ხალხის აზრის გაუთვალისწინებლობა მარცხის ტოლფასია
ვერ გავიზიარებ პესიმისტი ქართველის ნათქვამს, რომ უღიმღამოდ, უსიხარულოდ მიედინება ჩვენი ცხოვრება. აბა ჰკითხეთ პარლამენტარებს, აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეებს, საბანკო სისტემაში მომუშავეებს, ბიზნესმენებს, მათი ცხოვრებაც ისეთია, როგორიც მოსახლეობის უმრავლესობის?
ეს, ის ფენაა, რომელიც თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს უცხოეთში ატარებს — დალაგებულში, წარმატებულში და არა ისეთში, აქ რომ არის. უღიმღამოდ და უსიხარულოდ ითქმის ჩვენს ცხოვრებაზე, როდესაც კვირის განმავლობაში ენით აუწერელი სიხარული გვაქვს?
კოლექტიური სიხარული ჰქვია, როდესაც ერთი ან ორი დღით გამორთული გაზის, შუქის, წყლის მოსვლა „აღმაფრენას იწვევს“ ნებისმიერ ჩვენგანში. ბინაში, გაზს რომ გამოგირთავენ, შემდეგ შუქს და წყალს და დასამშვიდებლად მობოდიშების მესიჯს გამოგიგზავნიან — გეგმიური სამუშაოების ან ავარიული ვითარების გამო გაზს ვერ მოგაწვდით, წყალს და შუქსო და მერე მოგაწვდიან, განა სიხარულს არ იწვევს ჩვენში?
გახარებულებს გვავიწყდება ხელისუფალთა უნიათობით მიღებული დისკომფორტი, მისი მშობლების, ახლობლების, განსაკუთრებით დედის ხსენება.
და ვაგრძელებთ ცხოვრებას „ბედნიერებაში“ ახალ გამორთვამდე. სამწუხაროდ ინტერვალი ბედნიერებისა და დედის გინებას შორის დამოკლებულია, ისე, როგორც არასოდეს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჩვენი ქალაქის „უსაყვარლესი“ მერი და მისი სამსახური „უნაკლოდ“ მუშაობს — „დიპ სტეიტის“ ძახილში.
კალაძის 8-წლიანმა „მოღვაწეობამ“ დაგვანახა, რომ ფეხბურთის მინდვრიდან, მინისტრის სავარძელში ჩახტომა, შემდეგ თბილისის მერის, მთლად საკმარისი არ არის საპასუხისმგებლო სამეურნეო მუშაკის „მანტიის“ მოსასხამად.
ამომრჩეველმა ვერადავერ გაიგო, რომ საქალაქო მეურნეობას გამოცდილი, ამ დარგის პროფესიონალი ხელმძღვანელი ესაჭიროება და არა ე.წ. პოლიტიკოსი „დიპ სტეიტის“ უადგილო ადგილას ძახილით. ქალაქის მერის „დიპ სტეიტი“ ქალაქის სამსახურების გამართული მუშაობაა და არა ტელეეკრანზე პოლიტიკური კეკლუცი.
მკითხველმა კარგად იცის რა პრობლემებია თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გაუმართაობიდან დაწყებული, შენობა-ნაგებობების დაზიანებული, გადატყავებული ფასადებით დამთავრებული. პლასტმასის ბუჩქებითა და ხეებით ქალაქის „დამშვენება“ არც ქალაქის ფილტვებისთვის არის სასარგებლო და არც ქალაქის მცხოვრებთათვის, თუმცა ფასიდან გამომდინარე სასარგებლოა მერიის ჯიბისთვის.
მერიის უნიათო მუშაობის თაობაზე ოპოზიცია სიტყვას არ ძრავს, ხელისუფლება პირიქით აქებს და ადიდებს მერ კალაძეს — ასეთი არასდროს გვყოლია და არც გვეყოლებაო. ოპოზიციას არც ქალაქი აინტერესებს, არც ქალაქის პრობლემები, არც გაქანებული ინფლაცია — ხელისუფალთა არაპროფესიონალიზმის ნაყოფი, არც დემოგრაფიული პრობლემები და აქაურების გადინება, მათ ნაცვლად უცხოელთა შემოდინება, არც დასაქმების საკითხები და არც მრეწველობა-სოფლის მეურნეობის გაქრობა.
ოპოზიციას ტყუილი ლაყბობა ხიბლავს, ტელეეკრანზე კეკლუცი. ტელეეკრანის წყალობით არჩევნებში გამარჯვება, არა კარდაკარ სიარული ხალხთან შესახვედრად, არამედ ტელეეკრანის დახმარებით გამარჯვების მოპოვება. ოპოზიციამ — ფუქსავატმა და არაპროფესიონალმა, დაბალი განათლების მქონემ ერთი რამ იცის — ხელისუფლებისთვის ზერელე ბრძოლა, არა ნამდვილი, ოფლისმომდენი, არამედ ზერელე, ზედაპირული, მედიური.
მაგალითი ამისა „პატრიოტთა ალიანსი“ და მის გამგებლობაში არსებული ტელეკომპანია „ობიექტივია“, რომელიც უკვე მერამდენე დღეა მოგვიწოდებს 30 ნოემბერს რუსთაველის ძეგლთან შეკრებისკენ — „არაბული დასახლებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად. ბევრი რომ შევიკრიბებით, არაბული კომპანია დაფრთხება და თავს დაგვანებებსო. თითქოს არაბული კომპანია ძალით შემოიჭრა საქართველოში — თქვენი ბუნება მომეწონა და არაბებისთვის აქ ავაშენებ საცხოვრისსო.
და არის ატეხილი პატრიოტული მჯიღის მკერდზე ცემა „ობიექტივის“ ტელეეკრანზე — მე-7 საუკუნეში არაბებმა გაგვავლეს მუსრი, შემდეგ საუკუნეებშიცო. კრწანისის მიწაზე, ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილზე „არაბული დასახლებები“ არ უნდა შენდებოდესო და ა.შ.
მერედა ვინ დართო მშენებლობის ნება არაბულ კომპანიას?
იმან, ვინც მართავს ქვეყანას, მაპატიეთ, კი არ მართავს, ვინც ქვეყნის სათავეშია არჩევნების წყალობით, ჰოდა არაბები რა შუაშია?
რა შუაშია მე-7 საუკუნე ან კრწანისის მიწა — წინაპრების სისხლით მორწყული?
არაფერ შუაშია, მაგრამ პატრიოტიზმში გადის — ფსევდო პატრიოტიზმში. „პატრიოტთა ალიანსმა“ პატრიოტული ქმედებით ერთხელ მაინც ხომ უნდა შეგვახსენოს თავი?
პატრიოტიზმი მარტო არაბებთან ბრძოლაა და არა საკუთარ ხელისუფლებასთან, რომელმაც დაპატიჟა არაბები?
პატრიოტიზმია ყველაფერი — კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე გაზრდილი კატასტროფული ფასებიდან დაწყებული — წყლის, გაზის, შუქის სისტემატური გამორთვით დამთავრებული კრიტიკა ხელისუფლებისა. სოციალური გაუსაძლისი ვითარების წინააღმდეგ ხმის ამოღება და სხვა მრავალი, რომელიც ყოველდღიურად გვიმწარებს ცხოვრებას.
„პატრიოტთა ალიანსის“ შემხედვარეს ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა გურულებზე — კოლმეურნეობის კრების დაწყების წინ კოლმეურნეობის თავმჯდომარე დღის წესრიგს რომ აცნობს დამსწრეებს შეკითხვით — ორი საკითხი გვაქვს განსახილველი ნალიის მშენებლობა და კომუნიზმის იდეალების განხილვაო. რომელი ავირჩიოთო. პასუხი — ვილაპარაკოთ კომუნიზმზე, ნალიის აშენებას შრომა სჭირდებაო.
მე-7 საუკუნეში არაბების მიერ საქართველოს აოხრების გახსენება, 21-ე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, შედეგს არ მოიტანს ისეთს, არაბებმა რომ კონტრაქტი გააუქმონ და აქედან მოჰკურცხლონ, მაგრამ არაბების ხსენებასთან ერთად მუსლიმანთა ხსენება, რომ სახარბიელო არ არის და რელიგიური დაპირისპირების მუხტად შეიძლება იქცეს, როგორც შინაურ, ისე გარეულ მუსლიმანებთან „არაბული დასახლებების“ მშენებლობაზე მეტად კრიტიკული საკითხია — რელიგიური შუღლის გამომწვევი.
„პატრიოტთა ალიანსის“ მიხედვით, არც თურქეთთან, არც მის სისხლით მონათესავე აზერბაიჯანთან, არც ირანთან და არც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან — ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან მუსლიმანები არიან.
დარჩა მართლმადიდებელი რუსეთი, რომლის ხსენებაც არ გვინდა. და თუ ვახსენებთ მხოლოდ ნეგატიურად.
ევროკავშირ-საქართველოს შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო, რამაც დიდი გნიასი გამოიწვია ოპოზიციაში.
ყველა გამომსვლელი, ეკრანიდან გვიხსნიდა, რომ ევროკავშირმა „ოცნების“ ხელისუფლების ცუდი მუშაობისა და დაუინტერესებლობის გამო გადადო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩანიშნული შეხვედრა, რაც რუსული პოლიტიკის ანარეკლია, რუსული დავალებააო, კრემლის მიერ მიცემულიო.
სად რუსეთი და სად ევროკავშირ-საქართველოს შეხვედრა? ნებისმიერ საღად მოაზროვნეს გაჩნდებოდა ასეთი აზრი, მაგრამ არა, იმ ვაი პოლიტიკოსმა შეასრულა დასავლეთის დავალება და რუსეთი, რომელიც არაფერ შუაშია, კიდევ ერთხელ აუგად მოიხსენია.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხომ სისტემატურად ლანძღავდა რუსეთს და მის პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით, დედ-მამის გინებას რომ უტოლდებოდა. გამოდის, რომ არც ერთი მეზობელი არ გვინდა, მაგრამ გვინდა ამ მეზობლების მიერ დამზადებული კვების პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავ-საპოხი მასალა, გაზი, ხორბალი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
„პატრიოტთა ალიანსის“ აზროვნებით, ქვეყანა რომ ვერ იხარებს ცხადია, რაც გაიგო საქართველოს ამომრჩეველმა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში 1%-იც არ გაიმეტა ამ პარტიისთვის.
საკუთარი თავის გათეთრებისთვის ხომ არ „ჩალიჩობს“ „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებში მწარე დამარცხების შემდეგ?!
„იჩალიჩოს“ ხალხის გარეშე! „პატრიოტთა ალიანსს“ ამერიკა-ვიეტნამის მაგალითს შევახსენებ, გაცილებით ახლოს, მე-7 საუკუნესთან შედარებით.
მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აშშ-ს ომი ჰქონდა გაჩაღებული კომუნისტურ ჩრდილო ვიეტნამთან, რომელიც კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა. კომუნისტურმა ჩრდილოეთმა ომით გაწმინდა სამხრეთ ვიეტნამის მარიონეტული ხელისუფლება, რომელსაც მხარს აშშ-ი უჭერდა. აშშ-ა ჩრდილო ვიეტნამს რაც რამ მძიმე ბომბები და მომწამვლელი ნივთიერებები ჰქონდა, წლების განმავლობაში თავზე აყარა. იმ ომში დაზარალებულების შვილებიც კი შეპყრობილი არიან სხვადასხვა სახის დაავადებებით. დღეს, ვიეტნამ-აშშ-ს შორის საქმიანი, პრაგმატული ურთიერთობებია. რამდენიმე წლის წინ ვიეტნამელები ოვაციებით შეხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტს, ოფიციალური ვიზიტით მყოფს.
სულ ახლახანს, იაპონიის „გამაბედნიერებელი“ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი სტუმრობდა ამ ქვეყანას, რომელმაც გაიხსენა წარსული ასე — აშშ-იაპონიას შორის იყო რაღაც უთანხმოება, მაგრამ დღეს, პარტნიორები ვართო. ასე „მსუბუქად“ შეაფასა აშშ-ს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის დაპირისპირების ისტორია, რომელსაც ახლიდა აშშ-ს მიერ ბირთვული ბომბების ჩაყრა ჰიროსიმასა და ნაგასაკში — უდიდესი მსხვერპლით.
აშშ-ს არც ერთ პრეზიდენტს ბოდიშიც არ მოუხდია იაპონიისთვის. იაპონიამაც დაივიწყა ამერიკელთა მზაკვრობა — ეს ძველმა თაობამ, ახალმა არცკი იცის, ვინ იყო ბომბების ჩაყრის ავტორი. სკოლის სახელმძღვანელოებში მოკლედ არის ნათქვამი დაბომბვის შესახებ, მაგრამ ვინ ჩაიდინა დანაშაული — არაფერი.
აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ირგვლივ ისე დახტოდა გახარებული იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი ქალბატონი სანაი ტოკაიტი (Sanae Takaichi), როგორც ბავშვი თოვლის ბაბუასთან.
იაპონიის მაგივრად საქართველო რომ ყოფილიყო, „პატრიოტთა ალიანსის“ აზრით, არათუ დაელაპარაკებოდა აშშ-ს, არამედ არცკი გაიხედავდა მის კენ. ჰქვია ამას პოლიტიკა?
ოპოზიციურ პარტიებს, „ოცნების“ უნიათობით იმდენი საკრიტიკო თემა აქვთ, დღეები და თვეები ვერ ამოწურავს, მაგრამ ამაზე რატომღაც არ ლაპარაკობენ. მარტო სახელმწიფო კორუფცია რად ღირს?!
ოპოზიციამ პირში წყალი ჩაიგუბა. ხელისუფლება არაფერს გვეუბნება — მიმდინარეობს თუ არა გამოძიება პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, სხვა მაღალჩინოსნების კორუფციულ „თავგადასავლებთან“ დაკავშირებით. არც მედია აქტიურობს, ისე, როგორც საჭიროა აღნიშნული სახელმწიფო ქურდობის გასასაჯაროებლად.
თუ რაზე ლაპარაკობს ოპოზიცია და მედია ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ჩანიშნული შეხვედრის გადადებაა — ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
პოლიტიკოსი, მითუმეტეს ოპოზიციონერი ესოდენ ზერელედ, რომ მიუდგება ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქურდობას, ნიშნავს ერთს — ის, ანუ ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ისე მოიქცეოდა, როგორც „ოცნება“. ოპოზიცია ვერ იაზრებს, რომ პრემიერ-მინისტრის, მინისტრების კორუფციით, ქართულად ქურდობით გატაცება უმძიმესი რამ არის ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის, მისი ეკონომიკური, სოციალური, სულიერი განვითარებისთვის, მდგრადობისთვის. ხელისუფლების თავში დაწყებული ქურდობა ფეხის ტერფამდე ყოფილა ჩასული — ხალხის მიერ რჩეულში, ხალხის ზურგს უკან.
კარგა ხნის წინათ ჩემს სტატიაში ხაზგასმით აღვნიშნე — რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმა პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის შენარჩუნებით უფრო იყო გამოწვეული, ვიდრე ქვეყნის გადარჩენით. ომი რუსეთთან, ნაძარცვის დაკარგვის მომასწავებელი იქნებოდა. აი, იმ ნაძარცვს უნდა „უმადლოდეს“ ხალხი ომის არ დაწყებას, რასაც დაბეჯითებით ჩაგვჩიჩინებდა დასავლური ფასეულობების მატარებელი ევროპა-ამერიკა.
ევროპული ფასეულობების მატარებელმა ევროკავშირმა, მისმა პოლიტიკამ კატასტროფამდე მიიყვანა უკრაინა. საბჭოთა პერიოდის წარმატებული რესპუბლიკა, გაცილებით ძლიერი ეკონომიკით, ვიდრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის.
2013 წლის 21 ნოემბერს შავი, სამგლოვიარო ასოებით ჩაიწერა უკრაინის ისტორიაში. 21 ნოემბერს დაიწყო მიტინგი კიევის მაიდანზე ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.
ჩვენ და მოლდოვამ მოვაწერეთ ხელი დასავლური ფასეულობების თაყვანისმცემლებმა. იანუკოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტმა გადავადება მოითხოვა. რატომ — იკითხავთ. იმიტომ, რომ „ასოცირება“ ართმევდა უკრაინას მრეწველობას, მანქანათმშენებლობას, გემთმშენებლობას და ა.შ. და აქცევდა აგრარულ ქვეყნად — ევროკავშირის მოთხოვნების შემსრულებლად.
საბოლოო ჯამში ასეც მოხდა ე.წ. პატრიოტი პოლიტიკოსების ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ.
ევროპული ფასეულობების მატარებელმა ევროკავშირმა, აშშ-ა ყველაფერი გააკეთეს უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის ქურდობაში ხელშესაწყობად. გაქურდებული უკრაინული პოლიტელიტა დამჯერი უნდა ყოფილიყო ყველა საკითხში, დასავლეთის მიერ ჩაწოდებულში, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთი თვლიდა, რომ კორუმპირებული უკრაინა იოლი სამართავი იქნებოდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კორუმპირებულობა წინა პლანზე წამოიწევდა, ურჩთა დასასჯელად.
განა ამას არ აქვს ადგილი დღევანდელ უკრაინასთან მიმართებაში?
აშშ-ა აამოქმედა კორუფციის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოს განსჯის საგანი გახდა.
უკრაინულმა კორუფციამ ისე გაიდგა ფესვი უკრაინის პოლიტიკაში და არა მარტო, რომ მას (პოლიტიკას) ქურდობის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.
ვისაც ახსოვს უკრაინის „მაიდნის რევოლუცია“, ემახსოვრება „პატრიოტი“ პოლიტიკოსების პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. ისინი ისტერიულად გაჰყვიროდნენ იანუკოვიჩის ოქროს უნიტაზზე, სხვა სიმდიდრეზე. თუმცა ოქროს უნიტაზის არსებობა ვიდეო-კადრებს არ დაუფიქსირებია.
კიევის „მაიდანმა“ ხელისუფლებაში მიიყვანა ფაშისტურად მოაზროვნე, რუსოფობი, ე.წ. პოლიტიკოსები, ოქროს უნიტაზის წინააღმდეგ მებრძოლნი — ძარცვის იდეით შეპყრობილნი.
იანუკოვიჩის ოქროს უნიტაზმა მათ ხელში იბარტყა. ნაცვლად ერთისა, უკრაინამ მრავალი ოქროს უნიტაზი მიიღო — ევროპა-ამერიკაში შეძენილ ვილებში.
აშშ-ს რესპუბლიკურ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპს თვალში არ მოსდის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ, დემოკრატ ბაიდენთან კორუფციული გარიგებით ჩახუტებული ზელენსკი და განაჩენიც გამოაქვს — ან კორუფციის ბოლომდე გამოვლინება, ან ომის დამთავრების ტრამპისეული გეგმის გაზიარება, თანაც 27 ნოემბრამდე.
უკრაინის მაგალითი კარგად უნდა გააანალიზოს ქართულმა პოლიტიკამ — შესაბამისი დასკვნების გაკეთებისთვის.
დავუბრუნდეთ „პატრიოტთა ალიანსის“ „პატრიოტულ“ მოწოდებას — ვებრძოლოთ მუსლიმან არაბებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში. ვებრძოლოთ? როგორ, რანაირად? მიტინგით და მკერდზე მჯიღის რტყმით, „ობიექტივის“ ტელეეთერიდან?
პარტია, რომელიც 1%-საც ვერ აგროვებს ადგილობრივ არჩევნებში, უფრო მოკრძალებულად უნდა იქცეოდეს, ბრძოლის სხვა მეთოდი უნდა შეიმუშაოს და არა გაცვეთილი „მიტინგობა“. და არა მარტო „პატრიოტთა ალიანსმა“, არამედ სხვა პარტიებმაც, მათ შორის „ოცნებამაც“, ვინაიდან გამოწვევები ბევრია რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ. მათთან განმკლავება მხოლოდ გონივრული პოლიტიკით, დიპლომატიით უნდა გადაწყდეს და არა მიტინგებით, ფსევდო-პატრიოტიზმით, მითუმეტეს ძალით, რომელიც არ გვაქვს.
თანამედროვე ცხოვრება მოითხოვს საგარეო ურთიერთობების მრავალფეროვნებას და არა ერთი მიმართულებით სვლას, პრაგმატულ კავშირებს, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ დარგში. სამწუხაროდ, ამ მხრივ დასაკვეხი არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, საქართველოს პოლიტიკური ვექტორი რომაა — ევროკავშირი და ნატო. ამით მოაქვს თავი „ოცნების“ ხელისუფლებას, რომელსაც დასავლეთმა კონსტიტუციაშიც კი ჩააწერინა აღნიშნული პოლიტიკური განვითარების გეზი.
არის თუ არა მსგავსი ჩანაწერის არსებობა ქვეყნის მთავარ კანონში საკამათო თემა?
კონსტიტუცია ქვეყნის ცხოვრების მოკლე პერიოდისთვის არ იწერება. კონსტიტუცია მრავალწლიანი უნდა იყოს. თუმცა ისეთი „ახალგაზრდა“ ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კონსტიტუციის შეცვლა, მასში ცვლილებების შეტანა დასაშვებია.
საკონსტიტუციო ცვლილებები უცხო არ არის საერთაშორისო არენაზე მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოთამაშე მსოფლიო ქვეყნებისთვის. ასე რომ, უმჯობესი იქნებოდა მმართველ პარტიას დაეწყო ამაზე ფიქრი დღეს, ვინაიდან ხვალ დაგვიანებული იქნება. ხვალ, იგივე დასავლეთი გვაიძულებს გადავდგათ ეს ნაბიჯი სიტყვებით — საერთაშორისო ცხოვრება შეიცვალაო.
მკითხველისთვის ცნობილია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო ხელშეკრულების ამერიკული 28-პუნქტიანი პროექტი, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე, ნატოზე უარის თქმაზე და ამის კონსტიტუციაში დაფიქსირებაზე, ისე, როგორც ნატოს დოკუმენტებში, რომ ეს ორგანიზაცია არასდროს გააწევრებს უკრაინას ნატოში.
ძახილი იმისა, რომ რუსეთს არავინ ეკითხება ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრება — აბსურდია. და რატომ?
იმიტომ, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი — ვეტოს უფლებით, მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა და სუპერ-სახელმწიფო. რუსეთს ანგარიშს უწევენ, მათ შორის აშშ.
განა ამ ანგარიშის გაწევის შედეგი არ არის აშშ-ს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაში აღნიშნული საკითხის ჩაწერა?
უკრაინა არ იქნება ნატოს წევრი, რაც ნატოს წევრებმა უნდა გაითვალისწინონ და შეასრულონ.
საქართველოს პოლიტიკამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს რუსეთის ლანძღვა-გინებას ნებისმიერ კონტექსტში, რასაც დღეს აქვს ადგილი. გამოიყენოს გონიერება და არა უადგილო ემოციები, რამეთუ ემოციებით თავის ქება, რასაც ქართული პოლიტიკა აკეთებს დასავლელთა გასახარებლად, წარუმატებლობის მომტანია ქვეყნისთვის, ამასთანავე თვით იმ დასავლეთში საქართველოს მიმართ მჩატე, მეტიჩარა ქვეყნის იმიჯის შემქმნელი.
პოლიტიკური სიმჩატე და მეტიჩრობა არც იქ უყვართ. იქ კარგად იციან, რომ ასეთი ქვეყანა ხვალ მათ შეუბრუნდება იმავე ტერმინოლოგიით, რასაც დღეს იყენებს რუსეთის „დასახასიათებლად“.
საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეული საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და არა ოპოზიციასთან ყოველდღიური კინკლავით. ისეთი გამოთქმის მსგავსად, როგორიცაა — „ღორმა, ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო“. საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ დასავლეთისკენ 30-წლიანმა ხეტიალმა მოგვიტანა გამოუსწორებლობის ზღვრამდე მისული შედეგი — ერის თვითშეგნების გამოცლა, მისი ჩანაცვლება მომხმარებლური სულისკვეთებით, დიდი ფულისადმი, უზომო თაყვანისცემით.
განა, ამის შედეგი არ არის ყოფილი პრემიერის სახლში არსებული ოქროს ზოდები? ანდა ასზე მეტი ძვირფასი მაჯის საათი?
რაღა ღარიბაშვილი და რაღა ფილიპინების ყოფილი მმართველის ფერდინანდ მარკოსის მეუღლის, დედაქალაქ მანილის გუბერნატორის იმელდა მარკოსის ასზე მეტი ფეხსაცმელი, შესაძლოა მეტიც, რაც მთელი მსოფლიო მედიის განხილვა-ქილიკის თემა იყო.
აქვე, ცნობისთვის გეტყვით, საბჭოთა პერიოდში იმელდა მარკოსი და მისი ასზე მეტი თანმხლები პირი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში. მის პროგრამაში საქართველოს მონახულებაც შედიოდა. თქვენს მონამორჩილს, საქართველოს სსრ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჰქონდა მისი მასპინძლობის შესაძლებლობა. სატელევიზიო ინტერვიუც ჩავიწერე და გავუშვი საქართველოს ტელევიზიით.
ღარიბი ქვეყნის მმართველებს გონებაში უნდა ჰქონდეთ ჩაბეჭდილი, რომ სახელმწიფო დოვლათის ძარცვა არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულია, არამედ სინდის-ნამუს გარეცხილობაც. ასეთი ხარბი ხელმძღვანელი უნდა დაგმოს საზოგადოებამ. მაგრამ ვერ დაგმობს, ვინაიდან თვით საზოგადოება გაახარბა ფარისეველმა დასავლეთმა.
ზემოთ აღვნიშნე გამოწვევების შესახებ, რომლებსაც გაანალიზება სჭირდება და სულ სხვა თვალით შეხედვა, ვიდრე ცრუ პატრიოტიზმი. სახელმწიფოსთვის საჭიროა ინვესტიცია და ვისი იქნება ის, არაბის თუ ევროპელის, საპროტესტო არ უნდა იყოს.
ჩადონ, მაგრამ შენი კანონმდებლობა უნდა მოარგო უცხოურ ინვესტიციას ისე, რომ მასპინძლის ინტერესი არ დაზიანდეს, მხედველობაში მაქვს არა ხელისუფლება, რომელიც სისტემატურად იცვლება, არამედ ქვეყანა. ხელისუფლებამ, როგორც ხალხის მიერ არჩეულმა, უნდა გაითვალისწინოს ფინანსური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური საკითხები. გააცნოს პარლამენტის წევრებს მაინც, ჰკითხოს აზრი სპეციალისტებს და შემდეგ მოაწეროს ხელი დოკუმენტს.
ხელისუფლებამ, საზოგადოება ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენოს. ხელისუფლების გადაწყვეტილება ზოგიერთ საკითხში თუ მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებას ემთხვევა, ზოგში უკმაყოფილებას იწვევს, გაღიზიანებას, უპატივცემულობის ჩამოყალიბებას მთავრობის მიმართ, მაგრამ მან მთავრობაში უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს. პირიქით, მთავრობა უნდა ცდილობდეს ზოგიერთთა დარწმუნებას და საკუთარ მხარეზე გადაყვანას.
ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ შუქის, გაზის, წყლის სისტემატური გამორთვა ხელისუფლების გინებისკენ განაწყობს ხალხს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლები დიდ ფინანსურ დასჯას არ უნდა განიცდიდნენ. ხელისუფლება სიხარულით არ უნდა გვატყობინებდეს, რომ ავტოტრანსპორტით მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტმა მილიონობით ლარი მიიღო, გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წელს.
მოდით დავსვათ კითხვა — რისთვის არის შემოღებული ჯარიმები?
იმისთვის, რომ მძღოლმა არ დაარღვიოს მოძრაობის წესები! თუ მძღოლი(მძღოლები) წელს უფრო მეტად არღვევენ, ვიდრე გასულ წელს, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მოძრაობის წესების გამკაცრება ჯარიმებით მიზანს ვერ აღწევს?!
იქნებ მოძრაობის წესებია შესაცვლელი, გასამარტივებელი და არა გასართულებელი?
გართულება ხომ არ ნიშნავს ხელისუფლების სურვილს ხალხის ჯიბიდან ფულის ამოსაღებად?
მსგავსი შეკითხვა ყველა მძღოლის თავში იბადება და მასთან ერთად ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა.
ხელისუფლება, რომელსაც ყველა მხრიდან უტევენ, ერთი რამ დარჩენია — ხალხის ინტერესების გათვალისწინება. გაუთვალისწინებლობა მარცხს ნიშნავს და იმ საყრდენის გამოცლას, რომლითაც 13 წლის განმავლობაში თავი მოაქვს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
25/11/2025
