სად ვართ?

„დიტუ, დიტუ, დიტუ რა მეისმინა ჩემმა ყურებმა“ — იტყოდა თავწაკრული გურული ქალი, გუშინდელი და არა დღევანდელი. დღევანდელი „პრადვინუტია“, ამერიკელი კონგრესმენის უილსონის მოხსენებისთვის რომ მოესმინა კონგრესის კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო მდივნის რუბიოს თანდასწრებით, შეგახსენებთ, ინაშვილის მტკიცებით, რუბიო თარხან მოურავის მეგობარია.
მოხსენება მიძღვნილი იყო საქართველოსა და მის დღევანდელ ხელისუფლებაზე. რა არ არის ნათქვამი ამ მოხსენებაში საქართველოს ხელისულების გასაშავებლად. დაინტერესებულებს შეუძლიათ მოხსენების ინტერნეტში გაცნობა.
ხელისუფლებისთვის პრობლემა ისაა, რომ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის შემდეგ დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერისთვის იქნება გამზადებული და როდესაც ტრამპი ხელს მოაწერს, დოკუმენტი კანონად იქცევა, კანონის ისტორია აშშ-ი ისეთია, მრავალი წლის არსებობა რომ გარანტირებული აქვს.
პრეზიდენტები იცვლებიან, მათთან ერთად ადმინისტრაციებიც, კონგრესმენებიც და სენატორებიც — კანონი კი უცვლელია. უილსონმა ისეთი ტერმინოლოგია შეარჩია, ტრამპის პატივმოყვარეობის სიმები რომ შეერხია. საქართველოს ხელისუფლება დღენიადაგ გლანძღავს და გაგინებსო — ასეთია შინაარსი ტექსტის, რომელიც აქაური ოპოზიციის ნახელავია, ე.წ. რონდელის ფონდთან ერთად.
რომ იტყვიან — ციხე შიგნიდან ტყდება, ამასთან გვაქვს საქმე და რაც მთავარია სიყალბესთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებას ანტიტრამპობას ვერ დავწამებთ. გასული წლიდან დაწყებული, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებით დამთავრებული „ოცნების“ ხელისუფლების ერთადერთი იმედი და შვება ტრამპის გამარჯვების მოლოდინი იყო.
გამარჯვების შემდეგ თუ ვინმემ საქართველოში შვებით ამოისუნთქა, „ოცნება“ იყო. „ოცნება“ თვლიდა და თვლის, რომ ტრამპის პოლიტიკა ისეთივეა, როგორიც „ოცნების“. ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები არათუ მისაღებია მისთვის, არამედ სასთუმალთან დასადებია — ძილის წინ გადასახედად. რაღა ბიბლია და რაღა ტრამპის შემოქმედება.
ასეთისთვის ანტიტრამპობის დაბრალება შიშველი ცილისწამებაა, მაგრამ რას ვიზამთ, უფრო სწორად რას იზამს „ოცნება“ — ფაქტი სახეზეა. სამწუხაროდ, „ოცნებას“ იმის თავიც არ აქვს ჯეროვნად გააანალიზოს ვითარება — შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, ამერიკული შემოტევისგან თავის დასაცავად.
იკითხავთ — თავი რატომ არ აქვსო?
თავი აქვს, მაგრამ აქვს თუ არა თავში, ის, რაც უნდა ჰქონდეს — გაურკვეველია. რომ რაღაც ჰქონოდა, ამ დონემდე საქმეს არ მიიყვანდა.
ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ „ოცნებას“ იმ კანონების მიღებას ვუწუნებ, რომელიც მიიღო და რომელიც დასავლეთს არ აწყობს ან ვუწუნებ დასავლეთისთვის უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. პირიქით, ამ გაბედული ნაბიჯებისთვის ის სახალხო მადლობის ღირსია. ვუწუნებ დასავლურ კურსს, მიუხედავად დასავლელთა მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფისა.
დასავლეთი აკრიტიკებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მაგრამ „ოცნების“ სიძულვილით საქართველოსაც და როდესაც ასეთთან გვაქვს საქმე ბოლო წლების განმავლობაში, ის კი არ უნდა იძახო — ევროპაში შევალთო, არამედ პოლიტიკური ვექტორი უნდა შეცვალო.
არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს სტატიებში, ისე, როგორც სატელევიზიო ეთერში, რომ ევროპა, ევროკავშირი არც დემოკრატიის სავანეა, არც სიტყვის თავისუფლების, არც ადამიანის უფლებების პატივისცემის, არც ეკონომიკური განვითარების და ა.შ.
ევროპა ისაა, სადაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც საუდის არაბეთში ან რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში. განა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ამაზე არ მეტყველებს.
პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციონერი ჯორჯესკუ, რომელმაც პირველი ტური დამაჯერებლად მოიგო, მეორე ტურში არ დაუშვეს, მისი შემცვლელი, რომელმაც პირველ ტურში 20%-ით მეტი ხმები დააგროვა მეორე კანდიდატთან შედარებით, მეორე ტურში დამარცხებული აღმოჩნდა.
რა ძალამ იმოქმედა ისე მძლავრად, რომ უდიდესი სხვაობა დაეფარა და გამარჯვება პირველ ტურში დამარცხებულს ეზეიმა?
ამ მაგიურ ძალას — ფალსიფიკაცია ჰქვია, 2 მილიონი გარდაცვლილის სამარიდან ადგომა და საარჩევნო უბნებში მისვლა, მეზობელი მოლდოვის მოსახლეობის რუმინეთში ავტობუსებით გადაყვანა და ბუქარესტის მერისთვის, ამჯერად პრეზიდენტისთვის მხარდაჭერა. საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის მიერ ბუქარესტში მაღალჩინოსნის მივლინება, რათა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ჯორჯესკუს გამარჯვება უკანონოდ გამოეცხადებინა, „ტელეგრამ-კანალის“ საიტის ხელმძღვანელთან, დუროვთან საფრანგეთის სპეცსამსახურის შეფის მიგზავნა, რათა არდაეშვა არხზე ოპოზიციონერთა გაშვება და სხვა.
გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შევიწროებას განიცდის, ლამის აკრძალონ, ვინაიდან პარტიის ლიდერი ვაიდელი მოითხოვს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონას, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტას.
საფრანგეთის პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე მარინ ლე პენი კორუფციაში დაადანაშაულეს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა შეუქმნეს.
ევროპელ ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ უკრაინაზე ნეგატიური სტატიების წერა, ვიდეო-სიუჟეტების მომზადება.
ევროკავშირის პოლიტიკამ გააღატაკა ამ კავშირში შემავალი ქვეყნები. რუსულ ბუნებრივ გაზზე უარის თქმამ ევროკავშირელებს კატასტროფულად გაუძვირა ელექტროენერგიის ტარიფები, კომუნალური გადასახადები. რუსული ბუნებრივი აირის ამერიკული დაჭირხლულით ჩანაცვლებამ მძიმე დარტყმა მიაყენა, როგორც მოსახლეობას, ისე მრეწველობას, ეკონომიკას.
ევროპის წინსვლის ლიდერად წოდებული გერმანია, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მოწინავე ათეულში ბოლო ადგილზეა — ევროპული კეთილდღეობით, წლების განმავლობაში მიუღწეველი ოცნებად შერაცხული, არაევროპული ქვეყნების მოსახლეობისთვის მაგნიტივით მიმზიდველი, კრიზისშია რუსული გაზსადენის აფეთქების გამო.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბაიდენის მიერ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა, რომლის შესახებ არაერთხელ განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა ხერშმა, დაგვანახა რამ შექმნა ევროპული კეთილდღეობა — რუსულმა იაფმა ბუნებრივმა გაზმა, რუსულმა იაფმა ნავთობპროდუქტებმა, რუსულმა იაფმა მინერალურმა სასუქებმა, რუსულმა უკიდეგანო ბაზარმა, სადაც ნოყიერი, მყარი დასაყრდენი ჰპოვა არა მარტო გერმანულმა, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბიზნესმა.
უაზრო პოლიტიკურმა ამბიციებმა, რუსეთის დაქუცმაცების, დაცემის მსურველმა, ის შედეგი გამოიღო, რასაც დღეს აქვს ადგილი ევროპაში.
ევროკავშირი, რომელიც ულტიმატუმით მოგვმართავს — მიღებული კანონები გააუქმეო, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაანულეო, რუსეთს პრობლემები შეუქმენიო, მათ შორის სამხედრო ავანტიურისტული გამოხდომებითო, გეი-პარადები ჩაატარეო, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააწესეო და სხვა მრავალი აშკარა მაგალითია იმისა, რომ შორს იყო ასეთთან, მაგრამ არა!
საქართველოს პოლიტიკას იქ ყოფნა უნდა, სადაც არ ელიან, სადაც თვლიან, რომ ევროპა ედემის ბაღია, ხოლო დანარჩენი ქვეყნები ჯუნგლები, საიდანაც ხალხი ცდილობს ედემში ნებისმიერი გზით მოხვედრას. ამის შესახებ საჯაროდ თქვა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ყოფილმა კომისარმა ჟოზეპ ბორელმა.
ჩვენ მაინც ევროკავშირში გვინდა, ორგანიზაციაში, რომელიც 27 მაისს იხილავს უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის საკითხს.
უნგრეთი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, ბრიუსელელი ბიუროკრატების მიმართ კრიტიკულია, მოუწოდებს მათ უკრაინას შეუწყვიტონ სამხედრო და ფინანსური დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი არ დამთავრდება.
უნგრეთი, ის ქვეყანაა, რომელიც ატარებს საყოველთაო რეფერენდუმს — უკრაინის ევროკავშირში მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. უნგრეთს მიაჩნია, რომ უკრაინა ნეოფაშისტურია, კორუმპირებულია, ადამიანის უფლებების დამრღვევია, არადემოკრატიულია და მას ევროკავშირში არაფერი ესაქმება.
ბრიუსელელი ბობოლებისთვის — ფაშისტური გერმანიის აქტიური წევრების შვილიშვილებისთვის უკრაინული ნეოფაშიზმი მისაღებია, ვინაიდან ანტირუსულია.
ბრიუსელმა, ბელგრადში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხების შეფი კაია კალასი აფრინა, რომელიც დაბეჯითებით ურეცხავდა ტვინს სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩს — მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების დღესასწაულზე დასწრების გამო.
კაია კალასმა 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა ყველა ევროკავშირელი, როგორც პირველკლასელები, არათუ მოსკოვში არ ჩასულიყვნენ, არცკი გაეხედათ მისკენ.
აი, ასეთ ევროკავშირისკენ გვექაჩება ქართული პოლიტიკა?!
ევროკავშირი, როგორც მას აქვს გამოცხადებული, ახალ წევრებს 2030 წლიდან მიიღებს. მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დააკმაყოფილებენ ბრიუსელის მოთხოვნებს. საქართველო წევრობის კანდიდატია და ასეც დარჩება, თუ არ გააუქმებს მიღებულ კანონებს, თუ არ აღიარებს ლგბტ-ობას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ ჩაატარებს გეი-პარადებს, … მოკლედ, ყველა იმ „სიკეთეს“ არ გაიზიარებს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.
მიდით! მიაწექით ევროპელო ქართველებო — ბღავილით, ტვინი რომ წაიღეთ — დამოუკიდებლობას გვართმევენ და უნდა ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვისო. პატრიოტიზმის გამოვლინებასთან არ გვაქვს საქმე?
აპა არა?! — იტყვის იმერელი. იტყვის — პრემიერ-მინისტრ კობახიძის ნათქვამით გახელებული — ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღესო!
იხუმრა ალბათ და თუ არა, მწყრალად ყოფილა ისტორიასთან, მითუმეტეს თანამედროვეობასთან.
დამოუკიდებლობა, სუვერენულობა ისეთი ფაქიზი თემებია, დაფიქრებას რომ მოითხოვს ადამიანისგან. ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, თუ მას საქმე არ ახლავს, გაწყალებული სიტყვებია — აი, ისეთი, ჭიქა ღვინოში ბევრ წყალს რომ გაურევ. გვქონდა ასეთი გაწყალებული დამოუკიდებლობის აქტი — თანაც ორჯერ.
პირველად მენშევიკების მიერ მიღებული, მეორედ ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დროს. აქტის ტექსტზე მუშაობა საღამოს დავიწყეთ, ვინაიდან გამსახურდიას გვიან გაახსენდა. რამდენიმე კაცი ვმუშაობდით ვიცე-სპიკერ ბურჭულაძის კაბინეტში. პროფესორმა ლევან ალექსიძემ აიჩემა სიტყვები „ანექსია“ და „ოკუპაცია“ რუსეთის დასახასიათებლად — მან დაგვმართა უბედურება, თორემ საქართველო ბედნიერად იცხოვრებდა დამოუკიდებლადო.
თუ ვინმე ცხოვრობდა ბედნიერად „საქართველოს ოკუპანტი“ რუსეთის, ანუ სსრკ-ს პირობებში უმრავლესობა მოსახლეობასთან ერთად ალექსიძეც იყო. უფრო მეტიც, მაშინ ის გაეროში მუშაობდა, რაც საოცნებო რამ იყო.
ალექსიძის მოსაზრების, განსაკუთრებით ტერმინოლოგიის წინააღმდეგ სიტყვა არვის დაუძრავს, ჩემს გარდა, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
უზენაესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც მეორე დღეს გაიმართა, დეპუტატებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტს ხელი მოაწერეს, რის შემდეგ მე, როგორც უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს, სახელმწიფო ბეჭდის დასმით და ხელის მოწერით დოკუმენტის აუთენტურობა უნდა დამედასტურებინა.
კაბინეტში შესვლისთანავე ბეჭედი დავუსვი და გამომცემლობა „საქართველოს“ ხელმძღვანელ ვახტანგ ესვანჯიას გადავეცი, რომელსაც ფოტოსურათები უნდა გადაეღო, გადაებეჭდა და ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში გაეგზავნა გასაყიდად.
„თქვენი ხელმოწერის გარეშე აქტი არაკანონიერად ჩაითვლება, გთხოვთ ხელი მოაწერეთ“ — მითხრა მან. დამითანხმა, თუმცა დღესაც ვნანობ, ვინაიდან სიტყვები „ანექსია“ და „ოკუპაცია“ ცილისწამება იყო იმჟამინდელი ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკისთვის, მისი ხალხისთვის, რომელმაც წითელი არმიის დახმარებით კინწისკვრით გარეკა მენშევიკური ხელისუფლება.
„პატრიოტმა“ მენშევიკებმა, ჯერ ბათუმი და მისი ოლქი დაუბრუნეს თურქეთს, მენშევიკური ხელისუფლების აღიარების სანაცვლოდ, შემდეგ, რაც სიმდიდრე იყო საქართველოს ხაზინასა და ეკლესიებში თავი მოუყარეს, ტომრებში ჩაყარეს და ემიგრაციაში წაიღეს — საფრანგეთში.
ერის საგანძურის მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ სტალინის ძალისხმევით და საფრანგეთის პრეზიდენტის დე გოლის დაყოლიებით. საფრანგეთიდან ჩამოტანილი საგანძური ხელოვნების მუზეუმში განთავსდა, რომელსაც აკადემიკოსი შალვა ამირიანაშვილი ხელმძღვანელობდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ, სწორედ ის და რამდენიმე კაცი მიავლინა პარიზში საგანძურის ჩამოსატანად. დელეგაციამ თან ჩამოიყვანა ექვთიმე თაყაიშვილიც, რომელსაც მენშევიკურმა მთავრობამ განძის მეთვალყურეობა დაავალა. თაყაიშვილმა ვერ შეასრულა დავალება, ვინაიდან მთავრობის სხვა წევრებმა განძი მარსელის ბანკში შეიტანეს და დროდადრო არტიფაქტების გამოტანას შეუდგნენ გასაყიდად, საარსებო ფულის მოსაპოვებლად. როდესაც საფრანგეთის ხელმძღვანელობამ ცნო სსრკ, მარსელიდან განძი პარიზში, ფინანსთან სამინისტროს საცავში გადაიტანეს, ემიგრაციაში მყოფ მენშევიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია გაუუქმეს.
მენშევიკური მთავრობის წევრები აქტიურად თანამშრომლობდნენ ფაშისტურ გერმანიასთან. ბევრი ჰიტლერელებთან ერთად ებრძოდა საბჭოთა კავშირს — მისი დამარცხების იმედით.
არ გაუმართლდათ. მენშევიკების მიერ დაწესებული დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ვზეიმობთ, როგორც ეროვნულ დღესასწაულს?
გამსახურდიას სურვილი იყო ეროვნულ დღესასწაულად იმ დღის გამოცხადება, როდესაც უზენაეს საბჭოში გაიმართა აქტზე ხელის მოწერა.
არ დასცალდა! ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ, აქტზე ხელის მოწერით დამოუკიდებლობის მიღება დასაწყისია ხანგრძლივი პროცესისა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ხალხის მიერ აზროვნების ძირფესვიანი შეცვლა, საზოგადო საქმის წინა პლანზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის შეგრძნობა.
არც ერთ ზემოაღნიშნულს გამსახურდიას დროს ადგილი არ ჰქონია, ისე, როგორც შევარდნაძის, სააკაშვილის დროს; ისე, როგორც ამას ადგილი არ აქვს ივანიშვილის „ოცნების“ მმართველობის ჟამს — 12 წლის განმავლობაში. კობახიძე კი გვეუბნება — დღეს რომ დამოუკიდებლობა გვაქვს, მსგავსი, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში არ გვქონიაო. და ამას ამბობს ქვეყანაზე, რომელიც ფაქტიურად არასამთავრობოების გამგებლობაშია მოქცეული. არასამთავრობოების, რომლებიც ამერიკა-ევროპიდან ფინანსდებიან და მათ დაკვეთებს ასრულებენ.
არასამთავრობოები, რომელთა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული გავლენა ისეთი ძლიერია, რომ ხელისუფლებას (სურვილის შემთხვევაში) გაუჭირდება რაიმე პოზიტიური თქვას რუსეთთან მიმართებაში, არათუ მოლაპარაკება გამართოს მასთან.
ხელისუფლებამ არ დაგმო ლისის ტბის მიდამოებში გამართულ მუსიკის ფესტივალში მონაწილე ერთ-ერთი მომღერლის, ვიღაც ერეკლე გეწაძის უხამსი, საშინელი საქციელი, როდესაც მან რუსეთის ლანძღვა-გინებასთან ერთად, რუსეთის დროშას დააშარდა მაყურებლის ოვაციების ფონზე, წაიყრუა, ვითომც არაფერი. არადა, რამდენიმე წლის წინათ, ევროკავშირის დროშის დამწველი „ალტ-ინფო“-ელი ციხეში ჩასვა.
ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია ვიღაც მხატვარზე, რომელმაც ერთი თვის წინ თავისი „შედევრი“ ზელენსკის გაუგზავნა და მანაც ერთ-ერთი საჯარო განცხადება ამ ნახატის ფონზე გააკეთა. ნახატზე თვით ზელენსკია ცეცხლს მიცემული წითელი მოედნისა და კრემლის ფონზე.
რომელ დამოუკიდებლობაზე გველაპარაკება პრემიერ-მინისტრი, როდესაც ევროკავშირის ბრძანებით უკრძალავს რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილების, სხვადასხვა დანიშნულების ავტოტექნიკის თბილისში შეძენას, რითაც საქართველოს ბიუჯეტს დიდ შემოსავალს აკლებს?
დამოუკიდებელი ქვეყნების რაოდენობა იოლი ჩამოსათვლელია, ვინაიდან ცოტაა — რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილო კორეა. ამ ქვეყნებს აქვთ მოპოვებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, იდეოლოგიური დამოუკიდებლობა და არც ერთ სხვას. მათთან სიახლოვეს არიან „ბრიკს“-ის წევრი სახელმწიფოები — ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სხვები ნამდვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის მომხრეები და არა ბუტაფორიულის, ჩვენის მსგავსის.
დამოუკიდებლობაზე ვერც ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სიტყვასაც ვერ დაძრავს, ვინაიდან ბრიუსელიდან დაისჯებიან. საქართველომ დამოუკიდებლობა რუსეთის წყალობით მიიღო, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, მაგრამ ვერ დააფასა შესაბამისად — უსისხლოდ იყო მოპოვებული, ანუ უფრო სწორად საჩუქრად ბოძებული კრემლიდან და იმიტომ.
სად ვიმყოფებით? — ეს კითხვა სისტემატურად უნდა დაუსვას თავს „ოცნების“ ხელისუფლებამ, მაგრამ არ უსვამს, დინებას მიჰყვება. აშშ-ნ ურთიერთობის თაობაზე სტატიის დასაწყისში გითხარით, ნაკლებად დასამშვიდებელი ვითარებაა. ევროკავშირთან — უარესი. კარგიც რომ იყოს, ეს კავშირი მიუღებელია ჩვენთვის.
რა გვრჩება? მეზობლებთან ურთიერთობა?
დიახ! განსაკუთრებით რუსეთთან, მაგრამ როგორ — მისი დროშის შეურაცხყოფით?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
27/05/2025