15.04.2025

ძველი ისტორიის გახსენება

პირველ მარტს გაიმართა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმების დამგროვებელი ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა. პირველს ცოტა პროცენტი დააკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის, მეორეს — გაცილებით მეტი.

პატივცემულო მკითხველო, თქვენ ალბათ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ ვიხმარე სიტყვები „ეგრეთ წოდებული“, რასაც საქართველოს ყველა ხელისუფლება და მასთან ერთად პოლიტოლოგია, ჟურნალისტიკა, საზოგადოება სისტემატურად იყენებს, როდესაც აფხაზეთზე ლაპარაკობენ.

ჩვენდა სამწუხაროდ, „ეგრეთ წოდებულის“ სისტემატურმა გამოყენებამ ვერაფერი დააკლო „ეგრეთ წოდებულებს“, ჩვენ კი არა მარტო სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაყენა, არამედ სავალალოშიც.

ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ე.წ. მეთაური ბადრა გუნბა ორი კვირის წინ მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მას ჰქონდა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან; გამოსვლა საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე. ამ ელიტარულ სასწავლებელში სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებს, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან მოსკოვში.

გუნბას, მაღალ დონეზე, სხვა შეხვედრებიც ჰქონდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვი გუნბას პრეზიდენტობას მხარს უჭერს. აქვე გეტყვით, რომ გუნბას ვიზიტი მოსკოვში აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიმართა, თუმცა მას (ვიზიტს) გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე.

აფხაზეთის არჩევნები რომ დიდ ინტერესს იწვევდა მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში, გასაკვირი არ არის, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა სოხუმსა და მოსკოვს შორის დაიძაბა. და დაიძაბა იმ დონეზე, რომ ლამის მოსკოვის მიერ განხორციელებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესს ჩრდილი მიადგა.

ინიციატორები „პატრიოტი“ აფხაზები იყვნენ, რომლებსაც არ მოეწონათ რუსული ბიზნესის გაფართოების თემა აფხაზეთში. არადა, ბიზნესურთიერთობების გარეშე გაჭირდება აფხაზეთის ეკონომიკის ფეხზე დაყენება.

ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, აფხაზეთი პრივილიგირებულ მდგომარეობაშია. რომ არა ასეთი, ქვეყნის სოციალური მდგომარეობა რთული იქნებოდა.

პოლიტიკოსები, რომლებიც მოითხოვენ — აფხაზეთი, აფხაზებისთვის, არ გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ. ისინიც თვლიან, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტორია საქართველოდან მოსალოდნელი აგრესიისგან დაცვის საქმეში, თუმცა მათ ისეთი პოზიცია უკავიათ, ზოგიერთ აქაურში იმედის ნაპერწკალს რომ იჩენს.

აქაოდა, აფხაზები ხვდებიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მათთვის უმჯობესია, ვიდრე რუსეთთან, ვინაიდან საქართველო მათ ჩაყლაპვით არ ემუქრება რუსეთის მსგავსად.

ჩაყლაპვა-არჩაყლაპვასთან მიმართებაში ერთმა აფხაზმა კარგა ხნის წინათ ბრძანა —„თუ დახრჩობაა, გვირჩევნია ზღვაში დავიხჩვათ, ვიდრე წუმპეში“. მისი მიხედვით, ზღვა რუსეთია.

აფხაზ პოლიტიკოსებს, ისე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან სურთ ურთიერთობა და არა საქართველოსთან, ვინაიდან რუსეთი პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად უფრო მეტი სარგებლის მომტანია მისთვის, ვიდრე საქართველო. მარტო რუსული ტურიზმი რად ღირს, ისე, როგორც რუსული ბაზარი აფხაზური ციტრუსების, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების გასაღებისთვის.

რუსეთმა სულ ახლახანს აფხაზეთის მოსახლეობას სრული დისპანსერიზაცია ჩაუტარა — მთიანი სოფლის მოსახლეობის ჩათვლით. ამ ღონისძიებას კარგა ხანი მოანდომეს რუსმა ექიმებმა — რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მურაშკოს განკარგულებით. რუსეთმა რეკონსტრუქცია ჩაუტარა სოხუმის აეროპორტს, რომელმაც უკვე მიიღო და გაისტუმრა პირველი მგზავრები. მიმდინარეობს სხვა ობიექტების მშენებლობაც, რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ — აფხაზეთთან ჩვენი ისტორიული ურთიერთობების შეხსენების შემდეგ. მანამდე კი გეტყვით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს აფხაზეთში, საქართველოსთვის შეუძლებელია — სუსტი ეკონომიკის გამო და უფრო სუსტი ნდობის ფაქტორის.

როგორც ჩანს, 1992 წელს საქართველოს მიერ დაწყებული ომი აფხაზეთში ჯერაც ახსოვთ და ახსოვთ მწარედ, ვინაიდან ბევრი აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. მარტო აფხაზის?

საქართველოს მეთაურის შევარდნაძის უგუნურ, ავანტიურისტულ პოლიტიკას ასობით ქართველი შეეწირა. ათეულ-ათასობით ლტოლვილი გაჩნდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში; მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა უმძიმეს ტვირთად დააწვა საქართველოს ბიუჯეტს.  ეს პრობლემები დღემდე მოუწესრიგებელია. და რაც მთავარია ქართველის გონებაში ქვეცნობიერად გაჩნდა აზრი, რომ ქართველი, რაოდენობით გაცილებით მეტი, ვიდრე აფხაზი დამარცხდა მასთან ომში.

განუზომელია აფხაზეთთან დამარცხების მორალური ზარალი, ისე, როგორც ტერიტორიული დანაკარგი — კალმით ნახატი ედემის ბაღის სადარი. ახალმა თაობამ ეს არ იცის. და არ იცის სააკაშვილის წყალობით, რომელმაც ცხინვალის ომში დამარცხების შემდეგ, აუკრძალა საქართველოს მოქალაქეს, და არა მარტო მას, უცხოელსაც აფხაზეთში ჩასვლა.

ყოფილი ავტონომიების თემა მტკივნეულია ყველა ქართველისთვის, პატრიოტისთვის, ვინც იცის სახელმწიფოს, ქვეყნის ყადრი. სამწუხაროდ, ასეთები საქართველოში აღარ არიან. და თუ არიან — თითო-ოროლა, რომელთა ხმას, სიტყვას თანამედროვე ქართული პოლიტიკა ყურსაც არ ათხოვებს, არ მოუსმენს, რამეთუ ეს საკითხი სცილდება მის გონებრივ შესაძლებლობას.

რასაც ქართული პოლიტიკა ხმამაღლა აცხადებს — ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებოო — პირიდან ნატყორცნი ფრაზებია, პროპაგანდისტული და არა გულიდან, გონებიდან წამოსული.

1991 წლის დეკემბრიდან ვცხოვრობთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სუვერენულ, თავისუფალ ქვეყანაში — სიტყვით. საქმით — დამოკიდებულ, არადემოკრატიულ, არასუვერენულ, არათავისუფალში. ქვეყანაში მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ერთპარტიული მმართველობა ტრადიციულია. რამეთუ ყველა ჩატარებულ არჩევნებში იგებდა და იგებს ხელისუფლებაში მყოფი პარტია, რომელიც ჰქმნიდა და ქმნის ერთპარტიულ მთავრობას.

გამონაკლისებიც იყო „მოქალაქეთა კავშირის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაცემის სახით, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალისმიერი პროცესი სჭარბობდა თავისუფალ, მშვიდ საარჩევნო გარემოს.

1991 წლის დეკემბრის, ანუ რუსეთის მიერ ჩვენთვის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის დამოუკიდებლობის ბოძების შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ განვლილმა წლებმა არაფერი მოგვიტანა აღქმისთვის, რას ვაშენებთ, რა გვინდა, როგორი სახელმწიფო გვინდა. ის, რომ კარგი ცხოვრება გვინდა, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ სხვაგან კარგი ცხოვრებისთვის იქაური პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები რაღაცას აკეთებენ, აქ მათი კოლეგები — არაფერს.

ცხოვრება თავისი დინებით მიდის და ამ დინებაში ხელისუფლების შრომის წვლილი არ იგრძნობა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან ჩავეხუტეთ დასავლეთს — უშრომელი ფულის და ეკონომიკური დახმარების მიღებისთვის. მარტივი, გასაგები ენით რომ ვთქვათ, იმ ქალის პოზაში ჩავდეგით, რომელიც სარგებლის მისაღებად საკუთარ ორგანიზმს სთავაზობს მსურველს.

მუშტრებიც გამოჩნდნენ თავიანთი წინადადებებით — ბარტერული გაცვლის მსგავსით, ჩვენ მოგცემთ ბრჭყვიალა სათამაშოებს, თქვენ კი გააკეთეთ ის, რასაც ჩვენ გეტყვით. მაგალითად, იომეთ რუსეთთან, აგინეთ და ლანძღეთ ის, ილაპარაკეთ მასზე, როგორც აგრესორზე და ოკუპანტზე საერთაშორისო სარბიელზე, შექმენით რუსის და რუსეთის აუტანელი იმიჯი.

საქართველოს პოლიტიკამ უმალ აიტაცა უცხოელთა დავალება — ამას რა სჯობს, იოლი გასაკეთებელიაო და დავიწყეთ დავალებების შესრულება — ცხინვალის ომით, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის სურვილით, ლგბტ-ს პროპაგანდით — ცხადია ოპოზიციაში, რუსეთის მუდმივი გინებით საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მოკავშირე და დამცველი მუსლიმანური შემოსევებისგან, პირველ დამპყრობელად გამოვაცხადეთ და ქვეყანად, რომელიც ქართველი ხალხის განადგურებას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებული იერიში მივიტანეთ საქართველოში რუსეთის ძალაუფლების დამყარებაზე, კომუნისტური სისტემის ჩამოყალიბებაზე და ეს ყველაფერი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად და ანექსიად შევაფასედ, 25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თარიღად გამოვაცხადეთ.

დავივიწყეთ ისტორია, ერთობ მძიმე, გაუსაძლისი. გავუძელით ფიზიკურ განადგურებამდე მისულნი და რომ არა რუსეთისგან გამოწვდილი ხელი, ასიმილირებული ვიქნებოდით ირან-თურქეთთან, ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები.

„მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი, მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი, სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი. და ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა, მაშრიყ-მაღრიბელი. იყო დრო, რომ მმართველობა, სამართალი გვქონდა, სხვისი. ბაღდადსა და ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი. მტრისგან ბევრჯერ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი, და იმედს მაინც არ ვკარგავდით — სული გვქონა შოთაისი“ — აკაკი შანიძის ლექსიდან ამონარიდი. ქართული ეროვნული ჰიმნი „ალიფაშას“ ხმაზე.

დიახ! ვიყავით, ქართველი ისტორიკოსების მიხედვით, ერთიანი და დიდი —   ნიკოფსიიდან, დარუბანდამდე, რასაც წერტილი დაესვა მონღოლთა შემოსევით და ბატონობით. 1490 წელს ერთიანი საქართველო წაიშალა რუკიდან —დაქუცმაცდა რა პატარ-პატარა სამთავროებად, ქართლ-ქახეთისა და იმერეთის სამეფოებად.

რატომღაც ბევრს ეთაკილება საკუთარი ქვეყნის მძიმე ისტორიის გახსენება. რა გაეწყობა, ისტორია ჩვენს გემოვნებაზე არ არის აწყობილი — ფაქტებსა და მოვლენებზეა და ეს ფაქტები და მოვლენები გვინდა თუ არა, უნდა მივიღოთ, გავიზიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყალბი ისტორიის მხარეს აღმოვჩნდებით ზოგიერთი ქართველის, ქართველების მსგავსად, რომლებმაც „პატრიოტულად“ აღნიშნეს საქართველოს ოკუპაციის თარიღი, 25 თებერვალი, წინა დღით კი უკრაინის საელჩოსთან მისვლით, რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების მესამე წლისთავი, ქართულად — რუსეთის აგრესია „უმანკო“ უკრაინის წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, „მოწინავე“ ქართველობას, მათ შორის ე.წ. ინტელიგენციას მამა-შვილ ბუღაძეების, ლაშა ბაქრაძეების და სხვათა სახით საპირისპირო აზრი გაუჩნდათ იმ ქვეყნის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რომელმაც დოლარული ძუძუ აწოვა USAID-ის ჯიქნიდან მრავალი წლის განმავლობაში და ანტირუსად გამოზარდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ამერიკული პოლიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატების ძალისხმევით განხორციელებული, ოდესმე შეიცვლებოდა. მათ, მუქთი ცხოვრების მოტრფიალეთ, ჩათვალეს, რომ USAID, მათივე აღქმით, უძლიერესი და უპატიოსნესი ორგანიზაცია, სინამდვილეში კორუმპირებული, მრავალ სიბინძურეში გახვეული, მათ შორის „ფერად რევოლუციებსა“ და „კოვიდ-19“ ხელოვნური ვირუსის გამოგონებაში, სამარადისო მოვლენა იქნებოდა — მათთვის სამარადისო დოლარების მომწოდებელი.

USAID-ს და მათდა სამწუხაროდ, აშშ-ს ახალმა, ტრამპის ადმინისტრაციამ წერტილი დაუსვა. და წერტილი არა მარტო USAID დაუსვა, არამედ 1991 წლიდან მოყოლებულ აშშ-ს პოლიტიკას რუსეთთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, უკრაინასთან დაკავშირებით.

ქართველმა „პატრიოტებმა“ არ იციან ტრამპის დამოკიდებულების თაობაზე, ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ტრამპის შეფასება არის მკაცრი, მაგრამ ნამდვილი — უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, მისი პრეზიდენტი კორუმპირებული, ყოფილი ტაკიმასხარა ზელენსკი და მისი გუნდი უნდა ჩამოშორდნენ მმართველობას; უკრაინამ უნდა აანაზღაუროს აშშ-ს ვალი წიაღისეული სიმდიდრეებით, და სხვა მრავალი ნეგატიური, ანტიუკრაინული, რაც გაღიზიანებას და პროტესტის  გრძნობას კი არ უნდა იწვევდეს ე.წ. მოწინავე ქართველში, არამედ განცდას იმისა, რომ შეცდნენ.

რა გაეწყობა, ძნელია უცბათ იმის საწინააღმდეგოს დაჯერება, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვასმენინებდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ რუსეთი აგრესორია და ოკუპანტი, ხოლო მისი პრეზიდენტი პუტინი ბანდიტი, ტერორისტი.

„მოწინავე“ ანტირუს ქართველებს ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის უსაფუძვლო, ავანტიურისტული გამონათქვამები, ცილისწამების მსგავსი იავნანასავით ჩაესმოდათ და დიდ კმაყოფილებას იწვევდა მათში.

რომ იტყვიან — მოკრიალებულ ცაზე, მეხის გავარდნის მსგავსი იყო ტრამპის განცხადება, რომ რუსეთი აგრესორი არ არის და ის იძულებული გახადეს ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ, უკრაინის ნატოში შეყვანის დაპირებით, ომი დაეწყო. რუსეთის ადგილას, ამერიკაც იგივეს გააკეთებდაო.

უკრაინის ომმა წყალი შეუყენა აშშ-ს ჰეგემონიზმს და არა მარტო მას, არამედ ევროკავშირის ერთსულოვნებას. დღევანდელი ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერს ნეოფაშისტურ უკრაინას, ეწინააღმდეგება ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სამშვიდობო პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ისე, როგორც „მოწინავე“ ქართული ინტელიგენცია და ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია, რაც დადასტურდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. აშშ-ა მხარი არ დაუჭირა რუსული აგრესიის დაფიქსირებას რეზოლუციაში და საკუთარი ნეიტრალური პროექტი წარადგინა უკრაინის ომთან დაკავშირებით. თუმცა ევროკავშირის ძალისხმევით ანტირუსული რეზოლუცია გავიდა ასამბლეის სხდომაზე, მაგრამ მას მხარი არც რუსეთმა და არც აშშ-ა არ დაუჭირეს.

იმავე დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს აშშ-ს წინადადება, სადაც რუსეთის აგრესიულობის თაობაზე საერთოდ მინიშნებაც არ არის.

ჩვენო „მოწინავენო“ ყური დაუგდეთ, გულდასმით განიხილეთ, აღიქვით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები; გამორიცხეთ თქვენთვის ჩვეული სუბიექტურობა და ისეთი თვალით შეხედეთ რეალობას, როგორსაც ამას მოითხოვს საერთაშორისო არენაზე მომხდარი ცვლილება.

დღევანდელი ამერიკა არ მოითხოვს თქვენი მხრიდან მისი უკანალის ლოკვას, რითიც იყავით დაკავებული დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან, მაგრამ ტრამპის ამერიკა ვერ აიტანს ისეთი უსუსური ქვეყნის მხრიდან კრიტიკას, თანაც დაუმსახურებელს, როგორიც საქართველოა.

ზემოთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე გითხარით. დამატებით იმასაც გეტყვით, რომ აფხაზები ხშირი სტუმრები არიან რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიების თოქ-შოუების, სადაც ისინი არ ტოვებენ პროვინციელთა შთაბეჭდილებას. გამართული რუსული და როგორც ჩანს რუსული ლიტერატურის, ხელოვნების, ცხოვრების ღრმა ცოდნა აძლევს მათ იყვნენ თოქ-შოუში მოწინავე რუსი თუ უცხოელი პოლიტოლოგის, ექსპერტის დონეზე.

აფხაზები გაიზარდნენ პოლიტიკურად, საერთო განათლების დონით, პროფესიონალური თვალსაზრისით, სხვა კუთხითაც. ასეთთან ლაპარაკს ქართული დღევანდელი პოლიტიკა ვერ შეძლებს, ვინაიდან არც ცოდნა და არც გამოცდილება ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრებისა მას არ გააჩნია. რაც გააჩნია წლების განმავლობაში სხვათა, განსაკუთრებით ამერიკელ-ევროპელთა დავალებების უყოყმანო შესრულებაა, უფრო სწორად იყო 2025 წლის 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე. 20 იანვრის შემდეგ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის წყალობით საერთაშორისო პოლიტიკა იცვლება. შეცვლილი, ახალ აზროვნებას საჭიროებს, პროფესიონალიზმს და პატრიოტიზმს — ნამდვილ და არა მოჩვენებით სუვერენულობას.

30-წლიანმა ევროატლანტიკურმა მორჩილებამ, სიტყვა „პატრიოტიზმი“ ამოშალა ჩვენი ლექსიკონიდან. არადა, ვისაც ეს გრძნობა არ აქვს, დამოუკიდებელ ქვეყანას ვერ ააშენებს.

დამოუკიდებლობა — სულაც არ ნიშნავს იზოლაციას, საკუთარ ნაჭუჭში შეყუჟვას და სხვასთან ურთიერთობის გაწყვეტას. პირიქით, სხვასთან ურთიერთობით, განსაკუთრებით მეზობლებთან, შეიძლება ქვეყნის მყარი საყრდენის ჩაყრა, თუმცა ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია საკუთარი შესაძლებლობები, ობიექტური შეფასება საკუთარი თავის, ისე, როგორც მომავალი პარტნიორის.

საქართველოს პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს რისთვის იღვწის, რისთვის ხარჯავს ენერგიას, როგორი ქვეყანა უნდა მას სამშობლოდ. „უნდა სამშობლოდ“ — ეს სიტყვები გაქცეული კალმის მიერ მოტანილი გაუგებრობა არ არის, საუბედუროდ რეალობის ნაყოფია, რამეთუ ბევრმა „პატრიოტმა“, ევროკავშირის უვიზო შეღავათებით მოსარგებლემ, ისე მიატოვა სამშობლო, ვითომც არაფერი და „ახალ სამშობლოს“ ეთაყვანება.

მიგრაციულმა მოვლენებმა, 21-ე საუკუნის მთავარმა დამახასიათებელმა, ხალხთა იძულებით თუ ნებაყოფლობით გადასახლებამ საქართველოს მოსახლეთა ტვინებიც დაიპყრო და ბევრი მათგანი აქაურ გაუსაძლისობას ააცილა იქაურის ძიებისას. მათდა სამწუხაროდ, იმ „დალოცვილ“ ევროკავშირშიც ისეთი „ტკბილი“ ცხოვრება აღარ არის, როგორიც იყო.

მიზეზი ამისა ბევრია, მაგრამ მთავარი რუსეთთან გაუარესებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა და აქედან გამომდინარე რუსულ იაფ გაზზე უარის თქმაა. მხედველობაში მაქვს გაზსადენი მილებით მიღებული გაზი და არა დაჭირხლული, რომლის მიღებაზეც ევროკავშირი უარს არ ამბობს. გარდა ამისა, ევროკავშირი იღებს „სამხრეთის ნაკადის“ გაზს, რომელიც თურქეთის გავლით შედის ევროპაში — თურქეთის სახელით და არა რუსეთის.

პოლიტიკურ კუკუმალობასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შესრულებით. ენერგეტიკულმა პრობლემებმა თავისთავად გამოიწვიეს ფასების ზრდა, უმუშევრობა, საწარმოების დახურვა, კომუნალური გადასახადების გაორმაგება, რაც იქ მყოფ საქართველოს მოსახლეობასაც შეეხო.

ქართველი მიგრანტების ევროპის მიწაწყალზე ფეხის მოკიდებას, იქაურად გადაქცევას, იქაური აზროვნებით, მინიმუმ 50 წელი დასჭირდება. გუშინ და გუშინწინ გადახვეწილი ამ კეთილდღეობას ვერ შეესწრება. მათი შვილები შეესწრებიან, თუ ისინი იქაურ განათლებას მიიღებენ და კონტაქტებს დაამყარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან და ეს საზოგადოება მას თავისიანად ჩათვლის და  არა მიგრანტად.

ამოცანა, არცთუ იოლი შესასრულებელია, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნის მიგრანტების ისტორიას. მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო იქაური ცხოვრება და ამ პროცესში მას ხელი შეუშალა იქ გაჩენილმა დიასპორამ. ადგილობრივი ენის არცოდნამ აიძულა ახალჩასული მიგრანტი დიასპორაში ეტრიალა და არა ადგილობრივ საზოგადოებაში.

ამპარტავანი ქართველისთვის მიზანი ისაა, რომ მასპინძელი ქვეყნის საზოგადოებაში დაფასებული იყოს, საპატიო ადგილი ჰქონდეს. ასე ფიქრობს ნებისმიერი აქაური, იქაურად გადაქცევამდე. მას რატომღაც ჰგონია, რომ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, საზოგადოების ნებისმიერ ფენაში ადგილის დაკავება ჩვეულებრივი და არა ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს.

ის, რაც გითხარით სულაც არ არის ჩემეული პროპაგანდა, რეალობაა, რომელთანაც სისტემატურად მქონდა შეხება საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის დროს. „ჩვეულებრივი“ იქ მცხოვრებნი, მიუხედავად ნაკლებად დალხინებული ცხოვრებისა, აქ დაბრუნებას არ აპირებენ. არ აპირებენ იმიტომ, რომ სოციალური პირობები, თუნდაც გაუარესებული, იქ გაცილებით სჯობს აქაურს, რაც ცხადია პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების სუსტი, არაპროფესიონალური მუშაობის ბრალია.

კარგი ცხოვრებიდან არვინ გაიქცევა. მირბიან გაუსაძლისი ცხოვრებისგან და ეს მარტივი ჭეშმარიტება კარგად უნდა გაიგოს პოლიტიკოსმა, ხელისუფალმა. სამწუხაროდ, ასეთს ადგილი არ ჰქონია 1991 წლიდან მოყოლებული, დღემდე და როგორც ჩანს არც მომავალში ექნება, შესაბამისი ნიშნების, თუნდაც მცირედის არ არსებობის გამო.

კითხვა — თუ საქართველოდან, ცუდი ცხოვრების გამო გარბის მოსახლეობა, როგორღა იქნება ის მიმზიდველი აფხაზებისთვის?

აფხაზმა პარტნიორად, ბაბად (დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია უთხარიო) რუსი ჩათვალა და არა იმიტომ, რომ რუსი მოერია, არამედ იმიტომ, რომ ყველა პარამეტრით მასთან უნდა ყოფნა. რუსთან ყოფნა აფხაზისთვის უსაფრთხოებაც არის და წელგამართული სოციალური ყოფა. რუსეთი, აფხაზს, თავისი უკიდეგანობით დიდ შესაძლებლობებს აძლევს თუნდაც დასაქმების, განათლების მიღების, სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

აფხაზიც ისეთივე ფსიქოლოგიის მატარებელია, როგორც ქართველი. მას თავის გამოჩენა უყვარს არა მარტო სამშობლოში, უცხოეთშიც. რუსეთი ამ მხრივ შესანიშნავი სარბიელია. აფხაზმა ეს დაინახა, ჩვენ ვერ დავინახეთ. ჩვენმა წინაპრებმა დაინახეს, ჩვენმა თანამედროვეებმა ვერ დაინახეს. მათ დასავლეთი ამჯობინეს რუსეთს. ჩვენს წინაპრებს, უაღრესად განსწავლულ, მოაზროვნე ადამიანებს, არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ. ისინი განათლებას არა მარტო რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებდნენ, არამედ ევროპაშიც. მათ არ დაუყენებიათ საკითხი — ან, ან. ან თუ რუსეთში სწავლობ, საქართველოში შესაბამისად არ დაფასდები. აი, თუ ევროპაში პრიმიტიულ კურსებს გაივლი — დაფასდები!

მე და ჩემი თაობა საქართველოს სსრ-ში შემავალ აფხაზეთს ვიცნობდით. მრავალეროვან ავტონომიას, იქ მცხოვრები აფხაზებით, ქართველებით, სომხებით, ბერძნებით, რუსებით. ქართველები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმრავლესობას შეადგენდნენ, დაახლოებით 300000-ს. დანარჩენნი — გაცილებით ნაკლებს, მათ შორის აფხაზებიც, 60000-ს.

აფხაზეთი, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში ვერ იტევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ დამსვენებელს. აფხაზეთი არა მარტო საქართველოს კურორტი იყო, არამედ მთელი საბჭოეთის.

აფხაზეთთან სისტემატური კავშირები მქონდა „საკავშირო საზოგადოება ინტურისტში“ მუშაობის პერიოდში. უცხოელ ტურისტებთან ერთად იქ ჩასულს, მასპინძლობას გვიწევდა ჩვენი კოლეგა „ინტურისტელი“ აფხაზები.

აფხაზებთან ურთიერთობა გაგრძელდა უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში ჩემი მუშაობის განმავლობაშიც. საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებთან ერთად სისტემატურად ვსტუმროდი აფხაზეთს. ამ ვიზიტებმა მომცა საშუალება ახლო გამეცნო აფხაზი სახელმწიფო მუშაკები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები და არათუ გამეცნო, საქმიანი, ახლო ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა მათთან. კარგად მახსოვს მათი უხვი მასპინძლობა, საუბრები პოლიტიკურ თუ საზოგადო თემებზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე.

საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, ისე, როგორც საქართველოს კპ ცკ-სა და მინისტრთა საბჭოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰქონდათ დასასვენებელი სახლები — კოტეჯის სახის, სადაც ისვენებდნენ აღნიშნული ორგანიზაციების აპარატების მუშაკები. უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს ასეთი დასასვენებელი ჰქონდა დაბა კინდღაში. სეზონის დაწყების წინ მე, როგორც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი, ვამოწმებდი კოტეჯების მდგომარეობას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველთან ერთად; შესაბამის დავალებებს ვაძლევდით იქაურ მომსახურე პერსონალს.

დამოკიდებულება ჩვენს შორის იყო საქმიანი, მეგობრული, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. შვებულებიდან დაბრუნებული აპარატის თანამშრომლები კმაყოფილებით იხსენებდნენ კინდღაში გატარებულ დღეებს. არასდროს მომისმენია მათგან აფხაზთა საპროტესტო განწყობის თაობაზე.

როგორც ჩანს, მცირე ერებისთვის დამახასიათებელი უკმაყოფილება იმასთან მიმართებაში, ვისთანაც ის ცხოვრობს, ანუ მასთან შედარებით დიდთან, არსებობდა და იარსებებს კიდევაც, მაგრამ დიდმა, საზრიანი პოლიტიკის გატარების შედეგად უნდა მოახერხოს მცირეს უკმაყოფილების განეიტრალება. მოვახერხეთ თუ არა  ჩვენ ასეთი საქართველოში მცხოვრები ხალხების მიმართ, ძნელი გასარკვევი არ არის — ვერ მოვახერხეთ. და რომ ვერ მოვახერხეთ, ამ რეალობას საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელთ. იქნებ იმიტომ, რომ შესაბამისი განათლება არ გვაქვს, არ გვისწავლია ხალხთა შორის ურთიერთდამოკიდებულების ფილოსობია. არათუ არ გვისწავლია, არამედ მცდელობაც არ გვქონია გვესწავლა.

მახსოვს, ერთი ასეთი არცთუ სასიამოვნო ისტორია საქართველოს სსრ-ს ცხოვრებიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შეცვალა აფხაზეთის სოფლების, დასახლებული პუნქტების, ქუჩების სახელები, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ინტელიგენციაში. მან კოლექტიური წერილით მიმართა საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც ბიუროს სხდომაზე განსახილველად გაიტანა ეს მიმართვა. ბიურომ საქმის შესწავლა დაავალა საქართველოს კპ ცკ-ს მეორე მდივანს კოლბინს. კოლბინმა კი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს პავლე გილაშვილს.

იმ დღეებში ვაპირებდით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის მოწვევას, რომელსაც, როგორც წესი ესწრებოდნენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეები — იმავდროულად საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეები. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის შესახებ, პრეზიდიუმის წევრებს მე ვატყობინებდი. დავურეკე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ვალერიან კობახიას და ვუთხარი სხდომის მოწვევის თაობაზე, ამასთანავე გავაფრთხილე, რომ სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართებოდა მეორე სხდომა აფხაზეთის ტოპონიმიკასთანს დაკავშირებით, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან, საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან.

სხდომა გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ყველა იმათმა, ვინც შევარდნაძის სახელზე გაგზავნილ წერილს აწერდა ხელს. აფხაზეთიდან მხოლოდ კობახია იყო.

გამაოცა ქართველი მეცნიერების თავშეუკავებელმა, მბრძანებლურმა განცხადებებმა კობახიას მიმართ — სასწრაფოდ შეცვალეთ თქვენს მიერ შემოღებული დასახელებები და დაუბრუნეთ საწყის ფორმას, რაზეც კობახიამ უპასუხა, რომ აფხაზი მეცნიერები დიდხანს მუშაობდნენ ამ საკითხზე და ისტორიული სახელების დაბრუნება შემოგვთავაზეს. თუ რამე იწვევს თქვენში გაღიზიანებას უმჯობესი იქნება თქვენი ჩამოსვლა სოხუმში და ჩვენს მეცნიერებთან ერთად საკითხის შესწავლაო.

კობახიას შეთავაზებამ კიდევ უფრო გააცეცხლა მარიკა ლორთქიფანიძე, თამაზ გამყრელიძე, სხვა აკადემიკოსები, რომლებმაც განაცხადეს — ჩვენ არსადაც არ ჩამოვალთ, თქვენ გადააკეთეთ სახელები და გამოგვიგზავნეთო.

ქართველ აკადემიკოსთა განცხადება, უფრო  ბრძანება იყო პატარის და ხელქვეითის მიმართ, დაახლოებით ისეთი, როგორც ჰქონდა რაიკომის პირველ მდივანს თავისი ინსტრუქტორის მიმართ.

სამწუხაროდ, საქართველოს სსრ-ს კპ ცკ-ს პირველ მდივანს, რესპუბლიკის რეალურ ხელმძღვანელსაც ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელთა მიმართ. უმაღლეს თანამდებობაზე ასვლისთანავე მან დაიწყო წინამორბედი მჟავანაძის მიერ დანიშნული კადრების განთავისუფლება.

ერთია, როდესაც საკადრო ცვლილებას ახორციელებ საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში, მაგრამ მეორეა, როდესაც ანალოგიურს მიმართავ ავტონომიურ ფორმირებებში, ავტონომიების ხელმძღვანელთა დაუკითხავად. უფრო მეტიც, როდესაც თვით ავტონომიების ხელისუფლებას ათავისუფლებ ყოველგვარი საბაბის გარეშე.

თუ აჭარასა და სამხრეთ ოსეთში მოულოდნელ და ვოლუნტარისტულ საკადრო ცვლილებას უკმაყოფილება არ გამოუწვევია, აფხაზეთში გამოიწვია. და გამიწვია არა მარტო საკადრო ცვლილებამ, არამედ შევარდნაძის მიერ დანიშნული კადრების ქედმაღლობამ, ადგილობრივთა დამცირებამ და სხვა უარყოფითმა ქცევამ, რასაც მოჰყვა სოფელ ლიხნის აფხაზთა თავყრილობა — კოლექტიური წერილის გაგზავნით კრემლში.

აფხაზთა აფეთქებას ადგილი არ ჰქონია გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ. მაშინაც ულტრაპატრიოტულმა ძალებმა მოაწყვეს ლიხნის თავყრილობა და წერილით მიმართეს კრემლს საქართველოდან გამოყოფის თაობაზე — რუსეთთან შეერთების მიზნით. პასუხი საბჭოთა ხელმძღვანელის, ხრუშჩოვის იყო მკაცრი და შეუვალი — თუ აფხაზებს სურთ რუსეთთან შეერთება, სოხუმში ჩავაყენებ ვაგონებს და აფხაზებს ციმბირში შევაერთებთ რუსეთთანო.

ხრუშჩოვის მკაცრი პასუხი სულაც არ მიანიშნებდა საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებაზე. მას ეშინოდა, რომ რუსეთთან შეერთებით არ გახსნილიყო პროსეცი ავტონომიების ერთი რესპუბლიკიდან, მეორე რესპუბლიკაზე მიერთების, რასაც უდავოდ მოჰყვებოდა დაპირისპირება, ერთა შორის შუღლი, საბჭოთა სისტემისთვის წყლის შეყენება.

შევარდნაძემ, თავისი დაუფიქრებლობით, რეანიმაცია გაუკეთა ლიხნის თავყრილობას. აფხაზებისთვის, შევარდნაძე რანგით ჩამოუვარდებოდა წინამორბედ მჟავანაძეს, რომელიც სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო.

აქვე შეგახსენებთ — საბჭოთა კავშირის შექმნის დროს აფხაზეთი არ შედიოდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში, როგორც ავტონომია. აფხაზეთსაც ისეთივე სტატუსი — აფხაზეთის სსრ-ა ჰქონდა, როგორც საქართველოს, თუმცა ამ ორის ურთიერთობა ეფუძნებოდა სამოკავშირო ხელშეკრულებას. 10 წლის განმავლობაში აფხაზეთი იყო ასეთი სტატუსით, და ბოლოს სტალინისა და ბერიას ძალისხმევით, აფხაზ ბოლშევიკებს მიაღებინეს გადაწყვეტილება აფხაზეთის სსრ-დან ავტონომიამდე ჩამოქვეითების — საქართველოს სსრ-ში ავტონომიის სტატუსით შესვლით.

გარდა ამისა, კრემლის განკარგულებით, ათეულ-ათასობით ქართველი, საქართველოს სოფლებიდან და დასახლებული პუნქტებიდან ჩაასახლეს აფხაზეთში. ჩასახლებას უნდა გამოეწვია ერთი მუჭა აფხაზების ქართველებთან ასიმილაცია, რაც მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა. მიზეზები მრავლად იყო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო ჩასახლებული ქართველის ქედმაღალი დამოკიდებულება ადგილობრივი აფხაზის მიმართ.

ქართველი, მითუმეტეს სტალინ-ბერიას მიერ ჩასახლებული, თავს აფხაზეთის ბატონ-პატრონად თვლიდა, ხოლო აფხაზს — აფსუას, ჩრდილოეთ კავკასიიდან „ჩამოთრეულად“.

„ჩამოთრეული“ აფსუები — ამ სიტყვას სისტემატურად იყენებდნენ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული „მრგვალი მაგიდის“ წევრები და მათი ლიდერი ზვიად გამსახურდია.

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, „9 აპრილის“ შემსწავლელი საკავშირო კომისიის წევრებს, რომელთაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა, წარვუდგინე მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებული ცნობილი ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი, რომელმაც კომისიას გააცნო რა ქართველთა და აფხაზთა ისტორიული ურთიერთობები, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზები, აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობაა, ისე, როგორც ქართველები.

შევარდნაძის წინააღმდეგ კრემლში გაგზავნილ წერილს მოჰყვა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის კუზნეცოვის ვიზიტი თბილისში. მას მასპინძლობას უწევდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი. სტუმარი ეწვია თბილისის საწარმოებს, კახეთის სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს.

სტუმარმა რამდენიმე დღე დაჰყო საქართველოში და ყოველი დღის პროგრამის შემდეგ, მთაწმინდის რესტორნის პატარა დარბაზში გამართული ვახშამის დროს მასპინძლებს ეუბნებოდა თავისი შთაბეჭდილების შესახებ. მასპინძლები კი იყვნენ: შევარდნაძე, გილაშვილი, თამარ ლაშქარაშვილი — უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, სოლიკო ხაბეიშვილი — საქართველოს კპ ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების გამდე და თქვენი მონამორჩილი.

თბილისიდან გამგზავრების შემდეგ კუზნეცოვმა სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს მოახსენა საქართველოში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენათა გათვალისწინებით. პოლიტბიურომ გადაწყვიტა შევარდნაძისთვის სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და დაავალა მას აფხაზთა წერილში დაფიქსირებული მოთხოვნების შესრულება.

პოლიტბიურომ, ერთის მხრივ, დააწინაურა შევარდნაძე, მიანიჭა რა მას პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატობა, მეორეს მხრივ, მასვე დაავალა პრობლემების მოგვარება. 

პოლიტბიურომ ამ გადაწყვეტილებით აფხაზებს გადაუწურა იმედი შევარდნაძის გათავისუფლების, რაც საბჭოთა კავშირში შექმნიდა პრეცედენტს უკმაყოფილო საზოგადოების მიერ რესპუბლიკის ხელმძღვანელის გათავისუფლების. მეორეს მხრივ, შევარდნაძეს დაევალა აფხაზთა საპროტესტო განწყობის ჩახშობა.

მაინც რას მოითხოვდნენ აფხაზები?

აფხაზეთის უნივერსიტეტის გახსნას, აფხაზეთის ტელევიზიის შექმნას, აფხაზეთის კულტურის განვითარებისთვის ხელის შეწყობას და სხვა.

აფხაზთა მოთხოვნები სასწრაფოდ განხილულ და გადაწყვეტილ იქნა. საფუძველი ჩაეყარა საქართველო-აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეთა ბორჯომის ყოველწლიურ შეხვედრებს. შევარდნაძემ კარდინალურად შეცვალა საკადრო პოლიტიკა აფხაზთა მოსაზრების გათვალისწინებით.

საკითხები, რომლებსაც აფხაზები აყენებდნენ, ჩემის აზრით გასათვალისწინებული იყო და ცენტრის მიერ საზრიანი, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგომის შემთხვევაში აფხაზთა მოთხოვნებს ადგილი არ ექნებოდა.

აფხაზთა მოთხოვნათა შორის იყო ისეთი საორგანიზაციო საკითხები, როგორებიცაა აფხაზთა ავტონომიაში ხელისუფალთა მიერ თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლება, აფხაზეთის ბიუჯეტში შესული თანხების ნაწილის აფხაზეთში დატოვება და არა თბილისში გამოგზავნა.

ანალოგიური პრობლემები იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში, რასაც სისტემატურად ვაწყდებოდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან აჭარის წარმომადგენლად მუშაობის დროს. მაგრამ ყოველივე ამას ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის, ასევე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის და საქართველოს პრეზიდენტად შევარდნაძის არჩევის შემდეგ.

ცნობისთვი. საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა რამდენიმე პარტიის კოალიციამ, რომელსაც „მრგვალი მაგიდა“ ერქვა. „მრგვალმა მაგიდამ“ უზენაესი საბჭოს პირველსავე სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად გამსახურდია წარადგინა.

უზენაესი საბჭოს მიერ თავმჯდომარედ გამსახურდიას არჩევის შემდეგ დაიწყო ძველი საბჭოთა კადრების შეცვლის პროცედურა, მათ შორის აჭარასა და აფხაზეთში. საქართველოს უზენაესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თემურ ქორიძემ გამსახურდიას წარუდგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასლან აბაშიძის კანდიდატურა.

ასლან აბაშიძე იმჟამად თბილისში მუშაობდა საყოფაცხოვრებო საკითხების მინისტრის მოადგილედ. დიდი მემედ აბაშიძის შვილიშვილი ასლან აბაშიძე მისაღები კანდიდატურა გამოდგა გამსახურდიასა და უზენაესი საბჭოს წევრებისთვის.

აჭარაში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ასლან აბაშიზემ გაიმარჯვა.

„მრგვალ მაგიდაში“ განხეთქილების დაწყების დროს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს თავის მხრივ თანადგომა არ გაუნელებია გამსახურდიას მიმართ, თუმცა ჩემთან, როგორც უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსთან საუბრის დროს, რასაც ადგილი ჰქონდა მისი უზენაესი საბჭოს სხდომებში მონაწილეობის ჩარჩოებში, ეჭვს გამოთქვამდა გამსახურდიას თანამდებობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

გამსახურდიას დამხობის შემდეგ, გამარჯვებული კიტოვან-იოსელიანის ლაშქარი აჭარას მიადგა დასასჯელად, მაგრამ ასლან აბაშიძის მტკიცე პოზიციამ არ მისცა მას (ლაშქარს) ჩოლოქის გადალახვის შანსი.

ბეტონის უზარმაზარმა ბარიერმა, აღმართულმა ადმინისტრაციულ საზღვარზე და აჭარაში არსებულმა რუსეთის სამხედრო ბაზამ დაიცვა აჭარა და გადაარჩინა იმ უბედურებისგან, რაც ცენტრმა ჩაიდინა სამეგრელოში.

ასლან აბაშიძეს ბეტონის ბარიერის მოწყობისთვის სისტემატურად აკრიტიკებდნენ თბილისში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ჟურნალისტები — ცენტრის მიერ დაქირავებული. რას არ უძახდნენ მას, „თურქეთის ფაშას“, „სეპარატისტს“, „რუსეთის გენერალს“, „სახელმწიფო ფულის მიმთვისებელს“, …

ყოველივე აღნიშნულის მომსწრეს და ასლან აბაშიძესთან საქმიანი, ახლო ურთიერთობებიდან გამომდინარეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ასლან აბაშიზე უდავოდ იყო იმ დროისთვის გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, ნოვატორი, რომელმაც არა მარტო აჭარა გადაარჩინა დარბევისგან, არამედ საქართველო დანაწევრებისგან. მაშინ ვერვინ იწინასწარმეტყველებდა ომს აფხაზეთში, მოგვიანებით სამხრეთ ოსეთში.

აბაშიძის დამსახურება აჭარის და საქართველოს ისტორიაში დასაფასებელია. და დასაფასებელია არა მარტო ხიდების, გვირაბის, გზების, საავადმყოფოებისა და საბავშვო სახლების მშენებლობისთვის, არამედ კულტურული, სულიერი ცხოვრების გადარჩენა-აღორძინებისთვის. ვის მოუვიდოდა თავში ბათუმში ოპერისა და ბალეტის თეატრის დაფუძნება; საოპერო, საბალეტო ხელოვნების განვითარება; ბავშვთა ოპერის დაარსება; კონსერვატორიის, საბალეტო სტუდიის შექმნა; სანქტ-პეტერბურგის გემთმშენებელი ქარხნიდან სამხედრო კატარღის დოკუმენტაციის მოპოვება, სპეციალისტების ბათუმში ჩამოყვანა და გემის მშენებლობა, რომელიც საჩუქრად გადასცა თავდაცვის სამინისტროს.

ასლან აბაშიძის შრომის შედეგად აჭარა შეყვანილიქნა ევროპის რეგიონთა ასამბლეაში. აჭარის დელეგაცია ასლან აბაშიძის მეთაურობით მონაწილეობდა ბარსელონის რეგიონთა ასამბლეის სხდომაში. გარდა ამისა, იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჩინეთის მხარის მოწვევით, სადაც გაეცნო თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს გუანდუნის პროვინციის ქალაქებში გუანჯოუში, შენჩჟენში, მაკაოში, ჰონგ-კონგში.

ჩინეთში ვიზიტის დროს, ის და აჭარის დელეგაცია მიიღო ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს წევრმა, პეკინის პარტიული ორგანიზაციის პირველმა მდივანმა.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობრული კავშირები ჰქონდა დამყარებული ირანის, გილანის პროვინციასთან. ირანის გილანის პროვინციის დელეგაცია იმყოფებოდა აჭარაში, ისე, როგორც აჭარის დელეგაცია ირანში. 

ასლან აბაშიძის მოწვევით, აჭარაში იმყოფებოდა ჩინეთის ორი დელეგაცია —  თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან დაკავშირებით კანონპროექტის მოსამზადებლად.

კანონპროექტი მომზადდა ჩინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ და განსახილველად შევიდა საქართველოს პარლამენტში.

სამწუხაროდ, კანონპროექტმა, სუბიექტურ მიზეზთა გამო ვერ მიიღო საკმარისი ხმები. მიზეზი პროექტის ჩავარდნისა იყო მარტივი — ასლან აბაშიძის ინიციატივა.

მმართველ „მოქალაქეთა კავშირს“ რომ შეეტანა კანონპროექტი პარლამენტში, უდავოდ გავიდოდა, პროექტი კანონად იქცეოდა. მაგრამ აქაც იძალა ქართულმა უჭკუობამ, გაუტანლობამ.

ასლან აბაშიძის ნოვატორობის შედეგია ბათუმსა და რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცას შორის საბორინე გადასასვლელის აშენება, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სატვირთო მატარებლის ბორანზე შეყენების და იმავე მატარებლით ტვირთების დანიშნულებამდე მიტანის — ჩამოტვირთვა-დატვირთვის გარეშე.

აბაშიძემ დაამზადა საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებისთვის, უფრო სწორად მგზავრებისთვის სადგომები, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში, დამონტაჟდა თბილისში.

გასული საუკუნის გაუსაძლის 90-იან წლებში, უშუქობის პერიოდში საქართველოს ერთადერთი განათებული რეგიონი აჭარა იყო. იმჟამად სისტემატურად მიხდებოდა აჭარაში მიმოსვლა და ხილვა განათებული საქართველოსი, ანუ აჭარის. აჭარამდე, დანარჩენი საქართველო ჩაბნელებული იყო.

როგორ  მოახერხა ასლან აბასიძემ აჭარის განათება?

მოსკოვის მერთან, ლუჟკოვთან საქმიანი, მეგობრული ურთიერთბით. ლუჟკოვთან მეგობრობამ აჭარის მოსახლეობას საშუალება მისცა ხანმოკლე ვადით მოსკოვში უვიზოდ ჩასვლის.

2004 წელს, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრების წინ, პარლამენტის ფრაქციებთან თათბირის დროს, რომელსაც ვესწრებოდი, სააკაშვილმა მიმართა აჭარის ლიდერს — ისეთივე ყურადრება გამოეჩინა დანარჩენი საქართველოს მიმართ, როგორიც მან გამოიჩინა აჭარის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში და დახმარებისთვის მიემართა ლუჟკოვისთვის.

თათბირის დროს მან ქებით მოიხსენია აბაშიძის მუშაობა აჭარაში. უფრო მეტიც, ჩემთან პირადი საუბრისას სააკაშვილმა აქო და ადიდა ასლან აბაშიძე. თუ რამდენად გულწრფელად — ძნელი გამოსაცნობი არ იყო, ვინაიდან სულ რაღაც 2-3 თვის შემდეგ ქება-დიდება, მან ლანძღვა-გინებით ჩაანაცვლა.

ქება-დიდების საბაბი სააკაშვილს ჰქონდა, ვინაიდან ასლან აბაშიძე, რომელიც ნეგატიურად იყო განწყობილი 2003 წლის  საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებით, შევარდნაძის პრეზიდენტობიდან გადადგომით და სააკაშვილის ფიგურის წინა პლანზე წამოწევით, გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინებამ“ მეორე ადგილი დაიკავა და პარლამენტში საკმაოდ ბევრი დეპუტატი გაიყვანა. პირველ ადგილზე შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირი“ გავიდა, მესამეზე — სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“.

სააკაშვილმა მოითხოვა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და მინისტრის პორტფელების მიღება, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის.

აღნიშნულ პარტიებს შორის გარიგება არ შედგა. სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ მხარი დაუჭირა „ბურჯანაძე— დემოკრატების“ პარტიამ, რომელშიც იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნით არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვალა, ხოლო შევარდნაძემ, სააკაშვილ-ჟვანიასთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ესწრებოდა, მოულოდნელად გამოაცხადა გადადგომა.

საპრეზიდენტო არჩევნები იანვრის პირველ დეკადაში დაინიშნა, საპარლამენტო — 2004 წლის გაზაფხულზე.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, 2003 წლის დეკემბერში ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრა. არვინ იცოდა როდის დაბრუნდებოდა და ჩაატარებდა თუ არა ის პრეზიდენტის არჩევნებს აჭარაში.

საქართველოში კრიზისული ვითარება სუფევდა. განმუხტვის მიზნით, აქტიურობდნენ რუსეთისა და აშშ-ს საელჩოები. რუსეთის ხელისუფლების ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესთან მიმართებაში მაღალი იყო. შევარდნაძის გადადგომის გადაწყვეტილება თვით ივანოვისთვისაც მოულოდნელი გამოდგა. მან ამის შესახებ ბათუმში, აბაშიძესთან შეხვედრის დროს გაიგო. ივანოვი, თბილისიდან ბათუმს გაფრინდა, აბაშიძისთვის შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის შეთანხმების მოსახსენებლად, რაც შევარდნაძემ ფაქტიურად ჩაშალა თავისი მოულოდნელი გადადგომით.

საჭირო გახდა საპრეზიდენტო არჩევნების სწრაფი ჩატარება. დასახელდა კანდიდატიც — სააკაშვილის სახით,. იყვნენ სხვებიც, თუმცა სააკაშვილის გამარჯვება ეჭვს არ იწვედა. ეჭვს იწვევდა აბაშიძის პოზიცია — ჩაატარებდა თუ არა ის აჭარის ავტონომიაში არჩევნებს.

უკვე ნათელი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. და თუ ამ ავტონომიურ ფორმირებებს აჭარაც შეუერთდებოდა, დანარჩენ საქართველოში სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მისი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, საკითხი არალეგიტიმურობას შეიძენდა.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლისთვის მომმართა აშშ-ს საელჩოს დიპლომატმა, აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის დავალებით, რომელთანაც კეთილგანწყობილი ურთიერთობა მქონდა. ის სისტემატურად ესწრებოდა თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ თემატურ წვეულებებს, საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა დიპლომატებთან ერთად, რომლებიც აკრედიტებული იყვნენ საქართველოში.

ორიოდ სიტყვა აჭარის წარმომადგენლობის თაობაზე, რომელიც ასლან აბასიძის ძალისხმევით შეიქმნა. ავტონომიურ ფორმირებებს, მათ შორის აჭარას ჰყავდათ თავიანთი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტთან. ისინი ესწრებოდნენ მთავრობის სხდომებს, რომელსაც თავმჯდომარეობდა შევარდნაძე. მაპატიეთ, კი არ ესწრებოდნენ, უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ,უარს ამბობდნენ არათუ სხდომაში მონაწილეობაში, არამედ თბილისში ჩამოსვლაზე. ესწრებოდა აჭარის წარმომადგენელი.

აჭარის წარმომადგენლობის გახსნამ მეხის გავარდნის ხმა გამოიწვია საქართველოს საზოგადოებაში, რაც გასაოცარი იყო, თუმცა საერთაშორისო ცხოვრების უცოდინარი საზოგადოებისგან სულაც არ იყო გასაკვირი.

წარმომადგენლობის დებულების ჩამოყალიბებისას, გავითვალისწინეთ გერმანიის, სხვა ფედერალური მოწყობის სახელმწიფოების გამოცდილება, საქართველოს კანონმდებლობა, თბილისის მერიის გვერდით, ტაბიძის ქუჩაზე ვიქირავეთ შენობა, ერთობ რესპექტაბელური, დიდი ფართობით, ანტიკვარული ავეჯით, სადაც სისტემატურად ვატარებდით თემატურ საღამოებს ალა-ფურშეტით, მოწვეული მუსიკოსების თანხლებით; პრეს-კონფერენციებს საქართველოს საჭირბოროტო საკითხებზე, სპეციალიესების და მედიის მუშაკების დასწრებით. აღნიშნული ღონისძიებები შუქდებოდა პრესის ფურცლებზე, ელექტრონულ მედიაში.

აჭარის წარმომადგენლობის მიერ გამართულმა შეხვედრებმა ფართოდ გაითქვეს სახელი საქართველოს საზოგადოებაში, დააახლოეს ერთმანეთს თბილისისა და აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლები. აჭარის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას წარმომადგენლობის მიერ გამართულ ღონისძიებებში, ისე, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები, დიპლომატები.

დავუბრუნდეთ თემას. წარმომადგენლობაში მოსულმა ამერიკელმა დიპლომატმა მითხრა, რომ გვიან ღამით თბილისში ჩამოდიოდა  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო, რომელიც მეორე დღის 12 საათზე თბილისიდან გაფრინდებოდა. მას ჰქონდა დავალება შეხვედროდა ასლან აბაშიძეს დილის 9 საათზე, რისთვისაც აშშ-ს ელჩთან, მაილსთან და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკთან ბრაისასთან ერთად აშშ-ს თვითმფრინავით ჩავიდოდა ბათუმში. საუბრის თემა უნდა ყოფილიყო აჭარის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, თბილისისა და ბათუმის ურთიერთობები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი.

ასლან აბაშიძესთან დაკავშირება არცთუ იოლი იყო. ბოლოს, როგორც იქნა დაველაპარაკე, ავუხსენი ვითარება და განვუმარტე რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პასკოსთან შეხვედრა.

მან ყურადღებით მომისმინა და მითხრა, რომ პასუხს 2 საათში გამცემდა. ღამის 10 საათი იყო. დავურეკე ამერიკელ დიპლომატს და ვუთხარი აღნიშნულის შესახებ. 2 საათის შემდეგ ასლან აბაშიძემ დამირეკა და მითხრა, ბათუმში ვარ და დილის 9 საათზე გელითო.

შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. მას ესწრებოდნენ პასკო, ბრაისა, მაილსი და თქვენი მონამორჩილი. შევთანხმდით, რომ აჭარაში, დანარჩენ საქართველოსთან მსგავსად ჩატარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები. სტუმრებმა აბაშიძეს აღუთქვეს უსაფრთხოება და ადგილობრივი არჩევნების, რომელიც შემოდგომით უნდა გამართულიყო, უპრობლემოდ ჩატარდება.

სტუმრებზე პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა ასლან აბაშიძემ. საუბრის შემდეგ, რომელიც 2,5 საათი გაგრძელდა, პასკომ თქვა, რომ აბაშიძე სახელმწიფო მოღვაწეა, საქმის მცოდნე პოლიტიკოსი.

სამწუხაროდ, პრეზიდენტობის განაღდების შემდეგ, სააკაშვილმა არაერთ ხერხს მიმართა ასლან აბაშიძის თანამდებობიდან ჩამოსაშორებლად, თუმცა ვერ შეძლო. საბოლოოდ, იმავე წლის მაისში, ლამის მთელი საქართველოს ახალგაზრდებით მიადგა ჩოლოქს, შევარდა ბათუმში და „გამარჯვებულმა“ გამოაცხადა — აჭარის საქართველოში დაბრუნება.

ბათუმში შეჭრამდე, აბაშიძე მოსკოვს გაფრინდა, მის წასაყვანად ბათუმში ჩასულ ივანოვთან ერთად.

შეეძლო თუ არა აბაშიძეს წინააღმდეგობის გაწევა?

უდავოდ შეეძლო. მოსახლეობა მის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და გვერდში დაუდგებოდა, რასაც სისხლისღვრა მოჰყვებოდა. ასლან აბაშიძემ არ გასწირა საქართველო. მან საკუთარი თავი გასწირა და გაეცალა აჭარას, რომელსაც უამარვი რამ გაუკეთა. ამის შემდეგ აბაშიძე აჭარაში არვის უნახავს. ის მოსკოვში ცხოვრობს.

სააკაშვილმა, ის დამნაშავედ გამოაცხადა — სისხლის სამართლის დამნაშავედ.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. სააკაშვილი ციხეშია, უფრო სწორად საავადმყოფოში. მის დანაშაულს — ჩადენილს ქვეყნის და მისი ხალხის წინაშე ვინ მოთვლის, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია 2008 წლის ომის გაჩაღება, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა.

ახლახანს, ტელეკომპანია „ქართული TV“-მ გაუშვა დოკუმენტური ფილმი „ასლან აბაშიძე და ჩვენ“, გადაღებული 2017 წელს, ანუ სააკაშვილის რეჟიმის დამხობის შემდეგ. დოკუმენტურ ფილმში ვიხილე ცნობილი ქართველი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები მარიკა ლორთქიფანიძე, ვახტანგ დავითაია, ნუგზარ ფოფხაძე, ვალერი ასათიანი, სხვები. ყველანი, როგორც ერთი, ქებათა-ქებით ლაპარაკობდნენ ასლან აბაშიძის დამსახურებაზე,  მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე.

აღნიშნეს ისიც, რომ უმძიმეს წლებში ასლან აბაშიძემ იხსნა ქართველი მწერლები, ხელოვნების მუშაკები შიმშილისგან. ბევრი მათგანი დაასაქმა აჭარაში. ბევრსაც ფინანსური დახმარება გაუწია.

ვისმენდი ამას და ვფიქრობდი, პატივცემულებო, სად იყავით მაშინ, როდესაც აჭარის მეთაურს, შევარდნაძის მმართველობის დროს მთელი თბილისი ლანძღვა-გინებით იკლებდა, შეურაცხყოფდა?

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებით, ისეთი ანტიასლანური პროპაგანდა იყო გახურებული ტელევიზიებში, თემურ-ლენგიც კი უმანკო კრავად მოგეჩვენობოდათ.

საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ, სპეციალურ სატელევიზიო გამოსვლაში ამომრჩეველს მოუწოდა ხმა მიეცა „მოქალაქეთა კავშირისთვის“ და არა „აღორძინებისთვის“, რომელიც შავი ძალაა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული.

ტელევიზიის „პირველი არხის“ ჟურნალისტმა ყანდიაშვილმა ბრძანა, რომ პენსიონერებს, პენსიის მიღებაში არსებული შეფერხებები ასლან აბაშიძის ბრალია, რომელიც ფულს არ რიცხავს ქვეყნის ბიუჯეტში და თვითონ იყენებსო.

ცენტრისა და აჭარის ფინანსური ურთიერთობები სისტემატური კამათის საგანი იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლები გაცილებით აღემატებოდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონის ერთად აღებულ შემოსავლებს.

აჭარა ამ თანხებს სისტემატურად რიცხავდა ცენტრალურ ბიუჯეტში, მაგრამ გარკვეული თანხების უკან დაბრუნებას პრობლემები ჰქონდა. ხშირად იყო დაგვიანება ან მრავალთვიანი შეფერხება, რაც თავისთავად იწვევდა აჭარაში არსებული იმ ორგანიზაციებისთვის ხელფასების დარიგების პრობლემას, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტზე იყვნენ მიბმული. იმავდროულად აჭარის ბიუჯეტი აკმაყოფილებდა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მასზე იყო მიბმული.

ცენტრის მიერ თანხის უკან დაბრუნების პროცესმა სერიოზული წინააღმდეგობა გამოიწვია იმათში, ვინც ცენტრის ბიუჯეტით სარგებლობდა. აჭარის ხელისუფლების განმარტება, თუ რატომ იღებდა ადგილობრივ ბიუჯეტზე მიბმული ორგანიზაციები შეუფერხებლად და დროულად დაფინანსებას, ისინი, ვინც ცენტრზე იყო დამოკიდებული შეფერხებით, არადროულად, გაუგებარი გამოდგა და ასლან აბაშიძე იძულებული იყო ის ფული, რომლითაც ცენტრზე მიბმული ორგანიზაციები უნდა დაფინანსებულიყო, აღარ გამოეგზავნა თბილისში და თვითონ განეხორცილებინა მათი დაფინანსება.

ფინანსური გაუგებრობის განმუხტვის მიზნით სახელმწიფო მინისტრი და ფინანსთა მინისტრი, მინისტრთა საბჭოს შესაბამისი სამსახურების მუშაკებთან ერთად არაერთხე იყვნენ აჭარაში ასლან აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად. ყველა ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი.

სამწუხაროდ, ცენტრის უხეირო პოზიციის გამო, მოლაპარაკებაზე მიღებული გადაწყვეტილება მალე კარგავდა აქტუალურობას და ვითარება ძველ კალაპოტს უბრუნდებოდა.

ზემოთ ვიდეო-ფილმი რომ ვახსენე, მასში მონაწილე პერსონაჟებით, უაღრესად დადებითად მოსაუბრენი ასლან აბაშიძეზე, არაფერს ამბობდნენ შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით სააკაშვილის, საკუთარი თავის დაცვის მიზნით. გარდა ამისა, ისინი, პროპაგანდის მსხვერპლნი, ვერ გაბედავდნენ საწინააღმდეგოს თქმას. მათთვისაც აჭარა პროვინცია იყო, გაუნათლებელ-ტანდაუბანელი ხალხით. ეს დახასიათება ლანა ღოღობერიძეს ეკუთვნოდა. აჭარელი, მუსლიმანი იყო — მათი გაგებით, თვით ასლანი პროვინციელი. ადამიანი, რომელმაც აჭარა გამოჰყო საქართველოდან და ჩოლოქზე ლამის სასაზღვრო პუნქტი მოაწყო. თვით ცენტრის მიერ გამოცემულ ბეჭდვით მასალებში აჭარა ისე იყო მოხსენებული, როგორც სეპარატისტული რეგიონი.

ასლან აბაშიძეს აღიზიანებდა ინტელიგენციის, საზოგადოების უმადური დამოკიდებულება მის მიმართ, ისე, როგორც აჭარის, განსაკუთრებით ცილისწამებლური და მთხოვა რომელიმე გაზეთისთვის მიმეცა ინტერვიუ, აჭარის საქართველოდან ვითომ გამოყოფის თაობაზე.

დავალება შევასრულე და ჟურნალისტის კითხვას, როდის ვაპირებდით ამას, ვუპასუხე, რომ კვირის ბოლოს. ჟურნალისტს  ვუთხარი, რომ მე დავინიშნები აჭარის ელჩად საქართველოში, ანუ ვუთხარი ის, რასაც თბილისის საზოგადოება, მედია უწოდებდა აჭარის წარმომადგენლობას. ვუთხარი ისიც, რომ აჭარის სახელმწიფო ენა იქნება აჭარული. სხვათა შორის, საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავებში მგზავრებისთვის დარიგებულ ბუკლეტებში ხაზგასმით იყო აღნიშნული აჭარული ენის თაობაზე.

ჟურნალისტს წამითაც ეჭვი არ შეპარვია ჩემს მიერ ხუმრობით ნათქვამში და სიტყვასიტყვით გამოაქვეყნა მეორე დღის გაზეთის პირველ გვერდზე დიდი ასოებით — „აჭარამ გადაწყვიტა საქართველოდან გამოყოფა“. მეორე დღეს, სამსახურში მისვლისთანავე ტელეფონის ზარების პასუხს ვერ ვუთავდებოდი. ვინც არ  რეკავდა, ტელევიზიით გამოდიოდა ლანძღვა-გინებით. შემდეგი დღის პრესაში კი გინების ისეთი ჭიაკოკონა იყო დანთებული, მტერიც რომ უარესს ვერ ინატრებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, შევარდნაძემ სპეციალური თათბირი მიუძღვნა ჩემს ინტერვიუს.

დაძაბული ვითარება აბაშიძემ განმუხტა. მან თქვა, რომ ჩემი ინტერვიუ მისი დავალებით იყო ნაკარნახევი. მიზანი იყო მარტივი — თბილისის პოზიციის გაგება  აჭარის მიმართ. ყველაფერი, რაც მე ვთქვი ინტერვიუს დროს, იყო ცენტრის მიერ ნათქვამის გამეორება. თავისი სატელევიზიო გამოსვლა აბაშიძემ ასე დაასრულა — ცენტრის ასეთ დამოკიდებულებას აჭარის მიმართ წერტილი უნდა დაესვასო.

არ დაესვა! პირიქით, უფრო დაიძაბა, რის შესახებაც მოვახსენეთ აშშ-ს სენატორს მაკკეინს, რომელიც თბილისში ვიზიტის დროს, ცხადია სააკაშვილის მხარდასაჭერად  წარმომადგენლობასაც ეწვია. როდესაც მან გაიგო ჩვენი პოზიცია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით, ცხადია ნეგატიური, საუბარი შეწყვიტა და წარმომადგენლობა დატოვა გაღიზიანებულმა.

ვგონებ გადაგღალეთ, პატივცემულო მკითხველო, უახლესი ისტორიის ზოგიერთი ფრაგმენტის მოყოლით. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იცოდა ამის შესახებ, ზედაპირულად, ყურმოკრულად. მე კი ჩავთვალე, როგორც თვითმხილველმა და იმჟამინდელ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულმა მეთქვა სინამდვილე თქვენი დაკვალიანებისთვის.

აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლები არიან, ჩვენგან, საქართველოსგან დამოუკიდებლები. 1 მარტს აფხაზეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც გაიმარჯვა ბადრა გუნბამ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მოსურნემ.

სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა პატარა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული განვითარება. რუსეთი იცავს აფხაზეთის უსაფრთხო ცხოვრებას და უზრუნველყოფს აფხაზეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას.

მოდით დავსვათ კითხვა — შეძლებდა თუ არა საქართველო მსგავსი პროგრამების შესრულებას აფხაზეთში?

პირადად მე, ეჭვი მეპარება. თანამედროვე აფხაზი ისეა  ჩახუტებული რუსეთთან, რომ მისი საქართველოსკენ შემობრუნება შეუძლებელია. არადა, 70-წლიანი საბჭოური ცხოვრებიდან გამომდინარე საქართველოს ჰქონდა შანსი აფხაზებთან საერთო ენის გამონახვისთვის. ბოლოსდაბოლოს სტალინისა და ბერიას მეცადინეობით აფხაზეთის მოსახლეობა გაიზარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასახლებული ოჯახებით.

სამწუხაროდ, 300000 ჩასახლებულმა ჩათვალა, რომ 60000 აფხაზთან არაფერი ესაქმება. ისაა აფხაზეთის ბატონ-პატრონი, აფხაზი — აფსუა, „ჩამოთრეული“.

აფხაზთა გამოყოფის პროცესი 1490 წლიდან დაიწყო, საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლისთანავე. 1810 წელს აფხაზმა თავი რუსული სამყაროს შემადგენელ ნაწილად ჩათვალა და ასე იყო გასაბჭოებამდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთმა, მისი ხელმძღვანელის, არძინბას პირით გვთხოვა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რისთვისაც მან წერილობით მიმართა შევარდნაძეს, რომელმაც ყურიც არ ათხოვა. არძინბამ მეორე წერილიც გამოგზავნა, რაზეც შევარდნაძემ აფხაზეთში შეჭრით უპასუხა.

ორივე წერილი პირადად გადავეცი შევარდნაძეს. მე მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ვიყავი. შემდეგ იყო მხარეთა შორის მოლაპარაკება ავსტრიასა და გერმანიაში. შვიდ-შვიდი კაცი ვხდებოდით ერთმანეთს წლის განმავლობაში 2-ჯერ. საქართველოს მხრიდან მონაწილეობას ღებულობდნენ პრეზიდენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები.

2003 წელს შევიმუშავეთ შერიგების გეგმა, რომელიც მისაღები იყო ორივე მხარისთვის. სამწუხაროდ, შევარდნაძეს ინტერესი არ გამოუხატია ამ დიალოგის მიმართ. როგორც ჩანს, მისმა თანამშრომლებმა ჯეროვნად არ ჩააყენეს ის საქმის კურსში. შეხვედრებს წერტილი დაესვა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.

დასკვნისთვის გეტყვით, აფხაზეთთან დაპირისპირებამ თავი იჩინა შევარდნაძის საკადრო პოლიტიკის დროს, შემდეგ ისევ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, რასაც მოჰყვა ომი, შემდეგ ისევ შევარდნაძის ზერელე დამოკიდებულობით, მხარეთა მოლაპარაკებებზე.

საბოლოო წერტილი კი სააკაშვილმა დაუსვა ცხინვალის ომით.

შეძლებს საქართველო აფხაზეთის დაბრუნებას? — კითხვაც ღიმილის მომგვრელია.

ვერ შეძლებს! ვერ შეძლებს იმიტომ, რომ სურვილიც არ აქვს ამის, რომ ჰქონდეს სხვა პოლიტიკა ექნებოდა, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული — საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ.

რაც შევძელით, ისაა, რომ ნაცვლად აფხაზეთში შესვლისა, აფხაზეთი ჩამოვიყვანეთ თბილისში — აფხაზეთის მთავრობის სახით, რომელსაც კანონიერს ვუწოდებთ, ნამდვილს და კანონიერს — ეგრეთ წოდებულს.

ამ პოლიტიკით ვერ გავფრინდებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

05/03/2025