22.02.2025

ორი მნიშვნელოვანი თარიღი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განკარგულებით უკრაინაში დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღესაც გრძელდება.

გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, მსოფლიოსთვის, თვით ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსისა და მთავრობის წევრებისთვის გასაოცარი, შესაძლოა მიუღებელიც იყო, თუმცა ამის თაობაზე რუსეთის შიგნით თუ ვინმე აპროტესტებდა, ოპოზიცია იყო, ცხადია არა საპარლამენტო, არამედ დუმის (პარლამენტის) გარეთ არსებული, ინტელიგენციის ნაწილი და მთელი უცხოეთი, უფრო სწორად ევროატლანტიკური სივრცე და მსოფლიოში არსებული მისი სატელიტები.

გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეებმა, პროტესტის ნიშნად სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა და შორეულ უცხოეთს, მეზობელ ქვეყნებს — ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მიაშურეს მუდმივ თუ დროებით საცხოვრებლად.

რუსეთიდან გაქცეულთა რაოდენობა სულაც არ იყო უმნიშვნელო, თუმცა, როგორც რუსული მედია იტყობინება, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, ბევრი მათგანი დაუბრუნდა სამშობლოს, ვინც შორეულ უცხოეთში გააგრძელა ცხოვრება პირწავარდნილ ანტირუსად იქცა — შესაბამისი საჯარო განცხადებებით და აღიარებით იმისა, რომ ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას, მის ჯარს, აგრესორ რუსეთთან ომში.

რუსეთის ხელისუფლებამ ყველა მათგანს „უცხოეთის აგენტის“ ტიტული უბოძა მთელი რიგი სირთულეებით, რომელიც მათ შეხვდათ და შეხვდებათ საკუთარ ქვეყანაში, უფრო სწორად ყოფილ სამშობლოში.

აიკრძალა ცნობილი მწერლის აკუნინის (ჩხარტიშვილის) წიგნების გაყიდვა . აკუნინი უცხოეთში ცხოვრობს და თავისივე განცხადებით, წიგნების გაყიდვიდან მიღებულ თანხებს უკრაინას ურიცხავს.

ასე იქცევა ისრაელში მცხოვრები მუსიკოსი მაკარევიჩი, რომელიც სისტემატურად აქვეყნებს ანტირუსულ განცხადებებს ინტერნეტში. ასევე აღვნიშნავ მაკარევიჩის სასურველი ატმოსფეროს შექმნას თბილისში გამართული კონცერტების დროს. მის გამოსვლებს ორგანიზებას უკეთებს გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი სვენტიცკი — ანტირუსი, ანტიქართველი პიროვნება, ისე, როგორც ამორალური. მან მოიწვია კომიკოსი გალკინიც, რომელიც მეუღლე პუგაჩოვასთან ერთად ლანძღვა-გინებას არ აკლებს რუსეთს და მის ხელმძღვანელობას.

საქართველოში ჩამოსახლებული რუსების საკმაო ნაწილი უკან წავიდა. დარჩენილებმა ბინები შეიძინეს და აქ ცხოვრობენ. როგორც ჩანს, მათი პოლიტიკური შეხედულებები დაშორებულია რუსეთის ხელისუფალთა პოლიტიკისგან, ამდენად ისინი თვლიან, რომ ჯერ-ჯერობით არ ჩაესვლებათ რუსეთში.

რუსეთიდან გაქცეული საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები შეუერთდნენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს ანტირუსულ განცხადებებში, გამოსვლებში, ღონისძიებებში, დემონსტრაციებში, რასაც აქვს ადგილი ევროპის ქვეყნებში, აშშ-ი.

3 წელია, რაც რუსეთი იბრძვის უკრაინაში — ისტორიისთვის არცთუ დიდი დრო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ომი ვერ ჩრდილავს ყოველდღიურ ცხოვრებას. ისე, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე, დღესაც აქტიურია კულტურული ცხოვრება — კონცერტებით, ახალი თეატრალური წარმოდგენებით, სპექტაკლებით, ნებისმიერ თეატრთან გრძელი რიგებით — ბილეთების შესაძენად და ა.შ.

დღევანდელი და დიდი სამამულო ომის პერიოდი, მხოლოდ ხანგრძლივობით უახლოვდება ერთმანეთს, მაგრამ არა მასშტაბურობით. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას არ ახასიათებს მრავალათასიანი არმიით შეტევაზე გადასვლა, ასობით ჯავშანტექნიკის ერთდროული გამოყენება, ანუ ყოველივე ის, რაც დიდი სამამულო ომის ამსახველ კინოფილმებში გვინახავს.

უკრაინის საომარი მოქმედების თეატრი, როგორც მას სამხედრო ექსპერტები უწოდებენ, დასამახსოვრებელია უპილოტო მფრინავი აპარატებით, საომარი მოქმედების თანამედროვე წესებით, არტილერიით, და ბგერაზე 20-ჯერ მეტი სისწრაფით მფრენი რუსული რაკეტებით, რომლებიც არაერთხელ გამოიყენეს რუსებმა.

თანამედროვე ომი კარდინალურად განსხვავდება დიდი სამამულო ომისგან. სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ომში გადაზრდილის, თანაც მასშტაბურში — ფრონტის ხაზი 1000-ზე მეტ კილომეტრზეა გაჭიმული, რაც პირველია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მას ვერ შეედრება ომი ვიეტნამში, კორეაში, სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, ლიბიაში, საქართველოში, ამიერკავკასიაში — აზერბაიჯან-სომხეთს შორის.

უკრაინის ომი გამორჩეულია თავისი მასშტაბურობით, მასში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული სახელმწიფოებით. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან აშშ-ი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები; სამხრეთ კორეა, იაპონია — იბრძვიან არა პირდაპირ, ოფიციალურად, არამედ მალულად, იატაკქვეშურად, ისე, როგორც მათ ჩვევიათ — ვითომ არ იბრძვიან, მაგრამ მოხალისეებს აგზავნიან, ჩვენსავით.

საქართველოს მეორე ფრონტი არ გაუხსნია რუსეთის წინააღმდეგ, არ შეუსრულებია დასავლეთის ბრძანება, მაგრამ არაფერი გაუკეთებია ქართველი მოხალისეების შესაკავებლად. საკმაო რაოდენობის ქართველობა იბრძვის უკრაინის ნეოფაშიზმის დასაცავად, რაც გასაოცარია. ისინი ხომ იმათი შვილიშვილებია, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ომს — 350 ათასმა, თითქმის იმდენმა, რამდენმაც ინგლისელმა — 317000 და ოდნავ მეტმა ამერიკელმა — 471000-ი.

ქართველები არა მარტო იბრძვიან, არამედ სისასტიკითაც გამოირჩევიან მშვიდობიანი რუსი მოსახლეობის მიმართ — მოხუცების, ქალების, ბავშვების.

სულ ახლახანს რუსეთის მართლმსაჯულებამ სამ ქართველს გამოუტანა სამუდამო პატიმრობა — დაუსწრებლად, კურსკის ოლქში ჩადენილი დანაშაულისთვის.

საქართველოს ხელისუფლება მოხალისეებს არ აგზავნის უკრაინის ფრონტზე, მაგრამ იქ დაღუპულებს, როგორც გმირებს, ისე ღებულობს და სამხედრო პატივით კრძალავს, რაც ჩემის აზრით მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ომში არ მონაწილეობს.

10000-ზე მეტი უცხოელი იბრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ აშშ-დან, პოლონეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, სხვა ქვეყნებიდან. ისინიც იხოცებიან და დახურული კუბოებით ბრუნდებიან სამშობლოში, მაგრამ სამხედრო პატივით, ზალპით არ იმარხებიან. თუ დაგვიანებული არ არის, კანონია მისაღები, რომელიც აკრძალავს სხვის ომში საქართველოს მოქალაქის მოხალისეობას. და თუ მაინც გასწია საომრად — დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს.

არათუ რიგითი მოქალაქეები მიდიან უკრაინაში საომრად, არამედ პარლამენტარებიც. გახსოვთ ალბათ ზოგიერთი პარლამენტარის, მათ შორის ელისაშვილის „პატრიოტული“ აღტყინება, როდესაც ვითომ საომრად უკრაინას რომ მიაშურა. ჩვეულებრივი მოქალაქეები უკრაინაში საომრად კი არა, ფულის გასაკეთებლად მიდიან, რითაც მძიმე ვითარებაში აყენებენ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას. მათ „პატრიოტული“ სულისკვეთების ნაცვლად, ფულის კეთების „სულისკვეთება“ აქვთ, მაგრამ „თავგანწირულ“ პარლამენტარებს რა ამოძრავებდათ?

სახელის მოხვეჭა — ნახეთ რა მაგარი ვარ, მოძმე უკრაინელებთან ერთად ვიბრძვი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგო.

სხვათაშორის, რუსეთის აგრესორობაზე სამართლიანად განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა — რუსეთი იძულებული იყო უკრაინაში შესულიყო, ვინაიდან მისი ყველა წინადადება პრეზიდენტმა ბაიდენმა არაფრად ჩააგდო; მე, რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი რუსეთი ომს არ დაიწყებდა. და არ დაიწყებდა იმიტომ, რომ გადავდგამდი ნაბიჯს, რომლითაც რუსეთის საზღვარი დაცული იქნებოდა ნატოსგან. რუსეთი მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო საკუთარი საზღვრების დასაცავად.

აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ტრამპმა პუტინთან საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიწვეული ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და პუტინს სურთ ომის დასრულება და ისინი გეგმავენ პირდაპირ შეხვედრას საუდის არაბეთში. ტრამპმა სიმპათიები გამოთქვა პუტინთან მიმართებაში, რაც მსოფლიოს ბოლო სამი წლის განმავლობაში არ სმენია აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან.

სამი წლის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს მოიხსენიებდა როგორც ბანდიტს, აგრესორს, ტერორისტს და ამაზრზენ პიროვნებას, რომლისგანაც პოზიტიური ქმედება შეუძლებელია. არც ერთ ასეთ „ქათინაურზე“ პუტინს ან კრემლს ასეთივე „ქათინაურით“ არ უპასუხია, რაც აღსანიშნავი რამ არის და მეტყველებს პუტინის არა მარტო თავშეკავებულობაზე, არამედ თავაზიანობაზე. პირიქით, პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს შეკითხვას — ვის ისურვებდა ის აშშ-ს პრეზიდენტად, მან უპასუხა — ბაიდენს, ვინაიდან გამოცდილი პოლიტიკოსიაო.

ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმაც გამოავლინა თავაზიანობა, აშშ-ს ნომერ პირველი მტრის, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი გამოძებნიან საერთო ენას მსოფლიო მშვიდობისთვის, უკრაინაში ომის დასრულებისთვის.

ტრამპის აზრით, უკრაინას მოუწევს თანხმობა განაცხადოს რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. რუსეთი ამ ტერიტორიებს არ დათმობს, ვინაიდან მათთვის რუსმა ჯარისკაცვა სისხლი გაიღო.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინა არასდროს გაწევრდება ნატოში. აქვე მინდა გითხრათ, ტრამპის მარჯვენა ხელის მილიარდერ მასკის განცხადება — ნატო „ცივი ომის“ დროს შეიქმნა, „ცივი ომი“ კარგა ხანია დასრულდა და რაღა საჭიროა ნატო?

ნატოს გაუქმების თაობაზე ტრამპი აცხადებდა მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. მაშინ ვერ მოახერხა მიზეზთა გამო. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ამჯერად, მეორე ვადის განმავლობაში მოახერხებს. ასეც რომ არ იყოს, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრდება, ვინაიდან ამის სურვილი არ აქვს რუსეთს.

ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ტრამპმა სანაგვეში მოისროლა. არადა, ბუქარესტის სამიტის მიხედვით, ნატოში უკრაინასთან ერთად საქართველოც უნდა შეეყვანათ.

ყოველგვარი ვარაუდების და წინასწარმეტყველების გარეშე, ტრამპის განცხადება ნატოში უკრაინის არშეყვანასთან დაკავშირებით ჩვენც გვეხება — რუსეთის მოსაზღვრეს და ამასთანავე ამ საკითხისადმი რუსეთის ისეთივე ნეგატიურ პოზიციაზე, როგორიც რუსეთს აქვს უკრაინის მიმართ. რას იტყვიან ნატოელები, ნატოს გენერალური მდივანი რიუტე?

რიუტეს წინამორბედი, სტოლტენბერგი ხომ მუდამ გაიძახოდა — ნატოსთვის რუსეთის მოსაზრება არაფერს ნიშნავსო. ტრამპის განცხადების შემდეგ — თურმე ნიშნავს.

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, რიუტემ განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაპირებია უკრაინას ნატოში მიღებასო. გამოდის, რომ ნატო არც საქართველოს დაპირებია ნატოში გაწევრებას, მაშ რა ზღაპრებს გვასმენინებდნენ წლების განმავლობაში? — მაპი, მაპზე უკეთესი და ა.შ. ნატო თურმე ტყუილებით ბერავდა ხელისუფლებას. იქნებ ხელისუფლება — თვითგაბერილი, ჩვენ, რიგით მოქალაქეებს გვბერავდა ლაპარაკით — მალე მიგვიღებენ ნატოში და საქართველოს ცხოვრება ედემის ბაღს დაემსგავსებაო?

ხელისუფლება გვატყუებდა. და გვატყუებდა იმიტომ, რომ ფართო მასებიდან დაშორებულს, რატომღაც ეგონა , რომ ხალხს მზე და მთვარე ამოსდის ნატოზე.

მადლობა ტრამპს, რომელმაც მსუყე წერტილი დაუსვა უკრაინის ნატოს წევრობას, რამეთუ ეს წერტილი საქართველოსაც ეკუთვნის და მისთვისაც გასათვალისწინებელია. საქართველოს მოსახლეობამ სანთელი უნდა დაუნთოს ტრამპს ამ გადაწყვეტილებისთვის, ვინაიდან ქვეყანას ააშორა ნატოში შესვლით გამოწვეული დაპირისპირება რუსეთთან, მეზობლებთან, შესაძლოა ომში გადასული.

გარდა ამისა, ტრამპის განცხადებამ წერტილი დაუსვა ქართული მედიის პერმანენტულ ლაყბობას — ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. და თუ დღეს, ვინმე პოლიტიკოსი გაბედავს და იყბედებს ნატოში გაწევრებაზე, მიუხედავად „ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონისა, რომლის მიხედვით, პარლამენტარის შეურაცხყოფა ისჯება, უნდა გაპანღურდეს.

სხვა საკითხია ევროკავშირში გაწევრება, ვინაიდან მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ისე გაამათრახა ევროკავშირი, როგორც დეკოლონიზაციამდე, კოლონიზატორი ევროპელები ამათრახებდნენ კოლონიზირებულ აფრიკელებს, აზიელებს, ლათინურ ამერიკელებს.

ვენსმა თავის გამოსვლაში ისეთი სიტყვები იხმარა, ევროპელები მათრახს რომ ამჯობინებდნენ. ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა არა მარტო თავისი პოზიცია ევროპასთან მიმართებაში, არამედ პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის.

მაინც რა პოზიციაა ასეთი, ევროპელები რომ სამი დღეა „ვალიდოლს“ არ იშორებენ პირიდან. რა პატივცემულებოდა, ის, რომ ვენსის გამოსვლამ წერტილი დაუსვა სიტყვებს „კოლექტიური დასავლეთი“ და არა მარტო სიტყვებს, არამედ ამ სიტყვების შინაარსს, ასერიგად ტვინს რომ გვიბურღავდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

ვენსის გამოსვლა ტრამპმა დადებითად შეაფასა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ მან დაუსვა მსუყე წერტილი ევროატლანტიკურ „ძმობას“ — ვიცე-პრეზიდენტის, ვენსის პირით.

დროის ძალიან მოკლე პერიოდში ნატოს და ევროკავშირს ორი მსუყე წერტილი არგუნა აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ. ორივეს არსებობას წყალი შეუდგა, რამეთუ ორივეს არსებობა აშშ-თან არის დაკავშირებული — პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, მორალურად.

ტრამპამდე, ევროკავშირი აშშ-ს ფინია ძაღლის როლში იყო, რასაც ვაშინგტონი იტყოდა, „მოკავშირე“ ევროპელებიც ხმის ჩახლეჩამდე ყეფით კვერს უკრავდნენ. ვაშინგტონმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ევროკავშირს უბრძანა, მასაც დაეწესებინა. ვაშინგტონმა ლგბტ-ს სახით, ახალი იდეოლოგია შემოიღო ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, სქესის გადაკეთებით, ერთნაირსქესიანთა მიერ შვილად აყვანით, სხვა უკუღმართობით და ევროკავშირს უბრძანა — შენც გაიზიარეო. და მანაც გაიზიარა. უკრაინის ომში, უკრაინელთა დასახმარებლად ამერიკელებმა მილიარდობით (267 მილიარდი დოლარი), იარაღი გამოყვეს და ევროკავშირს უბრძანეს — შენც გააკეთე იგივე და მანაც გააკეთა.

(Сущие мелочи: за три года Запад влил в Украину € 267 млрд

За последние три года Запад выделил Киеву в качестве поддержки в целом порядка € 267 млрд. Об этом говорится в докладе базирующегося в Киле Института мировой экономики (IfW).

Это означает, по словам экспертов, что западные страны — партнеры Украины в течение последних трех лет ежегодно выделяли ей почти € 90 млрд. Около € 130 млрд (49%) из общей суммы ушло на военную помощь, € 118 млрд (44%) — на финансовую поддержку и € 19 млрд (7%) на гуманитарную. Однако размер помощи сравнительно невелик, если измерять его как долю ВВП страны-донора, отметили авторы исследования.

Например, ФРГ, Великобритания и США выделяли менее 0,2% своего ВВП в год на вышеуказанные нужды, а такие богатые страны, как Франция, Италия или Испания, — лишь около 0,1%.

«Если взглянуть на национальные бюджеты большинства европейских стран-доноров, то поддержка, оказанная Украине за последние три года, по-видимому, является скорее небольшим „сторонним проектом“, чем крупным финансовым усилием», — заявил эксперт IfW Кристоф Требеш, которого цитирует ТАСС.

Как заметили в IfW, Европа в целом обогнала Соединенные Штаты по объему помощи Украине. В общей сложности она выделила € 70 млрд финансовой и гуманитарной, а также € 62 млрд военной помощи, в то время как США — € 64 млрд военной помощи, а также € 50 млрд финансовых и гуманитарных ассигнований. )

შედეგი?

ეკონომიკური თვალსაზრისით გავერანებული ევროკავშირი. სამხედრო თვალსაზრისით ნულზე დასული, ვინაიდან რაც რამ იარაღი ჰქონდა ევროპას, ყველაფერი უკრაინას გაუგზავნა, აშშ-ს ბრძანებით.

აშშ-ს ბრძანებით, ევროკავშირმა „მწვანე ენერგეტიკა“ ამჯობინა გაზს, ნავთობს, ატომურ ენერგიას; იაფფასიან რუსულ გაზს, ევროპაში გაზსადენით მისულს, ამერიკულ ძვირ დაჭირხლურ გაზს.

აშშ-ის ბრძანებით, ევროკავშირმა ისეთი ანტირუსული საინფორმაციო კამპანია გაახურა, თვით მბრძანებელიც უკან ჩამოიტოვა. საბჭოთა კავშირის დროს, ხრუშჩოვზე განაწყენებული ქართველები სუფრაზე ხრუშჩოვის სახელის ხსენებისთვის, მავანს 3 დიდი ყანწით, პირამდე შევსებულით დალევით სჯიდნენ. ანალოგიური რამ იყო და არის პუტინის, რუსეთის ევროპაში ხსენება, ცხადია არა დალევით, არამედ უფრო სერიოზული სასჯელით. ევროპამ აკრძალა რუსული ტურიზმი, რუსული მუსიკა, ლიტერატურა, ბალეტი, ოპერა, ფერწერა, ტოლსტოი, ჩეხოვი, დოსტოევსკი, პუშკინი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, … რომელი ერთი ჩამოვთვალო, რუსული სპორტი და ა.შ.

3 წლის განმავლობაში ევროპელს აკრძალული აქვს, ისე, როგორც ჩვენ, რუსული ტელეარხების ყურება; რუსული საინფორმაციო გადაცემების მოსმენა. ევროპა ჭურშია, ისე, როგორც ჩვენ და ასეთი თავს დემოკრატად, ცივილიზებულად, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველად მიიჩნევს.

ვენსმა, დღევანდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკისამ, ყოველივე ჩამოთვლილში, თვით აშშ-ს მიერ ნაბრძანებში, ევროპელები დაადანაშაულა. „საფრთხე, რომელიც ჩემში იწვევს შეშფოთებას ევროპასთან მიმართებაში არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი ან რომელიმე უცხო ფაქტორი. ჩემში შეშფოთებას იწვევს შინაგანი საფრთხე — ევროპის უკან დახევა ზოგიერთი მისი ფუნდამენტური ფასეულობისგან, რომელთაც ისინი იზიარებენ აშშ-თან.

შემაშფოთებელია ევროპის ყოფილი კომისრის გამოსვლა, რომელმაც სიხარულით გვამცნო, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ საქმე ისე არ წავიდა გერმანიაში, იგივე მოხდება იქაც.

ეს განცხადება შოკში აგდებს ამერიკულ ყურებს. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, კეთდება ჩვენი დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ყველაფერი — უკრაინის მიმართ, ჩვენი პოლიტიკიდან დაწყებული, ციფრული ცენზურით დამთავრებული წარმოადგენს დემოკრატიის დაცვას, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სასამართლოები, როგორ აუქმებენ არჩევნებს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები იმუქრებიან სხვა არჩევნების გაუქმებას, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა — ვიცავთ თუ არა მაღალ სტანდარტებს?

ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალო ლაპარაკი დემოკრატიულ ფასეულობებზე“.

ვენსმა ევროკავშირი დაადანაშაულა სიტყვის თავისუფლების დაუცველობაში, ცენზურაში, ანტიდემოკრატიულობაში და დემოკრატიისთვის სხვა მიუღებელ მოქმედებაში, რითაც ევროკავშირი სხვას, მაგალითად რუსეთს ადანაშაულებს.

ვენსმა უთხრა ევროპას, რომ გადაუხვია გზას, რომელიც აკავშირებს მას აშშ-თან. ვენსმა თქვა ის, რომ ევროკავშირი ვეღარ იქნება ევროატლანტიკური სივრცის შემადგენელი ნაწილი, ვიდრე არ შეცვლის პოლიტიკას.

ვენსის ნათქვამი გაიგეს თუ არა ბედკრული საქართველოს ბედკრულმა პოლიტიკოსებმა — აწმყო და მომავალი გვიჩვენებს. დარწმუნებული ვარ, წაიყრუებენ, ვინაიდან არ მოეწონებოდათ. რა გაეწყობა, ფაქტი სახეზეა, თანაც ისეთი, მათ გეგმებს რომ წაშლით ემუქრება. არადა, რა აღმაფრენით გვიყვებოდნენ ევროპულ ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და ათას სხვა ზღაპარზე, და ყოველივე ამის საქართველოში დანერგვაზე — ევროკავშირ-ნატოში შეყვანით.

ვენსმა და მისმა შეფმა, ტრამპმა ევროკავშირის „ფასეულობები“ სანაგვეზე მოისროლეს და თითიც დაუქნიეს — თუ არ გამოსწორდებით, თქვენთან ურთიერთობა გაგვიჭირდებაო.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჰეგზიტის პირით ჯერ ბრიუსელში, შემდეგ მიუნხენში ითქვა, რომ უკრაინის დახმარება ევროპამ უნდა აიღოს თავის თავზე; რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს; რომ აშშ-ს დახმარება უკრაინის მიმართ გადაიხედება არა უკრაინელთა სასარგებლოდ.

ტრამპს ისიც წამოსცდა, რომ უკრაინა ომში არ უნდა ჩართულიყო. ვითომ წამოსცდა, სინამდვილეში მან თქვა ის, რაზეც ფიქრობდა და ფიქრობს.

ქართველ პოლიტიკოსთა გასაგონად — ტრამპმა არ ჩათვალა უკრაინელთა გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით გონივრულად. ა.წ. 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე ბაიდენის ადმინისტრაცია შებრუნებით თვლიდა.

ღმერთმა იცის რა იქნება 4 წლის — აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუ მასში ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გაიმარჯვა, პოლიტიკა გაგრძელდება. თუ დემოკრატებმა გაიმარჯვეს, რესპუბლიკელთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს წყალი შეუდგება.

რა გაეწყობა, ასეთია აშშ-ს პოლიტიკური სისტემა — არასტაბილურობით აღვსილი.

არასტაბილურობის შემხედვარე პატარა ქვეყანას კარგი არაფერი დაადგება. სტაბილურობის შემხედვარესაც კარგი არაფერი მოელის — ტერიტორიული სიშორიდან გამომდინარე. შორს არის აშშ-ი საქართველოდან და ეს სიშორე არა მარტო უსაფრთხოების საკითხებს აყენებს ეჭვქვეშ, არამედ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.

დასასრულს — 2022 წლის 24 თებერვლის სპეცოპერაციამ საფუძველი შეურყია აშშ-ს ჰეგემონიზმს.

2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა და მასში ტრამპის გამარჯვებამ საფუძველი შეურყია ევროატლანტიკური სივრცის სიმტკიცეს, გლობალიზაციას. ორივე თარიღი მსოფლიო ისტორიაში ჯეროვან ადგილს დაიკავებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

18/02/2025