10.10.2025

მიტინგით ქვეყანა არ აშენდება

4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს ისტორიაში წითელი ხაზების გადაკვეთის მსგავსად, წითელი ზოლის, ანუ აკრძალულის გადალახვის სახელით შევა, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან, მოკრძალებულ რაოდენობაზე დასვლა დაადასტურა.

საქართველომ მოახერხა ის, რასაც სხვა ქვეყნებიც ახერხებენ ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ იმ სხვა ქვეყნებს მეტნაკლებად აწყობილი აქვთ ცხოვრება, სოციალური პირობები — დამაკმაყოფილებელი. იქ მოსახლეობის ჭირ-ვარამს ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად წყვეტს, ვინაიდან მის პრეროგატივაში არ შედის — ვაჭრობის, მომსახურების სფეროები. პასუხისმგებლობიდან გამომდინარე წვრილი, საშუალო და მაღალი დონის ბიზნესი არც თავს აკადრებს და არც მომხმარებელს იმას, რასაც აქ.

მრავალი წლის წინათ ბატონმა ილია ტაბაღუამ, პროფესორმა და ცნობილმა პიროვნებამ მითხრა — პარიზის არქივებში მუშაობის დროს ბინა მქონდა დაქირავებული პატარა სახლში, რომლის პირველ სართულზე სუპერმარკეტი იყოო. იქ ვყიდულობდი პურსა და სხვა პროდუქტებსო. როდესაც პირველად შევედი სუპერმარკეტში მეპატრონეს არაფერი უთქვამს, მაგრამ მეორედ შესვლისას ბოდიშის მოხდით მკითხა — ხვალაც მოხვალთო? და თან დაამატა — იმიტომ გეკითხებით, პურის რაოდენობა ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეზე მაქვს გათვლილი და თუ თქვენ სისტემატურად იყიდით, მაშინ მეპურეებს ვთხოვ ერთით მეტი პურის მოტანასო.

აქ რა გვაქვს?

დილის 8 საათზე არც ერთ სუპერმარკეტში პური არ არის, თუ არის — ძველი. ჰკითხავთ იქ მომუშავეს და მკვახე პასუხს მიიღებთ — 9-19 საათის შემდეგ მოიტანენო — საყვედურით გეუბნებიან — არ უნდა იცოდე რა დროს მოაქვთ პურიო?!

დანარჩენ პროდუქტებზე აღარაფერს ვამბობ — ცელოფანში გახვეულნი ოქტომბრის რევოლუციის ამბავს მოგიყვებიან, საბჭოურის და არა ა.წ. 4 ოქტომბრის, არშემდგარის, თბილისში რომ ჰქონდა ადგილი.

მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ ჩემი ნაცნობი ებრაელის ისტორიიდან, რომელიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად ისრაელში წავიდა კარგი ხნის წინათ. იქ დასახლდა, შეეგუა იქაურ ცხოვრებას და როდესაც თბილისში მცირე ხნით ჩამოვიდა შვებულებით, მომიყვა ცხოვრების დასაწყისში შეხვედრილ არასასიამოვნო თავგადასავლებზე.

მას თავის ნათესავთან დაუწყია მუშაობა მაღაზიაში, რომელიც სოფლის პროდუქტებით ვაჭრობდა. მისი მოვალეობა იყო მწვანილის დახლზე დაწყობა და დღის ბოლოს შემორჩენილის, საუტილიზაციო ტომარაში ჩაყრა. ჩემს ნაცნობს გადაუწყვეტია შემორჩენილი მწვანილისთვის წყლის შხეფების დასხმა და დილით ისევ დახლზე დაწყობა. როდესაც მაღაზიის პატრონს უკითხავს შემოსული თანხის სიჭარბე რით იყო გამოწვეული, ჩემმა ნაცნობმა „ნოვატორმა“ უპასუხა — ძველი გავყიდეო. როგორ თუ ძველი გაყიდე შე არამზადავ, ჩემი მუდმივი მყიდველი გაიგებს და ფეხს აღარ შემოდგამს მაღაზიაშიო. და ნაცნობი ებრაელი კინწისკვრით გააძევა მაღაზიიდან.

ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში, ერთ-ერთი კუთხის სახლის პირველ სართულზე პატარა მაღაზია გახსნეს თბილისელმა ებრაელმა ძმებმა. მაღაზია აუდიო-მაგნიტოფონებით ვაჭრობდა, თანაც ისეთით, მხოლოდ საბჭოთა კავშირში რომ იმუშავებდა, ელექტროენერგიის ძაბვიდან გამომდინარე. ნიუ-იორკში ვინც კი საბჭოელი იმყოფებოდა ყველა ამ მაღაზიაში მიდიოდა, მათ შორის მეც. მეპატრონეები იქვე ცხოვრობდნენ, პატარა ოთახში. მაგნიტოფონები ჰონგ-კონგიდან ჩამოჰქონდათ.

მრავალი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ყოფნის დროს, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობაში მომუშავე ჩვენს დიპლომატს ვკითხე იმ მაღაზიის და მეპატრონეების შესახებ. მაღაზია აღარ არის, ვინაიდან აღარავის სჭირდებაო, მაგრამ ერთ-ერთი ძმა ცოცხალია, დიდი ბიზნესმენია, საკუთარი თვითმფრინავი ჰყავსო, მითხრა.

ეს ისტორიები იმიტომ მოგიყვანეთ, რომ უპასუხისმგებლო ვერასდროს დააფასებს შრომას, სხვის დროს, ვერასდროს მიხვდება, რომ მასთან მისული ადამიანი მისი მონა არ არის.

ავტომანქანის მძღოლები დამეთანხმებიან, რომ ხელოსანი არასდროს მიდის სამსახურში იმ დროს, მის „ბოქსს“ რომ აწერია, პირობითად 9 საათი. თუ ვინმე ნახეთ გვერდით „ბოქსებში“ მომუშავე, გეტყვით — მალე მოვაო. ხელოსანი კერძო მეწარმეა და რახან თვით არის თავისი თავის ბატონ-პატრონი, როცა უნდა მაშინ მიდის სამსახურში. არავითარი პასუხისმგებლობა კლიენტის, მომხმარებლის მიმართ.

კერძო არ უნდა ნიშნავდეს უდისციპლინობას, რასაც აქ სამწუხაროდ აქვს და ექნება ადგილი, ვიდრე ხალხი არ მიეჩვევა დისციპლინას, შრომას; ვიდრე სამსახურში ერთმანეთში ლაყბობას არ დაესმება წერტილი, როდესაც კლიენტი დგას და ელოდება ლაყბობის ფინალს.

საქართველო ჯერ-ჯერობით იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შედის, სადაც ზემომოყვანილი მაგალითები თავისთავად გვარდება. საქართველო — ის ქვეყანაა, სადაც მსგავსი და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების გარეშე, უფრო სწორად ჩარევის, არ და ვერ გადაწყდება. ასე რომ, ადგილობრივი არჩევნები სწორედ ის არის, რასაც მოსახლეობამ ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმოს.

ამომრჩეველს მიაჩნია, რომ რანგით მაღალი საპარლამენტო არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია. არვინ დავობს, რომ ეს ასეა, მაგრამ საპარლამენტო, საქვეყნო საქმეების მომგვარებელია; ადგილობრივი — ყველაფერი იმის, რაც ჩვენს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებს ეხება. ადგილობრივი არჩევნების პრეროგატივა არ არის საგარეო პოლიტიკის განხილვა ან ქვეყნის თავდაცვის საკითხებზე მსჯელობა—გადაწყვეტა.

როდესაც მოსახლეობა თავს არიდებს ადგილობრივ არჩევნებს, არ აინტერესებს ვინ დაეხმარება მას მთელი რიგი საკითხების მოგვარებაში, გამოდის, რომ არ აინტერესებს საკუთარი ცხოვრება. მიზეზი მოსახლეობის უცოდინარობაშია, უცოდინარობა კი ხელისუფლების ბრალია. მან უნდა აუხსნას ფართო საზოგადოებას დაბალ-მაღალი არჩევების მნიშვნელობის თაობაზე; მან უნდა დააკვალიანოს ამომრჩეველი; მან უნდა უზრუნველყოს არჩეულის მუყაითი საქმიანობა, დანაპირების შესრულება; მან უნდა შეაფასოს არჩეული ქვემდგომი რგოლების მუშაობა. და ეს უნდა გააკეთოს ამომრჩეველთან ერთად, ვიდრე ამომრჩეველი პასუხისმგებლობით არ მიუდგება  თავის მიერ არჩეულის საქმიანობას. ე.ი. ვიდრე ამომრჩეველი არ შეიგნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა მის არჩევანზეა დამოკიდებული და არა აბსტრაქტულ ხელისუფლებაზე. ზემდგომმა ხელისუფლებამ თვითდინებაზე არ უნდა მიუშვას ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 3495789 ამომრჩეველია. აქედან არჩევნებზე მივიდა 1438116 — 41%. თბილისში 324432 ამომრჩევლიდან, ხმა 214575, ანუ ამომრჩევლის 20% მისცა. არვინ იცის, რამდენად ზუსტია ეს ციფრები, ისე, როგორც ბუნდოვანია საქართველოს მოსახლეობის ზუსტი, თუნდაც მიახლოებითი რაოდენობა.

გასული წლის მოსახლეობის აღწერის კამპანია ხმაურით მიმდინარეობდა, თუმცა არა ისეთი შედეგით, როგორიც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მითუმეტეს ისეთის, როგორიც საქართველოა — მოსახლეობის დიდი ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრების თვალსაზრისით.

აღწერა კაბინეტებში და არა მოსახლეობაში შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ჩატარდა. ერთ-ერთ ჩემს წინა სტატიაში ვწერდი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაპრემიერ-მინისტრებულ ზურაბ ჟვანიასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩასვლის შესახებ. ჟვანიას აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე მასპინძლობდა.

ბათუმის ღირსშესანიშნავი ობიექტების გაცნობის შემდეგ, ვეწვიეთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანს, რომელიც აჭარის ავტონომიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს სათავო ოფისი იყო. ბატონმა ასლანმა აღწერის კამპანია დაავალა ბათუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და სტუდენტებს, აჭარის კონტროლის პალატას, სტატსამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სტუდენტებმა კარდაკარ იარეს და სრული სურათი წარმოადგინეს აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის — სქესის, პროფესიის, ასაკის, ეროვნების, აღმსარებლობის, ბინადრობის, საზღვარგარეთ დროებით თუ მუდმივად ყოფნის და სხვა აუცილებელი მონაცემების მიხედვით.

ჟვანიას მოეწონა შესრულებული სამუშაო და აღნიშნა, რომ ანალოგიური გამოცდილების გაზიარებით უნდა ჩატარდეს ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაო. ნათქვამი, მიზეზთა გამო არ შესრულდა.

არადა, თუ ქვეყანამ არ იცის რამდენი ადამიანი ცხოვრობს მასში, მან არ იცის, როგორ უნდა წარმართოს ეკონომიკა, საფინანსო სისტემა, განათლება და სხვა მრავალი ასპექტი, რომელიც ვარაუდით არ გადაწყდება. თუ ქვეყანამ არ იცის, რამდენი მოსახლე ჰყავს, ვერ ჩაატარებს ვერც ერთი დონის არჩევნებს. და თუ ჩაატარებს, ფალსიფიცირებული იქნება. ასე რომ, ჯერ აღწერა, შემდგომ არჩევნები.

აღწერა ჩატარდა უნიათოდ. მან ვერ დაადგინა მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა; ვერ დაადგინა რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა დროებით, რომელიც შემდეგ სამუდამოდ იქცა. არადა, „ოცნების“ ხელისუფლებას, მონდომების შემთხვევაში შეეძლო ამის გაკეთება.

როგორც ჩანს მმართველ პარტიას აწყობდა და აწყობს მოსახლეობის მეტი რაოდენობა, რეალურთან შედარებით. არჩევნების დროს არარეალურობა, მანევრირების შანსის მომტანია ხელისუფლებისთვის. 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებიდან 5 დღეა გასული — საკმაოდ დიდი, იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეგო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ანუ ამომრჩევლის, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა.

არც ერთი ელექტრონული მედია არ ამბობს ამის თაობაზე, არადა უნდა თქვას, დასკვნა უნდა გააკეთოს არჩევნებზე არმისული ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე — რატომ არ მივიდა?  რა იყო მიზეზი ხმის მიცემაზე უარის თქმისა. სამწუხაროდ, მედია ყველა ჭორ-მართალზე ლაპარაკობს, მაგრამ არა იმაზე, რაც მოგახსენეთ. როგორც ჩანს მედიას უფრო ის აინტერესებს, როგორ და ვინ დაესხა თავს პრეზიდენტის სასახლეს, რა განცხადება გააკეთა ამის თაობაზე ევროკავშირმა; როგორ დაგვტუქსა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების კომისარმა კაია კალასმა, სხვა ანტიქართველმა ევროპარლამენტარმა იმისთვის, რომ ხელს ვუშლით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვას — მიტინგებისა და სხვადასხვა სახის თავყრილობების დროს.

ევროკავშირს მიაჩნია, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებზე, ჯოხებით, კეტებით მათთან შერკინება, სახელმწიფო თუ კერძო ქონების განადგურება, დაწვა — „მშვიდობიანი“ აქციაა.

არავითარ მიტინგს, დემონსტრაციას, გახელებული ხალხის ზღვარგადასულ გამოხდომას ადგილი არ ექნებოდა, რომ ხელისუფლებას დროული და გონივრული ღონისძიებები გაეტარებინა. ხელისუფლებამ დემოკრატობანა ითამაშა, როდესაც მთელი წლის განმავლობაში მისცა ოპოზიციას პარლამენტის შენობის წინ აქციების მოწყობის, ქუჩების გადაკეტვის საშუალებას.

ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდი, რომ პოლიცია, რომელიც ჩვენ, აქციაში არმონაწილე ადამიანებს უნდა იცავდეს, პირიქით მომიტინგეებს იცავს. საჭესთან მჯდომს, პოლიციელმა, რომელსაც ვარაზის ხევი ჰქონდა გადაკეტილი მითხრა — ვერაზე ვერ მოხვდებით, დემონსტრანტები მიდიან, ამიტომ ვაკე-საბურთალოს მიმართულებით იმოძრავეთო. როდესაც შევახსენე, რომ დემონსტრანტების გამო საცობია შექმნილი და ავტომანქანის სავალო გზა გაათავისუფლეთქო, ისე შემიბღვირა, თითქოს რაღაც საშინელებას მოვითხოვდი.

საქართველოში, კერძოდ თბილისში მიტინგებსა და დემონსტრაციებს რა გამოლევს?!

ამ საქმეში პირველები ვართ მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან დაწყებული ვინ მოთვლის რამდენი მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, რამდენი ჩხუბი მომიტინგეებსა და სამართალდამცველთა შორის, სისხლიანი დაპირისპირება და ა.შ. მიტინგის ხალხი ვართ. თუ სხვა ყოფილმა საბჭოელებმა თავი გამოიჩინეს თავიანთი ქვეყნის შენებაში, ჩვენ — მიტინგებში, ნგრევაში, ერთმანეთის მიმართ გაუსაძლისი პირობების შექმნაში.

დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას — არჩვენებში მონაწილეობას. ხალხი არ მივიდა არჩევნებზე — უმრავლესობა. და რომ არ მივიდა არვის აწუხებს, უპირველესად ხელისუფლებას. მან მცირე რაოდენობის მიერ მიცემული ხმებითაც იხეირა და სიამაყით თქვა — კალაძეს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა მისცა ხმაო.

ხელისუფლება არ ამბობს, რომ მას არა ამომრჩეველთა უმრავლესობამ მისცა ხმა, არამედ საარჩევნო ყუთთან მისულმა, რაც 70%-ი კი არა, 20%-ა.

ანალოგიური შეფასებაა საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

ჩატარებული ხმის მიცემის შედეგებიდან გამომდინარე, არვინ ამბობს, რომ ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ხელისუფლება კმაყოფილია, ვინაიდან პოზიციები გაიმტკიცა. ოპოზიცია — უკმაყოფილო, ვინაიდან შედეგს, რომელსაც ელოდა, ვერ მიიღო. ჩემის აზრით, ხელისუფლება უკმაყოფილო უნდა იყოს ამომრჩევლის ნიჰილიზმით, უიმედობით, რის გამოც მან ზურგი შეაქცია არჩევნებს.

ამომრჩეველი, რომ არჩევნებს ფეხებზე იკიდებს — არის თუ არა ხელისუფლების სუსტი მუშაობის შედეგი?

უდავოდ არის. ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ არჩენებში მონაწილეობა მას არაფერს მოუტანს. წინა არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, რა მოუტანა?

ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩათვალა, რომ უსუსურია ხელისუფლებასთან ჭიდილში და გადაკვეთა წითელი ხაზი — არჩევნებში არ მონაწილეობით. მან ასე გამოხატა თავისი პროტესტი.

მიხვდება ხელისუფლება, რომ ამომრჩეველთა პროტესტი მისი მუშაობის შედეგით არის უკმაყოფილო?!

ვეჭვობ, რომ მიხვდეს. ის გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ზეიმობს. არადა, სერიოზულად უნდა იხილავდეს ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხს — რით არის გამოწვეული უკმაყოფილება, რა არ მოსწონს ამომრჩეველს მის „მოღვაწეობაში“? რამეთუ ხელისუფალთა წაყრუებას უდავოდ მოჰყვება მძლავრი საპროტესტო გამოსვლები, არა ისეთი, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს.

თვით ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტების ზურგს უკან ევროკავშირი დგას. აი, ის ევროკავშირი, რომელსაც 4-ში ჩაფიქრებული ჰქონდა ხელისუფლების დამხობა. არ გამოუვიდა, მაგრამ მცდელობას გააგრძელებს და იმ ამომრჩეველთან იმუშავებს, არჩევნებს ზურგი რომ შეაქცია და იმათთანაც, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ხელისუფლების განცხადებით მას ევროკავშირი ებრძვის. იგივე ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროკავშირში შესვლაა, ანუ ორგანიზაციაში, რომელიც მას ებრძვის.

ხელისუფლებას ჰგონია, რომ ევროკავშირი შეიცვლება, როდესაც საქართველო 2030 წლისთვის დააპირებს იქ შესვლას. სცდება ხელისუფლება. თუ არ სცდება, მაშინ ტყუის, მოსახლეობის არ გაღიზიანების გამო.

მომიტინგეების მიერ უცხოური ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ნათქვამი იყო შემდეგი: ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროკავშირში და ამ სურვილს ხელისუფლება გვიკლავს — პრორუსული, პუტინის დავალებების პირნათლად შემსრულებელიო. ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირი, არ გვინდა რუსეთიო.

რა იციან ევროკავშირის შესახებ იმ რესპონდენტებმა და მათთან ერთად მყოფმა მომიტინგეებმა?

არც არაფერი! რომ იცოდნენ, სხვაგვარად ილაპარაკებდნენ. მერედა  ვინ არის დამნაშავე მათ უცოდინარობაში?

ხელისუფლება, რომელმაც ვერადავერ ჩამოაყალიბა ქვეყნის სტაბილური მართვის სისტემა, მისცა ზედმეტი თავისუფლება ყველას, ვისაც ხელისუფლების ლანძღვის სურვილი გაუჩნდება — რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ, რითაც პრობლემები შეუქმნა არა მარტო თავის თავს, არამედ იქ მდებარე სახლებში მცხოვრებ ადამიანებს, თბილისელებს, რომლებსაც ტრანსპორტით გადაადგილება ერთადერთ ქუჩაზე — რუსთაველის პროსპექტზე, საშინელებად გადაუქცია.

ხელისუფლებამ ვერადავერ მიიღო საკანონმდებლო აქტი რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვის, პარლამენტის შენობის წინ მიტინგის გამართვის საწინააღმდეგოდ.

ხელისუფლება დემოკრატობანას თამაშობს და ამ თამაშში გართულს ავიწყდება, რომ თბილისელების გაღიზიანებას, წყრომას, უკიდურეს უკმაყოფილებას იწვევს თვით ხელისუფლების მიმართ. ხომ შეიძლება, რომ ხელისუფალთა „დემოკრატიულობით“ ადუღებულმა ხალხმა, დასავლეთის წაქეზების გარეშე, გადადგას საპროტესტო ნაბიჯები?!

ხელისუფლება, როდესაც აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა, რით მოიხიბლა — იქაური დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით, ადამიანის უფლებების დაცვით თუ რით?

ან იქნებ წარუმატებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, გაუარესებულმა სოციალურმა ყოფამ, მოჭარბებულმა მილიტარიზმმა და ანტირუსულმა რიტორიკამ მოხიბლა?

ვურჩევდი მას და ყველა მომიტინგეს — დასავლეთის მიერ გადმოგდებული ნასუფრალის შემხედვარეს — გონს მოდით! მიტინგებში გართულებმა ქვეყანა დაივიწყეს. დაივიწყეს ყველაფერი ის, რითიც საქართველო იყო ცნობილი. მიტინგით ქვეყანა არ აშენდება!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

09/10/2025