენიალურობას, თანამედროვეთა შემოქმედებასთან“.

სპეციალისტების მიხედვით, წლის განმავლობაში მუზეუმს ეწვევა 5 მილიონი ადამიანი, რაც გიზის მუზეუმს დააყენებს მსოფლიო მუზეუმების გვერდით — ლუვრის, წლიურად 8 მილიონი დამთვალიერებლით;  ბრიტანეთის — 6,5 მილიონით; ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის  — 5,7 მილიონით.

მუზეუმში 12 მთავარი გალერეაა, რომელშიც გამოფენილია წინაისტორიული პერიოდის არტეფაქტები, რომის ეპოქამდე; ეგვიპტის ცივილიზაციის ფასდაუდებელი ნივთები, მათ შორის რამზეს მეორის 11-მეტრიანი 3200 წლის ქანდაკება — მთავარ გალერეაში. აქვეა ხუფუს ნავის მსგავსი სამარხი — 4500 წლის.

მუზეუმის ტერიტორია 500 ათასი კვ. მეტრია, ანუ ფეხბურთის 70 მოედნის ტოლი. მუზეუმიდან 40 წუთის სავალზე გაიხსნა აეროპორტი „სფინქსი“.

შესაშურია ეგვიპტელ მუსლიმთა მიერ ისტორიის დაფასება.

   ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

01/12/2025