20.08.2025

ღია ცისქვეშ მუზეუმი

ალიასკის სამიტზე ბევრს ლაპარაკობენ და ილაპარაკებენ, ვინაიდან წინგადადგმული ნაბიჯი იყო მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისთვის.

ანკორიჯში გამართული 2 საათისა და 45 წუთიანი შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებისა განსხვავებული იყო მსგავსი შეხვედრებისგან, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ქვეყნების მეთაურთა შორის, როგორც გარეგნობით, პროტოკოლურად, ისე საუბრის ტონალობით, რომელზეც მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება, ვინაიდან ქვეყნების მეთაურების განცხადებიდან გამომდინარე დასკვნების გაკეთება რთულია, თითქმის შეუძლებელი.

3-საათიანი მოლაპარაკება, მისი შინაარსი არასდროს გასაჯაროვდება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში. დეტალები უდავოდ გახდება ცნობილი 20-30 წლის შემდეგ, როდესაც მთავარი მოქმედი პირები, დიალოგში მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები ამ ქვეყანას აღარ იქნებიან. და აღარ იქნებიან არა მარტო ისინი, არამედ პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამერიკა-რუსეთში, ისე ევროპასა და მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაშიც.

20-30 წლის შემდეგ ანკორიჯი მხოლოდ ისტორიკოსთა ყურადღების საგანი იქნება და არა საზოგადოების. 20-30 წლის შემდგომი ცხოვრება, უდავოდ განსხვავებული იქნება არსებულისგან. მას სხვა პრობლემები ექნება, მაგრამ თუკი მანამდე იარსება, მშვიდობიანი თანაარსებობის საკითხი ისევ აქტუალური იქნება, ისევ იქნება გამალებული შეიარაღება, ისევ დააშინებენ ერთმანეთს დიდი სახელმწიფოები, ისევ დაპირისპირებულები იქნებიან შედარებით მცირე ზომის ქვეყნები ერთმანეთთან, დიდები, პატარებთან, რამეთუ ძალით პრობლემის მოგვარება უკვდავია, ისე, როგორც კაცობრიობა.

დიდი და ძლიერი რიდს და შიშს იწვევს ყველაში, გარდა დიდის ტოლი ქვეყნისა, ვინაიდან მასაც აქვს საპასუხო შიშის გამომწვევი ბერკეტი — იარაღი. აშშ-ი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰეგემონად ქცეული, ბირთვული იარაღის მქონე, ერთმმართველად დარჩებოდა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მეორე დიდმა ასეთი იარაღის შექმნით ხელიდან გამოგლიჯა ერთმმართველობა და სახელმწიფოებრივი სისტემის ხიბლის წყალობით ირგვლივ შემოიკრიბა მსოფლიო ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა — ევროპული კოლონიალიზმის მოძულები.

გაიყო მსოფლიო ორად — სოციალიზმისა და კაპიტალიზმის მიმდევრებად, ერთმანეთთან დაპირისპირებულ სუბიექტებად. 80 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ქიშპი — ხან ღიად, ხან ფარულად, სხვისი წაქეზებით. წამქეზებელი დიდი, მის მიერ შეცდენილ, გადაბირებულ პატარას მიანიშნებდა და მიანიშნებს მეორე დიდის სიცოცხლის გამწარებისკენ, ვინაიდან თვით ეშინია მასავით დიდთან დაპირისპირება.

ერთის შეხედვით, ის არაფერს შუაშია, ის ხომ პირდაპირ კონფლიქტში არ შესულა დიდთან?

ის, რომ წამქეზებელი იარაღს, ფულს აძლევს პატარას მოწინააღმდეგესთან საომრად თითქოს არაფერს ნიშნავს — საჯაროდ გაიძახის  — მე რა შუაში ვარ, მე ხომ არ გეომებიო?

აი, ის დიდი აშშ-ია, რომელიც სხვისი ხელით, ანუ უკრაინის, ეომება რუსეთს — ცხლად, სამი წელი, იატაკქვეშურად, 2014 წლიდან — უკრაინის მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მასთან ერთად არიან ევროპის ქვეყნები, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირთან დამარცხებულები, რევანშიზმის იდეით შეპყრობილები.

მათი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ფაშიზმის მიმდევრების შვილიშვილებია, ისეთივე, როგორიც წინაპრები. მიზანი მათი იყო და არის რუსეთის, საბჭოთა კავშირის მსგავსად დაშლა, დაშლილის — დანაწილება, განსაკუთრებით მდიდარი წიაღისეულის — ორი კურდღლის ერთდროულად მოკვლა — რუსეთის, როგორც დიდი და მტერი სახელმწიფოს დაქუცმაცება, და მისი  სიმდიდრეების ხელში ჩაგდება.

მომნუსხველი იდეაა და არა ფანტასტიკის ტოლფასი — ასე ფიქრობდნენ ისინი. მივცემთ უკრაინას იარაღს, ფულს, გავუწევთ მას ყველა სახის სამხედრო დახმარებას, გავწვრთნით გაფაშისტებულ უკრაინელს, რუსეთს დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს და სულს ამოვხდით.

30000-მა სანქციამ ვერ წააქცია რუსეთი. პირიქით შეკრა — ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე, როგორც სამხედრო და ნაცვლად მიწასთან გასწორებული რუსეთისა, მსოფლიომ იხილა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომელმაც ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით ყველა ევროპულ ქვეყანას და აშშ-ს გაუსწრო. გააფართოვა უკრაინის ტერიტორიის — ერთ დროს რუსეთის იმპერიის, უკან დაბრუნებისთვის საჭირო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ინტენსიურობა.

ომის დაწყების სამი წლის თავზე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მეოთხე ეკონომიკური პარამეტრებით ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ. ევროპის ქვეყნები ათეულის მიღმა არიან. ევროატლანტიკური სივრცისთვის არასასიამოვნო რეალობამ აიძულა ისინი ახალი სანქციების დაწესებისთვის, თუმცა სანქციებს შეჩვეულ რუსეთზე მას დიდი გავლენა არ მოუხდენია.

აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ბაიდენის ანტირუსულმა პოლიტიკამ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, უკრაინისთვის 350 მილიარდი დოლარის შეწირვამ, ეკონომიკურმა პრობლემებმა, გაუარესებულმა სოციალურმა მდგომარეობამ ასახვა ჰპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატებმა წააგეს. მოგებულმა რესპუბლიკელმა ტრამპმა, ლოზუნგით — „გადავაქციოთ ამერიკა ისევ დიდად!“ კარდინალურად შეცვალა აშშ-ს საშინაო და საგარეო ცხოვრება, დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოსადმი, აღადგინა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო კავშირები და ა.შ.

ტრამპი კატეგორიული წინააღმდეგია ლგბტ-ობის და ტრადიციული ოჯახის მიმდევარია — მრავალშვილიანის, წარმატებულის, დასაქმებულის, ისეთის, როგორსაც ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

მაშინდელი ამერიკისთვის დამახასიათებელი იყო ოჯახში მყოფი ახალგაზრდების 20/22 წლის ასაკის მშობლების ბუდიდან გაფრენა და საკუთარი კერის შექმნა. ასეთი, მოსახლეობის 50%-ი იყო. დღეს მხოლოდ 20%-ია. მაშინ 30 წლის ახალგაზრდა ფლობდა საკუთარ სახლს, დღეს გაცილებით ნაკლები. უმეტესობა ახალგაზრდებისა მშობლებთან ცხოვრობენ, უფრო სწორად მშობლების სახლში, სადაც მშობლებისგან ქირაობენ საცხოვრებელ ფართს. გიკვირთ?

გასაკვირი არაფერია. ეს ტრადიციაა აშშ-ი.

ტრამპი ცდილობს ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გასული ბიზნესის შემობრუნებას; უმუშევრობის შემცირებას, აშშ-ს ქალაქებში წარმოების აღორძინებას.

ძნელად გადასაჭრელ პრობლემას შეეჭიდა ტრამპი. მისი უპირველესი ამოცანაა საგარეო ვალის — 37 ტრილიონი დოლარის შემცირება. წლიურად ვალის მომსახურებაში ტრილიონზე მეტი დოლარი იხარჯება. ტრამპის წინაშე სხვა ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაჭრა ბარიერების გადალახვის გარეშე შეუძლებელია. ბარიერები კი მაღალი და ძნელად გადასალახია. და ამ დროს უკრაინის პრობლემა —  წინამორბედის მიერ შექმნილი, რომელიც არა მარტო ფინანსებს მოითხოვს, არამედ შეიარაღებას, ყურადღებას.

ტრამპი იძულებულია გადაჭრას ეს საკითხი, ვინაიდან მისი განცხადებით ომი მას არ დაუწყია, ომი მისმა წინამორბედმა ბაიდენმა დაიწყო. ამას სისტემატურად იმეორებს ტრამპი ნებისმიერ საჯარო გამოსვლის დროს. ტრადიცია მას არც პუტინთან მოლაპარაკების დროს დაურღვევია. პუტინმა, ტრამპის განცხადება მიიღო და თავის მხრივ დაუმატა, რომ ეს ასეა — მოლაპარაკების შემდეგ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, რითაც ასიამოვნა ტრამპს, თუმცა თქვა სიმართლე.

ურთიერთსიამოვნების მომენტებს ჰქონდა ადგილი ანკორიჯის დროს. თუნდაც სტუმრის დახვედრის ცერემონიალი რად ღირს?

თეთრი სახლის პროტოკოლმა ისეთი ცერემონიალი მოაწყო, არც მწვადი დაწვა და არც შამფური. აშშ-ს პრეზიდენტი, თავის უცხოელ კოლეგას, თეთრი სახლის შესასვლელთან ხვდება და არა აეროპორტში. ტრამპს შეეძლო პუტინს იმ შენობის შესასვლელთან დახვედროდა, სადაც მოლაპარაკება გაიმართა.

პროტოკოლმა, ტრამპის კარნახით სხვა გზა აირჩია — აეროდრომზე დახვედრა, მაგრამ დასახვედრად არა ქალაქიდან მისვლა აეროპორტში, არამედ იმ თვითმფრინავიდან ჩამოსვლა და სტუმართან შეხვედრა, რომლითაც ტრამპი ვაშინგტონიდან ჩაფრინდა ანკორიჯში — 45 წუთით ადრე პუტინის ჩაფრენამდე. და როდესაც პუტინის თვითმფრინავი დაეშვა საფრენ ბილიკზე და პუტინმა დაიწყო ტრაპზე ჩასვლა, ტრამპმაც იგივე გააკეთა — ერთდროულად ორმა პრეზიდენტმა ჩაიარა ტრაპზე.

აშშ-ს პრეზიდენტი გაჩერდა წითელ ნოხზე და დაელოდა პუტინს, რომელიც გაემართა მასთან შესახვედრად. ვიდრე პუტინი მიაბიჯებდა წითელ ნოხზე, ტრამპი იდგა და ტაშით ეგებებოდა მას.

საერთაშორისო პროტოკოლისთვის უჩვეულო ცერემონიალის მნახველი გახდა მსოფლიო. პრეზიდენტები ერთმანეთს თბილად მიესალმნენ, რის შემდეგ ტრამპმა პუტინს აშშ-ს პრეზიდენტის „ლიმუზინში“ ჩაჯდომა შესთავაზა. პუტინი დათანხმდა, რაც ასევე უნიკალური რამ იყო, ვინაიდან ის ყოველთვის თავის „ლიმუზინ აურუსში“ ჯდება, რომელიც იქვე იყო.

აეროდრომიდან შენობამდე, სადაც მოლაპარაკება გაიმართა, 10 წუთის სავალია ავტომანქანით. ამ მოკლე დროს პრეზიდენტები თარჯიმნის გარეშე ისხდნენ ავტომანქანაში და ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებოდნენ.

დახვედრის ცერემონიალმა მძიმედ იმოქმედა ევროპელებზე და უკრაინელებზე. განსაკუთრებით ტრამპის ტაშმა. დასავლური მედია ხაზგასმით აღწერდა ამ ცერემონიალს. დასავლურმა მედიამ ისიც ხაზგასმით დააფიქსირა, რომ საერთო პრეს-კონფერენციაზე ლაპარაკი პუტინმა დაიწყო და არა ტრამპმა, რაც ასევე საერთაშორისო პროტოკოლით განსაზღვრული ჩარჩოების დარღვევაა, ვინაიდან პირველი მასპინძელი იწყებს ლაპარაკს, ხოლო შემდეგ სტუმარი.

პუტინმა წაიკითხა ტექსტი 8 წუთის განმავლობაში, ტრამპმა ზეპირად მიმართა შეკრებილ ჟურნალისტებს, საზოგადოებას, რასაც 4 წუთი მოანდომა.

პუტინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა საკითხები, რაზეც იყო მოლაპარაკება , ერთ-ერთ და არა ერთადერთ საკითხად უკრაინა მოიხსენია. რა იყო მთავარი პუტინის გამოსვლაში?

უპირველესად ის, რომ უკრაინის პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველწყაროს საკითხის გადაჭრით, ანუ იმ საკითხის, რამაც აიძულა კრემლი ომი დაეწყო უკრაინაში. თუ რა არის ეს, არაერთხელ უთქვამს მას — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, მათ შორის უკრაინაში.

პუტინმა ხაზგასმით უარყო დასავლელთა მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამ წინადადებას ტრამპიც უჭერდა მხარს, მაგრამ მოლაპარაკებაზე, როდესაც პუტინმა აუხსნა მას ცეცხლის შეწყვეტის უკან რა მოიაზრება, ტრამპმა პოზიცია შეიცვალა — პუტინის სასარგებლოდ.

პუტინს მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია და არ იძლევა მშვიდობის დასამყარებელ ეფექტს. ევროპელ ლიდერებს და ზელენსკის დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების გამართვა აძლევს შანსს უკრაინის ჯარის გადაადგილებაში, როტაციის განხორციელებაში, ახალი იარაღის მიღებაში, რის შემდეგ უკრაინა გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს.

პუტინის წინადადება ასეთია — მოლაპარაკების დაწყება, ომის მიმდინარეობის ფონზე და საბოლოო შედეგამდე მისვლა, ანუ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ტრამპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ მოაქვს სასურველი შედეგი. უმჯობესია სამშვიდობო ხელშეკრულება. თუ ცეცხლის შეწყვეტა მიუღებელია ტრამპისთვის, რომელიც მოლაპარაკებამდე საწინააღმდეგოს ამბობდა, მაშინ ტრამპის მუქარა რუსეთისა და იმ ქვეყნების მიმართ, ვინც რუსულ ენერგიმატარებლებს ყიდულობენ ახალი ტარიფების დაწესებაც მიუღებელია. ამის შესახებ ტრამპმა აღნიშნა „ფოქნიუსის“ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, რომელიც მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ გაიმართა.

ტრამპმა თქვა, რომ ახალ სანქციებს ადგილი არ ექნება. ამ განცხადებამაც მძიმედ იმოქმედა უკრაინა-ევროპაზე. ისინი ტრამპს სთხოვდნენ რუსეთისა და იმ ქვეყნების დასჯას, ვინც რუსეთის ნავთობს და გაზს ყიდულობს. ასეთებია ინდოეთი და ჩინეთი უმთავრესად.

 ანკორიჯის შეხვედრა წარმატებული გამოდგა ორივე მხარისთვის. პუტინს მიეცა საშუალება პირისპირ ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. ტრამპმა მოისმინა ნათქვამი და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა, რაც ნიშნავს პუტინის პოზიციის გაზიარებას.

ზოგიერთისთვის ალიასკის მოლაპარაკება არაფერი იყო, ვინაიდან მას არ მოჰყვა ხელშეკრულების გაფორმება, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. მოლაპარაკება იყო არა დოკუმენტის ხელმოწერისთვის, არამედ ერთმანეთისთვის აზრთა გაზიარებისთვის. მეორეც — ტრამპი შუამავალია პუტინ-ზელენსკის შორის მოლაპარაკების გამართვის. და თუ რუსეთ-უკრაინის ხელმძღვანელები შეთანხმდებიან, მათ შორის დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელშიც ჩაიწერება ის დეტალები, კამათს რომ იწვევს მხარეთა შორის, ცხადია ხელმოწერისთვის საკამათო საკითხები შეჯერებული უნდა იყოს.

პუტინის განცხადებით, ამ დოკუმენტამდე მისვლისთვის გრძელი გზაა გასავლელი — ორივე ქვეყნის დელეგაციების მოლაპარაკებით, რაც დაწყებულია ქ. სტამბოლში. მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე შეჯერდნენ — ტყვეთა გაცვლაზე. ურთიერთის წინადადებების განხილვაზე ჯერ არ გადასულან.

გასარკვევია უკრაინის მხრიდან ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს. ზელენსკი და მისი ხელისუფლება ერთ წელზე მეტია არაკანონიერია, ვადაგასულია. საჭიროა ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რასაც ზელენსკი შეუძლებლად თვლის — ომის გამო.

ზელენსკის სურვილი არ ასახავს რეალობას, ვინაიდან მისი მოთხოვნა — გავიდეს რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან და აღდგეს 1991 წლის მონაცემებით უკრაინის საზღვრები — შეუძლებელია.

შეუძლებელია ისიც, რომ რუსეთმა მიყენებული ზარალისთვის უკრაინას გადაუხადოს 500 მილიარდი დოლარიდან, ერთ ტრილიონ დოლარამდე საკომპენსაციო თანხა.

ზელენსკი სხვა აბსტრაქტულ მოთხოვნებსაც აყენებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას არ სურს ომის დასრულება. არა მარტო მას, არამედ ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებსაც, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, ფინეთი, თვით ევროკავშირის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და არაწევრი დიდი ბრიტანეთი.

მათი მიზანია, უკრაინის ხელით რუსეთთან ომი, ამ უკანასკნელის დამარცხებამდე. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვეს მათ ა.წ. 17 აგვისტოს ვაშინგტონში გამგზავრებამდე, სადაც 18 აგვისტოს ტრამპი ესაუბრა ზელენსკის, ხოლო შემდეგ ევროპელებს.

ვაშინგტონის მოლაპარაკების შედეგებს შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ. ტრამპი, ზელენსკის ტერიტორიების დათმობას შესთავაზებს, რაც მიუღებელი იქნება, როგორც ზელენსკისთვის, ისე უკრაინელებისთვის. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ ვაშინგტონის მოლაპარაკებებს.

ევროპის ქვეყნებს უკრაინის გარდა საკუთარი თავსატკივარიც აქვთ — ტრამპის მიერ მათი მსოფლიო პოლიტიკიდან განდევნა. ევროპის სურვილი იყო ალიასკის ორთა შეხვედრაში მონაწილეობ. არ გამოუვიდათ. მათი სურვილი იყო ვაშინგტონში ტრამპ-ზელენსკის შეხვედრაში მონაწილეობა, რაც ასევე მიუღებელი გამოდგა მასპინძლისთვის.

ვიზიარებ ფრანგი პოლიტიკოსის 16 აგვისტოს განცხადებას, რომ 15 აგვისტოს ალიასკის მოლაპარაკების შემდეგ ევროპა გავიდა ისტორიიდან.

ევროპა დაემსგავსა ღია ცის ქვეშ მუზეუმს, რომელსაც ტურისტები მოინახულებენ ხოლმე. მან თავისი მოუქნელი პოლიტიკით დათმო პოზიციები.

საქართველოს ხელისუფალთა გასაგონად — ასეთთან არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური ურთიერთობები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

19/08/2025