09.08.2025

„ტრამპის ხიდი“

შოტლანდიაში ჩასულმა აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა სალაპარაკოდ დაიბარა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და ისეთი სილა გააწნა, რომ ვერც ურსულა და ვერც ევროკავშირში შემავალი 27 ქვეყანა, კარგა ხანს გონს რომ ვერ მოვლენ.

ჩემეულ მოსაზრებას — მკაცრს და ევროპისთვის რეალურს, აქვს საფუძველი. ოფიციალური განცხადებებისა და ვიდეო კადრების მიხედვით, არც ისე ტრაგიკული იყო ვითარება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. რაც მთავარია, ტრამპს სილა არ გაუწნია ურსულასთვის, მაგრამ საქმით — არც არაფერი დაუკლია, რაც აღბეჭდილი იყო ურსულას სახეზე, რომელსაც ხელოვნური ღიმილიც ვერ ფარავდა.

ტანით მომცრო ქალბატონი, რომელიც ბრიუსელში, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან თათბირის დროს გიგანტურად გამოიყურება, მთლად დაჩიავდა ტრამპთან შეხვედრის დროს. სავარძელში მჯდომი ურსულა ისე ჩაეფლო, რბილ, ფაფუკ სავარძელში, რომ ტრამპის სიტყვების მოსმენით, ამწე კრანი იყო საჭირო სავარძლიდან მისი წამოსაყენებლად.

ამ ორის შეხვედრამ გამახსენა სსრკ-ს საგარეო საქმეთა ახალდანიშნული მინისტრის შევარდნაძის აშშ-ს პრეზიდენტ რეიგანთან პირველი შეხვედრა. დიპლომატიაში ბეცი შევარდნაძე უცხოეთში 2 თუ 3 ვიზიტის გარდა არმყოფი, უცბათ თეთრი სახლის უმაღლესი დონის მიღებაზე აღმოჩნდა, რაც უხერხულობას უქმნიდა მას, თანაც ისეთს, ტელეეკრანებზე რომ ჩანდა.

გამოუცდელი შევარდნაძე, კოჭებამდე წინდებში, და არა დიპლომატიისთვის მიღებულ გეტრებში, სავარძლის კიდეზე იჯდა — მოკრძალებული სახით და როგორც ღმერთს, ისე შეჰყურებდა რეიგანს.

ტრამპმა ურსულას ქაღალდიდან წაუკითხა დავალება, რომელიც ევროკავშირმა უნდა შეასრულოს და რომელსაც ურსულამ, თანხმობის ნიშნად, ისე უქნია თავი — არ მოტყდესთქო ვიფიქრე.

ტრამპმა ამ დავალებას გარიგება დაარქვა, თანაც წარმატებული აშშ-ევროკავშირს შორის. ურსულამაც თავი დაუკრა და იმდენი ქათინაური უთხრა ტრამპს, ადრესატსაც გაუკვირდა, ამასთანავე გაუხარდა. ტრამპს — უყვარს, როდესაც აქებენ. ეს იციან უცხოელმა პოლიტიკოსებმა და აქებენ და აქებენ მას — ზოგიც თავშეკავებით, ზოგიც უზომოდ, ისე, როგორც ნატოს გენერალური მდივანი რიუტე — ტრამპს, მამიკო რომ უწოდა და პირველი ამბორი დაამჩნია ტრამპის ფაფუკ საჯდომს.

რიუტეს ნაკოცნის გვერდით, უმალ ზელენსკის ნაკოცნიც აღმოჩნდა — არვინ დამასწროსო და ახლა ქალბატონი ურსულას პომადიანმა ტუჩების ნაკვალმა დაიკავა „საპატიო“ ადგილი ტრამპის დუმებზე.

მაინც რა იყო იმ ქაღალდზე, ტრამპმა რომ ურსულას წაუკითხა?

ევროკავშირის მიერ აშშ-ს ენერგომატარებლების 750 მილიარდი დოლარის ფასად შესყიდვა; ევროკავშირის ბიზნესის მიერ აშშ-ი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება; მილიარდობით დოლარის (ტრამპს ციფრი არ დაუსახელებია) ამერიკული იარაღის შეძენა, ვინაიდან ის (იარაღი) საუკეთესოა მსოფლიოში და ბოლოს მთავარი, აშშ-ს მიერ ევროკავშირის ექსპორტზე 15%-იანი ტარიფის დაწესება, ნაცვლად ნულისა — ევროკავშირში შეტანილ ამერიკულ საქონელზე.

ურსულა კმაყოფილი იყო, რომ ეს ტარიფები 15%-ი გამოდგა და არა 30%, ტრამპმა რომ ადრე თქვა. ურსულამ დაივიწყა შოტლანდიამდელი ბაქიბუქი — აშშ-ს, ევროკავშირი ისეთ ტარიფებს დაუწესებს, უარესს რომ ტრამპი ვერ იფიქრებსო და ა.შ.

არა მარტო ურსულა, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაურიც დაივიწყებს მუქარას. რა გაეწყობა — ძალა აღმართს ხნავს. ძალა, აშშ-ია, რომლის წინაშე ევროკავშირის ქვეყნები ურსულასავით, დაჩიავებულები არიან.

შოტლანდიაში დადებული ხელშეკრულება იმდენად შოკისმომგვრელი გამოდგა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის — ხელისუფლებაში მყოფთათვის, რეაგირებაც რომ ვერ მოახდინეს — უცბათ და ჯეროვნად. ისინი ნელ-ნელა ფხიზლდებიან და მოკრძალებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, თანაც ისეთი სიტყვებით, ტრამპს რომ არ ეწყინოს.

შინაარსი სიტყვებისა უარყოფითია, არა მარტო აშშ-ს, არამედ ევროკავშირის შტაბ-ბინის, ბრიუსელის მიმართ.

ევროპელი ექსპერტების მიხედვით, ვითარება დამამწუხრებელია არა მარტო იმიტომ, რომ ევროპის დეინდუსტრიალიზაცია გარდაუვალი იქნება, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ი 750 მილიარდი დოლარის ენერგოპროდუქციას — გაზს, ნავთობს, სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტს ვერაფრით მიაწვდის ევროპას, თუნდაც სხვა ქვეყნების ხარჯზე. ვერც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეძლებენ 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აშშ-ი, იმიტომ, რომ ევროპას ამის თავი არ აქვს. გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის პრეროგატივაა. ასე რომ, ურსულას არვინ ეკითხება ამერიკაში, რომელი ქვეყნის ბიზნესი განახორციელებს ინვესტიციას.

შოტლანდიის ხელშეკრულება კიდევ უფრო დაძაბავს ბრიუსელის ურთიერთობებს ევროკავშირში შემავალ ქვეყნებთან, თვით ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. ტრამპს არ უყვარს ევროკავშირი და გაიხარებდა, თუ ის დაიშლება.

ტრამპს ცალკე ქვეყნებთან ურთიერთობა უფრო აწყობს. ანალოგიური აზრისაა რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც.

ბრიუსელელ ბიუროკრატებს არვინ იცნობს, ვინაიდან ისინი, მაღალ თანამდებობებს ქვეყნებს შორის გარიგებით იღებენ, ისინი საყოველთაო არჩევნების პროდუქტები არ არიან. ახლახანს, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოსახლეობა არც ურსულას იცნობს, არც კალასს, არც სხვა კომისრებს, თუმცა ამით არაფერი იცვლება.

შოტლანდიაში ყოფნის დროს, ტრამპმა სხვა განცხადებაც გააკეთა რუსეთთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ, აშშ-ს სენატორის ლინდსი გრემის სენსაციური განცხადება — რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესების თაობაზე.

გრემმა კანონპროექტიც გაამზადა, რომელსაც 80 სენატორმა მოაწერა ხელი. კანონპროექტი კონგრესშია შეტანილი განსახილველად.

ტრამპმა განაცხადა, რომ 500%-იანი ტარიფი მისთვის მიუღებელია და უმჯობესია მისი 100%-დე დაწევა. ვადა შესრულებისა  მან სექტემბერი გამოაცხადა, ანუ თუ სექტემბრამდე რუსეთი უკრაინაში ომს არ დაასრულებს და არ გაფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება, მაშინ აშშ-ი 100%-იან ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ რუსულ გაზს, ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ქვანახშირს.

ამ მხრივ ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია. თუ ისინი აღარ იყიდიან რუსულ ენერგომატარებლებს, რუსეთის ეკონომიკა დაეცემა, ისე, როგორც ფრონტზე იარაღის მიწოდება და რუსეთი იძულებული იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს უკრაინასთან.

რა მოხდა შოტლანდიაში?

ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინით უკმაყოფილოა და ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულების ვადას 15 დღით ამცირებს — ნაცვლად სექტემბრის დასაწყისისას, 12 აგვისტომდე.

რეაქცია მოსკოვისა იყო ისეთი, როგორიც რუსული სიმღერის ტექსტია — „პოი, ლასტოჩკა, პოი“. დარწმუნებული ვარ, ჩინეთ-ინდოეთ-ბრაზილიისა ანალოგიური იქნება. თვით აშშ-ის?

ეს ქვეყანა, რუსეთისგან დიდი რაოდენობის ურანს რომ ყიდულობს?

რას მოიმოქმედებს თურქეთი, რომელიც არა მარტო რუსულ გაზს იღებს და ევროპაში ჰყიდის — თავისი სახელით, არამედ თვითონაც მოიხმარს? გარდა ამისა, რას უზამს ატომურ ელექტროსადგურებს, რუსები რომ აქუიუში აშენებენ?

ტრამპმა მორიგი გაუგებრობა გამოაცხადა, რომლის შესრულება შეუძლებელია. მსოფლიო მიეჩვია ტრამპის გაუწონასწორებელ, დაუფიქრებელ განცხადებებს იმდენად, რომ რეაქციასაც აღარ აკეთებს.

ტრამპს, ურსულას გარდა, შეხვედრა ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერთან. ამ ორმა დაარწმუნეს ის, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა აუცილებელია. და ტრამპმაც არ დააყოვნა.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა დელიკატურ მომენტს, რომელიც საერთაშორისო პროტოკოლის ჩარჩოებში ვერ ექცევა. შოტლანდიაში ტრამპი კერძო ვიზიტით იყო — „გოლფ-კლუბის“ გახსნის ცერემონიალზე — იმ კლუბისა, სადაც ტრამპის დაფინანსებაც არის. აი, ამ კლუბში, ანუ თავისსავე სახლში უმასპინძლა ტრამპმა ურსულას და ბრიტანეთის პრემიერ სტარმერს. არადა, მასპინძელი თვით სტარმერი უნდა ყოფილიყო და არა ტრამპი.

სტარმერთან საუბრის შემდეგ გადმოაფრქვია ტრამპმა ის „ბრილიანტები“ რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნებისთვის ტარიფების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც  მოაყოლა — როგორ იბრძვის ის მსოფლიო მშვიდობისთვის — ცხელი წერტილების ჩამოთვლით, ომი რომ იყო და ტრამპის სატელეფონო ზარის შემდეგ უმალ შეწყდა. მაგალითად კამბოჯა-ტაილანდს, ისრაელ-ირანს, აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტი დუღდა და ა.შ. მან ისე გამოიყვანა თავისი თავი, როგორც ზეციდან ცოდვილ მიწაზე დაშვებული მხსნელი, მშვიდობის მტრედი.

იმავე დღეს, ტრამპის ირანთან და რუსეთთან მომლაპარაკებელმა უიტკოფმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ ერთ-ერთ ტელეკომპანიას, რომლის დროს მან ისე აქო ტრამპი, როგორც მშვიდობის მომტანი მთელი მსოფლიოსთვის — საღად მოაზროვნე ნებისმიერ ადამიანს გააწითლებდა უხერხულობით.

უიტკოფმა, თავისი ქებათა-ქება იმით დაასრულა, რომ სწორედ ასეთი ადამიანი ანუ ტრამპი ღირსია ნობელის პრემიის.

რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში ტრამპი ზედაპირულია. მას სურს ამ ორმა, სამშვიდობო ხელშეკრულება დადონ, რაც მას მისცემს შანსს იმის თქმისა — დაპირება შევასრულეო.

ტრამპს სულაც არ აინტერესებს უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, უკრაინაში მცხოვრები რუსების უკიდურესი შევიწროება, უკრაინაში ნეოფაშიზმის აყვავება და სხვა მრავალი, ის, რაც რუსეთს აინტერესებს და რომელთა გადაჭრის გარეშე სამშვიდობო ხელშეკრულების ფასი ნულის ტოლი იქნება. პუტინი ასეთ ტრამპისეულ მოწოდებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მის უკან რუსეთია, რომელიც მოითხოვს უკომპრომისო ომს ბოლომდე — უკრაინული ნეოფაშიზმის ამოძირკვამდე.

აი, ასეთი რთული ვითარებაა დიდ საერთაშორისო ცხოვრებაში, რომელსაც პატარებიც უერთებენ თავიანთ ხმას — ხშირად ნეგატიურს, დაუფიქრებელს. ასეთთა რაოდენობა არცთუ მცირეა, სამწუხაროდ, ორი, ჩვენი მეზობელია — სომხეთი და აზერბაიჯანი — გუშინდელი საბჭოთა რესპუბლიკები, დღევანდელი ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებსაც, ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა ბრძოლით კი არა მოუპოვებიათ, არამედ — კრემლის ნებით.

იმ „საშინელმა“ კრემლმა უბოძა ყველა საბჭოთა რესპუბლიკას სუვერენიტეტი. 34-წლიანი დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აზერბაიჯან-სომხეთი ისეთივე უმადურები იქნებოდნენ რუსეთისა, როგორც საქართველო.

არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს სტატიებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბალანსირებული, მოზომილი პოლიტიკის თაობაზე რუსეთთან მიმართებაში და კარგ მაგალითად ვუყენებდი ჩვენს ხელისუფლებას.

შევცდი! და შევცდი ისე, როგორც ფინეთის რუსეთთან კონსტრუქციული, მეგობრული ურთიერთობების მუდმივობაში.

დასავლეთმა, თანმიმდევრულად, ანტირუსულად მომუშავემ, ძალა არ დაიშურა სომხეთ-აზერბაიჯანის ანტირუსად მოსაქცევად. როგორც ჩანს, აღნიშნულს თავისდაუნებურად ხელი შეაშველა რუსული დიპლომატიის არხეინობამ. მოსკოვმა ჩათვალა, რომ ისტორიული და ეკონომიკური მჭიდრო ურთიერთობებიდან, ისე, როგორც პოლიტიკურიდან გამომდინარე, ისინი არცკი იფიქრებდნენ სხვისკენ გახედვა.

ფინეთმა, რომელმაც რუსული ბაზრის, ენერგორესურსების წყალობით უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს მიაღწია, სწრაფად დაიწყო დასავლეთისკენ მოძრაობა — ევროკავშირში და ნატოში გაწევრებით. დღევანდელი ფინეთი ისეთივე ანტირუსულია, როგორც ნატოს  დანარჩენი წევრები. აღარავის ახსოვს გუშინდელი მჭიდრო, მეგობრული კავშირები რუსეთთან, ტურისტული ვიზიტები ამ ორს შორის. ფინეთი, რუსეთთან საზღვარზე ისეთი უსაფრთხოების ზოლს ქმნის, სსრკ-ფინეთის ომის პერიოდს რომ ჰგავს.

ძნელი გამოსაცნობია, რამ გამოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ფერიცვალება. ალიევების ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოურ სისტემასთან. გეიდარ ალიევი — სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯომარის პირველი მოადგილე და სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი იყო. მას, გორბაჩოვთან და გრომიკოსთან ერთად სსრკ-ს პირველ პირადაც მიიჩნევდნენ.

ილჰამ ალიევმა დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგ დაინიშნა იმავე უნივერსიტეტის პრორექტორად.

ალიევების ოჯახის კავშირი რუსეთთან იმდენად სიღრმისეულია, რომ მისი ესოდენ ფუქსავატურად წაშლა წარმოუდგენელია, მაგრამ, რომ იტყვიან გესლიანმა დასავლურმა პროპაგანდამ, თურქულმა გავლენამ მიზანს მიაღწია.

ალიევის განცხადებები ისეთი ანტირუსული ისტერიის მატარებელია, რომ უკრაინასაც შეშურდება. შუშის მედიაფორუმზე ილჰამ ალიევმა თავს უფლება მისცა მკაცრი ანტირუსული განცხადებების გაკეთების. მან მოუწოდა უკრაინელებს — არასდროს შეეგუონ ოკუპაციას.

გერმანული „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ წერს — აზერბაიჯანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გააჩნია, მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა რუსეთთან ბალანსირებულ პოლიტიკას, მაგრამ სომხეთზე გამარჯვების შემდეგ, 2020 წლის ყარაბაღის ომში, რომელშიც 4000-ზე მეტი სომეხი დაიღუპა, ალიევი აღარ თვლის რუსეთს, როგორც მთავარ მოქმედს და არბიტრს სამხრეთ კავკასიაში.

აზერბაიჯანს აქვს ნავთობისა და გაზის მარაგი. მას სამხედრო საქმეში მხარს უჭერს თურქეთი, რამაც გაათამამა ალიევი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს სურს გახდეს რეგიონის ჰეგემონი. ამბიციური სურვილების დასაკმაყოფილებლად რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა მიუღებელი გამოდგა ალიევისთვის, მაგრამ რაღაც ისეთი იყო საჭირო, ალიევს რომ საბაბს მისცემდა რუსეთისთვის ზურგის შესაქცევად. და ასეთს ჰქონდა ადგილი, როდესაც რუსეთმა, უკრაინულ დრონებთან ბრძოლაში, გროზნოს თავზე შემთხვევით დააზიანეს აზერბაიჯანის თვითმფრინავი — დაზიანებული ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და იმსხვერპლა — როგორც აზერბაიჯანის, ისე რუსეთის მოქალაქეები.

ალიევმა, თითქოს ელოდა ამ კატასტროფას, უმალ გააკეთა ანტირუსული განცხადებები და რუსეთი დაადანაშაულა თვითმფრინავის გამიზნულ ჩამოგდებაში, რაც შორს იყო სინამდვილისგან.

ალიევი იმუქრება, რომ რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს, რაც სრულიად შეუფერებელი განცხადებაა, მიმართული ურთიერთობების ხელოვნური გაუარესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ „შავი ყუთების“ გახსნის შემდეგ დადგინდა რით იყო გამოწვეული კატასტროფა, ალიევი თავისას არ იშლის — რუსეთის დასჯას ითხოვს.

გასულ თვეს აბუ-დაბაში გაიმართა აზერბაიჯან-სომხეთის ლიდერების ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ორთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. შეხვედრიდან გამოპარული ინფორმაციის მიხედვით, ამიერკავკასიის არქიტექტურას მნიშვნელოვანი გადაკეთება მოელის, რომელიც კარდინალურად შეცვლის ძალთა ბალანსს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში, მსოფლიოში.

საქმე ეხება სიუნიქის მხარის 32 კმ-ს, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ოლქს აზერბაიჯანთან. გზა, რომელიც სომხეთზე გადის — ჯერ-ჯერობით სომხეთის კუთვნილებაა.

ზემოთ გამოვიყენე სიტყვა „ აკავშირებს“, თუმცა უნდა მეხმარა სიტყვა „დააკავშირებს“, ვინაიდან ამჟამად არსებული ვითარების გამომხატველია.

როგორც სომხური წყაროები აღნიშნავენ, ცხადია ვარაუდით, ზანგეზურის დერეფანი სულ მალე შეიძლება ამერიკული გასამხედროებული ორგანიზაციის დაქვემდებარებაში გადავიდეს. ფორმალურად გზა სომხეთის ინფრასტრუქტურაში იქნება, პრაქტიკულად კი — მას კონტროლს ამერიკელები გაუწევენ.

აი, რა თქვა თურქეთში აშშ-ს ელჩმა ტომას ბარაკმა: „მოგვეცით ეს 32 კმ გზა 100 წლით და თქვენ მიიღებთ სტაბილურობას“. რა ჰქონდა ელჩს მხედველობაში?

უპირველესად ის, რომ ნახიჩევან-ბაქოს დამაკავშირებელი გზა მწვავე კამათის საგანია — ბაქო-ერევანს შორის.

ყარაბაღის ომის მოგების შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთელი რიგი ტერიტორიები, რომელიც სომხეთის ხელში იყო პირველი კონფლიქტის შემდეგ. გამარჯვებული ალიევი ითხოვს ზანგეზურის დერეფნის გახსნას და მასზე აზერბაიჯანის კონტროლის დაწესებას. სომხეთი აცხადებს — გზა მისია და ის გაუწევს კონტროლს.

გზის გახსნა თურქეთ-აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მითუმეტეს მისი კონტროლი, რომელიც შეიცავს ეკონომიკურ დივიდენდებს.

სამხედრო თვალსაზრისითაც აღნიშნული დერეფანი უმნიშვნელოვანესია თურქეთისთვის, რომელიც ამ გზით არა მარტო აზერბაიჯანს უკავშირდება, არამედ კასპიის ზღვასაც.

თუ მხედველობაში მივიღებთ თურქეთის ნატოს წევრობას,  და უნდა მივიღოთ, ნატო გადის კასპიის ზღვაზე, რაც კასპიის ზღვის ქვეყნების მიერ მიღებულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებისდამიხედვით, კასპიის ზღვაზე არაკასპიის ზღვის ქვეყანა არ უნდა იყოს.

ზანგეზურის დერეფნის გახსნას უარყოფითად აღიქვამს ირანი, ისე, როგორც რუსეთი, ვინაიდან არც ერთ მათგანს არ სურს ნატოს გაჩენა სამხრეთ კავკასიაში, მითუმეტეს ამ დერეფნის ამერიკელთა განკარგულებაში გადასვლა.

 ამერიკის ელჩის ხმამაღალი განცხადება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის განხილვის საგანი იყო და გადაწყვეტილებაც მიღებულია, ექსპერტებში ეჭვს არ იწვევს. აშშ-ი სომხეთს სთავაზობს შემდეგს: „ გადმოგვეცით გზა, ჩვენ დაგიცავთ აზერბაიჯანის აგრესიისგან“. რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ სომხეთის უსაფრთხოებას გასამხედროებული ამერიკული კომპანია განახორციელებს  და არა თვით სომხეთი?!

სიტყვით, ქაღალდზე სომხეთი სუვერენული იქნება, მაგრამ საქმით — ის იქნება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იქნება ამერიკული კერძო კომპანიის მიერ და რაც არ უნდა იძახოს სომხეთმა — სუვერენული ვარო ან მთელი გზის გაყოლებაზე სომხური დროშები გამოფინოს რეალობას ვერ შეცვლის.

აქვე აღვნიშნავ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრები ჯერაც არ არის დელიმიტირებული, გარდა 32 კვ-სა. წლების განმავლობაში მიმდინარეობს მათ შორის კამათი საზღვრის დემილიტარიზაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

ასეთ ვითარებაში სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია, ვინაიდან ხელშეკრულებაში უნდა იყოს დაფიქსირებული პატივისცემა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ თუ განსაზღვრული არ იქნება საზღვრები, შეუძლებელი იქნება გაგება იმისა — სად იწყება და თავდება ტერიტორიული მთლიანობა, რომელი კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრით უნდა მოხდეს მისი პატივისცემა.

ესპანური მედიის მიხედვით, აშშ-ა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეათანხმეს მემორანდუმი ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით და მას ამერიკელებმა „ტრამპის ხიდი“ დაარქვეს. მედიის მიხედვით, შეთანხმდნენ დერეფნის გახსნის შემდეგ სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან შემოსული თანხების გაყოფაზეც — 40% ამერიკულ კომპანიას, 30% სომხეთს. მედიის მიხედვით, გზის კონტროლს აშშ-ს კერძო გასამხედროებული კომპანია განახორციელებს 1000 სამხედრო მოსამსახურით.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, მალე გამოჩნდება. მაგრამ თურქეთში აშშ-ს ელჩის განცხადება ხომ რაღაცაზე მეტყველებს. და ეს „რაღაცა“  — აშშ-ს ჩექმის გაჩენაა ამიერკავკასიაში, რასაც აზერბაიჯან-სომხეთი ტაშით მიესალმებიან.

რუსეთ-ირანი, განსაკუთრებით რუსეთი, რომელმაც ბევრი იღვაწა აზერბაიჯან-სომხეთის ომის შესაჩერებლად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს არ სურთ რუსეთის ჩართვა სამშვიდობო ხელშეკრულების პროცესში.

დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი აღწევს საწადელს — ამიერკავკასიაში შემოსვლით, რაც მას საშუალებას მისცემს გააკონტროლოს ირანი, კასპიის ზღვის ქვეყნები და რაც მთავარია სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ირანისა და აზერბაიჯანის გავლით გადის რუსეთზე, ევროპის ქვეყნებზე.

აშშ-ს მიერ ზანგეზურის დერეფნის კონტროლი ხელს შეუშლის ჩინეთის პროგრამა — „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ განხორციელებას. ხელს შეუწყობს რუსეთის პოზიციების დეგრადაციას რეგიონში.

ნატოს სამხედრო წვრთნები, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს თურქეთ-საქართველოში — რუსეთ, ჩინეთ, ირანის წინააღმდეგ მოისაზრება და გამოხატავს ამ ორგანიზაციის სიხარბით გამოწვეული სურვილების განხორციელებისთვის ბრძოლას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

31/07/2025