18.05.2025

„ბევრი ვეცადე ჩემთვისა, ძლივს გამოვიდა შენთვისა“

15 მაისს აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი, აწ გარდაცვლილი ვლადისლავ არძინბა გაიხსენეს რუსეთის ცენტრალურმა ტელევიზიებმა, მათ შორის I არხმა, რომელმაც ერთსაათიანი ვიდეო-ფილმი მიუძღვნა, ცხადია საქართველოსთან ომის გახსენებით.

არძინბა — აფხაზეთის გმირი, აფხაზი ხალხისთვის დამოუკიდებლობის მომტანი, თავისუფალი აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი — ასეთი იყო ფილმის ლაიტმოტივი.

თანამედროვე აფხაზეთის თაობაზე არაფერი თქმულა — აქცენტი გაკეთდა 1992-93 წლების ომზე და აფხაზთა მიერ დამოუკიდებლობის მიღებაზე — ბრძოლით, ომით, სისხლით.

თანამედროვე აფხაზეთი, მოსკოვში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებული ზეიმის დროს გაგვახსენეს, პარადზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პირველი პირების დასწრებით და არა მარტო პარადზე, არამედ უცხოეთის დელეგაციების პატივსაცემად გამართულ მიღებებზე, წვეულებებზე, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე.

დამოუკიდებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 30-ზე მეტ სახელმწიფოს მეთაურსა და დელეგაციასთან ერთად ღებულობდა მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში.

2025 წლის აფხაზეთი სხვაა — კარდინალურად განსხვავებული 2008 წლის აფხაზეთიდან — დე იურედ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მატარებლიდან.

ანალოგიური ისტორია აქვს სამხრეთ ოსეთს.

დამოუკიდებელი აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ტურისტების დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, თურქეთის, ტაილანდის, ინდოეთის, მალაიზიის, ინდონეზიის, სხვა ქვეყნების ტურისტულ ადგილებთან ერთად.

აფხაზეთში, ა.წ. ტურისტულ სეზონზე 2 მილიონზე მეტ რუს ტურისტს ელოდებიან.

ტურისტების აფხაზეთში გამგზავრებას ხელს შეუწყობს განახლებული სოხუმის აეროპორტის ამოქმედება — 30-წლიანი იძულებითი „შესვენების“ შემდეგ, სოჭსა და სოხუმს შორის სწრაფმავალი მატარებლების გაშვება.

რუსეთის დახმარებით და რუსული ინვესტიციებით აფხაზეთში მთელი რიგი ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, ენერგეტიკის სფეროს გასაფართოებლად, ახალი საზღვაო პორტის ასაშენებლად და ა.შ.

პატარა აფხაზეთის თაობაზე რუსეთის ტელევიზიის სამთავრობო არხებზე ხშირად გადის სიუჟეტები, მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტრადიციების, სამზარეულოს, ზღვის კურორტების შესახებ. აფხაზეთი ყურადღების ცენტრშია.

არის ასეთი ქართული ანდაზა — „ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს გამოვიდა ჩემთვისა“. ყოფილი ავტონომიების მიმართ, ჩვენის „უნებლიე“, გულუბრყვილო, აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე ანდაზას ასე შევაბრუნებდი — „ბევრი ვეცადე ჩემთვისა, ძლივს გამოვიდა შენთვისა“. აქვე განვმარტავ — საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი, რომელიც ბევრს ცდილობდა სხვისთვის, საკუთარი თავის დავიწყებით, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან „დონკიხოტური“ ქვეყნების არსებობას მსოფლიო ისტორია არ იცნობს.

მსოფლიო იცნობს ისეთს, როგორიც პალმერსტონმა თქვა: „ბრიყვობაა განცხადება, რომ არსებობს მუდმივი მეგობრობა ან მტრობა, არის მუდმივი ინტერესი“.

მუდმივმა ინტერესმა, მტრობაში შეზავებულმა გადაგვადგმევინა ნაბიჯი, უფრო სწორად ნაბიჯები, ვინაიდან ასეთს არაერთხელ ჰქონდა ადგილი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში და დაგვატაკა არა სხვა ქვეყანასთან, არამედ ჩვენსავე რეგიონებთან — ჯერ მენშევიკური ხელისუფლების დროს, შემდეგ დამოუკიდებლად არსებობის ჟამს — ისევ სამხრეთ ოსეთთან, შემდეგ აფხაზეთთან.

“კაციშვილი ვერ დაგწამებს

ზარია თუ ნაღარაო,

საქართველო მომვარდა და,

დამამხო და, დამყარაო.

კაცისშვილი ვერ დაგწამებს

ავსებავ თუ გავსებაო,

საქართველომ ამჩეხა და,

ამკაფა და, ამსხეპაო”.

ზურაბ გორგილაძე, ამონარიდი ლექსიდან „საქართველომ ქროლვისაო“.

ზურაბ გორგილაძის გასაკვირად, ის რომ ცოცხალი იყოს, „დაგვწამა“, ისევ ჩვენიანმა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიხედვით „ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა და ძმებმა“. და არა მარტო დაგვწამა, არამედ გორგილაძის ლექსის:

„კაცისშვილი ვერ დაგწამებს

მირონი თუ სამსალაო,

საქართველომ გამქურდა და,

გამზიდა და, გამცალაო.”

საპირისპიროდ ქურდობაც დაგვაბრალა. ანდა რა დაბრალებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ თვითონ არ ვიცით რა ჩაიდინეს იქ მხედრიონელებმა?! პალმებიც კი წამოიღესო —  ჩვენ არ ვამბობდით?!

„ბევრი ვეცადე ჩემთვისა, ძლივს გამოვიდა შენთვისა“ — ჩემს მიერ შებრუნებული ანდაზის შინაარსი ისაა, რაც მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების პარადზე ვიხილეთ, ისე, როგორც ტელევიზიით არძინბას 80 წლისთავისთვის მიძღვნილი ფილმის ჩვენებისას.

არადა, ჩვენი უკუღმართი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, ზემოთ ნახსენებს ადგილი არ ექნებოდა.

საქართველოს იმჟამინდელ კვარტეტს —  შევარდნაძის, სიგუას, კიტოვანის, იოსელიანის შემადგენლობით და შევარდნაძის დაჟინებული მოთხოვნით — აფხაზეთში ქართული ლაშქრის შეყვანის თაობაზე, ვითომდა რკინიგზის დასაცავად, ომი არ იქნებოდა, ხალხი არ დაიღუპებოდა, საქართველო ფაქტიურად არ დაკარგავდა თავისი ტერიტორიის ნაწილს — აფხაზეთის მარგალიტად ცნობილს.

არც არძინბა გახდებოდა გმირი. იქნებოდა ისეთივე ხელმძღვანელი, როგორიც საქართველოს სხვა რეგიონების.

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება „იმელის“ შენობაში იყო განთავსებული. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები იქ იყრიდნენ თავს — ყველა ისინი, ვინც დაამხო კანონიერი პრეზიდენტი გამსახურდია, უზენაესი საბჭო და მთავრობა.

ომის შემდეგ დანგრეულ და დამწვარ უზენაესი საბჭოს შენობაში, რბევას გადარჩენილ რამდენიმე ოთახში ვიყავით უზენაესი საბჭოს სამდივნოს 7 თანამშრომელი — 300-კაციანი აპარატიდან შემორჩენილი, ჩემის ხელმძღვანელობით.

შევარდნაძის მოსკოვიდან დაბრუნებამდე სიგუამ, დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ბრძანებით დამნიშნა საქართველოს პრეზიდენტის, გამსახურდიას სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ. იმავდროულად დამევალა უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის საფინანსო ურთიერთობების მოგვარება, შემდგომში მათი სადეპუტატო ფუნქციების შეწყვეტით.

1992 წლის აგვისტოს დასაწყისში „იმელიდან“ დამიკავშირდნენ და მითხრეს თათბირზე დასწრების შესახებ, რომელსაც შევარდნაძე ატარებდა. დავესწარი და საკუთარი ყურით მოვისმინე შევარდნაძის კატეგორიული განცხადება ჯარის სარდლის კიტოვანის მიმართ — სასწრაფოდ შესულიყო აფხაზეთში.

მოვისმინე კიტოვანის ნათქვამიც, რომ მას დრო დასჭირდებოდა ამისთვის. მოვისმინე შევარდნაძის პასუხიც — სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ.

14 აგვისტოს ჯარი შევიდა აფხაზეთში და რუსეთის საზღვრამდეც მივიდა. მეთაურმა ყარყარაშვილმა მდინარე ფსოუს წყალიც დალია. ასე დაიწყო ომი, რომელმაც აფხაზეთი დაგვაკარგვინა და არძინბაც გმირად აქცია.

14 აგვისტომდე, ივლისის ბოლოს საქართველო მიიღეს გაეროში — ყველაზე გვიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ვინაიდან ქვეყანაში მოხდა ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა.

გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა დროებითი მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელმაც აღუთქვა დამსწრე საზოგადოებას ავტონომიებთან საკამათო საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებით გადაწყვეტა.

დაპირება, დაპირებად დარჩა.

არძინბას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი მის შესახებ სოხუმში გამსახურდიას წარგზავნილების ნაამბობიდან.

ახლოვდებოდა ადგილობრივი არჩევნები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიაში და ამასთან დაკავშირებით გამსახურდიამ მიავლინა ჯგუფი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა სოხუმში. შეთანხმდნენ კვოტებზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში — 28 დეპუტატი აფხაზეთის მოსახლეობიდან, 26 აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისგან, 11 დეპუტატი ავტონომიაში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლებიდან.

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა — 300000, გაცილებით აჭარბებდა აფხაზი ეროვნების მოსახლეობას — 50000-ამდე, მაგრამ მხედველობაში იქნა მიღებული აფხაზთა თხოვნა, მათი დეპუტატების რაოდენობის 28-ით განსაზღვრით, ხოლო ქართულის — 26-ით.

ხმის მიცემის დროს ქართულ მხარეს იმედი ჰქონდა სხვა ერების დეპუტატების მხარდაჭერის, ამდენად თბილისი თვლიდა, რომ მსგავსი კვოტები მისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.

1991 წლის შემოდგომით ჩატარებული არჩევნების შედეგად აფხაზმა მოსახლეობამ პირველივე ტურში აირჩია 28-დან 26 დეპუტატი, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა 11 დეპუტატი, ხოლო ქართული წარმოშობისამ — 26-დან მხოლოდ 4.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არ შედგა. არძინბამ დაურეკა გამსახურდიას და სთხოვა, რომ ზეწოლა განეხორციელებინა „მრგვალი მაგიდის“ აფხაზეთის განყოფილებაზე. გამსახურდიამ იქაური „მრგვალი მაგიდის“ ხელმძღვანელები დაიბარა თბილისში და მათთან ერთად საკითხი განიხილა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე. მან კატეგორიული დავალება მისცა იქაურ „მრგვალ მაგიდას“  მეორე ტურის დროს აერჩიათ ყველა დეპუტატი. სამწუხაროდ, მისი დავალება არ შესრულდა.

გამსახურდიას კი აღარ მიეცა საშუალება აფხაზეთის არჩევნებში კვლავ ჩარევის — თბილისში დაწყებული ომის გამო.

ჩემზე უაღრესად ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრე აფხაზეთის „მრგვალი მაგიდის“ ხელმძღვანელებმა. ისინი ერთმანეთში კინკლაობდნენ, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ პირველ ტურში დამარცხებაში, იქცეოდნენ „ქუჩურად“, პროვინციული აზროვნების პრიმიტიულ ადამიანებად. ასეთთა ყოფნა ნებისმიერი ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი იქნებოდა.

არძინმას მეორე თხოვნაც არ შესრულდა. თბილისის ომის შემდეგ, 1992 წლის მარტში მოსკოვიდან დაბრუნდა შევარდნაძე. საქართველომ დაიწყო ახალი ცხოვრება. დამხობილი გამსახურდია ჩეჩნეთში გაემგზავრა.

დანგრეულ-განადგურებულ თბილისის ცენტრს, ისე, როგორც მთელს ქალაქს ზამთრის სიცივემ, ყინვამ, უგაზობამ, უშუქობამ, უპურობამ, ქურდობამ და ძარცვამ შეუტია — წარმოუდგენელმა, ენით აუწერელმა განუკითხაობამ.

აი, ასეთ ვითარებაში, დანგრეულ უზენაესი საბჭოს შენობაში მყოფს ფოსტამ მომიტანა კონვერტი — აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არძინბას წერილით, შევარდნაძის სახელზე, სადაც ის წერდა, რომ დადგა დრო აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისა საქართველოს შემადგენლობაში და თხოვდა ადრესატს დროულ რეაგირებას.

წერილი პირადად გადავეცი შევარდნაძეს. როგორც ჩანს, მან არ უპასუხა არძინბას.

ერთი თვის შემდეგ, ისევ მივიღე არძინბას წერილი შევარდნაძის სახელზე, რომელსაც ახლდა აფხაზურ გაზეთში დაბეჭდილი ტექსტის ამონაჭერი.

არძინბამ სხვა ხერხს მიმართა — წერილის გაზეთში გამოქვეყნებით, თუმცა არც ამან მოიტანა შედეგი. როგორც ჩანს, ეს წერილიც შევარდნაძემ გვერდზე გადადო და აფხაზეთის დასაქვემდებარებლად ძალას მიმართა, მოგვიანებით, იმავე წლის 14 აგვისტოს.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაყვანის შემდეგ, გავიგე არძინბას თბილისში ჩამოსვლის თაობაზე. ომი საქართველოსა და აფხაზეთს შორის აღარ იყო, მაგრამ იყო დაძაბულობა. აფხაზეთი არ ცნობდა საქართველოს იურისდიქციას. ის, ფაქტიურად დამოუკიდებელი სუბიექტი იყო. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თურქეთთან, ნაკლები რუსეთთან.

ელცინის დროს, შევარდნაძის თხოვნით, ურჩ აფხაზეთს ყველა სახის სანქციები ჰქონდა დაწესებული. ახალმა პრეზიდენტმა, პუტინმა აფხაზეთი გაათავისუფლა სანქციებისგან.

არძინბა თბილისში თავისი ნებით არ ჩამოსულა, ის ევგენი პრიმაკოვმა ჩამოიყვანა შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად.

არძინბა, აფხაზეთში ჩასვლამდე, მოსკოვში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა, რომელსაც პრიმაკოვი ხელმძღვანელობდ — რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე.

პრიმაკოვი სოხუმში ჩავიდა და დაითანხმა არძინბა შევარდნაძესთან შეხვედრაზე, თუმცა პრიმაკოვის კეთილი განზრახვა არ შესრულდა შევარდნაძის პრიმიტიული გადაწყვეტილების გამო, რის შესახებაც პრიმაკოვი წერდა: რომ სიტყვები „ერთიანი“ თუ „საერთო“ მხარეთა შორის შეუთანხმებლობის საგანი გახდა. არძინბას სიტყვა „საერთო“ აწყობდა. შევარდნაძეს — „ერთიანი“. სადილის დროს იყო სადღეგრძელოები, იყო დიალოგი, თავისუფალი ატმოსფერო, თუმცა უშედეგო.

 საქართველოს ე.წ. პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს პირზე ეკერათ — რუსეთს სურდა აფხაზეთის ჩვენთვის წართმევაო.

სცდებით, პატივცემულებო! წართმევის მსურველი რუსეთის წარმომადგენელი არძინბას, თბილისში, შესარიგებლად არ ჩამოიყვანდა.

წართმევის მსურველი რუსეთი, 2008 წლის ომის შემდეგ თბილისს ხვეწნას არ დაუწყებდა — მოლაპარაკების დაწყებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს შემადგენლობაში მათი სტატუსის განსაზღვრისთვის. და როდესაც სააკაშვილმა უარი განაცხადა მუქარით — ძალით დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსო, ახალი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, აღიარა მათი დამოუკიდებლობა.

ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის დამღუპველი პოლიტიკის შედეგად საქართველომ იზარალა.

ვლადისლავ არძინბა არა მარტო აფხაზეთის გმირია, არამედ მთელი დსთ-ს. შევარდნაძეს სახალხო გმირობის ტიტული არ დაუმსახურებია. პირიქით, პრეზიდენტის, რომელიც გააგდეს ხელისუფლებიდან.

გმირობა ვერც სააკაშვილმა მოიპოვა — შევარდნაძის ბრიყვული პოლიტიკის გამგრძელებელმა, ავტონომიური ფორმირებების მიმართ. სააკაშვილმა დე ფაქტოდ არსებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დე იურედ აქცია.

გაგდებული პრეზიდენტი სააკაშვილი, საავადმყოფოს კედლებშია გამომწყვდეული და არვინ იცის ეღირსება თუ არა თავისუფლებას.

ამ ორის წყალობით, არძინბა გმირია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

17/05/2025