მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების ცვლა თუ მოიტანს მშვიდობას

იყო ასეთი გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ — საინტერესო, ჩემის აზრით ყველა გაზეთზე უკეთესი, რაც იყო და არის ე.წ. დამოუკიდებელ საქართველოში. სამწუხაროდ, გაზეთი დაიხურა — დაფინანსების შეწყვეტის გამო.
საქართველოში არ გამოჩნდა ბიზნესმენი, ფულიანი კაცი, რომელიც ითავებდა გაზეთის დაფინანსებას. არადა, ქვა რომ ააგდოთ, ბიზნესმენს მოხვდება თავში. ვინ მოთვლის მათ რაოდენობას?
მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანს გაზეთის გადარჩენის სურვილი არ გასჩენია, მარტივი მიზეზის გამო — ბიზნესში მყოფი ადამიანი და არა მარტო ის, გადაეჩვია კითხვას.
არის ასეთი გამოთქმა — „მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, რაც დღევანდელობას არ შეეფერება — უფრო წარსულს, საბჭოურს. მაშინ კითხვა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო, როგორც წყალი, საკვები. მაშინ პრესტიჟი იყო საკუთარი ბიბლიოთეკის ქონა. თანამედროვე საქართველოს ამას ვერ დავაბრალებთ, პირიქით, ისეაა დაფასებული, წიგნი რომ არ ჭერა ხელში და აქედან გამომდინარე საზოგადოებაც უწიგნურა.
წერა-კითხვის ცოდნა, ცოდნას არ ნიშნავს, ისეთს, როგორიც იყო საბჭოთა პერიოდში. იმჟამინდელ განათლებამიღებულთა მხრებზეა შემორჩენილი დღევანდელი საქართველო. წავლენ ისინი და …
არა მარტო ეს გაზეთი დაიხურა, არამედ ტელეკომპანია „ალტ-ინფო“-ც, რომ იტყვიან ყველაზე „ყურებადი“ ტელევიზია და არც არაფერი. არც ამ შემთხვევაში ისახელა თავი ქართულმა ბიზნესმა. არ შესწირა მისთვის უმნიშვნელო თანხა ტელევიზიის გადასარჩენას.
ორი საინფორმაციო წყარო დააკლდა ქვეყანას, მეტნაკლებად ობიექტური. სამწუხაროდ, ვერც ერთმა არსებულმა ვერ მოახერხა იმ ორის დაცარიელებული ადგილის შევსება.
გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მკითხველი, ისე, როგორც ტელეკომპანია „ალტ-ინფო“-ს მაყურებელი იმედოვნებს მათ აღდგენას. საქართველოს ბეჭდვითი ბაზარი, სამაუწყებლო ელექტრონული ეთერი ზომაზე მეტადაა გადაფარული მეორეხარისხოვანი გაზეთებით, რადიო-ტელევიზიებით. ერთ-ერთი ასეთი „რადიო თავისუფლებაა“, რომელიც ღვარძლის, სიძულვილის, სიბრიყვის, სიცრუის გენერატორია. არადა ადრე ამ რადიოში, ვითომ ჟურნალისტ გელაშვილის მისვლამდე, საინტერესო გადაცემები იყო ოპოზიციონერების გამოსვლებით, დასაბუთებული კრიტიკით და არა უშვერი ლანძღვა-გინებით, რასაც დღეს აქვს ადგილი.
„რადიო თავისუფლება“ ისეთი თავისუფლებაა, რომელსაც, თუნდაც ერთი გადაცემის მოსმენის შემდეგაც არ ისურვებთ. მისი მთავარი ამოცანა რუსეთის ლანძღვაა, მისი გაშავებაა, საქართველოს მოსახლეობისთვის იმის მტკიცებაა, რომ რუსეთი ჩვენი ისტორიული მტერია, ხოლო ევროკავშირი, ნატო — მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი.
„რადიო თავისუფლება“ — დაფინანსებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ამერიკელთა დაკვეთას ასრულებს, მაგრამ გელაშვილისა და მის მიერ გადაცემაში მიწვეული რესპონდენტების წყალობით, ისეთ სანაგვე ყუთს ჰქმნის, ჩახედვაც რომ არ მოგინდებათ, ანუ მოსმენა. არადა, ვიმეორებ, ამ რადიოს ჰყავდა ისეთი წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც შავსა და თეთრს შორის ბალანსს იცავდნენ.
ახლახანს, ავტომანქანის საჭესთან მყოფმა, მოვისმინე გადაცემა, რომელიც მიძღვნილი იყო სიცრუის გაბათილებაზე. მიძღვნილი კი იყო, მაგრამ მიწვეულმა სტუმარმა, ჟურნალისტ გელაშვილთან დუეტში ისეთი ტყუილები აფრქვიეს, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ზელენსკი — უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი.
სტუმარი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ ზელენსკის ნარკომანობაზე და ხელმრუდობაზე ტყუილს ამბობენო. ზელენსკი პატრიოტი ადამიანიაო, თავის სამშობლოზე შეყვარებული, რომელიც ებრძვის აგრესორ რუსეთს უკრაინის გადასარჩენადო. რუსეთის პროპაგანდა ავრცელებს ჭორებს ზელენსკის ქურდობაზე, ნარკომანობაზე და ა.შ.
ამ გადაცემის მომსმენს, გამიჩნდა აზრი, რომ სტუმარი დაკვეთას ასრულებდა, თუმცა, თვით ზელენსკის პიროვნებით მოხიბლული, ამას სულით და გულით აკეთებდა. სტუმარს, „რადიო თავისუფლების“ დამფინანსებლებმა დაავალეს რეპუტაციადაცემული ზელენსკის გათეთრება და მისი უმანკო კრავად წარმოჩინება.
უკრაინის პრეზიდენტყოფილზე უამრავი ნეგატიური მასალა იღვრება მედიაში, უმრავლესობა ობიექტური, ნამდვილი, რაც ჩირქს ცხებს თვით მის ამერიკელ პატრონებს და არა ზელენსკის — ნარკომანს, ქურდს, ისეთს, როგორსაც მას იცნობს მსოფლიო.
თავისი საპრეზიდენტო ვადის დროს ზელენსკიმ მოახერხა დასავლეთისთვის საყვარელი პოლიტიკოსის სახელის მოპოვებაც და საყვარელიდან, საძულველზე გადასვლაც. დღეს, ის აღარ მოსწონთ, უპირველესად ახალ ამერიკელ პატრონებს —ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სახით. ან რა მოსაწონია ე.წ. პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინისთვის გაგზავნილ იარაღს ჰყიდის, მუდმივად მათხოვრობს — იარაღი მომეცითო, ძალით ერეკება ხალხს ფრონტზე, მისი სამხედრო კომენდანტები ათასობით დოლარს ძალავენ ომში წასვლის მოწინააღმდეგეებს.
ზელენსკის პრეზიდენტობამ მოიტანა ფრონტზე დაჭრილი მეომრებისთვის შინაგანი ორგანოების ამოკვეთა და უცხოეთში გაყიდვა. ზენიტშია აყვანილი ბავშვების იმ დასავლურ ორგანიზაციებზე მიყიდვა, რომლებიც ბავშვთა სექსით არიან დაკავებულნი.
ცნობისთვის. ზელენსკის მეუღლის ორგანიზაცია ბავშვთა ტრეფიკინგით არის ცნობილი, რის შესახებაც არაერთხელ იყო მხილება დასავლურ მედიაში.
ომი ზელენსკის გამდიდრების წყაროა, ამიტომაც არ სურს მას მისი დამთავრება. გარდა ამისა, ომის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს, რაც ზელენსკისთვის მიუღებელია, ვინაიდან დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, ის ვერ გაიმარჯვებს. ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში ზელენსკის საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის პრობლემა შეექმნება. გამწარებული უკრაინელები ოთხში ამოიღებენ — ქართული გამოთქმის მსგავსად.
ზელენსკიმ თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მართლაც ოთხში ამოიღო უკრაინა. დღევანდელი უკრაინა, საბჭოეთის დროს ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან შედარებით მოწინავე მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, ავია და გემთმშენებლობით, განსწავლული სამეცნიერო-ტექნიკური კადრებით ნულზეა დასული; მოსახლეობაც, 52 მილიონიდან, 19 მილიონამდეა შემცირებული, საკუთარ ქვეყანაში მოჯამაგირედ გადაქცეული.
უკრაინის შავმიწანიადაგიანი ზოლის 40%-ზე მეტი ამერიკული კომპანიების განკარგულებაშია, დანარჩენი — უკრაინელი ბიზნესმენების, სხვა ქვეყნების. თუ უკრაინის წიაღისეულს აშშ-ი ჩაიგდებს ხელში და ალბათ ასეც იქნება, უკრაინელებს რაღა დარჩებათ?!
თუ მიწა და წიაღში არსებული სიმდიდრეები უკრაინელის აღარ იქნება, რისთვის უნდა იომოს მან?
გაფაშისტებული უკრაინა, ავთვისებიან სიმსივნესავით იდგამს ფესვს იმ ქვეყნებში, სადაც უკრაინელებმა დაიდეს ბინა. იცის თუ არა ამ „ბედნიერების“ შესახებ ევროკავშირმა, მასში შემავალმა სახელმწიფოებმა?
იციან! მაგრამ რახან უკრაინელი რუსეთის მტერია და მის განადგურებას ისახავს მიზნად, ასეთი უკრაინა მისაღებია.
ახლახანს გერმანიამ აკრძალა უკრაინელებზე ისეთი ვიდეო და ფოტო მასალების გამოქვეყნება, სადაც აღბეჭდილია სვასტიკიანი უკრაინელი „ბოევიკები“, გერმანული ფაშიზმის ამსახველი ფოტოებისადმი უკრაინელთა თაყვანისცემის სიუჟეტები. გერმანელი მედიის მუშაკები, რომლებიც ასეთ მასალებს გამოაქვეყნებენ დათხოვნილი იქნებიან სამსახურიდან და პასუხისმგებაში მიცემული.
„დემოკრატიული“ და „სიტყვის თავისუფლების“ თავდავიწყებული მებრძოლი ევროკავშირი, როგორ ამართლებს თავის დესპოტურ სახეს ქართველმა პოლიტიკოს-პოლიტოლოგმა არ იცის ან უბრალოდ, როგორც ჩვევია, თვალს ხუჭავს დემოკრატიის დეფიციტზე და ნაცვლად ჯეროვანი შეფასებისა, რუსეთისკენ იშვერს ხელს — იქ არ არის თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლებაო.
რა აძლევს მათ ტყუილის თქმის აუცილებლობას? ის, რომ მართლაც მედიური ტირანიაა რუსეთში თუ დასავლური დაკვეთა, ცხადია ფულზე დაფუძნებული?
სისტემატურად ვუყურებ რუსულ მთავარ სატელევიზიო არხებს — პროფესიონალურს, მრავალფეროვანს და არა პროვინციულს, ისეთს, აქ რომ არის. თითქმის ყველას აქვს პოლიტიკური თოქ-შოუები, რომლებშიც რუს პოლიტოლოგებთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ ამერიკელი, ისრაელელი, არაბი, ჩეხი, უკრაინელი, თურქი, სხვა ქვეყნების ექსპერტები, თანაც ისეთი, დიდი სიმპათიით რომ არ არიან განმსჭვალული რუსეთის ხელისუფლების, რუსეთის პოლიტიკის მიმართ. არის კრიტიკა — ფაქტებით, საქმის და საგნის ცოდნით და არა ლანძღვა-გინებით, როგორც აქ.
ვინატრებდი ასეთ მედიას, მართლაც დემოკრატიულს საქართველოში. ვერც ერთ იქაურ ტელევიზიაში ვერ მოისმენთ დედ-მამის შიშველ გინებას, ბილწსიტყვაობას, ისე, როგორც აქაურ ტელევიზიებში. ცუდია ეს თუ კარგი?
ცუდი რომ არის, ვხდებით, მაგრამ ზედაპირულად. ზოგს გვახარებს მავანის მიერ ტელეეკრანიდან დედის ტრ…-ს გინება, გულს გვფხანს, მაგრამ არ ვუკვირდებით, რომ ასეთი გინების შემდეგ თავ-პირის მტვრევაღა რჩება და ალბათ ასეც იქნებოდა, მაგინებელი რომ გინების ობიექტთან ეკრანით არ იყოს დაშორებული.
ტყუილი, სიძულვილი, ღვარძლი, გაუტანლობა, უგუნურება, გაუზრდელობა იღვრება ტელეეკრანიდან და ვითომც არაფერი. საზოგადოება მიეჩვია ბინძურ ლექსიკას — იავნანასავით რომ აღიქვამს. აი, ამ საზოგადოების ბრიყვი, უზრდელი, უცოდინარი, ვიგინდარა ხელს რუსეთის მედიისკენ იშვერს — ცრუ და რეპრესიულიაო.
„რადიო თავისუფლების“ სტუმარს ალბათ არ მოუსმენია ზელენსკის მილიონიანი სასახლეების შესახებ დიდ ბრიტანეთში, იტალია-საფრანგეთში, ისრაელში. არც ის იცის, რომ ზელენსკის მეუღლე, შვილებით ლონდონში ცხოვრობს. არც ის იცის, რომ ა.წ. დავოსის კონფერენციის დროს, მეუღლესთან ერთად, ისიც იმყოფებოდა იქ და უძვირესი ავტომანქანა „როლს-როისით“ გადაადგილდებოდა. ალბათ, არც ის გაუგია, როგორი ჩხუბი და წიოკი ატეხა ელენე ზელენსკიმ ნიუ-იორკის ძვირად ღირებულ საიუვილერო სპეც-მაღაზიაში, სადაც მილიონნახევარი დოლარის სამკაულები იყიდა.
„რადიო თავისუფლების“ სტუმარო, რატომ გვთვლით ბრიყვად, სულელად, როდესაც ტყუილებს გვიყვებით ზელენსკის პატიოსნობაზე?
მაგრამ თქვენ არაფერ შუაში ხართ, დოლარებზე გაყიდული, შუაში და თავში ჟურნალისტი გელაშვილია, რომელმაც თქვენ მიგიწვიათ.
ვიდრე თქვენ ლაყბობდით ეთერში, აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ამერიკის ხმის“ და „რადიო თავისუფლების“ გაუქმების თაობაზე. მადლობა ტრამპს, რომელმაც იხსნა საქართველოს მოსახლეობა, ისე, როგორც მსოფლიოს 40 ქვეყნის, სიცრუისგან. 950 მილიონ დოლარს ხარჯავდა აშშ-ს ბიუჯეტი ამ ტყუილების გამავრცელებელი რადიოების დაფინანსებაში.
ევროკავშირი დააფინანსებსო — ბრძანა ტუტუცმა კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამტარებელმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. აქვს ამის თავი ევროკავშირს?
ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის პროგრამა დასახა — 800-მილიარდიანი ხარჯებით და ახლა მილიარდამდე დანამატი „რადიო თავისუფლების“ გადასარჩენად?!
როგორც ჩანს, კაია კალასმა კარგად ვერ გაიგო ტრამპის გადაწყვეტილება, რომლმაც ორივე რადიოს გააუქმა.
დაფინანსების შეწყვეტა, გაუქმება არ არის, ვინაიდან სხვა დამფინანსებელი შეიძლება გაჩნდეს. ტრამპმა გააუქმა და თუ ვინმეს სურს მათი მუშაობის გაგრძელება, სახელი უნდა გამოუცვალოს. შეძლებს თუ არა ევროკავშირი ახალი „რადიო თავისუფლების“ დაარსებას, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ერთია, ეს ორი რადიო მაშინ დაარსდა, როდესაც ინტერნეტი არ იყო ან თუ იყო, არვინ მოელოდა მის ესოდენ ფართო შესაძლებლობებს.
ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ანტირუსულში გადაზრდილი თითქმის ყველა დასავლურ-აღმოსავლური ელექტრონული მედიიდან გაისმის, რაც თავისთავად ძლიერი კონკურენციაა „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“-თვის. ილონ მასკმა ორივეს „მოღვაწეობა“ შემდეგნაირად დაახასიათა — „მათ მსმენელი არ ჰყავთ და საკუთარ თავს ელეპარაკებიანო“.
საქართველოში „რადიო თავისუფლების“ მსმენელი მხოლოდ ის არის, ვისაც ამ რადიოს სტუმარი ატყობინებს — ამადა ამ საათზე რადიო ეთერში ვიქნები და მომისმინეო. ასე რომ, მასკი მართალია და მას რომ გელაშვილის მიერ წაყვანილი თუნდაც ერთი გადაცემა მოესმინა, უდავოდ მოითხოვდა მთელი იმ ხელფასის უკან დაბრუნებას, რაც გელაშვილმა „რადიო თავისუფლების“ რედაქციიდან მიიღო.
სტატიის დასაწყისში ვახსენე გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, აღვნიშნე მისი დადებითი როლი ქართულ ბეჭდვით სივრცეში, ამჯერად სათაურს შევაბრუნებ მიზეზთა გამო „მსოფლიო და საქართველო“-ზე. მიზეზი, უფრო სწორად მიზანი ასეთია — სად არის საქართველო და არის თუ არა ის მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი?
თანამედროვე საქართველოს ობიექტურ შემფასებელს აუცილებლად შეეპარება ეჭვი ჩვენს არა დედამიწაზე, არამედ სხვა გალაქტიკაში ყოფნაზე, დაახლოებით ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა ლუარსაბისა და დარეჯანის გარიყულ ცხოვრებაზე, მათ რომ არაფერი აინტერესებდათ, თუნდაც ცხვირწინ არსებული.
ინფორმაციით გაჯერებულ მსოფლიოში, საინფორმაციო შიმშილს რომ განიცდი არა მარტო საზოგადოების უინტერესობის ბრალია, არამედ ხელისუფლებისაც. საზოგადოება, ინფორმაციის გარეშე ლუარსაბ-დარეჯანივით ცხოვრობს, დარწმუნებული საქართველოს მეტნაკლებად ასატან ცხოვრებაში.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწყობს გაუნათლებელი, უცოდინარი საზოგადოება. ასეთი ადვილი სამართავია — მას ასე ჰგონია, მაგრამ სცდება, რამეთუ ოპოზიციის ანტისახელისუფლებო ადუღებისთვის საკმაო რაოდენობის დასავლელი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ბალტიისპირელი სტუმრობს საქართველოს და მასპინძელ ოპოზიციონერებს ასწავლის „ფერადი რევოლუციის“ ანბანს. მათ შორისაა ლიტველი ლანდსბერგისი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ცნობილი პოლიტიკოსის ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი.
ოპოზიციის სტუმარი, გასული წლის ბუნტის დროსაც არ გვტოვებდა ობლად. მაშინ ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და სხვა ევროპელებთან ერთად მონაწილეობდა პარლამენტის წინ გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებში. სტუმარმა ამჯერადაც არ მიგვატოვა, ჯერ ყოფილ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გააცნო საქართველოს გადარჩენის თავისი პროგრამა, შემდეგ ოპოზიციას.
ხელისუფლება კი ნაცვლად სერიოზული ზომების მიღებისა, მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლა ლანდსბერგისის მიმართ. ოპოზიცია — ქებით — ეს, იმ ლანდსბერგისის შვილიშვილია, საბჭოთა კავშირი რომ დაანგრიაო.
ვიტაუტას ლანდსბერგისს ლიტვაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს შევხვდი. მან გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი და სისხამ დილით სასტუმროში გვეახლა. დელეგაციის ხელმძღვანელს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დიდი სურვილი არ ჰქონია დაუგეგმავი შეხვედრის გამართვის, მაგრამ დელეგაციის წევრმა გია ბარამიძემ აიჩემა — დიდი პოლიტიკოსია და კარგი იქნება მასთან საუბარიო.
ლანდსბერგისის შესახებ ბევრი იწერებოდა საბჭოთა პრესაში გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ცხადია უარყოფითი. მას ანტისაბჭოურ ელემენტად მიიჩნევდნენ და ეს ასეც იყო. ლანდსბერგისთან საუბარი 2003 წელს გაიმართა — საბჭოთა პერიოდიდან კარგა ხნის შემდეგ, თუმცა მისი აზროვნება გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჩარჩა. ვერ დატოვა მან ჩემზე ვერავითარი შთაბეჭდილება.
შვილიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი მისი საჯარო განცხადებები ანტირუსული, ანტიჰუმანური, ფაშისტური ნიუანსებით გაჯერებული.
ბალტიისპირეთის ყოფილი 3 საბჭოთა რესპუბლიკა, რომ რახანია რუსეთის ლანძღვა-გინებაშია, არახალია. სამივეში საკმაო რაოდენობის რუსული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს — იქ დაბადებულნი, გაზრდილნი, მაგრამ რუსობის გამო არამოქალაქენი. მათ აკრძალული აქვთ რუსულ ენაზე ლაპარაკი და თუ დაილაპარაკებენ ქუჩაში, მაღაზიაში, სხვაგან 4000 ევროთი დაჯარიმდებიან. სამივე რესპუბლიკაში ნაციზმი აღორძინებულია, რუსეთისადმი ზიზღი ზენიტშია აყვანილი.
სამივე აცხადებს, რომ რუსეთი მათ წინაშე ვალშია და დაჩოქილმა ბოდიში უნდა მოიხადოს. სამივე, ენის გამოცდებს უტარებს იქ მცხოვრებ რუს პენსიონრებს და თუ გამოცდა ვერ ჩააბარეს, დეპორტაციით ემუქრებიან. 4000 პენსიონერი ჰყავთ გამზადებული ქვეყნიდან გასაძევებლად.
სამივე რესპუბლიკის აბორიგენი მოსახლეობა, განსაკუთრებით საშუალო და ახალგაზრდა ასაკის, მასობრივად სტოვებს სამშობლოს და საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებში გადადის. სამივეს დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულია. ამიტომაც დაარქვეს მათ რუსებმა „ბალტისკიე ემირატის“ ნაცვლად „ვიმირატი“.
საქართველოში რომ ჯეროვან დონეზე იყოს საერთაშორისო ცხოვრების გაშუქება, მაშინ მინიმალური წარმოდგენა მაინც ექნებოდა მოსახლეობას არა მარტო ბალტიისპირა ქვეყნებზე, არამედ ჩვენს უშუალო მეზობლებზე. წარმოდგენა რომ არ აქვს, იმიტომ ამბობს ოპოზიცია ეს ლანდსბერგისი, იმ დიდი ლანდსბერგისის შვილიშვილია, საბჭოთა კავშირი რომ დაანგრიაო.
ნაკლებად პატივცემულო ოპოზიციავ, უცოდინრობა გამიგია, მაგრამ ასეთი?
საბჭოთა კავშირს ვერც ლანდსბერგისი დაანგრევდა და ვერც გამსახურდია. საბჭოთა კავშირი გორბაჩოვმა დაანგრია — შიგნიდან, რის შესახებაც მან მამა-ბუშის მისამართით გაგზავნილ წერილში დაწერა.
საქართველოში იმყოფებოდა ანტისახელისუფლებო ბუნტის მომწყობი ლანდსბერგისი და არა მარტო ის, უკრაინელი პარლამენტარი გონჩარენკო, სხვები, ანტიადამიანები. როგორ მოახერხეს მათ საქართველოში შემოსვლა?
რატომ აძლევს ხელისუფლება ასეთებს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას?
რატომ არ აცხადებს ხელისუფლება ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ჰერჩინსკისა და ფიშერს პერსონა ნონ გრატად?
ისინი ხომ ანტისახელისუფლებო „დიპლომატიით“ არიან დაკავებული?
წაყრუება კარგს არაფერს მოიტანს. დასავლეთს, საქართველოს ხელისუფლება ნიშანში ჰყავს ამოღებული და მზად არის ახალი „ვარდების რევოლუცია“ მოუწყოს. გასულ კვირას, ბელგრადში გამართული ნახევარმილიონიანი ანტისამთავრობო მიტინგი, პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადასული, არაფერს ეუბნება ხელისუფლებას?
დასავლეთმა რახანია საქართველოს ხელისუფლება პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, მაგრამ ხელისუფლება მაინც იმედოვნებს, რომ იქ ვითარება შეიცვლება — საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ.
იქ, მართლაც შეიცვალა ვითარება, მას შემდეგ, რაც ტრამპი შევიდა თეთრ სახლში — დასავლელი ლიდერებისთვის მიუღებელი პიროვნება.
ტრამპის ადმინისტრაციას, ისე, როგორც ტრამპს არ მოსწონს ევროკავშირელი ლიდერები, თვით ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია. ტრამპის დამოკიდებულება და შეხედულება ევროკავშირისადმი გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე — ევროკავშირელთა ყურებისთვის მძიმედ მოსასმენი სიტყვებით, სადაც არადემოკრატიულობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გამოკვეთილი იყო.
ვენსის გამოსვლით წერტილი დაესვა გამოთქმას „კოლექტიური დასავლეთი“. და არა მარტო გამოთქმას, არამედ ამ ორი სიტყვიდან გამომდინარე თანამშრომლობას. აშშ-ი აღარ არის „კოლექტიური დასავლეთის“ წევრი. ის ცალკეა — ევროპის „კოლექტივი“ კი დაპირისპირებული ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.
საგონებელში ჩავარდნილი საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სტარმერი, გერმანიის ახალარჩეული კანცლერი მერცი ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ უკრაინასთან მიმართებაში.
ტრამპს სურს უკრაინაში ომის დასრულება, ვინაიდან ხელს უშლის უფრო მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ევროპული „სამეული“ და ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ უკრაინას დაეხმარებიან იარაღით, ფულით. მათი სურვილი ტრამპის სურვილებისგან განსხვავებულია.
ევროპას ომის გაგრძელება უნდა, რუსეთის ძალის გამოსაცლელად, მაგრამ ვერ ახერხებს. და როგორც ჩანს, ვერც მოახერხებს, ვინაიდან არც შესაბამისი ეკონომიკური რესურსი გააჩნია და არც სამხედრო. ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროპას უჭირს. თვალი შევავლოთ ეკონომიკურ მონაცემებს, ეკონომიკის ზრდის ტემპს: რუსეთი — 4,1%, „ბრიკსი“— 4,9%, „დიდი შვიდეული“ — 1,9%, ევროკავშირი — 0,43%.
რუსეთი არ წაიქცა. რუსეთმა არ დაიჩოქა, რისი იმედიც ჰქონდა „კოლექტიურ დასავლეთს“, მიუხედავად იმისა, რომ მან 29000 სანქციით დასაჯა რუსეთი, მსოფლიოში დაწესებულ სანქციებზე, თანაც ერთად აღებულზე მეტი.
ტრამპს არა მარტო შინ ჰყავს მტრები, არამედ ევროპაშიც, სამეზობლოში — კანადის ახალი პრემიერის სახით. მტრები მხარს უჭერენ ზელენსკის, რითაც პრობლემებს უქმნიან არა მარტო ტრამპს, არამედ მსოფლიო მშვიდობას. როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი საკუთარი ჯარების შეყვანას აპირებენ უკრაინაში, ამით ომის დასრულებას უწყობენ ხელს თუ გახანგრძლივებას?
ვგონებ, შეკითხვაც გულუბრყვილოა. მსოფლიომ იცის რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება სხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გამოჩენის მიმართ, თუნდაც მათ მშვიდობისმყოფელებად ნათლავდნენ. ისინი რუსეთის წინააღმდეგ მეომრებად ჩაითვლებიან, ისე, როგორც უკრაინელი „ბოევიკები“.
ასე რომ, მაკრონ-სტარმერის მილიტარისტული პოლიტიკა საწინააღმდეგოა ტრამპისაზე, მაგრამ ტრამპის პოლიტიკა მართლაც სამშვიდობოა თუ არა — ჯერაც უცნობია ანდა ბუნდოვანი.
მშვიდობისმყოფელ ტრამპს არაფერი ესაქმება პუტინთან, რომელიც დასავლური, ამერიკული მილიტარისტული პოლიტიკის მსხვერპლია. თვით ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომი ბაიდენმა დაიწყო და არა პუტინმა. ბაიდენმა აიძულა პუტინი გადაედგა აგრესიული ნაბიჯი — უკრაინაში მცხოვრები რუსების დასაცავად, უკრაინის ნატოში არ შესაყვანად, იქ ნატოს სამხედრო ბაზების არ განსალაგებლად.
პუტინის აგრესია, დასავლეთში აღქმული, როგორც ამ სიტყვის შინაარსი მაინც აგრესიად დარჩებოდა უკრაინის მიერ დონბასის აღების და რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მიუხედავად.
ტრამპმა რადიკალურად უნდა იმოქმედოს უკრაინის ნეონაცისტური ხელისუფლების მისამართით, წინააღმდეგ შემთხვევაში ზელენსკის ვადაგასული ხელისუფლება უკრაინასაც მოინელებს და მსოფლიოსაც — „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხის წინაშე დააყენებს. ასეთის შექმნას უკრაინა შეძლებს.
ზელენსკი და მისი ხელისუფლება, ტრამპისგან განსხვავებით, სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებას აჟღერებს. ფინეთში ვიზიტის დროს მან თქვა, რომ უკრაინას ვერვინ დაუშლის ნატოსა და ევროკავშირში შესვლას, რომ უკრაინას ვერვინ დააძალებს ტერიტორიების დათმობაზე თანხმობას.
არადა, ეს ის საკითხებია, რომლებიც მოსალაპარაკებელ მაგიდაზე დაიდება, მაგრამ უკრაინული მხარე არ მიიღებს მათ.
არ მიღების შემთხვევაში ომი გაგრძელდება. ასე რომ, არავითარ ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტას არ მოჰყვება ამ პროცედურის გახანგრძლივება და სამშვიდობო ხელშეკრულებაში გადასვლა.
ერთადერთი ნაბიჯი, რაც სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მისვლისთვის აუცილებელი და საჭიროა — უკრაინის ხელისუფლების ცვლა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ნეონაციზმის პრობლემა არ აღმოიფხვრება.
ობამას, ბაიდენის ადმინისტრაციებმა, მანამდე კი აშშ-ს ცსს-ა ისე გადააგვარეს უკრაინელები, რომ ნაციზმის და ტერორიზმის ბაცილებით დაზიანებული მათი ტვინების გაწმენდა გაჭირდება. თუნდაც შეკვეცილი, მაგრამ არაკაპიტულირებული უკრაინა მსოფლიოსთვის, უპირველესად რუსეთისთვის სერიოზული თავსატკივარი იქნება.
იცის ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სტუმარმა, რომელიც უკრაინასა და ზელენსკიზე დითირამბებით იღვრებოდა?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
22/03/2025