დიადი ზეიმი

ისტორიის კუთვნილება გახდა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი. გრანდიოზული სამხედრო პარადი, რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა კარგა ხანს შემორჩება იმ ადამიანთა მეხსიერებაში, რომლებიც ესწრებოდნენ კრემლთან გამართულ ღონისძიებას.
პარადის დამსწრეთა შორის იყვნენ დიდი სამამულო ომის მონაწილეები, 100 წლისა და მეტი ასაკის ადამიანები, მრავალი ქვეყნის სტუმარი, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, 30-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგაციები — პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელებით; ვიეტნამის დელეგაციას ამ ქვეყნის კომპარტიის გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩინეთის, ვიეტნამის, ვენესუელას ლიდერების ვიზიტი არა მარტო დღესასწაულზე დასწრების დატვირთვას ატარებდა, არამედ ოფიციალურის, სახელმწიფო ვიზიტის — სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით.
ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმმა მშვიდობიანად ჩაიარა. პარადზე დამსწრეებმა და ყველა იმან, ვინც ტელევიზიით ადევნებდა მას თვალს იხილეს უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკა — სამი ერთეული ახალი რაკეტის სახით, აგრეთვე მთელი რიგი სახელმწიფოების, განსაკუთრებით დსთ-ს წევრის, ჩინეთის, ვიეტნამის, ლაოსის, მიანმის საჯარისო ნაწილები, რომლებმაც მარშით ჩაიარეს სამთავრობო ტრიბუნის წინ.
გულისყურით ვადევნებდი თვალს მოსკოვში მიმდინარე სამხედრო პარადს. საინტერესო იყო პარადზე მიწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელების მისვლა პარადზე, რომელიც პარადის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაიწყო.
მეთაურების ავტომანქანები — ანბანის მიხედვით შედიოდნენ კრემლის შიდა ეზოში; სტუმარი, წითელი ნოხის და საპატიო ყარაულის გავლის შემდეგ შედიოდა კრემლის შენობის იმ ნაწილში, სადაც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა.
სახელმწიფო მეთაურთა მსვლელობა დაიწყო აფხაზეთის პრეზიდენტმა ბადრი გუნბამ, მეუღლით. გარკვეული ინტერვალის შემდეგ მას სხვებიც მიჰყვნენ.
გეტყვით იმასაც, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების გარკვეულ ნაწილთან პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს გამართა ცალკე მოლაპარაკება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და გვიან ღამით დასრულდა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელთან, მანამდე აფხაზეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ.
ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულებას მოჰყვა პუტინის ბრიფინგი უცხოელ და რუს ჟურნალისტებთან. დარბაზის წინა რიგში ისხდნენ ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალისტები, რომლებმაც ბრიფინგის დეტალები სასწრაფოდ აცნობეს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, მსოფლიოს.
ბრიფინგზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება — უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის და მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, უმალ იქცა მსოფლიო მედიის, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ყურადღების საგნად, განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცის.
ვისაც სურს მოუსმინოს, წაიკითხოს პუტინის განცხადება, მიუხედავად საქართველოში არსებული შეზღუდვებისა, შეუძლია გაეცნოს ჩემს ინტერნეტ-ჟურნალ https://isari.ge -ზე. სამწუხაროდ, მსურველი ალბათ ისეთი არ იქნება, როგორიც უნდა იყოს საერთაშორისო საკითხებით დაინტერესებულთათვის.
34-წლიანმა ანტირუსულმა პროპაგანდამ თავდაყირა დააყენა საქართველოს მოსახლეობის აღქმა მეზობელი რუსეთის მიმართ, შეაძულა ის, აიძულა რუსის და რუსეთის ისეთ მტრად აღქმა, როგორებიც იყვნენ მეზობელი მუსლიმური ქვეყნები —საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში.
ზოგს კარგად ემახსოვრება აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის პატივსაცემად, თავისუფლების მოედანზე გამართული მრავალათასიანი მიტინგის დროს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა რუსეთის, როგორც ისტორიული აგრესორისა და მტრის მოხსენიებით.
მან თქვა ის, რაც ბუშსა და მის თანმხლებ პირებს გაახარებდა. დღესაც ასეა, შესაძლოა უარესიც, ანტირუსული განწყობა არათუ მცირდება, პირიქით იზრდება, რაც უარყოფითად ისახება და აისახება საქართველოს ცხოვრებაზე.
მკითხველს უადგილოდ მოეჩვენება საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადების ზოგიერთი ფრაგმენტის ჩემს მიერ გახსენება. მან ეს განცხადება სულ ახლახანს, „ოცნების“ ყრილობაზე გააკეთა — პარტიის თავმჯდომარედ არჩევისთანავე. არაფერი ახალი — ისეთივე მოწოდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემობრუნებასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში რომ ვისმენთ.
არის თუ არა პრემიერის განცხადება რეალობასთან მიახლოებული? არის თუ არა პრემიერის განცხადება საკუთარი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა?
ჩემის აზრით, კითხვის დასმაც უხერხულია, რაშიც დამერწმუნებიან ყველა ისინი, ვინც მოსკოვის 9 მაისის გრანდიოზულ ზეიმს ადევნებდა თვალს. გარდა პარადისა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურები ესწრებოდნენ პარადის შემდეგ კრემლში გამართულ წვეულებებს, სხვა სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებთან, დელეგაციების წევრებთან ერთად.
დარწმუნებული ვარ ხანმოკლე საუბრებიც ჰქონდათ მათთან, რაც აღიარებას ნიშნავს — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას — დე ფაქტოს, როგორც დიპლომატიაშია მიღებული.
დარწმუნებული ვარ რა სიამაყით იყვნენ განმსჭვალულნი აფხაზები და ოსები, როდესაც თავიანთ მეთაურებს უყურებდნენ უდიდეს საერთაშორისო დონის ღონისძიებაზე.
10 მაისის ოფიციალური მოლაპარაკების დროს, რომელიც პუტინმა გუნბასთან გამართა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურ მიწვევას მიიღებს და ჩავა აფხაზეთში.
სამწუხაროა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური თაობის უჭკუო პოლიტიკის შედეგად მოვახერხეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა, მაგრამ ასჯერ სამწუხაროა, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსთა პოლიტიკური აზროვნების დაქვეითება, დეგრადაცია.
ე.წ. პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ერთიდაიგივეს გაიძახიან — არავითარი დიალოგი, ვიდრე რუსეთი უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ აღიარებას და ჯარს არ გაიყვანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„ოკუპირებულს“ ჩვენ ვარქმევთ და არა ისინი — აფხაზები და სამხრეთ ოსეთელები, რომლებიც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ისინი, რუსეთის სამხედრო ბაზებს საკუთარი უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევენ — საქართველოს მოსალოდნელი აგრესიისგან თავდაცვად.
ერთ-ერთ წინა სტატიაში შევეხე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებაზე — რუსეთი მზადაა ილაპარაკოს საქართველოსთან. პაპუაშვილის პასუხი იყო ასეთი — ჯერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება, შემდეგ ლაპარაკი.
როგორც ჩანს, პაპუაშვილს ილფი და პეტროვის ნაწარმოები „12 სკამი“, ფილმად გადაღებული აქვს ნანახი, რამაც უბიძგა „ვაჭრობისკენ“ — დილით ფული, საღამოს სკამები“ ან პირიქით.
პატივცემულებო, თქვენმა უჭკუო პოლიტიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელები კრემლის წითელ ნოხზე გაატარეს, იძახეთ ახლა — ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით დავიბრუნებთ დაკარგულ ავტონომიებსო. სად დაინახეთ მათი ძალისხმევა? ან რა შენიშნეთ ისეთი, მათ რომ რუსეთი აიძულონ ოკუპირებულის დასაბრუნებლად?
ისინი ამას პირით ამბობენ და არა გულით. გულითაც რომ თქვან, მათ რუსეთზე ძალისმიერი ზეგავლენის გატარება არ შეუძლიათ.
დახავსებულმა თქვენმა აზროვნებამ კატასტროფულად დააშორა საქართველო თავის ყოფილ ავტონომიებს, იქ მცხოვრებ ადამიანებს, აქტიურობაა საჭირო რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებისთვის, სახელმწიფოთა დონეზე ეკონომიკური კაშირების ჩამოყალიბებისთვის, რაც თავისთავად გახსნის კარს დაკარგულ ავტონომიებთან ბიზნესურთიერთობების, კულტურის, ხელოვნების, განათლების, სპორტის, მეცნიერების კავშირების დამყარებისკენ.
დაიწყეთ მოლაპარაკება აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენისთვის. გააუქმეთ სააკაშვილის დროს მიღებული კანონი, რომელიც დამნაშავედ თვლის ყველა იმას, შინაურს თუ გარეულს, ვინც თბილისის დაუკითხავად ჩადის აფხაზეთში. შეწყვიტეთ ჟენევის მოლაპარაკება და დიალოგის ადგილად ჩათვალეთ მოსკოვი, თბილისი, სოხუმი, ცხინვალი. თავი დაანებეთ უპერსპექტივო ფიქრს იმაზე, რომ დასავლეთი დაგვეხმარება. იფიქრეთ რეალურად, პრაგმატულად და არა აბსტრაქტულად, როგორც დღეს.
კობახიძემ ბრძანა, რომ საქართველო იღვაწებს ევროკავშირში გასაწევრებლად. როგორც ჩანს, არც მას და არც მის კოლეგებს მინიმალური წარმოდგენაც არ აქვთ დღევანდელ ევროკავშირზე, მის პოლიტიკაზე და იმ დაპირისპირებაზე, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში.
როგორც წინა სტატიაში მოგახსენეთ — კავშირს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ფონ დერ ლაიენი, კალასი, სხვები — გერმანული ფაშიზმის აქტიური მხარდამჭერების შვილიშვილები, რევანშიზმის სურვილით შეპყრობილნი სსრკ-ს მემკვიდრის, რუსეთის მიმართ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადადგამენ, არ გადადგამენ ნაბიჯს მშვიდობისკენ.
მათი მიზანი იყო და არის რუსეთის დაჩოქება, მისი წიაღისეულის ხელში ჩაგდება, დაშლა-დაქუცმაცება, ისე, როგორც იუგოსლავიის.
„თუ თქვენ გყავთ მეგობარი, აშშ-ს სახით, უნდა გეშინოდეთ“ — ეს სიტყვები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს ეკუთვნის. თუ რამდენად სახიფათოა ევროატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობა, სულ ახლახანს ნათლად გამომზეურდა სერბეთის პრემიერ-მინისტრ ვუჩიჩთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან მიმართებაში. მათ ბრიუსელმა აუკრძალა მოსკოვის ზეიმში მონაწილეობის მიღება. და არა მარტო აუკრძალა, საჰაერო გზა ჩაუკეტა ევროპიდან მოსკოვისკენ.
ვუჩიჩს და ფიცოს დიდი შემოვლითი გზის გავლა დასჭირდათ მოსკოვში ჩასასვლელად.
ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელმაც მოლდოვის პრეზიდენტ სანდუს გააყალბებინა საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში. გააუქმებინა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციონერმა ჯორჯესკუმ; აუკრძალა მას არჩევნებში მონაწილეობა. განმეორებით არჩევნებში ჯორჯესკუს თანამებრძოლმა მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, რაც აძლევს შანს მეორე ტურში გამარჯვების. მაგრამ მისცემენ მას ამის შესაძლებლობას?
საკონსტიტუციო სასამართლომ ახლა მის წინააღმდეგ დაიწყო საქმის შეთითხნა.
გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი ხმები დააგროვა, სახიფათოდ მიიჩნიეს. და ამ მიზნით დააწესეს მასზე თვალთვალი, როგორც ექსტრემისტული პარტიის და მოსთხოვენ მის აკრძალვას.
საფრანგეთში პოპულარული ოპოზიციონერი მარინ ლე პენი თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს და აუკრძალეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
ყველა ისინი, ვინც ჩამოვთვალე კატეგორიული წინააღმდეგი არიან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის, მოითხოვენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, სანქციების გაუქმებას.
უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები ორბანი და ფიცო რუსეთის აგენტებად არიან აღქმულნი ბრიუსელში — მათ მიმართ შესაბამისი დამოკიდებულებით.
ევროკავშირის არადემოკრატიულ პოლიტიკაზე ხაზგასმით ილაპარაკა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა.
განა ის, რაც მოგახსენეთ, საკმარისი არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ კარდინალურად შეცვალოს პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებაში?!
ევროკავშირი, გუშინდელი დღეა — შიდა ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული. ის გამოსავალს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში ხედავს, რისთვისაც მას საკუთარი ხალხის დარწმუნება სჭირდება — უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევისთვის.
ომი ტრაგედიაა, ნგრევა და უბედურებაა, ზოგიერთისთვის კი დიდი ფულის კეთებაა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, გარკვეული სახის ბიზნესი ამ „ზოგიერთის“ შემადგენელი ნაწილია, როგორც ხელისუფლება. ხელისუფლება არწმუნებს საკუთარ ხალხს, რომ თუ ქვეყანა შესაბამის დახმარებას არ გაუწევს უკრაინას, ის დამარცხდება. გამარჯვებული რუსეთი კი ევროპას დაიპყრობს და მუსრს გაავლებს ევროპელებს. და ამას ეუბნება ხელისუფლება — ხალხის ჯიბიდან ფულის ამოსაღებად.
„თუ ევროპელები არ გავზრდით სამხედრო ხარჯებს, რუსული ენის შესწავლა მოგვიწევსო“ — აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი რიუტე — მტკნარ სიცრუეს.
ბევრი სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ვგონებ საკმარისია ევროკავშირის რეალური სახის წარმოსაჩენად. ღირს ასეთ კავშირში გაწევრება?
თუ კობახიძეს, მის კოლეგებს, ოპოზიციონერებს სურთ გაწევრება, თვით გაწევრდნენ ინდივიდუალურად, ქვეყანას თავი დაანებონ.
ქართული პოლიტიკა ნაწყენია ევროკავშირზე — არ იმსახურებენ გაწევრებასო. ე.ი. საქართველო არ ასრულებს დავალებას, არ აუქმებს მიღებულ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სულისკვეთებასო, არ ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, მათ შორის სააკაშვილსო.
ევროკავშირს სურს საქართველოც ისეთი იყოს, როგორც კავშირის წევრი ქვეყნები — ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, სქესის გადაკეთებით, დანომრილი მშობლებით, რუსეთის წინააღმდეგ აქოჩრილი, საომრად გამზადებული. საქართველოს ისეთი კანონები უნდა ჰქონდეს, როგორც ევროკავშირს. საქართველოს თვითმყოფადობა, ტრადიციული ცხოვრების წესი მისთვის მიუღებელია.
ევროკავშირს გადაკეთებულ-გადაგვარებული ქართველი უნდა — მორჩილი, უვიცი, მისი ბრძანებების უყოყმანო შემსრულებელი.
ბრიუსელი რომ გეუბნება — შენს მიერ მიღებული კანონები უნდა გააუქმო, ვერ უნდა მიხვდე ვისთან გაქვს საქმე?!
გამარჯვების დღესასწაულით დავიწყე და ამ თემით დავასრულებ. საქართველომაც აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი — მჭლედ, უღიმღამოდ, კიკვიძის პარკში მელიტონ ქანთარიას ძეგლთან მისვლით, ყვავილების მიტანით.
წინა სტატიაში ვწერდი, რომ ხელისუფლება ვაკის, ანუ გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინებით შეამკობსთქო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ რემონტის პროცესში მყოფ მემორიალს —ხანგრძლივს და დაუმთავრებელს, ფასადურ ნაწილს არ გაუხსნიდნენ ჯარისკაცის საფლავთან მისასვლელად.
დაავიწყდათ!
წინა დღეებში გაახსენდათ და „მემორიალიც“ გამოძებნეს — კიკვიძის პარკის სახით.
გამარჯვების 80 წლისთავი მრგვალი თარიღია. ამდენად მისი აღნიშვნა ზენიტში უნდა აეყვანა ხელისუფლებას, მაგრამ მას არ ანაღვლებს არც მრგვალი თარიღი და არც მასთან დაკავშირებული ღონისძიება.
არის ასეთი ქართული სიტყვა — „ტანმორჩილიაო“. ტანმორჩილობა ფიზიკური პირის აღნაგობას ეხება და მარტო მისი პრობლემაა. მაგრამ ჭკუის ტანმორჩილება ყველას პრობლემაა, რამეთუ ტვინით ტანმორჩილმა შეიძლება ავნოს ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ტვინით ტანმორჩილებით არის გაჯერებული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
12/05/2025