15.04.2025

ტრამპის 100 დღე

ა.წ. აპრილს შესრულდება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასდღიანი მუშაობა თეთრ სახლში. პრეზიდენტის 100 დღე ბარომეტრად არის მიღებული აშშ-ი,  ახალი პრეზიდენტი როგორ გამოიჩენს თავს 100 დღეში, ისე გაგრძელდება 4-წლიანი საპრეზიდენტო ვადა.

პრეზიდენტ ტრამპამდე ყველა წინამორბედი ცდილობდა 100 დღეში მაქსიმალურად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები, სარისკო გადაწყვეტილებებიდან თავის შეკავებით, თუმცა ახალი ინიციატივების გაცნობით საზოგადოებისთვის.

ტრამპი სხვაა არა მარტო იმიტომ, რომ თეთრ სახლში შესვლამდე მას 4-წლიანი „შესვენება“ ჰქონდა, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ არჩევნების გაყალბების წყალობით.

რომ არა მახინჯი საარჩევნო სისტემა, არჩევნებში 200, 300 წლის წინათ გარდაცვლილი ამომრჩევლების მიერ ბაიდენისთვის მხარის დაჭერა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემა, ე. წ. კარუსელების გამოყენება და მილიონობით უკანონო მიგრანტების ხმების, ტრამპი გააგრძელებდა პრეზიდენტობას და 2024 წლის არჩევნებში ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას. აშშ-ს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა და არა ტრამპი.

4-წლიანმა შესვენებამ ტრამპი არათუ შეაგუა ბედს და ხელი ააღებინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პირიქით ბოღმით და რევანშის სურვილით აღავსო, საბრძოლველად დამუხტა და ისეთი შემართებით გააქანა ფინალური პაექრობისკენ, რომ ვერც სასამართლო ხელისუფლების გამოტანილმა ცრუ გადაწყვეტილებებმა შეაჩერა და ვერც ტერორისტის მიერ ნასროლმა ტყვიამ.

ტრამპმა გაიმარჯვა და მასთან ერთად ყველა ტრამპისტმა, დაჩაგრულად რომ გრძნობდა თავს დემოკრატიული პარტიისა და მისი პრეზიდენტის მმართველობაში.

4-წლიანი შესვენების შემდეგ, აშშ-ა და მსოფლიომ ახალი ტრამპი იხილა — გამოცდილი, პოლიტიკურ ბრძოლებში გაწაფული, თავდაჯერებული.

მან მოახერხა ახალი გუნდის შეკრება — მისდამი მოჭარბებულად ლოიალურად განწყობილის, უფრო ზუსტად ფანატიკურად, რაც იშვიათობაა აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ახალი ტრამპი, წინამორბედ დემოკრატთა მიმართ მტრულად არის განწყობილი, რასაც არ მალავს და არა მარტო მათ, არამედ ამერიკელ, ვაშინგტონელ პოლიტიკოსთა, მოხელეთა, ბობოლა ბიზნესმენთა მიმართ ე.წ. ელიტართა, რომლებსაც ის „ვაშინგტონის ჭაობს“ უწოდებს.

ტრამპი მილიარდერია, ბიზნეს წრეებიდან აღმოცენებული პოლიტიკოს-პრეზიდენტი. მის გვერდითაა სუპერ მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ექსპერტთა გათვლით, სულ მალე გახდება ტრილიონერი.

ტრამპის გვერდზე დადგნენ, რომ იტყვიან „ჩაქცეული“ მილიარდერები ჯეკ  ბეზოსი, სხვები. მაშ, ვინ დარჩა „ვაშინგტონის ჭაობში“, ხშირად რომ „დიპ სტეიტად“ მოიხსენიებენ, ქართულად „სიღრმისეულ სახელმწიფოდ, ხელისუფლებად, ისეთად, პოლიტიკოსებს რომ არჩევს მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე, მათ შორის პრეზიდენტებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს?

იქნებ „დიპ სტეიტმა“ იწინასწარმეტყველა კატასტროფული მოვლენები, ჩათრევას, ჩაყოლა ამჯობინა და ტრამპზე გააკეთა არჩევანი?

შედეგს, ამ გადაწყვეტილებისა დღეს ვერ ვიხილავთ, შესაძლოა ვერასდროს — მიმდინარე პროცესები, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაფარავს უხილავი „დიპ სტეიტის“ მოღვაწეობას.

მათ შორისაა ტრამპის გადაწყვეტილებები, მიღებული საშინაო და საგარეო ცხოვრებისთვის, სარისკო, ბეწვის ხიდზე გავლის მსგავსი, ურთიერთსაწინააღმდეგო, საკამათო, დაძაბულობის გამომწვევი — პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ტრამპამდე არსებული მდორე, მშვიდი ცხოვრების ადუღებაში.

რომ იტყვიან — მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, მიჩვეულის ნუ მოაკლებო. მშვიდ ცხოვრებას მიჩვეულ მსოფლიოს ტრამპმა სიმშვიდე მოაკლო და ისე აადუღა — შინ და გარეთ, რომ დიდი პროცენტებით არჩევნებში გამარჯვებულს, პროცენტებიც მოაკლო.

ტრამპის მიერ იმპორტზე ტარიფების აწევამ, ქვეყნების მიმართ დიფერენცირებულმა, 185 სახელმწიფო შეაზანზარა, მათ შორის ე. წ. პარტნიორი სახელმწიფოები, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრები და შეაზანზარა ისე, რომ ტრამპის ამერიკას იმ ჭრილში იხილავენ, როგორც მტერ რუსეთს.

ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროკავშირს მუქთა მჭამელად მოიხსენიებენ, წურბელებივით, რომლებიც დაეჩვივნენ ამერიკული სისხლის წოვას.

ერთის შეხედვით, ტრამპი  მართალია — ევროკავშირის ბაზარზე ამერიკული პროდუქციისთვის გაცილებით მაღალი ტარიფებია დაწესებული, ვიდრე ამერიკულ ბაზარზე   ევროპული პროდუქციისთვის.

თემა უაღრესად დელიკატური და საყურადღებოა, თანაც ეკონომისტების და ფინანსისტების განსახილველი, ამდენად თავს შევიკავებ და მათ დასკვნებს, ვარაუდებს დაველოდები, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ტრამპმა თავისი ტარიფებით საბოლოო ლურსმანი ჩააჭედა გლობალიზაციის კუბოს.

პოლიტიკაში ჩახედულთათვის კარგადაა ცნობილი რეიგანის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც „რეიგანომიკა“ ეწოდება. აშშ-ს პრეზიდენტმა რეიგანმა გადაწყვიტა  მრეწველობის აშშ-დან გადატანა სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სადაც გაცილებით იაფი მუშახელი იყო. რეიგანი იმედოვნებდა, რომ იქ გატანილი წარმოება იოლი სამართავი და სარფიანი იქნებოდა ისე, როგორც იოლი გასაკონტროლებელი, ვინაიდან მრეწველობისთვის, წარმოებისთვის საჭირო „ტვინი“ — უხეშად რომ ვთქვათ, აშშ-ი იქნებოდა — ინოვაცია, ტექნოლოგია, ლოჯისტიკური მომენტები და სხვა მრავალი.

წარმოებიდან გათავისუფლებული ამერიკა „ტვინით“ ივაჭრებდა.

ყოველივე აღნიშნულის გარდა განხორციელდა სახელმწიფო გამგებლობაში არსებული საწარმოების პრივატიზაცია, მეტადრე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ს სხვა თანამგზავრ ქვეყნებში.

ყბადაღებულმა „რეიგანომიკამ“ გარკვეული წარმატებებიც მოიტანა, მაგრამ პერსპექტივაში უმუშევრობა, სამრეწველო ქალაქების მოსახლეობის კატასტროფული შემცირება, დარჩენილთა სოციალური მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება. გაჩნდა ტერმინი „დეპრესიული ქალაქები“ — მიტოვებულ-დანგრეულ-გაძარცვული საწარმოებით, ბომჟებით გაჯერებული ქუჩებით, გაპარტახებული საცხოვრებელი სახლებით, ნარკომანებით.

ერთ-ერთი ასეთი გაპარტახებული, „რეიგანომიკის“ პერიოდის, აშშ-ს სამრეწველო ფლაგმანი ქ. დეტროიტი იყო და არის.

დეტროიტში არ ვყოფილვარ და არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ სურვილი არ მქონდა?

არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ ქალაქი დაიხურა მისი ნახვის მსურველთათვის — სანახავიც აღარაფერი იყო!  დეტროიტი ტელეფილმებში მაქვს ნანახი, ისე, როგორც თქვენ — ალბათ. საშინელი სანახავია და არა მარტო ის, არამედ სხვაც. ამის შემხედვარე ნებისმიერ ხელისუფლებას სურვილი მაინც უნდა გასჩენოდა რაიმეს კეთების.

არ გაუჩნდა.

ტრამპს გაუჩნდა და პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აპირებდა იმის განხორციელებას, რაც ახლა დაიწყო — მრეწველობის აშშ-ი დაბრუნება.

ტრამპი არა მარტო ამერიკულ ბიზნესს მოუწოდებს თავისი საწარმოების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ისევ ამერიკაში გადმოიტანოს, არამედ უცხოურ ბიზნესსაც პატიჟებს ამერიკაში სამუშაოდ და ამისთვის სერიოზულ პრობლემებს უქმნის საკუთარ სამშობლოში. მაგალითად გერმანია შეიძლება მოვიყვანოთ.

იაფ რუსულ გაზზე გაფურჩქნულმა გერმანიის მრეწველობამ, ეკონომიკამ მძიმე დარტყმა იგემა პარტნიორი აშშ-გან გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ სახელით ცნობილის აფეთქებით, უკრაინაში, რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის საპროტესტო დასავლური სანქციებით.

გაზსადენი ბაიდენის განკარგულებით ააფეთქეს, რათა რუსეთს პრობლემები შექმნოდა — ბუნებრივი აირის მიწოდების შედეგად შემოსავლების გაუქმებით. რუსეთმა არა მარტო გაზის გაყიდვით შემოსული ევროები დაკარგა, არამედ გაზსადენის მშენებლობაში დაბანდებული მილიარდები. და არა მარტო მან, არამედ გერმანულმა, ევროპულმა კომპანიებმა.

 ევროპამ  დაკარგა იაფფასიანი რუსული გაზი, განსაკუთრებით გერმანიამ და ნაცვლად მიიღო ძვირადღირებული ამერიკული აირი — 3-ჯერ ძვირად, რუსულთან შედარებით.

ამ ტერორისტულ აქტზე დღეს თუ ვინმე ლაპარაკობს მხოლოდ შიშით, სამზარეულოში. ხმამაღლა — არვინ, ვინაიდან ტერორისტის ეშინია, ანუ აშშ-ს.

სიტყვა „ტერორისტი“ არ წამომცდენია, შეგნებულად ვთქვი, ვინაიდან ის, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ ჩაიდინა — სახელმწიფო ტერორიზმია, თანაც თავისი პარტნიორის წინააღმდეგ.

 იკითხავთ — იცის ამის თაობაზე დაზარალებულმა პარტნიორმა, ანუ შოლცის მთავრობამო?

კანცლერი შოლცი გამოემშვიდობა თანამდებობას, მაგრამ სიტყვაც არ დასცდენია ტერორისტის შესახებ. ის ვაშინგტონში დაიბარეს და გააფრთხილეს — იტყვი, ყურებს დაგახევთო.

არ მოუნდა შოლცს უყურობა, მითუმეტეს მას პირადად ხომ არ შეხებია იაფფასიანი გაზის უქონლობით გამოწვეული კრიზისი?

კრიზისი გერმანიის მრეწველობას, წარმოებას, სოფლის მეურნეობას, ხალხს შეექმნა. დადგა გერმანული სახელგანთქმული  ავტომშენებლობა. ათასობით კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი აღმოჩნდა უმუშევრად, ავტომშენებლობის გიგანტებმა აშშ-ს, ჩინეთს მიაკითხეს. აი, სწორედ მათ სთხოვს ტრამპი ამერიკაში დაფუძნებას, იქ სამუშაო ადგილების შექმნას.

ტრამპს იმედი აქვს, რომ ტარიფების ახალი პოლიტიკით ააღორძინებს ამერიკის ეკონომიკას, საღათას ძილიდან გამოიყვანს „დეპრესიულ ქალაქებს“, ამერიკას დაუბრუნებს სიდიადეს.

ტრამპის გადაწყვეტილება დიდ წინააღმდეგობას აწყდება არა მარტო შინ, არამედ გარეთაც ათეულ-ათასობით მოპროტესტე დემონსტრანტის სახით, რომლებიც მოითხოვენ ტრამპის იმპიჩმენტს. ტრამპი კი შეუვალია. არ ცვლის გადაწყვეტილებას.

ტრამპმა გარისკა და იმედოვნებს, რომ რისკი წარმატებას მოუტანს. რომ იტყვიან — ვინც არ რისკავს, შამპანიურს არ სვამსო. ტრამპი დარწმუნებულია, რომ შამპანიურის სავსე ბოკალს დაცლის — გადატანითი მნიშვნელობით და მესამე ვადით პრეზიდენტობის შემოსაღებად კონსტიტუციაში ცვლილებასაც შეიტანს.

რომ იტყვიან — ჰა, ბურთი და მოედანი. ტარიფების შემოღების გადაწყვეტილება გრძელვადიანია და 100 საპრეზიდენტოში ვერ ჩაეტევა, მაგრამ სხვა?

სხვა კი ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგვე განახორციელა, გააუქმა რა წინამორბედ ბაიდენის მიერ მიღებული ბრძანებულებები. ტრამპმა გააუქმა USAID-ი, რადიოები „თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“; დაიწყო უკანონო მიგრანტების დეპორტაცია; მექსიკასთან საზღვრის გამაგრება. აიძულა მექსიკა უკანონო მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად მკაცრი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში; ხელი მოაწერა ბრძანებულებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არჩევნებში დაუშვებლობაში; ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის გაუქმებაში და სხვა.

ტრამპმა ქმედითი ნაბიჯი გადადგა უკრაინაში მიმდინარე პროცესების დარეგულირების საქმეში. ტრამპმა ვერ შეასრულა დაპირება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა. დაპირება მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა, რითაც ხაზი გაუსვა მისი, როგორც პრეზიდენტის მშვიდობისმოყვარულ პოლიტიკას.

ტრამპმა, მაშინაც და დღესაც კარგად იცოდა და იცის, რომ 24 საათში ომს ვერ დაასრულებდა, მაგრამ სურვილი ომის დასრულებისა ბევრს ნიშნავდა და ნიშნავს — ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფალთ ომის გაგრძელებისკენ.

ტრამპმა, რომელსაც გარკვეული სიმპათიები აქვს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ, კარდინალურად, განსხვავებული ურთიერთობა შესთავაზა პუტინს, რომელსაც მოჰყვა ორი ლიდერის სატელეფონო საუბრები და დელეგაციების შეხვედრები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში; რუსეთის ახალი ელჩის მუშაობის დაწყება ვაშინგტონში; მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა მოსკოვსა და ვაშინგტონში დიპლომატიურ მისიათა ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.

ტრამპმა მოლაპარაკებები აწარმოა უკრაინის მხარესთანაც, როგორც თეთრ სახლში — პრეზიდენტ ზელენსკისთან, ისე ერ-რიადში  უკრაინის მხარესთან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტრამპ-ზელენსკის თეთრი სახლის გაცხარებული დიალოგი, რომლის დროსაც მან და მისმა გუნდმა დააფიქსირეს ზელენსკის და მისი ხუნტის მიმართ ნეგატიური პოზიცია.

ოვალურ კაბინეტში გამართული ჩხუბით, სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმ დიალოგს, გამომჟღავნდა ტრამპის ალერგიული დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ, რაც უდავოდ დადებითი მომენტია, ზელენსკის 3-წლიანი ტრიუმფალური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.

მაგრამ ამ ჩხუბმა მსოფლიოს დაანახა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან, მსოფლიოს ჰეგემონთან არა მარტო შელაპარაკება შეიძლება, არამედ ჩხუბიც. ჩხუბმა ზელენსკის პოპულარობა შემატა უკრაინაში, რაც არცთუ სახარბიელოა რუსეთისთვის.

ევროპისთვის, ოვალური კაბინეტის შეხლა-შემოხლამ  ბიძგის მსგავსი აღქმა გამოიწვია — თუ უკრაინამ შეძლო შელაპარაკება, ჩვენ ვერ შევძლებთო? — იფიქრეს მათ და არა მარტო იფიქრეს, ტარიფთა თამაშშიც გამოავლინეს.

მსოფლიო მედიამ ტრამპის სატარიფო ინიციატივას პირველი მსოფლიო სატარიფო ომი შეარქვა, რომელიც ევროპისთვის მართლაც ომად გადაიქცა, მოწოდებით — თვით ევროპამ დაუწესოს ტრამპს, უფრო სწორად აშშ-ს ისეთი მაღალი ტარიფები, რომ სული ამოხადოს და აფიქრებინოს გადაწყვეტილების შეცვლა.

ევროკავშირში დაწყებული ანტიამერიკული რიტორიკა სულაც არ არის შემთხვევითი ან სპონტანური, მას საფუძვლად უდევს, ლამის 80-წლიანი მონური მორჩილება იმ ქვეყნისადმი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებით ფეხზე დააყენა ევროპის დაცემული ეკონომიკა.

გახსოვთ ალბათ, იმ პროექტს „მარშალის გეგმა“ ერქვა, რომელმაც მართლაც უშველა ევროპას ეკონომიკურად, მაგრამ პოლიტიკურად აშშ-ს ვასალად აქცია.

ვასალობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად აშშ-ა ევროპაზე ზედამხედველობის ინსტიტუტიც შემოიღო — ნატოს სახით. მართალია, ამ ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია ჯერ საბჭოთა კავშირის შეკავება იყო, უფრო სწორად მის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს აშშ-ს დაძახილზე — აღმოსავლეთით გალაშქრება, შემდეგ მის მემკვიდრე რუსეთზე, თუმცა თვით ევროპაზე კონტროლი არვის დავიწყებია, უპირველესად ამერიკას.

ამერიკა-ევროპის დაპირისპირება არ ახარებს-თქო რუსეთს, არაფრის თქმაა. რუსეთს უდავოდ ახარებს და გულში ოცნებობს უფრო მეტ კინკლავზე, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ბატონისა და ყმის ჩხუბი ორივეს ასუსტებს და ყურადღება რუსეთიდან მოჩხუბრებზე გადააქვს.

რუსეთისთვის მათი ჩხუბი იმიტომაც არის მისაღები, რომ ჩხუბში გამარჯვებულმა ამერიკამ ყური აუწიოს გაჯიუტებულ ევროპას და აიძულოს რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯების შერბილება, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში.

ევროკავშირის შტაბ-ბინა, მისი ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხების კომისრის კია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის, გერმანიის მომავალი კანცლერის მერცის და ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის სახით, რომელსაც დღეს ლეიბორისტული პარტია და პრემიერ-მინისტრი სტარმერი განასახიერებს, ანტიამერიკულ, ანტიტრამპულ, პროუკრაინულ პოლიტიკას აწარმოებენ.

თუ ტრამპი სამშვიდობო წინადადებებით გამოდის, ზემოჩამოთვლილნი პირიქით — ომის გაგრძელებით. ისინი მოუწოდებენ ზელენსკის იომოს.

გახსოვთ ალბათ, ვაშინგტონში „გალახულმა“ ზელენსკიმ შვება ლონდონში იგრძნო, პრემიერ-მინისტრ სტარმერისგან და მეფე კარლ-მესამისგან. ზელენსკი აღარ არის ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ჯილა, მაგრამ ჯილაა ევროკავშირის, მასში შემავალი საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნების და განზე მდგარი დიდი ბრიტანეთის.

ნებისმიერს, ვინც წვერმოშვებულ, მაისურში გახვეულ ზელენსკის შეხედავს, თუ ის ნორმალურად მოაზროვნეა, უდავოდ გაუჩნდება კითხვა — რა ხიბლავს ევროპელებს ზელენსკში? გამაღიზიანებელი ფიზიონომია, ბოროტებით აღვსილი თვალები, წვერგაუპარსობა თუ სამოსი, რომელიც ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას სტოვებს?

ზელენსკის ჩემეული დახასიათება სუბიექტურობას შეიძლება მიეწეროს, თუმცა ობიექტურობისკენ გადახრილს. ობიექტურობა კი საშინელების მთქმელია: ნეოფაშიზმის, დაჭრილი მეომრების ორგანოებით ვაჭრობის, ისე, როგორც მცირეწლოვანთა; მართლმადიდებლური რელიგიის აკრძალვის, ეკლესიების დარბევის; ომის გახანგრძლივების, ომში უკრაინელთა ხოცვის — უკრაინელი ახალგაზრდების ფრონტის ხაზზე გარეკვის, სხვა მრავლის, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ზემონათქვამი ხომ ცნობილია? მაშ რატომ არქმევენ მას დემოკრატს, უკრაინას —დემოკრატიის დამცველის სახელს?

ნეოფაშიზმი — ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე დემოკრატიის სინონიმია?

ზელენსკი სხვა რამისთვის უყვართ. მან შოუ-ბიზნესში ისწავლა გაყოფა, „ატკატების“ ხელოვნება, რასაც დიდ პოლიტიკაში აგრძელებს.

 ზელენსკიმ უცბათ აუღო ალღო დასავლელთა მიერ გაჟღერებულ დემოკრატიას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ამ სიტყვასთან და მის შინაარსთან. ზელენსკიმ დაინახა, რომ ტყუილი, სიცრუე, რომელიც მას ისედაც ჭარბად ჰქონდა გონებაში გამჯდარი, დასავლელ პოლიტიკოსებსაც ჰქონიათ და დაიწყო დასავლეთიდან მიღებული იარაღის, ჰუმანიტარული დახმარების შავ ბაზარზე გაყიდვა. შემოსული თანხების გაყოფა-განაწილების პროცესი — ამერიკელებთან, ევროპელებთან.

ომი — ხალხისთვის არის ტრაგედია, მაგრამ ხელისუფლებისთვის გამდიდრების წყარო. ტანზე შემოიხიეს ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებმა, ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებმა ყვირილით — მტარვალი რუსეთი უმანკო უკრაინას თავს დაესხა, ამიტომ უნდა გადავარჩინოთ — მივაწოდოთ მას იარაღი, ფული, გავუწიოთ ნებისმიერი სახის დახმარებაო.

იკითხავთ — დასახმარებელი ფული საიდან?

საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტიდან, საკუთარი ხალხის შრომის ფასად შევსებული. ბიუჯეტი უკიდეგანო არ არის და როდესაც შეთხელდა, გაიზარდა სხვადასხვა სახის გადასახადები, გაუარესდა მოქალაქეთა სოციალური ყოფა. მმართველებმა, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის მსუყე ნაწილი უკრაინას უწილადეს, უფრო სწორად საკუთარ თავს, თან უკრაინასაც — ზელენსკის და მის ნეოფაშისტური ჯგუფის სახით, თავის გასამართლებლად მოსახლეობას უთხრეს — ომია, ბატონებო, ამ ომში, ჩვენს დასაცავად უკრაინა იბრძვის და თუ არ გსურთ ომის უბედურების საკუთარ თავზე გამოცდა, გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობას უნდა გაუძლოთო.

ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელებმა ყველა ხერხი გამოიყენეს  საკუთარი ხალხის სოციალური აფეთქებისგან თავის დასაცავად. დროულად გათიშეს რუსული მედია — ინფორმაცია, მედია სივრცეში მოსახლეობას აღუკვეთეს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება.

ევროპელებისთვის რუსეთი აგრესორია, პუტინი უსაშინელესი პიროვნება, რომელსაც არა მარტო უკრაინის დაპყრობა სურს, არამედ ბალტიისპირა ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და ა.შ.

დაშინებული ევროპელების ტვინს ზელენსკის ყოველდღიური განცხადება — სიცრუით გაჟღენთილი ლახვარივით ედება თან, იმედით — იქნებ შეაჩეროს პუტინის აგრესია ევროპის მიმართო.

ფრონტის ხაზზე მარცხის მიუხედავად, ზელენსკი ვაჟკაცურად გამოიყურება და ტოლს არ უდებს მსოფლიო ლიდერებს, განსაკუთრებით ევროპელებს, რომლებსაც — ფული მომეციო — კი არ სთხოვს, არამედ უნდა მომცეთო. ხელი-ხელს ბანს, ორივე პირსო — უმარტივესი ფილოსოფიაა ზელენსკისა და ევროპელ პოლიტიკოსთა შორის.

ყოველივე აღნიშნული ზედმიწევნით კარგად იცის ტრამპმა. მისმა მარჯვენა ხელმა მასკმა ისიც თქვა — სპეცკომისიამ უნდა შეისწავლოს რაში დახარჯა ზელენსკიმ აშშ-ს მიერ მიცემული 350 მილიარდი დოლარიო. მაგრამ შემოწმება შემდეგ, ამჯერად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება რუსეთ-უკრაინას შორის.

ტრამპს სურს, რომ ასეთს ადგილი ჰქონდეს მისი პრეზიდენტობის 100-დღიან ვადაში, თუმცა ხედავს, რომ დაპირებას ომის შეწყვეტის თაობაზე ვერ ასრულებს, რაც აღონებს მას. პუტინი თანაუგრძნობს ტრამპს, რომ დაპირებას ვერც 24 საათში ასრულებს და ვერც 3 თვეში — არადა, ტრამპის სურვილი რომ ასრულებულიყო, რა სიამაყით წარსდგებოდა მსოფლიოს წინაშე?!

პუტინი წუხს, რომ ხელი ვერ შეუწყო ტრამპის საწადელის განხორციელებას და წუხს იმიტომ, რომ ტრამპი არა ისე აგრესიულად არის განწყობილი რუსეთისა და მის მიმართ, როგორც მისი წინამორბედები. მაგრამ რა გაეწყობა, პუტინის უკან რუსეთია, რომელიც მოითხოვს უკრაინის დასჯას; უძველესი რუსული ტერიტორიების დაბრუნებას; უკრაინაში ნეოფაშიზმის აღკვეთას და იქ მცხოვრები რუსებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

ტრამპისთვის ომის დასრულება რეკლამაა; პუტინისთვის — უმნიშვნელოვანესი რამ, დიდი შედეგის მომტანი რუსეთის დღევანდელი, ხვალინდელი დღისთვის.

რას ითხოვს ევროპა?

ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდება. პაუზა უკრაინას მისცემს დასვენების საშუალებას, ჯარის შევსების, ისე, როგორც შეიარაღების.

ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა პოზიტიურად იმოქმედოს საერთაშორისო არენაზე რუსეთის იმიჯზე, თუმცა ვეჭვობ დასავლურმა მედიამ დითირამბები უმღეროს რუსეთს ამ გადაწყვეტილებისთვის.

სტრატეგიულ პერსპექტივაში ეს ვერ შეცვლის მოსკოვის მიმართ ნეგატიურ პოლიტიკას. მას სიძულვილი არ გაუნელდება. რაც შეეხება გლობალურ სამხრეთს, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, გააგრძელებს ურთიერთობას.

პუტინი მზად არის დაეთანხმოს ტრამპს, მაგრამ მას შემდეგ, რაც განხილული იქნება უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამომწვევი მიზეზები. მიზეზები კი არაერთია — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება; უკრაინაში ნატოს ბაზების განლაგება და სხვა, რაც ხანგრძლივ მოლაპარაკებებს საჭიროებს და არა ჭადრაკის მსგავს ბლიც პარტიას.

პუტინის განმარტებით, უკრაინა ერთ-ერთი კომპონენტია, წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემებიდან, რომლებმაც სერიოზულად დააშორეს რუსეთი დასავლეთს — ლამის ბირთვული იარაღის გამოყენებამდე.

რუსეთი საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენულობას იცავს, რისი უფლება მას აქვს, რაც ტრამპმა უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ისეთი ცხოვრება, როგორიც ტრამპამდე იყო — დაძაბული, ცუდი პერსპექტივის მომასწავებელი.

ტრამპი აცხადებს, რომ ომის დამთავრება სურს. კეთილი, მაგრამ ამაზე იოლი რა არის მსოფლიო ჰეგემონისთვის?

არც არაფერი, გარდა საკუთარი თავისთვის იმის თქმისა — შეუწყვიტე უკრაინას იარაღის, ისე, როგორც ამერიკული კოსმოსური თანამგზავრებიდან სამხედრო ინფორმაციის მიწოდება; უბრძანე ნატოს წევრ სახელმწიფოებს გააკეთონ იგივე.

მავანი მეტყვის — ბრძანება ნატოს წევრებისთვის არადემოკრატიულობა და დიქტატურის გამოვლინებააო. გეთანხმებით, მაგრამ თუ ტარიფების შემოღება არადემოკრატიულად არ ჩაითვალა, ომის შეწყვეტისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება არადემოკრატიული?

პატივცემულებო, როდის აქეთ შეწყდა მსოფლიოში ძალისადმი თაყვანისცემა თუ არა მორჩილება?

რაღაც ვერ ვიხსენებ ასეთ პერიოდს. ტრამპმა იცის, რომ ძალით შეიძლება იმ მიზნების მიღწევა, მან რომ დაისახა და ამიტომაც ზრდის სამხედრო ხარჯებს — 850 მილიარდიდან, ერთ ტრილიონამდე.

ტრამპის პოლიტიკა ჰეგემონიზმია და არა მრავალპოლუსიანობა, სადაც აშშ-ი სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ რიგში იქნება ჩამდგარი. აწყობს ტრამპს, სხვასთან ერთად ერთ რიგში დგომა?

პრეზიდენტი, რომელიც სიამაყით აცხადებს, ტარიფებთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები ტრაკზე მკოცნიანო დავა მაგ დონეზე?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

10/04/2025