განდიდების მოლოდინში

„… ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!”
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.“
აკაკი წერეთელი. (ამონარიდი ლექსიდან „ჩუ! ქართველო“)
აკაკის შემოქმედების გახსენება, ისე, როგორც ილია ჭავჭავაძის, არ აწყენდა თანამედროვე ქართველობას, მაგრამ წიგნამდე მისვლაა საჭირო. მსურველისთვის გზა მოკლეა, თუმცა არის კი მსურველი?
რომც იყოს, მობილური ტელეფონი გადაუღობავს გზას. ის, ითხოვს მუდმივ ყურადღებას, ჩაშტერებას, ფორტეპიანოს დაკვრის მსგავსად, თითების ათამაშებას. ეს თანამედროვეობაა, საუკუნის გამოწვევაა, თავისი სიკეთეებით და სიმახინჯეებით, ხელოვნური ინტელექტის ერაა, რომელსაც არც აკაკი აინტერესებს და არც ილია.
გაჯეტის ტყვეს რომ ჰკითხოთ — რა აინტერესებს — ვერ გეტყვის. მას არც გუშინდელი აინტერესებს, არც გუშინწინდელი, მითუმეტეს ასი წლის წინანდელი. დღევანდელს ჰგონია, რასაც აკეთებს — უნიკალურია, ახალია, მისი გამოგონილია. ამდენად მიტინგებიც და პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო გამოსვლების გამართვაც საკუთარი გამოგონება ჰგონია. ვერ მიმხდარა, რომ გასული საუკუნის 90-იანებში დაწყებული საპროტესტო მიტინგების — ტრადიციად ქცეულის, გამგრძელებელია.
ის, იმასაც ვერ ხვდება, იმ გამოსვლებში თუ რამ იოტისოდენა აზრი მაინც იყო, დღევანდელში — ანგარებაა. რიგითმა პროტესტანტმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მის გვერდით მდგომი, ხმის ჩახლეჩამდე მყვირალა, „მოლოტოვის კოქტეილის“ მტყორცნელი შენობის, პოლიციელებისკენ, პოლიციის ავტომანქანების დამწველი უკიდურეს პროტესტს იმიტომ მიმართავს, რომ ზედმიწევნით უყვარს სამშობლო, უყვარს ამ სამშობლოში მცხოვრები ქართველი?
აი, ამ სამშობლოს, ამ ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის წირავს თავს და არა დასავლეთიდან მიღებული ფულისთვის?
და ისევ აკაკი:
„ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ” ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ? …“
თინეიჯერობის ასაკიდან კარგა ხანია გამოსულმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა, ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა და ამის შესახებ ტელეკამერების წინ მოგვახარა მისი თავგანწირვით „შეწუხებულ“ საზოგადოებას — ვწყვეტ შიმშილობას იმიტომ, რომ 8 პარტია შევთანხმდით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო!
ოოო, სამშობლოს კეთილი მომავლისთვის დაფერფლილი ელენე, ასე ჰქვია ხოშტარიას, ნახეთ როგორ წირავს თავს!!!
შიმშილობა შეწყვიტა და ხელისუფლებასთან ბრძოლის სხვა მეთოდი აირჩია — ბოიკოტი არჩევნებს, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნულს. ქართველმა ხალხმა არ უნდა აპატიოს ხელისუფლების მიტაცება „ოცნებას“ და რუს ოლიგარქს ივანიშვილსო.
ხოშტარიას, სოლიდური ასაკიდან გამომდინარე, უნდა ახსოვდეს 12 წლის წინანდელი დავიდარაბა და ივანიშვილთან ჩახუტება, იქნებ დაგვიხსნას სადისტი სააკაშვილის რეჟიმისგანო. მაშინ, არ იცოდნენ საიდან მოვიდა ივანიშვილი?
იცოდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ მის „რუს ოლიგარქობზე“. ოღონდ სააკაშვილი არა და ყველა მისაღები იყო, მათ შორის ივანიშვილი.
ქალბატონ ელენეს ჰგონია, რომ ოლიგარქია დღესაც ჭამს რუსეთს, ისე, როგორც მისი სწავლის დროს — მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაშინ, ელცინის პრეზიდენტობის ჟამი იყო — რუსეთის ეკონომიკური გიგანტების უცხოელებზე, რუს ოლიგარქებზე გაყიდვის. დღეს, პუტინის პრეზიდენტობის ჟამია — ოლიგარქატიდან დაშორებულის. ვისაც ერთხელ მაინც თვალი მოუკრავს პუტინის ბიზნესმენებთან შეხვედრისთვის, დამერწმუნება ყოფილ ოლიგარქთა ერთობ მოკრძალებულ დამოკიდებულებაზე პრეზიდენტისა და ხელისუფლებისადმი. როგორც ამბობენ — მათ აღარ მიჰყავთ სუფრა, ისე, როგორც ელცინის დროს.
პუტინმა მათ და ოპოზიციასაც — ქუჩის მყავს მხედველობაში, აჩვენა ვინ არის ქვეყნის მმართველი. და აჩვენა ყველა ყოფილ ოლიგარქებს, რომელთა ქონება 2 და 3-ჯერ თუ მეტად არა აღემატება ივანიშვილისას. ასე რომ ივანიშვილი, თავისი მოკრძალებული მილიარდებით, ვერ იქნება საინტერესო რუსული პოლიტელიტისთვის, ვერც საყრდენი იქნება საქართველოში.
ამიერკავკასიაში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზების მქონეს, შავი ზღვის აკვატორიის და მთლიანად კავკასია — ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის მაკონტროლებელს, ივანიშვილის „საყრდენობა“ არ უნდა ხიბლავდეს, რაც „მგიმო“-დამთავრებულმა უნდა იცოდეს. და კიდევ ერთი რამ — „ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის“ ძახილი.
ქართული პოლიტიკა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია „ქართველ ხალხს“ იშველიებს წამდაუწუმ ცხადია სიტყვის დონეზე და არა საქმის. სიტყვა „ხალხს“ იმიტომ ატრიალებენ, რომ როგორმე შეაგნებინოს — ხელისუფლება თქვენი მტერია, გამოდით მის დასამხობადო. „გამოვალთ, დავამხობთ და მერე რაო?“ — ფიქრობს ხალხი.
მერე ის, რომ ჩვენ მოვალთ და საამურ ცხოვრებას შეგიქმნითო — პასუხობს ოპოზიცია. ასე გვპირდებოდნენ 2012-ში, მაგრამ რაც მივიღეთ, კარგად ვიცითო — ამბობს ხალხი და არ გამოდის.
ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ დახავსებული ბრძოლის მეთოდებით, პარლამენტის წინ მიტინგის ან შიმშილობის გამართვის მსგავსით, ფონს ვერ გავა. და რომ ვერ გავა, ციხეში ჯდომა ამჯობინა. ოპოზიციას ურჩევნია ციხეში ყოფნა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გამოძახებას.
ოპოზიცია არ მიდის კომისიის სხდომაზე, ვინაიდან საპარლამენტოა, პარლამენტი კი — უკანონოა, ხალხის გამარჯვების მიმტაცებელი! ჯაჭვი შეკრულია — „რწყილი და ჭიანჭველას“ იგავ-არაკის მსგავსად.
ოპოზიციას ჰგონია, რომ მთელი დასავლეთი აღსდგება „რუსი ოლიგარქი“ ივანიშვილის წინააღმდეგ, უბრძანებს მას ციხიდან გამოუშვას „პოლიტპატიმრები“, ჩაატაროს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გააუქმოს კანონები, რომლებიც „ოცნებამ“ მიიღო და რომლებიც შეესატყვისება დღევანდელ საქართველოს, დაეხმაროს ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში. ამას ითხოვს დემოკრატიული, ადამიანის უფლებების დამცველი დასავლეთიო.
თანამედროვე პოლიტიკაში ზედაპირულად ჩახედულთათვისაც კარგად არის ცნობილი ევროატლანტიკური სივრცის დემოკრატია, მითუმეტეს ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება. რომელ სიტყვის თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ევროპა-ამერიკის მოსახლეობას აუკრძალეს რუსული მედიური გადაცემების მოსმენა?
როდესაც რუსეთთან დაკავშირებული მწერლობა, კულტურა, მხატვრობა, მუსიკა და ა.შ. გაუქმებულია და სანაგვეშია მოსროლილი?
რომელ დემოკრატიაზე შეიძლება ილაპარაკოს ევროპა-ამერიკამ — უკრაინის შემხედვარემ?
დასავლეთმა რახანია თვალი დახუჭა უკრაინის ნეოფაშიზმზე, უკრაინაში მცხოვრები რუსების შევიწროვებაზე, რუსი მწერლების წიგნების მასობრივ საჩვენებელ დაწვაზე, მართლმადიდებლური აღმსარებლობის ფეხქვეშ გათელვაზე, ზელენსკის მიერ შეძენილ ვილებსა და სასახლეებზე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, სხვაგან, ზელენსკის მეუღლის მიერ მილიონნახევარ დოლარად ნიო-იორკის ფეშენებელურ მაღაზიაში სამკაულების შეძენაზე და ა.შ.
დასავლეთისთვის ყოველივე ჩამოთვლილი ჩვეულებრივი რამაა, მისაღებია, რამეთუ ზელენსკი და ნეონაცისტური ხელისუფლება უკრაინისა მისი დავალების შემსრულებელია — გეი-პარადებით დაწყებული, უკრაინის ომით დამთავრებული. ზელენსკი ისაა, ვინც რუსეთს ეომება — დასავლეთის მტერს.
დასავლეთი ისაა, რაც ყოველთვის იყო — ერთმანეთთან მოქიშპე, ჯვაროსნული ომის სულისჩამდგმელი, აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის დამპყრობელი, ძვალ-რბილში გამჯდარი კოლონიზატორი, მსოფლიოს 2 დამანგრეველი ომის მწარმოებელი, მანამდე ნაპოლეონის ავადმყოფური იდეების ტაშის დამკვრელი, ისე, როგორც მოგვიანებით ჰიტლერის.
აი, ასეთ ფუნდამენტზე მდგომი დასავლეთისთვის, კერძოდ ევროპისთვის სულაც არ არის მიუღებელი ფაშისტური სულისკვეთების მატარებელი ოჯახების წარმომადგენლების წინა პლანზე წამოწევა, მათთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებაში მისვლისთვის მწვანე შუქის ანთება.
აი, ისინიც ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, ყოფილი კანცლერი შოლცი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჯერად გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე ბერბოკი, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ახალდანიშნული ქალბატონი მეტრეველი (მამინაცვლის გვარი), უკრაინელი ფაშისტის დობროვოლსკის ნაშიერი.
ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური ისეთია, ბაბუამ, ბებიას შეურაცხყოფა რომ მიაყენა და ეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ამ ოჯახის ვერც ერთი წარმომადგენელი — შვილი იქნება თუ შვილიშვილი ან შვილთაშვილი, საიდუმლო სამსახურში მიღებული არ იქნება. ასე იყო, მაგრამ სინამდვილე გვაჩვენებს, რომ აღარ არის. და რომ არ არის, რით არის გამოწვეული?
ფაშიზმის აღორძინებით! მილიტარიზმის ახალი ტალღით!
ახლახანს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომისარმა, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კაია კალასმა განაცხადა ევროპას არ სჭირდება არმია; ევროპას სჭირდება, რომ 27 წევრ ქვეყანას ჰყავდეს თავისი ძლიერი არმია, შეიარაღებული უახლესი იარაღით და ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი.
ამას აცხადებს ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც კარგად იცის ის სავალალო ეკონომიკური ვითარება, რასაც ევროკავშირში აქვს ადგილი. ფაშიზმის აღორძინებას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ — შეგნებული, გათვლილი პროცესია, ახალი თაობის ომისკენ შებრუნების — პურის ნაცვლად, რაკეტებით დაკმაყოფილების სურვილით. რაკეტები კი მიმართული იქნება ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც ევროპულ ფასეულობებს არ იზიარებს. მარტივად რომ ვთქვათ — ანალურს. ასეთი კი უპირველეს ყოვლისა რუსეთია, ჩვენს რეგიონში, გარდა რუსეთისა, ირანი.
ამჟამინდელმა გერმანიის კანცლერმა მერცმა, პირველსავე დღეს მხარი დაუჭირა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვას, განაცხადა — ისრაელს მხარს ვუჭერ, ვინაიდან ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებსო.
ევროატლანტიკური სივრცე ტაშის დაკვრით ამხნევებდა ტრამპს — ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვისთვის. არვის წამითაც არ გახსენებია, რომ ბირთვულ ობიექტებზე ძალისმიერი იერიშის მიტანა „მაგატეს“ კონვენციით აკრძალულია. არვის არ გახსენებია, რომ იქ არსებული ურანის განადგურებას ისეთი რამ შეიძლება მოჰყოლოდა, ჩერნობილს რომ მოჰყვა.
დაბომბვის ინიციატორს, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს ნობელის პრემიის ლაურეატობის მოსაპოვებლად წარადგენენ — მშვიდობის დარგში. აშშ-ს ადმინისტრაციამ ტრამპის გადაწყვეტილება — ძალისმიერი მეთოდით მშვიდობით დამყარებად მონათლა. ასე ივლიან ევროპელი „მშვიდობის მტრედები“.
სამხედრო ხარჯების გაზრდას, სოციალურის ხარჯზე ერთი დანიშნულება აქვს — ომის. ევროკავშირი, ისე, როგორც ნატო თვლიან, რომ 2035 წლისთვის რუსეთი მათ თავს დაესხმის. იქნებ პირიქით?
რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა არაერთხელ გასცა პასუხი ევროპელთა უსაფუძვლო ვარაუდებს, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ევროპელები ისე მიეჩვივნენ თავიანთი პოლიტიკოსების აბსურდულ განცხადებებს, პუტინისასაც ასეთად თვლიან.
დასავლეთის ლიდერებს, რომლებსაც მე-2 მსოფლიო ომის საშინელებები საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ახალი ომი — ფართომასშტაბიანი, ისეთივე იქნება, როგორიც ჰოლივუდის ფილმებშია.
საბჭოთა კავშირის დროს რეკლამა, მითუმეტეს ქუჩებში გამოკრული, ისეთი, როგორიც დღეს, არ არსებობდა. ერთადერთი იყო გმირთა მოედანზე მდებარე 11-სართულიანი სახლის თავზე გამოკრული წარწერა, რომელსაც რეკლამასაც ვერ ვუწოდებთ — გაფრთხილება იყო — „ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“.
ცეცხლს ეთამაშებიან დასავლელები და ამ თამაშის დროს არვინ იცის, ხანძარს როდის გააჩენენ.
ერთი ხანძარი უკვე არის — უკრაინის სახით — 2014 წლის „მაიდნის“ რევოლუციიდან, დღევანდელ სრულმასშტაბიან ომამდე. მეორე ფრონტის გახსნაც სურდა დასავლეთს, გახსნა კიდევაც სააკაშვილის ხელით, რომელიც მძიმედ დაუჯდა საქართველოს. „ოცნების ხელისუფლების დროსაც ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. შეეცადნენ, ვერ მიიღეს ის, რაც სურდათ და თავი დაანებეს?
დასავლეთი თანმიმდევრულია, მუდმივ მუშაობაში, ძიებაში მყოფი. არ გამოუვიდა საქართველოში და გამოუვიდა სომხეთში, სოროსელი ფაშინიანის ხელისუფლებაში მიყვანით; ფაშინიანის ზელენსკისთან ჩახუტებით და მტკიცე დასავლური კურსის აღებით; ფაშინიანის თურქეთთან არშიყით.
დასავლეთი, კერძოდ დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური, ისე, როგორც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა — საუკუნეთა განმავლობაში ანტირუსულად განწყობილი, ერთმანეთს აახლოებს სომხეთს და უკრაინას; სომხეთს და თურქეთს; ცდილობს პრობლემები შექმნას სომხეთსა და ირანს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობაში, ისე, როგორც სომხეთსა და რუსეთს შორის.
ფაშინიანის პოლიტიკის წინააღმდეგ აღდგა სომხური ეკლესია. აღდგა და ციხე მიიღეს სომხური გრიგორიანული ეკლესიის ღვთისმსახურებმა, ვითარცა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აგენტებმა.
ფაშინიანმა წარმატებით გადმოიღო უკრაინული გამოცდილება მართლმადიდებლურ აღმსარებლობასთან ბრძოლის.
სოროსელი ფაშინიანისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ გასაკვირია მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისგან, რომელიც „მჩატე“ ფაშინიანთან შედარებით, მძიმეწონიანი პოლიტიკოსია. მძიმეწონიანმაც ვერ გაუძლო ინგლის, თურქეთ, ისრაელის ზეწოლას და ისეთი ანტირუსული საქმიანობა გააჩაღა, საუკუნოვანი ურთიერთობა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
კადრები, რომლებიც ტელევიზიით ვიხილეთ, რუსი ჟურნალისტების ძალისმიერი შეურაცხმყოფელი დაკავებით, სცდება ორი ქვეყნის ნორმალურ ურთიერთობებს და არანორმალურში გადადის, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თუ არა, დაძაბვა მოჰყვება, რომლის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
მიზანი ყოველივე ამისა — რუსეთის ამიერკავკასიიდან განდევნა. ჩვენ რაო? — მკითხავთ. ის, რომ ერთ მტკაველ ამიერკავკასიაში არსებული 3 ქვეყნიდან, ორში რომ ანტირუსული ამბოხებაა, საქართველო დარჩება მხართეძოზე წამოწოლილი კაკლის ხის ჩრდილში?
ზემოთ აღვნიშნე დიდი ბრიტანეთის ხელი აზერბაიჯან-სომხეთის ანტირუსულად გადაქცევის საქმეში, მაგრამ არანაკლები აქტიურობით მოქმედებს ის საქართველოს მმართველი პარტია „ოცნების“ წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ევროკავშირის ანტი-„ოცნებური“ პოლიტიკის დამკვრელური ძალა, თუმცა არც სხვები ჩამორჩებიან მას, განსაკუთრებით მათი ელჩები საქართველოში.
ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერჩინსკი და გერმანიის ელჩი ფიშერი ისეთი თავდავიწყებით ებრძვიან „ოცნებას“ და მხარს უჭერენ ოპოზიციას, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ნაცმოძრაობის წევრები არიან. არაერთხელ აღვნიშნე ჩემს სტატიებში, რომ ელჩები, რომლებიც ასე აშკარად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში „პერსონა ნონ გრატად“ უნდა გამოცხადნენ და გაძევებული იქნენ ქვეყნიდან.
საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ვაითუ უფრო ცუდი რამ არ შემამთხვიონ ევროკავშირ-გერმანიამო. თუმცა სულ ახლახან „ოცნების“ ერთმა პარლამენტარმა, გაღიზიანებულმა უცხოელი ელჩების საქციელით, როგორც იქნა ახსენა სიტყვა „გაძევება“ ზოგიერთთა მიმართ. სიტყვიდან, საქმეზე გადასვლას დრო დასჭირდება, მაგრამ რახან ითქვა, იქნებ საშველი დაადგეს უცხოელი დიპლომატების აგდებულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ?!
დასავლური ფულით „გაჯერებული“ მომიტინგეები, რომ ახალგაზრდული გამოუცდელობიდან გამომდინარე სისულელეებს ბღავიან — გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია 70 წელს გადაცილებული პრეზიდენტ-ყოფილი ზურაბიშვილის ქცევა. ის, ლამის ყველა მიტინგში იღებს მონაწილეობას, ისე, როგორც ჯერ-ჯერობით ბოლოში მიიღო და სისულელეების კორიანტელს აფრქვევს. ბოლო გამოსვლის დროს მან ბრძანა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას მიტინგებით, საპროტესტო გამოსვლებით, ამბოხით ვერ დავამხობთ, ერთად დგომა, ერთობა არის საჭიროო.
არ მოეწონათ მომიტინგეებს ზურაბიშვილის აზრები და ჩვეული პათოსით მოითხოვეს ხელისუფლებას, ცხადია რუსულის, ძალით ჩამოშორება. და იყო ისევ — „რუსეთის ჭაობი“, „რუსი ოლიგარქი“ ივანიშვილის, „რუსეთის დესპოტური ხელისუფლების“ და სხვა რუსეთთან „დაკავშირებული“ სიტყვების ტრიალი.
აღნიშნულის საპირისპიროდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა ევროპაში ფაშიზმის აღორძინების თაობაზე და ნეოფაშისტებად მოიხსენია ის პოლიტიკოსები, რომელთა წინაპრები ფაშისტები იყვნენ, მათთან მჭიდროდ მოთანამშრომელნი. ჩამონათვალში ზურაბიშვილიც იყო — მენშევიკთა შთამომავალი. მენშევიკთა უდიდესი უმრავლესობა ხომ ფაშიზმის სამსახურში ჩადგა იმის იმედით, რომ მათი დახმარებით გაათავისუფლებდნენ საქართველოს ბოლშევიკებისგან.
ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის მუხლჩაუხრელი მუშაობით გვაქვს ომი უკრაინაში, ანტირუსული გამოხდომები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ისრაელის ჩახუტება აზერბაიჯანთან, თურქეთის მიერ „დიდი თურანის“ აღორძინებისთვის მხარდაჭერა. მიკვირს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეგობრული დამოუკიდებლობის ზელენსკისთან. მიკვირს მათ შორის გამართული ურთიერთ ვიზიტების. როგორც ჩანს, ყალიბდება კოალიცია უკრაინა, აზერბაიჯან, ისრაელ, თურქეთს შორის — მიმართული რუსეთ-ირანის წინააღმდეგ.
ისრაელს, აზერბაიჯანთან რახანია აქვს მჭიდრო კავშირები იარაღის დამზადების დარგში. ისრაელი თავის პოზიციას უზიარებს აზერბაიჯანს — ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ, ცხადია ნეგატიურს, ვინაიდან აზერბაიჯანში ხედავს ისეთ ადრესატს, რომელსაც ირანის დღევანდელი ხელისუფლება ისეთად არ მიაჩნია, როგორსაც ის ისურვებდა. გარდა ამისა, ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები, რამდენიმე მილიონი, აზერბაიჯანის საზღვრებთან არსებულ რეგიონებში მცხოვრებნი, მუდამ განეკუთვნებოდა აზერბაიჯანის ყურადღების საგანს, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან მიერთების.
ძნელად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც „დიდობაზე“ არ ოცნებობდეს. ამიერკავკასიაში სამივე ასეთი ვართ, მაგრამ საქართველო ობიექტურ მიზეზთა გამო და შესაძლებლობათა გათვალისწინებით გაცილებით მოკრძალებულია ამ თვალსაზრისით. რაც ჩვენ გვაქვს — ისტორიული ნოსტალგიაა — „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“.
ჩვენს მეზობლებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანს სრული შესაძლებლობა აქვს იფიქროს განდიდებაზე. ირანის აზერბაიჯანის მიერთებით დღევანდელი აზერბაიჯანი, თავისი მოსახლეობით და ტერიტორიით უდიდესი იქნება ამიერკავკასიაში.
არანაკლები პრეტენზიები აქვს სომხეთსაც — „დიდი სომხეთის“ შექმნის სურვილი მას არასდროს განელებია. ტერიტორიული თვალსაზრისით მისი სამიზნე თურქეთია, ისე, როგორც მეზობლები ამიერკავკასიაში. მაგრამ ისრაელის ოცნება ამ ორივეს ოცნებას აჭარბებს და მათ არსებობას, ცხადია ტერიტორიებს, დიდი ისრაელის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს.
თითქოს ჩაცხრა ისრაელ-ირანის ომი — დისტანციური, საჰაერო, რომელმაც 12 დღის განმავლობაში ისეთი ნგრევა გამოიწვია ისრაელში, მსგავსს რომ ადგილი არ ჰქონია 1948 წლიდან, ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან, დღემდე — ისრაელ-არაბებს შორის გამართული არაერთი ომის დროს.
მსხვერპლიც არის — მნიშვნელოვანი, თუმცა ისრაელი ასეთ მონაცემებს არ აქვეყნებს. რაც შეეხება ირანს — ოფიციალური ცნობის მიხედვით, მსხვერპლმა 960 ადამიანს გადააჭარბა. დიდია დაჭრილ-დასახიჩრებულთა რაოდენობაც.
ირან-ისრაელს შორის სახმელეთო საზღვარი არ არსებობს, რაც დიდი შეღავათია ომის ესკალაციის საწინააღმდეგო. ამ ორს, მეზობლობა რომ ჰქონოდათ, სახმელეთო ომი გარდაუვალი იქნებოდა. ასეთის შემთხვევაში კოლოსალური უპირატესობა ირანის მხარეს იქნებოდა, რომლის მოსახლეობა — 90 მილიონი, 10-ჯერ აჭარბებს ისრაელის მოსახლეობას. გარდა ამისა, ირანის არმია სახმელეთო ომში უკეთ წარმოჩნდებოდა თავისი სამხედრო ტექნიკით, გამოცდილებით, რომელიც მან დააგროვა ერაყთან 8-წლიანი ომის შედეგად. მაშინ, ირანს ლამის მთელი მსოფლიო ებრძოდა — აშშ-ს დირიჟორობით და საბჭოთა კავშირის მონაწილეობით.
ისრაელმა დაიწყო ომი, ირანის ქალაქების დაბომბვით, ბირთვული ობიექტების განადგურებით, სპეციალისტების დახოცვით და ა.შ. მიაღწია თუ არა ისრაელმა მიზანს — ბირთვული ობიექტების განადგურებას?
სპეციალისტებისა და ირანის ოფიციალური პირების განმარტებით, ვერც ისრაელმა და ვერც აშშ-ა — 14-ტონიანი ბომბების გამოყენებით ვერ გაანადგურეს ბირთვული ობიექტები, რომლებიც მიწის სიღრმეში — 90 მეტრზე არის განლაგებული, მხედველობაში მაქვს მთავარი — ფორდოს ობიექტი.
ფორდოს, ისპაჰანის და ნათნაზის ბირთვული კვლევის ობიექტებმა დიდი ზარალი განიცადეს, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ირანს არ მისცემს საშუალებას სამი თვის ინტენსიური აღდგენითი სამუშაოების გაშლის შედეგად არ გააგრძელოს ბირთვული კვლევები.
აქვს თუ არა ირანს უფლება აწარმოოს ბირთვული კვლევები მედიცინაში, მეცნიერებაში გამოსაყენებლად?
ცხადია, აქვს — მშვიდობიანი კვლევის უფლება, არ გადასული ბირთვული იარაღის შექმნაში. ასეთის დამზადებას ესაჭიროება ურანის 90%-მდე გამდიდრება. „მაგატე“-ს მონაცემებით, ირანმა 60%-ე გაამდიდრა ურანი, რაც არ ნიშნავს წითელი ხაზის გადაკვეთას.
2015 წლის 14 ივლისს ირანმა, ჩინეთმა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, აშშ-ა, გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით, ირანისთვის დაწესებული სანქციების სანაცვლოდ. ირანს უნდა დაეშვა „მაგატეს“ დამკვირვებლები ბირთვულ ობიექტებზე, სანაცვლოდ, დასავლეთი თანდათანობით გააუქმებდა ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ისრაელი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმებით, ვინაიდან არაბირთვული ირანი მას აღარ დაემუქრებოდა განადგურებით. მაგრამ მოხდა საწინააღმდეგო — ისრაელმა, აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა „ისრაელის ინტერესების მოღალატედ“ გამოაცხადა, თუმცა რაში გამოიხატებოდა ობამას მოღალატეობა, ისრაელმა არ განმარტა.
ობამას შემდეგ, აშშ-ს 45 პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, რომელმაც არ დააყოვნა და, ისრაელის ფალსიფიცირებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით, ირანი მალულად აგრძელებდა ურანის 90%-ე გამდიდრებას — ბირთვული ბომბის შესაქმნელად, გავიდა ხელშეკრულებიდან.
ხელშეკრულების ძალაში ყოფნის შემთხვევაში აშშ-სა და ისრაელს არავითარი საბაბი არ ექნებოდათ თავს დასხმოდნენ ირანს. მაინც რატომ უნდა დასხმოდნენ თავს ირანს აშშ-ი და ისრაელი, მითუმეტეს, როდესაც ის არ ამზადებდა ისრაელისთვის სახიფათო ატომურ ბომბს?
ამ კითხვას თვით ებრაელი ექსპერტები ასე პასუხობენ — ისრაელის პოლიტიკური ლიდერები ირანს მიიჩნევენ „დიდი ისრაელის“ ნაწილად. „დიდი ისრაელი“, ებრაელ პოლიტიკოსთა აზრით, სტრატეგიული მიზანია — იმპერიალისტური, ექსპანსიონისტური ისრაელის საზღვრების გაფართოების.
ისრაელი, უნიკალური სახელმწიფოა მსოფლიო რუკაზე, რომელსაც არ აქვს ოფიციალური საზღვრები. ისრაელის საზღვრები „მცურავია“ — გაფართოების ტენდენციით. თავისი „დაბადების“ დღიდან — 1948 წლიდან, ისრაელმა დაიწყო ომი პალესტინასთან, რომლის სახელმწიფოდ აღიარება ისრაელთან ერთად უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა.
პირველივე ომის შედეგად, ისრაელმა პალესტინას წაგლიჯა ტერიტორიები. 1947 წელს თუ ისრაელის ტერიტორია 20,77 ათას კვ. კმ შეადგენდა, 6-დღიანი ომის შემდეგ, 1967 წელს, 27,8 ათას კვ. კმ-დე გაიზარდა.
2023 წლის 7 ოქტომბრის ომის შემდეგ, ისრაელის კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა ღაზის სექტორის 77%, რომელიც გაეროს მიერ განსაზღვრულია როგორც პალესტინელი არაბების ტერიტორიად. საერთაშორისო საზოგადოება და გაერო მიიჩნევს არაკანონიერად ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების შექმნას. და მერე რა?
არც არაფერი. ნეთანიაჰუს ფეხებზე ჰკიდია მათი გადაწყვეტილება. ნეთანიაჰუს მიაჩნია, რომ სიონისტები მადლიერები უნდა იყვნენ მისი, ვინაიდან არასდროს მოდრეკილა საერთაშორისო საზოგადოების პრესის წინაშე და არ დათანხმებულა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე. პარტია „ლიკუდის“ ლიდერი სიამაყით აცხადებს, რომ აღკვეთა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა.
პარტიის პოზიცია ნათლად არის გამოხატული მის პროგრამაში: „უფლება ებრაელი ხალხისა ისრაელის მიწაზე არის სამარადისო და არასაკამათო — ასე რომ, იუდეია და სამარია არ გადაეცემა არავითარ უცხოურ ადმინისტრაციას. ზღვიდან, იორდანიამდე იქნება მხოლოდ ისრაელის სუვერენიტეტი“.
მეზობელ სირიაში, ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ, ისრაელის არმია შეიჭრა სირიის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ოკუპაცია, რასაც მოჰყვა ზოგიერთი სახელმწიფოს პროტესტი, თუმცა ჯეროვანი ყურადღება მას არ გამოუწვევია.
1948 წელს დაბადებულ პატარა ისრაელს დიდი ამბიციები აქვს. „დიდი ისრაელის“ პროექტი 1897 წელს წარადგინა სიონისტთა პირველ კონგრესზე, სიონიზმის დამფუძნებელმა და სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა თეოდორ პერცლმა შვეიცარიის ქ. ბაზელში. მან თქვა, რომ სიონიზმის მიზანია — დავითისა და სოლომონის ისრაელის აღდგენა პალესტინაში.
1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დროს, ისრაელის პირველმა პრემიერ-მინისტრმა დავით ბენ-გურიონმა თქვა: „არის სხვა რუკა, რომელსაც შექმნის ებრაელი ხალხი, მისი ახალგაზრდობა — ნილოსიდან, ევფრატამდე“.
„დიდი ისრაელის“ შექმნის მომხრეები ხშირად ციტირებენ სიტყვებს თორიდან — „ამ დღეს ღმერთმა უანდერძა აბრამს — შენს შთამომავლებს ვჩუქნი მიწას ეგვიპტის მდინარიდან, ევფრატამდე“.
თორის მიხედვით, დავითისა და სოლომონის მეფობის ხანაში დიდი ისრაელის ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ ეგვიპტის, იორდანიის, ლიბანის, სირიის, საუდის არაბეთის, ერაყის ტერიტორიებს.
ზოგიერთი ისრაელელი პოლიტიკოსი თვლის, რომ „დიდ ისრაელში“ უნდა შედიოდეს ირანისა და თურქეთის ტერიტორიები. ისრაელს დიდი ხანია მიზანში ჰყავს ამოღებული ირანი. „ირანის მიწა დიდი ხანია არის ჩვენი — ანდერძით მიღებული და ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას ითანამშრომლოს ჩვენთან, რათა უზრუნველყოს მისი დაბრუნება დამოუკიდებელი ისრაელის სახელმწიფოსთვის. ისრაელი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ეს საჭირო იქნება, რათა დაიკავოს 636400 კვ. მილი — თანამედროვე ირანის ტერიტორიის, რომელიც ისტორიულად შედიოდა წმინდა მიწაზე — ბიბლიის მიხედვით, ნაჩუქარი ებრაელი ხალხისთვის“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ 2018 წელს.
მას ეკუთვნის შემდეგიც: „ე.წ. ისლამური ქალაქები თეირანი, მეშხედი, ისპაჰანი, სხვები ოდესღაც უძველესი ებრაული სამეფოების მიერ დაარსებული იყო. აღარაფერს ვამბობ ირანის წმინდა ადგილებზე, მათ შორის იმამი რეზას სასუფეველზე, ჯამყარანის მეჩეთზე, ზოროასტრულ ცეცხლის საყდარ ჩაკ-ჩაკზე. ირანში არის ყველაზე დიდი კონცენტრაცია იუდეველური უძველესი წმინდა ადგილებისა მსოფლიოში მექისა, ლუმბინის, ვატიკანის საზღვრებს გარეთ, ჩვენ მოვითხოვთ ებრაელ ხალხს მისცენ უფლება მმართველობისა საკუთარი, მშობლიური სპარსული ტერიტორიების“.
ებრაელი პოლიტიკოსების განცხადებით, თურქეთის ტერიტორიის ნაწილიც ებრაელების კუთვნილებაა.
ა.წ. 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო ირანის დაბომბვა. 19 ივნისს ნეთანიაჰუმ გააკეთა შემდეგი განცხადება: „ის, რაც ახლა ხდება, ისტორიულია, ჩვენ ისტორიულ ოპერაციას ვახორციელებთ. ეს არ არის ისრაელის ეგზისტენციალური საფრთხის აღმკვეთი. ჩვენ ვცვლით ახლო აღმოსავლეთის სახეს. ჩვენ ვაპირებთ რაღაცნაირად შევცვალოთ მსოფლიო“.
ისრაელის მიზანი არ ყოფილა მარტო ბირთვული ობიექტების განადგურება, ირანელთა ხელით აიათოლების მმართველობის დამხობა იყო და ნეთანიაჰუს მიხედვით, ებრაელი და ირანელი ხალხის ერთად ცხოვრება — ებრაელთა მმართველობაში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
05/07/2025