03.04.2025

არასახელმწიფოებრივი აზროვნება

მსოფლიო მედიის ყურადღება იყო და არის მიპყრობილი საუდის არაბეთისკენ, სადაც მიმდინარეობს რუსეთ-ამერიკის, ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებები — უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების და მშვიდობის დამყარებისთვის.

გასაკვირი არაფერია, რამეთუ ყველა ომს სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლავს. გასაკვირი მოლაპარაკების ადგილია. ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სარბიელზე მოპოვებული ავტორიტეტით, შეძლო მხარეთა ყურადღების მიპყრობა და დიპლომატიური მოლაპარაკებების მასპინძლობის მოპოვება.

დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად საკუთარი თავის, ანუ ქვეყნის შეთავაზება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ მიიღებენ თუ არა მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები შეთავაზებას, სულაც არ არის შესაძლებელი მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის მხარეთა დამოკიდებულება შემთავაზებლის მიმართ, მასპინძლის შესაძლებლობები — მაღალი დონის მოლაპარაკების გასამართი პირობებიდან გამომდინარე, მსგავსი მოლაპარაკებების გამართვის გამოცდილება, სხვა მრავალი ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხი, ქვეყანაში არსებული სტაბილურობა და მშვიდი პოლიტიკური გარემო.

საუდის არაბეთი, მხარეთათვის მისაღები გამოდგა, რაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის დამადასტურებელია.

დიპლომატიური მოლაპარაკებების დასრულებას მოჰყვება პრეზიდენტებს შორის შეხვედრაც, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთში გაიმართება.

დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები უკვე ნიშნავს საუდის არაბეთის, როგორც გამოცდილი მასპინძლის აღიარებას საერთაშორისო არენაზე, ხოლო ქვეყნის მეთაურების შეხვედრა, მითუმეტეს ისეთის, როგორიცაა აშშ-ი და რუსეთი, მსოფლიოს უახლეს ისტორიაში იმ სუფთა ფურცლის შევსებაც, რომელიც ყოველთვის მოუტანს საუდის არაბეთის დაფასებას.

საუდის არაბეთში სისტემატურად იმართება ახლო აღმოსავლეთის, არაბული ქვეყნების მეთაურების სამიტები, დიპლომატიური მოლაპარაკებები, მაღალი და უმაღლესი რანგის დელეგაციების ოფიციალური თუ სახელმწიფო ვიზიტები. ასე რომ, მეფის კარს და დიპლომატიურ სამსახურს დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი მასპინძლობაში. გარდა ამისა, რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით ამ ქვეყანას ვერც ერთი მუსლიმანური სახელმწიფო ვერ შეედრება. მარტო მექა და მედინა რად ღირს — 2 მილიარდი მუსლიმანის სალოცავი. ყველა მუსლიმანის ოცნებაა ერთხელ მაინც მოხვდეს მუსლიმთა ამ წმინდა ადგილებში.

საუდის არაბეთის, როგორც მაღალ-დაბალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების მასპინძლად შერჩევა კონკურენციასთანაც იყო დაკავშირებული. არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა ასეთი სურვილი, მათ შორის თურქეთმაც, სადაც უკვე გაიმართა მხარეთა მოლაპარაკებები, თუმცა არა უმაღლესი დონის. ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ საჯარო განცხადებაც გააკეთა მოლაპარაკებების მინსკში გამართვის თაობაზე. მან საზოგადოებას შეახსენა მინსკის მოლაპარაკებები და იქ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელმომწერთა ნაწილის ფარისევლური, მზაკვრული გადაწყვეტილებით არ შესრულდა.

მოგვიანებით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, მერკელმა და ოლანდმა — თანამდებობის დატოვების შემდეგ აღიარეს, რომ მათი მიზანი სულაც არ ყოფილა ხელშეკრულების მოთხოვნების დაკმაყოფილება. მათი მიზანი იყო დროის გაჭიმვა, უკრაინის არმიის შეიარაღება და ომისთვის მომზადება. არადა, მინსკის ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში საუდის არაბეთის მოლაპარაკებები, ისე, როგორც მანამდე სტამბოლის საჭირო არ იქნებოდა.

სტამბოლის მოლაპარაკებამ მხარეთა მიერ პარაფირებული ხელშეკრულებაც შვა  — გამზადებული პრეზიდენტთა ხელმოწერისთვის, მაგრამ აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციის ბრძანებით კიევს, ბრიტანეთის პრემიერი (ყოფილი ამჯერად) ბორის ჯონსონი ეახლა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის უბრძანა ომის გაგრძელება.

ჯონსონი ამდენს თავის თავზე ვერ აიღებდა, მას აშშ-ს პრეზიდენტმა (ყოფილი ამჯერად) დაავალა მსოფლიოსთვის არასასიამოვნო მისიის შესრულება.

მინსკის ხელშეკრულების, მითუმეტეს სტამბოლის შედეგად უკრაინის შემადგენლობაში რჩებოდა დონბასი, ოღონდ ფართო ავტონომიის სახით, სადაც უკრაინულთან ერთად, რუსული ენაც დაცული იქნებოდა.

ზელენსკის თანხმობამ დააქცია უკრაინა. მან არა მარტო დონბასი, ანუ დონეცკი და ლუგანსკი დაკარგა, არამედ ზაპოროჟიე და ხერსონიც. ოთხივე რუსეთის კონსტიტუციაში დაფიქსირდა და მათი ამოშლა შეუძლებელია, ისე, როგორც ყირიმის, სევასტოპოლის და კიდევ ვინ იცის რამდენის, ფრონტის 2000 კმ-ის სიგრძის ხაზზე რუსეთის არმიის წარმატებული წინსვლით.

ზელენსკიმ არა მარტო ტერიტორიები დაკარგა, არამედ  ხალხიც — მილიონამდე დაღუპულის და რამდენიმე მილიონის სახით — სხვა ქვეყნებში გახიზნულის. უკრაინის დემოგრაფიული სურათი არათუ ნეგატიური, არამედ შემაშფოთებელია. დაღუპული არ გაცოცხლდება, არც სამშობლოდან გაქცეული დაბრუნდება.

მოსახლეობის რაოდენობის ვარდნა — 52 მილიონიდან, 19 მილიონამდე, თავისთავად საგანგაშოა, მაგრამ სამომავლოდ კატასტროფული, ვინაიდან შობადობის მთავარი წყარო მამაკაცი, დეფიციტი ხდება. ბუნებრივად იბადება კითხვა — განიცდიან თუ არა ზელენსკი და მისი ხელისუფლება საზარელ  რეალობას?

რომ განიცდიდნენ, მაშინ საუდის არაბეთი საჭირო არ იქნებოდა, არც აშშ-ს შუამავლობა გახდებოდა საჭირო. ერთი სატელეფონო ზარი კრემლში უცბათ მოითავებდა ყველაფერს.

დღეს ეს შეუძლებელია, ისე, როგორც შეუძლებელია მინსკ-სტამბოლის ერ-რიადში ჩაწერა, თუკი ასეთს ექნა ადგილი. ზელენსკიმ და მისმა გუნდმა, სიხარბიდან გამომდინარე, ფეხზე დაიკიდეს უკრაინა. ზელენსკი, მილიარდერი  გახდა, უცხოეთში არაერთი ვილის და სასახლის პატრონი. მაგრამ ეღირსება იქ ცხოვრება?

არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ის დამარცხდება — ამას წინასწარმეტყველებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. დამარცხებული ზელენსკი უკრაინაში ვერ დარჩება, ვინაიდან მისი უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი გახდება, მაგრამ საზღვარგარეთაც რომ გაჭირდება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა?

ეს, რაც მოგახსენეთ, სულაც არ არის აბსტრაქტული აზროვნების ნაყოფი — რეალურისაა!

ერ-რიადმა ამერიკა-რუსეთი დააახლოვა, მაგრამ არც ისე, ჩახუტება რომ ჰქვია, თუმცა მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების მიერ გათხრილი უფსკრულის ამოვსება დაიწყო, რაც მისასალმებელია. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, ტრამპისადმი უაღრესად დადებითად განწყობილმა, სხვაგვარად შეხედეს და შეაფასეს რუსეთის ხელისუფლების და პრეზიდენტ პუტინის პოზიცია, სხვაგვარად ანუ რეალურად, რაც მათ საჯარო განცხადებებშიც გამოჩნდა. ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, რუსეთის პრეზიდენტთან მთავარმა მომლაპარაკებელმა უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისე ილაპარაკა, როგორც რუსმა პოლიტიკოსმა.

ანალოგიური პოლიტიკური ლექსიკა  აქვთ ვიცე-პრეზიდენტ ვენს, სახელმწიფო მდივან რუბიოს, უშიშროების საბჭოს მდივანს ვოლტს, სხვებს.

გამაოცა ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის რიკ სანჩესის ნათქვამმა ტაკერ კარლსონთან — აშშ-ს ყოფილი ხელისუფლების სიტყვის თავისუფლების უგულებელყოფასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ-ჯერობით აშშ-ი აშკარად არადემოკრატიულია და სჯის ყველას, ვინც რუსეთს დადებითად მოიხსენიებს. სანჩესმა პოზიტიურად აღნიშნა რუსული ტელეარხის RT-ს მუშაობა და ჩათვალა ის გაცილებით საინტერესოდ, ვიდრე ამერიკული ცნობილი ტელეარხები.

მან სინანული გამოთქვა, რომ RT-ს მაუწყებლობა შეჩერებულია. სანჩესი პოლიტიკასაც შეეხო, განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, რამაც გამოიწვია პუტინის სამხედრო ნაბიჯი, ვინაიდან მადამოსული ნატო უკრაინის მირთმევასაც შეეცადა.

სანჩესისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის, რომ დასავლეთი, რუსეთის ნატოს ალყაში მოქცევას ლამობდა პოლიტიკაში ჩახედულთათვის ცნობილია.

შეტევა უკრაინაზე დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან დაიწყო — ფართომასშტაბიანი, ყოვლის მომცველი — სკოლის პირველი კლასიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული.

ანტირუსულად აღზრდილი თაობა ეომება რუსეთს, ანტირუსულად აღზრდილი სამხედრო მოსამსახურეები, ჯარისკაცები, საზოგადოება. დასავლეთმა დაარწმუნა უკრაინელი, რომ ის არის განათლებული, დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ერი, ხოლო რუსი — არარაობა, რომელიც ხელს უშლის მის განვითარებას. 30 წლის განმავლობაში დასავლეთის მიერ წაქეზებული უკრაინელი კრძალავს რუსულ ენას,  მართლმადიდებლურ ეკლესიას, დღესასწაულებს, ავიწროვებს და პასუხისგებაში აძლევს ღვთისმსახურებს, მრევლს, ძარცვავს მათ სალოცავებს, ანგრევს ეკლესიებს ან ტუალეტად აქცევს შეგნებულად, დასამცირებლად.

სანჩესის განცხადებით, უკრაინამ რუსეთი გააუქმა — უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც 18 მილიონ კმ-ზეა გადაჭიმული. ჩემი კომენტარი — ამ სიდიდის მქონე რუსეთს, სხვისი ტერიტორიების დაპყრობისკენ არ ჰქონია და აქვს თვალი. ააქვსო, აცხადებენ ევროპელები; უკრაინას დაიპყრობს, შემდეგ ბალტიისპირა ქვეყნებს, პოლონეთს და „ძველი“ ევროპისკენ გაიწევსო, თავი უნდა დავიცვათო, ევროპის ჯარი უნდა შევქმნათო, ვინაიდან აშშ-ი აღარ აპირებს ჩვენს დაცვასო.

განგაშის ზარები დაირხა ევროპაში. უმალ შეიკრიბა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები — ბრიუსელის დაძახილზე. ევროკავშირის ახალმა ფიურერმა, ქალბატონმა ურსულამ, 800 მილიარდი ევროს მოძიების საკითხი დააყენა ევროპის არმიის ჩამოსაყალიბებლად.

ფაშიზმის ახალი ეტაპი დაიწყო — ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე. მას მეოთხე რეიხი ჰქვია — ისეთივე ამბიციური გეგმებით, როგორც მესამეს ჰქონდა, რომლის სათავეში ხელმოცარული მხატვარი და „მწერალი“ ადოლფი გახლდათ.

ახალ, მეოთხე რეიხს ქალი ჰყავს სათავეში — ურსულა. მიზანი მისი —აღმოსავლეთისკენ მარშია, უკრაინის გავლით, უკრაინის სრული ფაშიზაციით — რუსეთისკენ, მისი დაშლა-დაქუცმაცებისკენ.

ეკონომიკურ გაუსაძლისობაში მყოფი ევროპა, რომლის ეკონომიკური მაჩვენებელი 0,43% არ აღემატება, როგორ მოახერხებს 800 მილიარდის შეგროვებას — ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ევროპელი ექსპერტების მიხედვით, არცთუ ისეთი ძნელი, 450 მილიონი ევროპელის ჯიბეში ხელის ჩაყოფით — ამბობენ ისინი. ცდუნებაც დიდია, 10 ტრილიონი ევრო — მოსახლეობის საბანკო ანგარიშების სახით, გადასახადების გაზრდით, სოციალური პირობების გაუარესებით, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასების აწევით, ობლიგაციებით და ა.შ. მაგრამ მანამდე მოსახლეობის ანტირუსულად შემზადებით, მისთვის აგრესორის დამღის მიწებებით, სისტემატურად იმის ძახილით — რუსეთი მოდის და რომ არ დაგვიპყროს, არმია უნდა გვყავდესო.

იკითხავთ,  ჩალით ხომ არ არის დაფარული ევროპა. იოლი დასადგენი არ არის რუსეთი აპირებს თუ არა ევროპის დაპყრობას?.

იოლი დასადგენია თუ ინფორმაციის თავისუფალი მიმოსვლა იქნება, მაგრამ ასეთს რომ ადგილი არ აქვს. ამერიკა-ევროპამ რაც მოახერხეს — უპირველეს ყოვლისა ინფორმაცია დაბლოკეს — რუსული, საკუთარიც, ოღონდ რუსეთზე ობიექტურად მოსაუბრე.

ამერიკა-ევროპის ქვეყნები, მათმა ფაშისტურ-ლიბერალურმა ხელისუფლებებმა ჭურში ჩატენეს და ასმენინებენ ანტირუსულ ინფორმაციას, უკრაინის ხოტბა-დიდებით შეზავებულს. დღევანდელმა ამერიკელ-ევროპელმა თუ რამე იცის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ისაა, რომ უკრაინა ამარცხებს რუსეთს, დამარცხებული რუსეთი როგორ ხოცავს უმანკო უკრაინელებს, როგორ ანგრევს მათ ქალაქებს, სოფლებს. დასავლელებს უკვე აქვთ შექმნილი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ეშვებიანი ანტიადამიანური პორტრეტი. ის ვერ ხვდება სიყალბეს, ვერ ხვდება, რომ თავისივე კორესპონდენტი, უკრაინიდან დაბრუნებული და სიმართლის მთქმელი დაბლოკილია მედიაში.

წინა სტატიაში გითხარით გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებული კანონის შესახებ, რომლის მიხედვით, გერმანელ ჟურნალისტს აეკრძალა სვასტიკებით „დამშვენებული“ უკრაინელი „ბოევიკების“ ფოტოების გამოქვეყნება, უკრაინის ნეოფაშიზმზე სიტყვის ამოღება. „დამნაშავეს“ სამსახურიდანაც დაითხოვენ და პასუხისგებაშიც მისცემენ. ჰოდა, ამის შემდეგ რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი?

მხოლოდ ყალბზე და არაობიექტურზე.

ასე რომ, ევროპის ქვეყნების ხელისუფლებმა „იზრუნეს“  თავიანთ მრევლზე და ისე მოაქციეს, როგორც გადაგვარებულ საზოგადოებას შეეფერება. პროპაგანდას უდიდესი ძალა აქვს — დამანგრეველი ადამიანთა სულების. პროპაგანდის შედეგია ევროპაში რუსული კულტურის, ხელოვნების, მწერლობის აკრძალვა. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, სადაც რუსულ ენაზე დაბეჭდილი კლასიკოსების შედევრები ცეცხლს მისცეს; ძეგლები აიღეს, მათ შორის პუშკინის.

უკრაინა ევროპელთა მიერ გამოძერწილი ის ავისმომასწავებელი სიმახინჯეა, რომელიც წალეკვით ემუქრება თვით შემქმნელ ევროპასაც. და რომ ეს ასეა, ტვინის ჭყლეტა სულაც არ არის საჭირო. არსებულის გაანალიზებაც საკმარისია, მაგრამ მომხმარებლურმა ფსიქოლოგიამ, სულიერების მტერმა დააკარგვინა ვითომ განათლებულ ევროპას ანალიზის უნარი.

გახელებულმა დასავლეთმა შეძლო არა მარტო ევროპელთა გადაგვარება, არამედ უკრაინელთა, სომეხთა, მოლდოველთა, აზერბაიჯანელთა, ქართველთა, ყაზახთა, სხვა ყოფილ საბჭოელთა და რუსთა წინააღმდეგ ამხედრება. ჩვენი მეზობელი სომეხი, რუსზე რომ იტყვის — ისტორიული მტერიაო, განა გასაოცარი არ არის?!

რუსზე, რომელმაც სომეხი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, ისე, როგორც ქართველი და სახელმწიფო შეუქმნა, მსოფლიო სომეხთა ყრილობაზე, რომელიც ერევანში გაიმართა გასულ წელს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თქვა — „ოდკბ“-ე სომხეთის სახელმწიფოებრიობას ებრძვისო.

სომეხი პოლიტიკოსები დღეს არ ტოვებენ რუსეთის ლანძღვის გარეშე. სომეხთა გადაგვარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ერევანში არსებული აშშ-ს საელჩოს, თავისი მასშტაბით — 14000 კვ.მ-ის სიდიდის მთელს რეგიონში. სპეციალისტების მიხედვით, საელჩოს მიწისზედა ნაწილი გაცილებით ჩამოუვარდება მიწისქვეშას, ანუ 9 სართულს. საელჩოს მშენებლობაში 18 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც თავისთავად მიანიშნებს რეგიონში მის მნიშვნელობაზე. საელჩოს ტერიტორიაზეა ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო ბაზაც.

სხვათაშორის, სომხეთში სხვა ამერიკული ბაზებიც არის განთავსებული, გარდა ამისა სომხეთს სისტემატურად აწვდის იარაღს საფრანგეთი. სომხეთის ტერიტორიაზე იშვიათობას არ წარმოადგენს ამერიკა-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც.

ამერიკული პროპაგანდა სომეხთა იმ ნაციონალურ სიმებს არხევს, დიდ სომხობას რომ ეხება, მაგალითად ასეთს — ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მე-4 საუკუნეში, დიდ სომხეთს ეკავა ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული, კასპიის ზღვამდე, მთელი ამიერკავკასიის ჩათვლით. სომხებს ეუბნებიან, რომ დიდი სომხეთის აღდგენა შესაძლებელია, თუ სომხეთი შეწყვეტს რუსეთთან ურთიერთობას და გაწევრდება ნატოსა და ევროკავშირში.

ცნობისთვის, 26 მარტს სომხეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით.

ფაშინიანს არწმუნებენ, რომ ბაქოს დაპყრობა სრულიად შესაძლებელია, ისე, როგორც მთიანი ყარაბაღის დაბრუნება, ამისთვის პატრიოტიზმის გამოვლინება და სამხედრო ძლიერების გაზრდაა საჭირო. გამოკითხვის მიხედვით, ამისთვის სომეხი ახალგაზრდების 78% მზად არის. იკითხავთ — სად არის რუსეთი?

სომხეთი არის არა მარტო „ოდკბ“-ს წევრი, არამედ დსთ-ს, ევრაზიული კავშირის და ყველა იმ კავშირის, სადაც იმყოფება რუსეთი. დსთ-ს წევრს არ უნდა გასჩენოდა ევროკავშირის ან ნატოს წევრობის სურვილი. და რომ გაუჩნდა, ფაქტია. ფაქტია რუსეთის დიპლომატიის სუსტი მუშაობაც, მე ვიტყოდი მოჭარბებული დემოკრატია, ლიბერალიზმი, რაც უდავოდ უარყოფითად აისახება დსთ-ს სიმკვრივეზე, რუსთა და სომეხთა ურთიერთობებზე.

ეკონომიკური თვალსაზრისით, სომხეთი რუსეთზე და დსთ-ზეა ჩამოკიდებული, ენერგეტიკული თვალსაზრისით — მხოლოდ რუსეთზე. რუსული იაფი გაზი აძლევს სომხეთის ეკონომიკას სუნთქვის საშუალებას, ისე, როგორც სომხურ პროდუქციას  რუსეთის ბაზარი. იმას, რასაც სომხეთი რუსეთისგან იღებს, ვერასდროს მიიღებს ევროკავშირისგან. ნათელი მაგალითი წინ აქვს სომხეთს უკრაინის სახით, მაგრამ არ უყურებს მას, ისე, როგორც არ უყურებს აზერბაიჯანი.

აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა განსხვავებულია, თუმცა არც ისე, რომ კრიტიკულად ჩაითვალოს. აზერბაიჯანში გახსნილია მოსკოვის პრესტიჟული უნივერსიტეტების ფილიალები; არის 600 რუსულენოვანი სკოლა; რუსეთში ცხოვრობს დიდი აზერბაიჯანული დიასპორა — არაერთი მილიონი, არსებობს მჭიდრო ეკონომიკური კავშირებიც, მაგრამ არსებობს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მედია და პოლიტოლოგია, რამაც განსაკუთრებული ანტირუსობა გამოავლინა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე  აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებამ, უფრო სწორად საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებით დაზიანებული თვითმფრინავის ყაზახეთის ტერიტორიაზე დანარცხებამ.

მედიურ წიოკს აჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც მწვავე სატელევიზიო განცხადება გააკეთა — დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მსგავსი. არადა, განცხადება მან წინა დღის პუტინთან სატელეფონო ლაპარაკის შემდეგ გააჟღერა. პუტინმა ბოდიში მოიხადა ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ ალიევმა ბოდიში არაფრად ჩააგდო და რუსეთი ლანძღა, ტყუილებში დაადანაშაულა — უნდოდათ კატასტროფა ჩიტებისთვის დაებრალებინათ და ნაცვლად გროზნოში დაფრენისა, აიძულეს ყაზახეთისკენ გაფრენილიყო, იმის იმედით, რომ ზღვაში ჩავარდებოდა და დანაშაულიც დაიფარებოდაო.

„შავი ყუთის“ გახსნის შემდეგ დამტკიცდა, რომ ჩიტის ვერსია თვით პილოტებმა გაავრცელეს და არა რუსებმა, ისე, როგორც ყაზახეთისკენ გაფრენა. ავიაკატასტროფაში არა მარტო აზერბაიჯანელები დაიხოცნენ, არამედ რუსეთის მოქალაქეებიც. ბრალი თვითმფრინავის დაცხრილვაში რუსეთის მისამართითაა, მაგრამ არანაკლები უკრაინის, რომლის დრონები გროზნოს თავზე დაფრინავდნენ, ხოლო რუსები იგერიებდნენ მათ.

სახელმწიფო მეთაურის ასეთი გაწიწმატება-თავშეუკავებლობაში გადასული ჩრდილს აყენებს მას, მაგრამ ესოდენ მიუღებელი მოქმედება მარტო მისი ბრალია თუ სხვისი, ამ შემთხვევაში თურქეთის?

ანკარის გავლენა აზერბაიჯანზე ყველასთვის ცნობილია. აზერბაიჯანს, თურქეთი არა მარტო მოძმე ქვეყნად მიიჩნევს, არამედ ორად გაყოფილ ქვეყნად. თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი დიდი თურქეთის იმპერიის აღორძინების მსურველი, ანუ ოსმალეთის, კავკასიაში თავისი გავლენის გაფართოებაზე ოცნებობს, რაშიც იმედი აქვს აზერბაიჯანის.

ერდოღანს თვალი აჭარაზეც უჭირავს და მის დაბრუნებაზეც ფიქრობს. და არა მარტო მის, ერდოღანს სურს სომხეთის შერიგებაც, რაზეც ფიქრობს ფაშინიანიც. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას, ასე თვლის ფაშინიანი.

თურქეთს სურს სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანთან მჭიდრო სატრანსპორტო კომუნიკაციის დამყარება და კასპიის ზღვაზე გასვლა, რაც არა მარტო თურქეთის გასვლას ნიშნავს, არამედ ნატოს, ვინაიდან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ნატოს ბრძანების შემსრულებელი.

რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული რუსეთისთვის?

ამიერკავკასიიდან გასვლას, რაზეც, როგორც ჩანს ოცნებობენ თურქები, აზერბაიჯანელები და თქვენ წარმოიდგინეთ სომხებიც. არანაკლებ გახარებულები ვინებით ჩვენც!

მაპატიეთ, “ჩვენ”, სულაც არ ნიშნავს ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს. “ჩვენ”, ამ შემთხვევაში ნიშნავს სახელმწიფოს ოპოზიციას, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს, რომელიც დასავლეთის წაქეზებით და დაფინანსებით გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს უქმნის მოქალაქეებს.

ნებისმიერი   ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფოებრიობას, მომართული უნდა იყოს დესტრუქციული ოპოზიციის ისეთ პირობებში ჩაყენებისთვის, რომ მან შეიცვალოს პოლიტიკური პოზიცია ან დატოვოს პოლიტიკური არენა.

ოპოზიცია ყოველთვის მზად უნდა იყოს ხელისუფლების ჩასანაცვლებლად, რისთვისაც მუდმივ რეჟიმში უნდა ახდენდეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის ღრმა ანალიზს და შეფასებას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, გამოცდილებას და იმას, თუ რამდენად მიესადაგება მის მიერ ხალხის სამსჯავროზე გამოტანილი გეგმა ქვეყნის და ხალხის ინტერესებს.

საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრება 1991 წლის დეკემბრიდან იწყება და არა გამსახურდიას დროს მიღებული დამოუკიდებლობის აქტიდან, ვინაიდან ამ აქტს არც სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოუტანია და არც ეკონომიკურ-ფინანსური. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბრიდან მოიპოვა, როდესაც სსრკ-ს პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დაშლა, მაშინ ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ ერთდროულად სიხარულიც და კავშირის დაშლით გამოწვეული სიცარიელეც განიცადა და რაც მთავარია დაბნეულობა.

არც ერთმა, უკვე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ იცოდა, როგორ ემართა ქვეყანა. არ ვიცოდით ჩვენც. იმჟამად უზენაეს საბჭოსა და შემდგომში პარლამენტის აპარატის უფროსად ვმუშაობდი და ქვეყნის მართვის ანბანის უცოდინრობას თვალნათლივ ვხედავდი. 1993 წლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის პერიოდში, სისტემატურად მიწევდა საქართველოს სხვადასხვა დარგის მინისტრისთვის ახსნა-განმარტების მიცემა, მათ მიერ მოსკოვში გაგზავნილ წერილებზე, რომელსაც მოსკოვი უკან გვიბრუნებდა — ეს საკითხი თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ — დამოუკიდებელი ქვეყანა ხართო.

ერთადერთი რაც საქართველოში გაკეთდა, ერთდროულად მრავალი პარტიის შექმნა იყო. მრავალპარტიულობის გამოცდილება ქვეყანამ გამსახურდიას მმართველობის დროს მიიღო, თუმცა მრავალი პარტია, სულაც არ ნიშნავდა და ნიშნავს სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ეს უფრო ვიწრო პარტიული აზროვნება იყო და არის, და არა სახელმწიფოებრივი. ანდა მოსახლეობით მცირე საქართველოს ჰყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უამრავი პარტიის დასაკომპექტებლად?

არ ჰყავს და ვერც ეყოლება, ვინაიდან სახელმწიფოებრივად აზროვნებას ადამიანი სკოლიდან, უმაღლესი სასწავლებლიდან, ოჯახიდან, საზოგადოებიდან ეზიარება. გვაქვს კი ასეთი სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, სახელმწიფო აზროვნების ანბანი რომ გააცნოს ახალგაზრდას?

არ გვაქვს! მაგრამ მასთან ერთად არ გვაქვს დასაქმების კერები. დაუსაქმებელი ადამიანი შიმშილს ნიშნავს, შიმშილი კი ისეთია, მრუდე ნაბიჯს ადგმევინებს მას ან სხვაგან, სხვა ქვეყანაში ლუკმა-პურის საძიებლად გაქცევას, ან რომელიმე პარტიაში გაწევრებას, იმის იმედით, რომ ხელისუფლებაში მივა ჭამისთვის და არა სახელმწიფო საქმის კეთებისთვის.

დღევანდელი პარტიები ჭამის და კეთილდღეობის მოპოვების მსურველთა მიერ არის დაკომპლექტებული. მათ სახელმწიფოებრიობის თემა სულაც არ აწუხებთ. რომ აწუხებდეთ, ერთხელ მაინც შეეპაექრებოდნენ ხელისუფლებას — სახელმწიფოებრივად, საქმის ცოდნით.

იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო 13 წლის განმავლობაში ვიწროპარტიული ტლიკინია — შენ ხარ დრუნჩიანი და არა მეო. ასეთთა გულის მოგება, უფრო სწორად  მოქრთამვა უიოლესი საქმეა და იქრთამებიან კიდევაც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიერ — საკუთარი ქვეყნის საზიანოდ. დღეს, პოლიტიკოსი რომ იყვირებს ევროკავშირში გვინდაო — ან სულელია, იქაურობის არმცოდნე, ან იქაური ქრთამით დაბრმავებული.

ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირს თვით ამ კავშირის წევრები მწვავედ აკრიტიკებენ, ხოლო ქალბატონ ურსულას ფიურერად მოიხსენიებენ. სხვას ვერაფერს ვიტყვით, როდესაც რუმინეთში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებთ, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯორჯესკუს აუკრძალეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მან გაიმარჯვა ერთი თვის წინ გამართულ არჩევნებში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად გამოაცხადა. არც მეორე ოპოზიციონერს დართეს ნება არჩევნებში მონაწილეობის.

არადა რუმინელები მუდმივი გამოსვლებით მოითხოვენ ჯორჯესკუს დაშვებას, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ერთ-ერთი მიტინგის დროს, შეკრებილ უამრავ ხალხს მღვდელმა მიმართა მოწოდებით — ვიბრძოლოთ ნამდვილი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისთვის და ფაშისტი ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგო.

უმძიმესი ვითარებაა შექმნილი მოლდოვაში, სადაც ევროკავშირის, პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენის პროტეჟე პრეზიდენტი მაია სანდუ ციხეში უშვებს ოპოზიციონერებს, მაგალითად გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს ქალბატონ გუცულს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა მოლდოვის დიასპორასთან შესახვედრად.

ცნობისთვის. რუსეთში მილიონამდე მოლდოველი ცხოვრობს. ისინი ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართა, ევროკავშირმა გამარჯვება სანდუს არგუნა. არადა, სანდუმ თვით მოლდოვაში არჩევნები წააგო. არჩევნების დამთავრებამდე ერთი საათით ადრე, უცხოეთში მცხოვრები მოლდოველების ხმებით მან მოიპოვა გამარჯვება, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია მოლდოველებში, რამეთუ სანდუსა და მის ოპონენტს შორის დიდი პროცენტული სხვაობა ერთ საათში სანდუს სასარგებლოდ ვერ შეტრიალდებოდა.

„დემოკრატმა“ ევროკავშირმა მოლდოვურ სიყალბეზე თვალი დახუჭა.

ევროკავშირის წევრ გერმანიაში ოპოზიციურ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც ქალბატონი ვაიდელი ხელმძღვანელობს, რომ იტყვიან შავ დღეში აყენებენ.

აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე. წამით წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ევროკავშირის წევრად, რა დღეში აღმოჩნდებოდა ქვეყანა, მაგრამ ეს სულაც არ ადარდებს იმათ, ვინც ევროკავშირში გაწევრებას მოითხოვს, ვინაიდან მოქრთამულია და საკუთარი კუჭისთვის ირჯება.

სულ ახლახანს, ტელეკომპანია REN-TV აჩვენა ვიდეოფილმი საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში მიმდინარე ანტირუსულ გამოსვლებთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და უკრაინის დროშების ფრიალით, მოჭარბებული რუსოფობიით. დასავლეთი თავისი „მზრუნველი“ ხელით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქ და ჩვენს მეზობლად მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, სომხებს ანტირუსობა გაუღვივონ, რასაც ხელს უწყობს ადგილობრივი მედია, მათ შორის რადიო „ მაესტრო“, რომლის ჟურნალისტი ჭითანავა ისეთ რესპონდენტებს იწვევს ეთერში, ქოქოლას რომ აყრიან რუსეთს. კვირაში ერთხელ ამ რადიოს, კერძოდ ჭითანავას გადაცემას სტუმრობს უკრაინელი პოდოლიაკი, ნეონაცისტი, ნეონაცისტი ვადაგასული პრეზიდენტ ზელენსკის საყვირი.

ჭითანავა სპეციალურად არჩევს ანტირუს რესპონდენტებს საკუთარი დაზიანებული ტვინის დასაკმაყოფილებლად.

ამასწინათ, ეთერში მიწვეული აზერბაიჯანელი ექსპერტი, ცხადია რუსეთის მლანძღველი, მსმენელს ეუბნებოდა შორს მიმავალ გეგმებზე, ისეთზე, როგორიცაა უკრაინის, მოლდოვის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ანტირუსული ზოლის შექმნა რუსეთის საზღვარზე და საქართველოსაც სთავაზობდა მასში მონაწილეობის მიღებას. არის თუ არა აზერბაიჯანელის მიერ ნათქვამი რეალობა და არა ფანტაზია?

უდავოდ არის! ექსპერტის ნათქვამი უბრალო გამეორებაა იმისი, რასაც აზერბაიჯანის საექსპერტო წრეში ლაპარაკობენ და არა მარტო იქ, პოლიტიკოსებშიც.

საბაბიც არსებობს — აზერბაიჯანის პრეზიდენტის გულთბილი დამოკიდებულება ზელენსკისა და უკრაინის მიმართ. ალიევის ვიზიტი კიევში — უკრაინის დასახმარებლად გაღებული მილიონები. კიევთან მჭიდრო ურთიერთობებში ხელს არც ფაშინიანი აკლებს. ისიც ეახლა ზელენსკის კიევში.

აზერბაიჯანის უკრაინისადმი პოზიტიური განწყობა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის გავლენის ნაყოფიცაა. ეს ქვეყანა იარაღს აწვდის უკრაინას, ეხმარება მას, თან რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე ქადაგებს.

თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც ისტორიული მოწინააღმდეგეა რუსეთის. სიტყვა „მოწინააღმდეგე“ რბილად ნათქვამია. თურქეთი და მისი პრეზიდენტი, ოსმალეთის იმპერიის აღორძინების მსურველი, აღმოსავლური ეშმაკობით და პოლიტიკური თამაშებით ცდილობს რუსეთის, როგორც კონკურენტის, თანაც ისტორიულის დაჩოქებას, რასაც ნაწილობრივ აღწევს. განა სირიაში განვითარებული პროცესები ამის დასტური არ არის. ბაშარ ასადის ხელისუფლების დაცემაში და მისი ოპოზიციის ქვეყნის სათავეში მიყვანაში სწორედაც ერდოღანის ხელი ურევია.

ერდოღანის ძალისხმევით ცენტრალური აზიისა და რუსეთის მუსლიმური რეგიონების თურქულად მოთვინიერება გრძელდება და ერთ მშვენიერ დღეს ანტიმოსკოვურად იფეთქებს.

რუსეთში მცხოვრები მუსლიმი არაერთი მილიონია. ენობრივი ექსპანსია რახანია დაწყებულია. კირილიციდან, თურქულზე გადასვლა ჩვეულებრივად აღიქმება ცენტრალური აზიის ქვეყნებში — ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

აანალიზებს ამას დღევანდელ ხელისუფლებაში ვინმე? თუ აანალიზებს, რატომ არ ჩანს?

რაც ჩანს, ჩვენდა „საბედნიეროდ“ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაა, ხან უცხოეთში, სულ ახლახანს, ერევანში მთელი აღმასრულებელი ხელისუფლებით. როგორც ჩანს ხელისუფლება ჯერაც თინეიჯერულ ასაკშია ჩარჩენილი. მას მარტო ფეხბურთი მოსწონს. იოლი აღსაქმელია. ასეთისთვის გეოპოლიტიკური პროცესებისთვის ყურადღების მიქცევა შეუძლებელია. ხედავს ამას ზოგიერთი ვიგინდარა და ისეთს კადრულობს, საღად მოაზროვნეს გული რომ შეუწუხდება.

გასული კვირის სენსაციური ვიდეომასალა იყო ზელენსკი ორ ნახატს შორის. ორივე ანტირუსული. სწორედ ამიტომ გახდა ეს სიუჟეტი მსოფლიო ელექტრონული მედიის საყურადღებო. ერთ-ერთზე ასახული არის ალში გახვეული წითელი მოედანი, ლენინის მავზოლეუმი, კრემლი. მეორეზე — უკრაინელი „ბოევიკები“ კურსკში.

ცეცხლმოკიდებული ტილოს ავტორი ქართველი მხატვარი სანდრო ანთაძეა, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი იჩალიჩა, რათა ნახატი ზელენსკიმდე მისულიყო.

ანთაძე ანტირუსია, მაგრამ ამასთანავე ანტიქართველიც, რომელიც პატრიოტობას ანტირუსულ გამოხდომაში ხედავს. ანტირუსობა სულაც არ არის უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული. ქართული ანტირუსობა გამოკვეთილია მწერლობაში, თუნდაც საბჭოურში. ასეთს იშვიათად თუ ახლდა რეპრესიები. რეპრესიულ გარემოში ის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები ექცეოდნენ, რომლებიც თავიანთი „შემოქმედებით“ ყოველგვარ წითელ ხაზებს კვეთდნენ და საბჭოეთის ლანძღვა-გინებაში ათენებდნენ და აღამებდნენ, მაგრამ ისეთები, როგორიც აკაკი ბაქრაძეა — დაფასებულიც იყო — საბჭოთა კავშირის დეპუტატთა პირველი ყრილობის წევრი.

აი, რას წერდა ის: „ პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასდროს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი“.

არის თუ არა ეს სიტყვები ეროვნებათა შორის დაპირისპირების, შუღლის წარმომშობი? არის, მაგრამ ვინ აქცევს ამას ჯეროვან ყურადღებას?

„პატრიოტი“ ბაქრაძის ტვინის ნაჭყლეტი დაბეჭდილია „პალიტრის“ მიერ გამოცემულ კედლის კალენდარში. დღევანდელი, ტვინით „ყვინჩილა“ პოლიტიკოსები წამდაუწუმ ახსენებენ საბჭოთა რეპრესიებს ე.ი. იმ პერიოდს, ბაქრაძე რომ ამ სტრიქონებს თხზავდა და უნივერსიტეტში სტუდენტებს აბრუებდა „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“-ს მსგავსი მოწოდებით.

ბაქრაძე არვის შეუწუხებია იმ „რეპრესიულ“ ჟამს, პირიქით, როგორც ზემოთ აღვნიშნე სსრკ დეპუტატადაც გახადეს. ჰოდა, როდესაც ბაქრაძე და მისთანები იყვნენ, რა გასაკვირია სანდრო ანთაძეობა?

არის ასეთი ქართული ანდაზა — „კვიცი გვარზე ხტისო“. ანთაძე, ბაქრძის კვიცი არ არის, მას თავისი კვიცი ჰყავს, ანტისახელისუფლებო მიტინგებზე მოხტუნავე, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი კვიცები არ არიან მრავლად ამ ქვეყანაში, უკრაინელებივით — ხტუნვის მეტი რომ არაფერი იციან?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

31/03/2025