სამი ისტორიული თარიღი

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის ღირსეულად აღსანიშნავად საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი სერიოზულად ემზადება. ამ მართლაცდა ღირსშესანიშნავი თარიღის შესახვედრად რუსეთი რახანია ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის დიდი სამამულო ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებზე.
თებერვლის დასაწყისში ტელეკომპანია „როსია-24“ მაყურებელს წარუდგინა ვიდეო-ფილმი სტალინგრადის გათავისუფლების შესახებ — 1943 წლის 2 თებერვალს და „მალაია ზემლია“ — ქ. ნოვოროსიისკში 1943 წლის 3 თებერვალს საბჭოთა დესანტის გადასხმის თაობაზე.
მსოფლიო ისტორიის შეფასებით, სტალინგრადს ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ისტორიისთვის მიუღებელია ვარაუდებით ლაპარაკი, მაგალითად ასეთით: წითელ არმიას ნახევარმილიონიანი ფაშისტური არმია, რომელშიც გერმანელებთან ერთად ევროპული ქვეყნების სამხედროებიც იბრძოდნენ, რომ არ დაემარცხებინა და მოწინააღმდეგეს სტალინგრადი აეღო, საბჭოთა კავშირის დამარცხება შესაძლოა რეალობად ქცეულიყო. ამ შემთხვევაში ვარაუდი არცთუ აბსტრაქტულია, მაგრამ ეს არ მოხდა — წითელი არმიის თავგანწირვის შედეგად.
არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ნოვოროსიისკისთვის ბრძოლას, ვინაიდან ფაშისტების იქ გამაგრების შემთხვევაში, იგეგმებოდა საბჭოთა კავშირის მთელი საზღვაო ზოლის ოკუპაცია.
1942 წელს ჰიტლერმა შეიმუშავა გეგმა კავკასიის მთელი საზღვაო ზოლის დაპყრობის თაობაზე, ამიერკავკასიაში შეჭრის და ბაქოს ნავთობის ხელში ჩაგდების მიზნით. მაშინ ბაქო აკმაყოფილებდა ნავთობზე სსრკ-ს მოთხოვნის თითქმის 80%-ს.
აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად გერმანია ნოვორისიისკს უმთავრესად მიიჩნევდა.
1942 წლის სექტემბერში გერმანელები შეიჭრნენ ქალაქში და მისი დიდი ნაწილი დაიკავეს. 1943 წლის 3 თებერვალს, საბჭოთა სარდლობის ბრძანებით, ნოვოროსიის სანაპიროზე გადაისხა 275-კაციანი დესანტი, რომელმაც ხმელეთის პატარა ნაწილი დაიკავა. გერმანელებმა არაერთხელ მიიტანეს დესანტის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იერიში, მაგრამ უშედეგოდ. საბჭოთა მეომრები თავგანწირვით იბრძოდნენ თებერვლიდან დაწყებული, სექტემბრის ჩათვლით და როდესაც ხმელეთიდან საბჭოთა ჯარმა შეუტია ნოვოროსიისკში გამაგრებულ გერმანელებს, სამხრეთიდან, ზღვის სანაპირო ზოლში დაბანაკებულმა დესანტმა იერიში მიიტანა გერმანიის ჯარზე. მტერი დამარცხდა და ნოვოროსიისკი 1943 წლის სექტემბერში გათავისუფლდა.
ქალაქის შენობა-ნაგებობების 95% მიწასთან იყო გასწორებული. 9 თვის განმავლობაში პატარა ტერიტორიაზე გამაგრებულმა დესანტმა არაადამიანური გამძლეობა გამოიჩინა გაუძლო რა არა მარტო გერმანელთა შეტევას, არამედ შიმშილს, უწყლობას, დესანტში გაჩენილ დაავადებებს. დესანტის გმირობა ჯეროვნად შეაფასა საბჭოთა ხელმძღვანელობამ და 21 მებრძოლს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა.
იმ პატარა ტერიტორიას, რომელიც ზღვიდან მისულმა დესანტმა დაიკავა „მალაია ზემლია“ დაერქვა.
„მალაია ზემლიას“ სახელი კარგად იციან საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინაიდან უკავშირდება საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ-ს გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელს. სწორედ მისი ავტორობით გამოიცა წიგნი „მალაია ზემლია“. ბრეჟნევი, „მალაია ზემლიას“ დესანტის მონაწილე და მებრძოლი, დაწვრილებით აღწერს იმჟამინდელ ისტორიას, მაშინ პოლკოვნიკი ბრეჟნევი პოლიტხელმძღვანელი (პოლიტრუკი) იყო.
1945 წლის 4 თებერვალს გაიმართა „დიდი სამეულის“ სსრკ-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მეთაურების სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის იალტის კონფერენცია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიოს ომისშემდგომ პერიოდში მშვიდობის დამყარების საქმეში.
80 წელი გავიდა ფაშიზმის დამარცხების შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში არაერთ ომს ჰქონდა და აქვს ადგილი, მაგრამ არა ისეთ გლობალურს და დამანგრეველს, როგორიც მე-2 მსოფლიო ომს.
იალტაში საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო ორგანიზაციას — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით. იალტამ „დიდ სამეულს“ შორის გაანაწილა მსოფლიო, რომელიც დღემდე შემორჩა — თუმცა ცვლილებებით, მაგრამ არა კარდინალურით.
ასე რომ, თებერვალი აღსანიშნავია სტალინგრადით, ნოვოროსიისკით, იალტით. და ასეთად დარჩება მსოფლიო ისტორიაში, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა.
დავუბრუნდეთ ნოვოროსიისკს, ვინაიდან მასთან, რაღაც ისეთი მაკავშირებს, რომლის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია.
1974 წელს, თბილისში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ს სენატორი ედუარდ კენედი თავისი ოჯახით. კენედის საქართველოში ვიზიტის პროგრამის შედგენა და თანხლება მე დამევალა — საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საოქმო-საკონსულო განყოფილების გამგეს, მთავარი მასპინძლობა კი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მწერალ-აკადემიკოსს ირაკლი აბაშიძეს.
ვიზიტის დამთავრების შემდეგ, რომელმაც მაღალ დონეზე ჩაიარა, გავაგრძელე ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ფიქრი იმაზე მიმეღო თუ არა იგორ ჩიჩოტკინის შეთავაზება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით.
ჩიჩოტკინი, რომელიც გაეროს ოფისს წარმოადგენდა მოსკოვში, 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწვია თბილისს. მისი მასპინძელი ვიყავი 3 დღის განმავლობაში. მას მოეწონა ჩემი მუშაობა, ინგლისური ენის ცოდნა, მაშინ სისტემატური პრაქტიკის შედეგად ინგლისური ენა, როგორც ლინგვისტები ამბობენ სამუშაო მდგომარეობაში მქონდა. ბატონ იგორს მოეწონა ისიც, რომ სსრკ კპ წევრი ვიყავი და ოჯახიც არ მყავდა. სწორედ ასეთი ახალგაზრდა მჭირდებაო — მითხრა მან და თბილისში მისი ყოფნის დროს უნდა გამეცა პასუხი, ცხადია დადებითი, შემოთავაზებაზე.
აშშ-ი გამგზავრება, თანაც ხანგრძლივ მივლინებაში არა ერთი, არამედ რამდენიმე წლით, ნებისმიერი დიპლომატისთვის, თუნდაც ცენტრალური აპარატიდან, საოცნებო რამ იყო, თუმცა ჩემთვის სერიოზული დაფიქრების საგანი, ვინაიდან თანხმობის შემთხვევაში თბილისში უნდა დამეტოვებინა დედა — მრავალი წლის განმავლობაში სრულიად მარტო, რაც საგონებელში მაგდებდა.
ბატონ იგორს მადლობა გადავუხადე შემოთავაზებისთვის და ვუთხარი, რომ პასუხს შევატყობინებდი. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ჩიჩოტკინმა სამადლობლო დეპეშა გამომიგზავნა ასეთი შინაარსის: „ვოსხიშჩონ ვამი ი გრუზიეი. ველი თქვენს პასუხს!“
თანხმობის შემთხვევაში, ნიუ-იორკში გამგზავრებამდე, სამთვიანი კურსები უნდა გამევლო სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მოგვიანებით გავიგე სამსახურს, რომელსაც ბატონი იგორი მთავაზობდა სფეციფიური იყო — დიპლომატიური იმუნიტეტით უზრუნველყოფილი და არ შემოიფარგლებოდა დიპლომატიური ხანგრძლივი სამივლინებო სამწლიანი ვადით, უვადო მრავალწლიანი იყო. მრავალი წელი კი აუცილებელი იყო მასპინძელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ს დიპკორპუსთან გაცნობის და ნდობის მოპოვებისთვის. მე მათთვის ახლობელი, ანუ „ჩვენი კაცის“ სახელი უნდა მომეპოვებინა.
ბატონმა იგორმა პირველ დეპეშას კიდევ 2 მოაყოლა, სადაც აღნიშნა, რომ საკითხი შეათანხმა ყველასთან და ელის ჩემს პასუხს. აი, სწორედ ასეთი არჩევნის წინაშე ვიდექი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა, ზინაიდა კვაჭაძემ და მინისტრს უთხრა ჭიპაშვილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე იბარებს და გამოცხადდესო.
ბატონ გიორგის იმავე დღეს ვეახლე. ბატონი გიორგი ძოწენიძე, პროფესიით გეოლოგი, ცნობილი მეცნიერი იყო, საკავშირო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აკადემიკოსი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.
გიორგი ძოწენიძემ მკითხა ფერეიდნელი ქართველების ჩამოსახლების პროცედურის მიმდინარეობის თაობაზე. იმჟამად ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებოდა და პირველი ნაკადის ჩამოყვანა-დასახლების პროცესს ჰქონდა ადგილი. მე დაწვრილებით მოვახსენე აღნიშნულის თაობაზე. მან გულდასმით მომისმინა და მითხრა — მე, ეს საკითხი მაინტერესებს, მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს ჩემი პასუხი გადავალ თუ არა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში საქმეთა მმართველის მოადგილის თანამდებობაზე.
მოულოდნელმა წინადადებამ გამაოცა, ცოტათი დამაბნია კიდევაც. ძოწენიძემ შემატყო რა დაბნეულობა, მითხრა დავფიქრებულიყავი და პასუხი შემეტყობებინებინა მისთვის 2-3 დღის განმავლობაში.
ჩიჩოტკინის თავსატკივარს, ახალიც დაემატა. და საგონებელში ჩავარდნილს არ ვიცოდი რჩევისთვის ვისთვის მიმემართა, თუმცა უმალ ძოწენიძის ნათქვამიც გამახსენდა — არვის უთხრა ჩემი შემოთავაზების თაობაზეო.
დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი ტვინის ჭყლეტვა. მეორე დღეს, სამსახურში მისვლისთანავე ისევ დარეკა კვაჭაძემ და თქვა ჭიპაშვილი სამსახურში გამოცხადდეს, გუშინ საღამოს მისი დანიშვნის საკითხი ძოწენიძემ შეათანხმა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სამდივნოსთან, რის შემდეგ ბრძანებასაც ხელი მოაწერაო.
აი, ასე მარტივად, მოულოდნელად აღმოვჩნდი დიპლომატიური სამსახურიდან სრულიად განსხვავებულ სამსახურში — უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილის თანამდებობაზე.
პროფილის შეცვლამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მრავალი წლით ისტორიას ჩაბარდა დიპლომატიური სამსახური, რომელიც საქართველოს მეთაურს შევარდნაძეს გაახსენდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას მიპირებდა და თავი მიკრა საგარეო უწყებაში — საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად.
მკითხველი იკითხავს — რა შუაშია ამ ისტორიასთან აშშ-ს სენატორის ედუარდ კენედის ვიზიტიო. მოგახსენებთ. კენედის ვიზიტის დროს საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა, პროტოკოლის მიხედვით, არ იყო დაგეგმილი. სენატორს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ძოწენიძე იღებდა. ოფიციალური საუბარიც მასთან გაიმართა. პროტოკოლი არ ითვალისწინებდა პარტიის ხელმძღვანელთან შეხვედრას, მითუმეტეს მასთან ოფიციალურ საუბარს. მიიუხედავად ამისა, შევარდნაძეს ჰქონდა სურვილი კენედისთან შეხვედრის და ასეთიც მოეწყო — წეროვანის საბჭოთა მეურნეობაში, რომლის დათვალიერებაც შევთავაზეთ კენედის, მცხეთის ღირსშესანიშნაობათა გაცნობის შემდეგ.
საბჭოთა მეურნეობაში მისულ სტუმრებს, იქვე გამართულ სადილზე შეხვდა შევარდნაძე — მეურნეობაში ვითომ საქმეზე მისული. სადილს ვიწრო წრე ესწრებოდა — შევარდნაძე, ძოწენიძე, აბაშიძე, მეურნეობის დირექტორი, ამერიკელი სტუმრები. სადილზე საუბარს ვთარგმნიდი ქართულიდან, ინგლისურად და პირიქით.
როგორც ჩანს, მაშინ გაუჩნდა ძოწენიძეს უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში ჩემი გადაყვანის სურვილი. თვით ძოწენიძემ იცოდა ინგლისური და როდესაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში დავიწყე მუშაობა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მთავაზობდა სახლისკენ ფეხით გასეირნებას და ინგლისურად ლაპარაკს, რასაც სისტემატური ხასიათი მიეცა.
1974 წლის გაზაფხულზე ძოწენიძეს მოსკოვიდან შეატყობინეს, რომ საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი გეგმავდა ნოვოროსიისკში ჩასვლას —„მალაია ზემლიას“ მოსანახულებლად და თხოვდა ძოწენიძეს იქ ჩასვლას ომის ქართველ ვეტერანებთან ერთად, ვინც „მალაია ზემლიაზე“ იბრძოდა.
საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ისე, როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკის, ერთი თვის განმავლობაში მოსკოვში, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. ამ მორიგეობის დროს, თავმჯდომარის მოადგილე იღებდა მოქალაქეებს, იხილავდა მათ წერილებს, ესწრებოდა სსრკ-ში აკრედიტებული საელჩოების მიერ გამართულ წვეულებებს, როგორც საბჭოთა კავშირის მთავარი წარმომადგენელი, ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციას საზღვარგარეთის ქვეყნებში. ძოწენიძეს კარგად იცნობდნენ კრემლში და აფასებდნენ, როგორც ღირსეულ მეცნიერს, სახელმწიფო მოღვაწეს.
ნოვოროსიისკში გაფრენის წინა დღეს, ძოწენიძემ მითხრა, რომ მას უნდა წავყოლოდი. ასე აღმოვჩნდი ნოვოროსიისკში. დილით ჩავფრინდით. დაგვხვდნენ. დაგვაბინავეს ნოვოროსიისკის ერთადერთ სასტუმროში, რომელსაც დღევანდელი შეფასებით სასტუმროსაც ვერ დავარქმევთ. ოთხსართულიანი სასტუმრო გათვალისწინებული იყო ხანგრძლივი ცურვის შემდეგ, მცირევადიანი შესვენების დროს, ნაპირზე გადმოსული მეზღვაურებისთვის, მეუღლეებთან შესახვედრად.
ბრეჟნევის ჩამოსვლამდე სასტუმროს სასწრაფოდ ჩაუტარდა რემონტი, თუმცა პატარა ოთახებს და ერთობ დაბალ ჭერს რა ეშველებოდა?
აი, ამ სასტუმროს მესამე სართულზე გამოგვიყვეს ოთახები. ბრეჟნევისთვის მე-4 სართული იყო გამოყოფილი.
ბრეჟნევი დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდა. შემხვედრი ოფიციალური პირები აეროპორტში ადრე მიგვიყვანეს და თვითმფრინავის დაჯდომის წინ ერთ ხაზზე დაგვაყენეს. ტრაპთან ახლოს კი ძოწენიძე და კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელი მედუნოვი მიიყვანეს. ნოვოროსიისკში მთელი დღის განმავლობაში პაპანაქება სიცხე იდგა, მაგრამ თვითმფრინავის ჩამოფრენის დროს წამოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელმაც ძვალ-რბილში გაატარა და ისე დაგვასველა — ყველა ჩვენგანს გაწურვა თუ უშველიდა.
გაიღო თვითმფრინავის კარი და გამოჩნდა გაღიმებული ბრეჟნევი — საწვიმარსა და ქოლგაში. ქოლგა დაცვას ეჭირა ხელში. ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე მან უშუალობით, მისთვის ჩვეულით, ჩაიხუტა ძოწენიძე და 3-ჯერ აკოცა. შემდეგ ყველა დამხვედრს ხელი ჩამოგვართვა და ტრაპთან სიახლოვეს მდგარ ავტომანქანა „ჩაიკაში“ ჩაჯდა ძოწენიძესა და მედუნოვთან ერთად.
მაშინდელი პროტოკოლის მიხედვით, სსრკ-ს პირველ პირს, რეგიონში ჩასვლის დროს იქ არსებული სამთავრობო ავტომანქანა „ჩაიკა“ ემსახურებოდა. სამთავრობო ავტომანქანა „ზილი“ ექსპლუატაციაში არ იყო შესული.
რუსეთის პრეზიდენტის დროს პროტოკოლი შეიცვალა და მისი სხვა ქალაქში ან უცხოეთში ვიზიტისას პერსონალური ავტომობილი, ამჯერად „აურუსი“ პრეზიდენტთან ერთად, მეორე თვითმფრინავით ჩააქვთ ვიზიტის ადგილას. ავტომანქანა სპეცტექნიკით არის აღჭურვილი. ის დაჯავშნულია.
აეროპორტიდან ქალაქამდე ბრეჟნევს ნოვოროსიისკის მოსახლეობა ხვდებოდა — შეძახილებით, ტაშით.
ეს, ის ბრეჟნევი არ იყო, ჩვენ რომ ტელევიზიით ვუყურებდით მოგვიანებით. მე ვიხილე ენერგიით აღსავსე პიროვნება, გაღიმებული სახით, სწრაფად მოსიარულე, სახუმარო განცხადებებით, ბრეჟნევის და თანმხლები პირების სასტუმრო სამხედროებით იყო შემორკალური. პირველი სარტყელი საზღვაო ფლოტის მეზღვაურების მიერ იყო წარმოდგენილი, მეორე — ადგილობრივი მილიციის, მესამე — სახმელეთო ჯარის ნაწილის, მეოთხე — კგბ-ს მე-9 სამმართველოს ოფიცრების.
მეორე დღის პროგრამა 8 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ბრეჟნევმა და მასთან ერთად ჩვენც მოვინახულეთ „მალაია ზემლია“, ცემენტის ქარხნის ტერიტორია, სადაც სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, ომის დროინდელი ობიექტები, სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. დავესწარით კონცერტს, რომელიც ნოვოროსიისკის სტადიონზე გაიმართა მოსკოვიდან ჩამოყვანილი მომღერლების მიერ, მათ შორის იყო ყველასთვის ცნობილი ლევ ლეშჩენკო. საღამოს, სასტუმროს რესტორანში გაიმართა ბანკეტი.
მთელი დღის განმავლობაში ბრეჟნევს გვერდში ჰყავდა თანაშემწე ალექსანდროვი — ტანმორჩილი, გამხდარი, სათვალებიანი კაცი ბლოკნოტით ხელში. ეს, ის ალექსანდროვი იყო, რომლის გვარიც სისტემატურად გვესმოდა ტელევიზიასა და რადიოში — ბრეჟნევის ვიზიტების დროს. ბრეჟნევი, მას და თანმხლებ პირებს დაწვრილებით უყვებოდა „მალაია ზემლიას“ ბრძოლების ისტორიას. ალექსანდროვი გულმოდგინედ იწერდა ბლოკნოტში. იმავე წლის ბოლოს, საბჭოთა მკითხველმა იხილა ბრეჟნევის წიგნი „მალაია ზემლია“, რომელშიც ალექსანდროვის უდიდესი წვლილიც იყო შესული.
მეორე დღის პროგრამის დაწყების წინ საქართველოს დელეგაცია ბრეჟნევმა მიიღო თავის სასტუმრო ნომერში, რომლის დროს „მალაია ზემლიას“ მონაწილე ვეტერანებმა გაიხსენეს ომის პერიპეტიები. გენერალმა ზარელუამ სიცილით გაიხსენა ბრეჟნევისთვის შეთავაზებული ჩაი, რომელშიც შაქრის ნაცვლად მარილი იყო ჩაყრილი. „მალაია ზემლიას“ მებრძოლებისთვის შაქარიც დეფიციტი იყო.
მესამე დღეს, დილით ბრეჟნევის გაცილების შემდეგ, ჩვენი დელეგაციაც გამოფრინდა თბილისში.
ის, რაც ზემოთ მოგიყევით, „მალაია ზემლიას“ სატელევიზიო ფილმის ნახვამ გამოიწვია, რომელიც „როსია-24“-ზე ვიხილე ა.წ. 2 თებერვალს. 80 წელი გავიდა დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ, ომის, რომელმაც საბჭოთა კავშირის თავგანწირვის შედეგად ფაშიზმისგან იხსნა მსოფლიო.
იხსნა?
როგორც ჩანს ვერ იხსნა. და რომ ვერ იხსნა, იმ ძალების ბრალია, რომლებმაც გასული საუკუნის 30-წლებში ხელი შეუწყვეს ფაშიზმის ჩამოყალიბება-გაძლიერებას იტალიასა და გერმანიაში. ამერიკელი და ევროპელი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები იდგნენ იმ „პროექტის“ სათავეებთან. სწორედ მათი ძალისხმევით მივიდა ხელისუფლებაში ჰიტლერი. და რომ არა მისი მადიანი პოლიტიკა და თვით ხელისშემწყობთა მისამართით მსუნაგი თვალით ყურება, სრული შესაძლებელი იყო ამერიკა-დიდ ბრიტანეთთან ერთად საბჭოეთზე გალაშქრება და საერთო ძალებით მისი დამარცხება; კომუნიზმის ამოძირკვა და საბჭოთა კავშირის დაქუცმაცება; მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება; საბჭოთა ხალხის ფიზიკური განადგურება, დარჩენილის — გერმანელთა, ამერიკელთა, ბრიტანელთა, სხვა ევროპელთა შავ მუშად ქცევა.
საშუალო და ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს, რომლებსაც არ განუცდიათ, არ წაუკითხვათ დიდი სამამულო ომის მიერ მოტანილი საშინელებები, არ უნახავთ საბჭოთა კავშირის დანგრეული ქალაქები და სოფლები, მიწასთან გასწორებული საწარმოები, ქარაფშუტულად შეუძლიათ შეაფასონ. და ასეც აფასებენ, საშინელებას, რომელიც მათ ბებიებს, ბაბუებს, მამებს, დედებს გადახდათ. ასეთთათვის უკრაინის ნეოფაშიზმი მტარვალ რუსეთთან ომია და არა ფაშიზმით, ნეოფაშიზმით გამოწვეული მოვლენა. ბევრ ქართველს ჰგონია, რომ უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. სცდებიან, მწარედ სცდებიან.
უკრაინელები იბრძვიან რუსეთის განადგურებისთვის, ვინაიდან ამერიკა-ევროპის შეგონებით, რუსეთი და რუსი არის უკრაინის და უკრაინელის პირველი მტერი. ამერიკა-ევროპამ ჩასძახა მას, რომ კარგი რუსი, მკვდარი რუსია. კოლექტიურმა დასავლეთმა ააბღავლა უკრაინა „მოსკალიატა, მოგილიატა“ და დაარწმუნა ის, რომ რუსეთის განადგურებით, რუსების დახოცვით ეშველება მას.
ამერიკა-ევროპამ უკრაინაში ააღორძინა ფაშიზმი, იმ უკრაინაში, რომლის წინაპარი ფაშიზმს ებრძოდა.
უკრაინა პირნათლად ასრულებს დასავლეთის დავალებას, ისე, როგორც საქართველო, რომლის „ბოევიკებიც“ იბრძვიან უკრაინაში — თანამედროვე ფაშიზმის მხარდამხარ. მაინც რისთვის და ვისთვის იბრძვის უკრაინელი?
უკრაინის პრეზიდენტმა, უკვე ყოფილმა, ათეულ-ათასობით ჰექტარი შავმიწანიადაგიანი ტერიტორიები აშშ-ს კომპანებს მიჰყიდა. წიაღისეულით მდიდარი დონბასის მიწების 70% რუსეთის შემადგენლობაშია, რუსეთის კონსტიტუციაშია ჩაწერილი, საწარმოებიც რუსეთის ხელშია და რაც ჯერ არა, მალე გადავა.
აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებით, უკრაინას მიაწვდის შეიარაღებას, მაგრამ უკრაინაში არსებული წიაღისეულის სანაცვლოდ. აშშ-ს უნდა მიეცეს საშუალება უკრაინის წიაღისეულის მოპოვების. ზელენსკი თანახმაა. უკრაინელისთვის ტერიტორიები, რომლებიც უკვე ათვისებული აქვს ამერიკულ კომპანიებს, მისი აღარაა და თავის გაწირვა აბსურდია, ამით არის გამოწვეული უკრაინელთა უცხოეთში მასობრივი გადინება, ტყვედ ჩაბარება.
დასავლეთმა, რომელიც უკრაინელთა ხელით აპირებდა რუსეთის განადგურებას, არა მარტო უკრაინა გაანადგურა, მისი მოსახლეობა ლტოლვილად აქცია, თვით ჩაიყენა თავი გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. არაფერია ახალი იმაში, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპა-ამერიკის ეკონომიკური განვითარების ტემპი ნულს გაუტოლდა.
აშშ-ა ძალა არ დაიშურა მოკავშირე ევროპის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუარესებლად. იკითხავთ — აშშ-სთვის ევროკავშირი ხომ მოკავშირეაო?
მოკავშირეა სიტყვით, საქმით — ვასალი, მონა, რომლის აღმასვლა არ შედის ვაშინგტონის ინტერესებში. როგორც ჩანს, აშშ-ს ადმინისტრაციების ცვლა ზედაპირულია და კარდინალურ ცვლილებას არ იწვევს, რაც თვალნათლად ჩანს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დროს. პრეზიდენტი ტრამპის მუშაობის სტილი გვაჩვენებს, რომ ჰეგემონიზმი მისთვის მთავარია; რომ ის ჰეგემონიზმს ვერ შეელევა. პარალელურად ვისმენთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებას — შეცვლილი მსოფლიოს შესახებ.
რუბიომ ახლა დაინახა, რომ მსოფლიო შეცვლილია; რომ მსოფლიოში არიან ქვეყნები, რომლებიც არ დათმობენ საკუთარ ინტერესებს ჰეგემონის სასარგებლოდ. რუბიომ დაინახა, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანია და ასეთ მსოფლიოში აშშ-ა თავისი ადგილი უნდა მოძებნოს.
რუბიოს პოზიცია, განსხვავებულია მისი დამსაქმებლის პოზიციისგან. შეძლებს რუბიო ტრამპის დარწმუნებას შეცვლილ მსოფლიოში აშშ-ს არაჰეგემონისტური პოზიციის მოპოვების საქმეში, მომავალი გვიჩვენებს, თანაც არცთუ შორეული. მანამდე, და როგორც ჩანს, მის შემდეგაც არათანმიმდევრული, ზიგ-ზაგური პოლიტიკა ტრამპისა სერიოზულ თავსატკივარს გამოიწვევს.
20 იანვრიდან დაწყებული აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ბევრი უჩვეულო, მანამდე გაუგონარი და მიუღებელი ნაბიჯი გადადგა, რომელთა შორის გამოვყოფდი მხოლოდ — ორი სქესის, ქალისა და კაცის არსებობის დაკანონებას; USAID -ს, საშინელი ორგანიზაციის გაუქმებას და შეცვლილი ფუნქციებით სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაცემას; ევროკავშირისადმი ზედაპირულ ყურადღებას; ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის ბრძანების ტოლფას მოწოდებას — საკუთარი ბიუჯეტიდან სამხედრო საქმისთვის 5% გამოყოფას.
სამხედრო ხარჯების გაზრდა გააუარესებს ევროპელთა სოციალურ მდგომარეობას, ქუჩაში გამოიყვანს, არაკომპეტენტურ, უვიც ხელისუფალთა გადადგომის მოთხოვნით.
პოლიტიკურმა უვიცობამ ევროპა მიიყვანა რეცესიამდე, აამხედრა რუსეთის წინააღმდეგ და აკადრებინა ის, რასაც გონიერი მმართველი ევროპისა არასდროს შეჰბედავდა რუსეთს, მსოფლიოს. ევროპელი სახელმწიფო „მოღვაწეები“, რუსეთის მიერ განხორციელებული და მათთვის მიუღებელი პოლიტიკის გამო აცხადებენ, რომ ევროპა, აშშ-მ გაათავისუფლა ფაშიზმისგან, ისე, როგორც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, რაც ისტორიის გაყალბებაა.
სიყალბეა ისიც, როდესაც ტრამპი ამბობს რუსეთმა დახმარება გაუწია აშშ-ს ფაშიზმის დამარცხებაში. საინტერესო რამაა — ფაშიზმის დამმარცხებელმა ნომერ პირველმა ქვეყანამ, ყავისფერ ჭირთან ომში 400000 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ნომერ პირველის დამხმარე ქვეყანამ, ანუ სსრკ-მ — 27 მილიონი. თუნდაც ეს ციფრები მეტყველებენ იმაზე, ვინ იყო მთავარი მეომარი და მისი დამმხმარე.
მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გაყალბება რახანია მიმდინარეობს ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთა მიერ. ამ პროცესში აქტიურად არიან გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, სხვები — ფაშისტებთან მოთანამშრომლეები ჩართულნი. სწორედ ისინი ცდილობენ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში „გერმანიის ფაშიზმის“ ნაცვლად „გერმანული ავტორიტარიზმი“-ს შემოტანას. ისინი უკრაინულ ნეოფაშიზმს არ აღიარებენ. მათთვის პირწავარდნილი უკრაინული ნეოფაშიზმი დემოკრატიაა, სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლებაა.
დღევანდელი ევროპა, არც ერთი პარამეტრით არ არის სამაგალითო, მიმზიდველი, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს იზიდავს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაჰყვირიან ევროპაში ინტეგრაციის თაობაზე. თუ პირველი 2030 წლისთვის, მეორე — დღეს. არც ერთი მათგანი არ ფიქრობს, გვიღებს თუ არა ევროკავშირი თავის რიგებში — დღეს ან 2030 წელს და საერთოდ ევროკავშირი იქნება თუ არა 2030 წელს ან თუ იქნება, როგორი იქნება?
როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება — „მანამდე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი“. თუ ამ ანდაზის არსს გავყვებით, „პატრონობას“ არვინ გვაღირსებს, ვირობა კი — გარანტირებული გვექნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
06/02/2025