და გაგრძელდება ცხოვრება „საამური“
პატრიოტიზმის მცნება მრავალმხრივია, ჩემის გაგებით აბსტრაქტულიც. პატრიოტიზმი მოიცავს სამშობლოს სიყვარულსაც და მისთვის თავის შეწირვას. პატრიოტიზმია მშობლიური ენის, საკუთარი ცხოვრების წესის, აღმსარებლობის სიყვარული. პატრიოტიზმია იმ სამუშაოს პირნათლად შესრულება, რომელშიც ხარ ჩართული. პატრიოტიზმია, როდესაც მეეზოვე ქუჩას კარგად გვის და გამვლელი არ ანაგვიანებს.
პატრიოტიზმია, როდესაც საქალაქო ტრანსპორტის მოლოდინში სიგარეტს არ წევ და ნამწვავს ტროტუარზე არ აგდებ, ფეხით არ სრესს. პატრიოტიზმია, როდესაც შუაღამეს ავტომანქანის საყვირს არ აჭიხვინებ, რითაც სიმყუდროვეს უხშობ სხვას. პატრიოტიზმია, როდესაც ქუჩაში ხმამაღლა არ ლაპარაკობ და არ აფურთხებ, ცხვირიდან ჟღვინტს არ ისვრი და ჭუჭყიან ხელს ტანსაცმელზე არ იწმენდ. პატრიოტიზმია, ტუალეტში შარდვის შემდეგ, ხელს რომ იბან და დაუბანელ ხელს სხვას არ ართმევ. პატრიოტიზმია, როდესაც შენი ხანგრძლივი ტელე-ლაყბობით ტვინს არ უბურღავ მაყურებელს, მსმენელს.
პატრიოტიზმი ბევრი სხვაც არის, ჩვენ რომ პატრიოტიზმად არ მიგვაჩნია და რომელთა შესრულება სიკეთეს მოუტანდა ყველა ჩვენგანს, ხალხს, ქვეყანას.
პატრიოტიზმი არ არის ცრუ, ტყუილი ლაქლაქი, ქართულ სუფრაზე ხანგრძლივი სადღეგრძელოების თქმა, ქართველი პოეტების ლექსების გამოყენებით.
პატრიოტიზმი არ არის ტელეკომპანია „ობიექტივის“ ანტიმუსლიმური მონოლოგების, დიალოგების ეთერში გაშვება , რასაც ამჯერად აქვს ადგილი, არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, არაბთათვის მიწების მიყიდვასთან და ა.შ.
არაბული დასახლებებისთვის მიწების მიყიდვა და ამ საქმეში ჩადებული არაბული ინვესტიციებით ყელყელაობა, რასაც სამწუხაროდ ხელისუფლება მიმართავს არათუ ანტიპატრიოტული გადაწყვეტილებაა, არამედ მოღალატური.
ფესვი ამ მოღალატური ქმედებისა არა არაბული კომპანიაა, არამედ აქაური ხელისუფლება, რომელმაც გზა გაუხსნა აღნიშნულ კომპანიას საქართველოში ააშენოს ე.წ. არაბული სოფლები, ანუ ელიტარული დასახლებები, სადაც ნებისმიერს შეეძლება საცხოვრებელი ბინის შეძენა, მათ შორის არაბებს და სხვათა შორის ჩვენც.
ამ „ჩვენში“ ვინ იგულისხმება?
ალბათ ის, ვისაც ფული აქვს, თანაც ბევრი, ფულიანები კი ვინ არიან, კარგად მოგეხსენებათ — საბიუჯეტო ორგანოებში და ბიზნესში მომუშავენი. მაგრამ მათ ხომ იმდენი ბინა და სახლი აქვთ — ვერ დათვლით, რაც დამტკიცდა კიდეც გამოძიების მიერ კორუფციაში ეჭვმიტანილი 3 პირის 80 ბინის ჩხრეკით. 3 პირზე 80 ბინა და სხვა სიმდიდრე რომ ფიქსირდება, რაღა გამოძიებაა საჭირო, ყველაფერი ნათელია.
ისიც ნათელია, რომ ეს ბინები „ხრუშჩოვკებში“ არ არის — ელიტარულ სახლებშია — საცურაო აუზებით, ფიტნეს დარბაზებით და ა.შ. იქნება ბინა (ბინები) — კორუფციაში არ გადის? იქნებ კორუფცია მარტო ისაა, სახლში 6,5 მილიონი დოლარი, ათასობით ლარი და ოქროს ზოდები გაქვს?
აღარაფერს ვამბობ ასზე მეტ ძვირფას მაჯის საათზე, ქალის სამკაულებზე.
საქართველოს რიგითი მოქალაქე ვერ შეიძენს არაბების მიერ აშენებულ სახლში ბინას, 200 წელი რომ იცხოვროს და ამ 200 წლის განმავლობაში სოლიდური ხელფასი რომ ჰქონდეს.
მოდით დავსვათ კითხვა — რა საჭიროა არაბთა მიერ აშენებული საცხოვრებელი „სოფლები“, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე საცხოვრებელი სახლია, თანაც ელიტარული, რომელიც ელის მყიდველს?
იმ არაბული კომპანიისთვის ხელისუფლებას სხვა შეკვეთა რომ მიეცა, მაგალითად მუზეუმის აშენების, გაჯიქდებოდა და „არაბულ სოფელს“ შემოგვტენიდა?
ინვესტორი, რომელიც ფულს აბანდებს ქვეყანაში, ისეთში, როგორიც ჩვენია, როგორც წესი ხელისუფლების გარანტიის მიღების ძებნაშია. ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმება მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. ასე რომ, პატრიოტულად ანთებულნო, ნაცვლად უცხო მუსლიმურ ქვეყნებზე ყურადღების გადატანისა უმჯობესი იქნებოდა მთავრობისთვის მიგემართათ განმარტებისთვის, არა ისეთისთვის, როგორიც მოვისმინეთ, არამედ რეალურის.
„პატრიოტთა“ ანტიმუსლიმური აღტყინება და თქმა იმისა, რომ ირანული, თურქული, არაბული ინვესტიციები არ გვინდა, ვინაიდან მუსლიმები საუკუნეთა განმავლობაში გვინგრევდნენ ქვეყანას — ღიმილის მომგვრელია ყველა თანამედროვე მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის.
გლობალიზაციის ეპოქაში კარჩაკეტილობა შეუძლებელია. კარჩაკეტილი იყო გასული საუკუნის მეორე ნახევარში ალბანეთი — მისი მმართველის ენვერ ხოჯას წყალობით, რამაც ეს ქვეყანა ევროპის უღარიბესად აქცია.
საქართველოს უპირველესად მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ისინი ხომ მუსლიმანური არიან — რუსეთის გამოკლებით?
ცრუ პატრიოტთა განმარტებით, მათთანაც უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა! შორს წავალთ მეგობრებო, ჩაბნელებულ გვირაბში სიარულით.
მოწოდება — არ გვინდა მუსლიმური ქვეყნები, ალბათ არც მუსლიმი მოსახლეობა, ლოზუნგები, რომელიც „ობიექტივიდან“ ჟღერს, ქვეცნობიერად ხომ არ გამოიწვევს მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილებას?
ეჭვი არ მეპარება, რომ გამოიწვიოს. ასეთს ადგილი ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდა, როდესაც გამსახურდიამ განაცხადა —„საქართველო ქართველებისთვის, და გავაუქმოთ აჭარის ავტონომია, იქ ხომ ქართველები ცხოვრობენო“.
ახალმა თაობამ არ იცის რა მოჰყვა გამსახურდიას პატრიოტულ განცხადებას აჭარაში, სადაც მთელი აჭარა ფეხზე დადგა საკუთარი ავტონომიის დასაცავად. მაშინ ასლან აბაშიძეს დიდი შრომის გაწევა მოუხდა „რევოლუციის“ ჩასახშობად და სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში შევარდნილი მეამბოხეების გამოსაყვანად, დასამშვიდებლად.
მოვკითხოთ ხელისუფლებას და არა არაბულ კომპანიას — რატომ მაინცდამაინც „არაბული სოფელი“ და არა მაგალითად საწარმოთა ქსელი, სოფლის მეურნეობის აღორძინება და სხვა.
„არაბული სოფლის“ მშენებლობაში დიდი ფული ჩაიდება, ამდენად ხელისუფლების ინტერესი ამ ფულით არის განპირობებული, რასაც არც მალავს.
დიდი ინტერესია, დიდი შემოსავალია ხელისუფლებისთვის, ბიუჯეტისთვისაც, მაგრამ უმთავრესად შემომყვანისთვის. დაიწყება მშენებლობა და წლობით გაიჭიმება, ისე, როგორც თბილისის ოპერის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობა, სადაც ადრე, კომუნისტების დროს პროფკავშირები იყო, შემდეგ იუსტიციის სამინისტრო. სააკაშვილის ჟამს გადაეცა ეს შენობა უცხოურ კომპანიას სასტუმროდ გადასაკეთებლად. რეკონსტრუქცია დაიწყო და შეჩერდა. დგას მას შემდეგ ეს ისტორიული შენობა ძონძებჩამოფარებული, უმოქმედოდ, ისე, როგორც კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბჭოური პერიოდის ფუნდამენტური შენობა, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო განთავსებული. მასაც ძონძები ფარავს — უპატრონოდ მიტოვებულს.
მერამდენე წელია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ენით აუწერელი, უსაგნო ფუსფუსია, მიწის გატან-შეტანა დაუსრულებლად. ამ და სხვა მიტოვებულ ობიექტების მშენებლობა დაეკვეთა ხელისუფლებას არაბული კომპანიისთვის უკეთესი იქნებოდა, ვიდრე „არაბული სოფელი“.
სულ ახლახანს, რუსულმა ტელეარხმა მოკლე სიუჟეტი გაუშვა მოსკოვის იპოდრომის რეკონსტრუქციის მიმდინარეობის ამსახველი. ტრიბუნები, გადიდებულ-გაფართოებული, მსოფლიოში საუკეთესო, ისე, როგორც არენა, ცხენებისთვის განკუთვნილი სადგომი — სპეციალური საშხაპეებით და გასაშრობი მოწყობილობით.
იპოდრომის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეამოწმა მოსკოვის მერმა სობიანინმა, რომელმაც თქვა — მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება და საუკეთესო იქნება ევროპასა და მსოფლიოში. შენობაში იქნება რესტორნები, კაფეები, ბარები და სხვა საჯარო დანიშნულების სათავსები.
„ოცნების“ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე იპოდრომი დაანგრია. ჯერ იაპონური ბაღის გაკეთებას დაგვპირდა, შემდეგ ჩვეულებრივის. იპოდრომი კი მოკვდა, მასთან ერთად ქართული სპორტის სახეობები — ცხენბურთი, მარულა. ქართველის ცხენთან ურთიერთობას წერტილი დაესვა და ვითომც არაფერი. არვინ გამოჩნდა ისეთი, ვისაც სურვილი აღძვროდა იპოდრომის დაცვის სასარგებლოდ.
თუმცა რა გასაკვირია იპოდრომის განადგურების ისტორია, როდესაც ფიზკულტურის ინსტიტუტის შესანიშნავი შენობა, ფუნდამენტური საბჭოური არქიტექტურის განსახიერება დაანგრიეს და მის ნაცვლად ვიღაც ვიგინდარა დეველოპერმა საცხოვრებელი სახლი წამოჭიმა.
დანგრევას გადაურჩა უნიკალური ისტორიული შენობა, რომელშიც მეფის რუსეთის დროს სასულიერო სემინარია იყო განთავსებული, შემდეგ ხელოვნების მუზეუმი. ამ სასულიერო სემინარიაში სტალინი სწავლობდა. „ოცნებამ“ უმალ გამოუტანა განაჩენი — დანგრევა, ვინაიდან საძირკველი აქვს დასუსტებულიო.
მაშინ მუზეუმის თანამშრომლების საპროტესტო გამოსვლებმა შეაჩერა „განაჩენის აღსრულება“. შეაჩერა და მერე რა? მუზეუმის თანამშრომლებმა კატეგორიულად მოითხოვეს შენობის აღდგენა და მერე რა?
არვინ იცის რა დონეზეა სარესტავრაციო სამუშაოები, როდის დასრულდება, როდის იხილავს საზოგადოება რესტავრირებულ მუზეუმს, სადაც ქართული საგანძური იყო გამოფენილი.
უპატრონოდ არის მიტოვებული რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ყოფილი „ოფიცერთა სახლი“, ისე, როგორც პლეხანოვზე „რუსთავის“ ყოფილი სასტუმრო, კინოთეატრი „ოქტომბერი“, სოლოლაკისა და პლეხანოვის გამზირის შემოგარენში არსებული მე-19 საუკუნის შენობები.
რაღა „არაბული სოფლების“ მშენებლობა სოლოლაკის, ძველი თბილისის უნიკალური შენობების რესტავრაცია დაეკვეთა ხელისუფლებას არაბული კომპანიისთვის ის არ ჯობდა?
აქვე აღვნიშნავ „ოცნების“ ხელისუფლების ისეთ აზროვნებას, რომელსაც საზოგადოებაში მოაქვს მისთვის („ოცნებისთვის“) არასასურველი ლაპარაკი, კორუფციასთან დაკავშირებული.
სხვას ვერაფერს იფიქრებს ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, როდესაც ისმენს ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის შესახებ, როდესაც ქალაქს აქვს „ფიფას“ სტანდარტების შესაფერისი სტადიონი, ანდა ახალი აეროპორტის მშენებლობას, როდესაც გაქვს აეროპორტი, რომლის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს.
ტრამვაის გაყვანის პროექტი ხომ თავისი ფანტაზიურობით ყოველგვარ რეკორდებს ხსნის?
ამ პროექტებში მრავალი მილიონი ჩაიდება, რომელთაგან რამდენიმე დამკვეთის ხელს გაჰყვება, როგორც არაფერი. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციიდან, რამდენი ათასი, მილიონი გაჰყვება დამკვეთის ხელს?
არა, ამას არ იკადრებენო — იტყვიან, თუმცა დღეს ვინ დაიჯერებს, როდესაც უამრავი „ოცნებელია“ დაჭერილი ქურდობისთვის?!
„ოცნების“ რეპუტაცია თვით „ოცნებამ“ შეარყია, რასაც მოჰყვა საზოგადოების მორიგი აღშფოთება, თუმცა არარევოლუციური. სერიოზული ოპოზიციის არსებობის შემთხვევაში, ხალხი მას გაჰყვებოდა, მაგრამ ისეთი ქარაფშუტა და არანაკლებად ხელგასვრილი, კორუმპირებული, ვერ იპყრობს მის ყურადღებას, ანდა როგორ მიიპყრობს გამომძალველი ნაცმოძრაობა — ოპოზიციის დამკვრელური ძალა, საზოგადოების თვალში დისკრედიტებული?
ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების განმავლობაში საქართველოში ვერადავერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა — გამართული ხელისუფლებით და გამართული ოპოზიციით. ნაცვლად შეიქმნა ზეგამართული კორუფცია — სახელმწიფო ბიუჯეტის, უცხოური გრანტების, ინვესტიციების მღრნელი.
35 წლის განმავლობაში ძველი ხელისუფლება, ძალის გამოყენებით, იშვიათად არჩევნების გზით იცვლებოდა და ყველას რომ გვეგონა უკეთესით, უარესი შედეგი მოჰქონდა.
უკეთესის მოლოდინში ვიყავით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვებით, თუმცა ამაოდ, იმედგაცრუებას ადგილი უცბათ არ ჰქონია. საზოგადოებას, დაეჭვებულს „ოცნების“ დანაპირების შეუსრულებლობაში, მაინც ეგონა, რომ რაღაც პოზიტიური ძვრა იქნებოდა. ამაოდ.
შედეგი სავალალო. ხელისუფლებამ მიიღო ინდიფერენტულად განწყობილი საზოგადოება. ხალხი, რომელსაც არ აღელვებს რუსთაველის კინოთეატრის დახურვა და შენობის არაბული კომპანიისთვის გადაცემა; არაბული დასახლებების დაფუძნება, ხელოვნური ბუჩქებითა და ხეებით თბილისის ქუჩების „გალამაზება“, და ამ ხელოვნურში ათასობით დოლარის გადახდა; არ აწუხებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიტოვება — მიუხედავად დაპირებისა მისი აღდგენის თაობაზე.
საზოგადოება დისკომფორტს განიცდის წყლის და შუქის სისტემატური გამორთვის გამო, მაგრამ ხმას არ იღებს, არ აპროტესტებს მერიის შენობასთან. „ოცნებამ“ ისეთ საწადელს მიაღწია, ბევრი დასავლელი პარტია რომ ინატრებდა — ხალხის ინდიფერენტიზმს. ხალხი არც იმას გააპროტესტებს, ღარიბაშვილი რომ გაამართლონ და ნაპოვნ სიმდიდრეზე სამართალდამცავმა ორგანოებმა თქვან — ჩიტმა მიიტანა ფული და ოქროს ზოდები ღარიბაშვილის სახლში, მაგრამ მან არაფერი იცოდაო.
დარწმუნებული ვარ, არაბული კომპანია დათქმულ ვადაში ვერ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, შეიძლება თავიც მიანებოს, როგორც სასტუმროების მშენებელმა უცხოურმა კომპანიებმა. მას არვინ არაფერს მოსთხოვს, ვინაიდან ხელისუფლების დღევანდელი წევრები აღარ იქნებიან, ახლები კი იტყვიან — ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ხალხის სიკეთის გასაუმჯობესებელი ფული არაბული კომპანიის და ხალხის „რჩეული“ ხელისუფლების ჯიბეებში აღმოჩნდება.
გავა დრო, მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც დღევანდელის საქმიანობას გამოიძიებს არა იმისთვის, რომ სახელმწიფო კორუფციას წერტილი დაუსვას, არამედ პირადი შური იძიოს ყოფილებზე.
და გაგრძელდება ცხოვრება „საამური“, რომელსაც განავლის სუნი აუვა, თუმცა არვის შემაწუხებელი. ასე ვიცხოვრებთ კორუფციულ ჭაობში, ვიდრე სული არ ამოგვხვდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
15/11/2025
