23.02.2025

ახალი მსოფლიოს მოლოდინში

მსოფლიოს საინფორმაციო წყაროებს პირზე აკერიათ ერ-რიადი, საუდის არაბეთის დედაქალაქი, სადაც გაიმართა აშშ-რუსეთის მოლაპარაკება — ოთხსაათნახევრიანი, მაგრამ შედეგიანი სამომავლო მოლაპარაკებების გაგრძელების თვალსაზრისით.

იყო თუ არა ერ-რიადის მოლაპარაკება სენსაციური?

უდავოდ იყო — არა მარტო მოლაპარაკების, არამედ შეხვედრის თვალსაზრისითაც, ვინაიდან 3 წლის განმავლობაში რუსულ-ამერიკულ დიალოგს ადგილი არ ჰქონია, რასაც ვისმენდით და ვუყურებდით ლანძღვა-გინებაში გადასული დისტანციური განცხადებები იყო, ამოვარდნილი პროტოკოლის ჩარჩოებიდან.

ვერბალურ ტალახში რუსეთი დაჩაგრულად მოსჩანდა, რამეთუ ტრადიციული დიპლომატიის მიმდევარს, გაუჭირდა თანამედროვე „დიპლომატიისთვის“ ალღოს აღება. დიპლომატია, სისტემატურად რომ გამოიყენებს მოწინააღმდეგე მხარის ისეთი სიტყვებით შემკობას, როგორებიცაა „ბანდიტები“, „ტერორისტები“, „უტვინო არსებები“ და სხვა, ერთადერთი რამ რჩება ოპონენტს მოწინააღმდეგისთვის სილა გაწვნა — ძარღვიანი რუსული გინების თანხლებით ან აქლემივით შეფურთხება.

რუსეთმა საკუთარ თავს არ აკადრა ასეთი, არა იმიტომ, რომ დაფრთხა, ჰეგემონის შეეშინდა, არამედ ჩათვალა, რომ მდაბიოსთან, უზრდელთან, დაბერებულთან და გონგამოცლილთან აყოლა კარგს არაფერს მოუტანდა მას და მსოფლიოს.

პოლიტიკაში ფურთხმა და დედის გინებამ შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს — სამხედროში გადასული. ჩვენდა საბედნიეროდ ამ 3-წლიანი დაპირისპირების ორი მხარიდან, ერთს გონიერება აღმოაჩნდა, რამაც გადაარჩინა მსოფლიო და ეს ერთი მხარე — რუსეთი იყო.

განვლილი 3 წლის მანძილზე, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა უკრაინის ომი, სისტემატურად ვისმენდით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას სამხედრო მოქმედების თეატრში და ვისმენდით ე.წ. დასავლელი პოლიტიკოსების, სამხედროების მხრიდან, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ და არ აქვთ ბირთვული იარაღის დამანგრეველ ძალაზე.

თანამედროვე ბირთვული იარაღი 10-ჯერ აღემატება იმ ატომური  ბომბების დამანგრეველ ძალას, აშშ-ა რომ გამოიყენა ჰიროსიმა-ნაგასაკში. ე.წ. დასავლელი პოლიტიკოსები, რატომღაც თვლიან, რომ მათ მიერ ნასროლ ბირთვულ ბომბს, რუსეთი ტაშით შეეგებება და უპასუხოდ გულში ჩაიხუტებს, ის კი, მიწისქვეშა რკინაბეტონის თავშესაფარში გადარჩება.

თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ისეა აწყობილი, რომ ქვეყნის პირველი პირის, ბირთვული იარაღის ჩემოდნის მატარებლის ბრძანებაც არ იქნება საჭირო საპასუხო ნაბიჯის გადადგმისთვის და მივიღებთ მსოფლიოს, გადამწვარ-გადაბუგულს, რადიაციით მოწამლულს.

მაინც რამდენ ხანს იქნებიან დასავლელები ატომურ თავშესაფარში?

არც ერთი მათგანი მრავალთვლან, მრავალწლიან ყოფნაზე არ არის გათვლილი. მიწისქვეშა თავშესაფარი იმდენად პოპულარული გახდა ამერიკა-ევროპაში, რომ მილიონებს არ იშურებენ ასაშენებლად. სულ ახლახანს, ტელევიზიით ვიხილე ფინეთის მიწისქვეშა თავშესაფარი — სპორტული მოედნებით, სასტუმრო ოთახებით, სააქტო დარბაზებით, სასადილოებით. მიწისქვეშა ქალაქი — სინათლით გაჩახჩახებული. არანაკლები კომფორტულია აშშ-ს მილიონერთა და მილიარდერთა თავშესაფრები, ისე, როგორც პოლიტიკოსთა, მაგრამ სადამდე?

თავშესაფრების გათხრამ, უფრო სწორად შექმნის იდეამ უმალ გააჩინა მშენებელი კომპანიები, რომლებიც დამკვეთს სთავაზობენ სხვადასხვა ზომის და კომფორტის, გამძლეობის მიწისქვეშა სათავსებს, ისე, როგორც ავტომშენებლები, სპეცავტომანქანებს — ნახევრად დაჯავშნულს თუ სრულს.

ცნობისთვის, მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდნენ აშშ-ს პრეზიდენტის ავტომობილს, რომელსაც ჩვეულებრივი იარაღი, ჭურვი ვერაფერს დააკლებს. მანქანას წყალშიც შეუძლია ხანგრძლივი ყოფნა, სალონის დაუზიანებლად. ის, ისეა დაცული წყლისგან, როგორც შვეიცარული ძვირადღირებული საათი. ავტომანქანაში მყოფი ვერ გააღებს კარს მძღოლის და დაცვის მუშაკის გარეშე.

ეს ავტომანქანაც და მიწისქვეშა თავშესაფარიც ვერ გაუძლებს ბირთვული ბომბის ძალას. და თუ გაუძლებს, მიწაზე ფერფლისა და რადიაციის მეტი აღარაფერი დახვდებათ.

ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკს იმდენად მიეჩვივნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, მედიის მუშაკები, რომ 2022 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზელენსკის — უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა — ბირთვული იარაღის დაბრუნების მოთხოვნით, იქ დამსწრეებს საგანგაშოდ არ ჩაუთვლიათ, რასაც მოჰყვა სხვა განცხადებებიც  — უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ თვითწარმოებასთან დაკავშირებული.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას ჰყავს სპეციალისტები და აქვს შესაძლებლობა დაამზადოს ბირთვული ბომბი, რომელიც სრულყოფილი არ იქნება, მაგრამ ძალა ნგრევისა და  დიდი მსხვერპლისა — საკმაო.

ზელენსკის განცხადება, თანაც არაერთი, არც ერთხელ არ დაუგმიათ აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს, რამაც განამტკიცა მოსაზრება ნორმალურად მოაზროვნეთა შორის, რომ უკრაინა გამოიყენებს ბირთვულ ბომბს, თუკი მას ასეთს მისცემენ სტრატეგიული პარტნიორები ან თუკი ის თვით დაამზადებს.

აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ბაიდენის მეთაურობით ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ უკრაინას რუსეთისთვის ომი მოეგო. ეს, არ იყო მარტო სურვილი, ვირტუალურობაზე დაფუძნებული. ეს, იყო ვირტუალურიდან, რეალობაში გადასული და ალბათ ასეც იქნებოდა, დემოკრატებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომ გაემარჯვათ.

გასული წლის ნოემბრის არჩევებმა კარდინალურად შეცვალა აშშ-ს პოლიტიკა, მისი ხედვა საერთაშორისო ვითარებისადმი, უკრაინაში მიმდინარე ომისადმი. ტრამპის და რესპუბლიკელების გამარჯვებამ, მითუმეტეს ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, გადადგმულმა ნაბიჯებმა — ზედმიწევნით განსხვავებულმა ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციისგან, შვება გამოიწვია არა მარტო ამერიკელების უდიდეს უმრავლესობაში, არამედ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანებში, რომლებიც საღი თვალით უყურებენ ომის და მშვიდობის საკითხებს, განსხვავებით იმათგან, ვისზეც ზემოთ მოგახსენეთ, ამდენად ერ-რიადის მოლაპარაკება იყო უმნიშვნელოვანესი, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად.

რომ იტყვიან — გვირაბის ბოლოს გაჩნდა ნათება — სუსტი, პატარა სანთლიდან წამოსული, რომელიც ნიავმაც შეიძლება ჩააქროს. მხარეებზეა დამოკიდებული ამ პატარა სინათლის შენარჩუნება და დიდ სინათლეში გადაზრდა, სიდინჯის, პრაქტიკული აზროვნების, პროფესიონალიზმის მაქსიმალური გამოვლინებით. სწორედ, ასეთი დაინახა მსოფლიომ მომლაპარაკებელთა მხრიდან. რაც მთავარია, დაინახა სურვილი ერთმანეთთან ლაპარაკის და არა ქიშპობის.

ერ-რიადის მოლაპარაკების დეტალებზე არაფერს მოგახსენებთ, ვინაიდან ვიცი გაიგებდით ამის შესახებ, მოისმენდით გადასხვაფერებულად მაინც, ისე, როგორც ქართულ მედიას ჩვევია. რა გაეწყობა, გამსახურდიას მმართველობიდან მოყოლებული, საქართველოს ელექტრონულ-ბეჭდვითი მედია ისე ჭრის და კერავს, როგორც მას უკვეთავენ.

შემკვეთი, ცალკე ხელისუფლებაა, ცალკე ოპოზიცია და ცალკე კიდევ ერთი დამკვეთი — აშშ-ს სახით. ეს დამკვეთი უმთავრესია ადგილობრივ დამკვეთებთან შედარებით. ყველა ამ სამივე ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს მსმენელმა და მაყურებელმა ერ-რიადის ამბვები გაიგო, თუ რამდენად ზუსტად, არაფერს ვიტყვი, მაგრამ გაიგო. გაიგეს პოლიტიკოსებმაც,  ხელისუფლებამ თავისებურად, ოპოზიციამ თავისებურად. ხელისუფლებამ — ხომ ვამბობდითო; ოპოზიციამ იმის მტკიცებით, რომ აშშ-ი მხარს უჭერს უკრაინას და კვლავაც დაუჭერს, ვინაიდან უკრაინა აშშ-ს და დასავლეთის ინტერესების  გამტარებელია და რახან ასეა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთთან ომში.

ოპოზიციონერები და მათი გულშემატკივრები ხედავენრა აშშ-ს პრეზიდენტის საზრიან მიდგომას უკრაინის პრობლემებისადმი, რაც დაცლილია ბაიდენის ადმინისტრაციის ვირტუალურ-მზაკვრული პოლიტიკისგან, იხტიბარს არ იტეხენ და ისეთ სიტყვიერ თანადგომას უცხადებენ ზელენსკის და მის გუნდს, როგორც ბალტიელები, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები, უნგრეთ-სლოვაკეთის გამოკლებით.

„რადიო თავისუფლების“ მიერ მიწვეულმა „ექსპერტმა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, განაცხადა, რომ უკრაინას ტრამპმა უარი კი არ უთხრა ნატოში გაწევრებაზე, არამედ ხელშეკრულების დადებამდე. ხელსეკრულების დადების შემდეგ უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში. იხუმრა ალბათ.

ხელშეკრულება უნდა დაიდოს რუსეთ-უკრაინას შორის. რუსეთი დათანმხდება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, თუკი ხელმოწერის შემდეგ კვლავ აღდგება უკრაინის ნატოში შეყვანის საკითხი?

პატივცემულო უნივერსიტეტელო, რუსეთმა ომი იმიტომ კი არ დაიწყო, რომ უკრაინის ტერიტორიები დაეპყრო, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ს ყოფილმა ადმინისტრაციამ განაცხადა თანხმობა უკრაინის ნატოში გაწევრებაზე. რუსეთს, რომელსაც 18 მილიონი კვ.კილომეტრის ტერიტორია უკავია, სხვათა შორის იმდენი, რამდენიც არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში, სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება. მას სჭირდება უსაფრთხო საზღვრები, რასაც უდავოდ არ ექნებოდა ადგილი უკრაინის ნატოში შეყვანით.

ის, რომ რუსეთს დღესაც არ სურს უკრაინის ტერიტორიები, კარგად ჩანს რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობიდან. პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რუსის ჯარს ფეხებზე მძიმე გირები ჰკიდია, რაც ხელს უშლის სწრაფ გადაადგილებაში.

რუსეთი, 3 წლის განმავლობაში ელის უკრაინის ხელისუფალთა გონზე მოსვლას და მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა ამაოდ.

რუსეთს, უკრაინის ტერიტორიების დაპყრობის მსურველს, სასწრაფოდ უნდა გამოეცხადებინა მობილიზაცია და ასევე სასწრაფოდ უნდა გადასულიყო შეტევაზე, რაც უდავოდ გამოიწვევდა უკრაინის დაპყრობას. ნაცვლად ამისა, რუსეთმა, ევროპელთა ჩარევით, დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც „მინსკის“ და „სტამბოლის“ მოლაპარაკებები დაერქვა. ორივე მოლაპარაკების მიხედვით, და რაც მთავარია რატიფიცირებული ხელშეკრულების, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში რჩებოდა — ავტონომიის სტატუსით, უკრაინას უარი უნდა ეთქვა ნატოში შესვლაზე და აღედგინა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც იყო ჩაწერილი უკრაინის ნეიტრალურობაზე.

რუსეთმა არ დაიპყრო უკრაინა, თუმცა, როგორც ტრამპი ამბობს მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა. რუსეთს, საქართველოს დაპყრობის შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ თბილისში არ შემოვიდა და დროებით დაიკავა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები. ჩვენდა სამწუხაროდ და სააკაშვილის უგუნურობის შედეგად დროებით დაკავებული ტერიტორიები ოკუპირებული გახდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ, დღემდე და ასევე დარჩება, მიუხედავად ჩვენი ჟივჟივისა რუსეთის აგრესიულობის თაობაზე.

შეგახსენებთ, მედვედევ-სარკოზის მიერ შედგენილ გეგმაში, ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებდა საქართველოს, ავტონომიურ ფორმირებებთან მოლაპარაკების დაწყებას, მათი პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის მიზნით საქართველოს შემადგენლობაში. სააკაშვილმა ამოშალა ეს პუნქტი ხელშეკრულების ტექსტიდან და ნაცვლად შემრიგებლური რიტორიკისა, გააგრძელა მილიტარისული რიტორიკა — დაკარგულის ძალით დაბრუნების თაობაზე.

აგვისტოს ბოლომდე რუსეთი ელოდა სააკაშვილის წინადადებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთნ მოლაპარაკების დასაწყებად, თუმცა უშედეგოდ. რუსეთმა ჩათვალა, რომ სააკაშვილი ტყუილად არ ემუქრებოდა ავტონომიებს და ახალი ომის თავიდან ასაცილებლად, აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და გააფორმა მათთან უსაფრთხოების ხელშეკრულება.

სააკაშვილმა აიძულა რუსეთი ამგვარი მოქმედებისკენ. რომ არა სააკაშვილი და მისი გაუგებარი გადაწყვეტილება, ავტონომიური ფორმირებები დღესაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ და არა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები — ზოგიერთი სახელმწიფოების მიერ აღიარებული.

არის თუ არა ეს და მსგავსი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს ღალატი?

უდავოდ არის, მაგრამ ცხინვალის ომთან მიმართებაში, სხვაც არის, მაგალითად სხვისი, ამ შემთხვევაში აშშ-ს ინტერესები. სწორედ მას სურდა გაეგო რუსეთის რეაქცია და თუ ასეთს ადგილი ექნებოდა, ომის მუდმივ ფაზაში გადაყვანა. აშშ-ი არ გამორიცხავდა საქართველოს ომში დამარცხებას და ამაყი ქართველების მხრიდან პარტიზანული ომის გაჩაღებას.

შეუძლებელია, რომ უშუალო შემსრულებელს არ სცოდნოდა ამერიკელთა შავბნელი გეგმები. იცოდა და წავიდა პროვოკაციაზე, ავანტიურაზე საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ზედმეტია იმის მტკიცება, რომ სააკაშვილმა ომი პატრიოტული მიზნების გამო გააჩაღა, ანუ დაკარგული ტერიტორიების შემოერთების. თუნდაც ასე ყოფილიყო, სააკაშვილს ხომ უნდა სცოდნოდა ვისთან ექნებოდა საქმე?

უნდა სცოდნოდა რუსეთის არმიის განუსაზღვრელი უპირატესობა საქართველოს ჯარზე. უნდა სცოდნოდა ისიც, რომ დასავლელი პარტნიორები, აშშ-ს და ნატოს სახით, პატარა საქართველოს გულისთვის არ დაუპირისპირდებოდნენ ბირთვულ სახელმწიფოს.

დაახლოებით იგივე გამეორდა უკრაინაში, იმ განსხვავებით, რომ გონგამოცლილად და ნეოფაშისტად გადაქცეული უკრაინელები 3 წელია ეომებიან რუსეთს — დასავლური იარაღით, დაფინანსებით, დასავლეთის მიერ გაწვრთნილი სამხედროებით.

უკრაინას 3 წელია გვერდში უდგას ევროატლანტიკური სივრცე, მთლიანობაში 52 ქვეყანა, მაგრამ რუსეთის დამარცხება არ ჩანს, პირიქით კი ჩანს. რუსეთმა დაიკავა უკრაინის ტერიტორიის 25%-ზე მეტი და ყოველდღიურად აფართოებს ამ პროცესს.

უკრაინა არა მარტო ტერიტორიებს ჰკარგავს, არამედ ხალხსაც. აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა განაცხადა, რომ, უკრაინამ 700 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო სპეციალისტი აცხადებს, რომ მილიონზე მეტი.

აშშ-ს პრეზიდენტი, ტრამპი მოუწოდებს უკრაინას შეწყვიტოს ომი და მიუჯდეს მოსალაპარაკებელ მაგიდას რუსეთთნ. ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი, საშუალოზე დაბალი დონის კომიკოსი, ატყუებდა მის წინამორბედ ბაიდენს და დიდძალ ფულს ძალავდა. ზელენსკიმ მიღებული თანხები უკან უნდა დააბრუნოს, ვინაიდან 500 მილიარდი მნიშვნელოვანი თანხაა აშშ-სთვისაც.

ტრამპსა და ზელენსკის შორის შავი ღრუბლები ჩამოწვა, რომელიც წარღვნით ემუქრება უკრაინას. 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი ამერიკა-ევროპის გმირად იყო აღიარებული. მისი გამოსვლა აშშ-ს კონგრესში ზეიმად გადაიქცა. კონგრესმენები, განსაკუთრებით ქალები, ხელზე კოცნიდნენ. ასე იყო ევროპარლამენტში, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. კიევი ლამის მექად გადაიქცა. ყველა დასავლელი ლიდერი თავის აუცილებელ მოვალეობად თვლიდა იქ ჩასვლას და ზელენსკისთან შეხვედრას. ჟურნალმა „ტაიმმა“ ზელენსკი წლის უპოპულარეს ადამიანად ჩათვალა და ყდაზეც დაბეჭდა მისი ფოტო.

ზელენსკის, კომიკოსობიდან უეცრად პოლიტიკურ სცენაზე ასულს, დაავიწყდა, რომ პოლიტიკური სცენა პატარა შეცდომასაც აქცევს ყურადღებას და პოლიტიკურ აქტორს არაფერს პატიობს, მითუმეტეს ზელენსკიმ მრავალი შეცდომა დაუშვა და მის მიმართ ნათქვამი ქათინაურები, რეალობად მიიჩნია. რამდენად უჭკუო უნდა ყოფილიყო კომიკოსობიდან, გაპოლიტიკოსებული ადამიანი, რომ მის მიმართ ნათქვამი — მეორე ჩერჩილიაო, სინამდვილედ ჩაეთვალა.

ახალგამოჩეკილმა „ჩერჩილმა“ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს ზემოდან დაუწყო ყურება და ტრადიციული თხოვნა, მოთხოვნით შეცვალა — ფული და იარაღი უნდა მომცეთ, რომ  გავაგრძელო თქვენი დაცვა რუსეთის ურდოებისგანო.

ზელენსკის ზეიმს წერტილი ტრამპმა დაუსვა. და არა მარტო მან, ახალი ადმინისტრაციის ყველა წევრმა. ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის 3 წლის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა შანსი რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების, მაგრამ არ გააკეთა.

ტრამპმა თქვა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის. ის, ბაიდენმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა აიძულეს ომი დაეწყო.

ტრამპმა მოუწოდა „დიდ შვიდეულს“ ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვა  „აგრესორი“ რუსეთთან მიმართებაში.

ერ-რიადის შეხვედრა ტრამპმა პოზიტიურად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკება სარგებლიანი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

ბაიდენისდროინდელი მტერი რუსეთი, ტრამპისდროინდელი აშშ-ს მეგობარი თუ არა კონსტრუქციული პარტნიორი შეიძლება გახდეს, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ტრამპის მცირეხნიანი მმართველობის დროს იმდენ მოულოდნელ გადაწყვეტილებას შეხვდა მსოფლიო, წინათ სიზმარშიც რომ ვერ იხილავდა.

ტრამპი სწრაფად მოქმედებს და თუ მას ხელი არ შეუშალეს, უდავოდ მოახერხებს მსოფლიოს გლობალური პოლიტიკის შეცვლას. ძნელია წინასწარმეტყველება რა იქნება ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ იქნება ახალი მსოფლიო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

22/02/2025