16.09.2025

დაძაბული სექტემბერი

სექტემბერი უხვმოსავლიანი გამოდგა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციით, მიტინგებით, გაფიცვებით, როგორც თბილისში, ისე პარიზში, ლონდონში, ბრიუსელში, აშშ-ს ქალაქებში, სხვაგან. უწინდელთან შედარებით, დღევანდელი გამოსვლები რადიკალიზმით გამოირჩევა, განსაკუთრებით პარიზში, საფრანგეთის სხვა ქალაქებში.

პროტესტანტები გვპირდებიან, თუ საფრანგეთის ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს მასობრივ გამოსვლებს და დაუმორჩილებლობას ექნება ადგილი.

რას ითხოვენ გამომსვლელები?

პრეზიდენტის გადადგომას და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირფესვიან შეცვლას. ფრანგებს აღარ აკმაყოფილებთ  პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების გადადგომა — პრეზიდენტის გადადგომა სურთ და საპრეზიდენტო-საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

ფრანგი პროტესტანტების გამოსვლების მიხედვით და მათი მოწოდებიდან გამომდინარე დამძიმებულ სოციალურ საკითხებს, პოლიტიკური აჭარბებს — რადიკალური, სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლით.

პრეზიდენტ მაკრონის უნიათო „მოღვაწეობა“ ფრანგებს აღიზიანებს, რაც გამოიხატა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს. მისი  მიხედვით, მაკრონს მოსახლეობის მხოლოდ 13% უჭერს მხარს, რაც ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირისთვის უაღრესად დაბალი მაჩვენებელია, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს გადადგომისკენ. მაგრამ მაკრონი ის პრეზიდენტია, ვინც მიჩვეულია საპროტესტო გამოსვლებს — ე.წ. ყვითელი ჟილეტებით დაწყებული, ფერმერებით დამთავრებული.

ამ უკანასკნელებმა განავლის საქაჩი სპეციალური სატვირთო ავტომანქანებით ჩურჩხელასავით ამოავლეს ქალაქების ადმინისტრაციული შენობები, ქუჩები.

ხელისუფლება მთელ რიგ მოთხოვნებს დაყაბულდა და განავლიანი გამოსვლებიც ჩაცხრა, მაგრამ, როგორც ჩანს დროებით. დღევანდელი, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს — სისტემის შეცვლას. ფრანგი მიხვდა, რომ სოციალური პრობლემების ძირფესვიანი შეცვლისთვის, პოლიტიკური სტრუქტურის ძირფესვიანი შეცვლაა საჭირო. ფრანგი მიხვდა. მაკრონი?

მაკრონი ვერ ხდება! მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს პრეზიდენტობა, ანუ წელიწადნახევარი, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაბარგება.

სულ ახლახანს გერმანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კანცლერ მერცს სურს გერმანიის პრეზიდენტის სავარძელი ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს შესთავაზოს. დღევანდელ პრეზიდენტს შტაინმაიერს საპრეზიდენტო ვადა მალე გაუვა, ის ორი ვადით არის არჩეული.

გერმანიის პრეზიდენტობა წარმომადგელობითი ფუნქციების მატარებელია, დაახლებით ისეთი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. მერცის სურვილის ასრულების შემთხვევაში ურსულა პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება გერმანიის ისტორიაში. ურსულა გადაურჩება ყოველდღიურ კრიტიკას, რაც მას აქვს ევროკომისიის თავმჯდომარეობის დროს, დაუბრუნდება გერმანიას, საიდანაც მოახდინა პოლიტიკური აღმასვლა — თავის მეგობრის, გერმანიის კანცლერის მერკელის პროტექციით. მერკელმა, პარტიის ლიდერმა და კანცლერმა თავისივე პარტიის წევრი, პროფესიით გინეკოლოგი მინისტრად განამწესა და ბოლოს რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე.

აქვე მოგახსენებთ, რომ ევროკავშირის ბრიუსელის შტაბ-ბინაში მომუშავე ყველა თანამდებობა დანიშვნითია და არა არჩევითი. დანიშვნა კი ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით „დიდების“ ურთიერთშეთანხმებით.

ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეობა ნიშნავს პრემიერ-მინისტრობას — ზედაპირული შედარებით. ასე რომ ურსულას მიერ გათავისუფლებული თანამდებობა, მაკრონს მოხიბლავს. ღირს ამისთვის განავლის „შხაპის“ ატანა და კოკისპირული გინებაც, მაგრამ ადუღებულ მოსახლეობას რა?

წელიწადნახევრის მოთმენა?

მაკრონს გულს უმაგრებს მისი უცხოელი კოლეგების დაბალი პოპულარობა, მაგალითად გერმანიის კანცლერის მერცის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სტარმერის, სხვების. მერცისა და სტარმერის პოპულარობა ისეთია, გადადგომის მოლოდინს რომ აჩენს. სტარმერი წლის ბოლომდე თუ გასტანს მომავალი წლის დასაწყისში დაემშვიდობება თანამდებობას.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმდინარე მძიმე  პოლიტიკური ვითარება — სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური განპირობებულია თვით პოლიტიკოსთა დაბალი განათლებით, გამოცდილებით, ამბიციებით, არაპროფესიონალიზმით. სავარძლის შენარჩუნებისთვის დამამცირებელი დამოკიდებულებით აშშ-ს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის, კონგრესის მიმართ. აქვე უნდა აღინიშნოს განათლების სისტემის გაუმართაობა — გაუნათლებელი პოლიტიკოსებით სახელმწიფო-პოლიტიკური ბაზრის გაჯერება.

ბევრ ევროპელ მაღალჩინოსან პოლიტიკოსს უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული, ასე რომ საქართველოს პრეზიდენტი და ქალაქის მერი გამონაკლისები არ არიან. ევროპელი პოლიტიკოსების განათლება პარტიაში მუშაობის ნიუანსებში გათვითცნობიერებით შემოიფარგლება — პარტიული თანამდებობების საფეხურებზე სვლით, რომლის დროს პრიორიტეტულობა ენიჭება მლიქვნელობას, მაღალი პარტიელის მიმართ კუდის ქიცინს და სხვა მანკიერებას, რას სამწუხაროდ დამახასიათებელია პარტიული ცხოვრებისთვის.

გერმანიის ვიცე-კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ცნობილი გახდა არა გონიერებით და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით, არამედ ბრიყვული განცხადებებით, ისეთით, საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები რომ არ დაუშვებენ.

კაია კალასი — ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჯერად ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხების კომისარი აცხადებს, რომ მისთვის აღმოჩენაა რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის დამარცხება, ისე, როგორც ჩინეთის მიერ იაპონიის მილიტარიზმის.

ყოველი მისი სიტყვა გინესის რეკორდებს მოხსნიდა სისულელეებში.

სულ ახლახანს, ევროპარლამენტარმა სხდომაზე განაცხადა — ჩიტი მყავს გაცილებით გონიერი, ვიდრე კალასიო. ადრესატი გამომსვლელის წინ იჯდა.

გავიხსენოთ ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ახალგაზრდა ქალი სანო მარინი — სუპერმარკეტის მოლარე, პარტიაში დაწინაურებული, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოტრფიალე, ისე, როგორც დისკოთეკაში ცეკვის. როდესაც ფინელმა ამომრჩეველმა, მისი ქცევით გაღიზიანებულმა ჰკითხა — რატომ იქცევა სანო მარინი ასე, მან უპასუხა — მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და გართობაც ისე მინდა, როგორც თქვენო.

ევროპელი პოლიტიკოსების გაუნათლებლობა, რომ მარტო თავიანთი ქვეყნით შემოიფარგლებოდეს — არაფერი გვიჭირს, მაგრამ მათი უვიცობა, მათივე ქვეყნების საზღვრებს სცდება და საერთაშორისო პოლიტიკაში გადის.

უვიცობა იწვევს ისეთი აზრის აღმოცენებას, როგორიცაა ტაქტიკური ბირთვული იერიშის მიტანა მოწინააღმდეგე მხარეზე. უვიცი პოლიტიკოსი გოგო-ბიჭების გაგებით სრული შესაძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენება საბრძოლო მოქმედების თეატრის ტერიტორიაზე, მაგალითად დონბასის. სხვათა შორის უკრაინის „პრეზიდენტი“ ზელენსკი დასავლეთისგან ითხოვს ბირთვული იარაღის დაბრუნებას უკრაინაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა, აშშ-ს თხოვნით გაიტანა უკრაინიდან რუსეთში, ანუ დაიბრუნა ბირთვული იარაღი, რომელიც განლაგებული ჰქონდა უკრაინის სსრ-ში.

ზელენსკის და მის ბანდას ჰგონიათ, რომ ის იარაღი უკრაინაში იყო დამზადებული და უკრაინას ეკუთვნოდა. ზელენსკი იმასაც აცხადებს, რომ შექმნის „ბინძურ“ ატომურ ბომბს, რომელიც არ იქნება ისეთი დამანგრეველი ძალის, როგორც სრულყოფილი, მაგრამ სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთს. სხვათა შორის ასეთის შექმნაში დახმარებას „ომის ევროპა“ ჰპირდება.

უცოდინრობა არ აძლევს მათ იმის შეგნებას, რა მოჰყვება „ბინძური“ ბომბის აფეთქებას და თუ მოჰყვება — ლოკალური მნიშვნელობისა იქნება და არ გასცდება დონბასს, რაც სრული უმეცრებაა.

რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის ნებისმიერი აგრესორის, თუნდაც ევროატლანტიკელისთვის პასუხის გასაცნობად — ავტომატურ რეჟიმში. რას ნიშნავს ეს?

ბირთვული რაკეტების ბაზირების მონიტორინგი 24-საათიანი რეჟიმით კონტროლდება, განსაკუთრებით ზეციდან, კოსმოსში არსებული დედამიწის თანამგზავრებიდან. გასროლის შემთხვევაში ჩაირთვება რუსული თავდაცვის სისტემა — ავტომატურად, რასაც მოჰყვება მსროლელის  განადგურება ზებგერითი რაკეტებით, რომლებსაც ვერც ერთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ე.წ. ქოლგა, გუმბათი და ა.შ. ვერ დააკავებს.

ისრაელ-ირანის ამასწინანდელი სარაკეტო თავდასხმების დროს, ირანის მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები იოლად გაუმკლავდა ისრაელის უსაფრთხოების გუმბათს და მიზანს მიაღწია.

რუსეთის წინააღმდეგ ზღვარგადასულ საჰაერო თუ სახმელეთო ან საზღვაო შეტევას უდავოდ მოჰყვება პასუხი, რომელიც ლოკალური არ იქნება. მაგრამ ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსები ზედაპირულად იხილავენ ამ საკითხს.

არანაკლები არეულობაა აშშ-ი. ქვეყანა 2 მტრულ ბანაკს შორის არის გაყოფილი და პატარა ნაპერწკლის შემთხვევაში დიდ ხანძრად გადაიქცევა. ვერვინ იფიქრებდა, რომ ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ესოდენ უკიდურესი დაპირისპირება იქნებოდა.

საქართველოს მოსახლეობას მინიმალური წარმოდგენაც არ აქვს აშშ-ი მიმდინარე პროცესების, პარტიათა შორის გაჩაღებული ომის — ჯერ-ჯერობით „ცივის“, სიტყვიერის, რომელიც სრულიად შესაძლებელია სამოქალაქოში გადაიზარდოს.

ტრამპის გაპრეზიდენტებამ აშკარად დაძაბა ვითარება. ომმა ლგბტ-სთან, USAID-ისთან, სოროსთან  და მის შვილთან, ტრანსვესტიტობასთან, სხვა მანკიერებასთან და რაც მთავარია „ვაშინგტონურ ჭაობთან“, დიპ სტეიტთან — აშკარა დაპირისპირების სახე შეიძინა, რაც ანტიტრამპული გამოსვლებით აღინიშნა. ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ომმა არალეგალურ მიგრანტებთან, გამოიწვია მეზობელ მექსიკასთან ურთიერთობების დაძაბვა. დავუმატოთ ამას საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება ამერიკაში გასაყიდ საქონელზე და მივიღებთ სრულ ბუკეტს, რომელსაც ომის წინა არეულობის სურნელი ასდის.

ტრამპმა დაიწყო მასშტაბური ბრძოლა ვაშინგტონის, ჩიკაგოს, ლოს-ანჟელესის, სან-ფრანცისკოს, სხვა ქალაქების „ბომჟებისგან“, ქუჩებში მცხოვრები ნარკომანებისგან, კრიმინალებისგან განთავისუფლება.

უდავოდ, მისასალმებელი ღონისძიებაა, მაგრამ არ მოსწონთ, ისე, როგორც არალეგალი მიგრანტების ტალღის შემცირება, ქვეყნიდან დეპორტაცია.

ეროვნული გვარდიის შეყვანამ ქალაქებში ხომ მთლად გადარია მაცხოვრებლები, დემოკრატიულ პარტიას მისცა საშუალება უკანასკნელი სიტყვებით აძაგოს ტრამპი, უწოდოს მას ჰიტლერი.

ტრამპი უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს.

პრობლემები აქვს ტრამპს ევროპელ მოკავშირეებთანაც. და არა მარტო. აშშ-ს სახელმწიფო ვალმა, რომელმაც 37 ტრილიონი დოლარის ზღვარი გადალახა და შეუნელებლად მიიწევს ზევით, ტრამპს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, გარდა გაზრდილი სავაჭრო ტარიფების შემოღებისა. როდესაც სახელმწიფო ვალის წლიური მომსახურება ერთ ტრილიონ დოლარზე მეტს მოითხოვს, პრეზიდენტი ვალდებულია რაღაც ისეთის შემოსაღებად, ქვეყანას რომ არ ჩაახრჩობს ფინანსურ ჭაობში. ასეთ დროს ძმობაზე, ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე, დემოკრატიაზე და სხვა აბსტრაქტულ თემაზე ლაპარაკი მიუღებელია.

ტრამპი პირდაპირია და რევერანსების გარეშე აცხადებს, რომ ამერიკის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის, ამერიკული ხელგაშლილობის ბრალია ის, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აშშ-ა ფინანსური დახმარებით ე.წ. „მარშალის გეგმით“ ფეხზე დააყენა გავერანებული, ომისშემდგომი ევროპა, თუმცა არც ის არის დასავიწყებელი, რომ ევროპაში ჩადებული ფული ორმაგად ამოიღო.

„მარშალის გეგმამ“ არა მარტო ევროპა ახეირა, არამედ აშშ-იც. და ეს უკანასკნელი მეტად, ვინაიდან ამერიკული დახმარება — ევროპელთა მიღებული, ევროპელებს ძვირად დაუჯდათ და უჯდებათ — საკუთარ მეობაზე, სუვერენიტეტზე უარის თქმად.

ევროპამ, აშშ-ს გადასცა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, რასაც საგარეო პოლიტიკაც მიაყოლა — ცხადია არა საჯაროდ, არამედ შეფარულად. აშშ-ა „ნატოს“ შექმნით, თავის ხელში აიღო ევროპელთა უსაფრთხოება, რაც ძვირი უჯდება მას — 73% მთლიანი ხარჯების. სხვის ხარჯზე მყოფი ევროპა ისე შეეჩვია ნატოს ყულაბაში თავისი წვლილის არ შეტანას, რომ ტრამპის მიერ მათთვის დაწესებული სამხედრო ხარჯების 5%-მდე გაზარდა შეუძლებლად მიიჩნია.

ტრამპის დავალებამდე ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყანა, თავისი ეროვნული შემოსავლის 2% თუ ახმარდა ნატოს ყულაბას — საკუთარი თავის დასაცავად, რამაც მოთმინებიდან გამოიყვანა ტრამპი და კატეგორიულად მოითხოვა ხარჯების 5%-მდე გაზრდა.

ნატოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისთვის 5%-იანი გადასახადის დაფარვა შეუძლებელია. მართალია, ისინი დაეთანხმნენ ტრამპს, მაგრამ ერთი პირობით, რომ პროცენტების გაზრდას ეტაპობრივად განახორციელებენ. ევროპელებს იმედი აქვთ, რომ 3 წლის შემდეგ ტრამპი აღარ იქნება და დღევანდელი დავალება დავიწყებას მიეცემა.

თითქმის უფასო უსაფრთხოება და იაფი გაზი — რუსეთიდან მიწოდებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკური წარმატების საწინდარი გახდა. აშშ-ა მიიღო მოკავშირე ევროპა, აშშ-ს ხარჯზე გამდიდრებულ-გაზულუქებული, რომელიც კონკურენტად იქცა. ტრამპისთვის ევროპა ისეთივე კონკურენტია, როგორც ჩინეთი, რუსეთი, სხვა ქვეყნები.

არც ევროპა თვლის აშშ-ს ისეთ პარტნიორად, როგორიც წინათ იყო. უკმაყოფილება მათ შორის ღვივდება, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე.

ევროპა, გაცილებით მეტად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას, ვიდრე ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ტრამპი, ევროპელთაგან განსხვავებით, ცდილობს უკრაინის ომის შეჩერებას, ვინაიდან უკრაინა ხელს უშლის, როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხების აწყობაში — თავისებურად, ჰეგემონისტურად, მტაცებლურად.

ტრამპი, ისეთივე მტაცებელია, როგორც ევროპელები, მაგრამ განსხვავებული მეთოდებით. მას სიტყვით სურს  უკრაინის ომის დამთავრება, საქმით — ისე, როგორც  ევროპას — ზელენსკისთან ერთად ომის გაგრძელება, ვინაიდან დიდი შემოსავალია, ევროპელი ლიდერების ჯიბეებისთვის. ამასთანავე ეკონომიკური ვითარების გაუარესება, რუსეთში სოციალური მდგომარეობის კრიზისამდე მიყვანა, რუსების ქუჩაში გამოყვანა — საკუთარი ხელისუფლების დასამხობად.

მათდა სამწუხაროდ, ეს ოცნება, ოცნებად რჩება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გამოთვლით, გასულ წელს, ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა საუკეთესო მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ დანიაში აჩვენა, დანარჩენში — ვარდნა. გერმანიაში ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი 0,3% შეადგინა, საფრანგეთში — 0,2%, ფინეთში — 0,4%. მათ მიერ მიზანში ამოღებულ რუსეთში — 4,1%-ს.

რუსული იაფი გაზისთვის ზურგის შექცევამ გერმანიის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა. 200000 საწარმო დაიხურა. მანქანათმშენებლობა ამერიკა-ჩინეთში გადაბარგდა. კანცლერ მერცის აღიარებით, გერმანია აღარ არის ევროკავშირის ლოკომოტივი. ამერიკულ ძვირ გაზზე აწყობილი მრეწველობა ვერ უშვებს კონკურენტუნარიან  პროდუქციას. იაფი რუსული გაზი იძლეოდა ამის საშუალებას.

გერმანიამ, აშშ-ს მოწოდებით უარი თქვა იაფ რუსულ გაზზე — პოლიტიკურზე, როგორც თვით შეარქვა ასეთს და 3-ჯერ ძვირ ამერიკულ დაჭირხლულ გაზს დათანმხდა. არამარტო გერმანია, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაითვალისწინებენ აშშ-ს მოთხოვნას და 100%-იან ტარიფებს დაუწესებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებს, განსაკუთრებით ნავთობს ყიდულობენ, მაგალითად ჩინეთს და ინდოეთს.

აშშ-ა 50%-ანი ტარიფი დაუწესა იმპორტულ ინდურ საქონელს, მაგრამ ინდოეთი ვერ გატეხა, ვერ ათქმევინა მას უარი რუსული ნავთობის შეძენაზე. და რახან მან ვერ ათქმევინა, ახლა ევროკავშირს აგულიანებს გადადგას ასეთი ნაბიჯი.

ახლახანს, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა განაცხადა, რომ ინდოეთ-ჩინეთს 100%-იანი ტარიფები უნდა დაუწესდეთ — რუსული ნავთობის შეძენისთვის, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ეხმარება, ისე, როგორც უკრაინაში ომის წარმართვას. არ იყიდიან ჩინეთი და ინდოეთი რუსულ ენერგომატარებლებს, რუსეთს შემოაკლდება ფული ომის საწარმოებლად, დასუსტდება და ზელენსკისთან მოლაპარაკებას დათანხმდება.

პრიმიტიულად მომეჩვენა ბესენტის განცხადება. არა მარტო ბესენტი, სხვა ამერიკელი პოლიტიკოსებიც დიდი განათლებით არ გამოირჩევიან. რაც მთავარია ისინი არც რუსეთს იცნობენ და არც რუსის მენტალიტეტი იციან. რა უნდა ურჩიონ მათ ტრამპს?

ტრამპი სულაც არ არის იზოლიაციონისტი. მას ჰეგემონობა სურს, ანუ ჰეგემონიზმის გაგრძელება. ჰეგემონობა კი საბჭოთა კავშირის თვითდაშლის  შედეგად მიიღო უბრძოლველად. აშშ-ს, საბჭოთა კავშირი არ დაუმარცხებია,  მიუხედავად მრავალი იატაკქვეშური, ანტისაბჭოური მოქმედებისა 1945 წლიდან დაწყებული, საბჭოეთის თვითლიკვიდაციამდე. საბჭოთა კავშირმა თვით დაამარცხა საკუთარი თავი.

ტრამპი, მილიარდერი, იმპერიალიზმის ნაყოფი შეიძლება თვლიდეს ამერიკას რუსეთის ტოლად?

ცხადია არა! მაგრამ ტრამპი ხედავს რუსულ პოტენციალს, შეიარაღებას, ბირთვულ იარაღს — ამერიკისთვის სახიფათოდ, ამიტომ გარკვეულ ეტაპზე ის მზადაა რუსეთთან ურთიერთობისთვის, მაგრამ არა თანაბრობის პრინციპზე, არამედ ძველებური ქედმაღლობის.

ტრამპი თითქოს ვერ ამჩნევს ან არ იმჩნევს, რომ ერთპოლუსიანობას წყალი აქვს შემდგარი; რომ წინა პლანზე წამოიწიეს ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა, „შოსის“, „ბრიკსის“ გაერთიანებებმა; რომ „დიდი შვიდეული“ ჩამორჩება ამ ორგანიზაციებს ეკონომიკურად, სამხედრო მშენებლობის თვალსაზრისით.

ზემოთ ვახსენე სიტყვა „მტაცებელი“, სხვაგვარად ტრამპის ქმედებას, მითუმეტეს რიტორიკას ვერ შევაფასებთ. გავიხსენოთ პანამის, გრენლანდიის აშშ-ზე მიბმის განცხადებები, გაკეთებული ინაუგურაციის დამთავრებისთანავე.

ტრამპმა ახალი ტერმინი შემოიღო „მშვიდობა ძალით“. და არათუ შემოიღო, განახორციელა კიდევაც ისრაელ-ირანის ომის დროს, როდესაც ირანის ბირთვული კვლევის ობიექტები დაბომბა. ომი შეწყდა არა იმით, რომ ტრამპმა უკიდურეს ფორმას მიმართა, არამედ იმით, რომ ირანის ხელისუფლება პასუხისმგებლობით მიუდგა საპასუხო შეტევას რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ირანს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ თავი შეიკავა მსოფლიო კატასტროფისგან.

„ძალისმიერი მშვიდობის“ ავტორმა კი გაააქტიურა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მოპოვებისთვის ბრძოლა. როგორც ჩანს, „ძალისმიერი მშვიდობის“ რეცეპტი ისრაელზეც გავრცელდა, რომელმაც ახალი ძალით შეუტია ღაზის სექტორს. და არა მარტო შეუტია, ოფიციალურად განაცხადა კიდევაც ღაზის სექტორის მითვისების შესახებ. და არა მარტო გამოაცხადა, არამედ სამშენებლო ტექნიკაც მიაყენა — ებრაელთათვის ახალდასახლების ასაშენებლად.

ნეთანიაჰუს განცხადებით, არავითარი პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება — ანექსირებულ ტერიტორიაზე 70000-ანი ებრაული დასახლება იქნება.

იმას, რაც ღაზის სექტორში ხდება, სიტყვა „გენოციდი“ ვერ მოიცავს. ალყაში მოქცეული ღაზის სექტორი — 2 მილიონამდე პალესტინელით, ეწირება ისრაელის იარაღს ისე, როგორც უწყლობას, შიმშილს, ინფექციურ დაავადებებს.

დანგრეულ ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანების მიმართ ტრამპი წუხილს არ გამოთქვამს, მას უკრაინელთა მსხვერპლი უფრო აწუხებს, ვიდრე პალესტინელი არაბების.

ასეთი ნობელის პრემიის მისაღებად აწუხებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს სარეკომენდაციო წერილებით მიმართონ ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტს.

ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მეზობელ ქვეყნებს ისე ბომბავს, თითქოს არაფერი. მსოფლიო შეძრა ყატარის დედაქალაქის დოხას სასტუმროს დაბომბვამ — „ჰამასის“ დელეგაციის განადგურების მიზნით. არადა, „ჰამასის“ წარმომადგენლები ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებს უნდა შეხვედროდნენ ტყვეთა გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების გასამართად.

ყატარი, აშშ-ს მოკავშირეა. ყატარში არსებობს აშშ-ს სამხედრო ბაზა და ამ დროს ისრაელის თავდასხმა. ტრამპმა წაიყრუა, თითქოს თავდასხმამდე ისრაელმა ის საქმის კურსში არ ჩააყენა.

ტრამპი ემოციურია, არათანმიმდევრული პოლიტიკოსი, რომელიც დღის განმავლობაში სისტემატურად იცვლის აზრს, რითაც უხერხულობას, გაურკვევლობას ქმნის საერთაშორისო არენაზე.

ტრამპს ეკითხებიან — აპირებს თუ არა რუსეთის ახალი ტარიფებით დასჯას. და ისიც, როგორც იმპერატორი აცხადებს — დასჯის, ვინაიდან უკმაყოფილოა პუტინის მოქმედებით უკრაინაში. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ამერიკა ისეთივეა, როგორც 30 წლის წინ. ის უძლეველი ამერიკის, უძლეველ პრეზიდენტად თვლის თავის თავს. არადა ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩინეთმა გაუსწრო მას. მარტო ეკონომიკით?

შეიარაღების თვალსაზრისითაც უტოლდება მას და ისეთი ტემპით ვითარდება, მალე უკან ჩამოიტოვებს, რაც ნათლად გამოჩნდა პეკინში გამართული სამხედრო პარადის დროს. ის, რომ ასეთ პარადს ვერც აშშ-ი გამართავს და ვერც ნატოს წევრი სხვა ქვეყანა,  ეჭვს არ იწვევს.

ტრამპი შეეცადა სამხედრო პარადის გამართვას,. გამართა, მაგრამ მოსკოვ-პეკინის პარადების შემდეგ, პრიმიტიული შთაბეჭდილება მოახდინა. ამ მხრივ პარიზის პარადმაც „ისახელა თავი“.

სამხედრო პარადი,  სახელმწიფო სისტემის გამართულობის, დისციპლინის გამომსახველია, იმავდროულად შეიარაღებაში ახალი სიტყვის, ცხადია იარაღის სახით.  პარადი, დამსწრე უცხოელი დიპლომატების, ექსპერტების, სამხედრო სპეციალისტების, სამხედრო ატაშეების თვალწინ იმართება, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ შესაბამისი დასკვნების გაკეთების.

მოსკოვის სამხედრო პარადი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა უცხოურ მედიაში. იწერებოდა სტატიები — დეტალური ანალიზით წითელ მოედანზე გავლილი სხვადასხვა სახის იარაღის თაობაზე. იყო შედარება წინა წლის პარადზე დემონსტრირებული სამხედრო ტექნიკის ახალთან და ა.შ.

პეკინის პარადის სიძლიერის გამოხატულობა იყო ბირთვული ტრიადის დემონსტრირება. მთავარი სიურპრიზი იყო მოძრავი გრუნტის სარაკეტო სისტემა (კომპლექსი) ПГРК 6 საკონტინენტთაშორისო  ბალისტიკური რაკეტების МБР DF-61-ს, რომლის შესახებ ადრე არაფერი თქმულა. DF-61 იმ კლასს შეიძლება მიეწეროს, როგორიც რუსული სარაკეტო კომპლექსი „იარსია“.

ჩინური კომპლექსი არის ახალი ეტაპი „ПГРК DF-41“-ის განვითარებისა, რომელიც 2019 წლის პარადში იღებდა მონაწილეობას.

გარდა ამისა დემონსტრირებული იქნა სხვა ახალი МБР — DF-31 — DF-31BJ, JL-3  («ძიულან-3), საზღვაო ბაზირებისა და DF-5C. პუბლიკას პირველად წარუდგინეს წყალქვეშა დრონი AJX-002, რუსული „პოსეიდონის“ ანალოგი. ამ აპარატის სიგრძე 20 მეტრია, დიამეტრი 1,5 მ. მას შეუძლია 1 კილომეტრის სიღრმეში ცურვა 200 კმ/სტ სიჩქარით. მისი ბირთვული ქობინის (თავის) წონა 100 მეგატონაა.

    გარდა ამისა წარმოდგენილი იქნა ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემები — საშუალო, მოკლე რადიუსის, როგორც საზღვაო ბაზირების, ისე საჰაერო. მათ შორის ანტისაზღვაო DF-26D, რომლის მანძილი 4000 კმ-ია და გამიზნულია ავიამზიდების წინააღმდეგ.

წარმოდგენილი იქნა მიკროტალღური იარაღი, რომლის სიმძლავრე 10 გიგავატია და რომელსაც შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს დრონის ელექტრონიკა — პერსპექტივაში თვითმფრინავის და კოსმოსის თანამგზავრის. აპარატი მობილურია და შეუძლია დრონების თავდასხმის მოგერიება — რამდენიმე ასეულ მეტრზე.

დემონსტრირებული იყო ანტისაჰაერო თავდაცვითი ლაზერული სისტემა, ისეთი, რომელსაც ფანტასტიკად მიიჩნევდნენ, მაგრამ ჩინეთს ის უკვე შეიარაღებაში აქვს.

პარადზე გამოჩნდა ტანკი ZTZ-201, რომელშიც გამახვილებულია ყურადღება არა ჯავშნის მასაზე, არამედ აქტიური დაცვის კომპლექსზე, რომელიც არა მარტო სარაკეტო თავდასხმას ისხლეტს, არამედ ჩვეულებრივ ყუმბარებს და დრონებს.

ტანკის წონა 40 ტონაა, რაც 1500 სიძლიერის ძრავით უზრუნველყოფს მანევრირებას და 60 კმ/სთ სიჩქარეს. ძრავი ჰიბრიდულია — დიზელზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე. მას 13 სათვალთვალო აპარატი აქვს. ტანკის ზედა ნაწილში ჩამონტაჟებული, რაც ეკიპაჟს აძლევს შესაძლებლობას ტანკის ირგვლივ ვითარების გაკონტროლების. საცეცხლე ხელოვნური ინტელექტით არის უზრუნველყოფილი, რაც სამიზნის ერთდროული აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

პარადზე წარმოდგენილი იქნა გამანადგურებელი J-35, რომელიც ითვლება ამერიკული F-35 მთავარ კონკურენტად და მე-6 თაობის თვითმფრინავი Chengdu J-36. თვითმფრინავი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, ყველაფერს თვითონ აკეთებს, პილოტზე მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაა. ის შეიძლება აღიჭურვოს ფრთოსანი რაკეტებით, ბირთვულქობინიანით, ლაზერული იარაღით. მისი გამოყენება უპილოტოდაც შეიძლება.

ბევრი იყო სხვადასხვა სახის უპილოტო აპარატებიც, როგორც სადაზვერვო, ისე დამკვრელური. გამოირჩეოდა Gj-11 „მახვილი ხანჯალი“, დამზადებული სტელს-ტექნოლოგიით (უჩინარი). მისი ფრენის რადიუსი 1600 კმ-ია, მაქსიმალური — 4000 კმ, 6 საათის მანძილზე ფრენით, სიმაღლე 12000 მ. დრონს შეუძლია ატაროს ოთხი 500 კგ-იანი ავიაბომბი, ლაზერული თავით, რომელიც თვით დაუმიზნებს ობიექტს, აგრეთვე ოთხი რაკეტა „ჰაერ-ჰაერი“.

სხვაც ბევრი იყო წარმოდგენილი პეკინის პარადზე, რამაც სპეციალისტები დაარწმუნა, რომ ჩინეთი ხდება მსოფლიოს პირველ სამხედრო სახელმწიფოდ, რომ მისი არმია აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე იარაღით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

16/09/2025