მსოფლიო და საქართველო

ამიერკავკასიის საკითხების განხილვამდე მოკლედ მოგახსენებთ მსოფლიო პოლიტიკის თაობაზე — აშშ-ს ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ტრამპის მოქმედებიდან გამომდინარე.
ტრამპის პოლიტიკური თამაში გასცდა საერთაშორისო არენაზე დაშვებულ საზღვრებს და ისეთ სახეს იძენს, რომელიც კარგს არაფერს უქადის აშშ-სა და მსოფლიოს.
ტრამპის ქცევა კოვბოისას მაგონებს, მეჯოგის, შემართული იარაღით, თავისი მსხვილფეხა საქონლის სხვა მეჯოგისგან დასაცავად. კოვბოის ისტორიამ, ჰოლივუდის მიერ ატაცებულმა, გულუბრყვილო მეჯოგეს სხვა ელფერი შესძინა — მკაცრის, მკვლელის, იარაღის თითებში მოტრიალე ოსტატის, დაუნდობლის, მტაცებლის.
იყო გამონაკლისები — კეთილი კოვბოების სახით, რაც აისახა კიდევაც გასული საუკუნის 60-იანი წლების ფილმში — „შესანიშნავი შვიდეული“. ტრამპი, თავისი მტაცებლური პოლიტიკით, ბანდიტ კალვერას მაგონებს, რომელიც ისედაც გაღატაკებულ, უსუსურ გლეხებს ლუკმა-პურს ართმევს.
ტრამპს, სადაც გასდის, იქ იარაღს იყენებს — მოწინააღმდეგის შესაშინებლად, დასაჩოქებლად. სადაც ამას ვერ ახერხებს, სავაჭრო ტარიფებს აწესებს. და აწესებს არა მარტო აშშ-ს მეტოქეთა წინააღმდეგ, არამედ ტრადიციული მოკავშირეების წინააღმდეგაც.
მაგალითი ამისა იყო ევროკავშირის დასაჭურისება არა მარტო სანქციებით, ანუ ტარიფებით, არამედ ევროკავშირისთვის ბრძანებით — აშშ-ი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, ამერიკული იარაღის შეძენის და 750 მილიარდის ამერიკული ენერგომატარებლების.
ევროკავშირმა, როგორც ფინია ოთხფეხამ, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახით იმდენი ქათინაური დააყარა კოვბოი ტრამპს, რომ გუნებაში აფიქრებინა კიდევაც — 15%-ზე მეტი უნდა დამეწესებინა აშშ-ი იმპორტირებულ ევროპულ საქონელზეო.
აშშ-ს მიერ ევროკავშირის ქვეყნებში შეტანილ საქონელზე ტარიფი იქნება ნული.
არის თუ არა ტრამპისეული პოლიტიკა ეკონომიკური ბანდიტიზმი?
უდავოდ არის, მაგრამ დაკოდილი ევროკავშირი არ არის ის, რაც ჩვენ გვეგონა და ზოგიერთ ქართველ „პოლიტიკოსს“ დღესაც ჰგონია — ანუ საკუთარი ინტერესების დამცველი, საკუთარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის.
ყრუ და ბრმა ქართული პოლიტიკა — აღნიშნულის შემხედვარე, ისევ დაბეჯითებით გაიძახის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე. ე.ი ევროკავშირში, რომელსაც სირცხვილის გრძნობაც აღარ აქვს. რომ ჰქონოდა, ტრამპს საკადრის პასუხს გასცემდა.
ევროკავშირზე და თვით ურსულა ფონ დერ ლაიენზე მოსწრებულად თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრმა ვიქტორ ორბანმა — ტრამპმა საუზმეზე ურსულა შეახრამუნაო.
ტრამპის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებისადმი, თუნდაც მოკავშირეებისადმი დაუნდობელია, ისე, როგორც ევროკავშირის მიმართ, მაგალითად სამხრეთ კორეა, რომელსაც შეეწერა 320 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აშშ-ი.
არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იაპონია, ტაივანი, ფილიპინები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. მათი მხრიდან ისმის უკმაყოფილება, მაგრამ მოზომილი, ტრამპს რომ არ ეწყინოს.
ტრამპის განცხადებისდამიხედვით, სხვაგვარი პოლიტიკა მოსჩანს რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან მიმართებაში. ტრამპმა თქვა, რომ მას პატივისცემით მოიხსენიებენ ამ ქვეყნებში. ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი უფრო მაღალი ტარიფების დაწესებას აპირებს მათ მიმართ, მისი დამოკიდებულება გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე მოკავშირეების მიმართ.
მოკავშირეებს ის აპანღურებს , ზემოჩამოთვლილებს — ამას ვერ უბედავს სამხედრო ძლიერების გამო. და რომ ვერ უბედავს ავსიტყვაობას. ინდოეთთან მიმართებაში მან თქვა, რომ აღარ აინტერესებს ინდოეთ-რუსეთის ეკონომიკური კავშირები, თავში ქვა იხალონ (ჩემი ინტერპრეტაცია) ორივე დაქცევისკენ მიექანებაო.
არადა, ეროვნული პროდუქტის წარმოების მიხედვით ჩინეთი პირველია მსოფლიოში, მეორე აშშ-ი, მესამე ინდოეთი, მეოთხე რუსეთი. ინდოეთის ეკონომიკური განვითარების ტემპი გაცილებით მაღალია ამერიკისაზე და სულ მალე ის მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
ინდოეთმა, რომელთანაც აშშ-ი სავაჭრო-ეკონომიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თქვა, რომ გააგრძელებს დამოუკიდებელ, სუვერენულ პოლიტიკას, რომლის მიხედვით რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვანია და უკუსვლას არ ექვემდებარება, ანუ არ გაიზიარებს ტრამპის ბრძანებას — შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი. პირიქით, ინდოეთმა განაცხადა, რომ არ შეიძენს F-35 სამხედრო თვითმფრინავებს, რამეთუ ეს შესყიდვაა, ნაცვლად ერთობლივად მისი ინდოეთში დამზადებისა.
ჩინეთის პოზიცია რუსულ ენერგეტიკულ იმპორტთან დაკავშირებით იყო და არის ცალსაცა — ჩინეთი გააგრძელებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და თუ აშშ-ი დაუწესებს მას 100% ტარიფებს, საპასუხოდ ისეთს მიიღებს, რომ თავიც დაავიწყდება.
მსოფლიო საზოგადოება მიეჩვია ჩინეთის ოფიციალური განცხადებების კორექტულობას, თავშეკავებულობას აშშ-ს მიმართ. დღესაც ანალოგიურად იქცევა. მაგრამ ჩინეთის საინფორმაციო არენამ შეგნებულად დაუთმო ადგილი საზოგადოების წარმომადგენელს, არა პოლიტიკოსს, რომელმაც უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია — დააწესებენ ტარიფებს და ვნახოთ, როგორ დაამზადებენ იარაღსო, რომელიც ჩინური იშვიათი წიაღისეულიდან მზადდებაო?
იარაღით ვაჭრობაში აშშ-ი პირველია მსოფლიოში. ჩინეთი უკომპრომისოა ევროკავშირთან მიმართებაშიც.
ტრამპთან შეხვედრამდე, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასარკვევად, თუმცა ამაოდ. ჩინეთის პოზიცია ურყევი გამოდგა მისთვის.
ევროკავშირის მიმართ ჩინეთს ისეთივე პოზიცია აქვს, როგორც აშშ-ს. ამ უკანასკნელს არ მოსწონს ევროკავშირი და პრიორიტეტულად თვლის 27 წევრ ქვეყანასთან ცალკე ურთიერთობას.
ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება ჩინეთმა პროტოკოლითაც გამოხატა, როდესაც ურსულას აეროპორტში არც ერთი ჩინელი პოლიტიკოსი არ დახვდა და ნაცვლად „ლიმუზინისა“, მინი ავტობუსით მოუწია აეროპორტიდან ოფიციალურ მიღებაზე გამგზავრება.
დავუბრუნდეთ ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას და დავსვათ კითხვა — რამ გამოიწვია ტრამპის კოვბოობა, მისი მტაცებლობა, სხვის ხარჯზე აშშ-ს ხაზინის შევსება?
აშშ-ს საგარეო ვალმა — 78 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
მოახერხებს ტრამპი ამ ვალების შემცირებას სხვისი დაყაჩაღებით?
ეკონომისტები აცხადბენ, რომ ტრამპის პოლიტიკას უარესი შეიძლება მოჰყვეს. პოლიტიკაში ჩახედულთ ემახსოვრებათ პრეზიდენტ რეიგანის ყბადაღებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც „რეიგანომიკა“ უწოდეს.
რას გულისხმობდა „რეიგანომიკა“?
აშშ-ნ მძიმე მრეწველობის, საერთოდ მრეწველობის, წარმოების გატანას ე.წ. მესამე ქვეყნებში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, სადაც იაფი მუშახელი იყო. თვით ამერიკა გაჰყიდდა ინტელექტს, კომპიუტერულ პროგრამებს.
საწყის ეტაპზე „რეიგანომიკამ“ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ დროთა ვითარებაში ამერიკა გააზარმაცა. გაჩნდა დეპრესიული ქალაქები, დეტროიტის მსგავსი, რომელიც ცნობილი იყო მანქანათმშენებლობით.
უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ნარკოტიკებს მიეძალა. ტრამპმა გადაწყვიტა, გატანილი საწარმოების იძულებით უკან დაბრუნება, წარმოების აღდგენა, დასაქმება და ა.შ. მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ აშშ-ი აღარ არის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომელიც შეძლებს მაღალხარისხოვანი პროდუქციის გამოშვებას.
მრავალწლიანმა პაუზამ მწარმოებლები, მომხმარებლად გადააქცია. ასეთი, ვერ გაუძლებს სხვათა კონკურენციას.
უცხოეთში გატანილმა ამერიკულმა წარმოებამ, მასპინძელი ქვეყნები ფეხზე დააყენა. ამერიკულმა ბიზნესმაც იხეირა. ასეთ ვითარებაში დაბრუნდება ის უკან?
ზემოთ აღვნიშნე, რომ ვისთანაც ტრამპს გასდის მუქარით ლაპარაკი, უკან არ იხევს „დემოკრატიის აკვანი“. მაგრამ იქ, სადაც არ გასდის, ცდილობს დააკნინოს კონკურენტი. ასეთი მცდელობა ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს რუბიოს, რომელმაც ბრძანა, რომ აშშ-რუსეთის საომარი დაპირისპირება — გადაზრდილი ბირთვულში, დაღუპავს მსოფლიოს, მაგრამ ჩვეულებრივ ომში აშშ-ი რუსეთთან მიმართებაში უძლიერესი იქნება, უფრო მეტიც — რუსეთის არმია ჯეროვან წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევს ევროპის ქვეყნების არმიას. რომელი ქვეყანა ჰქონდა მას მხედველობაში — გამოუცნობი დარჩა.
რუბიო, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, არაკომპეტენტურია ამ დარგში, ვინაიდან აშშ-ს სამხედრო ძალას უძლიერესად მიიჩნევს. ისტორიული ფაქტების მიხედვით, აშშ-ს სამხედრო ძალა ხელწამოსაკრავი არ არის, მაგრამ არც გასაფეტიშებელია.
აშშ-ა წააგო ომი ავღანეთში, საიდანაც ის გამოაპანღურეს; მანამდე კორეასა და ვიეტნამში, თითქოს მოიგო, მაგრამ საბოლოოდ წააგო ერაყში. ანალოგიური რამ იყო ლიბიაში. ქვეყანა, ერთ დროს წარმატებული, ორად გახლეჩილი, რომ გმინავს. აშშ-სა და ნატოს სამხედრო ჩარევით დაიშალა იუგოსლავია — პატარ-პატარა სახელმწიფოებად. დაშლა ემუქრება უკრაინასაც. ეს ქვეყანაც, ხომ აშშ-ს იმპერიალისტური პოლიტიკის ნაყოფია?
რუბიოს ჰგონია, რომ რუსეთს უჭირს უკრაინასთან ომი და ვერ ახერხებს კიევის აღებას. ერთის შეხედვით ასეა იმათთვის, ვინც არ ცდილობს ომის გამომწვევი მიზეზებისთვის თვალში ჩახედვას, დანახვას იმისა, რამ გამოიწვია სისხლიანი დაპირისპირება სლავთა შორის.
ჩემის აზრით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ომიც არის და თან არა. ომს, სხვა წესები აქვს. უპირველესად მეომარ ქვეყნებს გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, ასეთს რუსეთ-უკრაინას შორის ადგილი არ აქვს. რუსეთ-უკრაინას შორის სამოქალაქო ომია — დასავლური პროპაგანდით გადაგვარებულ რუსებსა და რუსეთს შორის, ნეონაცისტებსა და მასთან მებრძოლ რუსებს შორის.
რუსი ვერ იმეტებს რუსს და ცალი ხელით ეომება, რაც დასავლეთს, და არა მარტო, უქმნის ილუზიას რუსეთის სისუსტის. 3 წელზე მეტია, რაც რუსეთი აწარმოებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას არა ტერიტორიის დაპყრობისთვის, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები არაფაშისტი რუსი მოსახლეობის გადარჩენისთვის.
გაჭიანურებულმა სამხედრო ოპერაციამ არა მარტო უკრაინული ნეოფაშიზმი დაასუსტა, არამედ ევროკავშირ-აშშ-იც, რომლებიც იძულებულნი არიან დახმარება გაუწიონ უკრაინას.
ქართულ მედიაში სისტემატურად ვისმენთ რუსეთის ლანძღვას და უკრაინის ქებას. და არა მარტო ქართულში, არამედ აზერბაიჯანულში, სომხურში.
წინა სტატიაში აღვნიშნე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოლიტიკური ფერიცვალება, რომელმაც ჩათვალა, რომ რუსეთის ლანძღვა-გინების დრო დადგა. და მანაც ჩამოიხსნა ნიღაბი, ხელი მიჰყო რუსთა გინებას. შუშაში გამართული პრეს-კონფერენციის დროს, რომელზეც მიწვეული იყო ნეოფაშისტი, უკრაინელი გორდონი, ალიევმა ასე უპასუხა მის კითხვას — უკრაინა არ უნდა შეეგუოს ოკუპაციასო.
წინა სტატიაში გითხარით ზანგეზურის 32-კილომეტრიან დერეფანზე, რომელიც სომხეთის კუთვნილებაა და მისი გახსნის შემდეგ, ნახიჩევანი დაუკავშირდება აზერბაიჯანს. გითხარით ისიც, რომ აშშ-ი ლამობს ამ გზის ხელში ჩაგდებას 99 წლით და მხარეებს ჰპირდება მშვიდობას.
თითქოს მხარეები თანახმანი არიან ამერიკელთა წინადადებაზე, რაც მნიშვნელოვანი რამ არის ამიერკავკასიისთვის, რეგიონისთვის, რუსეთისთვის, ვინაიდან მიმართულია რუსეთის კავკასიიდან განსადევნად.
ალიევი, ისე, როგორც სომხეთის პრემიერი, ფაშინიანი მიესალმება რუსეთის გასვლას სამხრეთ კავკასიიდან. როგორც ჩანს, ალიევი დააიმედეს, რომ მის ავტოკრატიულ მმართველობას არაფერი დაემუქრება. ანუ ის იქნება მუდამ. და თუ არ, მას ვიცე-პრეზიდენტი, მისივე მეუღლე ჩაენაცვლება.
როგორც ჩანს, გამოცდილი პოლიტიკოსიც კი არ იზიარებს ისტორიის გაკვეთილებს, არცთუ შორეულს — ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა ერაყსა და ლიბიაში, ავღანეთში.
სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს, ხოლო კადაფი — ძელზე გასვეს და წამებით მოკლეს. ორივე, აშშ-ს „მოკავშირეები“ იყვნენ. ამერიკელთა მზაკვრობის სხვა მაგალითებიც უამრავია, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ, როგორც ჩანს ალიევს ამერიკელების სჯერა და თვლის, რომ რუსეთის მტრად გადაქცევა მისთვის მისაღებია.
რაც შეეხება ფაშინიანს — ისიც ანტირუსია, მაგრამ ცდილობს ბოლომდე არ გაიხსნას. ფაშინიანის პოლიტიკას დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკელ სომხებში, რომლებსაც გაგონებაც არ უნდათ რუსეთის. გამოკითხვების მიხედვით, ფაშინიანს მხარს უჭერს სომხეთის მოსახლეობის 12%, პარლამენტს — 13%, მაგრამ ოპოზიციასაც მაღალი პროცენტული მონაცემები არ გააჩნია.
აი, ასეთ დროს, არენაზე გამოდის სომხური ეკლესია და მილიარდერი, რომელსაც მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. ფაშინიანმა, მილიარდერიც დაიჭირა, ღვთისმსახურებიც და ეჩმიაძინს ომი გამოუცხადა, ისე, როგორც ზელენსკიმ — უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
ფაშინიანს სურს სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელის გაგდება და მის ნაცვლად ლოიალურის დანიშვნა. ათეისტი ფაშინიანი, უშვერი სიტყვებით ლანძღავს სომხურ ეკლესიას. ბრძოლა მიმდინარეობს და არვინ იცის, ვის მოუტანს ის გამარჯვებას.
არის თუ არა ამ დაპირისპირებაში აშშ-ს ხელი?
კითხვაც უადგილოა. წლების განმავლობაში ამერიკელები აკეთებდნენ ყველაფერს, რათა სომხები ანტირუსებად დაერაზმათ. მიზანი ვაშინგტონისა — დაიხუროს რუსული სამხედრო ბაზა, გავიდეს სომხეთი „ოდეკაბე“-დან, რუსეთთან ყველა კავშირიდან. რუსეთი გავიდეს სამხრეთ კავკასიიდან, ხოლო მისი ადგილი დაიკავოს აშშ-ა.
რუსეთის მდგომარეობა უდავოდ სახარბიელო არ არის. მან რაღაცა უნდა იღონოს დასუსტებული პოზიციების გასამაგრებლად. მაგრამ რა?
ამაზე პასუხის გაცემა ჭირს.
ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლებით აშშ-ი არა მარტო სამხრეთ კავკასიას გააკონტროლებს, არამედ ახლო აღმოსავლეთს, ირანს, კასპიის ზღვის ქვეყნებს, ჩინეთს. ხელს შეუშლის ჩინეთის პროექტის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ განვითარებას; რუსეთი პროექტის „სამხრეთ-ჩრდილოეთის“ მარშრუტის დასრულებას.
ეს მარშრუტი ირანის სამხრეთის საზღვაო პორტებიდან იწყება და ირანის საავტომობილო გზით უკავშირდება კასპიის ზღვაზე მდებარე ირანის საპორტო ქალაქებს, საიდანაც მიემართება აზერბაიჯანში და მისი გავლით რუსეთ-ევროპაში.
სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტით მოხდება სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული ტვირთების ტრანსპორტირება, ისე, როგორც ინდოეთიდან. ტვირთები თავს აარიდებენ სუეცის არხის გადატვირთულ მარშრუტს და გაცილებით ნაკლებ დროში ჩააღწევენ დანიშნულების ადგილამდე.
თუ აშშ-ი ხელში ჩაიგდებს ზანგეზურის დერეფანს, რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვლება, რაც დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების საგანი გახდება.
მტაცებელი ტრამპი ხარბი თვალით უყურებს სუეცის არხს და სურვილი აქვს იქონიოს მასზე გავლენა. ერთი თვის წინ ის ელაპარაკა ეგვიპტის პრეზიდენტ სისის და მოსთხოვა აშშ-ს კომერციული გემების უფასოდ გატარება სუეცის არხში. ალ სისიმ უარი უთხრა, თუმცა მოლაპარაკება გრძელდება და ვინ იცის რით დამთავრდება?
აი, ასეთი პოლიტიკური ვითარებაა საქართველოს სამეზობლოში, ერთობ დაძაბული, გამოუცნობი. იცის აღნიშნული შესახებ ხელისუფლებამ?
რომ იცოდეს, მუნჯად არ იქნება და მთელ მის ენერგიას ოპოზიციასთან ომში და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში არ დახარჯავს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლება, ბედკრული კავკასიის ნაცვლად, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს.
კვირის ბოლოს, ქართული პოლიტიკა 2008 წლის ომს გაიხსენებს — ომში დაღუპული გმირების სახელებით, მათ საფლავებზე გვირგვინების მიტანით, „გულის ამაჩუყებელი“ მოწოდებით — „შევრიგდეთ ჩვენო აფხაზო დებო და ძმებოო“. და მერე რა?
ამით დაკარგული, დაკარგულად დარჩება, ხელისუფალთა დაპირება, დაპირებად.
ხელისუფლებამ იცის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება და რაც დრო გავა, სულ უფრო დაშორდება.
აფხაზეთიდან ლტოლვილებმა და სრულიად ქართველობამაც იციან, რომ წასული არ დაბრუნდება. მაშ რატომ ვიტყუებთ თავს? რატომ ვაძლევთ ხელისუფლებას ჩვენი მოტყუების შანსს?
13 წელია „ოცნება“ მართავს ქვეყანას, მაგრამ პირადად მე და ალბათ თქვენც ერთ მაგალითსაც ვერ მოვიყვანთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმულს.
ზღაპარია ოპოზიციის განცხადება, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუტების მეშვეობით აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
შევიგნოთ პატივცემულებო, რომ ისინი გვატყუებენ. ვინც არ გვატყუებს, მეზობელი რუსეთია, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, მაგრამ არა იმდენი, რომ აიძულონ ისინი დაგვიბრუნდნენ. ანდა რატომ უნდა იმუშაოს რუსეთმა იმისთვის, რომ ისინი დაგვიბრუნდნენ? ანუ დაუბრუნდნენ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ლანძღვა-გინებით იკლებს? არ სურს მასთან დალაპარაკება?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა ლავროვის შემოთავაზებას — მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი გასცა — უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, გააუქმოს საელჩოები და მერე დაველაპარაკებითო.
კეთილი, მაგრამ ის, რაც პაპუაშვილის მოთხოვნით რუსეთმა უნდა გააკეთოს, მოლაპარაკება არ არის საჭირო?
სამწუხაროდ, ანალოგიურ მოსაზრებას აფრქვევს ახალგამოჩეკილი ე.წ. პოლიტოლოგი ჩეჩელაშვილი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთს 3 საელჩო არ უნდა ჰქონდესო და ვიდრე ამ სამიდან, ერთს, ანუ თბილისში არ დატოვებს ლაპარაკს აზრი არ აქვსო.
შეგახსენებთ ჩეჩელაშვილის პიროვნებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან ფინანსთა მინისტრის სავარძელში ჩასვეს მხოლოდ ერთი „დადებითი“ ნიშნის გამო — ის, სააკაშვილთან ერთად სწავლობდა უკრაინაში. მაგრამ, როგორც ჩანს ვერც ამ დადებითმა მომენტმა უშველა და სააკაშვილმა მალევე დაითხოვა მინისტრობიდან. დათხოვნის ერთ-ერთი საბაბი გახდა ფინანსთა სამინისტროში შემავალი სამსახურის უფროსის კეზერაშვილის საჯარო განცხადება, რომ ჩეჩელაშვილი ყ… (ანუ კულტურულად „ასო“). სააკაშვილმა ბოლომდე არ გასწირა „პატივცემული“ ვალერი და ელჩად მიავლინა მოსკოვში, სადაც ცოტა ხანი ამუშავა და იქიდანაც დაითხოვა.
ჩეჩელაშვილმა, მიუხედავად მცირეხნიანი ელჩობისა, თავი დაგვამახსოვრა როგორც კომიკურმა ფიგურამ — ჩოხაში გამოწყობილმა — ხანჯალი იატაკამდე რომ დასთრევდა.
ელჩების ჩოხაში გამოწყობა „პატრიოტი“ სალომე ზურაბიშვილის სხვაგვარად მოაზროვნე ტვინის ნაყოფი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულმა სალომემ ბრძანა — ყველა დიპლომატი ჩოხაში. ჩოხა თვით დიპლომატს უნდა შეეძინა.
ზურაბიშვილის ბრძანების მსხვერპლი გახდა ჩეჩელაშვილი, რომელიც ჩოხაში გამოეწყო და პუტინისთვის რწმუნებათა სიგელის გადასაცემად კრემლში წავიდა. ჩოხას, ხანჯალი ამშვენებდა. იმ დღეს ახალდანიშნულ ელჩებს რწმუნებათა სიგელები უნდა გადაეცათ რუსეთის პრეზიდენტისთვის. ყველა შეუშვეს, ჩეჩელაშვილის გარდა, რომელსაც მოსაცდელში შეყრილი სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, როგორც უცხო ცხოველს, ისე შეჰყურებდნენ გაოცებულები.
მომცრო ტანის ჩეჩელაშვილს ჩოხა, დიდი ზომისა, ისე ჰქონდა „მორგებული“, როგორც ძროხას უნაგირი.
პრეზიდენტის დაცვამ ჩეჩელაშვილს ხანჯალი შეხსნა, ამ უკანასკნელის საპროტესტო ფართხალის მიუხედავად, და ისიც წარსდგა პუტინის წინაშე — დიდი ზომის ჩოხით, უხანჯლოთ.
ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ თქვენთვის მეთქვა სალომესეული სიბრიყვისა და ქართველი ე.წ. ელჩების, მათ შორის ჩეჩელაშვილის ჭკუამოკლობის შესახებ.
ზურაბიშვილისეული იდეა უმალ აღიგავა სამინისტროს ცხოვრებიდან, მისი თანამდებობიდან დათხოვნისთანავე, მაგრამ ვიდრე დაითხოვდნენ, მან ისეთი ამბები დაატრიალა საგარეო საქმეთა უწყებაში, მსგავსს რომ ვერც ერთი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში შეხვდებით.
თვით უვიცმა სალომემ ბრძანა — საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის წერილობითი გამოცდის ჩაბარება — ქართულში, უცხო ენაში, ისტორიაში და ა.შ. ხოლო ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა, რისთვისაც სასტუმრო „მეტეხის“ ძვირადღირებული დარბაზები დაიქირავა, რამდენიმე დღით.
დიპლომატიაში მუშაობის ნებისმიერ მსურველს შეეძლო კონკურსში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში გადიპლომატება.
დიპლომატიური სამსახური განსხვავებულია სხვა სამსახურებისგან. მასში სპეციალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ხვდებიან და არა ქუჩიდან, დიპლომატიის ანბანის არმცოდნეები.
დიპლომატიიდან სალომეს გაძევების შემდეგ მისი წამოწყებული პროექტები აღარავის გახსენებია.
სალომე ზურაბიშვილის სიბრიყვის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. მინისტრმა სალომემ დაავალა საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს ქონების მართვის დეპარტამენტის დირექტორს, გივი გორგოშიძეს თურქეთში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა.
თითქოს გასაკვირი ამაში არაფერია, მითუმეტეს, როდესაც გორგოშიძე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებელი იყო.
მოკლედ გორგოშიძის ავტობიოგრაფიიდან. უმაღლესი განათლება — თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; პრაქტიკული საქმიანობა — „ათეულის“ ხელმძღვანელი, საქმის მწარმოებელი, სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ბიჭვინთის კომპლექსის მშენებელი და სხვა მრავალი დაკავშირებული მშენებლობასთან.
ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს კპ ცკ-ს აპარატს დასჭირდა კვალიფიცირებული მშენებელი-ინჟინერი და დაავალა მშენებლობის სამინისტროს ასეთის მოძებნა. პარტიის ცკ-ს ქვეყნის მმართველ ორგანოში სამუშაოდ ნათესავებში ძებნა არ დაუწყია — შესაბამის სამინისტროს დაავალა პროფესიონალი კადრის მოძებნა. ასე და ამრიგად გორგოშიძე აღმოჩნდა ქვეყნის უმაღლეს ორგანოში. მას დაევალა საქართველოს კპ ცკ-ს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის ხელმძღვანელობა, რასაც თავი წარმატებით გაართვა. მისი მონაწილეობით აშენებული შენობა, რომელშიც დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებაა განთავსებული, თვალსაჩინოა საქართველოში.
მშენებლობის დასრულების შემდეგ გორგოშიძე სახალხო მეურნეობის პლეხანოვის სახელობის მოსკოვის აკადემიაში მიავლინეს — თეორიული ცოდნის ასამაღლებლად.
პლეხანოვის სახელობის აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო, პრესტიჟული ზეუმაღლესი სასწავლებელი იყო, რომლის დამთავრების შემდეგ, დამთავრებული უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მაღალი თანამდებობით, არანაკლები მინისტრის მოადგილისა. ამ რანგში გორგოშიძემ იმუშავა განათლების სამინისტროში, ძეგლთა დაცვის კომიტეტში და ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აი, ამ განათლებისა და პროფესიონალური გამოცდილების მქონე პიროვნებას მინისტრი ავალებს ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობას. გასაკვირი არაფერია, მაგრამ … გორგოშიძეს დავალება 2 თვეში უნდა შეესრულებინა, რაც შეუძლებელი იყო. გორგოშიძემ აუხსნა მინისტრს, რომ მშენებლობის დასაწყებად საპროექტო სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო. გარდა ამისა ხარჯთაღრიცხვა და მთელი რიგი სამუშაოების განხორცილება მასპინძელ მხარესთან ერთად, რაც მნიშვნელოვან დროს მოითხოვდა.
„მე, არაფერი მაინტერესებს, სექტემბერში ვიქნები ანკარაში და საელჩოს შენობა მზად უნდა იყოსო“ — ბრძანა სალომემ.
შეუძლებელია — თქვა გორგოძიშემ და თანამდებობასაც გამოეთხოვა. არადა, მას უდიდესი ღვაწლი აქვს ჩადებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის შენობების შეძენაში. მანამდე, ჩვენი წარმომადგენლობები ნაქირავებ შენობებში იყვნენ განთავსებულნი.
ზურაბიშვილის დიპლომატიურ „მოღვაწეობაზე“ ლაპარაკიც გამიჭირდება — ასეთის არ არსებობის გამო.
აღნიშნულის წამკითხველს, თუ მას ოდნავ მაინც გონება უჭრის, დაებადება კითხვა — რა პრინციპით შეარჩია ივანიშვილმა ზურაბიშვილი პრეზიდენტად — უვიცი, ბრიყვი, ანტიჰუმანისტი, მეტიჩარა, თავხედი პიროვნება, დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტი?
დავუბრუნდეთ ჩვენს გმირს ჩეჩელაშვილს — იმ სიმღერისა არ იყოს — „ისევ შენ და ისევ შენ“, დანარჩენს აღარ ვიტყვი, ვინაიდან სიმღერის ტექსტში სიტყვა „ტურფაა“, აშკარად შეუფერებელი ჩეჩელაშვილის, როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერისთვის.
ჩეჩელაშვილის მსგავსი „დიპლომატებით“ იყო შევსებული ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყება. კრემლში გამგზავრებამდე საელჩოში მომუშავე არც ერთ დიპლომატს არ უთქვამს მისთვის, რომ ტანმორჩილი ელჩი, თანაც ჩოხაში გამოწყობილი, ხანჯლით კარიკატურულ პერსონაჟად გამოიყურებოდა და რაც მთავარია ხანჯალზე ყურადღება არვის გაუმახვილებია, არ უთქვამს, რომ ცივი იარაღით პრეზიდენტთან არვინ შეუშვებდა.
მკითხველს, ილუზია რომ არ გაუჩნდეს დღევანდელი ქართული დიპლომატიის, პროფესიონალიზმში, ვეტყვი, რომ ძვრას წინ ადგილი არ ჰქონია, პირიქით, რასაც ვხედავთ, არ გვაძლევს შანსს იმისა, რომ ვთქვათ — ორგანო დამაკმაყოფილებლად მუშაობს.
არადა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჩიკვაიძეს ჰქონდა ამის სურვილი, ვინაიდან თვით იყო სსრკ-ს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, სსრკ-ს ელჩი კენიასა და ნიდერლანდებში, ვიდრე სიგუა-კიტოვან-იოსელიანის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდოდა საქართველოში.
სამინისტროს სტრუქტურის შესაქმნელად მიმავლინა მან მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ერთ კვირაზე მეტი დავყავი, მაღალი რანგის დიპლომატებთან საუბრებში. თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მოადგილესთან მქონდა შეხვედრა, რომლებმაც დაწვრილებით ამიხსნეს მათი მუშაობის სპეციფიკა. გახლდით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაშიც, სადაც გასული საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიც მქონდა გავლილი.
აკადემიის რექტორთან შეხვედრის დროს, ვუთხარი ქართული დიპლომატიური მუშაკების სიმწირის შესახებ. მან მირჩია დიპლომატიური სასწავლებლის გახსნა, სადაც ისწავლიდნენ უმაღლესდამთავრებულები — 2 წლის განმავლობაში. თან ისიც მითხრა, რომ მისი აკადემია ყურადღებას არ მოაკლებდა ჩვენსას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი სტრუქტურა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ იქნა დამტკიცებული. სამწუხაროდ, ჩიკვაიძე მინისტრობიდან გაანთავისუფლეს და საბერძნეთში ელჩად გაუშვეს. შევარდნაძემ საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილი გაამწესა, რომელსაც არავითარი სურვილი არ გასჩენია, დიპლომატიური სასწავლებლის გახსნისთვის.
ზოგიერთი მისი მოადგილე იმასაც ამბობდა — ქართველებს რად უნდათ დიპლომატიური სასწავლებელი, დაბადებიდან დიპლომატებსო.
შედეგი?
ჩეჩელაშვილი და მისთანები, შესაძლოა უფრო დაბალი განათლების ე.წ. დიპლომატები.
ერთ-ერთ ახალგამომცხვარ დიპლომატს ვკითხე — რად გინდათ ყველა ქვეყანაში საქართველოს საელჩოთქო. პასუხი — აუცილებელია, იმიტომ, რომ თუ მასპინძელი ქვეყანა გადაწყვეტს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, იქ აკრედიტებული საქართველოს საელჩოს დიპპერსონალი, კვალიფიციური ახსნა-განმარტებით გადაათქმევინებს ამასო.
პასუხი არ გამკვირვებია, ვინაიდან მაგალითად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გახსნილ საელჩო გქონდა, რომელიც აფრიკის სხვა ქვეყნებსაც ფარავს. რა პოლიტიკური, დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოსთან ამ ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ სხვა ქვეყნებზე, სადაც ფუჭად არის გახსნილი ჩვენი საელჩოები. არის თუ არა საქართველოს ბიუჯეტის ყვლეფა ნათესავ-მეგობრებისთვის დიპლომატიური მისიების გახსნა?
უდავოდ არის, მაგრამ ამას ყურადღებას არვინ აქცევს, ისე, როგორც ბევრ სხვას, მნიშვნელოვანს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
07/08/2025