25.04.2025

უპასუხისმგებლო პოლიტიკა

ევროკომისიის თავხედობა, რომ ჩვეულებრივ მოვლენად არის გადაქცეული, აღარავის აკვირვებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. და არა მარტო იქ, არამედ არაწევრ სახელმწიფოებშიც,  მათ შორის ათასობით კილომეტრზე დაშორებულში ევროპის კონტინენტიდან, მაგრამ იმას, რასაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი, არვინ მოელოდა.

ევროკავშირის შექმნის ისტორია პოლიტიკურ საქმეში ჩახედულთათვის კარგად არის ცნობილი. ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება სულაც არ ისახავდა მიზნად პოლიტიკით გატაცებას. ეკონომიკა იყო მიზანი და სამომავლოდ ასეთად უნდა დარჩენილიყო — კავშირის თითზე ჩამოსათვლელი წევრებისთვის.

ევროკავშირის შექმნის ისტორია, ისტორიას ჩაბარდა და იშვიათად თუ იხსენებს ვინმე მას.

დროთა ვითარებაში გაფართოვებული კავშირი არა მარტო წევრებით, არამედ ამბიციებით, ეკონომიკური საკითხების მოგვარებიდან, პოლიტიკურზე გადავიდა. და ისეთი მონოლითური შტაბ-ბინა და აპარატი შექმნა, დღეს რომ თავბედს იწყევლიან წევრი სახელმწიფოები.

ბრიუსელი, ევროკავშირის შტაბ-ბინა გადაიქცა ზე ორგანოდ, რომელიც მედიდურად დაჰყურებს წევრ-სახელმწიფოებს და კომისიის გაგებით, „ცუდი“ ქცევის შემთხვევაში, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებს, ისე ტუქსავს მათ.

ამ მხრივ ევროკავშირის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს ტოლს ვერვინ დაუდებს. ასე გვეგონა გასულ კვირამდე, მაგრამ რომ იტყვიან მჯობნის, მჯობნი არ დაილევაო, ჰიტლერინ ურსულას, როგორც მას ამკობენ, კონკურენტი გამოუჩნდა კაია კალასის — ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახით. სხვათა შორის მასაც ნეოფაშისტად მოიხსენიებენ.

არის რამე ამ შერქმეულ სახელებში გასაკვირი?

არც არაფერი, ვინაიდან ერთისა და მეორის წინაპრები ფაშისტები იყვნენ — არა რიგითი, არამედ ჰიტლერული ორგანიზაციის აქტიური წევრები, იდეოლოგები.

აქვე აღვნიშნავ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები იმათი შვილიშვილები არიან, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ: იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი, გერმანიის მომავალი კანცლერი მერცი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომისარი კაია კალასი, სხვები.

ყველა ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ნეოფაშისტურ „ხუნტას“ — პრეზიდენტყოფილი ზელენსკის მეთაურობით. ეხმარებიან მას იარაღით, ფინანსურად, მორალურად, სისტემატურად მოუწოდებენ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ერთ-ერთ წინა სტატიაში დავწერე და ახლაც გავიმეორებ — ვისაც ომის შეწყვეტა უნდა, მეომარ მხარეს, ანუ უკრაინას არ მიაწვდის იარაღს.

გასულ ხუთშაბათს გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს და აშშ-ს სპეცწარმომადგენლის უიტკოფის მოლაპარაკებები საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ მაკრონი — საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლემი. ეს ორი უკრაინის თავგადაკლული დამცველები არიან, შესაბამისად რუსოფობიურად განწყობილი.

აი, სწორედ ამ მოლაპარაკებების მსვლელობის დროს გერმანიამ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და ტყვია-წამალი მიაწოდა უკრაინას. გავიმეორებ — ომის შეწყვეტისთვის იარაღის მიწოდება ნიშნავს არა შეწყვეტას, არამედ ომს.

ასე რომ, ევროკავშირს, ისე, როგორც ნატოს სულაც არ ხიბლავს ომის დასრულება. რაც მათ ხიბლავთ — ომის გაგრძელებაა, მათთვის საძულველი რუსეთის ეკონომიკური დაჩაჩანაკებისთვის, დამარცხებისთვის. მერე რა, რომ ამ ომში უკრაინელები და რუსები იხოცებიან, გაცილებით მეტი უკრაინელები?

არც არაფერი — ორივენი სლავები არიან და კაცობრიობა როგორმე გადაიტანს მათ გაწყვეტას!

9 მაისს მსოფლიო, განსაკუთრებით რუსეთი აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს — ევროპელები სხვაგვარად, 8 მაისს. ამ დღეს, უკრაინის მომხრე ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები კიევს ეწვევიან — ნეოფაშისტურს, ბანდერულს მისამძიმრებლად თუ გამარჯვების მისალოცად, ძნელი ამოსაცნობია.

უკრაინა დიდ მარცხს განიცდის ფრონტზე. ასეთ დროს სტუმარი მასპინძელს მხნეობისკენ მოუწოდებს ალბათ, მაგრამ უშველის უკრაინას გამხნევება?

უშველის უკრაინის მილიონზე მეტი დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს გამხნევება?

დაქცეულ უკრაინას, აღორძინებისკენ სულს შთაბერავს?

გამხნევებასთან ერთად უდავოდ ადგილი ექნება წაქეზებას — მიდით, მიდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო!

უკრაინის ნეოფაშიზმი, რომ მარტო უკრაინის საზღვრებში ჩაიკეტოს, კიდევ არაფერ, შედარებით ნაკლები ზარალის, თავსატკივარის მომტანი იქნება მსოფლიოსთვის, მაგრამ აღორძინებული „ყავისფერი ჭირი“ ხომ ევროპასაც მოედება?!

თუმცა თვით ევროპიდან არ გავრცელდა უკრაინაში ნეოფაშიზმი? მაგრამ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ხომ არ არის ნეოფაშიზმის თაყვანისმცემელი?

არ არის!

ერთ-ერთი მათგანი სლოვაკეთია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მწარედ იწვნია ჰიტლერული ფაშიზმის საშინელებები. სლოვაკეთისთვის, გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავისთვის მიძღვნილი დღესასწაული წითელ მოედანზე ბევრს ნიშნავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ მოსკოვში ჩასვლა.

როგორ თუ მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაო, ლამის ტანზე შემოიხია კაია კალასმა — არავინ გაბედოს მოსკოვში წასვლა, არც ერთმა წევრმა და არაწევრმა, ასოცირებულმაცო.

კაია კალასის ბრძანებამ, ისე გააცეცხლა ფიცო, რომ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სიტყვებით — დღეს 2025 წელია და არა 1939-ი. მე, დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ და სადაც მინდა იქ წავალო.

შეხედეთ, პატივცემულო მკითხველო, ბრიუსელელი მოხელის თავხედობა რა დონეზეა ასული?!

კალასს, ფონ დერ ლაიენს, სხვა ბრიუსელელ მოხელეს, არვის მიერ არჩეულს რამხელა ამბიციები აქვთ და წარმოიდგინეთ საქართველო, ევროკავშირში მყოფი?!

თუმცა კალასის ბრძანება საქართველოსაც ეხება, როგორც წევრობის კანდიდატ ქვეყანას. თუ სომხეთს შეეხო, არც ასოცირებულ წევრს და მითუმეტეს არც წევრობის კანდიდატს, საქართველოს არ ეხება?!

სომხეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საჯაროდ დაგმო კაია კალასის მიერ სომხეთისთვის გაგზავნილი ბრძანება — რომ ფაშინიანს უარი ეთქვა მოსკოვში გამგზავრებაზე, რა შუაშია ევროკავშირი ჩვენთან, ჩვენ უბრალოდ გამოვთქვით სურვილი ევროკავშირში გაწევრებაზე; ჩვენ არც ასოცირებული წევრები ვართ და მითუმეტეს წევრები, ამდენად ვერვინ აუკრძალავს ფაშინიანს მოსკოვში ჩასვლასო.

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი ჩვენი გამარჯვების ამსახველია. იმ ომში 300000 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივი არ უნდა მივაგოთო — ბრძანა მან.

საქართველოს მოსახლეობამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო დიდ სამამულო ომში, იმდენი, რამდენიც იმ დროისთვის მოსახლეობით ნაკლებმა სომხეთმა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებიდან არვინ მიიღებს მონაწილეობას წითელ მოედანზე გამართულ ღონისძიებაში.

საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და არ აქვს იმიტომ, რომ ასე ინება საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა — 2008 წლის ცხინვალის ომში დამარცხების და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

ძნელია იმის თქმა ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თუ აიძულეს მიეღო სტრატეგიულმა პარტნიორებმა.

სააკაშვილის რუსოფობიურობაში დაეჭვება ღიმილის მომგვრელია. ის იყო და იქნება ასეთი, მაგრამ ერთია რუსოფობია და მეორეა გადაწყვეტილება — ომის  დაწყებასთან დაკავშირებით. მართლაც უჭკუო, სულელი უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და ის არ იყო ასეთი, რომ ომი დაეწყო ბირთვულ სახელმწიფო რუსეთთან.

ომის გამჩაღებელს უნდა სცოდნოდა, რომ ცხინვალში შეჭრით ვერაფერს მიიღებდა, რომ ცხინვალს დახმარებას რუსეთი გაუწევდა, ისე, როგორც 1992 წელს ჩრდილო კავკასიამ გაუწია აფხაზეთს. სააკაშვილმა არ გაიზიარა წინამორბედი პრეზიდენტის საბედისწერო შეცდომა აფხაზეთში ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით და დაუშვა ისეთივე ან უფრო უარესი.

თუ შევარდნაძის ავანტიურას არ მოჰყოლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური აღიარება, სააკაშვილისას მოჰყვა. შევარდნაძის შეცდომის, უფრო სწორად დანაშაულის წამქეზებელი ცნობილი არ არის, ვინაიდან ასეთი არ იკვეთება, მაგრამ სააკაშვილის იკვეთება — აშშ-ს სახით.

შევარდნაძე, ისე თავდაჯერებით მოქმედებდა, როგორც შეეფერებოდა სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროს წევრსა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს. ის, ძველ თანამდებობებთან ერთად დაფრინავდა ზეცაში იმის რწმენით, რომ ასეთს ვერვინ ვერაფერს გაუბედავდა. შეცდა!

შეცდა?

შევარდნაძის სამწუხაროდ, თუმცა რაღა სამწუხაროდ, ის რახანია იმ ქვეყანაშია და აქაური აღარაფერი აწუხებს, მაგრამ ქვეყანა, რომ წუხს მის მიერ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებით?

შევარდნაძის მიერ დაწყებულმა ომმა და მასში სამარცხვინო დამარცხებამ, ყოფილი ავტონომიის ფაქტობრივმა დაკარგვამ, 300000 ლტოლვილის უსერიოზულესმა პრობლემამ — აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულმა, პრობლემამ, რომელიც დღესაც არ არის ამოწურული, საქართველოს მოსახლეობის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა, მარცხით გამოწვეულმა ნიჰილიზმმა — ერში გამჯდარმა უარყოფითად იმოქმედა, მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს.

შევარდნაძის მმართველობას სააკაშვილმა და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა დაუსვეს წერტილი. ხელისუფლების ცვლას, საქართველოს მსგავს ქვეყნებში, როგორც წესი ახლავს ყოფილის მუშაობის შეფასება — მეტწილად დადანაშაულების მიზნით. აქ, ასეთს ადგილი არ ჰქონია. და არ ჰქონია იმიტომ, რომ შევარდნაძის უსაფრთხოებას დასავლეთი უზრუნველყოფდა?

არა, პატივცემულებო, სააკაშვილს თავში აზრადაც არ მოსვლია შევარდნაძის მიერ აფხაზეთში გაჩაღებული ომის შეფასება.

ასეთი რომ, საჭიროა ყოველდღიურად ვისმენთ აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის ტრამპისგან, როდესაც ის ყოველი საჯარო გამოსვლისას ადანაშაულებს ბაიდენს უკრაინაში ომის დაწყებაში — მე, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომს დავუშვებდიო — ამბობს ის,

სააკაშვილს, 1992 წლის ომის გამომწვევი მიზეზების გამოძიებისთვის კომისია რომ შეექმნა, თავს ანალოგიურის გამეორების უფლებას არ მისცემდა. სააკაშვილის პიროვნებიდან და ამბიციებიდან გამომდინარე ძნელია იმის თქმა, რომ კომისიის უარყოფით გადაწყვეტილებას, როგორც სახელმძღვანელოს და გასათვალისწინებელს, ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ …

როგორც ერთის, ისე მეორისთვის ყოფილ ავტონომიებში საქართველოს გავლენის, იურისდიქციის აღდგენა პატრიოტიზმი იყო. ამ საქმეში ორივეს მომხრეებიც ჰყავდათ, რომლებიც წინასწარ ვერ საზღვრავდნენ ომის შედეგებს.

 შევარდნაძის ვითომ პატრიოტულმა, სინამდვილეში აგრესიულმა გამოხდომამ აფხაზეთის დე ფაქტო დაკარგვა გამოიწვია.

სიტყვა „დე ფაქტო“, დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში მიღებული — უცხო იყო იმჟამინდელი საქართველოსთვის. პოლიტიკური ფენა იმ ჩვილ ბავშვს ჰგავდა, სიარულს რომ იწყებს.

რაც შეეხება სააკაშვილის 2008 წლის ცხინვალის ომს, საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იყო, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, ამდენად მისი პოლიტიკური ელიტა კარგად უნდა ყოფილიყო გათვითცნობიერებული ომის გაჩაღებით გამოწვეულ შედეგებში.

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ 1992 წლის შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ ბევრი ვერაფერი შესძინა პოლიტელიტას და როგორც ჩანს, ვერც დღეს სძენს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი თინა ბოკუჩავა, საჯაროდ რომ გამოაცხადებს — 2008 წელს სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრიობას იცავდაო — რბილად რომ ვთქვათ უცოდინრობას ნიშნავს ან საერთაშორისო შეთანხმების ფეხებზე დაკიდებას.

სამხრეთ ოსეთის მშვიდობას ეუთო უზრუნველყოფდა და მასთან ერთად რუსეთისა და საქართველოს სამშვიდობო ძალები. და ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილს სერიოზული მოლაპარაკებები ეწარმოებინა სამხრეთ ოსეთთან საქართველოს შემადგენლობაში მისი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, მან დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს წაქეზებით იარაღს მოჰკიდა ხელი — საკუთარი ხალხის სამხედრო ძალით დაქვემდებარებისთვის.

თინა ბოკუჩავას აზრს იმ ომთან დაკავშირებით ნაცმოძრაობის სხვა წევრებიც იზიარებენ. და არა მარტო იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის წევრები არიან, არამედ იმიტომ, რომ ასე თვლიან ისინი — სამხრეთ ოსეთი ჩვენი იყო და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებდით იქო.

ანალოგიური მიდგომა ჰქონდათ გამსახურდიას და „მრგვალი მაგიდის“ წევრებსაც, ნოდარ ნათაძის „სახალხო ფრონტს“. ისინი აღარ არიან. საქართველო არის, მაგრამ შეკვეცილი.

პოლიტიკოსობა, სხვა პროფესიასთან შედარებით, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ისე ნუ გამიგებთ, სხვა პროფესია თითქოს პასუხისმგებლობას არ მოითხოვს. არა, ბატონებო, მოითხოვს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა დარგობრივია, პოლიტიკოსობა — პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფოებრივია. პოლიტიკოსი სახელმწიფოს წინაშეა პასუხისმგებელი და არა რომელიმე დარგის, მშენებლობის, განათლების, მეცნიერების და ა.შ.

ახალმა, ე.წ. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ქვეყანაში მოიტანა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსობა.

გაჩნდა მრავალი პარტია — ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველი. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს წარმოდგენაც არ აქვს რას ნიშნავს სახელმწიფოს შენება და ამ საქმის მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენა.

უპასუხისმგებლობამ — გამოვლენილმა ისტორიის ერთობ მოკლე პერიოდში, ორი მძიმე დარტყმა მოგვაყენა — ადამიანთა მსხვერპლით და ტერიტორიების დაკარგვით.

დავსვათ კითხვა — ვართ თუ არა დაზღვეული იმ ორი მძიმე დარტყმის მსგავსის გამეორებისგან?

ჩემის დაკვირვებით და დღევანდელ პოლიტიკოსთა მოქმედებით, არავითარი გარანტია იმისა, რომ უპასუხისმგებლობას აღარ გავიმეორებთ, არ არსებობს, ვინაიდან უპასუხისმგებლობა ჩანს ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით პოლიტიკაში.

უპასუხისმგებლობად მიმაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გალუზინის და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრეს-მდივნის პესკოვის განცხადებებზე — რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის პასუხი — საკითხის მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ რუსეთი დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებსო.

პასუხი მართლაც მარტივია — საქართველო არ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. აქედან გამომდინარე, არც პოლიტიკური კავშირების. პაპუაშვილის განაცხადა, რომ მისი პირადი არ იყო, ეჭვი არ მეპარება. პაპუაშვილს, „ოცნების“ ხელისუფლებამ ათქმევინა ის, რაც „ოცნებას“ უნდა ეთქვა.

არის თუ არა პაპუაშვილის განცხადება უპასუხისმგებლო?

ჩემის აზრით, არის! ოპოზიციისთვის — არა! ოპოზიციაც ხომ წლებია იგივეს გაიძახის?

ე.ი. ხელისუფლება და ოპოზიცია რუსეთთან კავშირების აღდგენასთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე არიან?

დიახ, პატივცემულებო! არა მარტო ამ საკითხში, სხვაშიც იგრძნობა პოზიციათა თანხვედრა. მოდით სიღრმისეულად განვიხილოთ პაპუაშვილის „ბრძნული“ პასუხი. საქართველოს არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც გაწყვიტა თვით საქართველომ, მისი პრეზიდენტის სააკაშვილის გადაწყვეტილებით — ცხინვალის ომის წაგების და ყოფილი ორი ავტონომიური ფორმირების რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ.

ევროკავშირის სპეციალური საგამოძიებო კომისიისა და გაეროს ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ომი საქართველომ დაიწყო და მასში გამოიყენა აკრძალული ჭურვები.

საერთაშორისო სარბიელზე კარგახანია ცნობილია აგრესორის ვინაობა, მაგრამ საქართველოს საზოგადოებას ეს არაფრად მიაჩნია. მას თავისი შეხედულება აქვს, თუმცა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი!

2008 წლის აგვისტოს ომიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ზოგი ქართველის ნაღრძობი ტვინი ვერადავერ ჩარეცხა. და რომ ვერ ჩარეცხა, იმიტომ ხდება გამეორება — ომი რუსეთმა დაგვაწყებინა, ჩვენ უმანკო კრავები ვართ, რუსთა მიერ დაზარალებულნი, ტერიტორიბწართმეულნი.

საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არ ვენდობით და საქართველოს პარლამენტის სპეციალურ კომისიას ვქმნით — სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, მათ შორის ცხინვალის ომის დაწყების საკითხიც იქნება განხილული და როგორც ჩანს ომის გამჩაღებელი სააკაშვილის, მისი ნაცმოძრაობის დამადანაშაულებელი განაჩენიც იქნება გამოტანილი.

კომისია გვერდს ვერ აუვლის სააკაშვილის დანაშაულს ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. და რას მივიღებთ?

მივიღებთ იმას, რაც თავის დროზე მიიღეს ევროკავშირის საგამოძიებო სპეციალურმა კომისიამ და გაერომ. ე.ი. ომი სააკაშვილმა დაიწყო და არა რუსეთმა.

მაშ, რას ვედავებით რუსეთს?

თუ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ხოლო რუსეთმა დაიცვა ცხინვალში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და სამშვიდობო სამხედრო ძალები, რუსეთია დამნაშავე თუ ომის დამწყები საქართველო?!

ვგონებ კითხვაც უადგილოა.

დავსვათ მეორე კითხვა — რატომ დაიპყრო რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები?

აქაც პასუხი მარტივია. რუსეთი იძულებული იყო დაეკავებინა ყოფილი ავტონომიების ტერიტორიები, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა ავტონომიებთან მოლაპარაკების დაწყებაზე, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ფორმირებების საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის სტატუსი და ნაცვლად ამისა, ისტერიული ყვირილი მორთო აღნიშნული ავტონომიების სამხედრო ძალით დაბრუნების თაობაზე.

რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ გონგამოცლილი და ავანტიურისტი სააკაშვილისგან, რომელსაც ზურგს აშშ-ი უმაგრებდა და ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ყოფილ ავტონომიებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოების მიზნით აღიარა მათი დამოუკიდებლობა და გააფორმა ხელშეკრულება სააკაშვილის მოსალოდნელი აგრესიისგან დასაცავად.

ის, რაც მოგახსენეთ, არ იძლევა პაპუაშვილის განცხადების სამართლიანობის ნატამალსაც. არც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩვენთვის დაბრუნების მცირედ შანსსაც.

პაპუაშვილისა და „ოცნების“ მიხედვით, არავითარ პოლიტიკურ ურთიერთობებს რუსეთთან დღეს ან ხვალ ადგილი არ ექნება. ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა დაიკავა დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, და რუსეთის დადებითი სურვილის მიუხედავად ისინი წინააღმდეგი იქნებიან ჩვენთან შეერთებაზე, რაც არ უნდა ფართო ავტონომია შევთავაზოთ მათ.

დამოუკიდებლობიდან, ავტონომიაზე ჩამოქვეითება არავითარ ლოგიკას არ შეესაბამება, თუმცა ასეთს ჰქონდა ადგილი გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ-ს ერთმანეთთან აკავშირებდათ სამოკავშირო ხელშეკრულება.

10 წლის შემდეგ აფხაზმა ბოლშევიკებმა თვით მოითხოვეს სსრ-ს სტატუსის გაცვლა ავტონომიაზე — საქართველოს სსრ შემადგენლობაში. მაშინ ამ გადაწყვეტილებისკენ აფხაზებს სტალინმა და ბერიამ უბიძგეს. თანამედროვე ვითარებაში სტალინ-ბერიას გაცოცხლებაც ვერ ააღებინებს ხელს ყოფილ ავტონომიებს დამოუკიდებლობაზე.

ასე, რომ საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით „ოცნების“ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობის გამოვლინება მართებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებაში.

აბსტრაქტული განცხადება — ჯერ ტერიტორიები, შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ილფისა და პეტროვის „12 სკამს“ მაგონებს, ცნობილი გამოთქმით —„დილით ფული, საღამოს სკამები. დილით სკამები, საღამოს ფული“.

დასავლეთის მიერ აგორებულ ომს მოჰყვა დასავლეთის ცრუ დაპირება დაკარგულის დაბრუნების თაობაზე. ქართულმა პოლიტიკამ, საზოგადოებამ გულუბრყვილოდ დაიჯერა ეს ზღაპარი. დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებამ ზღაპარი კიდევ უფრო გააზღაპარა. დღეს, აღარც დასავლეთი „გვამხნევებს“ და აღარც ტერიტორიების გამთლიანების იმედი გვაქვს. თუმცა ზოგ ოპოზიციონერს ისევ ჰგონია, რომ დასავლეთი დაგვეხმარება, როდესაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და აღადგენენ უკანალის ლოკვის პოლიტიკას.

რუსეთს ვთხოვთ ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ არ ვთხოვთ თურქეთს, რომელსაც არანაკლები ტერიტორიები აქვს ჩვენთვის წაგლეჯილი. უფრო მეტი ექნებოდა, ოსმალეთს რუსეთთან ომი რომ არ წაეგო და რუსეთისთვის სოლიდური ფულის გადახდის ნაცვლად ბათუმი და მისი შემოგარენი არ გადაეცა.

რუსეთის იმპერიის მიერ სისხლით მოპოვებული გამარჯვების ნაყოფს ვიმკით ჩვენ — აჭარის ავტონომიის სახით.

 კიდევ ერთ კითხვას დავსვამ — აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში ვართ თუ არა მზად მის სამართავად?

გვაქვს თუ არა გეგმა მართვისა ხალხის, რომელსაც არ უნდა ჩვენთან ცხოვრება?

ხალხის, რომელიც აფხაზურ და რუსულ ენებზე ლაპარაკობს და კულტურულ-ეკონომიკური ცხოვრებით რუსეთთან არის ჩახუტებული?

აფხაზეთი ისეა დაშორებული ჩვენგან, როგორც ჩვენ ავსტრალიისგან. და რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტად ვშორდებით.

2008 წლის ომის შემდეგაც შეიძლებოდა ჩვენგან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, ხელს რომ შეუწყობდა ჩატეხილი ხიდის აღდგენას. მხედველობაში არ მაქვს დაბრუნება. მხედველობაში მაქვს ურთიერთობის ხელახალი დაწყება, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯებისთვის.

ურთიერთობის აღდგენა კი რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის გარეშე მიუღწეველი ოცნებაა.

რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა, საქართველო-აფხაზეთს შორის დანგრეული სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა, აფხაზეთთან ბიზნეს კავშირების დამყარება, ისე, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის და ა.შ. ჩვენგან მოითხოვს აქტიურობას, პასუხისმგებლობის მაქსიმალურ გამოვლინებას და არა გაბუტვას ან სხვის მოიმედეობას.

 საქართველოს ხელისუფლება თავისი ინერტულობით გვაფიქრებინებს, რომ არ სურს დაკარგულის დაბრუნება; რომ ის კარგა ხანია შეეგუა მათ არყოფნას ჩვენთან და ლიტონ სიტყვებს ისვრის ტერიტორიული გამთლიანების თაობაზე, რათა ხალხს აფიქრებინოს, რომ ის მუდამ ამაზე ფიქრობს.

პატივცემულო ხელისუფლებავ! ტყუილად ირჯებით. ხალხმა ყველაფერი იცის!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

21/04/2025