პოლიტიკა დილეტანტების საქმე არ არის

აშშ-ს პრეზიდენტს, ტრამპს რომ USAID-ს, „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ გაუქმების გარდა არაფერი გაეკეთებინა, საკმარისი იქნებოდა მისი პოპულარობის გაზრდისთვის.
მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა პროპაგანდისტული რადიოების დახურვით, ისე, როგორც USAID-ს, საშინელი ორგანიზაციის, რომელიც აშშ-ს პოლიტიკისთვის მიუღებელი ქვეყნების საშინაო ცხოვრებაში ისე მოჭარბებულად და ოსტატურად ურევდა ხელს, როგორც ხაბაზი სალავაშე ცომში.
ადგილობრივი ხელისუფლების არმოწონების შემთხვევაში, რევოლუციაც მზად იყო — ჩვენთვის კარგად ცნობილი „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი.
ვერ დავიჩემებ, შევარდნაძის ხელისუფლება ისეთი იყო ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს რომ ემსახურებოდა, მაგრამ „ვარდების რევოლუციით“ მოსული სააკაშვილისა და მისი ნაცების ხელისუფლება ყოველგვარ ადამიანურობის ჩარჩოებს გასცდა.
საპარლამენტო კომისია იხილავს სააკაშვილის მმართველობის შავბნელ წლებს და საზოგადოება გაიგებს სააკაშვილისთვის ახალ სასჯელს — ქვეყნის ღალატისთვის, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას, როგორც დამნაშავე პარტიის.
საზოგადოება ელის განაჩენს, რომელიც „ოცნებას“ 12 წლის წინ უნდა გამოეტანა, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ მოახერხა, ვერ გაბედა, რითაც დიდად ავნო ქვეყანას და მის ხალხს შთააგონა პოლიტიკური პარტიისა და მისი ლიდერის, ქვეყნის პრეზიდენტის დაუსჯელობა.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ოცნებისგან“ უპირველესად თუ რას მოითხოვდა ხალხი სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავე ხელისუფლების დასჯა იყო. ეს დავალება „ოცნებამ“ ვერ შეასრულა, მაგრამ სურს დღეს შეასრულოს. შეასრულებს?
ხალხი ეჭვობს, რომ შეასრულებს. შეუსრულებლობის შემთხვევაში ხალხი „ოცნებისადმი“ შემორჩენილ მინიმალურ ნდომასაც დაკარგავს და სრულ ნიჰილიზმში გადაეშვება.
„ოცნებას“ ეს საკითხი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ მოეგვარებინა, ქვეყანაში არ იქნებოდა ის პოლიტიკური წიავ-წიავი, დაპირისპირება, უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინება, რასაც დღეს აქვს ადგილი.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ „ოცნებამ“ შეგნებულად არ დასაჯა ნაცები, გვერდში დაიყენა სპარინგ-პარტნიორად და საზოგადოებისთვის იმის სათქმელად, თუ მე არ მოგწონვარ და მხარს არ დამიჭერ, აი ესენი მოვლენ ხელისუფლებაშიო.
პრიმიტივიზმის შიშველი გამოვლინებაა, თუკი მართლაც ასე ფიქრობდნენ „ოცნებელები“, თუმცა გასაკვირია მათი პრიმიტიულობა?!
USAID-ი იყო ორგანიზაცია, რომელმაც მიწასთან გაასწორა საქართველო. რომ არა მისი დახმარება, სააკაშვილი ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში; ადგილი არ ექნებოდა 2008 წლის ცხინვალის ომს; საქართველო არ დაკარგავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ფორმირებებს; არ დაიღუპებოდა ხალხი; აფხაზეთიდან ლტოლვილებს არ დაემატებოდა სამხრეთ ოსეთის ლტოლვილები; ყოფილი ავტონომიები ვერ მიიღებდნენ დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსს; საქართველოს ახალგაზრდობა არ დაადგებოდა აღვირახსნილობის დასავლურ გზას; საზოგადოება არ გადაგვარდებოდა.
USAID-მა ჩადო ზემოაღნიშნულ ნეგატივში ფული და შედეგსაც მიაღწია — ისეთს, როგორიც მას სურდა — საქართველოს და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. ერთი, რაც მან ვერ გააკეთა — რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა. „ოცნებამ“ იმარჯვა და თავი შეიკავა, ისე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„ვავანი“ და „ლექსუსი“, ამ მეტსახელების მატარებელი ახალგაზრდებია, რომლებიც ტელეფონით უკავშირდებიან საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალჩინოსნებს, საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს არა როგორც რუსი ჟურნალისტები, არამედ როგორც უცხოელი პოლიტიკოსები და უსვამენ შეკითხვებს საჭირბოროტო საკითხებზე. ამასწინათ მათ კავშირი ჰქონდათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბაშვილთან, რუსეთიდან გადახვეწილი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის, ამჟამად ანტირუსული პოლიტიკის მატარებლის გარი კასპაროვის სახელით.
ზურაბიშვილს გაგებული ჰქონდა კასპაროვის ანტირუსობის, დასავლურ პოლიტიკურ წრეებში ავტორიტეტის თაობაზე და სთხოვა ეშუამდგომლა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფულის გამოსაგზავნად.
ვითომ კასპაროვმაც არ დააყოვნა, დაჰპირდა, რომ ყველაფერს იღონებდა თხოვნის შესასრულებლად.
„ვავანის და ლექსუსის“ ლაპარაკი ზურაბიშვილთან გადაიცა რუსეთის ტელევიზიის „1 არხით“, ხოლო კომენტარები გაკეთა, თითქოს ყველა სამთავრობო ტელევიზიამ, როგორც ჩვენ ვუძახით მათ.
დიალოგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ზურაბიშვილის არასუფთა შინაგანი პოლიტიკური რწმენა და რეალური მიზნები, რისთვისაც ის არის მოვლენილი საქართველოში. საფრანგეთმა ზურაბიშვილი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგითი თანამშრომელი, შესაბამისი დიპლომატიური რანგით, ანუ დაბალით, ელჩად მოავლინა საქართველოში, შემდეგ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნის მოქალაქე ზურაბიშვილი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.
სააკაშვილის საკადრო პოლიტიკა სხვა თემაა, მაგრამ გაკვრით გეტყვით, რომ მისმა ზერელე, ზედაპირულმა დამოკიდებულებამ მაღალი თანამდებობის მიმართ და ამ თანამდებობებზე უვიცი, გამოუცდელი, მეტიჩარა პირების დანიშვნამ მიწასთან გაასწორა სამინისტროები, უწყებები, სახელმწიფო დაწესებულებები. დასცა მათი ავტორიტეტი და არათუ დასცა, სასაცილოდაც აქცია.
სააკაშვილის დათესილს დღეს ვიმკით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ზურაბიშვილის გამინისტრების თაობაზე ვრცელი ინტერვიუ ჩამომართვა ერთ-ერთმა გაზეთმა, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სხვა ქვეყნის დიპლომატის გამინისტრება ნიშნავს გამინისტრებულის შიდა პოლიტიკური ცხოვრების დაწვრილებით ჩაკაკვლას იმ ქვეყნის საიდუმლო სამსახურებისთვის, სადაც ის მუშაობდა.
კონკრეტულად აღვნიშნე, რომ ზურაბიშვილი დასავლეთის სპეცსამსახურების — საფრანგეთისა და აშშ-ს აგენტია, რომელიც მათ დავალებას შეასრულებს და არა საქართველოს.
დღეს, „ოცნების“ ხელისუფლება იგივეს ამბობს, თავისავე გაპრეზიდენტებულზე. გვიან ხომ არ არის?!
USAID-მა ქართველ მოქრთამულთა, ანუ არასამთავრობოთა ხელით გააპარტახა ქვეყანა და ლამის რუსეთთან ომი დაგვაწყებინა, მაგრამ მარტო ჩვენ?
ანალოგიურ ვითარებაში მოაქცია ჩვენი მეზობელი სომხეთი, სხვა ქვეყნები.
1991 წელს, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე სომხეთმა აშშ-გან, დახმარების სახით 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო. სომხეთში წლების განმავლობაში USAID-ს ეგიდით ათეულობით პროგრამა მოქმედებდა: გაეროს დემოკრატიის ფონდი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, კარნეგისა და სოროსის ფონდები. გარდა ამისა, მხარდაჭერა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს კონგრესის და ერევანში აშშ-ს საელჩოს მხრიდან.
აღნიშნული სტრუქტურები აქტიურ ზეგავლენას ახდენდნენ ქვეყნის შიდა პროცესებზე — ჰქმნიდნენ რა პროამერიკულ ინტელექტუალურ და პოლიტიკურ სივრცეს; მხარს უჭერდნენ მედიას; ჰქმნიდნენ სწავლების ცენტრებს; ატარებდნენ საგანმანათლებლო რეფორმებს; აყალიბებდნენ დასავლეთზე ორიენტირებულ სოციალურ ფენას.
2025 წლამდე USAID-ი ათეული მილიონებით დოლარით აფინანსებდა პროგრამებს სოფლის მეურნეობაში, ქალთა მეწარმეობის განვითარებაში, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციაში. სომხეთის სახელმწიფო დაწესებულებები — იუსტიციის, ჯანდაცვის სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, სკოლები იღებდნენ პირდაპირ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ხახამშრალნი აღმოჩდნენ.
სომხეთის დაინტერესებულ პირებს მოაკლდათ „ჩრდილოვანი ბიუჯეტი“ — დასავლური გავლენის გაფართოებისთვის გამიზნული. დაინტერესებულნი კი არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიც. ამჟამად არასამთავროები უხელფასოდ არიან, სამოქალაქო განათლების ცენტრები იხურება, მედია ფულის ძებნაშია, დასავლურ გრანტებს მიჩვეული აქტივისტები ცდილობენ ევროკავშირზე აიღონ ორიენტაცია, უმეტესობა დეპრესიაშია.
გამჭვირვალების ფონდი, სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა რესურსების ცენტრი, მედია, განსაკუთრებით რეგიონული, რომლებიც ყოველწლიურად იღებდნენ ფინანსურ დახმარებას ადამიანის უფლებების დარგში, არჩევნების მონიტორინგში, კორუფციის გამომზეურებაში, დასავლეთზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან. NDI – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის სომხეთის ფილიალმა შეწყვიტა მუშაობა.
ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომელსაც დაფინანსების შეწყვეტა მოჰყვა, დააფიქრა ქვეყნის საზოგადოება, მისი დაბინდული აზროვნება გამოაფხიზლა და მიახვედრა, რომ დასავლეთზე ორიენტაცია იყო არა მარტო პოლიტიკურად უპერსპექტივო, არამედ ეკონომიკურად არასანდო.
სომხეთი აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ ხაფანგში. დასავლეთზე აქცენტის გაკეთებით მან აღმოსავლეთი დაკარგა. გააუარესა ურთიერთობა რუსეთთან, „ოდკბ“-სთან. ევროკავშირი ჰპირდება მას „რბილ დიპლომატიას“ — მცირე დაფინანსებით, რომელიც მისივე კონსულტაციების გაწევაში დაიხარჯება.
ტრამპის გადაწყვეტილება მიმართულია მთავარზე — დიდ გეოპოლიტიკაში სუსტ მოკავშირეობას ადგილი ვერ ექნება, თუ „მოკავშირე“ ვერ ჯდება სტრატეგიულ განაწესში, უბრალოდ მოისვრიან.
სომხეთის მაგალითი ქართული პოლიტიკისთვის სამაგალითო უნდა იყოს, მაგრამ არსებული პოლიტიკური ცხოვრება მკარნახობს, რომ ასეთს ადგილი არ ექნება. თვალი შეავლეთ საქართველოს ტელეარხებს, მოუსმინეთ რადიოს — უამრავს და ერთნაირად დაპროგრამებულს — რეკლამებით, ამერიკული სიმღერებით — ქართულად „სინგლებით“ დახუნძლულს, წამყვანი რადიოჟურნალისტის მიერ სიმღერის ისტორიის, შემსრულებლების ავტობიოგრაფიების დაწვრილებით მოყოლას. არავითარი თემატური გადაცემა. თუ რამ არის იშვიათად, ანტირუსულია — ამ ქვეყნის ქილიკით, ლანძღვით.
ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს „რადიო მაესტროს“ ჟურნალისტი ჭითანავა — ენით აუწერელი რუსოფობიით. მისი ყოველკვირეული საეთერო სტუმარია ზელენსკის საყვირი პოდოლიაკი — რუსეთის უშვერი სიტყვებით მლანძღველი.
ჭითანავა — დაბრმავებულ-დაყრუებული რუსეთის სიძულვილით, ვერ ამჩნევს უკრაინელთა ნეოფაშისტობას, ბანდერელობას. ამერიკელი გენერალი მაკგრეგორი, ათასობით კილომეტრით დაშორებული უკრაინიდან ამჩნევს და საჯაროდ ამბობს კიდევაც, რომ ზელენსკიმ საკუთარი ჯიბის ამოსავსებად უკრაინელები გასწირა; რომ უკრაინის მოსახლეობას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს — გაიქცეს ქვეყნიდან. არავითარი პატრიოტიზმი, სამშობლოს დაცვის სურვილი — მთავარია გაქცევა.
ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტია, სტამბოლის მოლაპარაკების უკრაინულ ენაზე წარსამართად, უკრაინის დელეგაციამ თან წაიყვანა უკრაინულ-რუსული ენის თარჯიმანი. არადა უკრაინის დელეგაციის წევრებისთვის მშობლიური ენა არა უკრაინული, არამედ რუსულია და სწორედ რუსულ ენაზე გაიმართა მოლაპარაკება.
უსაქმოდ დარჩენილმა თარჯიმანმა შეხვედრა დატოვა და დელეგაციისთვის უცნობი მიმართულებით გაუჩინარდა.
თარჯიმანმა არა მარტო დელეგაცია მიატოვა, არამედ უკრაინაც და თავი სხვა ქვეყანას შეაფარა.
არანაკლებ „მარგალიტებს“ აფრქვევს საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი შავლეგ გეგეჭკორი, თავის 3-საათიან გადაცემა „ჩაი ორისთვის“. გადაცემა ყოველ შაბათ-კვირას გადის ეთერში, ჯამში 6 საათი, რომლის დროს უკრაინისადმი თაყვანისცემა, ისე, როგორც ამერიკისადმი რეკორდებს ხსნის. რუსეთის სიძულვილი ზენიტშია აყვანილი.
გეგეჭკორისთვის ნეოფაშისტური უკრაინა მისაღებია, მასთან მებრძოლი რუსეთი — დასაწიხლი.
მათი და კიდევ სხვა მრავლის გადაცემებს ხომ ვიღაც უსმენს, უყურებს; ხომ ვიღაცას ნეგატიურად განაწყობს მეზობელი ქვეყნის მიმართ?
მალე მოვა დრო დასავლეთისგან მიტოვებული საქართველოს მეზობლებისკენ, მათ შორის რუსეთისკენ გახედვის, რომელსაც 34 წლის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ვაგინებთ.
აშშ-ს პრეზიდენტი, ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთთან ქიშპი მას არაფერს მოუტანს, ხოლო ნორმალური ურთიერთობა — ბევრს.
პუტინთან სატელეფონო ლაპარაკის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება უდიდეს დივიდენდებს მოუტანს ორივე ქვეყანას.
ნაკლებად პატივცემულებო, საქართველოს მტრებო, პოლიტიკოსობა სერიოზული პროფესიაა და მას პოლიტიკაში შესვლამდე მრავალი წლის განმავლობაში სწავლობენ ისე, როგორც სხვა საგნებს, მაგრამ სხვა საგნებიდან განსხვავებით პოლიტიკოსობის სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.
ნაცმოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პოლიტიკოსობა სააკაშვილის წყალობით მიიღო, როდესაც სრულიად ქორფა, პოლიტიკოსობაში გაუთვითცნობიერებელი გოგონებისთვის სააკაშვილმა პარლამენტარის ასაკი დასწია. რატომ და რისთვის, ყველამ კარგად იცის და არა იმისთვის ბოკუჩავა და საჯაია ვუნდერკინდები იყვნენ.
ბოკუჩავამაც დაუფასა და საჯაროდ განაცხადა, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან 2008 წლის ომში ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას იცავდაო.
ამერიკაში ვიზიტად მყოფმა, კონგრესმენ უილსონთან შეხვედრის შემდეგ შემოგვითვალა — ყველაფერს გავაკეთებ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დასამხობადო. მან ისიც თქვა, რომ ივანიშვილს, პუტინის მსგავსად, უნდა ოპონენტი პოლიტიკოსების ციხეში ჩაყრაო.
ივანიშვილის რეჟიმის თაობაზე არაერთი კრიტიკული მოსაზრება მაქვს გამოთქმული და მასზე არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ რუსეთში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან არც ერთ დასავლელს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს.
რუსეთში რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, მაშინ აშშ-ს პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის, სხვა მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის განხილვის საგანი სწორედ ეს იქნებოდა. ამით დაიწყებოდა დიალოგი და არა პუტინის მიერ აშშ-ს პრეზიდენტისთვის მე-11 შვილიშვილის მილოცვით ან ტრამპის მეუღლის, მელანიას პოპულარობით. ტრამპის შეკითხვით — მე ვარ უფრო პოპულარული თუ მელანიაო, რაზეც პუტინმა ხუმრობით უპასუხა — მელანიაო.
ბოკუჩავამ იცის ამ სატელეფონო დიალოგის შესახებ?
ბოკუჩავამ იცის რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ?
ბოკუჩავამ იცის რუსეთის ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქ-შოუების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, უკრაინელი, თურქი, იტალიელი, არაბი, … პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ექსპერტები — ერთობ კრიტიკულად განწყობილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ?
არც ერთ მათგანს სიტყვაც არ დასცდენიათ პოლიტპატიმრებზე.
პოლიტიკა სათამაშო საგანი არ არის, არც გასამასხარავებელია. თუ პოლიტიკაში ხარ, ის უნდა გიყვარდეს არა ფულისთვის, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
პოლიტიკა — ხალხის სამსახურს ნიშნავს და არა პირიქით, როგორც ბოკუჩავას და მისთანებს ჰგონიათ.
სააკაშვილის პროტესტით, პარლამენტში შესული გოგონა ბოკუჩავა დღეს 40 წელს მიტანებული ქალია, თანაც ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, მაგრამ, როგორც ჩანს მრავალწლიანი პოლიტიკოსობის შედეგად მას პოლიტიკოსობისა ვერაფერი გაუგია.
ბოკუჩავას რომ გული არ დაწყდეს, ვიტყვი, ქართული პოლიტიკა — ხელისუფლება-ოპოზიცია, მისი მსგავსი „პოლიტიკოსებით“ არის გაჯერებული, რაც საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს, უარყოფითს კი — უამრავს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
22/05/2025