ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი

მაისის პირველი დეკადა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებისთვის სადღესასწაულო დღეებია. საბჭოთა კავშირის დროს მშვიდობის, შრომის, მსოფლიოს ხალხთა სოლიდარობის დღე ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. 1 მაისი გაზაფხულის ზეიმიც იყო, დამღლელი ზამთრის დამთავრების და ახალი ცხოვრების დაწყების ზეიმი, რომელიც თავისთავად მოითხოვდა ხალხში დაგროვილი შინაგანი ენერგიის გამომზეურებას — ერთად შეყრით, დემონსტრაციით, აღლუმით.
პირველი მაისობა საბჭოთა კავშირთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. ჩაბარდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ჩაბარდა რუსეთშიც. ნაცვლად საბჭოური დღესასწაულისა — ხალხთა გრანდიოზული დემონსტრაციები პოლიტიკურ პარტიათა მიტინგებით ჩანაცვლდა მოსკოვის სხვადასხვა რაიონებში. არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპირველმაისო დემონსტრაციები აღარ ტარდება. არც არავინ იხსენებს ამ დღეს. მაგრამ იხსენებენ აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში, სხვაგან დემონსტრაციებს აწყობენ და მიტინგებსაც, რომლის დროს შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართავენ არა მარტო მემარცხენე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არამედ პროფკავშირების ლიდერებიც.
საქართველოში მსგავსს ადგილი არ აქვს და ალბათ უახლოეს მომავალში არ ექნება, ვიდრე მოსახლეობაში არ გაღვივდება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ვიდრე ხალხი არ იფიქრებს აწმყოსა და მომავლის შენების სურვილით; ვიდრე სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოებს — ხანგრძლივს და მჭერმეტყველურს, საქმის კეთებით არ ჩაანაცვლებს.
არვის მოვუწოდებ განუწყვეტელი შრომისკენ, მაგრამ არ მოვუწოდებ განუწყვეტელი, ხანგრძლივი ღრეობისკენ — მარტივი მიზეზის გამო — უზომო კვება ორგანიზმს აგვარებს, ქონით ფარავს არა მარტო წელს ქვევითა ნაწილებს, არამედ კისრის ზევით — თავს და მის შიგან არსებულ ტვინს.
ევროპელთა მაისობას ხელს უწყობს პროფკავშირების ორგანიზებული მოქმედება. ხშირ შემთხვევაში სწორედ ის არის ორგანიზატორი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების — არა მარტო პირველ მაისს, არამედ ნებისმიერ დღეს და თვეს.
პირველი მაისის გამოსვლებს სხვა დატვირთვა აქვს — პროტესტისა და ზეიმის ერთმანეთთან შეზავებულის. აი, ასეთ გამოსვლებს ჰქონდა ადგილი ევროპის ქალაქებში, მათ შორის პარიზში — მრავალათასიანს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, სოციალური პირობების გაუმჯობესებით, რასაც მოჰყვა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, ცრემლსადენი გაზის გამოყენება, ისე, როგორც ხელკეტების, დემონსტრანტთა დაკავება. და არა მარტო პარიზში, დემოკრატიული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში.
დასავლური მაისობა დემონსტრანტთა და ხელისუფალთა შორის ძალის მოსინჯვას ჰგავს, რომელსაც არცთუ იშვიათ შემთხვევაში ახლავს ხელისუფალთა მხრიდან დემონსტრანტთა მოთხოვნების გათვალისწინება.
საქართველოსთვის მიუღებელია სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მასობრივი დემონსტრაციებისა და მიტინგების გამართვა. შიგადაშიგ ადგილი აქვს ლოკალურ გაფიცვებსა და გამოსვლებს, რომელსაც ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, ვინაიდან თვლის, რომ საკითხი ბიზნესმა უნდა მოაგვაროს, ანუ დამსაქმებელმა. დასაქმებული ხშირ შემთხვევაში დამარცხებულია არა მარტო დამსაქმებელთან, არამედ ხელისუფლებასთან, რომელიც ფეხზე იკიდებს მისივე ხალხის, მისივე მოქალაქის უფლებების ფეხქვეშ გათელვას დამსაქმებლის მხრიდან.
ძნელია ხელისუფლებისთვის დამსაქმებლის შეხურებაც კი — საკუთარი სისხლის და ხორცის. ასეთ დროს პროფკავშირმა უნდა იმარჯვოს, მაგრამ პროფკავშირების მცნება მიწასთან არის გასწორებული საქართველოში. მის სისუსტეს, წარმოების სისუსტე განსაზღვრავს. როდესაც წარმოება მცირე და ნაკლებმასშტაბიანია, პროფკავშირებიც სუსტია ან საერთოდ არ არსებული.
საქართველოს საზოგადოებას მრავალი წელი დასჭირდება იმის შესაგნებლად, რომ ქვეყანა მარტო ივანიშვილების, ჩხარტიშვილების, რუხაძეების, ხაზარაძეების, კალაძეების, ჯოხთაბერიძეების და ა.შ. კი არა, არამედ მისიცაა. და რომ მისიცაა, პასუხისმგებლობაც მისი უნდა იყოს. მან უნდა მოსთხოვოს ზემოჩამოთვლილებს პასუხისმგებლობის გაზიარება. მოსთხოვოს სისტემატურად, კატეგორიულად.
პირველი მაისის დღესასწაულის გარდა, რომელსაც ჩვენ აღარ ვზეიმობთ, სხვა დღესასწაულიცაა — ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი 9 მაისი. წელს ამ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს — ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნება ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობით — ხელისუფლების წარმომადგენლების, დიდი სამამულო ომის შემორჩენილ ვეტერანთა მიერ. ღონისძიება იქნება მოკრძალებული, არახალხმრავალი, და რომ ასეთი იქნება, არ უნდა იყოს გასაკვირი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა ანტისაბჭოურმა პროპაგანდამ თავისი გაიტანა.
საბჭოთა კავშირის ხსენებაც კი იწვევს გაღიზიანებას საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში. აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე, რომლებმაც არაფერი იციან იმ კავშირის შესახებ, რომელიც მათ წინაპრებთან არის დაკავშირებული, მათი ისტორიაა, მათი წარსულია, ქვეყნის გუშინდელი დღეა, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა იყოს ჩაწერილი, რამეთუ 70-წლიანმა საბჭოურმა ცხოვრებამ ქვეყანა, ქვეყნად აქცია და არა ვიღაცის ხელს შემყურე პროვინციად, როგორც დღეს.
მძლავრი ცენტრალიზებული პოლიტიკური ინსტიტუტები, წელგამართული ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი — საქართველოს ჰქონდა ყველა ის დარგი განვითარებული და მძლავრი, რომელიც მისი ზომის და მოსახლეობის რაოდენობის მქონე ევროპული ქვეყნებისთვის სანატრელი იყო.
გუშინდელი ცხოვრება, რახან საბჭოური იყო, პოლიტიკურ სანაგვეზეა მოსროლილი და სამწუხაროდ მოსროლილია ფაშიზმზე გამარჯვების დღეც — საბჭოთა საქართველოს დღედ აღქმული და არა ქვეყნის გამარჯვების დღედ.
1945 წლის 9 მაისის გამარჯვება საბჭოთა სისტემამ მოიტანა, მისმა სიმძლავრემ, მისმა მტკიცე სულისკვეთებამ მრავალეროვანი საბჭოთა კავშირის ხალხთა ერთმანეთთან შედუღაბებამ.
იმ დიდი და მტკიცე კავშირის წევრი იყო საქართველო, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვებას 350000 საქართველოს მცხოვრები შესწირა. მაშინ არვინ ფიქრობდა, რომ დიდ სამამულო ომში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა სხვა ქვეყნის ომში მონაწილეობა იყო. მაშინ უკლებლივ ყველა ფიქრობდა, რომ ომში მონაწილეობა არა რუსის დახმარებისთვის იყო, არამედ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი აწმყოსა და მომავლის დაცვისთვის.
„ძალით გარეკეს სხვის ომშიო“ — ბრძანა ერთხელ პარლამენტარმა ვოლსკიმ, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმას, ვინც ნებაყოფლობით მიაშურა ფრონტს, ვინც თავი გასწირა დიდი და პატარა სამშობლოსთვის. მაშინ ყველა ქართველისთვის საბჭოთა კავშირი სამშობლო იყო.
34 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არის. არის მისი მემკვიდრე რუსეთი. რუსეთი სხვა ქვეყანაა. ის რუსეთში მცხოვრები ერისა და ეროვნებების სამშობლოა. საქართველოში მცხოვრებთათვის სამშობლო საქართველოა, თუმცა ბევრი მათგანისთვის სამშობლო სხვაა.
მოდით ვკითხოთ იმათ, ვინც რახანია ლუკმა-პურის საძიებლად სხვა ქვეყანას მიაკითხა, იქ დასახლდა, იქაურობას შეეგუა — არის თუ არა მისი ახალი საცხოვრისი სამშობლო?
პასუხი იქნება მარტივი — არა, ჩემი სამშობლო საქართველოა. აქ იძულებით ვცხოვრობ — სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. მისი შვილისთვის კითხვის დასმა მრავალი წლის შემდეგ უაზრობა იქნება, ვინაიდან იქ გაზრდილი, იქაურობას შეჩვეული სხვას იტყვის? ჰკითხეთ პრეზიდენტყოფილ ზურაბიშვილის შვილებს.
ზურაბიშვილი ვერასდროს გაითავისებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებას, რამეთუ საქართველოდან გახიზნული ე.წ. ეროვნული ხელისუფლება, მენშევიკური, საფრანგეთში დაფუძნებული ჰიტლერის გაფიურერებას იმედით შეხვდა, გააჩაღა მასთან თანამშრომლობა — საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად. რამდენი ქართველი იბრძოდა საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ — ვერმახტის ფორმაში გამოწყობილი?!
მათი შთამომავლებისთვის, მათ შორის ზურაბიშვილისთვის გამარჯვება 8 მაისს არა ფაშიზმზე გამარჯვება, არამედ ევროპის ერთობის დღე.
ფაშიზმზე გამარჯვება ევროპელთათვის არა ისე ჟღერს, როგორც რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, მითუმეტეს ევროპის დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთა მამები და ბაბუები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
გერმანიის კანცლერი მერცი, რუსოფობი, გამოკვეთილი მტერი თანამედროვე რუსეთისა, ბაბუისა და მამის პოლიტიკის გამგრძელებელია. ისინი ფაშისტური პარტიის წევრები, ფაშიზმის გამარჯვებისთვის იბრძოდნენ აღმოსავლეთის ფრონტზე.
მერცი, უკრაინული ნეოფაშიზმის მხარდამჭერი, აცხადებს, რომ აუცილებლად გადასცემს უკრაინას შორი რადიუსის მოქმედების მქონე „ტაურუსის“ რაკეტებს.
ანტირუსული განწყობა ევროპელებში 2022 წლის თებერვლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამოუწვია, მან უბრალოდ გასაქანი, სტიმული მისცა დაგროვილი ბოღმის ამოხეთქვას. იმ ბოღმის, რომელიც 1945 წლის ფაშიზმზე გამარჯვებას მოჰყვა.
მათთვის, ვინც ობიექტურად აფასებს მე-2 მსოფლიო ომის ისტორიას, ცნობილია ჰიტლერულ გერმანიასთან ევროპის ქვეყნების მხარში დგომა. ინანებენ თუ არა ისინი სავალალო შეცდომას?
პოლიტიკოსები არა! მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, შესაძლოა! უდიდესი უმრავლესობა დასავლური პროპაგანდით გაბრუებული, არა! მათ სჯერათ, რომ რუსეთი, უკრაინის დაპყრობის შემდეგ, ევროპას მიადგება. არის რუსეთი მზად ამისთვის?
უდავოდ არა!
რუსეთი არც უკრაინის დაპყრობისთვის იყო და არის მზად, ვინაიდან დაპყრობა ნიშნავს დაპყრობილის რჩენას, მისთვის გაცილებით უკეთესი სოციალური პირობების შექმნას, ვიდრე დაპყრობილს, დაპყრობამდე ჰქონდა. რუსეთის სურვილი იყო და არის რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსი ეროვნების ადამიანების გადარჩენა უკრაინული ნეოფაშიზმისგან.
რუსეთის ხელისუფლება არც ამაზე იფიქრებდა, უკრაინას მინსკის ხელშეკრულების მოთხოვნები რომ შეესრულებინა. მაშინ დონბასი, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იქნებოდა — ფართო ავტონომიით, რუსული ენის შენარჩუნებით.
ნეოფაშისტურმა უკრაინამ არ მოინდომა ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან აშშ-ა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ომის გაგრძელება ურჩიეს — რუსეთის გასანადგურებლად.
არ გამოუვიდათ! რუსეთმა შეძლო მობილიზაცია, როგორც ეკონომიკის, ისე სამხედრო ძალის, გაუძლო 30000 ეკონომიკურ სანქციას. და არა მარტო გაუძლო, არამედ ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების ტემპით მე-4 ადგილი დაიკავა მსოფლიოში ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ. ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანია და საფრანგეთია ათეულში — ბოლო ადგილებზე.
რუსეთს დიდხანს შეუძლია ომის გაგრძელება. ამის საშუალებას მას აძლევს მდიდარი წიაღისეული, გიგანტური მრეწველობა — შექმნილი საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღეს მოდერნიზირებული.
საზოგადოებრივ რადიოს აქვს გადაცემა „ჩაი ორისთვის“, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას სამ-სამი საათის განმავლობაში გადის ეთერში. მისი წამყვანი რუსოფობი და კაცთმოძულე შავლეგ გეგეჭკორი გესლს აფრქვევს ეთერში და მსმენელს მოუწოდებს ფაშისტური უკრაინის მიმართ პოზიტიური განწყობისკენ, აგრესორი რუსეთის მიმართ კი სიძულვილისკენ. არც მან და არც ამ რადიოს რედაქციამ არ იციან მინიმალური, ნეოფაშისტური უკრაინის თაობაზე. არ იციან რამ გამოიწვია რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება.
გეგეჭკორს არც თავისი ქვეყნის ისტორია უყვარს — 70 წლის განმავლობაში რომ იყო საქართველოში, მას საბჭოთა პერიოდი ჰქვია და გძულს თუ არა ის — შენია, შენი ქვეყნისაა. და როდესაც მას ლანძღავ, აქილიკებ, ვერ ხვდები, რომ თავს იქილიკებ, დასცინი, აგინებ.
ერთ-ერთი გადაცემის დროს მან დაცინვით თქვა — საბჭოთა კავშირს პამპერსის გაკეთების თავიც არ ჰქონდაო. ქვეყანამ და პოლიტიკურმა სისტემამ პამპერსი რომ ვერ გააკეთა, დიდი ნაკლოვანება იყო?
მაგრამ მან უმძლავრესი მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, იარაღის წარმოება, ბირთვული იარაღი შექმნა. მარტო პამპერსის კეთებით ომის მოგება შეუძლებელი იქნებოდა. იქნებ შეგვახსენოს მეტიჩარა რადიო-ჟურნალისტმა თვით ევროპამ როდის დაამზადა პამპერსი?
1944 წელს დასავლეთისკენ წითელი არმიის წარმატებული სამხედრო მარშის დროს, რუმინეთში, ფაშისტური გერმანიის მტკიცე მოკავშირე ქვეყანაში, რომელსაც ფაშისტი ანტონესკუ მეთაურობდა, ამბოხი მოხდა ანტინესკუს ფაშისტური რეჟიმის დამხობით. ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მივიდნენ, მეფე მიხაი I ხელმძღვანელობით. მიხაი I მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა სტალინს. მათ შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა, რომლის დროს მეფემ იკითხა — რატომ არ ამზადებდა საბჭოეთი საყოფაცხოვრებო საგნებს დიდი რაოდენობით. რაზეც სტალინმა უპასუხა — ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ომით დანგრეული ათასობით ქალაქისა და სოფლის აღდგენა, როდესაც ამას მოვრჩებით, შემდეგ შევუდგებით მუნდირის ღილების გაპრიალებასო.
1965 წელს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების პარადის დროს მოსკოვში გახლდით და სასტუმრო „ნაციონალის“ ბოლო სართულის აივნიდან, მასპინძლებთან ერთად ვუყურებდით წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო პარადს, საბჭოთა კავშირი ფაშიზმზე გამარჯვების 20-წლისთავს ზეიმობდა.
9 მაისამდე საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ბევრი ქალაქის და დასახლებული პუნქტის მონახულების შესაძლებლობა მქონდა და უნდა გითხრათ, დიდი სამამულო ომის ნგრევის ნაკვალევი ვერსად შევნიშნე.
საბჭოთა კავშირს რომ ხელი არ შეშლოდა ფართოდ გაშლილ აღმშენებლობაში, ევროპაში აღმოცენებული ფაშიზმის მხრიდან, ისეთ სახლებში ვიცხოვრებდით ე.წ. სტალინის არქიტექტურის, ომის დაწყებამდე რომ აშენებდნენ.
მაქვს ეს სახლები ნანახი — მოხატული ფოიეებით, ფართო კიბეებით, 4-მეტრი სიმაღლის მოხატული ბინებით, ჩუქურთმებდამშენებული ფასადებით. მეტროს მაშინდელი სადგურები — უნიკალური გაფორმებით, ჩუქურთმებით, დღესაც გაოცებას იწვევს ნებისმიერ მნახველში.
სტალინის გაგებით, სწორედ ასეთ გარემოში უნდა ეცხოვრა საბჭოთა ადამიანს. არ დააცალეს.
ისტორიის მანძილზე რუსეთთან, შემდეგ საბჭოთა კავშირთან დასავლეთის დამოკიდებულება არასდროს ყოფილა გულწრფელი, მეგობრული. შური, ტერიტორიის ხელში ჩაგდების სურვილი ფარავდა იშვიათ პოზიტიურ გრძნობებს.
ასეა დღესაც. უკრაინული ნეოფაშიზმისთვის ხელის შეწყობა, სამხედრო დახმარების გაწევა რუსეთის სიძულვილით არის ნაკარნახევი. იმ სიძულვილით, რომელმაც ვერ დააჩოქა საბჭოეთი 80 წლის წინ.
უკრაინა, ანტირუსული პლაცდარმია — წაქეზებული კოლექტიური დასავლეთის მიერ. მეტყვით დასავლეთი აღარ არის კოლექტიურიო, ვინაიდან აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის დიდი დაპირისპირებააო. გეთანხმებით, დაპირისპირებაა, მაგრამ, როდესაც ამას ვამბობ, მახსენდება ქართული ანდაზა — ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევს. ამ ანდაზას რომ ვიხსენებ, ტრამპის სლალომური გადაწყვეტილებები მახსენდება — დღის განმავლობაში მრავალჯერ ცვალებადი. ძნელია დადგენა იმისა, დილის განცხადება არის ჭეშმარიტება თუ შუადღის.
ტრამპმა თქვა — რუსეთი ისაა, ვინც ნაპოლეონი და ჰიტლერი დაამარცხა. მან ასევე თქვა — აშშ-ა გაიმარჯვა პირველ და მეორე მსოფლიო ომებშიო. მან განაცხადა — აშშ-ა გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში და მას დახმარება გაუწია რუსეთმაო.
დამხმარემ, მეორე მსოფლიო ომში 27 მილიონი ადამიანი დაკარგა, აშშ-ა — ცოტათი მეტი, ვიდრე საქართველოს სსრ-მ — 450000.
თავისი 2,5 საუკუნის ისტორიის განმავლობაში აშშ-ს მხოლოდ 16 წელი არ უომია. მე-20 საუკუნის ომებში, როგორც პირველ, ისე მეორეში აშშ-ს წვლილი გადამწყვეტი არ იყო და ვერც იქნებოდა, ვინაიდანა აშშ-ს ტერიტორია ათასობით კილომეტრით იყო დაშორებული სამხედრო მოქმედების თეატრიდან. მოკავშირეები, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სახით, მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთნენ სახმელეთო ომში, როდესაც წითელი არმია ევროპისკენ მიიწევდა.
აშშ-მ თუ რამით გამოიჩინა თავი, ჰიროსიმასა და ნაგასაკში ბირთვული ბომბების ჩაყრა იყო.
აშშ-ი დამარცხდა კორეის, ვიეტნამის, ავღანეთის ომებში. დამარცხდებოდა ერაყშიც, რომ არ მოესყიდა სადამ ჰუსეინის კორუმპირებული გენერლები.
აშშ-ა, ნატოსთან ერთად „ივაჟკაცა“ იუგოსლავიის დაბომბვაში. 78 დღის განმავლობაში იბომბებოდა ბელგრადი, სხვა ქალაქები — ბარბაროსულად.
დასავლეთსა და რუსეთს შორის ამოუვსებელი ხრამია, რომელიც დროთა განმავლობაში არათუ ივსება, პირიქით. კიპლინგმა ერთხელ თქვა, დასავლეთი, დასავლეთია, აღმოსავლეთი — აღმოსავლეთი, ისინი არასდროს შეერთდებიან. დასავლეთსა და აღმოსავლეთს ანუ რუსეთს შორის სიღრმისეული მენტალური ხრამია, რომლის ამოვსება გაცილებით რთულია, ჩემის აზრით, შეუძლებელი, ვიდრე გეოგრაფიულის.
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერბოკის განმარტებით, ევროპა უნდა იყოს ლისაბონიდან, ლუგანსკამდე, ანუ ევროპამ უკრაინა უნდა მიითვისოს.
უკრაინის მითვისებას აპირებს ტრამპიც, რომელიც უკრაინასთან ხელშეკრულებას აფორმებს წიაღისეულის ათვისებისთვის. ვის ტერიტორიაზე აქვთ პრეტენზია ევროპელებს?
უკრაინისაზე, ქვეყანაზე, რომელიც მსოფლიო რუკაზე მხოლოდ საბჭოთა უკრაინის დროს დაიტანეს? მანამდე ეს ტერიტორიები რუსეთის იმპერიისა იყო — საუკუნეების განმავლობაში.
რუსეთის იმპერიამ ააშენა და დაამშვენა უდაბნო ტერიტორიები, რომლებსაც თვალი დაადგეს აშშ-ევროკავშირმა. თუ მათ გააჩნიათ ტერიტორიების მითვისების პრეტენზია, რატომ არ შეიძლება ასეთი ჰქონდეს რუსეთს თავისი ყოფილი ტერიტორიების მიმართ?
ტრამპი აცხადებს, რომ ის მოაგვარებს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას. ის იქონიებს ზეგავლენას ორივე მხარეზე, რათა მათ ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას. ტრამპს ჰგონია, რომ ამას შეძლებს. პირადად მე მეეჭვება, ვინაიდან დასავლეთმა ისე გადააგვარა უკრაინა, ისე შეაძულა მას რუსი, ისე გააფაშისტა, რომ მისი აზროვნების შეცვლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში მომავალი არაერთი წლის განმავლობაში.
სურთ აშშ-ევროკავშირს რუსეთ-უკრაინის დაზავება?
არ სურთ! პირიქით! უკრაინა ისეთი აღმოჩენაა მათთვის უმის გასაჭიანურებლად, უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ.
ტრამპი PR-ს მოტრფიალეა. მისთვის მშვიდობის მტრედობაა მთავარი, ნამდვილი მშვიდობის ნაცვლად — სწრაფი მშვიდობის მტრედობა. ნამდვილს დიდი, სერიოზული მუშაობა სჭირდება. ამის თავი არც მას და არც მის ადმინისტრაციას აქვს. ან რატომ უნდა ჰქონდეს — ოკეანის გაღმა ქვეყანას?
ტრამპმა, 8 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოაცხადა — ხაზი გაუსვა რა საკუთარ ვერსიას, რომ აშშ-ა დაამარცხა ფაშიზმი. აშშ-ა მართლაც გაიმარჯვეს, მაგრამ სხვა გაგებით. აშშ-ს 1945 წელმა მსოფლიო ლიდერობა მოუტანა, ეკონომიკური ამაღლება, დოლარის მეფობა, ახალი სახის ნეოკოლონიალიზმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა.
დაშლის შემდეგ კი, მეტოქეს გარეშე დარჩენილმა, მეორედ იზეიმა ჰეგემონობა, თუმცა უკვე წყალშემდგარმა, მრავალპოლუსიანობის წინაშე დამდგარმა.
9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავი სამხედრო პარადი გაიმართება, რომელსაც 30-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი და დელეგაცია დაესწრება. ევროატლანტიკური სივრცე არაკეთილი თვალით, შურით შეხედავს მოსკოვურ ზეიმს, თუმცა ამით რუსეთს არაფერი დააკლდება — საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, რომელმაც ოთხწლიანი იმის შედეგად დაამარცხა ჰიტლერული ფაშიზმი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
08/05/2025