დასავლური მუხანათობა

საქართველოში რომ არ ვცხოვრობდე და ბევრ ჩემ თანამემამულესთან ერთად, ცხადია ყოფილთან საზღვარგარეთ ვიმყოფებოდე მუდმივად, აქაურობას ისეთი თვალით შევხედავდი, როგორც ჯამბაზებს, მაყურებელი, მაგრამ აქ ვარ და მიუხედავად ჩემი სურვილისა, თავი ავარიდო ქვეყანაში არსებულ დავი-დარაბას, არაფერი გამომდის.
საზოგადო ეთერში, ჯერ-ჯერობით უფასოში მოტრიალე ამბვები, ძალაუნებურად იპყრობს ყურადღებას და რახან იპყრობს, გაიძულებს ტვინის, თუნდაც მცირედი უჯრედით იფიქროთ მათზე. სახლის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე ეთერში მოტრიალე თავბორბალა, ქარბორბალას მსგავსად გითრევს ორომტრიალში — სურვილის მიუხედავად.
ზღურბლის შიგნით ელექტრონული მედია დაგტრიალებს თავს — ტვინის გაწყალებამდე. ინფორმაცია — ნეგატიური, ხშირად აუტანელი, თუმცა შიგადაშიგ ისეთი სენსაციური, „რადიო მაესტროს“ რომ ჰგონია. აი ასეთი: მეცნიერებმა, დიდი დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შიმპანზეები, კუჭის მოქმედებისთვის ბალახს მიირთმევენ.
რადიო-ჟურნალისტი, საეთერო დროს ამ „უნიკალურ“ მოვლენას დაუთმობს, ვერ გრძნობს, რომ თვით ემსგავსება შიმპანზეს. და არა მარტო ის, არამედ რედაქციაც, რომელმაც ეს მასალა ჟურნალისტს წააკითხა.
აღნიშნულ თემასთან შედარებით, ჰოლივუდელი მსახიობების ბიოგრაფიის დაწვრილებით მოყოლა, ისე, როგორც ამერიკელი მომღერლების, რასაც ამ რადიოში სისტემატურად აქვს ადგილი, სუპერ-პუპერ, როგორც ტრამპი ამბობს, მოვლენაა, სენსაციაა.
„მაესტრო“ შემომიწყრება, როგორ თუ არ გაინტერესებს მავანი ჰოლივუდელის ფეხსაცმლის ზომაო.
მაინტერესებს? არა პატივცემულებო, არ მაინტერესებს, ვინაიდან უსერიოზულესი პრობლემებით არის დატვირთული ჩვენი ტვინი — გაუარესებული სოციალური საკითხებით, ფასების ყოველწუთიერი მატებით, არა ყოველდღიური, არამედ ყოველწუთიერით, სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდით, მედიკამენტების კატასტროფული გაძვირებით, სხვა მრავლით. და ნაცვლად იმისა, ამ პრობლემებზე ხალხს ვინმე, ცხადია პროფესიონალი ესაუბროს, შიმპანზეს მიერ ბალახის მირთმევას გვთავაზობთ?
შეგნებულად ხდება ყოველივე ეს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აზრი, რომ ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს. და რახან ასეა, შიმპანზეზეც ხომ უნდა ვილაპარაკოთ?!
წინა სტატიებში აღვნიშნავდი ქართული პოლიტიკის დიდოსტატობაზე, განსაკუთრებით „ოცნების“, რომელიც 12 წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, ისეთში, როგორც „სუპერმარკეტებშია“ — 24/7, გვიმტკიცებს რა ცუდია მისი წინამორბედი ნაცმოძრაობა, მისი „ანასხლეტი“ პარტიები, და რა კარგები არიან თვითონ. ოპოზიციასაც რა უნდა — სალაპარაკო მიეცი და ისიც უმალ გამოხდება — პასუხის გასაცემად.
ხელისუფლება-ოპოზიციის სისტემატურმა კინკლავმა ჩვენი ცხოვრების 12 წელი წაიღო. მანამდე სააკაშვილის ჯალათი ხელისუფლების მიერ ხალხის წამებამ, მანამდე შევარდნაძის ზიგზაგურმა პოლიტიკამ. და როდესაც გადახედავ დამოუკიდებლობის განვლილ 34 წელს, მიხვდები, რომ ფუჭად ჩაუვლია. ადამიანის ცხოვრებიდან 34 წლის ამოგლეჯა სახუმარო საქმეა?
საკინკლავო თემა კი არ ილევა და არც დაილევა! რომ დაილიოს, ხელისუფლება უსაქმოდ დარჩება, ოპოზიციასთან ერთად. მათ კინკლავის მეტი არაფერი იციან?!
ქართული ჩაი „გურიელი“ შევიძინე, ვიფიქრე აზერბაიჯანულს აჯობებსთქო. არ გამიმართლა — უგემურია, ნაგავია. სუპერმარკეტის დახლებიდან თავმომწონედ შემოგვყურებენ მარნეულში დამზადებული პომიდვრის საწებელი, ტყემალი, შაქარი და ა.შ. ყველას აწერია „მეიდ ინ ჯორჯია“.
საწებელი, ჩინეთიდან იმპორტირებული ტომატ-პასტის ბაზაზეა დამზადებული; შაქარიც შემოტანილია, ოღონდ ქართულწარწერიან კონტეინერში, ისე, როგორც ბრინჯი, შვრია, ლობიო. ბოსტნეული, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი — ნაჯახით რომ იჭრება; მეხილეობისა და მებაღეობის ქვეყანაში იმპორტული ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, სხვა პროდუქტები — უგემური თან ძვირი.
პოლიტიკა არ ფიქრობს სოფლის მეურნეობაზე, ანდა რატომ უნდა იფიქროს, როდესაც ნათესავი დისტრიბუტორები ფიქრობენ და ცხრა მთას იქით ცენტებში ნაყიდ პროდუქციას, ათასებში გვტენიან.
საქართველო არის მდარე უცხოური საქონლის გასაღების ბაზარი. ქართული ეკონომიკა — იყიდე-გაყიდეზე ტრიალებს — ჭამასა და მონელებაზე. ასეთს შეიძლება ერქვას სახელმწიფო?!
არადა სახელმწიფო ჰქვია, გაეროს წევრიცაა; ევროკავშირში და ნატოში გაწევრების სურვილიც აქვს; აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსაც წერილს წერს — საყვედურით — ყურადღებას რატომ არ მაქცევო. პრემიერ-მინისტრი დაოთხილი დარბის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. ხელისუფლებას ჰგონია, რომ საქართველოს ირგვლივ ტრიალებს მსოფლიო. და რახან ასეა, პატივი უნდა სცენ მის დამოუკიდებლობას, სუვერენულობას.
პრეტენზიები გვაქვს, ამბიციებიც, მაგრამ მათ უკან სიცარიელეა. და რომ ასეა, ვერ ხედავენ, ანდა რატომ უნდა დაინახონ — თვითკმაყოფილების გრძნობით აღვსილებმა.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ „ოცნების“ გამარჯვებას არაკანონიერად მიიჩნევს ოპოზიცია. არჩევნები გაყალბდაო — ყვირიან ისინი, თითქოს რაიმე სენსაციური იყოს ამაში. საქართველოში ყველა არჩევნები გაყალბდა — საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი. და არა მარტო საქართველოში, არამედ დემოკრატიის სითხით ავსებულ დასავლეთში, კახელები ლიპ-ლიპას რომ უძახიან.
აშშ-ს წინა პრეზიდენტი, ბაიდენი ხომ ტოტალური გაყალბების პირმშო იყო?
მე-19 საუკუნის ბოლოს გარდაცვლილმა ამერიკელებმა ხომ დაუჭირეს მხარი მათსავით დაავადებულს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მოსიარულეს. 4 წლის განმავლობაში „ფლობდა“ ის მსოფლიოს პირველი ქვეყნის საჭეს.
ფლობდა?
მისი შემცვლელი, ტრამპი აცხადებს, რომ დემენციაშეპყრობილი ბაიდენი, პროსტატის კიბოთი (ბოლო სტადია) დაავადებული, ვერ შეძლებდა ქვეყნის მართვას. მაშ, ვინ მართავდა?
მართავდნენ ისინი, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ. არის თუ არა ეს დანაშაული?
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ვენსის მიხედვით, არის და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანა, ამერიკაში არჩევნებში არა მარტო მკვდრები იღებენ მონაწილეობას, არამედ ათეულ-ათასობით ემიგრანტი, ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ჩვენ რომ გვიკვირს ე.წ. კარუსელები, იქ ჩვეულებრივი რამაა.
ევროკავშირის წევრ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა გვაჩვენა, თუ როგორი არ უნდა იყოს არჩევნები. რუმინეთის არჩევნებში ისე მოურიდებლად აფათურეს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, ევროკავშირის შეფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მოლდოვის პრეზიდენტმა სანდუმ, რომ არჩევნები დანიშვნებს დაამსგავსებს — ევროკავშირის სასურველი კანდიდატის გასაპრეზიდენტებლად.
ანალოგიური რამ მოხდა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებით მაია სანდუ გახადეს მოლდოვის პრეზიდენტად.
დასავლელთა არადემოკრატიულობაზე ტომებია დაწერილი, მაგრამ მერე რა?
არც არაფერი! ძაღლი ყეფა, ქარავანი მიდის. ქართული ოპოზიცია ტყუილად ფიქრობს, რომ „დემოკრატიული“ დასავლეთი მართლაც შეწუხდება „ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით და არ ცნობს მის კანონიერებას.
ბოლო დღეების საკამათო თემა აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა იყო. ექსტრაორდინარული ამ მოლოცვაში არაფერია. ჩვეულებრივი ტრაფარეტული ტექსტია, ყველა ქვეყანას რომ მოერგება. ოპოზიციამ თქვა — დიდი არაფერიაო! ხელისუფლებამ, სიამაყით გადმოგვხედა — ნახეთ, გვაღიარესო!
ტექსტში არ არის საქმე. საქმე თვით წერილის გამოგზავნაშია. და რახან მოგვილოცა, „ოცნებაც“ კანონიერად ჩათვალა. საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს ოპოზიცია. ასე გრძელდება დღესაც, თუმცა ვაშინგტონის მიერ აშშ-ს ელჩის დანიგენის თხოვნაზე, მიღებასთან დაკავშირებით, უარმა გადაფარა მილოცვა. მკითხველმა იცის, რატომ არ მიიღო ივანიშვილმა აშშ-ს ელჩი და ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. გეტყვით იმას, რაც არაერთხელ მითქვამს — კორუმპირებულ, არადემოკრატიულ, ცრუ, მორალურად გახრწნილ დასავლეთთან არაფერი გვესაქმება და ვიდრე გვიან არ არის, მიმართულება უნდა შევიცვალოთ.
ახლახანს, მოვუსმინე ევროპარლამენტის წევრ საშუალო ასაკის მამაკაცს, რომელიც მთელი სერიოზულობით აცხადებდა — ვინც ევროკავშირის ფასეულობებს და დემოკრატიას არ აღიარებს ჩვენთან არ უნდა იყოსო. და იცით რაზე იყო უკმაყოფილო? უნგრეთი არ გვატარებინებს გეი-პარადებსო.
როგორც ჩანს, ბევრი ჩვენგანი ჩამოვრჩით დასავლურ ცივილიზაციას, არ ვგავართ იმ ქართველებს, შვებას და ფასეულობებს რომ ხედავენ ევროპაში. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, არც მისი აწმყო და მომავალი. საქართველო მათთვის ტრამპლინია ევროკავშირში გადასახტომად. ამ კატეგორიას მიაჩნია, რომ ევროპა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ დემოკრატიის, ცივილიზაციის, განვითარების ნაკრძალი იყო.
იყო?
ისტორიის წაკითხვა არ აწყენდა ასეთებს, თუმცა ვეჭვობ აზრი შეიცვალონ.
მოდით თავი დავანებოთ შორეულ ისტორიას და თვალი შევავლოთ შედარებით ახალს, გასული საუკუნის 40-იან წლებს, განსაკუთრებით მე-2 მსოფლიო ომის დასასრულს, ფაშიზმზე გამარჯვებას, ანტიჰიტლერული კოალიციის სამი წევრისგან, ორის მოქმედებას. რა შთაბეჭდილება დაგვრჩება ცივილიზებული დასავლეთის მიმართ, ქვემოთ მოყვანილი ისტორიული ფაქტების წაკითხვის შემდეგ? საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე, ხანჯალს რომ გალესავს მეორე მოკავშირის ზურგში ჩასაცემად — ფასეულობების დამატასტურებელია თუ მუხანათობის, გაუტანლობის, სიხარბის, ახალ კონკურენტად შერაცხულის განადგურების?
ორპირობის მაგალითია ბრიტანეთის მიერ შემუშავებული გეგმა „წარმოუდგენელი“, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ანგლოსაქსებს, მოკავშირის გასანადგურებლად, მოულოდნელი თავდასხმა უნდა განეხორციელებინათ. გეგმის ინიციატორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იყო.
გეგმა შეიმუშავეს ბრიტანელმა გენერლებმა 1945 წლის აპრილს და 1945 წლის 22 მაისს წარუდგინეს ჩერჩილს. 1945 წლის 1 ივლისს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს 47 დივიზია, ისე, როგორს 12 გერმანული, თავს უნდა დასხმოდა საბჭოთა კავშირს — ომის გამოუცხადებლად, მოულოდნელად. 12 გერმანული დივიზია გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო განლაგებული, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს კონტროლქვეშ.
აღნიშნული გერმანული დივიზიების დემობილიზაცია მაკონტროლებლებს, ანუ აშშ-ინგლისს არ განუხორციელებიათ. უპირველესი მიზანი სამხედრო ოპერაციისა პოლონეთისა და გერმანიის წითელი არმიისგან გათავისუფლება იყო.
საბჭოთა კავშირის საბედნიეროდ, გეგმას მხარი არ დაუჭირეს ბრიტანელი გენერლების უმრავლესობამ, ვინაიდან მიიჩნიეს წმინდა წყლის ავანტიურად.
მოგვიანებით, გეგმა გადაკეთდა, როგორც თავდაცვის — იმ შემთხვევაში, თუ საბჭოეთი თავს დაესხმოდა დიდ ბრიტანეთს ან დასავლეთ ევროპას.
1945 წლის ზაფხულში ჩერჩილი დამარცხდა არჩევნებში და პრემიერ-მინისტრობას გამოეთხოვა. გეგმაც მივიწყებას მიეცა, თუმცა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თემა არ განელებულა. არჩევნებში გამარჯვებულმა ახალმა პრემიერმა კლემენტ ეტლიმ განიხილა ეს საკითხი ამერიკელ პარტნიორებთან, შემდეგ ინიციატივა აშშ-ზე გადავიდა, სადაც ავანტიურისთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა — 1945 წლის 12 აპრილს პრეზიდენტ რუზველტის გარდაცვალებით, რომელიც სსრკ-ს ნამდვილ პარტნიორად თვლიდა. მას არ სურდა საბჭოთა კავშირისთვის აშშ-ს მტრის დამღის მიკერება.
რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი გახდა ვიცე-პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელსაც მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირის მოძულე ძალები. ამ ძალებს აშფოთებდათ ფაშისტური გერმანიის დამარცხების შედეგად საბჭოთა კავშირის ავტორიტეტის ზრდა მთელს მსოფლიოში.
1945 წლის სექტემბრის დასაწყისში საბჭოთა არმიის შეტევის შედეგად იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. აშშ-ს დაჟინებული პროპაგანდით იაპონიის კაპიტულაცია აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვულმა დაბომბვამ გამოიწვია და არა წითელმა არმიამ, რაც სინამდვილისგან შორსაა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომდევნო სტატიებში მოგითხრობთ.
ტრუმენი ელოდა წითელი არმიის გამარჯვებას იაპონიის კვანტუნის არმიაზე, ვინაიდან ხელსაყრელი იყო აშშ-თვის. სახმელეთო ბრძოლებს, 200000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირებოდა. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ტრუმენმა წითელი არმიის გამარჯვება შეირგო. მას ის აღარ სჭირდებოდა და განკარგულება გასცა „წარმოუდგენლის“ მსგავსი გეგმის შესამუშავებლად.
ამერიკულ ახალ გეგმას „ტოტალიტი“ დაერქვა, რომლის მიზანი იყო წითელ არმიაზე თავდასხმა, თუკი ის დაიწყებდა ევროპის ოკუპაციას. ამერიკელები მზად იყვნენ ბირთვული ბომბების გამოსაყენებლად.
1946 წლის 2 მარტს, აშშ-ს სამხედრო დაგეგმარების გაერთიანებულმა კომიტეტმა ტრუმენს სსრკ-ს წინააღმდეგ საბრძოლველი ახალი გეგმა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო სსრკ-ს ომში ჩათრევა — ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით, ვინაიდან ევროპის მხრიდან ასეთი შეუძლებელი იყო. საბჭოთა კავშირის საზღვრებთან უკვე სოციალისტური ევროპის ქვეყნები იდგნენ, რომელთა ტერიტორიებზე წითელი არმიის დივიზიები იყვნენ განლაგებული: გერმანია-ავსტრიაში — 51; 50 — ახლო აღმოსავლეთის საზღვრებთან; 20 — უნგრეთ-იუგოსლავიაში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის თანამგზავრ-სახელმწიფოებში სარეზერვო 87 დივიზია იყო.
სსრკ-ს შეიარაღებული ძალების უპირატესობა ანგლო-საქსებზე 3:1 შეადგენდა.
ახალი ამერიკული გეგმა „პინჩერის“ მიხედვით, საბჭოური უპირატესობის შესამცირებლად ატომური იარაღის გამოყენება იგეგმებოდა. „პინჩერზე“ მუშაობა 1946 წლის მარტის პირველ რიცხვებში დასრულდა. 5 მარტს კი ჩერჩილმა ფულტონში წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მსოფლიოს „ცივი ომი“ მოუტანა.
„პინჩერი“ 1946 წლის ივნისში დაამტკიცა ვაშინგტონმა. მისი მიხედვით, 30 ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდოთ სსრკ-ს 20 ქალაქში, თუმცა იმჟამად აშშ-ს 10-ზე მეტი ბირთვული ბომბი არ ჰქონდა, ხოლო სტრატეგიული ბომბდამშენი B-29, რომელსაც შეეძლო შორ მანძილზე ფრენა — 27 იყო.
„პინჩერის“ შემდეგ, ახალი, უფრო დახვეწილი გეგმა იყო შემუშავებული „ბოილერის“ სახელით, რომელიც ტრუმენმა გააჟღერა 1947 წლის 12 მარტს და მას ტრუმენის დოქტრინა დაერქვა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ი თავის თავზე იღებდა მოკავშირე ქვეყნების საბჭოთა აგრესიისგან დაცვას. სწორედ „ტრუმენის დოქტრინამ“ გზა გაუხსნა ნატოს შექმნას 1949 წელს.
„ბოილერს“ სხვა გეგმებიც მოჰყვა და მასთან ერთად საბჭოეთის გასანადგურებელი ბირთვული ბომბების რაოდენობის ზრდაც. მაგალითად, „ჩარიოტირის“ მიხედვით, სსრკ-ს 70 ქალაქზე 200 ბირთვული ბომბი უნდა დაეყარათ.
1949 წელს გაჩნდა ახალი გეგმა „ტროიანი“, რომელიც ითვალისწინებდა სსრკ-ზე არა მარტო აშშ-ს თავდასხმას, არამედ დიდი ბრიტანეთისაც. გეგმით, 100 საბჭოთა ქალაქი, 300 ბირთვული ბომბითა და 20000 ჩვეულებრივით დაიბომბებოდა.
არანაკლები მასშტაბისა იყო გეგმა „დროპშოტი“ — 300 ატომური ბომბითა და 250000 ტონა ჩვეულებრივი ბომბის გამოყენებით.
1949 წლის 20 აგვისტოს ყაზახეთის სემიპალატინსკის პოლიგონზე გამოიცადა პირველი საბჭოთა ატომური ბომბი „РДС-1“, რამაც წერტილი დაუსვა აშშ-ს ბირთვულ მონოპოლიას.
1950 წლის დასაწყისში აშშ-ა შექმნა მესამე მსოფლიო ომის განმსაზღვრელი გეგმა.
აშშ-ს უშიშროების საბჭოს საიდუმლო დოკუმენტი 1950 წელს დაამტკიცა ტრუმენმა, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ს მიერ „ცივი ომის“ კურსის გაგრძელება. მანამდე, 1949 წლის 4 აპრილს, აშშ-ს ინიციატივით, შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია „ნატო“ — სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, შემდეგი შემადგენლობით: აშშ, კანადა, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ნორვეგია, დანია, იტალია, პორტუგალია — სულ 12 სახელმწიფო.
1950 წელს „დროპშოტმა“ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და სხვა გეგმით შეიცვალა. მიზეზი მარტივი — სსრკ-ს ბირთვული პოტენციალი აშშ-სისა გაუთანაბრდა. ერთი წლის განმავლობაში სსრკ-მა შეძლო დაწეოდა აშშ-ს, რაშიც უდიდესი დამსახურება მიუძღვნის ლავრენტი ბერიას, რომელიც სტალინის განკარგულებით ასრულებდა საბჭოთა ბირთვულ პროგრამას. გრანდიოზულ გეგმას, რომელმაც შეცვალა მსოფლიო და სსრკ, აშშ-ს გაუთანაბრა.
საბჭოთა ბირთვულმა პროგრამამ უზრუნველყო მსოფლიო მშვიდობა 1945 წლის მაისიდან დაწყებული, დღემდე.
თანამედროვე პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ამერიკელ-ევროპელები —უმწიფარნი პოლიტიკურად, მორალურად, ფსიქიკურად, გაუწონასწორებელნი რატომღაც თვლიან, რომ დადგა რევანშის დრო, ანუ მე-2 მსოფლიო ომში ნაგემები დამარცხების. გამარჯვებით ჩანაცვლების დრო, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ფაშისტური გერმანიის აქტიური მებრძოლების შვილიშვილებია მისული ევროპის ქვეყნების სათავეებში. მათი სურვილია ნეოფაშისტური უკრაინა აომონ რუსეთთან. მათ არ აინტერესებთ მსხვერპლი. მათ აინტერესებთ დაჩოქილი, დანაწევრებული რუსეთის ხილვა.
არის რამე გასაკვირი ამაში?
არც არაფერი!
შეიძლება დასავლეთის ნდობა?
არ შიძლება! და რომ არ, ის მოგახსენეთ ზემოთ — მოკავშირე დიდი ბრიტანეთის ფლიდობა, რომელმაც 1945 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თავდასხმის გეგმა შეიმუშავა.
ა.წ. 2 ივნისს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკება გაიმართება — იმ ფონზე, როდესაც გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი იარაღით ამარაგებს უკრაინას. ისინი გაიძახიან — მშვიდობა გვინდაო. იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, მშვიდობაა?
ომის გაგრძელებაა! ხოცვა-ჟლეტვაა! ნგრევაა! ადამიანთა ფსიქიკის გაუარესებაა! ლტოლვილობაა და მრავალი სხვა ნეგატიური მოვლენაა, რომელსაც ადამიანის გადაგვარება ჰქვია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
31/05/2025