იმედგაცრუებული ევროპა წყლის დალევის პროცესშია

„როცა ქვეყანას პროვინციალიზმის ხავსი მოედება, არ შეიძლება მორალი არ შეირყვნას. სადაც არ არის ინტელიგენცია — ბუნებრივი შემკავებელი, იქ განსაკუთრებული კეთილსინდისიერებით უნდა მოქმედებდეს კანონი — ხელოვნური შემკავებელი, მაგრამ კანონს თუ რჩეულები ჰყავს და ამგვარად საყოველთაობის ფუნქცია დაკარგული აქვს, ის უკვე კანონი აღარ არის და ეს ხელოვნური ზღუდეც დაქცეულია … საუკუნეების განმავლობაში, რომ მშივრები ვიყავით, განა შეიძლება ეს იმის გამართლებად გამოდგეს, რომ რაკი საჭმელი ვიშოვეთ, გაძღომა ვერ გავიგოთ, ზნეობა ნიღბად ავიფაროთ და გულში ოქროზე ვლოცულობდეთ, ომახიანად ვიძახოთ, უმაღლეს განათლებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა ვართო, ჭეშმარიტად მოწინავე კი მხოლოდ მუცლის გარეშემოწერილობით ვიყოთ“.
ჯემალ ქარჩხაძის ღრმაშინაარსიანი შეფასება ჩვენს თავს დატრიალებული საშინელებისა, მიწისძვრის მსგავსი რყევის გამომწვევი უნდა ყოფილიყო — გამოფხიზლების, უზომო ჭამის სიამოვნებისგან, განცხრომისგან გამოსასვლელად. მაგრამ არა! ჩვენ ისევ ჩვენსას ვუბერავთ თავდავიწყებით დარწმუნებული იმაში, რომ კარგს ვაკეთებთ.
კარგს ვაკეთებთ ვისთვის?
ხელისუფალნი — საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, ბიზნესმენებიც ასე! ინტელიგენცია? — სადღაა ინტელიგენცია, შემორჩენილი თითო-ოროლა ერის გზისმკვლევად ვერ გამოდგა. ძალა არ ეყოფა.
ის, ვინც ინტელიგენტობას იჩემებს, ახლოსაც არ არის ამ ბუნებრივ ტიტულთან — განათლების, ცოდნის, გამოცდილების, თავმდაბლობის ნაყოფთან. და ვართ ასე ცასა და მიწას შორის გაკვეტებული, როგორც გურულები იტყვიან, აწმყოთი კმაყოფილნი, მუცელდამშვენებულნი, მომავალზე ფიქრისგან დაცლილნი, მხოლოდ იმის ძახილში — დამნაშავე შენ ხარ და არა მეო.
ქარჩხაძე დღევანდელობას რომ შესწრებოდა, ის 2000 წელს მიწიერიდან, სულიერში გადავიდა, უფრო მძაფრად დაწერდა, მაგრამ მეტი რაღა მძაფრად! გამგებს უნდა გაეგო. გამგებს, ილია ჭავჭავაძისაც უნდა გაეგო, საუკუნის წინ ნათქვამი — განსაკუთრებით ბოლო 34 დამოუკიდებლობის წლებში.
ვერ გაიგო! და ვერ გაიგო მუცელსგადაყოლილმა. ვერ გაიგო აზროვნებადაქვეითებულმა.
ძველი თაობის წარმომადგენელმა, მოაზროვნე ადამიანმა ზურაბ წერეთლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მითხრა — დიდი უძრავ-მოძრავი ქონების პატრონი ოთხფიცრიანი კუბოთი შეუერთდა მარადისობასო. დიდუბის პანთეონი კი არა ნახევარზე მეტი თბილისი ვერ დაიტევდა მის ამქვეყნიურ სიმდიდრეს, ზეციურ სამყაროში წასაღებად.
თანამედროვე წურბელები, ათასობით კვადრატულ მეტრ საცხოვრებლებს რომ იშენებენ საცურაო აუზებითა და კალათბურთის მოედნებით, იმაზე იფიქრებენ ხალხსა და ქვეყანას რაო?!
ხალხი სიტყვის მასალაა, განსაკუთრებით „ხალხის დაკვეთა“ — სისტემატურად რომ ვისმენთ ხელისუფლება-ოპოზიციისგან — ხალხმა დაგვიკვეთაო, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვისო და ა.შ.
ხალხზე ვფიქრობთო — ამბობენ ისინი და უდარდელად ჩაუქროლებენ ხოლმე სასტუმრო „უშბას“ ამჟამინდელ ბინადრებს, აფხაზეთიდან ლტოლვილებს — ფუტკრის სკის მსგავს, საცხოვრებლად გამოუსადეგარ, თეძოებში ვიწრო, ერთ დროს, ერთ დროს სასტუმროს ნომრებად წოდებულ ოთახებში.
„უზკი ვ ბიოდრახ“ — შესანიშნავმა რუსმა მსახიობმა ფაინა რანევსკაიამ თქვა „ხრუშჩოვკაზე“ (ხრუშჩოვის დროს აშენებულ საცხოვრებელ ბინებზე).
1992 წლის შემდეგ ცხოვრობენ ისინი „უშბაში“ და რამდენი ასეთი „უშბაა“?
მესამე ხელისუფლებაა საქართველოში. ვერც ერთმა „უშბას“ ვერ უშველა. ხელისუფლებას აღარ ახსოვს „უშბელები“. ხელისუფლებას ხალხი ახსოვს სიტყვის მასალად — „ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმები“-ს სახით. გასაკვირი ისაა, რომ „უშბელები“ არც ოპოზიციას ახსოვს. არადა, რა საკრიტიკო მასალაა ხელისუფალთა მიმართ გამოსაყენებელი?
მარტო ლტოლვილების საკითხი?
ნებისმიერი! — ეკონომიკით დაწყებული, სოციალურით გაგრძელებული, კულტურით, ხელოვნებით, სპორტით დამთავრებული. მაგრამ ოპოზიციამ არ იცის ეს საკითხები როგორ გამოიყენოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში; ოპოზიციამ თვით არ იცის ამ საკითხებისა არაფერი, თორემ ერთხელ მაინც იტყოდა ამის თაობაზე.
ოპოზიციამ რაც იცის — ხელისუფლების დაბეზღებაა დასავლეთში. წინათ ამას ხალხში „ბოზობას“ არქმევდნენ.
ჩვენდა სამწუხაროდ, ეს სიტყვა — პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით მიესადაგება ოპოზიციას. ისე ნუ გამიგებთ, ოპოზიციის მაგინებელი, ხელისუფლების მაქებარი ვიყო. „ოცნების“ ხელისუფლებას საყოფელთაო გინება აქვს და მათ შორის მეც ვარ. სხვაგვარად ვერ იქნებოდა, ამათი შემყურე. სხვაგვარად, ანუ პოზიტიურად „ოცნების“ წევრები და მათი ახლო ნათესავები არიან განწყობილნი.
დამოუკიდებლობის სტარტი ომით დაიწყო — სამოქალაქო, საშინაო ომით, უფრო ზუსტად ხელისუფლებისა და მის მოძულე „პოლიტიკოსთა“ ომში გადასული კინკლაობით. ორივეს საკუთარი კეთილდღეობა სურდა და ამისთვის მატერიალური საყრდენის შექმნა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება — გაცილებით უარეს ფორმებში.
ხელისუფლებაში მისვლა ნიშნავს მატერიალური საყრდენის მოპოვებას და ვინც ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებს, ცდილობს მის შენარჩუნებას არა კანონით დადგენილ ვადებში, არამედ მის ზევით — უკანონოდ ჩვენი გაგებით. მაგრამ ხელისუფალთა მიერ გამოგონილი ახალი კანონით — უფლებამოსილების გასახანგრძლივლებლად.
გაქვს ხელისუფლება და გაქვს ფული; გაქვს ბიზნესი — ნათესავებზე გაფორმებული, ასე რომ, ხელისუფლებაც შენია და ბიზნესიც. და რომ იტყვიან „ცა ქუდათ არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად“.
ოპოზიციასაც აქვს სახნავი, ცხადია არა იმდენი, რამდენიც ხელისუფლებას და ამიტომ იბრძვის ის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამდენად, არც ერთს ქვეყანა არ აინტერესებს. არ აინტერესებს მისი მომავალი. რომ აინტერესებდეს, ერთხელ მაინც დასცდებოდათ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადების თაობაზე — თუნდაც უმუშევრობის დაძლევაზე, ინფლაციის შეჩერებაზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე ფასების დაწევაზე, კომუნალური, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, …
„მაძღარს, ყველა მაძღარი ჰგონიაო“ — არის ასეთი გამოთქმა. გამძღარი ქართველი შეკეტილია თავის სასახლეში და საკუთარ კეთილდღეობაში იხარშება. მშიერი — ბაზრობებსაა მოდებული — წვიმაში, თოვლში, ყინვაში — თეთრების მოსაპოვებლად, ოჯახის გამოსაკვებად. და როდესაც ამასაც ვერ ახერხებს აქ, იქ, იმ დასავლეთში იხვეწება ათეულ-ათასობით, თუნდაც შავი, მძიმე სამსახურის შესასრულებლად.
ქვეყანა იცლება. ქვეყანა ივსება უცხოტომელებით ე.წ. მესამე სამყაროდან. ცოტაცა და გავშავდებით — შერეული ქორწინების შედეგად.
საქართველოს ისტორიის საგამოფენო კედელზე, ქართული უკუღმართობის ნახატია ჩამოკიდებული, ფერად-ფერადი ზეთის საღებავებით შესრულებული, ნაკლებად მიმზიდველი, ამდენად დამთვალიერებელი მას ყურადღებას არ აქცევს, ისე, როგორც ხელისუფლება-ოპოზიცია. დამთვალიერებთა რაოდენობა კი კლებულობს. ვის აწუხებს ეს საკითხი?!
ამერიკიდან შემოგვითვალა ნაცმოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ — კონგრესმენ უილსონს შევხვდი და თქვენი, ანუ ხალხის საკითხზე ვესაუბრეო. დამპირდა, ყველაფერს იღონებს აშშ-ს კონგრესი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომელიც ქართველ ხალხს აწამებსო.
პრემიერ-მინისტრი ალბანეთიდან გველაპარაკება — ევროკავშირის მორიგი შეხვედრიდან — ვინ თქვა, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობენ —ტყუილია ესო, რომ არ ცნობდნენ ხელს არ ჩამომართმევდნენო.
პრემიერ-მინისტრ კობახიძის საწინააღმდეგოდ ოპოზიცია გვეუბნება — ხელის ჩამორთმევა ლეგიტიმურობის აღიარების დასტური არ არისო.
აი, ამ უსაგნო კითხვა-პასუხში ილევა დრო და როდესაც უკან მოვიხედავთ, 34 ცარიელი წლებს დავინახავთ — ჩვენთვის, უმრავლესობისთვის ცარიელს, მათთვის, უმცირესობისთვის — ბარაქიანს.
კობახიძემ ბრძანა — ევროპის 30 ლიდერთან მქონდა საუბარი საქართველოს პოლიტიკის თაობაზე და გავაგებინეო. გვეშველა პატივცემულებო, ევროპამ სხვა თვალით გადმოგვხედა, რაც კარგის მომასწავებელია. კარგი კი ევროკავშირში შეყვანაა — ხელისუფალთა გაგებით. კობახიძე დაგვპირდა, 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. არადა ხალხს, მშიერ-მწყურვალს ევროკავშირი აინტერესებს?!
ვეჭვობ, ასე იყოს. ვისაც აინტერესებს — ხელისუფლება და ოპოზიციაა. და აინტერესებთ იმიტომ, რომ ჭარბად მოუწევთ ევროპაში სირბილი, იქაურ მეტიჩრებთან საკუთარი, აქაური მეტიჩრობის ჰარმონიზება.
ორივენი გონებით ჩლუნგნი არიან, მაგრამ იქაურნი უფრო ბოროტნი, ცრუპენტელები, ამბიციურები, ტუტუცები. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის შემხედვარეს სხვა მოსაზრება არ და ვერ გაუჩნდება.
ახლა შევხედოთ ევროპის სამი დამკვრელი ქვეყნის — დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ლიდერს უსუსურ, უვიც, მატყუარა „პოლიტიკოსებს“.
გერმანიის კანცლერმა, მერცმა საჯარო გამოსვლის დროს მოუწოდა მედიას, პოლიტიკოსებს არ ილაპარაკონ შეიარაღების საკითხებზე ღია ეთერში, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა კარგად იცის გერმანული და გაიგებს ჩვენი საიდუმლოების შესახებო.
მერცს ჰგონია, რომ პუტინი 24-საათიან რეჟიმში გერმანიის სატელევიზიო არხებს უყურებს; რომ რუსეთს ინფორმაციის მოპოვების სხვა წყაროები არ გააჩნია, მათ შორის სადაზვერვო სამსახური; რომ გერმანული ინფორმაცია სხვა ენებზე არ გადაიცემა. როგორც ჩანს მერცმა ეს სისულელე კოკაინმირთმეულზე გააკეთა.
გახსოვთ ალბათ, კიევისკენ მატარებლით მიმავალნი — მერცი, მაკრონი, სტარმერი, როგორ მალავდნენ კოკაინის მცირე ზომის პარკებს ჯიბეებში.
ქართული ოპოზიცია ამბობს — კობახიძემ მაკრონს ხელი ჩამოართვა, გუშინ ნარკომანობას რომ აბრალებდაო. ვაგონის ვიდეო-სიუჟეტი დღესაც ევროპელთა განხილვის თემაა. ოფიციალური განცხადებებიც კეთდება — ტყუილიაო. თუ ტყუილია, თავის მართლება რა საჭიროა?
მაკრონი, მერცი, სტარმერი უკმაყოფილნი არიან სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებით. „ხომ ვამბობდით, პუტინს დროის გაყვანა უნდა. ის ცეცხლის შეწყვეტაზე წამსვლელი არ არისო“ — აცხადებენ ისინი და მოითხოვენ მე-17 სანქციის დაუყოვნებლივ ამოქმედებას.
იმავეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი.
ევროპა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ უკრაინას ახელებდა — მიდი, მიდი, იომეო, დღეს ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს — თუნდაც 30 დღით.
ევროპას პოზიცია არ შეუცვლია. ის, დღესაც აქეზებს ზელენსკის ომისკენ, ოღონდ არასაჯაროდ, როგორც უწინ. მერცმა ისიც თქვა — იარაღის მიცემას გავაგრძელებთ, მაგრამ ჩუმადო.
უკრაინის ომმა ნათელი მოჰფინა თანამედროვე ევროპის პოლიტიკას, მის ქამელეონობას, გაუტანლობას, კორუმპირებულობას. ევროპას უნდა ომი — უკრაინელთა ხელით წარმოებული. უკრაინის რეჟიმსაც უნდა ომი, ვინაიდან დიდი, პირადი შემოსავლის მომტანია. ომით თბება მაკრონის, შოლცის, სტარმერის ხელები, ისე, როგორც ზელენსკის.
ომი ტრამპს, აშშ-ს პრეზიდენტს არ უნდა, ვინაიდან მას ხელის მოსათბობი ჰქონდა და აქვს, მას მშვიდობის მტრედობა უნდა, ნობელის პრემიის ლაურეატობა. უკრაინის ომი მისთვის, ბაიდენის მიერ წამოწყებული ომია; იარაღიც, რომელიც უკრაინაში მიდის, ბაიდენის ბრძანებულებითაა და როდესაც მისი მოქმედების ვადა ამოიწურება, ტრამპის გადაწყვეტილება შევა ძალაში.
ტრამპის მიერ იარაღის გაგზავნის შემთხვევაში, ბაიდენის ომი დასრულდება და დაიწყება ტრამპის ომი.
ყველაფერი დამოკიდებულია ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებაზე. ტრამპმა მოითხოვა პუტინთან სატელეფონო საუბარი. პუტინი დათანხმდა. საუბარი შედგა. თუ რაზე ილაპარაკეს ნაწილი ცნობილია, დიდი ნაწილი უცნობი. და ასეთად დარჩება, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი ან ორივე, მრავალი წლის შემდეგ მემუარებში არ დაწერს ამის თაობაზე.
საუბრის ნაწილზე ჩემს მოსაზრებას ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდეკი, გეტყვით უკრაინის თაობაზე — მოწინავე საბჭოთა რესპუბლიკაზე, რომელიც ეკონომიკური პარამეტრებით ჯობდა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. „ცე ევროპას“ ძახილმა და რუსეთისგან დისტანცირებამ 50-მილიონიანი უკრაინა 19 მილიონამდე დაიყვანა, დააქცია მისი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეცნიერება და ა.შ.
რამ აიძულა უკრაინა გადაგვარებაში?
დასავლურმა პროპაგანდამ, დასავლურმა მიდრეკილებამ, იქაური, ზედაპირული ცხოვრების მიმართ ტრფიალმა. უკრაინელმა არ იცოდა რა იდგა გაპრიალებული სუპერმარკეტების უკან. უკრაინელმა არ იცოდა, რომ ფასადური სიპრიალისთვის თავაუღებელი შრომა იყო საჭირო. და არა მარტო უკრაინელმა არ იცოდა, არ ვიცოდით ჩვენც.
დღეს, ხომ ვიცით. არ ვიცით? ნუთუ 34 წელი საკმარისი არ იყო დასავლური ფლიდობის გასაგებად?
ნუთუ ვერ დავინახეთ, რომ დასავლელი ზემოდან დაგვყურებს, მას ჩვენი არაფერი ხიბლავს, არც წეს-ჩვეულება, არც ტრადიცია, არც კულტურა. ის, ჩვენში მონას ხედავს, მისი განკარგულების უყოყმანო შემსრულებელს. კოლონიზატორია ის და მისი 500-წლიანი ავტობიოგრაფია იოლად ისეთად არ გადაკეთდება, როგორც კობახიძეს ჰგონია. ევროპა შეიცვლებაო — ამბობს ის. რა გულუბრყვილობაა. და თუ მას არ სჯერა, მაშინ გვატყუებს?
რომც შეიცვალოს, ევროკავშირში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ენერგეტიკულ კრიზისს რა შეცვლის?
ყოველივე აღნიშნულის შესაცვლელად, შეცვლილი პოლიტიკოსების თაობაა საჭირო! ორბანი, ფიცო ევროკავშირს ვერ შეცვლიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელი ლიდერები, აგრესიულები, ომის სურვილით აღვსილნი, მოპოვებული ხელისუფლების შენარჩუნების მსურველნი ასე იოლად დათმობენ პოზიციებს?
ევროპა პოლიტიკური დასასრულისკენ მიექანება. და ნაცვლად იმისა, რომ დისტანციურად ვიყოთ მასთან, სამარეში ჩაყოლას ვაპირებთ?
ვერ გამიგია, რა უნდა გვიზიდავდეს გადაგვარებულ ევროპაში — ეკონომიკური თუ სოციალური გაუსაძლისობა?
საქართველოს 3 მილიონი ადამიანის გამოკვებას მეზობლებთან ურთიერთობებითაც შევძლებთ, თუკი მეზობლებს პრაგმატული და არა მტრული თვალით შევხედავთ. ნუთუ საქართველოს პოლიტიკისთვის უცნობია „შოსის“, „ბრიკსის“ არსებობა, განსაკუთრებით „ბრიკსის“, რომლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა უკან ჩამოიტოვა არა მარტო ევროკავშირი, არამედ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები.
„ბრიკსი“ აწმყო და მომავალია. ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე თავისი ამერიკით — წარსული. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. ტრამპი ხედავს და მაქსიმალურად იჭაჭება „მაგას“ — „მეიკ ამერიკა გრეიტ“ (Make America Great Agai) — ქართულად „გადავაქციოთ ამერიკა დიადად“ შესასრულებლად. შეძლებს?!
ეჭვი მეპარება. 3,5-წელი გრანდიოზული გადაკეთებისთვის მცირე დროა.
აქვს ჭაბუა ამირეჯიბს ასეთი: „მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი — იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისა, მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს“.
ეს სიტყვები ყველასთვის გასაგებია, იმათ გამოკლებით, ვისაც სხვისი მოპოვებულის (ამ შემთხვევაში ევროპის) მისაკუთრება სურს, ანუ ახალ ექსპლუატორებს — ძველისთვის წართმევა. სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენც ვართ. ნაცვლად იმისა, რომ ხელი გავანძრიოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სხვისი გაკეთებულისკენ გაგვირბის თვალი.
ახლა, რაც შეეხება პუტინ-ტრამპის სატელეფონო საუბარს, რომელიც 19 მაისს გაიმართა და ორსაათნახევარი გაგრძელდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენთვის ბევრი რამ ამ დიალოგიდან უცნობია და ალბათ ასეც დარჩება.
საუბარი დადებითად, კონსტრუქციულად, გულწრფელად წარიმართა, რის შესახებაც ორივე პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნეს. ითქვა ისიც, რომ ისინი ერთმანეთს ძველი მეგობრებივით სახელებით მიმართავდნენ და რაც მთავარია პატივისცემით, რასაც ადგილი არ ჰქონია ბაიდენის დროს.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, უშაკოვმა თქვა, რომ დასაწყისშივე პუტინმა მიულოცა ტრამპს მე-11 შვილიშვილის შეძენა. ტრამპმა ჯენტლმენობა მოუწონა პუტინს.
რა მიიღო რუსეთმა?
საკუთარი პოზიციების მართებულობაში ტრამპის დარწმუნება, ანუ ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება, მხოლოდ მას შემდეგ იქნება რუსეთის მიერ გათვალისწინებული, როდესაც ორივე მხარე საკუთარ პოზიციასა და ხედვას წარმოადგენენ .
პოზიციების განხილვის შემდეგ დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის დეტალების განხილვა და ერთმანეთთან შეთანხმება. წინადადებები, ორივე მხარემ წერილობით უნდა წარმოადგინოს. მანამდე ომი გაგრძელდება.
ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პოზიცია დაფიქსირდა სტამბოლის მოლაპარაკების დროს. ეს პოზიცია არ აწყობს ევროკავშირს, კერძოდ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის ლიდერებს. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ და მოითხოვენ ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ მოლაპარაკების დაწყებას.
ევროპის და უკრაინის სურვილია, რომ ცეცხლი 30 დღით შეწყდეს, რუსეთს ეს წინადადება არ აწყობს, ვინაიდან თვლის, რომ თვალთმაქცურია.
30 დღის განმავლობაში კიევი მიიღებს სამხედრო იარაღს, მოახდენს მობილიზებულების შეგუებას ბრძოლებთან, ახალი სანგრების გათხრას და კონტრშეტევისთვის ჯარის მობილიზებას.
ზემონახსენებ არც ერთი ევროპული ქვეყნის ლიდერს სიტყვაც არ დაუძრავს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე. პირიქით, ისინი მოუწოდებენ ზელენსკის ომის გაგრძელებისკენ. მათ, დღესაც სწამთ, რომ დასავლური იარაღი და უკრაინული ჯარი დაამარცხებს რუსეთს, რისთვისაც სულის მოსათქმელი ერთთვიანი პაუზაა საჭირო.
ტრამპმა გაიზიარა პუტინის წინადადება, რომ ერთთვიანი შესვენება და იმავდროულად ომის შეწყვეტა სუსტი არგუმენტია რეალური მშვიდობისთვის, რითაც ევროპელებს იმედი გაუცრუა. ტრამპმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში სხვა არ უნდა ჩაერიოს, ვინაიდან მათ შორის არსებული პრობლემები მხოლოდ მათ იციან და არა სხვებმა.
ორი პრეზიდენტის საუბრიდან — უკრაინასთან მიმართებაში მთავარი ის იყო, რაც მოგახსენეთ. მოლაპარაკება ხელს არ უშლის ომის მიმდინარეობას ან პირიქით.
სტამბოლის მოლაპარაკების დასრულებისთანავე რუსეთის დელეგაციის მეთაურმა, პუტინის მრჩეველმა მედინსკიმ, განაცხადა, რომ ისტორია იცნობს ისეთ მაგალითებს — ვიეტნამისა და კორეის ომების სახით, როდესაც ომის მიმდინარეობისას, ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის მუდმივ მოლაპარაკებას.
მედინსკიმ ფინეთის ომიც გაიხსენა და თქვა, რომ ომის მსვლელობის დროს სტალინმა ფინეთს საზავო ხელშეკრულების დადება შესთავაზა., რაზეც უარი მიიღო. პასუხი სტალინისა იყო — ომის ინტენსიური გაგრძელება და ფინეთის დამარცხება.
მედინსკიმ რუსეთ-შვედეთის ომიც გაიხსენა, რომელიც 21 წელი მიმდინარეობდა და რომელმაც რუსეთს მოუტანა გამარჯვება — ბალტიისპირა ტერიტორიების შემოერთება.
სხვათა შორის უკრაინელთა ურჩობის თაობაზე სტამბოლის მოლაპარაკების დროსაც ითქვა რუსეთის დელეგაციის მხრიდან — სამი წლის წინ ჩვენ უკრაინის 4 ტერიტორიულ ერთეულზე პრეტენზია არ გვქონია, დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე. დღეს, ისინი რუსეთის შემადგენლობაში არიან. თუ წინააღმდეგობას გააგრძელებთ, ხვალ 4-ის ნაცვლად, 6 იქნებაო.
პუტინ-ტრამპის დიალოგით ევროპა უკმაყოფილოა, მაგრამ კმაყოფილი, დიალოგში მონაწილენი არიან. ასე რომ, ევროპა იძულებული იქნება ცივი წყალი დალიოს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
21/05/2025