გაეროს 80 წლისთავი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსებიდან მე-80 წელს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღია, მაგრამ არც ორგანიზაციას და არც მასში შემავალ 193 წევრ სახელმწიფოს, უამრავი პრობლემებიდან გამომდინარე, უპირველესად იმ საკითხებიდან, რომლებიც ომსა და მშვიდობას ეხება, ამის თავი არ აქვთ.
გაეროს გენერალური ასამბლეა ისმენს წევრი სახელმწიფოების მოხსენებებს, მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, განსაკუთრებით მშვიდობასთან მიმართებაში, მათ დამოკიდებულებას ამ მხრივ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებთან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთს — ისრაელის აგრესიას პალესტინის წინააღმდეგ, უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.
ეს საკითხები გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა დანარჩენი, რომლებიც ასევე უკავშირდება სამხედრო დაპირისპირებას, „ცხელ“ საომარ პროცესს. ისრაელ-პალესტინის თემა მწვავეა, მუდმივად მწვავე დღიდან ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისა.
1948 წელს გაერომ მიიღო გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში, პალესტინის ტერიტორიაზე 2 სახელმწიფოს დაარსების — ებრაელთა და არაბთა, ანუ ისრაელის და პალესტინელი არაბების. შეიქმნა ერთი — ისრაელის სახელმწიფო. რაც შეეხება მეორეს, პალესტინას — ვერ შეიქმნა, რაც გამოწვეული იყო არაბთა შორის დაპირისპირებით — ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირებით.
იქიდან მოყოლებული, დღემდე ისრაელ-პალესტინას და ისრაელ, მეზობელ არაბულ სახელმწიფოთა შორის ომს არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რამაც წარმატება მოუტანა ისრაელს, რომელსაც დაარსებიდან მხარს უჭერდნენ აშშ-ი, იმჟამინდელი ევროპის ქვეყნები.
აქვე აღვნიშნავ, რომ ისრაელის სახელმწიფოს დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვნის საბჭოთა კავშირს და პირადად მის ხელმძღვანელს — სტალინს, რომელიც თვლიდა, რომ ისრაელი უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირის მტკიცე მოკავშირე. საბჭოთა კომუნისტებისა და ისრაელის პოლიტიკოსთა შორის არსებული კავშირები და ურთიერთთანამშრომლობა ორი ქვეყნის ფუნდამენტისთვის მყარი საფუძველი უნდა ყოფილიყო.
ასე თვლიდნენ ორივენი, მაგრამ აშშ-ს სერიოზული ჩარევის შემდეგ არსებული კავშირები გაფერმკრთალდა, საბოლოოდ დაირღვა ისრაელის ხელისუფლების მიერ ამერიკისკენ მკვეთრი შებრუნებით.
აშშ-ა ისრაელი აქციეს ქვეყნად, რომელსაც, მიუხედავად ტერიტორიული და მოსახლეობის სიმცირისა, უნდა შეესრულებინა ჟანდარმის როლი არაბულ გარემოცვაში, რისთვისაც ვაშინგტონმა ითავა ისრაელის სამხედრო მანქანის ჩამოყალიბება, დახვეწა და რეგიონში ყველაზე ბრძოლისუნარიანად გადააქცია.
აშშ-ი, ისრაელს არა მარტო იარაღით ეხმარება, არამედ ეკონომიკურად, ფინანსურად. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან აშშ-ი, ევროპაში მცხოვრები ებრაელები. ამერიკელი ებრაელები ზეგავლენით მოქმედებენ პოლიტიკოსებზე, ბიზნესსა და ფინანსებზე.
ამერიკაში არსებული ებრაული ლობი ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე საყრდენია, რაც შესაძლებლობას აძლევს ისრაელს იმოქმედოს ისე, როგორც მოესურვება, ეომოს პალესტინას, სხვა არაბულ ქვეყნებს, მიიტაცოს მათი ტერიტორიები, განსაკუთრებით პალესტინელების, შექმნას ამ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებები.
დღევანდელი ისრაელის მოსახლეობა 2-ჯერ და მეტჯერ აღემატება ისრაელის სახელმწიფოს დაარსების დროინდელ მოსახლეობას. ისრაელში საცხოვრებლად გადავიდნენ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისე, როგორც აშშ-სა და ევროპაში. ისრაელში ცხოვრობენ ე.წ. შავი აფრიკის ებრაელებიც. ისრაელში 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს — ერთობ მცირე ტერიტორიაზე.
დღიდან დაარსებისა ისრაელს სურვილი ჰქონდა პალესტინელთა მიერ დაკავებული ტერიტორიების ანექსიის — დასავლეთის სანაპიროსა და ღაზის სექტორის, მაგრამ ამის შესახებ ის ხმამაღლა, საჯაროდ არ იძახოდა. ამჟამად იძახის — პალესტინელები ებრაელთა ისტორიულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და სამართლიანობა უნდა აღსდგეს ამ ტერიტორიების ისრაელისთვის გადაცემითო — ამბობს ისრაელის ხელისუფლება.
ორი წელი გავიდა ღაზის სექტორში არსებული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისგან, რომელსაც თან ახლდა ებრაელთა მძევლად აყვანა. ტერაქტს სამხედრო თავდასხმით უპასუხა ისრაელმა, რომელიც დღემდე ახორციელებს ღაზის სექტორის რბევას — საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, მეჩეთების, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების განადგურებას.
ღაზის 2 მილიონი პალესტინელი, მშიერ-მწყურვალე, განადგურების პირამდე მისული, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების იმედად დარჩენილი, უკიდურეს პირობებშია, რაც მსოფლიო საზოგადოების აღშფოთებას იწვევს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ საჯაროდ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს ებრაელთა ისტორიულ ტერიტორიებზე იუდეასა და სამარიაში.
ნეთანიაჰუს განცხადებამ მილიონობით ადამიანი გამოიყვანა ევროპის ქალაქების ქუჩებში პალესტინელთა დასაცავად, რამაც აიძულა ევროპის ქვეყნების ლიდერები ოფიციალურად ეღიარებინათ პალესტინის სახელმწიფო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მაკრონის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების მეთაურებმაც დაუჭირეს მხარი.
პალესტინის საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მასთან ერთად ისრაელის ხელისუფლების პოლიტიკის დაგმობა. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს კატეგორიულად მოუწოდებენ შეწყვიტოს პალესტინელი ხალხის გენოციდი, ღაზის სექტორისა და დასავლეთი სანაპიროს წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია.
ისრაელს ერთადერთი ქვეყანა, აშშ-ი უჭერს მხარს, მისი პრეზიდენტის, ტრამპის სახით, რომელიც აცხადებს, რომ ღაზის სექტორი აშშ-ისრაელის ძალისხმევით წარმტაც რივიერად გადაიქცევა, სადაც პალესტინელებიც იცხოვრებენ, ისინი, ვინც გადაწყვეტენ ღაზის სექტორში დარჩენას. მშობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლებას გასცემს ტრამპი პალესტინელი არაბებისთვის, რომელთაც იქ შეეძლებათ ცხოვრება და ბობოლა, ფულიანი დასავლელების მომსახურება. ცინიზმია და მეტი არაფერი.
წინა სტატიაში ვწერდი, რომ ტრამპი იმპერატორია, უფრო სწორად მან საკუთარი თავი დააჯერა მსოფლიო იმპერატორობაში. ტრამპი კმაყოფილია, როდესაც კუდის ქიცინით და მლიქვნელური ღიმილით, ხოტბით აღსავსე ქება-დიდების სიტყვებით მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, განსაკუთრებით ევროპელი.
ტრამპი უკმაყოფილოა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, ჩრდილო კორეის, ვენესუელის, ბრაზილიის, სხვა ქვეყნების ლიდერთა მიმართ, რომლებსაც საკუთარი ხედვა, პოლიტიკა გააჩნიათ და ტრამპს, როგორც საქებარ კოლეგას არ მიიჩნევენ.
ტრამპი გახარებული იყო აზერბაიჯან-სომხეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრით და მემორანდუმზე ხელის მოწერით, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. ალიევი და ფაშინიანი ისე აღფრთოვანდნენ იმპერატორის ხილვით, რომ ორივემ ერთად განაცხადეს — ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტს მივმართავთ ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭებისთვისო. ტრამპმაც, გამარჯვებული სახით განაცხადა — „წლებია ადერბაიჯანი და ალბანია ერთმანეთში ომობენ, მე ჩავერიე და ომიც შევაჩერეო“.
ომი შეაჩერა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა სახელებიც არ იცის?!
არ გაგიკვირდეთ, ასეთია ტრამპი, რომელმაც თურმე მსოფლიოში მიმდინარე 7 ომი შეაჩერა და ამის შესახებ თქვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
არადა, ომი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შეაჩერა — საომარი მოქმედების დაწყებიდან რამდენიმე დღეში და მოლაპარაკებებიც გამართა ალიევ-ფაშინიანთან ცალ-ცალკე, შემდეგ „ტრიოს“ ფორმატში.
მეტიჩარა სოროსელი ფაშინიანისა და არანაკლებ მეტიჩარა ალიევის მოქმედებით დაზავებულმა მხარეებმა ევროპა-ამერიკას მიმართეს დახმარებისთვის. იკითხავთ — რა დახმარებისთვის?
სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის. მათ ზურგი შეაქციეს რუსეთის პრეზიდენტს და დასავლეთისკენ მოკურცხლეს — უკეთესის მისაღებად. უკეთესი კი არვინ იცის როგორი იქნება, ვინაიდან სამშვიდობო ხელშეკრულება მემორანდუმი არ არის. ის მიზანია, რომელმაც ორივე მხარე უნდა დააკმაყოფილოს და ხანგრძლივი მშვიდობა დაამყაროს ამიერკავკასიაში.
ტრამპის შუამავლობამ შეწყვიტა ინდოეთ-პაკისტანის სამხედრო დაპირისპირება, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ტრამპი არაფერ შუაშია, თვითონ მოაგვარეს პრობლემა.
სამწუხაროდ, აშშ-ს პრეზიდენტის ცვალებად ხასიათს ხელს უწყობს მრჩეველთა არაპროფესიონალური მიდგომა საკითხებისადმი — უარყოფითობისკენ. ტრამპის დილით ნათქვამი ძირფესვიანად განსხვავდება შუადღის ნათქვამისგან, ისე, როგორც საღამოს ნათქვამი ამ ორივესგან. ტრამპის უკმაყოფილება კოლეგათა მიმართ ხშირად ლახავს დაშვებულ ე.წ. წითელ ხაზებს და შეურაცხყოფაში გადადის. ტრამპი, რომელიც უკმაყოფილია ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოდის იმიტომ, რომ რუსეთის ნავთობს ყიდულობს 50%-იან ტარიფებს აწესებს ინდურ იმპორტზე აშშ-ი, თან აცხადებს, რომ ამით გააჩანაგებს ისედაც გაჩანაგებულ ინდოეთის ეკონომიკას.
მოდიმ ტრამპის შეურაცხყოფას პასუხი არ გასცა, ვინაიდან იცის, რომ მას ვერაფერს შეაგნებინებს. ტრამპის განცხადებამ თვით ტრამპს ავნო, როგორც ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს.
ცნობისთვის: ინდოეთის ეკონომიკა უსწრაფესი ტემპით ვითარდება. ინდოეთი მესამეა მსოფლიოში — ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის, აშშ-ს შემდეგ. მეოთხე ადგილზე რუსეთია.
ტრამპმა არც რუსეთი დაინდო და ქაღალდის ვეფხვი შეარქვა. გარდა ამისა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ იყიდონ ენერგომატარებლები რუსეთიდან. უფრო მეტიც, დაავალა მათ დაუწესონ მაღალი ტარიფები ინდოეთსა და ჩინეთს, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ენერგომატარებლებს.
მიზანი ტრამპისა პრიმიტიულია — რუსეთი ვერ გაასაღებს ნავთობს, გაზს, ქვანახშირს, რაც შეამცირებს მის საბიუჯეტო შემოსავლებს. უფულოდ დარჩენილი რუსეთი ვერ დაამზადებს საბრძოლო იარაღს და ვერ იომებს უკრაინასთან. საბოლოოდ დათანხმდება მოლაპარაკებას.
რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ წინააღმდეგია მოლაპარაკების. მხარეებს შორის სტამბოლში უკვე გაიმართა მოლაპარაკების ორი რაუნდი. შეთანხმების მიხედვით, მესამეც უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელთა გამოისობით არ გაიმართა. უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი ითხოვს პუტინთან შეხვედრას, რაზეც პუტინისგან თანხმობაც მიიღო — ნებისმიერ დღეს მოსკოვში, ზელენსკის უსაფრთხოების დაცვით. ზელენსკიმ არ მიიღო პუტინის შეთავაზება.
პუტინი აცხადებს, რომ მაღალ დონეზე, ე.ი პრეზიდენტების მოსამზადებელი სამუშაოებია შესასრულებელი დელეგაციათა შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკება უბრალო ლაპარაკად გადაიქცევა, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება.
ტრამპს, ნობელის პრემიით დახარბებულს, სურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მხოლოდ იმისთვის, რომ ამაყად განაცხადოს — ნახეთ რა მაგარი ვარ მხარეები შევარიგეო. და მის მიერ გასაჯაროებულ 7 ომის დასრულებას, მერვეც მიუმატოს. მისდა სამწუხაროდ, პუტინი აგრძელებს თავის პოლიტიკას და მოითხოვს კონფლიქტის დაწყების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას — უკრაინის არ შეყვანას ნატოში; უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის, სამხედრო ბაზის არ განლაგებას; უკრაინის ჯარის შემცირებას; უკრაინის დენაციფიკაციას; უკრაინის ნეიტრალიტეტს.
ტრამპს ნობელის პრემიის მიღება სურს და სულაც არ აინტერესებს რუსეთის წინადადებები, რომელთა შეუსრულებლობა პუტინის აზრით ეჭვქვეშ დააყენებს რუსეთის სუვერენიტეტს.
საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ტრამპი, რომ მის მეზობელ კანადას ან მექსიკას ისეთივე სიძულვილი და აგრესიული დამოკიდებულება ჰქონოდა აშშ-ს მიმართ, როგორიც ზელენსკისა და მის ხელისუფლებას აქვთ რუსეთის მიმართ?
ვგონებ პასუხიც უადგილოა ვენესუელის შემხედვარე, რომელიც ტრამპმა ნარკოგამსაღებლის ცენტრად გამოაცხადა და იქ შეჭრას ლამობს — მადუროს ხელისუფლების დასამხობად და ამერიკისთვის ლოიალური პრეზიდენტის „დასანიშნად“.
ასეთი მცდელობა უკვე ჰქონდა ტრამპს — მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. მაშინ მადუროს შემცვლელი გუაიდოც გამოჩხრიკა, რომელიც აღიარა ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად და აიძულა ევროპის ქვეყნებიც გაეზიარებინათ მისი მაგალითი.
ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ არცთუ დიდი დროა გასული, მაგრამ ტრამპის დამოკიდებულება, ცხადია დადებითი პუტინისადმი, უარყოფითზე შეიცვალა, რითაც გაახარა ზელენსკი და ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ზელენსკის.
დაბოღმილმა ტრამპმა ისიც თქვა, რომ იარაღს მიჰყიდის ევროპას, ნატოს, რომლებიც თავის მხრივ ამ იარაღს გადასცემენ უკრაინას. უკრაინა წარმატებით ართმევს თავს რუსეთის შეტევას, ხოცავს რუს ჯარისკაცებს და სრული შანსი აქვს ევროპის დახმარებით არა მარტო დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, არამედ უფრო შორს წავიდეს — რუსეთისკენ.
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია, გრძელი რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე და ა.შ. როგორც ჩანს ანტირუსულად განწყობილმა ადმინისტრაციის წევრებმა სერიოზულად იმოქმედეს ტრამპზე, რათა მას რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობა, ნეგატიურზე შეეცვალა.
ამ მხრივ „ნაყოფიერი“ მუშაობა გასწია ტრამპის მომლაპარაკებელმა უკრაინასთან, გადამდგარმა გენერალმა კელოგმა. კელოგი სისტემატურად ხვდება ზელენსკის და როგორც ამბობენ ფინანსურ „წახალისებაც“ იღებს მისგან. სწორედ კელოგი აცხადებს, რომ რუსეთი აგებს ომს; რომ რუსეთმა ვერ მოახერხა 3 წლის განმავლობაში კიევის აღება.
ერთის მხრივ, კელოგი მართალია, ვინაიდან რასაც ხედავს რუსეთის არმიის წინსვლა კუს ნაბიჯის მსგავსია. მეორეს მხრივ, კელოგი სიღრმისეულად ვერ უდგება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას. კელოგი ამერიკელია და ზემოდან დაჰყურებს ყველას. მას არ აინტერესებს სიღრმეში ჩახედვა.
ამერიკელ პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა თავიანთ თავს ღმერთად მიიჩნევენ და მათი ნათქვამი ყველასთვის კანონი უნდა იყოს.
გაგახსენებთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის სატელეფონო საუბარს გერმანიაში აშშ-ს ელჩთან — ბილწსიტყვაობით გამორჩეულს. ნულანდმა „ფაკ“, „ფაკ“ იძახა გერმანიის კანცლერის მერკელის მოსაზრებაზე და „ფაკთან“ ერთად „ფეხებზე მკიდიაოც“ დაამატა, მე აშშ-ს წარმომადგენელი ვარო.
მოდით თვალი შევავლოთ რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპს — 4,1%. არც ერთ ევროპულ ქვეყანას ასეთი მონაცემები არ აქვს. რაც აქვთ 0%-ზე ქვევით არის. ამერიკულ დაჭირხლულ, თან ძვირ გაზზე, რუსული იაფი გაზის გაცვლამ დააქცია ისეთი ქვეყნების ეკონომიკა, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ბელგია და ა.შ.
იარაღის წარმოებით რუსეთის ტემპს და რაოდენობას ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ გაუტოლდება — ერთად აღებული.
რუსეთის არმიის ნელი შეტევა იწვევს არა მარტო უკრაინის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ გამოფიტვას, რაც ნაწილობრივ მიღწეულია.
არავითარ რიგებს არ აქვს ადგილი რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე. სუპერმარკეტებიც სავსეა პროდუქტებით. თვე ისე არ ჩაივლის, რომ რუსეთის რომელიმე ქალაქში დიდი საერთაშორისო ღონისძიება არ გაიმართოს — უამრავი უცხოელი სტუმრით. რუსეთის ინიციატივით გაიმართა მსოფლიოს სიმღერის კონკურსი „ინტერვიზია“ — 23 ქვეყნის მონაწილეობით, რომელიც 4 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა ნახა პირდაპირი ტელეგადაცემით.
რუსეთის ვერც ერთ ქალაქში ვერ ნახავთ უსახლკაროებს და ნარკომანებს ქუჩაში, ისე, როგორც აშშ-ი. ტრამპმა ეროვნული გვარდია ჩართო ვაშინგტონის ქუჩების „ბომჟებისგან“ და ნარკომანებისგან გაწმენდაში. რკინიგზაზე კატასტროფებით აშშ-ი მოწინავეა მსოფლიოში — ყოველდღე მინიმუმ ორით, მოძველებული ლიანდაგის შპალებით, საუკუნის წინ დაგებული რელსებით.
აშშ-ს ეკონომიკა ვალებში ცხოვრობს. სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებში (ფასიან ქაღალდებში) ჩადებული ფულით. ამ შენატანზე აწყობილი ქვეყნის ბიუჯეტი, სადაც გასავალი აჭარბებს შემოსავალს. სახელმწიფო ვალი 36 ტრილიონ დოლარს აჭარბებს — 2025 წლის მონაცემებით, რაც 27 ტრილიონი დოლარით მეტია საერთო ეროვნულ პროდუქტზე. აშშ-ი 10-11 ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს, თავისი შესაძლებლობების მეტს სპონსორი ქვეყნების წყალობით — იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, სხვების.
აშშ-სთვის უცხოური ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ავსებს ქრონიკულ საბიუჯეტო დეფიციტს. მსოფლიო 2 ნაწილად არის გაყოფილი. ერთით, რომელიც თავის ანგარიშზე აგრძელებს აშშ-ს კვებას და მეორით — რომელსაც აღარ სურს ამის გაკეთება.
ინდოეთმა, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ უარი თქვა აშშ-ს სპონსორობაზე. ჩინეთი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამცირებს თავის ინვესტიციებს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში. რუსეთი იყო პიონერი, ვინც პირველმა მსოფლიოში დაიწყო აშშ-ს სახელმწიფო დაფინანსების შემცირება. მან სწრაფად მოიშორა ამერიკული ფასიანი ქაღალდები. მას მიჰყვა ჩინეთი.
2010 წლისთვის ჩინეთი იყო აშშ-ს სახელმწიფო ვალის უმსხვილესი მფლობელი, რომელმაც 2013 წლისთვის 1,28 ტრილიონი შეადგინა, თუმცა 2019 წელს ჩინეთმა პირველობა იაპონიას დაუთმო, შეამცირა რა თავისი ინვესტიცია 1 ტრილიონამდე. 2021-2024 წლებში ჩინეთმა აშშ-ის საფინანსო ორგანოებიდან 250 მილიარდი დოლარი გაიტანა. ჩინეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა — იაპონიის 1,1 ტრილიონი და დიდი ბრიტანეთის 850 მილიარდი დოლარის შემდეგ.
მრავალი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება აშშ-ს მოჩვენებითი უძლეველობის ისტორიიდან, ასეთის მიერ სხვა ქვეყნის ეკონომიკის ვარდნაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით რუსეთის ან ინდოეთის, ღიმილის მომგვრელია.
ახლა, რაც შეეხება ტრამპის ვიზიტს გაეროში. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ტრამპი, გაეროს მიმართ ნეგატიურად განწყობილი, უდავოდ გამოჩხრიკავდა ნეგატიურს ამ ორგანიზაციის გასამათრახებლად. და აი ასეთიც, პირველი — ესკალატორის შეჩერება, მეორე — სუფლიორის გამორთვა და მესამე — მიკროფონის გათიშვა.
ამ სამმა ინციდენტმა ტრამპი მოთმინებიდან გამოიყვანა და მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან გალანძღა გაერო, ანუ მასპინძელი. ესეც არ აკმარა, ოფიციალური წერილით მიმართა გენერალურ მდივანს არათუ სამსახურიდან დაითხოვოს დამნაშავეები, არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ცხადია ასეთ ინციდენტს გაეროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ დაზღვეული არავინაა. სხვათა შორის ტრამპის დაცვის და პროტოკოლის მუშაკებსაც ეკუთვნის კრიტიკა, ვინაიდან ისინი უნდა ამოწმებდნენ ყველაფერს პრეზიდენტთან დაკავშირებულს. თვალი ვერ მოვკარი ტრამპის და მისი მეუღლის წინ მიმავალ დაცვის მუშაკს, თორემ გაჩერებული ესკალატორის „მსხვერპლი“ ის იქნებოდა და არა პრეზიდენტი, მეუღლით. არც სუფლიორი გაითიშებოდა და არც მიკროფონი, პროტოკოლს რომ დროულად შეემოწმებინა — პრეზიდენტის პროტოკოლს და არა გაეროს მოხელეს.
ტრამპმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 7 ომი შეაჩერა და არც ერთში გაერო არ დაეხმარა და ტრამპს სურს გაეროდან გასვლა, ანუ აშშ-ს, რომლის კონგრესში შესულია კანონპროექტი გაეროს დატოვებით. ტრამპმა, გაეროზე განაწყენებულმა, განაცხადა, რომ წყვეტს ამ ორგანიზაციის დაფინანსებას მომავალი წლის დეკემბრამდე.
გაეროს შექმნის შესახებ „დიდმა ანტიჰიტლერულმა კოალიციამ“ — სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის შემადგენლობით, 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე დაიწყო მსჯელობა და გააგრძელა იალტა-პოტსდამის მოლაპარაკებებზე. იალტის კონფერენციაზე შეთანხმდნენ ერთა ლიგის ნაცვლად შექმნილიყო გაერო. ამ ორგანიზაციის შექმნით სამივე იყო დაინტერესებული, მაგრამ განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი. სტალინმა მხარი დაუჭირა რუზველტის წინადადებას — გაეროს შტაბ-ბინა დაფუძნებულიყო აშშ-ში. სტალინის მხარდაჭერა გამოწვეული იყო იმედით, რომ აშშ-ი განლაგებული ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლური დამოკიდებულება ექნებოდა აშშ-ს ხელისუფლებას.
სტალინს სურდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკის გაწევრება გაეროში, რასაც რუზველტი არ დაეთანხმა. მან მოითხოვა საპირწონედ აშშ-ს ყველა შტატის შეყვანა გაეროში. შეთანხმება არ შედგა. ერთადერთი რაც სტალინმა მოახერხა საბჭოთა კავშირის გარდა, უკრაინისა და ბელორუსის გაწევრება — ომში ყველაზე დაზარალებული საბჭოთა რესპუბლიკის საბაბით.
1944 წელს, როდესაც ფართოდ დაიწყო ლაპარაკი გაეროში ყველა საბჭოთა რესპუბლიკის შეყვანის თაობაზე, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში აღდგა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ასეთი ორგანოს ფუნქციონირებაზე თვით საბჭოთა რესპუბლიკებმა თქვეს უარი საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე და საგარეო საკითხები, ისე, როგორც თავდაცვის ცენტრს, ანუ მოსკოვს გადასცეს. ყველა საკავშირო რესპუბლიკაში ფუნქციონირება დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. სერიოზულად დაისვა საკითხი სამინისტროს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკებს არ ჰყავდათ დიპლომატიური კადრები. პრობლემის მოსაგვარებლად მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის კურსებზე მივლინებულნი იქნენ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდა სპეციალისტები.
საქართველოდან მოსკოვს მიავლინეს ოთარ გიგინეიშვილი, ილია ტაბაღუა, სხვა წარჩინებული უმაღლესდამთავრებულები, რომლებმაც დიპლომატიური კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყეს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გაეროში საქართველოს გაწევრების მოლოდინში მყოფმა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უმალ გამოჰყო შენობა — ახალი ორგანიზაციისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრობა შეუთავსეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიტროფანე კუჭავას.
სამწუხაროდ, სტალინის წინადადება ყველა საბჭოთა რესპუბლიკის გაეროში შეყვანის თაობაზე არ განხორციელდა, გარდა უკრაინა-ბელორუსისა. საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საშტატო ერთეულიც შემცირდა და მახარაძის ქუჩაზე მდებარე შენობიდანაც გამოვიდა, გადავიდა რა ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების ყოფილ სასახლეში, სადაც განთავსებული იყო საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა არჩილ გიგოშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შენობაში 2 ოთახი დაიკავა. მინისტრობა გიგოშვილს შეუთავსდა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის პროფესორ ილია ტაბაღუას ინიციატივით, საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილებაში გიდ-თარჯიმნად მომუშავე თქვენი მონა-მორჩილი გადამიყვანეს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი მდივნის თანამდებობაზე. ასე დაიწყო ჩემი დიპლომატიური საქმიანობა, რომლის დროს უდიდესი დახმარება და ყურადღება მქონდა ილია ტაბაღუასა და ოთარ გიგინეიშვილისგან, ისე, როგორც მინისტრ არჩილ გიგოშვილისგან.
აქვე აღვნიშნავ, რომ არჩილ გიგოშვილის მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრობა შეუთავსდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ჩოგოვაძეს, შემდეგ რევაზ ფრუიძეს, შემდეგ შალვა კიკნაძეს. ბატონი შალვას შემდეგ საქართველოს სსრ მინისტრი გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი ჯავახიშვილი, რომელიც, ეროვნული ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ შეცვალა გოგი ხოშტარიამ.
საქართველო გაეროში 1992 წლის ივლისში გააწევრეს, რამდენიმე თვით დაგვიანებით, ვიდრე დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკები.
საბჭოთა რესპუბლიკების სხვა სახელმწიფოების მიერ დიპლომატიური აღიარების პროცესი 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებას მოჰყვა — საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე. იმჟამად, თბილისის ომში ჩართულ ოპოზიციას სიგუა-კიტოვან-იოსელიანის და გამსახურდიას ხელისუფლების სახით ყურადღება არ მიუქცევიათ სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა გაეროში გასაწევრებლად.
საქართველო დაიწუნეს — ლეგიტიმური ხელისუფლების ძალისმიერი დამხობისთვის. საქმეს ვერც ალექსანდრე ჩიკვაიძემ უშველა, რომელიც „სამეულის“ თხოვნით 1992 წლის დასაწყისში დაბრუნდა თბილისში.
ალექსანდრე ჩიკვაიძემ უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო, დაამთავრა რა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის და მიხეილ გორბაჩოვი ერთ ჯგუფში იყვნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, სსრკ კპ ცენტრალური კომიტეტის აპარატში. შემდეგ დაინიშნა სსრკ გენერალურ კონსულად აშშ-ი, ქ. სან-ფრანცისკოში; იყო სსრკ ელჩი კენიასა და ნიდერლანდებში. ბრწყინვალედ ფლობდა ინგლისურ ენას. თბილისში დაბრუნებისთანავე, ჩიკვაიძე დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, საგარეო საქმეთა მინისტრად. გაეროში საქართველოს გაწევრების საკითხი გადაიდო, ვიდრე საქართველო არ ჩაატარებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს.
საქართველოს ახალმა ხელძღვანელმა ედუარდ შევარდნაძემ დაარწმუნა გაეროს ხელმძღვანელობა, რომ საქართველოს გაეროში გაწევრების შემდეგ, 2 თვეში ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები.
ალექსანდრე ჩიკვაიძეს ერგო პატივი გაეროს შენობასთან საქართველოს დროშის აღმართვის და გენერალური ასამბლეის წინაშე 1992 წლის 31 ივლისს სიტყვით გამოსვლის. საქართველო გაეროს 179-ე წევრი გახდა. თავის სიტყვაში ჩიკვაიძემ თქვა: „საქართველოს რესპუბლიკა ძალის გამოყენებას ან მის მუქარას არ განიხილავს პოლიტიკის კანონიერ იარაღად და ნებისმიერი რეგიონული თუ სხვა კონფლიქტის შემთხვევაში იბრძოლებს მხოლოდ მოლაპარაკების გზით მათი გადაჭრისთვის“.
როგორც ჩანს მთქმელისა და შემსრულებლის პოლიტიკა, სამომავლო ხედვა ერთმანეთს არ დაემთხვა. შემსრულებელმა, ანუ შევარდნაძემ ამ „ფიცის“ შემდეგ, 2 კვირაში ჯარი შეიყვანა აფხაზეთში, რასაც მოჰყვა საქართველოს ფაქტიური დაქუცმაცება.
დავუბრუნდეთ გაეროს თემას. 1945 წლის 26 ივნისს ქ. სან-ფრანცისკოში დამტკიცდა გაეროს წესდება — 50 სახელმწიფოს მიერ, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 24 ოქტომბერს. სწორედ ეს დღე აღინიშნება გაეროს შექმნის დღედ.
დღეს, გაეროში 193 ქვეყანაა გაწევრებული. 2017 წლის 1 იანვრიდან მისი გენერალური მდივანია პორტუგალიელი ანტონიუ გუტერეში. მისი ვადა, როგორც გენერალური მდივნის 2026 წლის დეკემბერში იწურება.
გაეროს უმაღლესი ორგანო არის გენერალური ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა წევრი სახელმწიფო. გარდა რეგულარული სხდომებისა ტარდება სპეციალური ან საგანგებო სხდომებიც.
მეორე, თავისი მნიშვნელობით ორგანო არის უშიშროების საბჭო — 5 მუდმივი წევრით: აშშ, დიდი ბრიტანეთით, რუსეთით, ჩინეთით, საფრანგეთით. ყველა მათგანს აქვს ვეტოს უფლება. და 10 არამუდმივი წევრით, რომელსაც გენერალური ასამბლეა ირჩევს 2 წლის ვადით.
ა.წ. 4 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ს მოქმედების რევიზიას გაეროში და მის ორგანოებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ-ა უკვე დატოვა იუნესკო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო.
4 თებერვალს აშშ-ს კონგრესში შევიდა 2 კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ს გაეროდან გასვლას. ასე რომ, ტრამპის საყვედური, გამოთქმული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრელუდიაა აშშ-ს ამ ორგანიზაციიდან გასვლისა, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზაციის მუშაობაზე.
ხშირად გვესმის განცხადებები, რომ გაერო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, განსაკუთრებით კონფლიქტების დარეგულირებაში. კონფლიქტების მოწესრიგება გაეროს ყველა წევრი ქვეყნის ვალია, რასაც იგივე აშშ-ს წყალობით ბარიერები აქვს შექმნილი.
გაერო უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელშიც ყველას აქვს გამოსვლის შესაძლებლობა. ასეთი თავშეყრის ადგილი სხვაგან არსად არის. მას გაფრთხილება ესაჭიროება, პატივისცემით მოპყრობა და არა კრიტიკა, ლანძღვა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
29/09/2025